მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვერნერ კელერი: პირველი ეკონომიკური საოცრება დასავლეთში
«ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ ტირენიელებზე (Tyrrhenoi- «კოშკთა-მშენებლები»), ხალხზე, რომელიც ოდესღაც თავისი გამბედაობით სახელგანთქმული იყო, მრავალი ქვეყანა დაიპყრო და მრავალი ქალაქი დააარსა», წერდა ძვ. წ. I საუკუნეში რომში მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი.

პირველი გამოჩენისთანავე ეტრუსკი ხალხი ანტიკური სამყაროს თვალში მდიდარ და ძლიერ და ერად წარმოსდგება. ასეა ეტრუსკთა სახელის პირველად წარმომთქმელ უძველეს ბერძენ პოეტ ჰესიოდესთან. თავის სახელგანთქმულ ნაწარმოებში «თეოგონია», რომელიც ძვ. წ. 700 წელსაა დაწერილი, ჰესიოდე საუბრობს «ყველა კეთილშობილ და სახელგანთქმულ ტირენიელზე, რომლებიც შორს, წმინდა კუნძულების წიაღში ცხოვრობენ». მისი სიტყვები ანარეკლია იმისა, იმ დროს, ჯერ კიდევ საბერძნეთში როგორ პატივს მიაგებდნენ ეტრუსკებს. მაგრამ გვიანდელ ნაწერებში - კატონთან, ტიტუს ლივიუსთან თუ სხვებთან ისინის მოულოდნელად იტალიურ მიწაზე ჩნდებიან. მათი სახელი მოქმედებს როგორც deus ex machina (დეუს ექს მახინა) – ეტრუსკები წარმოსდგებიან როგორც ძლიერნი და შიშისმომგვრელნი, აღფრთოვანების გამომწვევნი და მუდამ ცილისწამების მსხვერპლნი. 

რამდენადაც საფუძვლიანი წარმოდგენა არსებობდა ეტრუსკებზე ძველად, იმდენად მწირია დღეს მათი სახელი და პრესტიჟი. ძალიან დიდი ხნის მანძილზე, ადრეულ შუასაუკუნეთა დასაწყისიდან, ფაქტიურად მხოლოდ ელადა და რომი იპყრობდა ისტორიკოსთა ყურადღებას. მხოლოდ მათით ნცვიფრდებოდნენ, მათ აქებდნენ და სცემდნენ პატივს. დიდ მშენებლებად, დასავლეთის საძირკველის ჩამყრელებად მარტო ისინი ითვლებოდნენ. სპეციალური ლიტერატურა, ისტორიისა და სასკოლო წიგნები სავსეა ამგვარი ცნობებით. ეს სურათია წარსულზე წარმოდგენის მომცემი და მას მნიშვნელოვანი ეპიზოდი აკლია – რადგან მასში ეტრურიას არ უარსებია. არქეოლოგებს უნდა ვუმადლოდეთ ეტრუსკების შესახებ ძირეულ ცოდნას. მათი წყალობით გადაიშალა ევროპის ისტორიის დიდი ხნის მანძილზე უცნობი ფურცელი.

ამდენი იდუმალებით და საიდუმლოთი მოცული ამ ცივილიზაციის წარმოდგენის საშუალებას უამრავი არქეოლოგური ექსპედიცია - რომლებმაც გასულ საუკუნეში სისტემატური ხასიათი მიიღეს - და ურიცხვ აღმოჩენათა მოზაიკა დღეს პირველად იძლევა. 2700 წლის გახსენება, ისე, როგორც დოკუმენტურ ფილმში, საოცარი მოვლენის მოწმედ გვაქცევს: ესაა დასავლეთში მაღალგანვითარებული უცხო კულტურის დანერგვის წარმატებული ექსპერიმენტი.


ტიბროსიდან არნომდე, ტირენული ზღვიდან აპენინებამდე გადაშლილი მთელი რეგიონი თითქოს უეცრად გამოაფხიზლეს იმ ღრმა, მარადიული ძილისაგან, რომელშიაც ის უხსოვარი დროიდან ჩაძირულიყო. 

ფოტოზე: ეტრუსკული ხელოვნება: არეცოს ქიმერა, ძვ.წ. V საუკუნის ბოლო – IV საუკუნის დასაწყისი, ბრინჯაო, სიმაღლე 80 სმ., ფლორენციის არქეოლოგიური მუზეუმი/იტალია
ძვ. წ. VI საუკუნის პირველ ათწლეულში, ეს სანაპირო რეგიონები გარდაიქმნენ, თითქოს ხმელეთის ამ ნაწილს და მის მკვიდრთ სული ჯადოქარმა ჩაჰბერა. ამ მხარის უხსოვარი დროიდან ხელუხლებელი ბუნება, მთელი ქვეყანა ამიერიდან ცივილიზაციას გაეხსნა. იქ სადაც ადრე ტყე და ჯაგნარი უღრანი ტევრით ტერიტორიას ჰფარავდა, ველები, პლანტაციები, ბაღები გაჩნდნენ. ტყის და ბუჩქნარის გაკაფვისა და ჭაობთა დაშრობის შემდეგ, მიწა გამოჩნდა, რომელმაც გუთანს კვალის გასავლებად მისცა ადგილი. მდუმარე და მარტოსული ხეობები ხმაურიანმა ცხოვრებამ გააცოცხლა. ყველგან წერაქვისა და ცულის ხმა ისმოდა. წიაღისეულის გამოსაღებად, მთების სიღრმეში გვირაბები და დერეფნები შეიყვანეს, რათა ეტლთა გრძელი მწკრივები ხეობაში ჩასულიყო.

დღე და ღამე ცეცხლი გიზგიზებდა და ქარი მუქი ბოლის ბოლქვებს მისდენიდა. ქვანახშირის გორები ნელა იწვოდა. ლითონის სადნობი და ჩამოსასხმელი სახელოსნოები მუშაობდნენ. იქ სპილენძი იმხანად ყველაზე საჭირო ლითონად - რკინად გარდაიქმნებოდა. ალი და ბოლი შორიდანაც ჩანდა, როგორც ზღვიდან, ისე ხმელეთიდან, ისინი ელბის კუნძულს აგვრგვინებდნენ: ესაა ახალი ინდუსტრიის ტრიუმფი. სანაპიროს ინტენსური საზღვაო ვაჭრობა აცოცხლებს. ნავსადგურებსა და პორტებში ჭრელი ხალხი ირევა, რომელთა მაღაზიების საწყობები სავსეა ყველა ცნობილი ქვეყნიდან ჩატანილი საქონლითა და იმპორტით.


ცვლილება და გაუმჯობესება ყველგან სჩანს. ეკონომიკური სასწაული, პირველი ევროპაში, რომელიც ამ სახელის ღირსია, იწყება. მთლიანად შეიცვალა საცხოვრებელი. მშენებლობის ახალი ტექნიკის შემოღებამ ძველი საცხოვრებელი - ჩალითა და ლერწმით დახურული ქოხების აგლომერაციები შესცვალა. გაჩნდა ყოველგვარი ცივილიზაციის წინაპირობა - პირველი ქალაქები, ევროპის მიწაზე ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე. ალპების გადაღმა მცხოვრებ ადამიანებს თითქმის ერთი ათასწლეულის განმავლობაში არაფერი ეცოდინებათ მათ შესახებ მანამდე, სანამ ეტრუსკთა ნიჭიერი მოწაფენი, რომაელები იქაც არ დააარსებენ ქალაქებს. ჯერ კიდევ ტაციტუსის დროს, გერმანები სოფლებში ცხოვრობენ.

ახლად დაარსებული ქალაქების უმრავლესობა ზღვასთან ახლოს, ზღვიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. პირატთა შემოსევის საფრთხე ძალიან კარგად გახლდათ ცნობილი. ყველა ქალაქი ღრმა ხეობებით და ციცაბო კედლებით ბუნებრივად კარგად დაცულ ადგილებზე - ზეგანზე ან შემაღლებაზეა აგებული. ადვილად მისადგომი ადგილები, თხრილებით და ქვის ზეძირკველზე ამოყვანილი აგურის კედლებითაა გამაგრებული. ციკლოპურ, კოლოსალური ბლოკებისაგან ნაგებ კედლებს მხოლოდ მოგვიანებით ააგებენ.

იმ დროისთვის ეტრუსკებს ჯერ მეტოქე არ ჰყავთ. მათთან დაპირისპირებას ვერავინ ახერხებს. ისინი შეუზღუდველი ბატონები არიან და მათი დიდი, ხვალინდელი მოსისხლე მტერი - რომი, ჯერ არ არსებობს. ტიბროსის სანაპიროზე, ჭაობებით გარშემორტყმულ ბორცვებზე ქოხებში ცხოვრობენ ჯერ კიდევ უცნობი ტომები.

ტირენიის ზღვის სანაპიროზე მალე ქალაქთა მთელი ჯაჭვი გაიჭიმა. ეტრურია იშვა იქ, სადაც იმხანად ჭეშმარიტ განძი მოიპოვებოდა: მადნეულის საბადოთა მახლობლად. სპილენძისა და რკინის საბადოებით მდიდარი იყო ტოლფას მთები სამხრეთით და მადნისა ჩრდილო-დასავლეთით. არხის მეორე მხარეს მდებარ კუნძული ელბა კი მდიდარი გახლდათ ლითონით.


ეტრუსკებს სწორედ ამ წიაღისეული იზიდავდა. ისინი თავიდან საბადოთა მეზობლად სახლდებოდნენ. შემდეგ იმ პირველ ქალაქებს აარსებდნენ, რომელთა სახელებიც რომაელთა საბრძოლო მატეანეებში ხშირად მხოლოდ ლათინურადაა შემორჩენილი.

ტიბროსის შესართავიდან 30 კილომეტრის მოშორებით, ბორცვთა მწკრივზე და ცოტა ღრმად, Caera-ს, ეტრუსკულად Cisra - სანაპიროზე მდიდარი მეტროპოლია გაჩნდა. ის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროთა უდიდეს ქალაქებს მიეკუთვნებოდა. მის სამ პორტში - ალსიუმში, პუნიკუმში და პირჟიში საერთაშორისო ვაჭრობა იყო გაჩაღებული. აქ აფრიანი და ნიჩბიანი სატვირთო გემები ჩერდებოდნენ. ისინი მთელი მსოფლიოდან მოემართებოდნენ: ტარტესოსიდან ანუ ვერცხლის ქვეყნიდან, აფრიკიდან, მცირე აზიის სანაპიროებიდან, საბერძნეთიდან. ფინიკიელი და პუნიელი ვაჭრების გვერდით უამრავ ბერძენს ვხედავთ.


უფრო ჩრდილოეთისაკენ, 40 კილომეტრით მოშორებით, მდინარე მარტაზე შეკიდულ ზეგანზე მისი მეზობელი ტარქვინი - ძველი ეტრურიის ლეგენდარული დედაქალაქი ბატონობს. ტარქვინია, როგორც მას რომაელები უწოდებდნენ, დღეს უნიკალური ტურისტული გასართობია. მისი ნეკროპოლის ტუფში გამოკვეთილი დასაკრძალი ოთახები ევროპის უძველეს და უცნობილეს კედლის მხატვრობას იცავენ. 

უფრო ჩრდილო-დასავლეთით, ფიორას ხევის ციცაბო ნაპირებზე აღიმართულია ვულჩი. «პონტე დელლა ბადია»-ს ახლოს მდებარე მხოლოდ ნანგრევები და უამრავი დანგრეული საფლავიღა მოგვაგონებს ქალაქს, რომელიც ბრინჯაოს ინდუსტრიის მსოფლიოში ცნობილი კერა იყო. სწორედ ვულჩში დაიბადა სერვიუს ტულიუსი - მეორე ეტრუსკი მეფე და რომის დიდი რეფორმატორი.

ფოტოზე: ქალაქი ტარქვინია / იტალია

ფოტოზე: ქალაქ ვულჩის ციხე-სიმაგრე / იტალია

ზღვაში ჩამდინარე შიდა ტბის იქით მდებარეობს მძლავრი ვეტლუნა, რომაულად ვეტულონია. მდინარე ბრუნას მეორე მხარეს, გორაკების ჯაჭვში შემალულია მძლავრი რუსელაე, დღევანდელი როსელე. ორივე ქალაქს ელბას სიმაღლეზე ზღვისპირა მაღლობზე მდგარი პუპლუნა, მოგვიანებით პოპულონიას სახელით ცნობილი ქალაქი მოჰყვება. ამ სანაპირო ქალაქთა ჯაჭვს უერთდება ჩეჩინა ველატრი, რომაელთა მიერ ვოლატერაედ წოდებული, დღევანდელი ვოლტერა. როგორც ეტრუსკების დროს, იქ დღესაც ალებასტრს ამუშავებენ. 

VII საუკუნიდან მნიშვნელოვან ქალაქებს ზღვიდან მოშორებით, ქვეყნის სიღრმეშიც ეყრება საფუძველი. მათ შორის ყველაზე დიდები არიან: ტბა ტრანსიმენეს სამხრეთ-დასავლეთით, კიანას ნაპირებზე მდებარე დიდი მეფის - პორსენას მშობლიური ქალაქი კამარსი - ახლანდელი კიუსი, რომელსაც რომაელები კლუსიუმს უწოდებდნენ და ვოლსინი - მოგვიანებით ბოლსენას ტბის ციცაბო ფერდებზე აგებული სამლოცველოთი და სულ სამხრეთით, ტიბროსის ერთ შენაკად ლა კრემერაზე მდებარე ვეი. აპენინების ფერდობერბზე ასევე დაფუძნებული იყო არეტიუმ, კორტუნა, პერუსია – დღევანდელი არეზო, კორტონე, პერუზა, ასევე ორვიეტო, რომლის ეტრუსკული სახელი შემორჩენილი არ არის.

ახალ აგებულ გზათა მთელმა ქსელმა ქვეყანა გადასერა – ეს ევროპაში აგებული პირველი გზების ქსელია, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით რომის დიდი სამხედრო გზები აიგება. ამ დროსევე იგება საპროცესიო გზები, რომლებიც ქალაქების კარიბჭეებიდან ნეკროპოლებისკენ მიემართებიან, ერთმანეთთან აკავშირებდნენ ქალაქებს და პორტებისკენ, სანაპიროებთანაც მიდიოდნენ. არქეოლოგებმა საგულდაგულოდ მოკირწყლული გზების უძველესი კვალი ყველგან ნახეს. ტარქვინიადან აღმოსავლეთისკენ ერთი მნიშვნელოვანი გზა მიემართებოდა, რომელიც მოგვიანებით რომაელთა სახელგანთქმული სამხედრო გზა - ვია კლაუდია გახდა.

ქალაქთა ეს დაარსება მომავალი დიდი ექსპანსიის მხოლოდ დასაწყისია. მათ მოჰყვებიან სხვები, რომლებიც აპენინებამდე და არნომდე მიაღწევენ. ერთი საუკუნის შემდეგ ისინი ეტრურიის გულს დასტოვებენ, რათა პოს ველზე და ადრიატიკის სანაპიროზე გადაინაცვლონ. ეტრურიას მძლავ სახელწიფოდ გახდომა ფაქტიურად ჯერ არ დაუწყია, მისი ოქროს ხანა ჯერ არ დაწყებულა!

ეტრუსკული ტაძარი

სამ კარიბჭეს ქალაქში შევყავართ, რომლის მშვენიერ ქალაქს მოგვიანებით ასევე 3 სალოცავი, რეგიონის პირველი ტაძრები ამშვენებს. ეტრუსკული ტაძარი ორიგინალური ქმნილებაა. ფართო, თითქმის კვადრატული, მძიმე და ჯმუხია, რაც რელიგიური თვალსაზრისითაა განპიროვნებული. ტაძრები ხშირად სამებისადმია მიძღვნილი და ამიტომ მას სამი საკულტო ნიშა აქვს. დორიულის მსგავსი, თუმცა ბაზისებზე მდგარი სვეტები, მხოლოდ ფასადებს ამკობენ. ავგუსტუსის დროის რომის არქიტექტორი ვიტრუვი, რომელსაც ეტრუსკთა სამლოცველოები ტავის თვალით ჰქონდა ნანახი, სწერს: რომ ისინი არიან «მკაცრნი და მასიურნი, გადმოშვერილი სახურავით და ფრონტონით, რომელთაც სოლიდური კოლონები ზიდავენ».

ბერძნებს მსგავსი ტაძრები არასოდეს აუშენებიათ. ეტრურიის ტაძრების ესოდენ არაკლასიკური, თითქმის არქაული სახე, წინა აზიის მოდელებს მოგვაგონებს. ხორსაბადში, ევფრატზე ნაგებ ქალაქში, რომელიც ასურეთის მეფე სარგონ II ეფემერული დედაქალაქი გახლდათ, ძვ. წ. VIII საუკუნით დათარიღებული რელიეფი იპოვნეს, რომელიც ციცაბო ფერდზე მდებარე ურარტუს სამეფოს ტაძარს (სამეფო ბიბლიური არარატის მეზობლად მდებარეობდა) წარმოაგვიდგენს. ურარტული ტაძარი, ეტრუსკულ ტაძარს განსაცვიფრებლად ჰგავს. შენობა მაღალ პოდიუმზე დგას, მის ოთხ სვეტს სამკუთხა ფრონტონი უჭირავს, რომელიც პორტიკს სახურავის მსგავსად ხურავს.

ფოტოზე:
ეტრუსკული ტაძრის რეკონსტრუქცია ვიტრუვის მიხედვით

ფოტოზე: ურარტული ტაძარი, იგივე გარნის ტაძარი, ჩვ.წ. I ს., სასომხეთი
ტაძარი ეტრურიაშიც პოდიუმზე დგას, მასზე მოხვედრა მხოლოდ წინამდებარე კიბის მეშვეობით შეიძლება, მაშინ როდესაც, და ეს დიდი განსხვავებაა, ელადის ტაძრებს ასასვლელი კიბეები ყოველი მხრიდან აქვთ შემოწყობილი. ერთადერთი შესასვლელის არსებობა არქიტექტურასა და დეკორს განსაზღვრავს. ამ თვალსაზრისით, თეატრალური სცენის მსგავსი ეტრუსკული ტაძარი მორწმუნეებს მხოლოს ერთ მხარეს - ფასადს აგებებს.

როგორც პროფ. რაიმონ ბლოში აღნიშნავს, «მთელი სიმძიმე ფასადს აწვება, რაც პერსპექტივის რადიკალური ცვლილების დადგენის საშუალებას გვაძლევს. ბერძენი ხუროთმოძღვარი მონუმენტზე, როგორც მთლიანობაზე ფიქრობდა. იგი განსაკუთრებით არცერთ ფასადს არ უსვამდა ხაზს. ეტრურიაში და მოგვიანებით რომში, მორწმუნეზე თუ მნახველზე ეფექტს ტაძრის საერთო სტრუქტურა და მისი პროპორცია კი არა, არამედ მისი ფრონტალური ნაწილი ახდენს. ეს ნიშანი განსაკუთრებითაა ჩანერგილი იტალიურ არქიტექტურაში, ესაა უშუალოდ დეკორატიული ეფექტის მიღწევა.»

დეკორის ფერთა თამაში და ველური ემოცია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს კლასიკური ელადის ჰარმონიის ძიებასთან, მოგვიანებით ეტრუსკთა ტაძრების საუცხოობას უფრო აძლიერებს. ნატურალური ზომის გამომწვარი თიხის ღმერთთა ფერადი ქანდაკებები და რელიეფური პანელები ფრონტონებს - სახურავის წვერს ამკობენ. დიდად გადმოშვერილი სახურავის ნაპირებს ლოტოსის ყვავილების და პალმეტების მოტივები ამკობენ, კედლებს გასწვრივ ფერადი ფრიზები მიუყვება. მათზე ზღაპრულ ცხოველთა პროცესიებია გამოსახული - ომში ჩაბმული მებრძოლები და ნიმფებს გადახვეული მოცეკვავე სილენები. ანტეფიქსები მენადებისა და მედუზების, გენიების და დემონთა თავებს ზიდავენ, რომლებიც მაღლიდან დაგვყურებენ. ტაძრები შემაძრწუნებელი მითოლოგიური სამყაროს მძაფრი ფერების - წითელი, თეთრი, ცისფერი, ყავისფერი, იისფერი უცნაური სილუეტებითაა დასახლებული. გამოსახულებათა მიმიკა ხშირად მუქარითაა სავსე, მათი დაჟინებული მზერა, კბილების ღრჭიალი და მანჭვა-გრეხა ორგიის ატმოსფეროს აბატონებენ. ტაძრებში უსაზღვრო ფანტაზია, ზღაპრისაკენ მიდრეკილება, მღელვარესა და გროტესკის, შემაძრწუნებლისა და ბურლესკის ნაზავი მეფობს. 

ტაძრის ამ ტიპით ეტრუსკებმა შექმნეს მოდელი, რომელიც მთელს იტალიაში გავრცელდა. რომის პირველი ტაძარი - კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძარი, რომელიც ეტრუსკი ხუროთმოძღვრების მიერაა ნაგები, ამ გეგმას იმეორებს. იგი მდიდრულადაა შემკული და მძაფრად ფერადოვანია. ნახევარ ათასწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, მაშინ, როცა ეტრურიის ძალა და დიდება უკვე გამქრალი იყო, კვლავ აღფრთოვანებას იწვევენ ჯერ კიდევ შემორჩენილი ბოლო მოწმენი ამ დიდებული და მშვენიერი საკრალური არქიტექტურისა. «ღმერთების ყველაზე სახელგანთქმული გამოსახულებები გამომწვარი თიხისგან იყო შექმნილი», წერდა პლინიუს უფროსი ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან ცოტა ხნის შემდეგ და აღფრთოვანებით აგრძელებდა: «მსგავს ქმნილებებს დღესაც ნახულობენ მრავალ ადგილას. თვით რომში და პროვინციულ ქალაქებში ტაძრების ფრონტონებზე ვხედავთ საუცხოო, ნახევრად შემონახულ ქანდაკებებს, რომლებიც მათი ხელოვნებისა და განსაკუთრებული სიმტკიცის გამო, ოქროზე მეტად ფასობენ».

ფოტოზე:
კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძარი, რეკონსტრუქცია, მოდელი
ტაძრების მსგავსად, ოფიციალური ნაგებობები და არისტოკრატიის ვილებიც ინტენსური ფერებითაა მოხატული, შემკულია ორნამენტული ბარელიეფებით და გამომწვარი თიხის ფირფიტებით. ბერძნულ კანონს მათი არქიტექტურაც არ მისდევს. ეს არის სახლის სრულიად ახალი ტიპი, სახელგანთქმული ატრიუმიანი სახლი, რომაული საცხოვრებლის წინაპარი. მნახველს გადახურული და ზევიდან განათებული ვესტიბიული იღებს. მასში მოთავსებულია აუზი, რომელიც წყლით ივსება. მისი გადაკვეთის შემდეგ, ხვდებიან მთავარ ოთახში, რომელშიც კერია და ცეცხლია. ეს ოთახი მარჯვნიდან და მარცხნიდან ორი სხვა ოთახითაა ფლანკირებული. ორქანობიანი სახურავი კოლონებს ეყრდნობა. «საცხოვრებელ ოთახში, წერს დიოდორე სიცილიელი იმპერატორი ავგუსტუსის დროს დაწერილ და ეტრუსკებისადმი მიძღვნილ ნაშრომში, მათ შექმნეს ატრიუმი, რომელიც ბატონებს მსახურებისაგან გამოყოფს ». 

კონსტრუქციის ეს ტიპი, ისევე როგორც სატაძრო ხუროთმოძღვრება, მცირე აზიის თუ სირიის არქიტექტურული ფორმებითაა შთაგონებული. იტალიის მიწაზე ამ ტიპის სახლის შემოქმედთ მოგვიანებით რომაული დასახელება - «ატრიუმ ტუსკანიკუმ» იხსენებს. თვით სიტყვა «ატრიუმი» ეტრუსკულია და სავარაუდოდ ნიშნავს ეზოს ან პორტს. «ჰატრია» ერქვა პოს შესართავთან ეტრუსკების მიერ დაარსებულ ქალაქს. მან მისცა ზღვას, რომლის ნაპირებზეც ის მდებარეობდა თავისი სახელი – ადრია (ადრიატიკის ზღვა).

ფოტოზე:
რომაული ატრიუმულ-პერისტილური სახლი, პომპეი, ძვ.წ. II ს., აქსონომეტრიული ჭრილი
მონარქიული მმართველობა

მონარქიულად მართულია ყოველი ქალაქი - და ესაც სიახლეა დასავლეთ ევროპისათვის. მმართველ ფენას არისტოკრატული ოჯახები შეადგენდნენ. უმაღლესი პოლიტიკური და რელიგიური ავტორიტეტია მეფე-ქურუმი (მღვდელმთავრი). ის თავის თავში ანსხეულებს უმაღლეს მსაჯულს, მხედართმთავარს და ქურუმს. მისი თანამდებობა, როგორც ჩანს, მემკვიდრეობითი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით მმართველობის ვადა ერთი წლით შემოფარგლა. ყველაზე პატივცემულ და უძველეს ოჯახთა წრეში ირჩევდნენ მონარქს – ეტრუსკულად «ლაუხმ», «ლუკუმო» - როგორც მას ლათინური ტექსტები აღწერენ.
სუვერენის საჯარო გამოჩენისას და დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას ტარდება დიდებული ცერემონია ნიშნად მისი უდიდებულესობისა და ძალაუფლებისა. ეტრუსკებმა, ჰყვება დიოდორე სიცილიელი, «გააძლიერეს დიდება, რაც მათ უმაღლეს მმართველებს გამოარჩევს». მათ დასავლეთს მოუტანეს ძველი აღმოსავლეთის სამყაროს უმაღლესი ძალაუფლების ინსიგნიები, რომელბსაც რომი გადაიღებს და მოგვიანებით მთელს ევროპაში გავრცელდება: ოქროს დიადემა და კვერთხი, პორფირის მოსასხამი - ტოგა პალმატა და სპილოს ძვლის ტახტი - სელა კურულის.

ფოტოზე: ეტრუსკული დიადემა კანოსას სამარხიდან, ძვ.წ. III ს. ოქრო, ლუვრი/საფრანგეთი

ფოტოზე: ტოგათი მოსილი ცეზარი აუგუსტუს პონტიუს მაქსიმუსი (ძვ.წ. 63 წ. – ჩვ.წ. 14 წ.), პორფირის მოსასხამი - ტოგა პალმატა
ეტრურიაში, ისევე როგორც მოგვიანებით რომში, მთვარე და მისი ფაზები საერთოდ კალენდარს და დღესასწაულთა კალენდარს აწესრიგებენ და ასევე მეფის ოფიციალურ ქმედებას განსაზღვრავს. საზეიმო სხდომა 8 დღეში ერთხელ ეწყობა. ეს დღე, ამავე დროს ბაზრობის დღეცაა. თავისი რეზიდენციის წინ, მეფე მნახველებს იღებს და განაჩენი გამოაქვს. გადაადგილებისას, მას წინ უძღოდნენ მსახურნი, რომელთაც ხელთ ეპყრათ «ფასცები» - წკეპლათა კონა, რომელშიც ორმაგი ცული იყო ჩადგმული. ორმაგი ცული როგორც წმინდა სიმბოლო ცნობილი გახლდათ კრეტელებისთვისაც. ლიქტორის კონა კი წმინდა ეტრუსკული წარმოშობისაა. იმპერიული ხანის ავტორები, მაგალითად სილიუს იტალიკუსი და ფლორუსი, ეტრუსკებს «ფასცების» შემოღებას მიაწერენ. პირველი კი «ფასცების» გამოგონების ადგილად ვეტულონიას ასახელებს. ამ უკანასკნელი განცხადების დასადასტურებლად ჩვ. წ. VII საუკუნის ნაშთთა აღმოჩენაა საჭირო.

1893 წელს, ვეტულონიას ნეკროპოლზე ჩატარებული გათხრების შედეგად, ნაპოვნი იქნა წკეპლათა კონა, რომელშიც ორპირა ცული იყო ჩადგმული. იმავე ადგილას, შემთხვევით, ეტრუსკი მეომრის სტელა იპოვნეს, მასზე მეომარს ხელში ორმაგი ცული უჭირავს. წარწერის თანახმად, მეომარს ავლე ფელუსკე ერქვა. ეს გამოსახულება ძვ.წ. VII საუკუნით დათარიღდა. დაასკვნეს, რომ ორმაგი ცული იმ დროს საბრძოლო იარაღი იყო, ხოლო იგივე წკეპლების კონასთან ერთად მეფის საკულტო და აღლუმის ინსტრუმენტი.

მოგვიანებით რომში, რომელმაც ეტრუსკებისგან ლიქტორის კონა გადაიღო, მისი სიმბოლო პოლიტიკურ და რელიგიურ ძალაუფლებას - «იმპერიუმს» შეესაბამებოდა. მუსოლინმა ხელახლა აიღო ეს ძველი ეტრუსკული სიმბოლო და XX საუკუნეში მას ახალი საეჭვო პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა. მან ფასცები - «fasces», საიდანაც ფაშისტების სახელი წარმოსდგება, თავის შავპერანგიანთა ნიშნად შეარჩია.

ფოტოზე: სპილოს ძვლის ტახტი - «სელა კურულის»

ფოტოზე:
ვეტულონიაში ნაპოვნი ეტრუსკული ფასცების მინიატურული მოდელი
სამოსი და ფეხსაცმელი

რადიკალურად შეიცვალა სამოსი. ახალი, უცხო და ფერადოვნებით გამორჩეული მოდა გამოჩნდა. ელეგანტურად ჩაცმულნი, ყურადღებით დავარცხნილნი, ძვირფასი სამკაულებით მორთულნი არიან დიდგვაროვანთა ოჯახის წევრი ქალები. მათ ვიწრო, თეძოზე ქამარშემოჭერილი იატაკის სიგრძე კაბები და მუხლამდე გრძელი მოსასხამი აცვიათ. ფაქიზი ქსოვილი იმდროინდელი ელეგანტური სამყაროს მომმარაგებელი მილეთიდანაა ჩამოტანილი და დიდებულად შეხამებული ფერებში ანათებს. მას ნაპირების გასწვრივ ხშირად ნაქარგობა მისდევს. დიდგვაროვან ქალს თმები უკან ერთად აქვს შეკრული, გარდა 8 ნაწნავისა, რომლებიც მკერდზე ეცემა. თავზე მრგვალი ან წაწვეტებული თავსაბურავი – ე.წ. ტუტულუსი ახურავს. მსგავს თავსაბურავებს ასეულობით წლების წინ მცირე აზიაში ხეთი ქალბატონები ატარებდნენ. 

მამაკაცები ზემოდან მუხლებამდე გრძელ და წელში ქამარშემოჭერილ ტუნიკას ატარებდნენ, მხრებზე კი მოსასხამს - სახელგანთქმულ ტებენნას იგდებდნენ. ეს ტიპიურად ეტრუსკული სამოსი მოგვიანებით მსოფლიოში ცნობილი გახდება, იგი რომაული ტოგას წინაპარია. 

მრავალფეროვნებით გამოირჩევა ფეხსაცმელი, რომელსაც ბერძნები არ სცნობდნენ და ხშირად ფეხშიშველა დადიოდნენ. ამით ეტრუსკებმა ხმელთაშუა ზღვის სხვა ხალხებისათვის უცნობ ფუფუნებას მიაღწიეს. ტუსკული ფეხსაცმლის ფაბრიკების კოლექციებში არაფერი აკლია მოოქროვილ თამასებიანი მსუბუქი სანდლებით დაწყებული ყოველდღიური მოხმარების ზონრიანი ჩექმებით და სადღესასწაულო ფეხსაცმელით დამთავრებული. თვით წვიმიან ამინდში ფეხსაცმლის ზემოდან ჩასაცვამი ფეხსაცმელიცაა შიგ, რომელიც გარედან უთხელესი ბრინჯაოთაა დაფარული. თუმცა ყველაზე მოდური ფეხსაცმელი ცხვირაწეული ფეხსაცმელია. ისინი ხეთურ ფეხსაცმელებს მოგვაგონებენ.

ფოტოზე: ეტრუსკული ფეხსაცმელი

ფოტოზე: პროლატორის ფრესკა აუგურების სამარხიდან, ტარქვინია
ახლადდაარსებულ ქალაქებში საქმიანი ატმოსფერო სჩქეფს. ქუჩებს და მოედნებს ხმაური მოიცავს. ვაჭარები თავის დახლებში ადგილობრივი და უცხო წარმოების უმარავ საქონელს გვთავაზობენ. კაერედან (ახლანდელი ჩერვეტერა) – ბერძენი და ფინიკიელი ვაჭრების თავშეყრის ადგილიდან ქვეყანაში მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის იმპორტი მოედინება. სპილოს ძვალი, სკარაბეები და სირაქლემას კვერცხები აფრიკიდან, საკმეველი არაბეთიდან, დიდი ქვაბები ანატოლიიდან, წითელი თიხის ჭურჭელში ჩასხმული ზეთი ათენიდან, პარფიუმერია, კერამიკა და ცხოველებით შემკული ნაზი ვაზები კორინთიდან, რელიეფურად დამუშავებული ოქროსა და ვერცხლის საქონელი ფინიკიიდან, ოქროს სამკაული როდოსიდან და აღმოსავლეთიდან.

სწრაფად ვითარდება ადგილობრივი ეკონომიკა. ახლადგახსნილი საწარმოები მუშაობენ პრიმიტიული თვითმომარაგების სისტემაზე (ავტარქია) დაფუძნებული ადგილობრივი ნაწარმის განდევნას. მრავალი სახელოსნო და საწარმო მუშაობს საკუთარი საჭიროების და საექსპორტო საგნების დასამზადებლად.

ყველა სახის თიხის ჭურჭელთან ერთად კერამიკის სახელოსნოებში მზადდება უცხოური მოდელების ასლებიც – საოცარი, მუქ შავ ფერში მოელვარე ტიპიური ეტრუსკული კერამიკა - ბუკერო. ამაში მონაწილეობას უცხოელი ექსპერტებიც იღებდნენ. ნიჭიერი ბერძენი კერამიკის ოსტატების ხელმძღვანელობით იქმნება «ცერეტანული ჰიდრიები», დიდი, ცხოველთა გამოსახულებებით შემკული დოქები. ტარქვინიაში დაფუძნდა დემარატოს კორინთელი, რომელმაც სამშობლოდან თან ხელოვანნი ჩამოიყვანა.

ამიერიდან ძლიერი გეომეტრიული სტილი წარსულის საკუთრებაა. მოდაშია მცენარეული ორნამენტები, ცხოველები და ზღაპრული არსებები ანატოლიიდან, შუამდინარეთიდან და ეგვიპტედან. როგორც ბერძნების, ისე ეტრუსკების გემოვნებაზე გავლენას ახდენენ მცირე აზიის იონური ქალაქებიდან წამოსული მოტივები და აღმოსავლეთის ნიმუშები.

კვამლი ასდის ჩამოსასხმელ სახელოსნოებს, რომლებიც ბრინჯაოს ჭურჭელსა და ყველა სახის ხელსაწყობს აწარმოებენ. აქვე ასხამენ სარკეებს, ციზელირებულ ჭურჭელს და ქილებს. მკვეთრად ჟღერს ბრინჯაოს ფირფიტებზე ჩაქუჩის დარტყმის ხმა ავეჯისა და ეტლების მორთულობის დამზადებისას. ჯადოსნურს უტოლდება ის სამკაული, რაც ოქრომჭედელთა სახელოსნოებში იქმნება – პირველ რიგში სამკაული, რომელიც გრანულაციის და ფილიგრანული ტექნიკებითაა შემკული. ისინი, როგორც სპილოს ძვლის მთლელთა და ვერცხლის დამმუშავებელთა ნამუშევრები, სილამაზით და შესრულების უნარით ახლო აღმოსავლეთში დამზადებულ სამკაულს ტოლს არ უდებენ. ამასთან ოქრომჭედელთა სახელოსნოებს საკმაოდ ხშირად მკურნალნი და მათი პაციენტებიც სტუმრობენ. ეტრუსკები ხომ კბილის ტექნიკის ოსტატნიც იყვნენ. ვეტულონიაში და სხვა ადგილებშიც სამარხებში ნაპოვნია ხელოვნური კბილები, ოქროს ხიდები მორყეული კბილების მწკრივის გასამაგრებლად და მთელი ყბის პროტეზები.

ფოტოზე: ცერეტანული ჰიდრია: ჰერაკლე და ბუსირისი, ძვ.წ. 510 წ., თიხა, სიმაღლე 45,5 სმ., დიამეტრი 39,8 სმ.

ფოტოზე: ეტრუსკული საყურე, ძვ.წ. 400-300 წწ., ოქრო, 14.2 x 6.4 სმ., ლონდონის ბრიტანული მუზეუმი
მუსიკალური ინსტრუმენტები

მუსიკა ეტრურიაში, როგორც იშვიათად სხვა რომელიმე ხალხში, მთელი ცხოვრების მომცველ როლს თამაშობდა - დასვენებისა და სამუშაო დღეებში, საკულტო ცერემონიებში, სპორტული შეჯიბრებების დროს, ყოველდღიური მუშაობისას და თვით ციხეში ყოფნის პერიოდში. როგორც დიოდორე სიცილიელს მოწმობს, ეტრუსკებმა მოიგონეს «საბრძოლო ბუკი, რომელსაც ტირენულს უწოდებდნენ». ბრძოლაში მიმავალ ეტრუსკულ ჯარს მისი მკაფიო ხმა მიაცილებდა. მას აგრეთვე შეიძლება ჰქონოდა სხვა, ბევრად უფრო ტრაგიკული მნიშვნელობა. ამ ბუკით ღმერთებიც სარგებლობდნენ, რათა ადამიანებისთვის თავისი ურყევი ნება ეცნობებინათ. ერთ დღესაც ზეციდან მომავალი მისი მკაფიო ხმა ეტრუსკი ხალხის ისტორიის ერთი მონაკვეთის დასასრულს და ახალი საუკუნის დასაწყისის უტყუარ ნიშანს აღნიშნავდა.

ეტრუსკებისგან შეთვისებული ეს ბუკი, რომაულ ლეგიონებს საუკუნეების განმავლობაში დაპყრობით ლაშქრობებში ახლდა თან. ამას გარდა, ეტრურიაში არსებობდა სანადირო ბუკის მსგავსი საკმაოდ მოკლე და ოდნავ მოღუნული (რქა) ბუკი და გაცილებით უფრო გრძელი მოღუნული (რქა) საყვირი. სიმებიანი ინსტრუმენტები წარმოდგენილი იყო შვიდსიმიანი კითარით - ქნარით, რომელზედაც ჯერ კიდევ მეფე დავითი უკრავდა. სათამაშოდ და საცეკვაოდ კასტანიეტებს ატკაცუნებდნენ. თუმცა ეტრუსკებში ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი ფლეიტა გახლდათ. «ეტრუსკები ფლეიტის თანხლებით მისდევენ კრივს, ზელავენ ცომს, არჯულებენ თავის მონებს...» - წერს არისტოტელე. ისინი იცნობდნენ ფლეიტის ყველა სახეობას: მარტივ ფლეიტას, ორმაგ ფლეიტას, კლარნეტსა და ჰობოის. ფლეიტა არაა ეტრუსკთა გამოგონება. იგი მოდის მცირე აზიიდან, სადაც ის მუდამ დიდ როლს თამაშობდა. ეტრუსკები იმდენად სრულყოფილად დაეუფლნენ მას, რომ მათ სახელი მთელს მსოფლიოში გაითქვეს. მოგივიანებით რომაელები თავის სუბულონესებს ეტრურიიდან ჩამოიყვანენ, რომლებიც რომაელთა მსხვერპლთშეწირვის დღესასწაულებს ფლეიტის დაკვრით ხსნიან. და მაშინაც კი, როცა უკვე ეტრუსკული ერი დიდი ხნის გამქრალი იყო, ცნობილი იყო ეტრუსკული ფლეიტის ჰანგების მიმზიდველი ძალის შესახებ.

ფოტოზე: მუსიკოსი (აულოსის დამკვრელი), ეტრუსკული თასი ვულჩის სამარხიდან, დაახლ. ძვ. წ. 490 წ., ლუვრი/საფრანგეთი

ელიან სოფისტი (კლავდიუს ელიანი, ჩვ. წ. III ს.), თავის თხზულებაში - «ცხოველთა ბუნებაზე» («De natura animalum»), წერს: «ეტრუსკები ჰყვებიან, რომ ისინი ტახებსა და ირმებს იჭერენ არა მხოლოდ ბადით და ძაღლებით, როგორც ჩვეულებრივ ნადირობის წესია, არამედ მუსიკის თანხლებითაც. აი როგორ. ისინი ბადეებითა და ხაფანგებით ნადირს ირგვლივ მახეს უგებენ. შემდეგ ნიჭიერი ფლეიტისტი მოდის და ორმაგ ფლეიტაზე ყველაზე წარმტაც მელოდიებს უკრავს. მხეცები თავიდან კრთებიან,  შემდეგ კი მათ მუსიკის ბგერათა ხიბლი იპყრობს - მოჯადოებულივით უახლოვდებიან მუსიკოსს და მონადირეთა მიერ დაგებულ მახეში ებმებიან». 

ნახევარკუნძულის სამხრეთში, ისევე როგორც ჩექმის ბოლოში და სიცილიაში ძვ.წ. VIII საუკუნიდან მოსული ბერძნების მიერ დაარსებული ქალაქები გაჩნდა. პროფ. ალფრედ ჰოისი წერს: «თითქმის ყველა მათგანი სანაპიროზე მდებარეობდა და დაკავებული ჰქონდათ მხოლოდ საკვების მომარაგებისათვის აუცილებელი ტერიტორია, თუმცა ზღვა და საზღვაო ვაჭრობა მათთვის უპირველესი იყო.. მათ შორის არანაირი ორგანიზატორული კავშირი არ არსებობდა, რადგან მათ ქვეყნის შიდა ნაწილის დაპყრობის სურვილი არ გააჩნდათ. ექსპანსია მათთვის მხოლოდ იგივე ტიპის ქალაქის დაარსებას ნიშნავდა. სხვათა შორის, ადგილობრივთა მხრიდან ბერძნებს არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდებოდათ და ბერძნებიც მათ ყურადღებას არ აქცევდნენ.  ავტოქტონებზე ბერძნების გავლენა მშვიდობიანი ვაჭრობის გზით ხორციელდებოდა, რისი შედეგიც დასაწყისში ბრწყინვალე სულაც არ ყოფილა. ბერძენთა და ავტოქტონთა ცხოვრების წესი მეტისმეტად განსხვავებული გახლდათ.» 

სრულებით სხვაგვარი ევოლუცია განიცადა ცენტრალურმა იტალიამ. ამ პროცესში ჩათრეული იყო მთელი ქვეყანა და მისი მოსახლეობა. ეტრუსკებმა, რომელთა რაოდენობა ბერძენთა რიცხვს ოდნავ აღემატებოდა, ქვეყანაში ღმად შეაღწიეს. მკვიდრი მოსახლეობა საკუთარი ნებით გაეხსნა ამ სავსებით უცხო კულტურას, რომელიც ზედაპირული არ დარჩა და ღრმა კვალი დაატყო მას. რადგან იტალიკებმა ეტრუსკებისგან არა მარტო ქალაქებში ცხოვრება ისწავლეს, არამედ მათი ენა და დამწერლობაც შეისწავლეს. მათ თავისი წვლილის შეიტანეს უცხოელთა მიერ მოტანილ ამ უზარმაზარ პროგრესში მაშინ, როცა აპენინის ნახევარკუნძულის დანარჩენი ნაწილის ხალხები და ტომები პრიმიტიული ცხოვრებით ცხოვრებას კვლავ შეუცვლელად განაგრძნობდნენ. 


ეტრუსკ ექსპერტთა ხელმძღვანელობით ცენტრალური იტალია გადაიქცა სამაგალითო ქვეყნის მოდელად მაღალგანვითარებული სოფლის მეურნეობით. რომის გლეხობას მსგავსი არაფერი შეუქმნია. ინდო-გერმანელ ლათინთა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო და დარჩა პრიმიტიულ დონეზე. ამ სფეროებში მსოფლიო ინდო-გერმანელ ლათინებისაგან არაფრითაა დავალებული.

საპირისპიროდ, რაოდენი დახმარება გასწიეს განვითარებისათვის ახალმა ბატონებმა იტალიის გულში! მათ მიწის მელიორაციის და ახალი ტერიტორიების მოპოვების დიდი ექსპერიმენტული პროგრამა წამოიწყეს, როგორიც ბერძნებს აზრადაც არ მოსვლიათ. ეტრუსკთა წყალობით ქვეყანა ჰყვავის. მათ მოსახლეობისთვის საჭირო ყველანაირი ხილის და საკვების უხვად მოყვანა დაიწყეს. ამ საკვირველი წარმატების საიდუმლო ეტრუსკ აგრონომთა დიდ ცოდნასა და გამოცდილებაში მდგომარეობდა. ისინი ათასწლოვანი გამოცდილებით აღჭურვილი ჭეშმარიტი ინჟინერ-აგრონომები იყვნენ. 

არ არსებობს ძველ აღმოსავლეთში უკვე გამოცდილი ტექნიკა, რომელსაც ეტრუსკები არ ჰფლობენ და რომელიც ევროპულ ნიადაგზე პირველად და წარმატებით არ გამოიყენეს. მათ ხელთაა ეგვიპტედან და შუამდინარეთამდე არსებული ყველა ხალხის მიერ საუკუნეთა მანძილზე დაგროვებული აგრონომიული ცოდნა და გამოცდილება. ისინი ისეთ დამბათა და არხთა მოწყობის ტექნიკას ჰფლობდნენ, რითაც ბაბილონელებმა ოდესღაც ევფრატის უდაბური სანაპიროები მორწყეს და ისინი სამოთხისდარ ნაყოფიერ ქვეყნად აქციეს. ეტრუსკები იცნობენ ძველ, ფინიკიელთა მიერ განვითარებულ დრენაჟების, მიწების დაშრობის და სამელიორაციო ხელოვნებას, ასევე მიწისქვეშა არხების მეშვეობით შორს გატოტვილი, მიწისქვეშა მილების სისტემას. მათ შეუძლიათ მთების სიღრმეში გვირაბებისა და დერეფნების გათხრაც, როგორც ამას ბიბლიურ მეფეთა ბრძანებით წმინდა ქვეყანაში ჰქონდა ადგილი.

როცა ერთ დღეს ეტრუსკები რომმა დაიპყრო, გამარჯვებულმა რომმა მსგავსი რთული ტექნიკური ნაგებობებისათვის ისევ ეტრუსკ ექსპერტებს უხმო. გვიანდელი დროის ზოგიერთი საინჟინრო ხელოვნების ქმნილება დღესაც ანცვიფრებს მნახველს. ერთ-ერთი გენიალური პროექტი ანსიდონიას მახლობლად მდებარეობს. ორტებელოს ყურეზე გაბატონებულ სიმაღლეზე, ძვ. წ. 273 წელს დაარსებული რომაული კოლონიის - კოზას ნანგრევებია აღმართული. ამ იმპოზანტური შენობიდან, მხოლოდ ეტრუსკ არქიტექტორთა მიერ ნაგები მშრალად ნაწყობი ციკლოპური კედელი დარჩა. მისი ბლოკების სიმაღლე ზოგგან 12 მეტრს აღწევს. იქ ასევე ძველი კარიბჭეები და კოშკები შეიცნობა. თუმცა ნამდვილი შედევრი ბორცვის ძირშია. ესაა ციცაბო ფერდის ძირში ეტრუსკ არქიტექტორთა მიერ სანაპირო დინებათა რეგულარიზაციის მიზნით შექმნილი სახელგანთქმული «ტაგლიატა ეტრუსკა». ამ არხს მივყავართ ქვეყნის შიგნით ბურანოს ტბისაკენ. იგი აგებულია იმისათვის, რომ ეს მიწა ჭაობად არ ქცეულიყო. თუმცა როგორც წარმოსადგენი იყო, მას დროთა მანძილზე ქვიშით გაჭედვა ემუქრებოდა, ამიტომ არხი კლდემდე გაიყვანეს, კლდეში კი გვირაბი გაჭრეს და ზღვაში ჩადინებამდე დამცავად კლდის ქიმიდან მძლავრი ბარიერი გამოსჭრეს. მასში კი ორი სხვა გვირაბიც გაიყვანეს. ამ უაღრესად მახვილგონივრული კონსტრუქციით მიღწეულ იქნა დინების და საწინააღმდეგო დინების მონაცვლეობით მოქმედება, რის გამოც არხი სილით არასოდეს ამოვსებულა. «ტაგლიატა ეტრუსკა» დღესაც, აგებიდან 2200 წლის შემდეგაც შესანიშნავად ასრულებს თავის როლს.

ფოტოზე: კოზას კაპიტოლიუმის ნაშთები

ფოტოზე:
«ტაგლიატა ეტრუსკა»
ცოტა ხნის წინ სხვა შთამბეჭდავი არხის სისტემის ნახვა შეიძლებოდა პორტო-სან-კლემენტინოს მახლობლად, ყოფილ რომაულ კოლონია გრავისკაში. ის შესდგებოდა დიდი ქვებით ნაგები კამარისაგან, რომელიც 10 მეტრის სიმაღლეზე ხელოვნურ არხს ხურავდა. სამწუხაროდ, ეს კონსტრუქცია მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა.

ეტრუსკ ჰიდრავლიკის სპეციალისტთა გენიალურ ხელს ასევე რომის ახლოს არსებული ნემის ტბის დასაშრობი კონსტრუქცია გვიჩვენებს. წარსულში მრავალჯერ ამაოდ სცადეს იქ ჩაძირული ორი რომაული საზეიმო გემის ამოღება. ეს მხოლოდ 1928 წელსღა მოხერხდა, როცა იქ აღმოჩენილი ძველი ეტრუსკული არხის გამოყენებით ტბა ამოაშრეს...

რომაელი ავტორები, მათ შორის ვარონი და პლინიუსი ხშირად ახსენებენ ეტრუსკთა ბარაქიან მოსავალს. დიოდორე სიცილიელიც აღნიშნავს, რომ «ისინი ცხოვრობენ უაღრესად ნაყოფიერ და უხვ ქვეყანაში, რომელიც კარგი დამუშავებისას იძლევა ყველაფერს, რაც სიამოვნებისა და ფუფუნებისათვის არა მხოლოდ აუცილებელია, არამედ ჭარბიცაა». არცერთი მოკვდავი არ არ ახსენებს იმას, რომ ესოდენ უხვი მოსავალი ეტრუსკული აგრონომიის წყალობით მიიღწეოდა. და თვით დღესაც კი მკვლევართა არცერთი ჯგუფი ამ თემით დაინტერესებული არაა. მხოლოდ შემთხვევით, გაკვრით თუა სადმე მითითებული.

«ეტრუსკული კავშირის ეკონომიკის ისტორია ჯერ კიდევ დაუწერელი ფურცელია» - აღნიშნავს ისტორიკოსი მ. როსტოვცევი სამართლიანად. «ამასთან», სწერს გერმანელი ეტრუსკოლოგი ოტო ვილჰელმ ფონ ვაკანო - «ზედაპირული დაკვირვებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ იმ ეპოქაში ტოსკანის მოსახლეობის მჭიდროდ დასახლება ასეთი კონსტრუქციების გარეშე შესაძლებელი არ იქნებოდა.»

ჭაობები ამოშრობილი იქნა მდინარეთა გასწვრივ, ხეობათა სიღრმეში, ველებზე და განსაკუთრებით ზღვის მახლობლად, მაშინ, როცა მანამდე მეტად მშრალი შიდა რეგიონები და მთისწინეთი მოსავლის მოსაყვანად პირიქით, სარწყავი სისტემებით შეივსო. 

«ტრუსკები იყვნენ პირველნი», სწერს იტალიელი პროფესორი მარიო ლოპეს პეგნა, «ვინც მიწის კულტივირების პრობლემით დაინტერესდნენ და ის ტექნიკური ოპერაციაების მთელი სერიით გადაწყვიტეს, რაც თავისი სრულყოფილი ორგანიზაციით დღესაც გაოცებას იწვევს.» საამისოდ ეტრუსკები ჰიდრავლიკის და აგრონომიის მცოდნეებს სპეციალურად შექმნილ სკოლებში ამზადებდნენ. საირიგაციო სისტემების შტოები მთელს ეტრურიასა და ლაციუმს მოედო. არხთა ეს რთული და მხატვრულად გაყვანილი სისტემა ჭარბ წყალს იკრებდა, რათა ის იქითკენ მიემართა, სადაც ის სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის იყო საჭირო. ზედმეტი, უხმარი წყალი დიდი კოლექტორების მეშვეობით ზღვაში იღვრებოდა. რომაელელებმა გადაიღეს და სრულყვეს მდინარეთა წყლების შეგროვებისა და ჩრდილოეთ აფრიკული ღამის ნალექების შეკრების ეს ეტრუსკული ტექნიკა. ეტრუსკებმა მაშინ უკვე განავითარეს «დრუ-ფერმინგ»-ის - ამერიკული მიწის დამუშავების სისტემის განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც მარემმეს ბორცვთა მშრალ ნიადაგზე გამოიყენეს.

მარემმეში დღესაც ნახულობენ იმ კონსტრუქციების ბოლო ნაშთებს, რომელთა მეშვეობითაც ეტრუსკები ნალექებს იყენებდნენ. ძირითადაც ზამთარში მოსულ წვიმის წყალს აგროვებენ და აგუბებდნენ, რომ მისით ზაფხულის ცხელ თვეებში, მაშინ, როცა ხილი და მოსავალი დამწიფებას იწყებს, ველ-მინდორი მოერწყათ. ლოპეს პეგნა ამ კონსტრუქციებს ასე აღწერს: «საუკეთესო ადგილის შერჩევისას გლეხები ერთ ან ორ ხელოვნურ ტბას აკეთებდნენ. ტბების ფსკერსა და ვერტიკალურ კედლებს ისინი თიხით ფარავენ, რომელსაც ცოტაოდენ კირს ურევენ, რაც თითქმის სრულიად წყალგაუმტარ ფენას იძლევა. სხვადასხვა სიმაღლეზე ხვრელებია გაკეთებული, საიდანაც გამომწვარი თიხის მილები ვენახისკენ მიდიან. ამ მეთოდს, რომელიც დღეს მოდაში კვლავ შემოდის, ტოსკანის ზოგ რეგიონში შესანიშნავი შედეგები მოჰქონდა.»
ძვ. წ. VII საუკუნის სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები ნაპოვნია მარემეში, არნოსა და კიანას ხეობებში - იმ ადგილებში, რომლებიც თავის, ანტიკური ხანის მწერლების მიერ ასე ხშირად ნაქებ ნაყოფიერებას მხოლოდ ეტრუსკ აგრონომების მეცნიერულ შესაძლებლობებს უმადლლიან. მტრული ბუნებისათვის გამოტაცებულ და შემდეგ როგორც დაშრობით, ისე მორწყვით განაყოფიერებულ მიწებზე საოცრად განვითარდა სოფლის მეურნეობა, მებაღეობა და მესაქონლეობა.

ძვ. წ. VII საუკუნის სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები ნაპოვნია მარემეში, არნოსა და კიანას ხეობებში - იმ ადგილებში, რომლებიც თავის, ანტიკური ხანის მწერლების მიერ ასე ხშირად ნაქებ ნაყოფიერებას მხოლოდ ეტრუსკ აგრონომების მეცნიერულ შესაძლებლობებს უმადლლიან. მტრული ბუნებისათვის გამოტაცებულ და შემდეგ როგორც დაშრობით, ისე მორწყვით განაყოფიერებულ მიწებზე საოცრად განვითარდა სოფლის მეურნეობა, მებაღეობა და მესაქონლეობა.

დაიწყო ვენახთა გაშენება - სფერო, რომელმაც ტოსკანას სახელი მოუხვეჭა. კიანტის მიდამოების სამარხებში ნაპოვნი ყურძნის მარცვლები მოწმობენ, რომ იტალიაში ღვინის კულტურა აღმოსავლეთიდან სწორედ ეტრუსკებმა შეიტანეს და დაამკვიდრეს, საიდანაც ის მხოლოდ სამი-მეოთხედი ათასწლეულის შემდეგ რომაელთა წყალობით გალიაში და გერმანიაში მოხვდა. მანამდე ეტრუსკული ვაზი მცირე სიმაღლის ხეებად იზრდებოდა. როგორც პლინიუსი ჰყვება, ეტრუსკებმა პაპულონიაში იუპიტერის ქანდაკება ვაზისგან გამოთალეს. 

ეტრურიის მოსავალი იმდენად მდიდარი იყო, რომ დიდი რაოდენობის მარცვლეულთან ერთად სხვა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის – სელის, ღვინოს და ყველის ექსპორტიც ხდებოდა. ჯერ კიდევ რომის ბატონობის ხანაში იყო გავრცელებული ეტრუსკული ცხვრის ყველი «პეკორინო». ასევე სახელგანთქმული იყო ლუნიში დამზადებული უზარმაზარი ყველი, რომლის წონა ხანდახან 327 კილოს აღწევდა! მარციალის (რომაელი პოეტი მარკუს ვალერიუს მარციალის) თქმით, ასეთი ყველის ერთი თავი საკმარისი იყო ათასი მონის დასაპურებლად. 

ეტრუსკები ცნობილნი მეცხოველეობითაც იყვნენ; საჯინიბოებში გამოჰყავდათ ცხენების ჯიში, რომელიც ძარღვიანი კიდურებითა და თხელი თავით ძალიან ჰგავდა დღევანდელ წმინდა სისხლის არაბულ ბედაურებს. მათ სწვრთნიდნენ ჯირითისათვის და აბამდნენ ორთვალა ბიგებში რბოლებში მონაწილეობისათვის. ტოსკანას საძოვრებზე დღესაც შეხვდებით საოცარ, მაღალი ტანის ფართორქებიან მოვერცხლისფრო პირუტყვს. ისინი თავდაპირველად მცირე აზიის ბინადარნი იყვნენ. ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ ისინიც ეტრუსკული პერიოდის დროს იქნენ იმპორტირებულნი.

მეცხვარეობასთან ერთად ეტრუსკთა სოფლური ცხოვრების ყოველდღიურ პეიზაჟს ღორთა უზარმაზარი ღორის კოლტებიც შეადგენდნენ. როგორც ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიუსი ხაზგასმით აღნიშნავს, ღორებს სწვრთნიდნენ იმისათვის, რომ მწყემსთა ბუკის ხმას გაჰყოლოდნენ.

ტექნიკა, რომელიც ეტრურიაში მიწათმოქმედების საშუალებას იძლეოდა, ქალაქებისთვისაც სასარგებლო იყო. წყალსადენის სისტემა ყოველ ქალაქს გააჩნდა. მოსახლეობას სუფთა წყალს შადრევნები და გამომწვარი თიხის წყალსადენები აწვდიდნენ. ჭებს ღრმად თხრიდნენ, რომ პატარა მდინარეებს ქალაქებამდე გაეყვანათ ან მიწის სიღრმისათვის ტენის მოეცილათ და დაგუბებული წყლის ნაკადისათვის გზა მიეცათ. ბევრმა ასეთმა ჰიდრავლიკურმა კონსტრუქციამ, რომელიც მიწისქვეშეთში ლაბირინთივით იყო განტოტვილი, ორნახევარ ათასწლეულს გაუძლო. მათ პოულობენ ყველგან, სადაც კი ეტრუსკთა ქალაქები არსებობდა.

პროფესორი ფონ ვაკანო გვამცნობს - «საუბარია თაღიან გვირაბებზე, რომელთა სიმაღლე ადამიანის სიმაღლეს არ აღწევს. ისინი ერთმანეთს ჰკვეთენ და უფრო ქვევით მდებარე იგივე სისტემებს ზოგჯერ ციცაბო ღარებით უკავშირდებიან. ასეთ მეტ-ნაკლებად დანგრეულ გვირაბებს პოულობენ ბევრი ქალაქის ძველი უბნების ქვეშ. მომდევნო ხანებში - რომაულ ეხანაში, შუა საუკუნეებში და თანამედროვე ეპოქის გათხრების შედეგად ისინი ხშირად განახლებული და შეცვლილია იმდენად, რომ მათი თავდაპრველი მდგომარეობის დადგენა უკვე თითქმის შეუძლებელია.»

ეტრუსკული კონსტრუქციები ვერ შეედრებიან რომაელთა მიერ გაცილებით გვიან ნაგებ და ასე განთქმულ წყლის მიწოდების სისტემებს. წარმოუდგენელი შრომითა და მასალით აგებული უზარმაზარ თაღნარებზე მდგარი აკვედუკები, რომლებიც ქვეყანას სერავდნენ, აღაფრთოვანებდნენ მთელ სამყაროს და დღესაც გაკვირვებას იწვევენ. ეტრუსკთა მიერ მოგონილი ბევრად უფრო რთული მიწისქვეშა სისტემები, რომლებიც მათ ქალაქებს სასმელი წყლით ამარაგებდნენ, დაინგრნენ და სრულ დავიწყებას მიეცნენ.

ფოტოზე:
აკვედუკი ტარქვინიაში
ეტრუსკი ექსპერტების ინიციატივით დასავლეთის ერთ ქვეყანაში პირველად დიდი ფორმატით განხორციელდა ის, რაც - გამოცდილებები და დახვეწილი ტექნიკა - იმ დროისათვის მხოლოდ ძველი აღმოსავლეთის ხალხებისათვის იყო ცნობილი. შთამომავლობამ მათ მადლობა არასოდეს არაფრით არ გადაუხადა. მას არც გაუაზრებია პრეისტორიულ ხანაში იტალიურ-ევროპულ მიწაზე გაწეული ეს გასაოცარი ცივილიზატორული ღვაწლი, რაც ისევე იქნა დავიწყებული, როგორც ის ისტორიული ფაქტი, რომ ეტრურიაში შექმნილი მოდელი მოგვიანებით მთელს მსოფლიოში გასავრცელებელ დიდ ეტალონად და იმპულსის მიმცემად იქცა. «რადგან», სამართლიანად იხსენებს პროფესორი ლოპეს პეგნა, «რაციონალური მეთოდი, რომელიც მდგომარეობს ჰიდრავლიკის რესუსრსთა სოფლის მეურნეობის სამსახურში ჩაყენებაში, და რაშიც ეტრუსკები დიდოსტატები იყვნენ, რომაელთა და მათი მემკვიდრეების წყალობით არამხოლოდ ხმელთაშუა ზღვის მთელს აუზში, არამედ კონტინენტურ ევროპაში ბალტიკის სანაპიროებამდე გავრცელდა.»

მთელს ბიბლიოთეკებს ავსებენ წიგნები ეტრუსკული ხელოვნების წარმოშობისა და ორიგინალობის შესახებ სამეცნიერო კამათით. მაგრამ არ არ არსებობს ნაშრომი, რომელიც ამ ხალხის ტექნიკური მიღწევებით ძირეულად დაინტერესდებოდა. ამგვარი წიგნის თემას და დევიზს უნდა ერქვას: ეტრურიაში განხორციელდა ევროპაში პირველი ეკონომიკური სასწაული! 
წინასიტყვაობა წიგნისა «ეტრუსკები», პარიზი, 1976
ფრანგულიდან თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა


დასაწყისი იხილეთ:
ვერნერ კელერი: ეტრუსკები
ვერნერ კელერი: როცა დასავლეთს ჯერ კიდევ ეძინა
ვერნერ კელერი: იტალია – «ხბოთა ქვეყანა»
ვერნერ კელერი: როცა ეტრუსკები მოვიდნენ
ვერნერ კელერი: პრინცესა ლართის მდიდრული სამარხი

გაგრძელება იხილეთ:
ვერნერ კელერი: ეტრუსკების მძლავრი მრეწველობა

ვერნერ კელერი: რადგან ისინი ზღვაზე ბატონობდნენ
ვერნერ კელერი: «დოქტრინა ეტრუსკა»
«ეტრუსკები»: მთარგმნელის დასკვნა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage