მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვერნერ კელერი: იტალია – «ხბოთა ქვეყანა»
გარშემორტყმული ზღვით, რომლის აღმოსავლეთმა სანაპირომაც ბრწყინვალე ცივილიზაციების აღმავლობა უკვე იხილა, იტალია - «ხბოთა ქვეყანა», როგორც მას ბერძნები უწოდებდნენ, ათასწლეულების მანძილზე მივიწყებულ, მსოფლიო ისტორიისგან განზე მდგომ ადგილად რჩებოდა. არქეოლოგებმა, რომლებიც იქ უძველესი წარსულის, წინაისტორიის და პროტოისტორიის ნაკვალევს ეძიებდნენ, ვერანაირი ხელშესახები რამ ვერ ნახეს. არავითარი სასახლე, არავითარი სიმაგრე, არც ტაძარი და არც განძი არ იქნა აღმოჩენილა. ქალაქის უბრალო საფუძვლები ან აგურის სახლების ნაშთებიც კი ვერ ნახეს.

პერუზას, ბოლონიის თუ სხვა მრავალი ქალაქის მუზეუმების ვიტრინები შეიცავენ ყველაფერს, რისი პოვნაც არქეოლოგის ნიჩაბმა თუ წერაქვმა შესძლო. ბევრ დარბაზში გამოფენილია ურიცხვ მეცნიერთა ხანგრძლივი და რთული მუშაობის შედეგი: საცხოვრებელთა და საფლავთა ნაშთები, ჭურჭელი და სამკაული, ინსტრუმენტები და საბრძოლო იარაღი. ისე ჩანს, თითქოს მნახველს მზერით არ შეუძლია მოიცვას ყველა ეს ნივთი, იმდენად დიდია მათი სიმრავლე. წარსულ ათასწლეულთა მუნჯი მოწმენი, მოწმენი მეტად ძველი, ძალზე შორეული ეპოქისა, როდესაც ქვა ჯერ კიდევ ხელსაწყო და იარაღი იყო. აქ მონოტონურობის შეგრძნება ჩნდება, რადგან ამ ნაშთთა ნათქვამი უმნიშვნელოა: ისინი კითხვებს აჩენენ, მაგრამ არ ხსნიან არაფერს. ისინი არ ატარებენ წარწერის ნაკვალევს ან სურათოვან გამოსახულებას. სიმარტივე, არაფერი არ არღვევს მონოტონურობას, როგორიც თაობათა მანძილზე მკვიდრთა ცხოვრება უნდა ყოფილიყო.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ისტორიკოსისათვის აპენინთა წინაისტორია ნამდვილი თავსატეხია, რომლის დათარიღება და ახსნა გაუთავებელ კამათს იწვევს. იგი ბუნდოვანი რჩება, სავსეა პასუხების გარეშე დარჩენილი შეკითხვებით და გაურკვეველ კონტურებში აღმოჩენილ პირველი სურათს ძლივს იძლევა.

ლიგურები, რომლებიც გენუის ირგვლივ და მდინარე პოს ხეობაში ცხოვრობდნენ, იტალიის უძველეს მკვიდრთა შორის ირიცხებიან. ისინი თავდაპირველ მოსახლეობას ეკუთვნოდნენ, მათი ენა ხმელთაშუაზღვისპირული გახლდათ.  ენათესავებოდნენ იბერებს. (მთარგმნელი: ლიგურების ხალხური სიმღერები პოლიფონიაა, ამიტომ მათ სიმღერებს ქართველებმა ალბათ ლი-გურული სიმღერები შეიძლება უწოდონ.). ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, პიცენში, აპულიაში და სამხრეთ სიცილიაში ცხოვრობდნენ ტომები, რომელთაც ზოგი ავტორი პელაზგებს, ხალხს რომელიც უხსოვარ დროს ეგეოსის ზღვის აუზში და მცირე აზიაში ცხოვრობდა, მიაკუთვნებს. ეს წინასტორიული ადამიანები, თავშესაფარს გამოქვაბულებში პოულობდნენ. ისინი, თავის მიცვალებულებს ჩაცუცქულებს კრძალავდნენ და თან აყოლებდნენ ქვისგან უხეშად გამოთლილ იარაღს, რქისგან და ძვლისგან ნაკეთებ ჭურჭელს. ჭურჭელი ხელითაა დამუშავებული, ვინაიდან მეთუნის რგოლი, რომელსაც ნილოსის ნაპირებზე და შუამდინარეთში უკვე ათასწლეულების მანძილზე იყენებდნენ, ცნობილი ჯერ არ იყო. მოგვიანებით, აღმოსავლეთის ზეგავლენით ლითონის ხანა დაიწყო. ძვ. წ. 1800 წლისათვის პირველი ბრინჯაოს ჭურჭელი ჩნდება.

ჩრდილოეთით, ალპების ძირში, იქამდე უცნობი ცივილიზაცია პირველად იქნა შენიშნული. მდინარე პოს ველზე, ტერიტორიაზე, რომელიც აპენინთა პირველ ფერდობებს ეკვრის, ბოლონიის მახლობლად ახალმოსულნი დამკვიდრნენ. ისინი, სახლებს ხიმინჯებზე დგამდნენ, მიცვალეულებს წვავდნენ. ამ ხალხის სოფლების, სასაფლაოების (ფერფლის შემცველი ურნების ერთობლიობის) ირგვლივ, კედლები და თხრილები იყო, მისდევდნენ მეცხოველეობას და მიწათმოქმედებას, ამზადებდნენ დახვეწილ კერამიკას და ლითონზე მომუშავე დიდოსტატი ხელოსნები ჰყავდათ.

ვიმეორებთ, მრავალი საუკუნე გაივლის, სანამ იტალიური ცხოვრების ტემპი აჩქარდება. ძვ. წ. 1200 წელს, ბრინჯაოს ხანის დასასრულს, არქეოლოგიის მონაცემებით მოქმედებას გარედან მოსული ხალხის ძალა იწყებს. 

ამ ახალმოსულთა კუთვნილება და წარმოშობა სწავლულებში ეჭვს არ იწვევს: პირველად გახდა შესაძლებელი იმის მტკიცება, რომ ისენი ინდო-გერმანელი მიგრანტები იყვნენ, რომელნიც სხვადასხვა დროს მოვიდნენ და აპენინის ნახევარკუნძულის ვრცელ ნაწილებს თავისი კვალი დაამჩნიეს. მათთან ერთად მოვიდნენ წინაპრები იმ იტალიური ტომებისა, რომელთა სახელებსაც ისტორიული დროიდან ვიცნობთ.

უპირველესთა შორის ითვლებიან ლათინები, რომელთა ტომები ტიბროსის სანაპიროებზე დამკვიდრდნენ და მათ მეზობლები - ფალისკები. ისინი ძვ. წ. 1 000 წლისთვის, ე.ი. დორიელთა მიერ მიკენური იმპერიის დამხობიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდნენ. მათ სხვა ხალხები, უმბრიელები და საბელიანები მოჰყვნენ. ისინი აპენინის გასწვრივ ტერიტორიებს თანდათანობით ეპატრონებოდნენ: ჩრდილოეთით, ტიბროსის მოსაზღვრე მიწებამდე უმბრიელები დაეპატრონნენ, ცენტრალურ იტალიაში კი საბელიანები დამკვიდრდნენ, სამხრეთით ოსკები დასახლდნენ, სამნიტებმა აბრუციის ზემო ხეობებში შეაღწიეს.

მათმა გამოჩენამ ყველაფერი აამოძრავა და ზნე-ჩვეულებებისა და ცხოვრების წესის გადამწყვეტი შეცვლა გამოიწვია. კულტურისა და მხატვრული გაფორმების დიდი მოთხოვნილება შეიგრძნობა. თიხის ოდესღაც პრიმიტიული ჭურჭელი, რომელშიც გარდაცვლილის ფერფლს ინახავდნენ, სასიამოვნო ფორმებს იძენს. ჩნდება დიდი ზომის სამარხი ურნები. ისინი ზევიდან და ქვევიდან კონუსურად წაწვეტებულნი არიან და თავსარქველად ხშირად ჯამი ან ბრძოლის ველზე დაღუპული მეომრის მუზარადი აქვთ. იტალიაში, იმავე ხანაში ფეხს უმნიშვნელოვანესი ტექნიკა იკიდებს. ვილანოვაში რკინის ხანა იწყება. ბოლონიასთან ახლომდებარე სოფელ ვილანოვაში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილმა ამ ცივილიზაციამ, ამ სოფლის სახელი მიიღო. მისი ნაკვალევი ჩრდილო იტალიიდან ტოსკანის გავლით ლაციომდეა, გაგრძელება კი უფრო სამხრეთით, სალერნოს პროვინციამდე მიდის.

ფოტოზე: ვილანოვას კულტურის გავრცელების არეალი
ამ ინდო-გერმანელ თავდამსხმელთა ქმნილებები, ყველაზე მდიდრულია ტირენიის სანაპიროზე, ტოსკანაში, ზონაში, სადაც მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშნების გადამწყვეტ ცვლილებათა კვალი ყველგან ჩანს. არქეოლოგებმა აქ კერამიკისა და ბრინჯაოს ჭურჭლის საკვირველი სიუხვე აღმოაჩინეს. ამავე დროს მოდაში ახალი დეკორატიული სტილია: ჭურჭელს ამიერიდან ზომიერი გეომეტრიული ონამენტი, სწორი ან დამსხვრეული ხაზები, სამკუთხედები თუ გადაღუნული ჯვარი ამკობს. 

ფოტოზე: ჭურჭელი, ვილანოვას კულტურა

აპენინის ნახევარკუნძულის მკვიდრნი უხსოვარი დროიდან მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. მწყემსები და მეცხოველეები, ასევე მიწათმოქმედნიც, უბრალო, ხანმოკლე სადგომებს აგებდნენ. ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარადაა, ვილანოველები ბინადარ ცხოვრებას იწყებენ. ძვ. წ. IX საუკუნიდან ლაციუმში და ტოსკანაში ბინადარი ცხოვრება იწყება, ჩნდება მუდმივი საცხოვრებელი, რომლის ადგილმდებარეობა და ფორმა გარემომცველმა ბუნებამ განსაზღვრა. უფრო ხშირად, საცხოვრებელს მაღალ ზეგნებზე აგებენ, რომლებიც ღრმა კალაპოტის მქონე მდინარეებით ან ციცაბო და მიუდგომელი კედლების მქონე ხევებითაა გარშემორტყმული. ზოგჯერ მაღალ ბორცვებს ან მთების მწვერვალებს ან ჭაობიანი ადგილების შუაგულს არჩევენ, როგორიც ტიბროსის ნაპირებზე პალატინი გახლდათ. საცხოვრებლების ახლოს, თიხისა და ჩალის უბრალო ქოხებთან, სასაფლაოები ჩნდება და თაობიდან თაობამდე ფართოვდება. იქ სამარხთა ორი ტიპი თანაარსებობს: ღრმულები, რომლებშიც ცხედრის ფერფლს კრძალავენ და ყუთის ფორმის სამარხები, რომელებშიც ცხედარს მარხავდნენ. იარაღს უმთავრესად მამაკაცებთან ატანდნენ თან. ქალებს სამკაულების, საქონლის და ხანდახან სპილოს ძვალში გამოთლილი ქინძისთავებისა და სავარცხლების უფლება ჰქონდათ. ამას უმატებდნენ ჭურჭელსაც, რომელიც მიცვალებულს ყოველ დღე უნდა ეხმარა (ხელნაკეთ კერამიკას ან ბრინჯაოს ჭურჭელს). ადგილობრივი ნაწარმის გვერდით, ზოგჯერ უცხოურ ნაწარმსაც პოულობენ: სკარაბეებს და მცირე ქანდაკებებს ეგეოსიდან, ეგვიპტიდან თუ მახლობელი აღმოსავლეთიდან. ესაა მტკიცე ნიშანი იმისა, რომ სხვა ქვეყნებიდან მოსულმა უცხოელმა ვაჭრებმა - ფინიკიელებმა თუ ბერძნებმა სანაპიროზე ფეხი უკვე მოიკიდეს. 

ლაციოში და ტიბროსის ჩრდილოეთით, ფერფლის შესანახ ურნებს, ცოცხალთა სახოვრებლის გარეგნულ სახეს აძლევდნენ. შენობა კვადრატული ან მრგვალია, კედლები წნულია და თიხითაა გადალესილი; სახლი გადახურულია ჩალით ან ლერწმით. კერად მოძრავ სადგამს იყენებენ. შესასვლელი კარის თავზე გაჭრილი სამკუთხა ხვრელიდან ბოლი გადის. ქოხებს გარე კედლებზე დატანილი და თეთრი საღებავით ხაზგასმული გეომეტრიული მოტივები ამკობდნენ.


ფოტოზე: სამარხი, ვილანოვას კულტურისათვის დამახასიათებელი ურნა, გუარნაჩის მუზეუმი, ქალაქი ვოლტერა

ფოტოზე: სამარხი (გორასამარხი) სან ცებრონეში
«აღმოსავლეთიდან მოსულ ზღვაოსნებს», ფიქრობს შვედი მეცნიერი პროფესორი აქსელ ბოეთიუსი, «ვილანოველთა ქვეყანა დანარჩენი იტალიის დარად ველურ კუთხედ უნდა აღექვათ. «ველურებს» ყველგან ხვდებოდნენ, რასაც ლეგენდა იმ სახელს იხსენებს, რომელიც ჰესიოდემ თეოგონიაში ერთ-ერთ მათგანს მისცა – ესაა აგრიოს.

მათი მთავარი საქმიანობა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო. და ჩვენ გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ის მარტივი და მოკრძალებული ცხოვრება გახლდათ, რომელზეც ავგუსტუსის დროინდელი რომის ლათინი პოეტები ოცნებობდნენ, როდესაც იმპერიული ქალაქის ხმაურით გაყრუებულნი, მოკრძალებული ხის წინ მოწანწკარე ნაკადულს და ველზე აღმართულ საკურთხევლებზე უსახელო ღვთაებებისათვის შეწირულ მსხვერპლს უმღეროდნენ.

იმპერიულ რომში პალატინზე მდგარი რომულუსის ქოხი ამ წარსულს განასახიერებს. დიონისე ჰალიკარნასელის მიერ დატოვებული აღწერილობა რკინის ხანის საცხოვრებელს ასახავს და დასძენს, რომ ხანძრის შემთხვევაში, მას თავდაპირველი პრიმიტიული სახით აღადგენდნენ. ყოველივე ეს, თავად რომის წინაისტორიაში იმ ცივილიზაციის ეტაპს წარმოადგენს, რომლის კვალიც ვილანოვას კულტურაში იძებნება.

თუმცა შეცდომა არ უნდა დავუშვათ: რა მოკრძალებულიც არ უნდა ყოფილიყო მათი ცხოვრების წესი, ახალმოსულები არც უბრალო მეჯოგეები და არც უბრალო მიწათმოქმედები ყოფილან. ისინი ნიჭიერი ხელოსნები, ლითონთა დამუშავების ოსტატები, კარგი იარაღისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის მკეთებლები გახლდნენ... როგორც ჩანს, ვილანოვის კულტურის წარმომადგენლებმა, ლითონთა საჭიროების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი ნედლეული იტალიაშივე იპოვნეს. განა შემთხვევითია, რომ მიწათმოქმედთა კულტურა ყველაზე მეტად სწორედ ტოსკანის სამხრეთ რეგიონებში განვითარდა? ყველაზე მეტად კი იქ, სადაც მოგვიანებით ტარქვინია, ეტრურიის დედაქალაქი აღიმართა? შორიახლოს ამ ადგილიდან, ერთი დღის სავალში ტოლფას მთებია აღმართული. ისინი ყველაზე ძვირფას, ყველაზე სასურველ განძს - რკინის მადანს შეიცავენ. არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენეს, რომ მადნის მოპოვება პირველად ვილანოვას ხანაში დაიწყო. იმხანად დაიწყეს იტალიაში ლითონის შემცველი წიაღისეულის ამოღება. 

მიუხედავად ამისა, მიუხედავად მთელი ამ პროგრესისა და ახალი ხალხის მიერ მოტანილი ცვილებებისა, იტალიის მიწა როგორც წინათ უისტორიოდ რჩებოდა. ეს გახლდათ მხოლოდ პრელუდია, ლეთარგიისგან გამოსაფხიზლებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი. ნამდვილი დასაწყისისთვის საჭირო იყო გარედან მოსული ახალი, უფრო ძლიერი, უფრო გასაკვირი იმპულსები...

ეტრუსკთა გამოჩენა... 

«ეტრუსკები», პარიზი, 1976
ფრანგულიდან თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა


დასაწყისი იხილეთ:
ვერნერ კელერი: ეტრუსკები
ვერნერ კელერი: როცა დასავლეთს ჯერ კიდევ ეძინა

  გაგრძელება იხილეთ:
ვერნერ კელერი: როცა ეტრუსკები მოვიდნენ
ვერნერ კელერი: პრინცესა ლართის მდიდრული სამარხი
ვერნერ კელერი: პირველი ეკონომიკური საოცრება დასავლეთში
ვერნერ კელერი: ეტრუსკების მძლავრი მრეწველობა
ვერნერ კელერი: რადგან ისინი ზღვაზე ბატონობდნენ
ვერნერ კელერი: «დოქტრინა ეტრუსკა»

«ეტრუსკები»: მთარგმნელის დასკვნაის დასკვნა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen