მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვერნერ კელერი: როცა ეტრუსკები მოვიდნენ
«არქეოლოგიური გამოკვლევები მოწმობენ, რომ ძველი იტალიის განვითარებაში აბსოლუტური პრიორიტეტი ეტრურიას ეკუთვნის. როგორც სჩანს, უკვე VII საუკუნეში ეტრუსკი ერი ისტორიულად ჩვენზე ჩამოყალიბებული იყო თავისი ენით, თავისი ინტელექტუალური და კულტურული სახით.»
მასსიმო პალლოტინო, 1955 წ.

«ეტრუსკები სხვა ხალხებისაგან განსხვავდებიან არა მარტო ენით, არამედ ცხოვრების წესით და ზნე-ჩვეულებებითაც.»
დიონისე ჰალიკარნასელი, ძვ. წ. I ს.

გიგანტური აკლდამების გაჩენა

ჯერ კიდევ ძვ. წ. IX საუკუნეში იტალიაში უძველესი ხანა ბატონობდა. ერთი საუკუნის შემდეგ აღმავლობა იწყება, რომელსაც ქვეყანაში ქარიშხლისდარად ძლიერად, ბობოქრად და გამომაცოცხლებლად შემოაქვს მომავალი. მანამდე ჯერ არ ნახული, ყოვლისმომცველი ცვლილება იწყება. ინდო-გერმანელთა ცხოვრება, წეს-ჩვეულება და ენა იცვლება. დიდ მანძილძე თვით ბუნებაც კი სრულებით სხვა სახეს იძენს.

ამ მძლავრი ძვრებისა და ცვლილებების მოქმედების არეალია იტალიის გულში არსებული მიწის ის კუთხე, რომელმაც დღემდე შემოინახა თავისი მომხიბლაობა. მიწითა და მცენარეულობით უნიკალურ, მაგიურად მშვენიერ ტოსკანას, პეიზაჟის მომაჯადოებელი ძალის მქონე უხსოვარი ხანის მომხიბლაობა ვერ წაართვეს ვერც სანაპიროთა დამპყრობელმა დამსვენებლებმა და ვერც სამხრეთისკენ მიმავალ ავტოტურისტთა ნაკადებმა. 

აპენინის მაღალი ქედის ურიცხვი ბორცვებით დაფარულ ტიბროსის, არნოსა და ტირენიის ზღვას შორის გაშლილია ტოსკანა - სახელგანთქმული «წითელი მიწა». ვერცხლისფერ ზეთისხილის ხეებსა და დიდ ვენახებს შორის ველური მიხაკი, როზმარინი და ლავანდი იზრდება და მათი სურნელება ფიჭვის, კვიპაროსის და ევკალიპტის მძაფრ სუნს ერევა. ციტრუსის ყვავილი ჯადოქრის ფრჩხილებივით ჰყვავის, მათგან შორს კი ახლად კანშემოცლილი კორპის მუხის ყავისფერი ხეები დგას.

უფრო მოშორებით სამხრეთისაკენ, რომისაკენ მიმავალ გზაზე, ორვიეტოდან ლაციუმამდე სურათი იცვლება. აქ აღმართულია ტუფის ზეგნები, რომლებიც ნიაღვრების მიერ გათხრილი ღრმა ღარებითაა გადაკვეთილი. ნაკადები ზღვამდე მიმავალ კანიონებს თხრიან. უამრავი ცხელი და ცივი წყარო, საიდანაც გემრიელი მინერალური და სამკურნალო წყლები მოსჩქეფს, გეოლოგიის ძველ წარმომავლობას მოწმობენ. აქ ჩვენ ვულკანური წარმომავლობის ნიადაგზე ვდგავართ. ამას ტრასიმენეს ტბა და ტბა ბოლსენას ტბა მოწმობენ. წყლის ამ დიდ რეზერვუარებს უფრო პატარა ტბები - ვიკო და ბრაჩიანო შეიძლება დავუმატოთ, რადგანაც ყოველ მათგანს ჩამქრალი ვულკანების ჩავარდნილი კრატერები უკავია. იმათ, რომელნიც უკანასკნელნი აქტიურობდნენ, ამოფრქვეული ცეცხლით ისედაც უზომო ძვრები უნდა გაეძლიერებინათ.

არქეოლოგებმა ამ ძვრების თარიღი დაადგინეს. განვითარებული კულტურისა და ცივილიზაციის ნიშნები ძვ. წ. 750 წლისათვის, ე. ი. ჯერ კიდევ ვილანოვას პრიმიტიული დასახლების შუაგულში ჩნდება.

ცვლილება, პირველ რიგში მიცვალებულთა კულტში გამოჩნდა. დაწვის გვერდით, სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს ცხედრის დაკრძალვა. ტარქვინიაში 83 საფლავიდან 58 მიწას მიბარებულისაა. ადრე ბრტყელი ქვებით დაფარული სამარხები ზემოდან ხშირად საცხოვრებლის სახურავის ფორმას იღებენ და სოლიდურად ნაგები ჭეშმარიტი აკლდამებად იქცნენ. ჩნდება საცხოვრებელი ოთახებივით სწორკუთხა დასაკრძალი ოთახები, რომლებიც მიწის ქვეშ, რბილ ტუფის ქვაშია გამოკვეთილი და მიცვალებულთა სახლებადაა მოაზრებული. დერეფანს ან კიბეს სიღრმეში მათკენ მივყავართ. თუ ერთ ადგილას რამდენიმე დასაკრძალი სენაკი მდებარეობს, მაშინ ისინი წინკარის ირგვლივაა დაჯგუფებული.

მანამდე არც იტალიას და არც დასავლეთის სხვა ქვეყანას მიწისქვეშა დასაკრძალი ოთახების პრეცენდენტი არ ჰქონია. მაგრამ თვით ისინი ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენენ. ძვ. წ. 700 წლისათვის სურათი ისევ იცვლება. საფლავები ჭეშმარიტად გრანდიოზულ ზომებს იძენენ. კლდეში გამოკვეთილი დასაკრძალი ოთახების ზომები იზრდება იმდენად, რომ ისინი დასაკრძალ დარბაზებად იქცნენ.

ფოტოზე: აკლდამა პოპულონიის ნეკროპოლისიდან , ტოსკანა / იტალია

ფოტოზე: «ნეკროპოლი დელე გროთე», ქვაბული ნეკროპოლისი, პოპულონია / იტალია
რეალურად მონუმენტური დასაკრძალი არქიტექტურა იბადება. ტიბროსის ჩრდილოეთით, ინდოევროპელ ტომთა მიერ დაკავებული ტერიტორიის შუაგულში, ინდოევროპელთა საცხოვრებლების ახლოს, უეცრად შორიდან ხილვადი, ხმელთაშუა ზღვის სამყაროსთვის უჩვეულო ზომის და ფორმის უჩვეულო დასაკრძალი მონუმენტები აღიმართება. 

თავდაპირველად, რკინის ხანის საფლავებს შორის გაფანტული ეს საფლავები და სამარხები, რომელთა მნიშვნელობა ძველ, სრულებით სადა ჩვეულებებს შეესაბამებოდა, მალე დაჯგუფდნენ. თავიდან ტუფის ზეგნებზე ნაგებმა აკლდამებმა, თანდათანობით ქვეყნის სიღრმეში შეაღწიეს და აპენინის ფერდობებსაც «შეუტიეს». ყველგან ჩანდა მაღალი, ეკლესიის გუმბათისდარი მძლავრი აკლდამები, რომელთაც მათი დამფარავი მიწის გროვა გიგანტურ განზომილებებს და გორაკთა სახეს ანიჭებდა.

იმდენადვე სიმბოლური, რამდენადაც მღელვარების გამომწვევი ეს კონსტრუქციები, წინაისტორიისა და ისტორიის გამყოფ ზღვარზეა ნაგები. ორნახევარ ათასზე მეტი წელია, რაც დროს გამოწვევას უგზავნიან, მრავალი მათგანი დღესაც კარგადაა შემონახული. მათში ღრმადაა ჩამარხული ქვის დარბაზები, რომლებიც იქ დაკრძალული მიცვალებულისათვის უკანასკნელი თავშესაფარი უნდა იყოს. რომიდან 40-ოდე კილომეტრში, ჩერვეტერის ნეკროპოლში - «ბანდიტაჩია», პირქუში განწყობა გიპყრობთ. ეს ადამიანის გამბედაობის და ოსტატობის ნაყოფი კოლოსალური კონსტრუქციები, შთამბეჭდავ სწორ ხაზად არიან აღმართულნი. თითქოს მამონტთა მომრგვალებულ ზურგებს უყურებთ. ამ ტუმულუსთა დიამეტრი 40 მეტრს აღწევს. ტუფში გამოთლილი დოლის ფორმის ზეძირკველი, შენობის ქვედა ნაწილის ტუფში გამოთლილი პროფილებითაა შემკული. ამ ბალახებით დაფარულ ტუმულუსებზე (გორასამარხებზე), დღეს კვიპაროსებია დარგული. დამრეცი დერეფანი მიწის გორაში შედის და აკლდამამდე მიდის. ოთახები საცხოვრებელი სახლის შიდაინტერიერივითაა მოწყობილი, მას აქვს კარი, მონიშნული ფანჯარა, კოჭები ჭერზე, კოლონები და პილასტრები; გაწყობილია ტახტისა და უზურგო სკამის ფორმის ავეჯით. როგორც მიცვალებულთა ეტლების ბორბლების წარუშლელი კვალი, ტუმულუსთა რიგს ისე მიუყვება მიწაში ღრმად ამოჭრილი «აკლდამის გზა», რომელსაც საუკუნეთა მანძილზე მიცვალებულები საკუთარი აკლდამებისაკენ საზეიმო ცერემოიით მიჰყავდათ. შესასვლელთა ახლოს, სახლების ან ნახევარსვეტების ფორმის ქვებია მიმოფანტული, რომლებიც ბორცვის მზიდი ტუფის ზეძირკველის შიგნით დამარხული მიცვალებულის სქესზე მიუთითებდნენ. სახლი აღნიშნავდა ქალს. ნახევარსვეტი თავისი ცხადი ფალოსისდარი ფორმით - კაცს. 

ფოტოზე: ეტრუსკული სამარხი - ტუმულუსი (გორასამარხი) «ტომბა დეი კარი» სან ცებრონეს ნეკროპოლისიდან

პოპულონიას მახლობლად, წყნარი ყურის პირებზე, პორტო ბარატტი-ში აღმოჩენილია სხვა კლდამათა ნაშთები, რომლებიც ასევე ძვ. წ. VII საუკუნეში აგებული გიგანტური გუმბათოვანი ნაგებობებია. მათი წრიული ფორმის კედლები მშენებლებს კირის გამოყენების გარეშე აქვთ ამოყვანილი, ბლოკებსა და ფილებს შორის არსებული ნაკერები წვრილი ქვითაა შევსებული.

უდიდესი მათგანის გარშემოწერილობა, თითქმის 30 მეტრს აღწევს. ამ სამგლოვიარო მონუმენტებს, გარს ფართო მოკირწყლული გზა უვლის. გარე ვერტიკალური კედლების ზედა სიბრტყეზე, კირქვის ფილები დევს. მათ მიერ შექმნილ გადმონაშვერს წვიმის წყალი გადაჰყავს. შიგნით, სწორკუთხა ოთახი დაგვირგვინებულია ცრუ გუმბათით. კონსტრუქციის ეს ტიპი კრეტა-მიკენის თოლოსებს გვაგონებს, რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში ძვ. წ. II ათასწლეულშია აგებული ან შლიმანის მიერ მიკენთან გათხრილი «ატრევსის აკლდამას» და სარდინიის ახლოს მდებარე კუნძულების კოშკისფორმის ნურაღებს.

განსხვავებული სახისაა, გასულ საუკუნეში, პოპულონიას მეზობელი ქალაქის - ვეტულონიას გარემომცველ მთებზე, თანამედროვე გრასეტოს მახლოლად ნაპოვნი აკლდამები. ესაა უზარმაზარი მეგალითური სამარხები, თლილი ქვის უზარმაზარი, მიწაში ჩაფლული ფილები. ზოგიერთი ამ დარბაზის გარშემოწერილობა, 50 მეტრს აღწევს. მათ შუაგულში, ორმო-სამარხები იყო გათხრილი. ყველაფერი მიწაყრილით შექმნილი გორაკითაა დაფარული. ვეტულონიას ძირში, ველზე, სადაც ძველი რომაული სამხედრო გზა «ვია აურელია» გადის, შორიდან არქიტექტურის სხვა გიგანტური ქმნილების ნაშთი მოსჩანს, რომელთაც ხალხი «ლა ტომბა დელლა პიეტრერა»-ს უწოდებს. ამ მონუმენტური დასაკრძალი ნაგებობის ერთადერთი ფრაგმენტია გადარჩენილი. მის შიგნით არსებულ სწორკუთხა ოთახს გუმბათის ფორმის კამარა ახურავს. საუკუნეთა მანძილზე, მოსახლეობა მას ქვის სამტეხლოდ იყენებდა. ადამიანის სიმაღლის მრგვალ ზეძირკველს, რომლის დიამეტრი დაახლოებით 70 მეტრს უდრიდა, ოდესღაც დღეს უკვე გამქრალი მიწაყრილი ჰფარავს. არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენეს, რომ ამ აკლდამის აგებას ორჯერ შეუდგნენ. პირველი შენობა აგებისთანავე დაინგრა და საფლავის ფენები დამარხა. თაღის ასაგებად გამოყენებული ქვა ბევრად უფრო რბილი იყო, მან გადახურვის წონას ვერ გაუძლო. მეორე ცდამ მშენებლებს მეტი წარმატება მოუტანა. მათ უფრო მტკიცე ქვა – შორიდან მოტანილი სასოფორტინო გამოიყენეს.

«ლა ტომბა დელლა პიეტრერა», ისევე როგორც პოპულონიის მონუმენტები კარგად გვიჩვენებენ რამდენად ჯიუტად ცდილობდნენ გუმბათის ამოყვანას.  ფრანგი ეტრუსკოლოგის - რაიმონ ბლოშის თანახმად, «ამ ორი აკლდამის ორივე სამარხში გვხვდება კონსტრუქციები, რომლებიც ჩვენთვის ეგეოსური სამყაროდანაა ცნობილი, თუმცა ისინი ბერძნებს არ გამოუყენებიათ - ესენია კამარა და გუმბათი. ცხადია, ისინი მათი საწყისი, პრიმიტიული ფორმით გვხვდება. კამარის ეფექტს ქვების შიგნით გადაწევით ღებულობდნენ და არა კამარის კლიტის გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ამ კონსტრუქციის რაციონალიზაცია მალე მოხდა და მისმა შემდგომმა სრულყოფამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მთელი იტალიური არქიტექტურის განვითარებაში.»

ფოტოზე: «ლა ტომბა დელლა პიეტრერა» - ეტრუსკული სამარხი ვეტულონიაში / ტოსკანა

ფოტოზე: «ლა ტომბა დელლა პიეტრერა» - ეტრუსკული სამარხის ინტერიერი

ძვ. წ. VII საუკუნეში გაჩენილი მონუმენტური სამგლოვიარო არქიტექტურა იმპორტია, მასში აღბეჭდილი გავლენა აღმოსავლური წარმომავლობისაა. ცენტრალური იტალიის ეს მძლავრი აკლდამა-ბორცვები საკვირველ ნათესაობას ამჟღავნებს ანატოლიის, განსაკუთრებით ფრიგიისა და ლიდიის სამეფოთა დედაქალაქების - გორდიონისა და სარდის ბორცვთა ძეგლებთან.

ტოსკანისა და ჩრდილო ლაციუმის ოთხივე მხარეს, ტრასიმენეს ტბის სანაპიროზე დღესაცაა აღმართული ბორცვთა იმპოზანტური სილუეტები - კამუჩია კორტონეს მახლობლად, დოგანაჩიოს ბორცვები ტარქვინიასთან, ლე მონტე კალვარიო, ქვეყნის ოთხივე მხარეს მიმართული აკლდამებით კასტელლინას მახლობლად შიანტიში. ორი მსგავსი გიგანტი, რომელთაც კუკუმელას და კუკუმელეტას უწოდებენ, ვულჩის მახლობლად მდებარეობს, 7 კიდევ სხვა ქალაქ ვეის ახლოს. ესაა სულ ის, რაც გადარჩა. ასობით სხვა ბორცვი სამუდამოდ გაქრა, ბუნების და ადამიანის ხელით დაინგრა და გადასწორდა.

ეს ნაშთები, რაოდენ მწირიც არ უნდა იყვნენ, მოწმობენ, რომ ძვ. წ. VII საუკუნეში ტიბროსის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე, ახალი, მანამდე ჯერ უცნობი ცხოვრების სტილი გაჩნდა და ახალი შემოქმედებითი ნება შემოიჭრა. ყოველივე ეს დასავლეთში ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავდა.

«ეტრუსკები», პარიზი, 1976
ფრანგულიდან თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა


დასაწყისი იხილეთ:
ვერნერ კელერი: ეტრუსკები
ვერნერ კელერი: როცა დასავლეთს ჯერ კიდევ ეძინა
ვერნერ კელერი: იტალია – «ხბოთა ქვეყანა»

გაგრძელება იხილეთ:
ვერნერ კელერი: პრინცესა ლართის მდიდრული სამარხი
ვერნერ კელერი: პირველი ეკონომიკური საოცრება დასავლეთში
ვერნერ კელერი: ეტრუსკების მძლავრი მრეწველობა
ვერნერ კელერი: რადგან ისინი ზღვაზე ბატონობდნენ
ვერნერ კელერი: «დოქტრინა ეტრუსკა»
«ეტრუსკები»: მთარგმნელის დასკვნა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen