მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მერაბ კოსტავა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებმა ხელი 1783 წელს რომ მოაწერეს, იყო არა მარტოოდენ საბაბი ამ ერების ერთობლივი ისტორიისა, არამედ მთელი შემდგომი დროის მანძილზე დღემდე მათი ურთიერთობის უცდომელი მორალური საზომი, სიტყვაზე მტკიცედ მდგომთა მხარის გამმაგრებელი, სიტყვის გამტეხთა მქენჯნელი და მამხილებელი.

მეტი ობიექტურობისათვის საშუროდ მივიჩნიე სამი თვალსაზრისის შეწონასწორება და ამ საკითხთან მიახლება არა მარტოოდენ ქართველი კაცის, არამედ ეროვნებით რუსი და აგრეთვე მსოფლიო მოქალაქის პოზიციიდან. ამისათვის შესაძლებლობისდაგვარად რუსეთის ერის სულსაც უნდა ჩავწვდომოდი, რათა შემეგრძნო და მეაზროვნა როგორც რუს მოქალაქეს და იმ მკვიდრ დასაყრდენზეც დამედო ბინა, მსოფლიოს დიდმა მოაზროვნეებმა რომ მოჰმადლეს კაცობრიობას, ან თავად ჩემში რომ ჩამოაყალიბა შეურყევ მრწამსად ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, გარდა ამისა, ჩემთვის იმთავითვე გახდა ცხადზე უცხადესი, რომ რუსეთ – საქართველოს ურთიერთობის ისტორიასთან დაკავშირებით, აზრთა ორ კატეგორიას შორის უნდა გამეკვალა გზა ჭეშმარიტებისაკენ. ერთი კატეგორია აზრებისა რამდენადმე დაფარულად არსებობდა, შექმნილ ვითარებათა გამო, დიდხანს არ ჩნდებოდა ზედაპირზე, დუღდა და იცდიდა ადამიანთა გულებში; და თუ ვინმე სიტყვაში გაცხადებას მათსას გაბედავდა, სათქმელს ხშირად ბოღმასაც ამოაყოლებდა, იმ უთქმელობით დაგროვებულ ბოღმას, იძულებითი, დუმილისგან გამოწვეული შეურაცხყოფის გრძნობა ერთის ხელის მოსმით რომ უნდა ჩამოირეცხოს, ეს გაბედული ადამიანები, სინამდვილის მართლაც აღმაშფოთებელი ფაქტებით სამართლიანად აღშფოთებულნი და უკომპრომისობის მორალური განცდით ატაცებულნი, ზოგჯერ ვერ ხედავენ, ან აღნიშვნის ღირსადაც არ თვლიდნენ მთელ რიგ დადებით მოვლენებსაც. მეორე სახეობა აზრებისა, ოფიციოზის წრეებში, ან მათ გარშემო ყალიბდებოდა და რამდენადმე დოგმების ელფერს იძენდა. საყოველთაო კეთილდღეობის სურათის შექმნით იგი მხოლოდ დადებითად წარმოაჩენდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას და სინამდვილის უარყოფით მხარეებს ან დუმილით უვლიდა გვერდს, ან ისტორიული გარდუვალობის მარწუხებში აქცევდა მას.

რადგან ხანგრძლივი აღშფოთების სიმწარემ შხამი იცის, ხოლო გამუდმებულად ხოტბის აღვლენამ გულის ამსუყება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხების გაშუქებისას, სასურველია დაივიწყო თუკი როდესმე შავი, ან ფერადი სათვალიდან გიმზერია ქვეყნიერებისათვის. საქართველოში ისე ვით მრავალს, მეც მისვმას ნაღველი ჩემი ერის ბედ-იღბალზე, მის წარსულსა თუ აწმყოზე ფიქრისას. ჩემთვისაც უცდიათ ფერადი სათვალის მორგება არსებულის ვარდის ფერებში დასანახვებლად. ამადაც არ მივიჩნევ იოლ საქმედ ისტორიკოსის ცივი გონებითა და მოუსყიდველი მსაჯულის პირუთვნელობით მიახლებას იმგვარ საკითხთან, როგორიცაა გეორგიევსკის ტრაქტატი და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენების მდინარება. მაგრამ სიტყვა ითქვა, და ბარემ საცდელიც იცადოს!


ფოტოზე: 1783 წლის 24 ივლისს გიორგიევსკის ციხე-სიმაგრეში / ჩრდილოეთ კავკასია გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის
დადებული სამეგობრო შეთანხმების - ე. წ. გიორგიევსკის ტრაქტატის სიგელი

თავიდანვე უნდა აღვნიშნო გეორგიევსკის ტრაქტატის ერთობ მყარი და მაღალი მორალური საფუძველი, რაიც ამ ერთა ურთიერთშეძმობისა და შეხმატკბილების საქმეს კარგ დასაწყისს და ჩინებულ გაგრძელებას უქადდა. ტრაქტატი სამოკავშირეოდ, ხოლო ფიზიკურ ძალთა არათანაფარდობის მიუხედავად, საქართველო რუსეთის მოკავშირედ იწოდებოდა და არა ქვეშევრდომად. ოდნავადაც არ ირღვეოდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ძალაში რჩებოდა ტახტის მემკვიდრეობით გადაცემა, გვირგვინის მირონით კურთხევა, ავტოკეფალიურობა ეკლესიისა, საკუთარი მონეტების მოჭრა. ქართული ენა სახელმწიფო ენად რჩებოდა და ქართული მხედრობა ერის საზღვრითა და ღირსებათა დამცველად; სავალდებულოდ ითვლებოდა ორივე მხარისათვის პარტნიორის მოყვასისა მოყვრად, ხოლო მტრისა მტრად შერაცხვა, სამხედრო და მორალური ურთიერთდახმარება.

სახელმწიფოთა შორის ამგვარი ხელშეკრულების დადების თარიღი დიახაც რომ ზარ-ზეიმით აღნიშვნის ღირსია; მაგრამ რისი ღირსია ის, რაც ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ მოხდა? რაც შემდეგ მოხდა, ამისათვის მრავალი საარქივო და სამწერლო მასალა ღაღადებს და რაც მთავარია, ამ ამბავს დაწვრილებით აღწერს ივანე ჯავახიშვილი თავის საქართველოს ისტორიის მე -5 ტომში. მე მგონი მისი, როგორც მეცნიერის კომპეტენტურობასა და როგორც ადამიანის სინდისიერებაში ზედმეტია ეჭვის შეტანა. ფაქტი კი ის გახლავთ, რომ კრწანისის ომში გაურკვეველი მიზეზების გამო, არც თუ შორს დაბანაკებულმა რუსეთის ჯარმა არ გაუწია ერეკლე მეორეს ტრაქტატით გათვალისწინებული სამხედრო დახმარება, თუმცა არა ერთი მალემსრბოლი აფრინეს მათთან. ხოლო ერეკლეს ვაჟის, გიორგი მეცამეტის სიკვდილისთანავე, რუსეთის იმპერატორის, პავლე პირველის საიდუმლო ბრძანებით, უკვე საქართველოში დაბანაკებულმა რუსეთის ჯარის სარდლობამ, აღარ დაუშვა მისი ჩვილი ძის მეფედ კურთხევა, დედოფალი მარიამი ძალმომრეულად გადააყენა ტახტიდან, დაატყვევა ყველა ბატონიშვილი, როგორც მოსალოდნელი პრეტენდენტი ქართლ -კახეთის ტახტისა და დედოფალთან ერთად გადაასახლა საცხოვრებლად პეტერბურგში, რის შემდეგაც გააუქმა საქართველოს სამეფო და რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ პერიფერიულ პროვინციად აქცია. ამას მოჰყვა რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფა, აკრძალვა ქართულად მღვდელთმსახურებისა, ქართული სკოლების დახურვა და დევნა ქართული ენისა ახლათგახსნილ რუსული ტიპის სკოლებში, ძველთუძველესი ქართული ფრესკების გადაღებვა ტაძრებსა და ეკლესიებში რუს მღვდელთმსახურთა მიერ, რუს ჩინოვნიკთა და სამხერდო პირთა მზვაობრული თვითნებობა და აღვირახსნილობა, რაიც ცოცხლად აქვს აღწერილი თავის ქმნილებაში ალექსანდრე ყაზბეგს. მოკლედ, რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზემოხსენებული ხელშეკრულების სრულ დარღვევას. ამგვარ შემთხვევაში, ისტორიის ბრალდება მხოლოდ ფაქტების აღნიშვნით ამოიწურება, ისეთი მეთოდით რომელიც ხელს შეუშლის წარსულში მომხდარის ამბების მიჩქმალვას. მხოლოდ ჭკვათამყოფელს შეუძლია მოსთხოვოს ამჟამად მცხოვრებ რუსებს პასუხი იმისათავის, რაც უწინ მათი ერის მმართველმა წრეებმა ჩაიდინეს საქართველოს მიმართ. მაგრამ გარდასულ დროთა ფაქტების მთელის სიზუსტით წარმოჩენა თუნდაც იმისთვისაა საჭირო, რომ ამ ერთა ურთიერთობისას აღარ დაიშვას იმგვარი მავნებლობანი, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი.

მაშ ზეიმი ზეიმად, სიმართლე კი სიმართლედ!

ერთი შეხედვით მოხდა საკვირველება. ქრისტიანულმა რუსეთმა სამეფოს გაუქმებით, ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფით და ქართული ენის დევნით, ერთმორწმუნე საქართველოს გაუკეთა ისეთი რამ, რაც არ ჩაუდენია თვით სისხლის წვიმების არაერთგზის დამყენებელ თურქეთსა და საპარსეთს საქართველოში. და ეს ყოველივე ურთიერთობის დამყარებისთანავე მოხდა. რას მივაწეროთ ეს ამბავი? მრავალ და მცირერიცხვოვან სახელმწოფოებს შორის სხვაგვარი დამოკიდებულების შეუძლებლობას, თუ იმჟამად აღორძინებული ზოგადევროპული კოლონიალიზმის უფრო დახვეწილი მეთოდებით მოქმედებას? უშვებდნენ კი საქართველოს მეფენი და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ერეკლე მეორე საქმის ამგვარად წარმართვის შესაძლებლობას, როდესაც მთელის გულმოდგინებით ცდილობდნენ გამუდმებული შემოსევებისაგან დასუსტებული ქვეყანა გადაერჩინათ ერთმორწმუნე ჩრდილოელი მეზობლის შემწეობით?

ჩემის აზრით, არა, რადგან მათ არ იცოდნენ მათი თანამედროვე მსოფლიო კოლონიალიზმის, პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორია; არა უწყოდნენ იმჟამინდელ ევროპელთა მეთოდურობაზე, ორგანიზებულობასა და თანმიმდევრულობაზე სხვათა, თუ ახალ მიწებზე ფეხმოკიდების საქმეში, რაც სავსებით განსხვავდებოდა დროებითი შემოსევებისა და ხარკის დადების მოძველებული აზიური მეთოდებისაგან; არ იცოდნენ ასიმილირების იმ უნარისა და მისწრაფების შესახებ, მზარდ ახალგაზრდა ერებს რომ გააჩნდათ. რუსეთი და საქართველო თავიანთ ისტორიულ გზათშესაყარზე ერთმანეთს ერთობ ზერელედ, ან თითქმის არ იცნობდნენ. საქართველოს რომ უძველესი ისტორია და კულტურა გააჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ პრომეთე-ამირანის, ნოეს კიდობანის, არგონავტთა ლაშქრობის მითებიდან და ლეგენდებიდან იღებს სათავეს, მის წარსულს სიქველითა და ვაჟკაცობით კოდრისზე, ლეონიდეზე, ალექსანდრე მაკედონელზე, კიროსზე, კარლოს დიდზე, გუსტავ ადოლფზე, პეტრე პირველზე, მილტი ადეზე, თემისტოკლეზე, ვილჰელმ ორანელსა და ალექსანდრე ნეველზე არანაკლები მეფეები და გმირები რომ განადიდებდნენ. საქართველოს და რუსეთს რომ ჰყავდათ ერთიდაიგივე ქრისტიანი ნათლია, ანდრია პირველმოციქული, საქართველო საბერძნეთთან და სომხეთთან რომ ინაწილებს პიონერობას ქრისტიანობის სახელემწიფო რელიგიად გამოცხადების საქმეში, საქართველოს რომ გააჩნდა ძალზე მდიდარი ჰაგიოგრაფიული, ბრწყინვალე საისტორიო და დიდებული საერო მწერლობა და პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი მეხუთე საუკუნით რომ არის დათარიღებული, ქართული კულტურა რომ იკვეთებოდა უფლისციხის, დავით-გარეჯისა და ვარძიის კლდოვანებში, საქართველოს, იერუსალიმის, ბულგარეთის, სინასა და ათონის მთის მყუდრო სამონასტრო ცხოვრებაში, საქართველოს ხელოვნებას რომ ამშვენებდა დიდებული საეკლესიო არქიტექტურა, ფრესკული და მინიატურული ფერწერა, წარმართულ და ქრისტიანულ ეპოქათა უნიკალური ოქრომჭედლობა, საკუთარ სანოტო სისტემაზე შექმნილი უძვლესი მრავალხმიანი საგალობლები, ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში რომ დაარსებულა აკადემია ფოთის მიდამოებში. ხოლო XI-ე საუკუნეში გელათსა და იყალთოში, სადაც ანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანული თეოლოგიის გარდა, მთელ რიგ მეცნიერებებსაც ეწაფვოდნენ, კანტიკუნტად, ან სულაც არ იცოდნენ არათუ მაშინდელი რუსეთის მმართველმა წრეებმა, არამედ თვით პუშკინმა, ლერმონტოვმა, გრიბოედოვმა, ტოლსტოიმ, კავკასაიში გადმოსახლებულმა ცნობილმა დეკაბრისტებმა და ა. შ. მათ შემოქმედებაზე უჩვეულო გავლენას ახდენდა საქართველოს ბუნება, კავკასიონის ზვიადი მწვერვალები. ისინი აქ პოულობდნენ ახალ თემებს, იმუხტებოდნენ მძლავრი შემოქმედებითი იმპულსებით, ექცეოდნენ უჩვეულო პოეტური ინსპირაციის არეში.


ასე რომ, ერეკლეს მარტოოდენ რუსეთის ჯარისთვის როდი გაუხსნია ვახტანგ გორგასლანის მიერ ოდესღაც მტკიცედ ჩარაზული დარიალის კარიბჭე, არამედ რამდენადმე რუსული ლიტერატურის სტიმულირებისთვისაც. მაგრამ იმჟამად, რუს მოღვაწეთათვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის კარიბჭე დახშული აღმოჩნდა. მათ საქართველო იზიდავდა უფრო როგორც აღმოსავლური ეგზოტიკის მხარე, ხიბლავდა ქართველთა სტუმართმოყვარეობა და სუფრის ლაზათი, მამაკაცთა რაინდული სიდარბაისლე და ქალთა კდემამოსილება, გულთბილი დამოკიდებულება და ის გაგება და თავისუფალი ატმოსფერო, რასაც ესოდენ მოკლებულნი იყვნენ თავინთ სამშობლოში. რა იცოდნენ საქართველოს დიდებულმა სტუმრებმა, რომ ამ ხალხს ჯერ კიდევ მე-12-ე საუკუნეში ჰყავდა ბუმბერაზი მსოფლიო პოეზიისა, შოთა რუსთაველი, რომელმაც ქართული პოეტური გენიის პრიზმაში აღმობრწყინდა გასაოცარი სინთეზი ძველჰინდური, ძველსპარსული, ელინური, ქრისტიანულ-თეოლოგიური, შემდგომ-აღმოსავლური და ევროპის ქრისტიანულ-რაინდული კულტურებისა. ვინ იცოდა მოწინავე რუსთაგან ქართული ენა იმდენად, რომ გაცნობოდა რუსთაველს, გურამიშვილს, სულხან-საბა ორბელიანს, ქართლის ცხოვრებას, ჰაგიოგრაფიულ ძეგლებს; ან საიდან მოეტანათ მათ რუსული თარგმანები?


რუსები, იმჟამად ეწაფებოდნენ და თარგმნიდნენ ანტიკურ და ახალ ევროპულ ლიტერატურას. გუვერნიორებთან, ლიცეუმებსა და უნივერსიტეტებში სწავლობდნენ მკვდარ და ახალ ევროპულ ენებს და ევროპული განათლებით დატვირთულები, ქედმაღლურადაც კი უყურებდნენ იმ ენასა და კულტურას, რომელიც მათთვის ამოუცნობ სფინქსს წარმოადგენდა. ქართველოლოგიის დარგი რუსეთში გვიან იშვა და ერთობ ზანტად ვითარდებოდა. მთელი XIX-ე საუკუნე XX -ის დასაწყისის ჩათვლით, ისევ ქართველებმა იპყრეს ხელთ რუსებისათვის ქართული კულტურის გაცნობის ინიციატივა. დაუღალავად იღწვოდნენ ამისათვის პლატონ იოსელიანი, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი, კირიონ საძაგლიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვები.

ისინი თარგმნიდნენ რუსულად ქართული ლიტერატურის ძეგლებს, აქვეყნებდნენ რუსულად შრომებს ქართული კულტურის შესახებ. ამ ხნის განმავლობაში, რუსებს არ ჰყოლიათ დიდი მასშტაბის რუსი ქართველოლოგი. გასაკვირია, მაგრამ იმჟამად ევროპელები მეტი გულისყურით ეკიდებოდნენ ქართველოლოგიის სფეროს. გავიხსენოთ თუნდაც მარი ბროსე, ოლივერ და მარჯორი უორდროპები. მაშ რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ინგლისურად უფრო ადრე ითარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი”, სულხან-საბას ,,სიბრძნე-სიცრუისა, ,,ვისრამიანი”, ილია ჭავჭავაძის ,,განდეგილი” და სხვა. რატომ არ გამოჩნდნენ იმ დროინდელ რუსეთში ისეთი დიდი მეგობრები ქართული კულტურისა და-ძმა უორდროპები და არტურ ლაისტი რომ იყვნენ? მართალია ილია ჭავჭავაძემ, ივანე მაჩაბელმა და სხვებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი მათ დაინტერესებაში საქრთველოთი და მისი კულტურით, მაგრამ განა ისინი უარს ეტყოდნენ რომელიმე ინტელიგენტს რუსეთისას ისეთივე სამსახურის გაწევაზე, თუკი იგი ანალოგიური საქმისათვის გულწრფელად მოისურვებდა მათ მეგობრობას.


როგორც ჩანს, ამგვარი მეგობრობისათვის იმხანად ვერ გადაილახა გარკვეული ზღურბლი. რუსეთის ინტელიგენციას ჯერ ვერ დაეძლია იმპერიის მოქალაქისათვის დამახასიათებელი ქედმაღლობა, ხოლო ქართველებს სამართლიანი წყენა გიორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევისა და მისი შედეგების გამო. აი, რა ამუხრუჭებდა ქართველოლოგიის განვითარების საქმეს რუსეთში. თუმცა, რას უნდა დაეძრა ეს ყინული, როდესაც თვით ქართველებს არ ჰქონიათ იმჟამად ბოლომდე აღმოჩენილი, აღწერილი, კლასიფიცირებული, ფილოლოგიურად დამუშავებული და გადმოცემული თავისი უზარმაზარი ლიტერატურული საგანძური, არ ჰქონდათ ღრმად შესწავლილი თავისივე კულტურა. დამუშავებას ვინ დაეძებს, როდესაც გამუდმებული შემოსევებისას იკარგებოდა და ნადგურდებოდა ლიტერატურისა და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. გაგაჩნდეს ისეთი უძველესი საგალობლები იგორ სტრავინსკიმ რომ მუსიკის სასწაული უწოდა და, სხვადასხვა მიზეზთა გამო მხოლოდ ჩვენი საუკუნის სამოციან წლებში შესძლო მათი არა მარტო ჩაწერა და ნოტებზე გადაღება ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი მცოდნისაგან, არამედ გაცნობა მსოფლიოსათვის და თვით ქართველებისთვისაც, ან კიდევ უწყოდე რუსთაველის დანარჩენ პოემათა სახელწოდებანი და ხელთ არ გაგაჩნდეს, რადგან ნგრევისა და განადგურებას შავბნელმა დრო-ჟამმა შთანთქა ისინი, ერთობ სავალალო ხვედრია ერისათვის.


ერთი სიტყვით, რუსეთის ინტელიგენცია არ, ან ცუდად იცნობდა საქართველოს და მისი დიდი ნაწილი ვერც გაიგებდა იმას, თუ რა ხდებოდა ქართველთა გულებში გიორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით. სამეფოს გაუქმება, ენის ხელყოფა ცხადია მძიმე ასატანი იყო, მაგრამ ყველაზე აუტანელი და შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო ის მოულოდნელი ვერაგობა და ცხოვრება, იმთავითვე რომ ჩამოჰგლიჯა ნიღაბი მოყვრადმოსულის სახეს. ოდითგან, ქართველების გაგებით საქართველოდ იწოდებოდა ქვეყანა, სადაც ღმერთმსახურება ქართულად სრულდებოდა. შესაძლოა ქვეყანა დროებით დაეპყრო დუშმანს და სახელმწიფო აპარატიც მოერღვია, მაგრამ სანამ ქართველი ქრისტიანად ირაცხებოდა და ეკლესიებში ქართული წირვა იდგა, ქვეყანას კვლავ საქართველო ერქვა
.

ახლა კი, ქართველთა წარმოდგენაში აღარც საქართველო უნდა არსებულიყო. მაგრამ საქართველო არსებობდა და ერთი რამაც გულწრფელად უნდა ვაღიაროთ: არ ვიცით სურდა თუ არ სურდა იმპერიის მთავრობას, მაგრამ ქართველობამ, მიუხედავად ენობრივ-სახელმწიფოებრივი უფლებების დაკარგვისა, თუმცა ფარულად, მაგრამ მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ იგრძნო თავი ისეთ ერთიან ორგანიზმად, დავით აღმაშენებელისა და თამარის ეპოქაში რომ ჰქონდა ადგილი. ერთიან ორგანიზმად-მეთქი, რომ ვამბობ, როდი გულისხმობს იმდროინდელ დამოუკიდებლობასა და ძალმოსილებას. ვინმე რუსთაგანს ღრმად რომ სცოდნოდა, მაშინ საქართველოს წარსული და იმჟამინდელ დონემდე ჩამოქვეითების მიზეზი, შესაძლოა ქართველთა პრეტენზიებზე ასე ეპასუხა: ,,განა ერთმა საქართველომ მოაწერა ხელი გიორგიევსკის ხელშეკრულებას? არსებობდა იმჟამად ერთიანი საქართველო? რად იდგნენ ცალ-ცალკე ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფონი, აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის სამთავროები? ჩვენ გვსაყვედურებთ, სიტყვა რომ გავტეხეთ და ერეკლე მეორეს არ მივეშველეთ კრწანისის ომში, განა იმერთა სამეფო და სამთავროები მოეშველნენ? სად იყო კრწანისზე ის ორმოცდაათათასიანი მხედრობა, თელავიდან მცხეთისკენ რომ მოაცილებდა უკანასკნელ გზაზე ერეკლეს ცხედარს? სად იყო დანარჩენი საქართველო, სამცხე-საათაბაგო და აჭარა რომ შთანთქა თურქეთმა? ჩვენ გვიკიჟინებთ, საქართველოსათვის იმჟამად სავსებით უცხოსა და უცნობ ერს: სიტყვა რად გატეხეთ, ტრაქტატით დადებული ხელშეკრულება რად დაარღვიეთო! განა მათი ივანე მრისხანის, პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის წინაშე დადებული ფიცი დავარღვიეთ: ვიბრძოლოთ და ვიღვაწოთ რუსეთის იმპერიის გასაფართოებლად და საკეთილდღეოდ! ასევე არ შევიერთეთ ვოლგისპირეთის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხები? ჩვენ რომ გვიკიჟინებთ, მაშინ რაღა ვთქვათ თქვენივე თავისთვის მიცემული სიტყვის არაერთგზის გატეხვაზე? განა ურთიერთის წინაშე დადებული ფიცის დარღვევა საკუთარი თავისათვის მიცემული სიტყვის გატეხვას არ ნიშნავს? თუ ასე არ არის, მაშ გიორგი ბრწყინვალის დროიდან დღევანდლამდე კვლავ ერთიან სამეფოდ გაერთიანება რად ვერ შესძელით? რად ვერ შესწირეს თქვენმა მეფეებმა და მთავრებმა საკუთარი სიამაყისა და პრიორიტეტის გრძნობა ერთიანი საქართველოს იდეას? გაჭირვებამ რატომ გაგთიშათ უფრო და არ შეგკრათ? შეკავშირებასა და ურთიერთდახმარებას ვიღა დაეძებს: რატომ მტრობდით და ასუსტებდით ურთიერთს? ჩვენს მოსვლამდე, განა დაკარგული არ იყო ქართლ-კახეთისათვის სამეგრელო, აფხაზეთისათვის გურია და იმერეთი და ა. შ.? განა ჩვენი მეოხებით არ ჰპოვეს კვლავაც ერთმანეთი საქართველოს კუთხეებმა? შესძლებდით უჩვენოდ კვლავ ერთიან ორანიზმად შენივთებას? და ბოლოს, დაიბრუნებდით ოდესმე ჩვენს გარეშე თურქთაგან მიტაცებულ მესხეთ- ჯავახეთსა და აჭარას? ვინ მოგანიჭათ საუკუნეების მანძილზე ნანატრი მშვიდობა, ჭრილობათა მოშუშების, დასვენების, შრომისა და სწავლა-განათლების საშუალება? გეყოლებოდათ XIX-ე საუკუნის პირველ ნახევარში იმგვარად განათლებული პიროვნებები, როგორიც იყვნენ პლატონ იოსელიანი, სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი და ა. შ. ჩვენ რომ არ შეგვექმნა თქვენთვის პირობები ევროპულ კულტურასთან ზიარებისა? სად აღიჭურვნენ ცოდნის იარაღით თერგდალეულები, თუ არა რუსეთში? მადლიერების გრძნობას თავი რომ დავანებოთ, სადაა თქვენი ობიექტურობა?!

- არა, -ვუპასუხებდით ჩვენ, - ქართველებს არც ობიექტურობა და არც ცოდვა-მადლის გრძნობა დაგვიკარგავს. ჩვენ კარგად ვიცით იმ დადებითის ფასი, რუსეთთან ურთიერთობამ რომ მოგვიტანა, რაც თავის დროზე დაინახეს და აღნიშნეს კიდეც თავიანთ შემოქმედებაში ნიკოლოზ ბარათაშვილმა და გრიგოლ ორბელიანმა.

ვიცით, რომ მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარას რუსეთის გარეშე ვერ დავიბრუნებდით, მაგრამ მათი დაბრუნების მოტივი საქართველოში როდი იყო, არამედ რუსეთის იმპერიის გაფართოება. მაგრამ ამისთვისაც გმადლობთ! ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმების შემდეგ, საქართველოს ცალკეულმა კუთხეებმა შესწყვიტეს შუღლი და მტრობა და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მოქცეულნი, მჭიდროდ დაუახლოვდნენ ურთიერთს. გვახსოვს წარსულში ჩვენი მთავრებისა და ფეოდალების მზვაობრობა და გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი, არგონავტების მითისა არ იყოს, ვეშაპის კბილებიდან აღმოცენებული დევ-გმირებივით რომ ებრძოდნენ ურთიერთს და ხშირად პირადულს ერთიანი საქართველოს იდეაზე მაღლა აყენებდნენ, გვახსოვს, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე, მხოლოდ ისეთი ზებუნებრივი ძალის მეფეებმა შესძლეს ქართული ინდივიდუალიზმის დაძლევით ქვეყნის გაერთიანება, როგორიც იყვნენ: ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარი და გიორგი ბრწყინვალე.

პირველობისათვის ბრძოლა და შინათგამცემლობა აქუცმაცებდა ქვეყანას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ჩვენა გვაქვს უფლება თავს ვუსაყვედუროთ, რადგან ჩვენსავე თავს ვაზიანებდით და არა სხვას; და მისი ზემოხსენებული არგუმენტები ვერ გამოდგება რუსეთისათვის იურიდიულ გამართლებად გიორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით. ვიცით ისიც, რომ მიუხედავად გათიშულობისა, საქართველო ნიადაგ მთლიანი იყო სულიერად, რადგან ქართული ეკლესია არასოდეს გათიშულა. და ბოლოს, ისიც ვიცით, რომ სხვა, ჩვენს ადგილას არათუ სამეფოს, ალბათ, არსებობასაც ვერ შეინარჩუნებდა. ბიზანტიის იმპერიის ზურგს უკან, თურქებმა რომ იარვარჰყვეს, განა მთელი ევროპა არ იდგა?

დიახ! უდავოდ გვჭირდებოდა მშვიდობა და დასვენება, რადგან სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა საქრთველოსათვის ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის უკანასკნელ მიღწევებთან ზიარება, რაც მხოლოდ ისლამური გარემოცვის გამო ვერ მოახერხა თავის დროზე ქვეყანამ.

საქართველო უხსოვარი დროიდან იდგა უძველეს სამხრეთელ და უახლეს ჩრდილოელ ხალხებს შორის და არ აძლევდა მათ აღრევის საშუალებას. იგი არა მარტო სივრცულ, არამედ დროთა შორის წყალგამყოფსაც წარმოადგენდა, რადგან ამ ხალხების კულტურათა განვითარებას თავთავიანთი დრო უნდა ჰქონოდა და მათი აღრევა არც მათი საკუთარი მისიის და არც მსოფლიო კულტურის განვითარებისთვის იყო მიზანშეწონილი. ამით დაირღვეოდა ხალხების, და აქედან გამომდინარე, კულტურათა დროში თანმიმდევრობის ურყევი მსოფლიო კანონი. ამაში გამოიხატებოდა იმჟამად საქართველოს ეზოტერული მისია. გარდა ამისა, საქართველო აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა შორის გარკვეული სინთეზისა და დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციასაც ასრულებდა.

მომდევნო პერიოდშიც ჩვენ და სომხები ვიდექით სადარაჯოზე კავკასიონის კარიბჭესთან, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ წამოწეული ფორპოსტი ქრისტიანობისა და ვაკავებდით სამხრეთიდან დაძრულ ისლამურ ურდოებს. საუბედუროდ, X-ე საუკუნეში სომხეთმა დაჰკარგა სახელმწიფო, მაგრამ მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სარწმუნოება შეინარჩუნა, ასე რომ, დავრჩით ერთადერთ ქრისტიანულ სახელმწიფოდ კავკასიაში. ჩვენზე ბლაგვდებოდა სიბასრე ისლამურ ურდოთა მახვილისა. ჩვენ ვაცლიდით მათ კავკასიონის იმიერ მოქმედების უნარს.

რუსები სიამაყით აღნიშნავთ: რუსეთმა შეაკავაო მონღოლთა ურდოები და იხსნა ევროპა განადგურებისაგან. რად არ უკვირდებით იმ ამბავს, რომ რამდენადმე ჩვენს გამო ვერ მიაღწიეს თქვენამდე არაბთა, თემურ-ლენგის, სპარსთა და ოტომანთა იმპერიის ურდოებმა. მონღოლი დამპყრობლები საქართველოსაც შესევია და ამადაც ვუწყით, რომ მათ არ ჰქონდათ რელიგიური სისტემა და ამიტომ რელიგიურ დევნას არ ეწეოდნენ, ასე რომ ქრისტიანულ რელიგიას რუსეთში თითქმის არ განუცდია დევნა. მაგრამ ზემოთაღნიშნული ქვეყნების ისლამური მხედრობა რომ შესეოდა რუსეთს, შესძლებდა იგი ქრისტიანული რელიგიის შენარჩუნებას, ურომლისოდაც სამუდამოდ უნდა გამოსთხოვებოდა ევროპულ კულტურასთან ზიარებას? მით უმეტეს, რომ ქრისტიანობა რუსეთში არც თუ დიდი ხნის წინათ იყო ფეხმოკიდებული და გამკვიდრებული? ხომ შესძლეს სამხრეთელმა დამპყრობლებმა ჯერ კიდევ თემურ-ლენგის ხანაში ჩრდილოეთ კავკასიის გამუსლიმანება? რუსეთსაც რომ იგივე ხვედრი რგებოდა? ეს ურდოები, დამპყრობლურის გარდა, განა გააფრთებულ რელიგიურ ომებსაც არ ეწეოდნენ? მოგვიანებით ოტომანთა იმპერიას, ევროპას რომ აზანზარებდა, სამი დაბრკოლება არ უღობავდა რუსეთისაკენ გზას: შავი ზღვა, კავკასიონი და საქართველოს სამეფო? მათ რომ საქართველოს სამეფო მოეშალათ, როგორც ეს ბიზანტიის მიმართ ჩაიდინეს, მათ რომ ქართველები გაემუსლიმანებინათ, რაღა შეუშლიდათ ხელს თავიანთი იმპერიისათვის შემოემტკიცებინათ ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანი ხალხები და უშუალოდ ხმელეთიდან დაკავშირებოდნენ ყირიმის სახანოს? მაშინ ხომ ფართე ფრონტითა და მთელის ძალებით უშუალოდ ხმელეთიდან მიადგებოდნენ რუსეთს, პეტრე პირველამდელი რუსეთის სამეფოს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰყავდა ევროპულ ყაიდაზე გაწვრთნილი რეგულარული ჯარები და ფლოტი, და ყირიმის სახანოსაც კი ძლივს უმკლავდებოდა?

საქართველო თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ამაოდ როდი იქნევდა ხმალს ქრისტიანობის შესანარჩუნებლად. მას ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლურ, ხოლო შემდეგ მუსულმანურ გარემოცვაში უნდა შეენარჩუნებინა ქრისტიანული სამეფო, თუნდაც წერტილისოდენა არე ქრისტიანული სამყაროსი და არ მიეცა ამ გარემოცვისათვის რკალის შევიწროების საშუალება და ამ ამბავთან არა მარტო მისი არსებობა და პრესტიჟი, არამედ რუსეთის ბედიც იყო მჭიდროდ გადანასკვული. ამაში გამოიხატებოდა იმჟამად ქართველი ერისა და საქართველოს, როგორც სამეფოსა და სახელმწიფოს მისია.

მოგვიანებით, ამ რეგიონში, მსოფლიო ისტორია დილემის წინაშე დადგა: ან ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანური გარემო უნდა შეერთებოდა თურქეთსა ან სპარსეთს, რისთვისაც მათ ერთობლივი ძალით უნდა გაერღვიათ შუა აღმართული ერთად-ერთი დაბრკოლება და საქართველოს სამეფოს შთანთქმით მოესპოთ ქრისტიანობა ამიერკავკასიაში; ან, პირიქით, რუსეთ-ამიერკავკასიის ქრისტიანულ სამყაროთა შესაყრელად ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანური კედელი უნდა გარღვეულიყო. ამ დილემის დადებითად გადაწყვეტას მომავლისათვის არა იმდენად რელიგიური, რამდენადაც კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ისიც კარგად ვუწყით, რომ ქრისტიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რელიგია, რომ უპირველეს ყოვლისა, იგია ადამიანთმსახურება, მოყვასისადმი სიყვარული, მორალური ფანტაზიის დაუშრეტელი წყარო და მხოლოდ შემდეგ ღვთისმსახურება, ამიტომაა იგი თანამედროვე გაგებით მაღალი ჰუმანური კულტურის ერთადერთი მასაზრდოვებელი და ნურავის გაუკვირდება, თუკი მეტ ქრისტიანად ჩაითვლება ნებისმიერი სხვა რელიგიის მიმდევარი, თუგინდ ათეისტი, რომელიც ადამიანთმსახურებაში ქრისტიანული ღვთისმსახურების მიმდევარზე მაღლა დგას. ღაღადისი იგი თავად სახარებისეულია და ვისაც სმენად ყურნი ასხია, მას არა მარტო წაუკითხავს, არამედ შეუგვრძნია კიდეც, თუ რაგვარ სწერენ სიყვარულზე მოციქულნი. ამაოა ღვთისმსახურება ადამიანთმსახურების გარეშე, ერთხმად აღიარებენ ისინი და მოყვასისათვის თავდადებული კაცი უკვე ქრისტიანია, ქრისტეს სახელიც რომ არ ჰქონდეს გაგონილი. ასე ესმოდათ ქრისტიანობა საქართველოში ვახტანგ გორგასლანს, დავით აღმაშენებელს, თამარს, რუსთაველს, ვაჟა-ფშაველას, აღმოსავლეთში ალიშერ ნავოის, რუსეთში ტოლსტოის, ვლადიმერ სოლოვიოვსა და ანდრეი ბელის, დასავლეთ ევროპაში ლესინეს, ჰეგელს, გოეთეს, რუდოლფ შტაინერს და ა. შ. ამგვარ გაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტოოდენ კულტურის განვითარების თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა რელიგიის, ეროვნების, იდეოლოგიის წარმომადგენელთა და თვით მორწმუნეებსა და ათეისტებს შორის სათნოებისა და ურთიერთმომთმენიანობის დასამყარებლად.

უსამართლოზე უსამართლო იყო XIX-ე საუკუნეში კავკასიის უპირველესი გმირის, შამილის წინააღმდეგ რუსების მიერ წარმოებული ომი, მაგრამ გლობალური, თუნდაც რეგიონალური მასშტაბის კულტურულ-ისტორიული დილემების გადაწყვეტა უტრაგედიოდ და უმსხვერპლოდ არასოდეს მომხდარა...

დიახ, გმირული და სამართლიანი იყო დაღესტანელთა ომი რუსეთის იმპერიის წინაღმდეგ, მაგრამ მანამდე, მეტადრე გმირული, ხანგრძლივი და სამართლიანი იყო ქართველთა ომი მუსულმანურ გარემოცვასთან და რომ არ მისცა ზემოხსენებულ მტრულ გარემოცვას იბერიამ რკალის შევიწროების საშუალება, ამით და მხოლოდ ამით მოამზადა კავკასიაში ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის უკანასკნელ მიღწევათა დამკვიდრების საფუძველი, იმ კულტურისა და ცივილიზაციის თავისი უტეხი ნებისყოფის მეოხეობით რომ შემოიტანა და თითქმის ძალით დანერგა რუსეთში გიორგიევსკის ტრაქტატამდე თითქმის საუკუნით ადრე პეტრე დიდმა. უდავოა, ამგვარი საფუძვლის მომზადებაშიც გამოიხატება საქართველოს კულტურულ-ისტორიული მისია კავკასიაში. ამაოდ როდი იქცა XIX-ე საუკუნეში თბილისი ქართველ და სომეხ მოღვაწეთა საასპარეზო სარბიელად; ქართველ, რუს და ევროპელ ინტელიგენტთა შეხების წერტილად იმჟამად მარტოოდენ ევროპის ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან და ფილოსოფიასთან ზიარება როდი კმაროდა.

საქართველოსთვის სასიცოცხლო პრობლემას წარმოადგენდა ევროპის მეცნიერულ, არქიტექტურულ-სამშენებლო, ადმინისტრაციულ–საორგანიზაციო, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის და ა. შ. მიღწევათა ათვისებაც. და ნუ დაგვაყვედრით, რომ ყოველივე ეს რუსეთის გზით უნდა მიგვეღო, ნუ დაგვაყვედრით იმას, რაც საქართველომ უთუოდ დაიმსახურა თუნდაც იმით, საუკუნეების მანძილზე სხვის მოსაქნევ ხმალსაც თავად რომ იქნევდა. განა ევროპამ დააყვედრა, ან პეტრე დიდმა ქედის მოხრით უპასუხა ევროპას იმ სულელური ამაგისათვის, რუსეთისათვის რომ გაიღო? ხომ გაამართლა მან რეფორმაციის ეპოქის უპირველესი გმირის, გუსტავ ადოლფის, არცთუ უსაფუძვლო შიში რუსეთის მიმართ, რომელსაც ევროპა ჰეგემონიისათვის მებრძოლ საშიშ მეტოქედ აქცევდა, თუკი მისცემდა პატრიარქალური ძილიდან გამოსვლის საშუალებას. განა არ დასჭირდა პეტრე პირველს მის მიერვე წამოწყებული ილიადას მოგება, რათა შვედთა დამარცხებით ევროპისაკენ გაეჭრა კარი ბალტიის სანაპიროზე, განა არ გამოსტაცა მან ევროპას ახალი პალადიუმი, რომლის რუსეთში გადმოსატანად ტიტანური შრომის გაწევა მოუხდა?

პეტრე დიდმა რუსეთის სულიერი ცხოვრება ბიზანტიური კულტურის გეზიდან ახალევროპული გეზისაკენ გადახარა და დაიწყო იქიდან, სადაც ბიზანტიის ერის სულმა დაასრულა თავისი მოქმედება. ბიზანტიურმა კულტურამ, რომელმაც თავის დროზე შეჰქმნა იოანე ოქროპირის და ბასილი დიდის წირვა და შესანიშნავი რელიგიური ხელოვნება, მიუხედავად ცალკეულ მოძღვართა ცდებისა, არ მიიღო თავის წიაღში ანტიური ფილოსოფიისა და ხელოვნების სამყარო, ვერ მოახდინა მისი სინთეზი ქრისტიანობასთან, როგორც ეს იმჟამად კათოლიკურმა ევროპამ გააკეთა და ფაქტიურად დაადგა კონსერვაციის გზას. ამით მან თავისი მისია ამოსწურა, ხოლო კულტურული მისიის ამოწურვა ხშირად არსებობის შეწყვეტის ტოლფასია. პეტრე დიდს ძველი ახლისათვის რომ არ შეეწირა და არ შემოეტანა რუსეთში ქრისტიანულ-ანტიურ-არაბული კულტურების სინთეზზე აღმოცენებული ახალი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის მონაპოვარი, მაშინ რუსეთის მისიაც ამოწურულად უნდა ჩაგვეთვალა, რადგან პეტრე დიდის გარეშე არც ლომონოსოვი იქნებოდა, ლომონოსოვის გარეშე კი, შემდგომი რუსული ლიტერატურა და მეცნიერება. გააფრთებული წინააღმდეგობის მიუხედავად, მან აიძულა რუსეთი მიეღო ის, რაც ადრე ბიზანტიამ უარყო და მხოლოდ ამგვარად უზრუნველყო მისი მომავალი. და ეს ყოველივე გეორგიევსკის ტრაქტატამდე თითქმის საუკუნით ადრე მოხდა, ურომლისოდაც, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას სულიერი საფუძველი აღარ ექნებოდა. მართლმადიდებლური კულტურის სფეროში საქართველოს უფრო ღრმა და ხანგრძლივი ტრადიციები გააჩნდა, ვიდრე რუსეთს, ხოლო რაც შეეხება რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანს”, იგი თვით რენესანსის კულტურის ყველა უმაღლეს მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ასე რომ, მთელი საქმე იმ ერთ საუკუნეში გახლდათ, რომლის განმავლობაშიც რუსეთი ევროპული განვითარების გზას დაადგა. ამ კულტურისათვის, მასთან გათანაბრებისა და შემდგომი პერსპექტივისათვის შეინარჩუნა თავი საქართველომ, რაც დაუყვედრებლად ეკუთვნოდა. ეკუთვნოდა თუნდაც იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე ხელს უშლიდა სამხრეთიდან ანტიკულტურული იმპულსების შეჭრას რუსეთში, და იმიტომაც, რომ არ დაეყვედრება გაზიარება კულტურისა, რადგან კულტურა განყოფადი მატერია როდია, მისი გაზიარებით რომ მოგაკლდეს რაიმე. ასე რომ არ იყვეს, მაშინ ევროპის ქვეყნები გამუდმებულ ურთიერთობაში უნდა იყვნენ, რადგან მათი მაღალი კულტურა, საუკუნეთა მანძილზე გამუდმებულ ურთიერთგავლენათა შედეგია.

დიახ! საქართველომ რუსეთის მეოხებით მოიპოვა ხანგრძლივი მშვიდობა და ევროპულ კულტურასთან ზიარების საშუალება და ჩვენც ამისათვის ყვირილით ქვეყანას შევძრავდით ეს რომ კმაროდეს კომპენსაციად იმისა, რაც საქართველოს იმჟამად წაართვეს: გამოსტაცეს ენა და სახელმწიფოებრიობა, ურომლისოდაც გარდუვალია ნებისმიერი ერის დეგრადაცია და გადაშენება. როგორ უნდა დაეშვა საქართველოს იმგვარი დეგენარაცია, რომლის მსგავსი თვით სისხლის წვიმების დროშიც არ განუცდია?

ევროპის პროგრესულ იდეებთან ზიარების შემდეგ, იგი ამას მითუფრო არ დაუშვებდა. ქართველი ერი არასოდეს ყოფილა მორჩილი და ბრმად მიმყოლი, არც თუ მარტოოდენ სხვათა კულტურების ამთვისებელი, არამედ საკუთარი კულტურის ფესვებიც ღრმად ჰქონდა დედამიწის გულისაკენ გამჯდარი და ახალი სამომავლო მორჩების გამოღებაც არ გაუჭირდებოდა. ამაში უნდა დაერწმუნებინა რუსეთი საქართველოს და გეორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევისთანავე, საქართველომ დაიწყო კიდეც შინაგანი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ბრძოლა, რომლითაც რუსეთს კი არ ასუსტებდა, არამედ საკუთარ ძალთა მობილიზებას ახდენდა შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. რაღა თქმა უნდა, მოწინავე ქართველთა ერთადერთი მიზანი ტრაქტატით გათვალისწინებული უფლებების აღდგენა, ან რუსეთთან ურთიერთობამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნება უნდა ყოფილიყო. საქმემაც არ დააყოვნა: 1832 წელს შეთქმულება, საქართველოს ეროვნული ღირსებისადმი დიმიტრი ყიფიანის გამოქომაგება, თერგდალეულთა მამულიშვილური საქმეები, ეკლესიის მსახურთა, კირიონ საძაგლიშვილისა და ლეონიდე ოქროპირიძის მცდელობანი ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად - აი, გაუხუნარი ფურცლები საქართველოს ისტორიისა XIX-ე საუკუნის მანძილზე.

რით უპასუხა ძალმომრეობისადმი ქართველი ერის ამ ბუნებრივ რეაქციას იმპერიის ხელისუფლებამ? რეპრესიებით! გადასახლებაში გარდაიცვალა 1832 წლის შეთქმულების ყველაზე პრინციპული მონაწილე, პირველი ქართველი კანტიანელი სოლომონ დოდაშვილი; გადაასახლეს და მოსყიდული მკვლელის ხელით სიცოცხლეს გამოასალმეს ეროვნული სინდისის ქომაგი დიმიტრი ყიფიანი; ხანგრძლივი ვადით რუსეთს გაასახლეს საეკლესიო მოღვაწენი, კირიონი და ლეონიდე. თითქმის გადაულახავ დაბრკოლებებს უქმნიდნენ საქართველოს რჩეულ შვილებს მამულიშვილურ მიზანთა განხორციელების გზაზე, მაგრამ რაც მთავარია, მიზანი გამოიკვეთა და მოხევის პასუხი ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილებიდან”: - ,,ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდვნოდეს” - XIX-ე საუკუნის სამოციანელთა და მთლიანად საქართველოს უმთავრეს სამოქმედო პროგრამად იქცა. საქართველოს სამეფო აღარ არსებობდა, მაგრამ სული ერისა კვლავ ფხიზლობდა და ძნელბედობის მარწუხებიდან თავის დახსნას ლამობდა. ინდივიდუალიზმის ის გამთიშველი ძალა, უწინ რომ სახელმწიფოს აქუცმაცებდა, ახლა სხვაგვარად მოქმედებდა. სხვადასხვა კუთხის რჩეული ახალგაზრდობა, ადმინისტრაციულ ცენტრებში, თბილისსა და ქუთაისში იყრიდა თავს, სწავლა-განათლებით სულიერ კუნთებს იკაჟებდა და ცოდნის გასაღრმავებლად სარუსეთოდ წასული, კვლავ უკან ბრუნდებოდა, რათა ეროვნული დროშის გარშემო ერთ ბირთვად შეკრულიყო. უმეფოდ დარჩენილ ქვეყანაში ეროვნული საქმეებისთვის ზრუნვა, კულტურტრეგერთა ხელში გადადიოდა. ილია ჭავჭავაძე და მისი თანამებრძოლები გულმოდგინედ ცდილობდნენ თუ პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაბრუნებას არა, რაც იმჟამად ნამდვილად არ ძალედვათ, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენულობის შეგნების გაღვიძებას მაინც თავინათ თანამემამულეებში; რუსეთის გუბერნიის ადმინისტრაციულ პირობებში იმგვარი ატმოსფეროს შექმნას, სუვერენულ სახლემწიფოებს რომ გააჩნიათ. უპირატეს საზრუნავად თერგდალეულებმა მართებულად მიიჩნიეს ქართული ენისთავის ჩამორთმეული უფლებების დაბრუნება და არც შემცდარან, რადგან ენა იყო და მუდამ იქნება არა მკვდარი სიმბოლო, არამედ თავად ერის სიცოცხლის უმთავრესი ნიშან-სვეტი. ამ უტყუარი საშუალებით, თვითრწმენით ამაღლება, მოწინააღმდეგის თვალში ავტორიტეტის ამაღლებასაც ნიშნავადა, რაც შეუძლებელი იყო ახალი, მძლავრი ეროვნული ლიტერატურის შექმნის გარეშე. ეს გახლდათ იმჟამად ერთად-ერთი გარანტია საკუთარი მყოობადის შობისა. ამგვარი ბაზისის გარეშე, ქართული ენა, ცხოვრებისა და კულტურის ვერც ერთ სფეროში ვერ შეაღწევდა. გარდა ამისა, ლიტერატურა ხომ ენის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის პულსაციისა და განვითარების გამომხატველია, ნიშანი ერის სიცოცხლის უწყვეტობისა, რადგან მხოლოდ მკვდარ ენებზე არ იქმნება ახალი ლიტერატურა, იმ ენებზე, დიდი ხნის წინათ რომ მიატოვა ეროვნულმა ორგანიზმმა. საქართველოს წარსულის გმირული ფურცლების გაცოცხლებით, ახალი ეროვნული და საკაცობრიო მნიშვნელობის პრობლემების დაყენებით, ქართულმა მხატვრულმა და პუბლიცისტურმა ლიტერატურამ იმდენად დამუხტა მორალური ატმოსფერო, რომ საზოგადოებრივი აზრი ძირეული საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად მოამზადა, სწორედ ლიტერატურის ამ ახალი პოზიციებიდან დალაშქრეს თერგდალეულებმა თვითმპყრობელობის ერთის შეხედვით მიუდგომელი სიმაგრეები და გამოსძალეს იმპერიის მთავრობას ქართული ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გამოცემის, ქართული თეატრისა და სკოლების და ეროვნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საზოგადოებების დაარსების უფლება. ყოველივე ეს არ მომხდარა იოლად, ცენზურასთან და შოვინისტ რუს მოხელეებთან შეხლა-შემოხლის გარეშე; მაგრამ თავგამოდებულმა მამულიშვილურმა შემართებამ შეუძლებელი შესაძლებლად აქცია და გიორგიევსკის ტრაქტატის 100 წლის თავზე თუ პოლიტიკური არა, ქართველ ერს გარკვეული კულტურული ავტონომია მაინც მოუტანა.

ილია, აკაკი, ვაჟა-ფშაველა - ეს სამი სახელი ელავდა ყველაზე მკაფიოდ საქართველოს სულიერი ცხოვრების კაბადონზე. მიუხედავად დიდი გამჭრიახობისა, საყოველთაო ავტორიტეტისა და განსაკუთრებით კი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ილია ჭავჭავაძის ორგანიზატორული ნიჭისა, რაც უთუოდ მისი მკვლელობის უმთავრესი მიზეზი გახდა, ისინი არ ყოფილან პრაქტიკოსი პოლიტიკოსები და არც მიუმართავთ პოლიტიკური აქციებისათვის გეორგევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული სუვერენიტეტის მოსაპოვებლად, მაგრამ იმდენად დიდი იყო მათი დამსახურება ეროვნული თვითშეგნების გაღვიძების საქმეში, რომ ნაღვაწი მათი მარადიულ საგზლად გაჰყვება საქართველოს შორეული მომავლის გზებზე.

ქართველების სულიერი პოტენცია მარტოოდენ კულტურის სფეროში ან საზოგადოებრივი აზრის მომზადებაში როდი იხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობდა შესაფერისი სარბიელი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რადგან ქართველებს არ გააჩნდათ საკუთარი სახელმწიფო, ხოლო რუსეთის იმპერიის სამსახურში ყოფნა კარიერიზმის გარდა მათ სხვა არაფერს უქადდა, პოლიტიკურ ასპარეზზე სამოღვაწეო პოტენცია უმთავრესად ფარულ პარტიებში პრაქტიკული საქმიანობით ჰპოვებდა გამოსავალს. შემთხვევითი როდია, რომ რუსეთის რევოლუციების და მათ წინარე პერიოდში, ქართველებს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავათ რუსეთის სხვადასხვა პარტიებში, ზოგი მათგანი სოციალური პრობლემებითა და რევოლუციური პრაქტიკით იყო გატაცებული, ზოგიც ყოველივე ამას ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის იდეასთანაც ათავსებდა. ხშირად, ისინი, სოციალ-დემოკრატები, იმდენად ანტაგონისტურ პოზიციებს იკავებდნენ ქართველი სამოციანელების მიმართ, რომ თავიანთ წერილებში თვით ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, ილია ჭავჭავაძესაც კი ესხმოდნენ თავს. ილიასაც, ხალხის სიყვარული, უდიდესი ავტორიტეტი და პოპულარობა რომ უმაგრებდა მხარს, არაერთგზის გადაუჭერია მათთვის პუბლიცისტის მათრახი. მძლავრი პუბლიცისტური შემართებისა და საყოველთაო ავტორიტეტის გამო ხედავდნენ ისინი ჭავჭავაძეში მთავარ მოწინააღმდეგეს. მათ ვერ უპატიებიათ ილიასათვის, პირველმა რომ შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში სოციალური უთანასწორობისა და ბრძოლის თემა, ის ამბავი, რომ იგი არ მივიდა მათთან და არ დადგა მათ პოზიციებზე და, არც მივიდოდა, რადგან ვერ დადგებოდა იგი ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის პოზიციაზე. პარტიულობა წმინდა პოლიტიკური მოვლენაა. იგი იზღუდება მხოლოდ მისთვის მისაღები იდეების კომპლექსით და ძალაუფლებისათვის ბრძოლის გარდა ჰგულისხმობს ამ იდეების ცხოვრებაში გატარებას მიღწეული ძალაუფლების მეშვეობით. ვერც ილია, ვერც აკაკი და ვერც ვაჟა ვერ შეიზღუდებოდნენ რომელიმე პოლიტიკური იდეოლოგიით, რადგან მსოფლიო მოქალაქეები იყვნენ და თვით ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას მსოფლიო მოქალაქეობრიობის და სამართლიანობის პოზიციებიდან ეწეოდნენ. მათი მიზნებისათვის უცხო იყო ძალაუფლებისათვის ბრძოლა და ამგვარი ბრძოლის მეთოდები. ილია ჭავჭავაძე პოლიტიკური ბრძოლისა და საკუთარი სურვილის გარეშეც აშკარად იყო აღიარებული ქართველი ერის მამად და სახელმწიფოებრიობის მოპოვების შემთხვევაში, მის გარდა არავის ხვდებოდა წილად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინამძღოლობა. მიუხედავად ამისა, იმპერიის ტახტისათვის იგი არ წარმოადგენდა დიდ საშიშროებას და ამ თვალსაზრისით, მეფის ხელისუფლებას სოციალ-დემოკრატებისა უფრო ეშინოდა, თუმცა არც მათი ლიდერების მიმართ იყენებდა ფარულ ტერორს. ერთი რამ კი უთუოდ უნდა აღინიშნოს, ილია ჭავჭავაძის საზარელი მკვლელობის შემდეგ, მწერალი იროდიონ ევდოშვილი დემონსტრატიულად გამოვიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, რადგან ამ მკვლელობაში მის წევრებს სდებდა ბრალს. ასეა თუ ისე, ილია ჭავჭავაძის სიკვდილით მხოლოდ ის უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, ვისაც საქართველოში იმჟამად მისი ავტორიტეტი უშლიდა ხელს ლიდერობის მოპოვებაში.

მოვლენათა ფარული ურთიერთკავშირების გამო, მსოფლიო ისტორია სავსეა მოულოდნელობებით. მოულოდნელად დაჰკარგა საქართველომ სახელმწიფოებრიობა და მოულოდნელად დაიბრუნა იგი 1918 წელს, დაჰკარგა გარეშე ძალის ჩარევით, ხოლო დაიბრუნა საკუთარი ძალის ჩაურევლად, სისხლისღვრის გარეშე. თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებმა მოშალეს რუსეთის იმპერია, რასაც მისი არმიის რღვევა მოჰყვა, მალე რუსეთის ჯარის ნაწილებმა დასტოვეს საქართველო და ქვეყანა სახელმწიფოებრიობის რეალური დაბრუნების წინაშე დადგა. სრულდებოდა დიდი ხნის ნატვრა, რუსეთის იმპერიის მიერ გეორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევის მერე რომ არ მოსცილებია ქართველების გონებას. მაგრამ იმ დროის თავკაცები, რატომღაც გაუბედაობას ავლენდნენ და აყოვნებდნენ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას. ძნელია დადგენა - მორიდებულობას იჩენდნენ იმის გამო, რომ უბრძოლვევლად მიიღეს ამის საშუალება, თუ ეს იდეა ჯერაც არ დამკვიდრებულიყო ქართველი ხალხის შეგნებაში, როგორც პოლიტიკური აუცილებლობა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებრივი აზრი არ იყო ამისთვის მომწიფებული. მაგრამ საზოგადოებრივი აზრის მზაობა როდი ნიშნავს პოლიტიკური აუცილებლობის სიმყარეს. ამგვარ სიმკვიდრეს, პროგრამა, ორგანიზებულობა და რიგი პოლიტიკური აქციებისა უნდა უძღოდეს წინ. ამ მიმართულებით, ზემოხსენებულ საქმიანობას, საქართველოში ადგილი არ ჰქონია. ამგვარ მოქმედებაში, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი იდეის მესვეურები, ვერ შეედრებოდნენ სოციალ-დემოკრატებს, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა. ჯერ საქართველოს ეკლესიამ სცნო თავისი დამოუკიდებლობა, აღიდგინა ავტოკეფალია და ამით ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ ყოველთვის იყო ერთიანი და სუვერენული საქართველოს იდეის გამომხატველი. მის მაგალითს მალე თავკაცობის პრეტენდენტებმაც მიჰბაძეს და 1918 წლის 26 მაისს, საქართველო დამოუკიდბელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს. ეს მონაპოვარი არ წარმოადგენდა ძალთა მობილიზების უშუალო კულმინაციას, მაგრამ იგი უთუოდ ჩაითვლება იმ მიზნის განხორციელებად, რასაც XIX-ე საუკუნის მანძილზე თავიანთი სულიერი ენერგია შეალიეს საქართველოს რჩეულმა შვილებმა. ეს გახლდათ ლოგიკური და სამართლიანი პასუხი გეორგიევსკის ხელშეკრულების დამრღვევთა მიმართ.

მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. საქართველოს იმჟამინდელ მთავრობას, ორი ომის მოგერიება მოუხდა; იგი ხალხის მხარდაჭერითაც სარგებლობდა, მაგრამ მაინც ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. მას არ ესმოდა ერთი ჭეშმარიტება, რომ ძნელია თავისუფლების მოპოვება, მაგრამ გაცილებით უფრო ძნელია შენარჩუნება, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, საფრთხისა თუ უსაფრთხოების შემთხვევაში, აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება, ძალთა სრული მობილიზაციისათვის საშუროა დროებით მაინც მთელი საქართველოს ერთ სიმაგრე-ბანაკად გადაქცევა, სამხედრო და სამეწარმეო-სამეურნეო საწყისთა გამთლიანება, ცხოვრების სხვადასხვა სფეროთა ერთიანი მიზნისაკენ წარმართვა, თითოეული მოქალაქის ერთდროულად ჯარისკაცადაც და მეურნედაც გადაქცევა, ყველგან და ყველაფერში უაღრესი მობილიზება და მკაცრი დისციპლინა, სამშობლოსადმი სიყვარულისა და მოვალეობის გრძნობის უმაღლეს შეგნებაში გადაზრდა, რადგან შეუძლებელია დამოუკიდებლობის შენარჩუნება იქ, სადაც თავისუფლება საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ტოლფასოვნად არ მიაჩნიათ.
იმჟამად, საქართველოში, საგანგებო-სამხედრო მდგომარეობაც კი არ გამოუცხადებიათ, რაც რთულ ვითარებაში აუცილებელი ეტაპია ნებისმიერი დამწყები სახელმწიფოსათვის. საქართველოს მთავრობა საკმაო უსუსურობას ავლენდა იდეოლოგიურ-დისციპლინარული, დიპლომატიური და სახელმწიფო უშიშროებისათვის საშურ ღონისძიებათა გატარებისას; არ იგრძნობოდა გამოცდილება კადრების შერჩევაში, გაბედულება და დამაჯერებლობა აკლდა მის ყოველ მოქმედებას. არ იყო მჭიდრო და ორგანული საქართველოს პრეზიდენტი ნ. ჟორდანია ხალხთან, მის ავტორიტეტს უდაოდ აკლდა ელვარება. არ იგრძნობოდა მასში ერთდროულად გმირი და ბრძენი, ნებისმიერ გარემოებაში უყოყმანოდ რომ მოჰყვება ხალხი. და საერთოდ, ახლადშექმნილ სახელმწიფოში არ იგრძნობოდა გონების დაძაბული მუშაობა, ნებელობის მძლავრი პულსაცია, მიზანდასახული საქმიანობა მთელი ერისა, სახელმწიფოს განმტკიცებისა და შენარჩუნების საწინდარი. ვის უნდა შთაებერა ხალხისათვის იმჟამად დაუცხრომელი აქტიურობის სული, თუ არა საქართველოს მთავრობას?

შექმნილ ვითარებაში, გარდაუვალი გახდა ბოლშევიკების გამარჯვება ამიერკავკასიაში, რაც შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა:

1. სამოციანელთა მიერ გაღვიძებულმა ეროვნულმა თვითშეგნებამ ვერ ჰპოვა სრული რეალიზაცია პოლიტიკური პრაქტიკის სფეროში.

2. ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საქმეს არ განამტკიცებდა ჭეშმარიტი ინიციატორისა და ეროვნული გმირის საყოველთაო ავტორიტეტი. საქართველოს იმჟამად არ აღმოაჩნდა თავად ისტორიის მიერ დაყენებული ამ საქმის ნამდვილი მისიონერი. მოწამეები კი მრავლად დაშთნენ, რაც იშვიათი არ არის დამარცხების შემთხვევაში.

3. პოლიტიკური პრაქტიკის სფეროში, ბოლშევიკებს, იმჟამად ჰყავდათ ყველაზე ძლიერი და გამოცდილი წარმომადგენლები, ვიდრე სხვა პოლიტიკურ პარტიებს.

4. მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები საქართველოს სახელმწიფოსათვის არსასურველად ვითარდებოდნენ.

5. ქართველი მენშევიკების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატისტების უთანხმოებათა გამო, ამიერკავკასიაში მოქმედებდნენ გამთიშველი ძალები. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ბოლშევიკების მჭიდრო კონტაქტი, განსაკუთრებით რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, კიდევ უფრო ზრდიდა მათი წამატების შესაძლებლობას ამიერკავკასიაში.

6. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მყარი, ერთიანი მიზანი. მთავრობის შემადგენლობაში მყოფი მენშევიკები, ალბათ არც მოისურვებდნენ საქართველოს რუსეთისაგან გამოყოფას, იქ რომ მენშევიკებს გაემარჯვათ.

7. დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის საქმე, სახელმწიფოებრიობა, როგორც სიკეთის ერთადერთი გაგება, ერისათვის რჩებოდა მძლავრი იდეოლოგიური პროპაგანდის გარეშე, სტიქიური პატრიოტული გრძნობების ამარა, მაშინ, როდესაც ბოლშევიკებთან პოლიტიკური პროპაგანდის საქმე უმაღლეს დონეზე იდგა.

8. არ ჩატარებულა პირველი ეტაპისათვის აუცილებელი საყოველთაო სავალდებულო გასამხედროების ღონისძიება.

9. არ დასახულა პერსპექტივები ფინანსურ-ეკონომიური პოლიტიკის ძირეული გარდაქმნისათვის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის რეორგანიზაციისათვის. არ გადადგმულა კონკრეტული ნაბიჯები ახალი განვითარებადი სახელმწიფოს შესაქმნელად, რაიც, როგორც დამოუკიდებლობის ღირებულების ასამაღლებელი გარანტია, აუცილებელი იყო თვით იმ რთულ და არეულ ვითარებაშიც კი.

საქართველოში ხშირად გამიგონია მოსაუბრეთაგან როყიოდ წამოსროლილი ფრაზა, ქართველებს რომ დამოუკიდებლობა მოგვცა, მარტო ჩვენი მარგანეცი, ბორჯომის წყალი და კურორტები შეგვინახავდაო. ეს პარაზიტული აზრი, კარგს ვერაფერს ამბობს მთქმელის სახელმწიფოებრივი შეგნების დონეზე და ძალაუნებურად გიპყრობს ფიქრი: ნუთუ ეს იმ დროიდან გამოყოლილი აზრია? როგორ! მარგანეცი და კურორტები შეგვინახვადა და არა ჩვენი სულიერი სიმტკიცე, თავდადება და ტიტანური შრომა? გამოდის დამოუკიდებლობა და თავისუფლების არსი გაყიდვა და გაქირავება ყოფილა, რათა შემდეგ დაჯდე და სტომაქი ამოიყორო. გამოდის, ჩვენც იმ პრიმიტიული ხალხების დონეზე ვყოფილვართ, ბუნების მიერ მორთმეული მზამზარეულით, ან სხვისი ნასუფრალით რომ იკვებებიან. მაგრამ ასე არ სწირავს ჩვენი მღვდელი! ჩვენ, ოდითგან ხალიბებად და გიორგიანებად წოდებული პირველი მეტალურგები და სოფლის მეურნეები ვიყავით. უხსოვარი დროიდან გვქონია გარემოსთან შემოქმედებითი მიმართება. ჭეშმარიტი ქართული გაგებით, თავისუფლება შემოქმედებასთან იყო გაიგივებული, შემოქმედება კი, უმძიმესი ტვირთის ზიდვასთან.

მაგრამ საქართველოს იმჟამინდელმა მესაჭეებმა, ახალი ქვეყნის შემოქმედად ვეღარ ივარგეს. მათ ვერ შეიშნეს და ხელიდან გაუშვეს ალალბედად ნაშოვნი თავისუფლება და 1921 წელს, ბოლშევიკებმა, შეიარაღებულ ძალთა მეშვეობით, საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს საქართველოში, ფარ-ხმალაყრილი მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა. ასე დასრულდა საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა. გამარჯვებულებმა ამ ბრძოლას განმანთავისუფლებელი უწოდეს, ხოლო დამარცხებულებმა ინტერვენცია.

რა მიზანი ამოძრავებდათ ბოლშევიკებს? რა იყო მოტივი მათი მოქმედებისა? რამ მოიყვანა ისინი საქართველოში? ბოლშევიკებს ნამდვილად არ მოეპოვებოდათ იურიდიული საფუძველი საქართველოს მთავრობის კანონგარეშე გამოცხადებისა, მით უმეტეს, რომ მათაც სცნეს მანამდე საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. იმ მთავრობას უკანონობა არ ჩაუდენია არც ხელისუფლების მოპოვებისას და არც შემდგომ, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. მას არც რომელიმე კანონიერი მთავრობა დაუმხია და არც ვისმესთვის გამოუცხადებია სამართლიანი თუ უსამართლო ომი, არც რაიმე მავნე ანტიჰუმანური პროპაგანდა გაუწევია და არც რეპრესიებით შეუწუხებია თავისი ხალხი. ეს იყო არცთუ ძლიერი, ჩვეულებრივი მთავრობა, რომლის მსგავსი, შეიძლება ჰყავდეს ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს. მან რომ ქართველი ხალხი ფართე მასშტაბის მოქმედებაში ვერ მოიყანა, ეს როდი ნიშნავს, რომ ხალხი ანტიპატიურად იყო მისადმი განწყობილი და სურვილი არ ჰქონდა საკუთარი მთავრობა ჰყოლოდა. ხალხმა მას მხარი დაუჭირა, იბრძოლა კიდეც მედგრად და მოსულებს წინააღმდეგობა გაუწია იმდენად, რამდენადაც ამ მთავრობამ შესძლო მისი ძალების მობილიზება. ზედმეტია მტკიცება იმისა, რომ ქართველ ხალხს ჩაგრულის პოზიცია ეკავა და განთავისუფლებას ესწრაფვოდა; არც საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას ლამობდა იგი, რადგან არ არსებობს დედამიწის ზურგზე ერი, მსგავსი სურვილი რომ ამოძრავებდეს, და ან საიდან უნდა სცოდნოდა ქართველ ხალხს, თუ რას პირდებოდნენ ახლად მოსულნი ძველის მაგიერ?

ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე, იყო საკუთარი იდეოლოგიისა და სახელმწიფოებრივი წყობილების გავრცელება ყოფილი რუსეთის იმპერიის მთელს ტერიტორიაზე, რუსული ენის გავრცელების არეში, ყველა იმ პუნქტში, სადაც კი როდესმე არალეგალური უჯრედი დაუარსებიათ იდეოლოგიური მუშაობისა და პოლიტიკური აქციების განსახორციელებლად. მათ რიგებში იყვნენ ყოფილი იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან მოსული პირები, რომელთა პრესტიჟისათვის, როგორც ჩანს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ იდეოლოგიისა და წყობილების გამარჯვებას მათი ყოფილი მოქმედების არეში. ის, ვინც მიესწრაფვის სოციალისტური წყობილების მთელს მსოფლიოში გავრცელებას, ცხადია დაიწყებდა იქედან, სადაც ხელი უფრო იოლად მოიუწვდებოდა. ამგვარი მიზნების განხორციელებას, რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ შემდეგი იურიდიული გამართლება მოუნახა. თუკი ნებისმიერ მიმდებარე ქვეყანაში მათი მომხრეებისაგან შემდგარი თვით უმცირესი ჯგუფიც კი, სთხოვდა მას შეიარაღებულ დახმარებას ადგილობრივი წყობილების დასამხობად, საკუთარი იდეოლოგიისა და წყობილების ერთად-ერთ მართებულ წყობილებად მიჩნევის საფუძველზე და პროლეტარიულ-ინტერნაციონალური სოლიდარობის საბაბით, იგი ამგვარი ჩარევის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს, რაც ხსენებულ სახელმწიფოში შეიარაღებული ძალებით შეჭრას ნიშნავდა. იდეოლოგიურს, ან რელიგიურ საფუძველზე სხვა ქვეყნის საქმეებში შეიარაღებული ჩარევის მსგავს პრეცენდენტებს, ადრეც ჰქონია ადგილი მსოფლიოს ისტორიაში და ეს ამბავი ბოლშევიკების გამონაგონი არ გახლავთ. სწორედ ამგვარი იდეოლოგიური მოტივით და მოქმედების ექსპანსიური ფორმით შემოიჭრნენ და დამკვიდრდნენ ბოლშევიკები საქართველოში და იმის დასამტკიცებლად, რომ მათ მოქმედებას არაფერი აქვს საერთო ველიკორუსული დამპყრობლური პოლიტიკის გამოვლინებასთან, როგორსაც ადგილი ჰქონდა გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევისას. გაუქმებული ქართული სახელმწიფოს ნაცვლად, მათ რაიმე ისეთი უნდა შემოეთავაზებინათ, რასაც მათის აზრით უნდა უვნებელეყო ამგვარი სახის მოსალოდენლი ბრალდება. რუსეთში შემავალ ოლქად საქართველოს გამოცხადების საკითხი არც კი წამოჭრილა, რადგან გაბათილების ნაცვლად, იგი აშკარად ცხადყოფდა ამგვარი ბრალდების სისწორეს. ხელაღებით იქნა უარყოფილი ქართველ ბოლშევიკთა ერთი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტი, რომელიც ახლად დამყარებული წყობილების შენარჩუნებით საქართველოს რუსეთისაგან სრულ გამოცალკევებას ითვალისწინებდა. და ვინაიდან უკლონისტებად სახელდებული ეს დაჯგუფება პრინციპულად მოითხოვდა ამ პროექტის განხორციელებას, ეს შინაპარტიული კონფლიქტი, ამ ჯგუფის ლიკვიდაციით დამთავრდა. როგორც ჩანს, ზემოხსენებული პროექტის უარმყოფლებს არ ჰქონდათ იმედი რუსეთის გარეშე საქართველოში ახლად დამყარებული წყობილების შენარჩუნებისა და ბოლოს, ბოლშევიკებმა ახალი ტიპის ექსპერიმენტული სახელმწიფო შესთავაზეს ხალხებს, რითაც პირველად გადადგეს პრაქტიკული ნაბიჯი დაახლოებით იმგვარი მრავალფეროვანი სახელმწიფოს შესაქმნელად, ასე საოცრად რომ ჩამოჰგავს გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ემანუელ კანტის მიერ აპრიორული მეთოდით მიკვლეული სახელმწიფოს პროექტს (მსგავსებას მხოლოდ ეროვნული სტრუქტურის თვალსაზრისით აქვს ადგილი, რადგან სოციალურ სტრუქტურასა და იდეოლოგიურ საფუძველს კანტი არ შეჰხებია).

ეს იყო სხვადასხვა სახელმწიფოს გაერთიანებით შექმნილი ერთიანი სახელმწიფო, რომელშიც არ უნდა ჰქონოდა ადგილი თითოეული მათგანის სუვერენიტეტის ხელყოფას. უწინ რუსეთის იმპერიად სახელდებული ქვეყანა, ახლა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირად იწოდებოდა და ეროვნული სხვაობის მიხედვით, განიყოფოდა რესპუბლიკებად, ავტონომიურ რესპუბლიკებად და ავტონომიურ ოლქებად. თითოეულ ამ სახელმწიფო ერთეულს ჰყავდა თავისი მთავრობა, რომელიც ექვემდებარებოდა კავშირით შექმნილი ერთიანი სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გამომხატველს. კანტის წარმოდგენით, სახელმწიფოები ნებაყოფლობით უნდა შეკრებილიყვნენ ერთი ძლიერი სახელმწიფოს გარშემო და ამგვარი კავშირი მათ შორის მუდმივი მშვიდობის გარანტიად უნდა ქცეულიყო. რესპუბლიკებად წოდებული სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, მართლაც, რსფსრ-ის გარშემო აღმოჩნდნენ შემოკრებილნი, თუმცა კანტის ფორმულა ნასესხებიც არ ყოფილა. აქვე გარკვევით უნდა ითქვას, რომ ამ ხალხების ხელახალი შემოკრება რუსეთის გარშემო, მოლაპარაკებებით არ მომხდარა და ამდენად არც ნებაყოფლობითი ყოფილა. როგორც საქართველოს მაგალითზე ჩანს, იგი საბჭოთა რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ჩარევით იქნა მიღწეული. მხოლოდ ამგვარი შემოკრების შემდეგ იქნა შეთავაზებული ერთიანი სახელმწიფოს ზემოხსენებული პროექტი, სახელმწიფოსი, რომელშიც დაცული უნდა ყოფილიყო მასში შემავალი რესპუბლიკების სუვერენიტეტი, სსრკ-ის კონსტიტუციით გარანტირებული უნდა ყოფილიყო მათი კავშირში შესვლისა თუ კავშირიდან გასვლის თავისუფლება. აგრეთვე თანასწორუფლებიანობა თითოეული ერისა, ნებისმიერ რესპუბლიკას უნდა ჰქონოდა სახელმწიფოებრიობის აღმნიშვნელი ყველა ატრიბუტი თუ საკუთარი სიმბოლო: კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი, გერბი და ა. შ.

ერთაშორის ურთიერთადმოკიდებულების თვალსაზრისით რაც დაიწერა, უმაღლესი სამართლიანობის თვალსზაზრისით დაიწერა და ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ერთა შორის უძლიერესი როგორ გაატარებდა ცხოვრებაში ქაღალდზე აღნიშნულს. მასზე იყო დამოკიდებული ყველა ნებაყოფლობითობის ცხოვრებაში რეალიზება. რესპუბლიკათა თანმხლები სიტყვა "მოკავშირე", სავსებით ეხმიანებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის სულისკვეთებას, ხოლო სიტყვა "ძმობა", უფრო მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობდა. მაგრამ, მიუხედავად შემოთავაზებული პირობებისა, ქართველ ხალხს მაინც არ დაუკლია მცდელობა დამოუკიდებლობის დაბრუნებისა, რადგან ძალმომრეობა, მის კავშირში შეყვანის დროს რომ ჰქონდა ადგილი, ნდობას უკარგავდა მას იმათ მიმართ, ვისზეც უშუალოდ იყო დამოკიდებული კონსტიტუციით გათვალისწინებული ნებაყოფლობითობის ცხოვრებაში რეალიზება; რადგან ისიც ცნობილია, რომ სიტყვა სახელმწიფო, როგორც იძულების საშუალება, უკვე გამორიცხავს ნებაყოფილებას. ნებაყოფილება ადამიანის, მხოლოდ ღვთისა და მოყვასისადმი მიმართებაში შეიძლება გამოიხატოს. მოქალაქის სახელმწიფოსადმი მიმართება კი ძირითადად ვალდებულებითია. ამით განსხვავდება ღვთისა და კეისრისადმი მისაგებელი. მაგრამ ვალდებულებითი შეიძლება იყოს ისეთი რამ, რასაც ნებაყოფლობითაც გააკეთებდი და ისეთი რამაც, რასაც იძულებით აკეთებ. იდეალურია სახელმწიფო, რომელშიც ვალდებულებითობა რაც შეიძლება მეტად უახლოვდება ნებაყოფლობითობას. მაგრამ ამგვარი იდეალურობისადმი რწმენა ქართველებში შეარყია მათ მიმართ დასაწყისშივე ჩადენილმა ძალმომრეობამ, რასაც მოჰყვა 1924 წლის გამოსვლები, პატრიარქ ამბროსი ხელაიას მიერ გენუის ეროვნებათა კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმი, მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას ღია წერილი ლენინისადმი და ა. შ. ყოველივე ეს თვალნათლივ მეტყველებდა ქართველი ხალხის მცდელობაზე, დაებრუნებინა საქართველოსათვის იმგვარი დამოუკიდებლობა, თავად რომ მიაჩნდა იდეალად. გამოსვლებს მოჰყვა სისხლიანი რეპრესიები. ამბროსი ხელაია თანამოსაყდრეებთან ერთად დააპატიმრეს და გააციმბირეს. პატიმრობაში აიყვანეს კონსტანტინე გამსახურდიაც და სამი წლით სოლოვკებში გადაასახლეს, ხოლო რესპუბლიკათა კავშირში შესვლისა თუ კავშირიდან გასვლის ნებაყოფლობითობა, მიუწვდომელ ქიმერად რჩებოდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ერთხელაც კი არ მიუმართავთ ღია რეფერენდუმისათვის, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ზუსტად განსაზღვრა და დადგენა ხალხის სურვილისა.

მას მერე საკმაოდ ბევრმა წყალმა ჩაიარა. თაობას თაობა მოჰყვა და ურთიერთობებშიც ბევრი რამ გაირკვა, ქართველმა ხალხმა რომ ვერ დაიბრუნა 1921 წელს დაკარგული სახელმწიფო, ამიტომ ხელებს ვერ დაიკრეფდა კულტურულ, მეცნიერულ და მატერიალურ საქმეებს ღვთის ანაბრად ვერ დასტოვებდა. მას ახალ, შემოთავაზებულ პირობებში უნდა ეცადა შემოქმედებითი ძალები, შეემოწმებინა თავისი სამოკავშირეო უფლებების იურიდიული სიმკვიდრე, და მთავარი მოკავშირის მიმართებანი მისადმი და კონსტიტუციური ვალდებულებებისადმი. მას მერე ბევრი ხოტბა და სადღეგრძელო აღვლენილა, მოთმინების თასმებიც გაწყვეტამდე დაჭიმულა და პრეტენზიებიც ცხადია დაგროვდა. და ეს ბუნებრივიცაა, რადგან არათუ სახელმწიფოებს, ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ ორ ადამიანსაც კი უჩნდება ხშირად პრეტენზია ურთიერთის მიმართ. ზოგიერთი ეროვნებით რუსი საბჭოთა მოქალაქე სიტყვა პრეტენზიის ხსენებაზე ნამდვილად ვერ მოითმენდა და ასე მომიგებდა:

,,თუ მართლაც სუბიექტურად არ უდგებით ჩვენი ერების ურთიერთობის საკითხს, რა პრეტენზია შეიძლება გქონდეთ ქართველებს რუსების მიმართ? რუსეთის იმპერიის მიმართ უკმაყოფილება კიდევ გასაგებია და ჩვენც არაერთგზის დაგვიგმია ცარიზმის პოლიტიკა, მაგრამ დღეს განა თქვენც რესპუბლიკად წოდებულ ისეთსავე ერთეულს არ წარმოადგენთ, და იმგვარივე ეროვნული მთავრობა არ გყავთ, როგორც ჩვენ? საკავშირო მთავრობის შემადგენლობაში განა იმთავითვე მრავლად არ შედიოდნენ სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლები და მათ შორის ქართველებიც, დიდი ხნის მანძილზე წამყვანი ადგილები რომ ეკავათ? რატომ უნდა შევრაცხოთ მაინცდამაინც რუსები ყოველივე კარგისა თუ ცუდის მიზეზად და არა ყველანი ერთად? განა რუსებისათვის იგივე კანონები არ იწერებოდა, რაც ქართველებისთვის? თუ ჭირისა თუ ლხინის მეტ-ნაკლებობას ჰქონდა ადგილი? განა გუმილიოვის, მანდელშტამის თუ სხვათა სიკვდილის მიზეზს ისევ დუმილით არ უვლიან ამჟამად გვერდს ბიოგრაფები, როგორც მიხეილ ჯავახიშვილისას, ტიციან ტაბიძისას, ვახტანგ კოტეტიშვილისას, ევგენი მიქელაძისას და სანდრო ახმეტელისას? განა ისევე არ უჭირდათ როდესღაც ცვეტაევას და ბულგაკოვს, როგორც დავით კაკაბაძეს, გუდიაშვილსა და გამსახურდიას? განა არ უდრის პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა და გალაკტიონის უკანასკნელი ნახტომი მარადისობისაკენ, ესენინისა და მაიაკოვსკის მიერ საკუთარი ხელით თავში დახლილ ტყვიას? განა ისევე არ მოჰკითხეს იაგოდას, ეჟოვს, აბაკუმოვსა და რიუმინს ცოდვები, როგორც ბერიას, გოგლიძეს, რაფავასა და რუხაძეს? და თუ რამ საქართველომ იწვნია, რუსეთსაც იგივე გადახდა: თუ ჩვენთვის ვაშენებდით, თქვენთანაც შენდებოდა, თუ რამეში დანაკლისს განიცდიდით, ჩვენც განვიცდიდით. გეგმებით გტვირთავდნენ? ჩვენც ვიტვირთებოდით, თუ რამე გეკრძალებოდათ, იგივე ჩვენც გვეკრძალებოდა. თუკი რამ იმჟამად სახელმწიფოში ხდებოდა, ინიციატორები ხელისუფლების სათავეში მდგომი ქართვლებიც იყვნენ და თუ რამ არ მოგწონთ, მათაც უნდა მოკითხოთ. მაგრამ ზადს თუ ხედავთ, ბარემ კარგიც დაინახეთ. მოკავშირეობამ არ მოგვანიჭა ხანგრძლივი მშვიდობა მოცემულ რეგიონში? მშვიდობამ კი მეცნიერებისა და კულტურის მძლავრი აღმავლობა, აღმავლობა სახელდობრ ეროვნული კულტურებისა? განა არნახული აღორძინება არ განიცადა თქვენმა ლიტერატურამ და ხელოვნებამ ჩვენს დროში? განა იმგვარივე დარჩა მისადმი ინტერესი XIX-ე საუკუნეში რომ ჰქონდა ადგილი? თითქმის მთლიანად არ ითარგმნა რუსულად თქვენი ძველი და უახლესი კლასიკური ლიტერატურა? ყოველმხრივ არ ვუწყობთ ხელს ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე გატანას? იგივე არ ითქმის სხვა დარგებზე? განა ჩვენს დროში არ იქცა აგრარული საქართველო ინდუსტრიულად? რამდენი ინსტიტუტი და სპეცსასწავლებელი გაიხსნა: და რაც მთავარია, მოგეცათ საშუალება საკუთარი ქართული აკადემიის დაარსებისა, რაიც XII-ე საუკუნის შემდეგ არ გღირსებიათ. და ან გყოლიათ როდესმე ამდენი მეცნიერი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ნებისმიერი დარგისა? მაშ რა გინდათ, რაღას გვემართლებით? ეგებ შენ და შენნაირები საკუთარ ბოღმას ვერ მორევიხართ და ჩვენზე გადმოსანთხევად დაეძებთ მიზეზს? თუ ასე არ არის, მაშ გიორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლის თავზე, ჩვენ რომ ვზეიმობთ, ნაგავში რატომ იქექებით? რატომ ამჩნევ მხოლოდ აუგს და კარგის დანახვა არ გსურს?

ამგვარი საყვედურის მთქმელს მოსარგებ პასუხს დავუბარებ: "კარგად მესმის შენი მეგობარო, რადგან შენი თვალებითაც ძალმიძს ვუცქირო სამყაროს, მაგრამ პასუხს მხოლოდ ჩემი თვალთახედვის საწყაულით მოგიწყავ"... არც ჩემი ერი, არც მე, ბედის მგმობელები არასოდეს ვყოფილვართ, არამედ ვიყავით მხოლოდ შავს ბედთან მებრძოლები. ამადაც ბოღმის ნთხევა უცხოა ჩვენთვის. არც თუ ნაგავში ქექვა გვჩვევია, მაგრამ თუ ჩვენი ურთიერთობის ისტორიის გახსენებისას როდესმე ნაგვისთვის ფეხი წამომიკრავს, მერწმუნე იგი არც მე, არც ჩემს თვისტომებს არ დაგვიყრია. და თუ მის დანახვასა და აღნიშვნასაც ვერავინ დაგვასწრებს, მადლიერების ნაკლებობას ვერავინ დაგვწამებს და არც გახსენება გვჭირდება პატივი მივაგოთ ბალმონტს, პასტერნაკს, ანდრეი ბელის, ზაბოლოცკის, ნეოჰაუზს, სიმონოვს, ახმადულინას თუ სხვა რუს მოღვაწეებს საქართველოს, მისი ლიტერატურისა და ხელოვნების დაფასებისათვის. მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ქართველი კაცი მშვიდობიანობისას ისევე მარჯვედ ხმარობს კალამს, ფუნჯსა და გუთანს, როგორც ომიანობის დროს მახვილს. საქართველო, სხვა კულტუროსანი ერების მსგავსად ჰქმნიდა და თუკი ხელი არაფერმა შეუშალა, მომავალშიც შეჰქმნის აზრისა და მშვენიერების საოცრებებს და მათ დამფასებელს თავად აეწევა ფასი ღირსეულის დაფასებისათვის. განა ბერძნებს მადლობის ძახილში უნდა ჩაუწყდეთ ხმა იმისათვის, მსოფლიოს ყველა კულტუროსანმა ერმა რომ თარგმნა ჰომეროსი მშობლიურ ენაზე, ასევე ინგლისელებს შექსპირისა და ბაირონის, გერმანელებს გოეტესა და შილერისათვის და ა. შ. განა ქართველებმა ქართული კულტურის ზემოთხსენებულ დამფასებლებს არ მიუზღეს თავის დროზე სამაგიერო რუსული კულტურის დაფასებით? კულტურის სფეროში თუკი ღირსეული რამ იქმნება, თავზე მოხვევას არ საჭიროებს, რადგან იგი ყველასათვის მისაწვდომ ადგილას ძევს და თვალზე ხელის ამფარებელი ბევრიც რომ აღმოჩნდეს, ზეაწვდილი ჩირაღდანი ბნელს მაინც გაანათებს. იგივე ითქმის მეცნიერებასა და ტექნიკაზე. მეცნიერული აზრი ერთი ერისა და და სახელმწიფოს ჩარჩოებით ვერ შემოისაზღვრება, რადგან მისი განვითარების საწინდარი მხოლოდ მსოფლიოს მეცნიერთა გამუდმებული კოორდინირებული მოქმედებაა, ამიტომ ქართული მეცნიერებაც ერთ-ერთი რგოლია მსოფლიო მეცნიერული აზროვნების ერთიანი ჯაჭვისა. დღეს, ნებისმიერი დარგი სათანადო მეცნიერებით თუ არ შეიარაღდა, ვერ მიაღწევს იმ დონეს, რა მოთხოვნასაც ეპოქა უყენებს და რა გასაკვირია, თუკი იმ დარგებმა, რომელთა განვითარების საშუალებას საქართველო იძლევა, მძლავრი მეცნიერული აღმავლობა განიცადეს. გარდა ამისა, მეცნიერების, განსაკუთრებით კი ტექნიკის განვითარება მსოფლიოში, უპირატესად ორი სისტემის დაპირისპირებამ გამოიწვია; ორი სისტემის დაპირისპირებამ, სადაც ერთი მეორის მესაფლავედ, ან მესაფლავის ქომაგად მიიჩნევს თავს, წარმოშვა უნდობლობა, ფარული თუ აშკარა შეჯიბრი შეიარაღებაში, რამაც ბიძგი მისცა ტექნიკის არნახულ განვითარებას; რადგან ისიც ცნობილია, რომ წარმოების საშუალებათა, დაზგათმშენებლობის, აგრეთვე ენერგიის წყაროთა მოძიების პრინციპი ერთიდაიგივეა სამხედრო, თუ სამოქალაქო ტექნიკისათვის. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ერთი იდეოლოგიის პრიორიტეტი და ერთპარტიულობა რამდენადმე ამუხრუჭებს სიტყვის თავისუფლების საქმეს ჩვენში, სამაგიეროდ სწავლა-განათლების სისტემა ერთობ დემოკრატიულ პრინციპს ემყარება და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა თავისი ნიჭის, სურვილისა და სიბეჯითის შესაბამისი განათლება მიიღოს, რაც უდავოდ საიმედო ბაზისია ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებისათვის.

რაც შეეხება შენიშვნას, თუ რატომ უნდა მივიჩნიოთ ყოველივე კარგისა თუ ცუდის მიზეზად რუსები, რომლებიც გასაბჭოების შემდეგ არ ყოფილან ერთპიროვნული მმართველები, ამგვარად ვუპასუხებთ: დიახ! ყველას და მათ შორის, სათავეში მდგომ ქართვლებსაც უნდა მოვკითხოთ, თუ რამ სააუგო მომხდარა! მაგრამ ეგეც იცოდეთ: სწორედ სათავეში მდგომმა ქართველებმა, განსაკუთრებით იმან, ვის სახელსაც ხშირად სამშობლოსთან აიგივებდით, შეაკავა მასსა ქართველებისა და ხელი ააღებინა უკიდურესი ზომების მიღებაზე 1921 წლის ამბების საპასუხოდ. თორემ, ისტორიის სარბიელზე, ქართველ გარიბალდსაც იხილავდით.

გარდასული დროის უსიამოვნო ფაქტები იმიტომ როდი გავიხსენე, რომ წინაპართა ცოდვები ამჟამად მცხოვრებ რუსებს დავაბრალო, რადგან ისიც კარგად ვიცი, რომ ისტორიისადმი ამგვარი მიდგომა სისხლის აღების წესზე უარესია. დამერწმუნე, აღშფოთება ჩემი, მტრობას როდი ნიშნავს, როდი ნიშნავს სურვილს რუსეთი ხელმოცარული ან დასუსტებული ვიხილო და ამით გული მოვიოხო, არამედ პირიქით, ვიხილო რუსეთი მართალი, თავმდაბალი, სიტყვისა და საქმის გამაიგივებელი, უაღრესად ზნეკეთილი და მორალურად ძლიერი, რადგან მის ფიზიკურ სიძლიერეში ეჭვი არავის ეპარება. ამიტომ ნუ გვიწყენს ჩვენი პარტნიორი, თუ ორიოდე პილპილმოყრილი სიტყვით მივმართავთ იმ სატკივარისათვის, ბოლო ხანებში რომ დაგროვდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გასაბჭოების შემდეგ, ჩვენში არსებობდა ქართული ჯარის ნაწილები. მეორე მსოფლიო ომში, ქართული დივიზიები იბრძოდნენ ფრონტზე, და არც თუ სხვაზე ნაკლებად. მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ამბების შემდეგ, რატომღაც სავსებით გააუქმეს ეროვნული ჯარის ნაწილები. რაშია საქმე! აღარ გვენდობიან, თუ ქართული ან სხვა ენები გამოუსადეგარია სამხედრო საქმისათვის? რესპუბლიკა თუ სუვერენულია, ეროვნული ჯარის ნაწილებიც ხომ უნდა ჰყავდეს? თუ მოძველდა გეორგიევსკის ტრაქტატის შინაარსი, სახელმწიფოებრიობის ამ ატრიბუტსაც რომ ჰგულისხმობს? მავანმა სამხედრო სპეციალისტმა შესაძლოა აქ შეგვისწოროს, მიგვანიშნოს ამ საკითხში ჩვენს არაკომპეტენტურობაზე და დასძინოს, რომ ამგვარი ცვლილებები განაპირობა დღევანდელი სამხედრო სპეციფიკის თავისებურებებმა, რომ სამხედრო ტექნიკის სწრაფმა განვითარებამ და დღევანდელმა საერთაშორისო ვითარებამ, განაპირობა ერთობ სწრაფი და ფართე მოქმედების არმიათა შექმნა, ჯარის სხვადასხვა სახეობათა ურთიერთშერწყმა, მართვის ცენტრალიზება და ერთი წარმმართველი მიზანისადმი მათი დაქვემდებარება, რომელთა მოქმედების წარმატება, შესაძლოა თითოეულმა წუთმაც კი განაპირობოს, რისთვისაც საჭიროა ერთობ ზუსტი, სწრაფი, რთული ტექნიკური ცოდნით აღჭურვილი და კოორდინირებული მოქმედება. ამ სირთულეთა გასაიოლებლად კი, სასურველია ერთენოვანება არმიაში და რუსულ, როგორც დამაკავშირებელ ენაზე უკეთ, ამ ფუნქციას ვერც ერთი სხვა ენა ვერ შეასრულებს. ასე გამოდის, ამგვარი ვითარების გამო, ოცნებასაც კი უნდა გამოვეთხოვოთ ქართული ჯარის ნაწილების არსებობაზე, სამხედრო შენაერთებში ქართული ენის ფუნქციონირებაზე. ნეტა საერთაშორისო ვითარება იმგვარად წარიმართოს, რომ ყველგან და სამუდამოდ გააუქმონ სამხედრო ნაწილები, მაგრამ რადგანაც ამგვარი ცვლილებებიდან ჯერ კიდევ შორსა ვართ, ამიტომ არ არსებობს არგუმენტი, რომელსაც ძალედვას უარყოფა რესპუბლიკის სუვერენიტეტის ერთ-ერთი ატრიბუტის, ქართული ეროვნული ჯარის ნაწილების საჭიროებისა. მაგრამ მარტოოდენ ეს ფაქტი როდია ჩვენი დაფიქრების საგანი.

ამა საუკუნის 70-იანი წლების შუა პერიოდში, იყო მცდელობა ქართული სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ქართულ განყოფილებაში ზოგიერთი საგნის რუსულად სწავლის შემოღებისა. ქართული საზოგადოებრიობის აღშფოთებისა გამო, ეს ღონისძიება ვერ განახორციელეს. აღშფოთება ერთობ ბუნებრივი და სამართლიანი იყო, რადგან ენა ქართული მარტოოდენ შაირებისთვის როდია ვარგისი, არამედ ნებისმიერი მეცნიერებისთვისაც. კარგად ვიცით, რომ მომავლის უნივერსალური ადამიანი, თანაბრად უნდა სწვდებოდეს, როგორც მხატვრულ, ასევე მეცნიერულ სფეროებს. სამყაროს უნდა სჭვრეტდეს ერთდროულად ხელოვანისა და ანალიტიკოსის თვალით, რაც აუცილებელია უმაღლესი შემეცნებისათვის. ანდრეი ბელის გამოთქმით, იგი თავად უნდა იყოს მრავალძალი, მრავალსიმიანი, რომ შეეძლოს მარადისობის საკრავზე დაკვრა. ამგვარი უნივერსალიზმის ეტალონები იყვნენ წარსულში ლეონარდო და ვინჩი, გოეტე, ლომონოსოვი, შტაინერი და ა. შ. მაგრამ ისინი როგორც მხატვრულ, ასევე მეცნიერულ ქმნილებებს თავინთ მშობლიურ ენაზე ქმნიდნენ, რადგან ნებისმიერი ენა განუყოფელია და თავისავე თავში ამთლიანებს ცხოვრებისა და საქმიანობის პოლარულ მხარეებს. ჩვენი სამართლიანი და შეუმუსრავი სურვილია, მსგავსად ლიტერატურული ქმნილებებისა, ქართული მეცნირებაც მუდამ ქართულად იქმნებოდეს და ქართულსავე ენას ამდიდრებდეს. ქართველი მოსწავლე თუ სტუდენტი საქართველოში ქართული სახელმძღვანელოებით უნდა ითვისებდეს ნებისმიერ საგანს და ამას მარტოოდენ ფორმალური მნიშვნელობა როდი გააჩნია, არამედ უაღრესად მორალურიც. უფრო დიდი და შორეული მიზნებისათვის, არავისთვის დაუშლიათ ჩაღრმავება რუს, თუნდაც გერმანელ ან ინგლისელ მეცნიერთა ნაშრომებში. და თუ საქმისათვის საჩქაროა საკავშირო ასპარეზზე გატანა, რომელ ქართველ მეცნიერს გაუჭირდება რუსულადაც გამოსცეს თავისი ნაშრომი. ინტერნაციონალური სულისკვეთების გაძლიერებას, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ერთენოვანების შემოღება და მშობლიური ენის უგულველყოფა როდი იწვევს. ზეეროვნულობისა და ინტერნაციონალიზმის საფუძველი არა ენის, არამედ აზრის ფენომენში უნდა ვეძიოთ, რადგან აზრია ჭეშმარიტად ზეეროვნული ბუნებისა, მყარი და უცვლელი ნებიმსიერ ენაზე გამოხატვისას. მაგრამ მარტოოდენ აზრი როდია ზეეროვნულობის დასაყრდენი.

ისე, ვით ერთია ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენლისათვის სიზმრების სამყარო, მითოსური ეპოქიდან დღემდე, ასევე ზეეროვნულია სიმბოლიკის ენა, რისთვისაც ღაღადებს სიმბოლური ანბანის, ხატოვან-სიმბოლური ნიშნების იდენტურობა სხვადასხვა ხალხებთან, ზეეროვნულია მშვენიერება სახვითობისა თუ ფერწერისა ხელოვნებაში, აგრეთვე, ენა მუსიკისა, რომელსაც თარგმნა არ სჭირდება. განა არის ამქვეყნად რაიმე ამაღლებული სიყვარულზე უფრო ზეეროვნული, რომლის წინაშე ყოვლად უსუსურია გამთიშველი ძალა ნაციონალური, რასობრივი თუ წოდებრივი ანტაგონიზმისა. ზეეროვნულია თავად სიკვდილი, ელვარე ვარსკვლავეთი, ლაჟვარდირება ცისა და უკვდავება სულეთში! აი, სად უნდა ვეძიოთ და ვპოვოთ საწყისები კოსმიური მოქალაქეობისა და ჭეშმარიტი ინტერნაციონალურობის, და არა ერთენოვანების დანერგვის ცდაში. ენა წმინდათა წმინდაა ნებისმიერი ერისათვის, მისი ღირსებისა და განუმეორებლობის ბეჭედი და მასთან მიმართება მოკრძალებასა და მოწიწებას მოითხოვს. ამიტომაც, დაჭრილი აფთარივით წამოვენთებით ხოლმე, ჩვენი ერის უფლებამოსილებას თუკი ვინმე შეეხება. ამასთან დაკავშირებით, ერთი ამბავი უნდა გავიხსენო. 1978 წლის აპრილში, ქართველ ხალხს მრავალრიცხოვანი დემონსტრაციის მოწყობა დასჭირდა იმისათვის, რათა სსრკ-ს ახალი კონსტიტუციით საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენად, მხოლოდ ქართული ენა ეღიარებინათ და არა ქართული, რუსული და სხვა რესპუბლიკათა ენები, თითქოს მშობლიური ენა, სუვერენულობისა და სახელმწიფოებრიობის ისეთსავე, ან უფრო აღმატებულ ატრიბუტს არ წარმოადგენს, ვიდრე ეროვნული დროშა, გერბი, ჰიმნი და ა. შ. განა ქართული ეროვნული დროშისა თუ გერბის არსებობა აკნინებს ჩვენს პატივისცემას სხვათა დროშებისა და გერბებისადმი? ასევე არ აკნინებს, და უფრო ზრდის სხვა რესპუბლიკათა ენებისადმი პატივისცემას ჩვენი განმასხვავებელი სახელმწიფოებრივი ენის არსებობა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართველები რუსულს ქართულზე არანაკლებ ფლობენ, ღრმად იცნობენ რუსულ ლიტერატურასა და სათანადოდ აფასებენ ამ ენის დამსახურებასა და მხატვრულ ღირსებებს. ნეტა, ამის მეათედი ქართული იცოდნენ საქართველოში მცხოვრებმა რუსეებმა. ჩვენ დიახაც გვესმის რუსული ენის საპატიო როლი, მრავალ ეროვნებათა შორის ურთიერთობის დამამყარებლისა, რაც სავსებით საკმარისია ამ ენის ღრმა პატივისცემისათვის.

ამ ენის შესათვისებლად, მშობლიური ენის შესწავლაზე არანაკლები ენერგია გაგვიღია და ამიტომაც ღია კარის მტვრევად მიგვაჩნია, როცა კვლავაც და კვლავაც გვიყიჟინებენ მისი შესწავლის აუცილებლობისათვის. ქართულ ენაზე უკეთესად, ჩვენ მას ვერც და არც შევისწავლით. ქართული ენა ქართველისათვის მუდამ უმთავრეს ენად დარჩება, რადგან ჩვენ იგი მიგვაჩნია ჩვენი ადამიანური და მოქალაქეობრივ-სახელმწიფოებრივი შეგნებისა და სინდისის უმთავრეს ნიშან-სვეტად; ჩვენი წარსულისა და მომავლის გამამთლიანებელ სტიქიად. დღეს, რუს-ქართველთა ურთიერთობის ორასი წლის თავზე, ღრმა ურთიერთგაცნობისა და თანამშრომლობისაგან მიღებული დიდი გამოცდილების შემდეგ, სასაცილოცაა ისეთ რამეზე საუბარი, რაც თავისთავად ცხადი უნდა იყოს. თუ მხოლოდ ქართული არ იქნება საქართველოს სახელმწიფო ენა, თუ მეცნიერებებს ქართულ ენაზე არ დავეწაფებით სკოლებსა თუ უმაღლესებში და ქართულ მეცნიერებას ქართულის ბაზისზე არ განვავითარებთ, თუ სასწავლო დაწესებულებებში ღრად არ შევისწავლით საქართველოს ისტორიას, როგორც ცალკე საგანს, თუ საქართველოში განლაგებულ ჯარის ნაწილებში ერთ ქართულსაც ვერ გავიგონებთ, მაშ სადაური ქართველები ვყოფილვართ, ან სადღა უნდა ვპოვოთ თავად საქართველო?

ჩვენ რაც ოდითგან შევქმენით და დედის ნანასავით ერთად შევისისხლხორცეთ, რაც საკუთარი სისხლით გავაპატიოსნეთ, დავხვეწეთ, ათას ქარ-ცეცხლში გამოვატარეთ და თვალის ჩინივით შემონახული დღემდე ღირსეულად მოვიტანეთ, რატომ არ უნდა გავამარადისოთ ჩვენ მოქალაქეობრივ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ქედმაღლობით, ჩვენი თავი სხვა ერებზე მაღლა არასოდეს დაგვიყენებია და არც სხვაზე მეტ პრივილეგიებს მოვითხოვთ. საკუთარი მეობისა და თვითრწმენის განმტკიცება კი ზემოხსენებულ საკითხში, ჩვენს უმთავრეს სასიცოცხლო ინტერესად, თვითდამკვიდრებისა და ნებისმიერ პარტნიორთან გულწრფელი დამოკიდებულების ერთად-ერთ გარანტიად მიგვაჩნია. მხოლოდ ამგვარად თვითდამკვიდრებულ პარტნიორებს შორის შეიძლება ნაღდი, უმლიქვნელო მეგობრობა, სადაც ადგილი არ რჩება ფარული აზრებისა და განზრახვებისათვის. მეგობარმა, შენს სახლში რომ არც პატრონად და არც მორიდებულ სტუმრად იგრძნოს თავი, ამიტომ შენვე უნდა იყო შენს ჭერქვეშ შენივე თავის ბატონ-პატრონი და ჭეშმარიტი მასპინძელი. უმადურნი არ ვართ, და სიკეთეს არავის დავუკარგავთ, მაგრამ მოყვარულადვე პირში ვუძრახებთ, თუკი რაიმე არ მოგვწონებია, ან მომავალში არ მოგვეწონება. ორი ადამიანის მეგობრობისას, იდეალურია იმგვარი ურთიერთობა, სადაც არც ერთის პიროვნული თავისუფლება არ კნინდება. მაგრამ აქ კიდევ დასაშვებია და ხშირად მოსაწონიც, როდესაც ერთის საკეთილდღეოდ, მეორე თავისივე ნებით გაიღებს მსხვერპალად საკუთარ თავისუფლებას. მაგრამ სახელმწიფო პიროვნება როდია და ამიტომ, ორი ხალხის მეგობრობისას, უფლებრივი წონასწორობა რომ არ დაირღვეს, ბრძნულად და გულწრფელად უნდა იქნას განბჭობილ-გააზრებული ურთიერთობის თითოეული დეტალი; ურთიერთის გამაბრუებელი ხოტბით კი არ უნდა მიიჩქმალოს, არამედ ერთობლივი ანალიზით გასათვალჩინოვდეს და მორალურ სასწორად იდოს წარსულის ყოველი დარღვევა, შეცდომა თუ გატეხილი სიტყვა, რათა შემდგომში მსგავსი რამ არ განმეორდეს.

შესაძლოა კიდეც გვიძრახონ: "რადგან ზეიმია, კარგი, აღვნიშნოთ მხოლოდ და აუგის გახსენებით გუნებას ნუღარ გავიფუჭებთ". ღმერთმა დაგვიფაროს. თუ სინდისი სუფთა გაქვს, რისა უნდა გეშინოდეს! ამიტომ მოდით გუნებას ნუ გავიფუჭებთ იმის თქმითა და მოსმენით, რაც აუცილებლად სათქმელია და მოსასმენი, რადგან რა დასამალია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღმნიშვნელ თარიღზე მეტად, მისეული შინაარსის ცხოვრებაში გამკვიდრება გვაინტერესებს. ეს თარიღი, მხოლოდ ამ შინაარსის გამოა ჩვენთვის ძვირფასი. გეორგიევსკის ტრაქტატი იყო და ამჟამადაც რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განსახორციელებელ იდეალად. თუმცა, მონარქია და ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის წესი, ჩვენში რახანია გადაეგო, მაგრამ ამ ხელშეკრულების ძირეული შინაარსი ძალაში რჩება ნებისმიერი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის პირობებში. პარტნიორობა სუვერენულობის დაურღვევლად, აი, მისი უბერებლობისა და მარად ვარგისიანობის საწინდარი. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მთელი ისტორია, ამ ტრაქტატის ცხოვრებაში განხორციელებისათვის ბრძოლისა თუ მცდელობის ისტორიაა.

ერეკლე მეორე სხვაგვარ ხელშეკრულებას არ დადებდა, რადგან მხოლოდ ამგვარი პირობები მიაჩნდა დარიალის კარიბჭის ერთად-ერთ საიმედო გასაღებად.

და იმ დღიდან დღევანდლამდე და დღეისიდან უკუნისამდე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულების მიზანშეწონილება, მხოლოდ გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული უფლებრივი საწყაულით განიზომება. მკვიდრად ჩავიბეჭდოთ თავში ეს აქსიომა, თორემ საკითხი: ან ტრაქტატით გათვალისიწნებული სუვერენიტეტი, ან ხელშეკრულებამდელი მდგომარეობის დაბრუნება, არასოდეს მოძველდება.

1976 წლის 20 მაისი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."