მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
«ეტრუსკები»: მთარგმნელის დასკვნა
ეტრუსკების ისტორია კაცობრიობის დიდი საიდუმლოა. ჯერაც ველურ ევროპაში, რომელსაც აღმოსავლეთში ერებს – ბნელეთს უწოდებდნენ, სრულებით მოულოდნელად გამოჩნდა უკვე დიდად ცივილიზებული ხალხი, რომელმაც დააშრო ჭაობები, გაიყვანა გზები, ააშენა დაბები და ქალაქები, ამოიღო ლითონი და გამოსჭედა რკინა, რომლის მიერ დატოვებულ წიდას, საუკუნეების შემდეგ ტყვიების ჩამოსასხმელად და მტრების მოსაგერიებლად მუსოლინი იყენებდა. მათ დაარსეს რომი, რომის იმპერია და ბერძნებთან ერთად საფუძველი ჩაუყარეს ევროპულ ცივილიზაციას. ეტრუსკები იყვნენ შესანიშნავი მშენებლები, ოქრომჭედლები, მხატვრები, ინჟინრები, მეზღვაურები, მოგვები. ისინი შესანიშნავად იცნობდნენ სამყაროს. ძველი ხალხები მათ შიშით სცემდნენ პატივს.

ვარსკვლავთმრიცხველ და მოგვ ეტრუსკებს (სწორედ ასეთებმა ამოიცნეს ვარსკვლავში ქრისტე) სწამდათ, რომ არსებობისათვის გარკვეული დრო ჰქონდათ მიცემული, რომლის გასვლის შემდეგ, მათ არსებობას როგორც ერისას, ბოლო უნდა მოჰღებოდა. ისტორია ცხადჰყოფს, რომ ისინი დაკისრებული მისიის შესრულებას თითქოს ჩქარობდნენ და ფაქტია, რომ მათ ევროპული კულტურის და ცივილიზაციის განვითარებას უდიდესი იმპულსი მისცეს და გაჰქრნენ, მიწიერი ცხოვრების დასასრულის თარიღად განსაზღვრული დროის შემდეგ აღარსად სჩანან...

საოცარი ისაა, რომ ეტრუსკებისათვის გენოციდი არავის მოუწყვია. ისინი ეტრურია-ტოსკანადან - იტალიიდან არ გაუძევებიათ. იმ დროს, ამის გაკეთების ძალა არც არავის შესწევდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ევროპული კულტურის საფუძვლების ჩაყრის შემდეგ, ამ ცივილიზატორი ხალხის ელიტამ თავისი მისია შესრულებულად ჩათვალა და გარომაელდა, უკვე რომაული ლათინური კულტურის სამსახურში ჩადგა. თუმცა მათმა სახელმა საუკუნეებს გაუძლო. საინტერესოა, რომ აღორძინების ხანის ერთ-ერთი მესაძირკვლის, კოზიმო მედიჩის წოდება „დიდი ეტრუსკი ჰერცოგი“- Dux Magnus Hetruskus გახლდათ. მას ამ სახელით განადიდებს პიუს V-ის კარის ფრანგი ჰუმანისტი მარკ-ანტუან მიურეც.

აქვე აღსანიშნავია, რომ მეცენატობით გამოჩენილი მედიჩები, თავს ეტრუსკების შთამომავლებად და მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ და თუ გავიხსენებთ იმას, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი მეცენატი, მესენასი, რომლის სახელიდანაც თვით ეს ცნება მომდინარეობს, ეტრუსკი იყო, მაშინ დავინახავთ, რომ მედიჩები ეტრუსკთა ცივილიზატორულ მისიას გარკვეულად აგრძელებდნენ; მათ ხომ შესაძლებელი გახადეს ფლორენციის მხატვრულ-შემოქმედებითი გაბრწყინება.

ფოტოზე: ანოლო ბრონზინო, კოზიმო I დი მედიჩი აბჯარში, 1545, ტემპერა ხეზე, 74 x 58

ფოტოზე: გაიუს ცილნიუს მეცენასი (ჩვ.წ. დაახლ. 65/62 - 9 წწ.), რომის ქანდაკების სახელოსნო, ჩვ.წ. 25 – 20 წწ., დოკიმეური მარმარილო, სიმაღლე 35 სმ., ნაპოვნია 1958 წელს არეზოში, არეზოს არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი / იტალია
ასევე უნდა ითქვას, რომ წარსულში, ბევრი დიდი ევროპელი სწავლული, ეტრუსკებს ქართველების და საზოგადოდ იბერიელ-კავკასიელების ნათესავ ხალხად მიიჩნევდა. ევროპაში არსებობდა მეცნიერთა მთელი სკოლა, რომელიც სთვლიდა, რომ კავკასიის უძველეს მცხოვრებლებს, მათ შორის ქართველთა წინაპრებს და ნათესავებს ევროპის ცივილიზებაში, ევროპის კულტურის აგებაში დიდი მატერიალური და სულიერი წვლილი ჰქონდათ შეტანილი. ამ სკოლის წარმომადგენლების აზრით, ქართველები ენათესავებოდნენ რომაული ცივილიზაციის შემოქმედ ეტრუსკებს და აწ გამქრალი ეტრუსკული ენა ქართული ენის მონათესავე ენა იყო.

აი მაგალითად:

ისინი, ვისაც კავკასიის მკვიდრთა შორის კავკასიელები, საკუთრივ კავკასიელები, ან უფრო ზუსტად პალეოკავკასიელები უნდა ვუწოდოთ, რომელთა ანსამბლი ლეკთა, ჩერქეზთა, ქართველთა და ვაინახთა ირგვლივ კონკრეტიზდება, ეთნოლოგიაში ღრმა პატივისცემას იწვევენ. ისინი ბასკებთან, და შეიძლება გამქრალ ეტრუსკებთან ერთად, წარმოადგენენ ნაშთს ძველი და დიდი ეთნიკური ოჯახისა, რომელიც ევროპაში დიდი ინდო-ევროპული ოჯახის (ინდო-ირანელები, სომხები, ალბანელები, ბერძენ-ლათინები, კელტები, გერმანელები, სლავები, ბალტები) ევროპაში დამკვიდრებამდე ცხოვრობდა. არაა გასაკვირი, რომ კავკასიელებში იმ ელემენტთა ნაშთებს ეძებენ, რომელთაც დასაშვები ანალოგიით, ინდო-ევროპელთა აყვავებამდე ევროპული ცივილიზაცია უნდა შეედგინათ... - სწერს ანტროპოლოგიის სკოლის ეთნოლოგიის პროფესორი ჟორჟ მონტანდონი ჰამბურგის მუზეუმის კონსერვატორის, არტურ ბიჰანის წიგნის «კავკასიური ცივილიზაცია»-ს წინასიტყვაობაში (პარიზი, პაიო, 1936, გვ.7).

«ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში, აღმოსავლეთ ევროპაში დაიწყეს შეღწევა რუსეთის ტრამალებისა და ტყეების ხალხებმა, ჯგუფებმა, რომელთაც ჰქონდათ ცულები, იარაღი და რომლებიც მიცვალებულებს ინდივიდუალურად კრძალავდნენ. დამუშავებული ქვისაგან დამზადებული ეს ცულები, კავკასიაში დამზადებული ლითონის მოდელების ასლებს წარმოადგენდნენ. ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან მოსულთა რაოდენობა იზრდება. მოსულები მკვიდრდებიან ბოჰემიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლითონით მდიდარ მთებთან ახლოს, სადაც უნეტიცეს სახელით ცნობილ მძლავრ ბრინჯაოს ცივილიზაციას აფუძნებენ, რომელიც საშუალო ბრინჯაოს ხანაში ტუმულუსის (ყორღანის) კულტურის სახელით ალპების ჩრდილოეთით ვრცელდება. საუბარია ხეობათა ნეოლითის მიწათმოქმედებაზე მშვიდობიანად გაბატონებული მეცხოველეების მიერ აღმართულ არისტოკრატულ მონუმენტებზე» ვკითხულობათ ა. ვარაგნაკთან და რ. დეროლეზისთან შრომაში: «კელტები და გერმანელები», გამოცემა «მსოფლიო რელიგიები», პარიზი, 1965, გვ. 14.

«...ფრანგი მკვლევარი ბერტრანი ევროპაში ბრინჯაოს კულტურის წარმოშობაში გადამწყვეტ მნიშვნელობას კავკასიას ანიჭებდა.», აღნიშნავს ვ. დომანსკი 1984 წელს მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემულ წიგნში «კავკასიის ძველი მხატვრული ბრინჯაო».

აი, რას სწერს იტალიის გენერალური კონსული თბილისში ( 1928-1931) პაოლო ვიტა-ფინცი ნაშრომებში: «კავკასიური დღიური» (1928-1931), «მოსკოვური ჩანაწერები» (1953), «დიპლომატიური ჩანთა», კოლექცია, რომელსაც ფრანგი სწავლული კლერ მურადიანი ხელმძღვანელობს, (პარიზი, 2000 წ.): «ხიდი, გადაჭიმული ევროპასა და აზიას შორის და გზაჯვარედინი მრავალ ცივილიზაციათა შორის, საქართველო, სავალდებულო გზა იყო აღმოსავლეთისაკენ თუ პირიქით მიმავალი ყველა თავდამსხმელისა და დამპყრობელისათვის ალექსანდრე დიდიდან თემურ ლენგამდე, ბიზანტიელებიდან თურქ-სელჩუკებამდე, სპარსელებიდან რუსებამდე თუ ინგლისელებამდე (ხიდი, რომელზეც, როგორც ჩეხოსლოვაკიის შესახებ მასარიკი ამბობდა, «მეტისმეტად ბევრმა ხალხმა გაიარა»). კავკასია დასახლებულია მრავალი ერთმანეთისაგან განსხვავებული და ძალიან ძველ ენებზე მოლაპარაკე ხალხებით. ზოგიერთი ამ ენათაგანი მდიდარია ლიტერატურული ძეგლებით და მათ სრულებით ავტონომიური ანბანი, მორფოლოგია და სინტაქსი აქვთ, რომლებიც ეთნოგრაფთა და ლინგვისტთა ინტერესს მუდამ იწვევენ.»

ასე, პროფესორმა ტრომბეტიმ განაცხადა, რომ ქართული ენა ენათესავება მრავალ სხვა ენას, რომელთა (ქართულის ნათესავ ენათა) შორისაა ეტრუსკული და ბასკური. სხვები კი ფიქრობენ, რომ ხევსურეთის (შორიახლოს თბილისიდან) მკვიდრნი, შუა საუკუნეების ექსპედიციის დროს, მთებში დარჩენილი და იზოლირებული ჯვაროსნების შთამომავალნი არიან».

დემოკრატიულ სამყაროში, ევროპა იქნებოდა ეს თუ ამერიკა, მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე, კავკასიის და საქართველოს მიმართ სიმპატია და ინტერესი დიდი იყო. მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა სტალინმა, რომელსაც ასეთი ინტერესის არსებობა სულაც არ აწყობდა. მისმა ჯოჯოხეთურმა პოლიტიკურ-ჩეკისტურმა მანქანამ დაადამბლავა დასავლეთში არსებული ქართული კულტურული ცენტრები და ევროპელთა მეხსიერებიდან ამოშალა ევროპელთა ოდინდელი სიმპატია და ინტერესი კავკასიის მიმართ. კრემლის პროპაგანდა კაცობრიობის ცნობიერებაში ამკვიდრებს აზრს, რომ მხოლოდ მას შეუძლია მშვიდობის ჩამოგდება და სამოთხის აშენება ველური და ერთმანეთს დარეული მხეცი კავკასიელებით დასახლებულ კავკასიაში. ეს კი კავკასიას და საქართველოს ღუპავს. ქართველთა და კავკასიელთა დღევანდელი თაობების ამოცანაა ამ დამღუპველი პროპაგანდისათვის წინააღმდეგობის გაწევა. საქართველოს და კავკასიის ისტორიის კულტურის სიმდიდრის და სილამაზის ჩვენება. საქართველოს და მთლიანად იბერიულ-კავკასიური, უძველესი კავკასიური, პალეოკავკასიური სამყაროს მემკვიდრეობის მცოდნეთა, დამფასებელთა და გულშემატკივართა პოვნა და აღზრდა.

ეტრუსკული კულტურა დიდად საინტერესო თემაა ქართველი მკვლევარებისთვისაც. გრანულაციის და ფილიგრანის ტექნიკებით შესრულებული ეტრუსკული სამკაულები, ერთი შეხედვითაც დიდ სიახლოვეს ამჟღავნებენ ამავე ტექნიკით შემკულ კოლხურ და იბერულ სამკაულებთან. გარკვეული მსგავსება შეიმჩნევა ხუროთმოძღვრებაში და ცალკეულ ხუროთმოძღვრულ ფორმებშიც.

ფოტოზე: ეტრუსკული ფიბულა, ოქრო, გრანულაციის ტექნიკა ჩვ.წ. VII საუკუნე

ფოტოზე: საყურე ვანის სამარხიდან, ოქრო, გრანულაციის ტექნიკა, ჩვ.წ. IV საუკუნე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექცია

ფოტოზე: საყურე მხედრებით ვანის სამარხიდან, ოქრო, გრანულაციის, შტამპის და ფილიგრანის ტექნიკა, ჩვ.წ. IV საუკუნე, 8 სმ., თბილისის მ. ჯანაშიას მუზეუმი / საქართველო
უპრიანია, ეს ყოველივე ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა, კულტუროლოგთა და ისტორიკოსთა ფუნდამენტური გამოკვლევების საგნად იქცეს. მანამდე კი, გულითადი მადლობა შესანიშნავ გერმანელ მკვლევარს - ვერნერ კელერს!

გიორგი მარჯანიშვილი
საფრანგეთი, 2013 წელი


თემა იხილეთ:
ვერნერ კელერი: ეტრუსკები
ვერნერ კელერი: როცა დასავლეთს ჯერ კიდევ ეძინა
ვერნერ კელერი: იტალია – «ხბოთა ქვეყანა»
ვერნერ კელერი: როცა ეტრუსკები მოვიდნენ
ვერნერ კელერი: პრინცესა ლართის მდიდრული სამარხი
ვერნერ კელერი: პირველი ეკონომიკური საოცრება დასავლეთში
ვერნერ კელერი: ეტრუსკების მძლავრი მრეწველობა
ვერნერ კელერი: რადგან ისინი ზღვაზე ბატონობდნენ
ვერნერ კელერი: დოქტრინა ეტრუსკა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen