|
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსთველოგიური
ციკლიდან წაკითხული ლექცია
ვეფხისტყაოსანი დაკავშირებულია არა მარტო ქართულ ლიტერატურასთან,
დაკავშირებულია საერთოდ საქართველოს მისიასთანაც, მისიის ისტორიასთან,
ის ყველაფერთან უაღრესად ღრმა კავშირშია. ამავე დროს ჩვენ უნდა
განვსაზღვროთ ის ადგილი, რომელიც აქვს ვეფხისტყაოსანს მსოფლიო
ლიტერატურაში, მსოფლიო აზროვნების ისტორიაში, ფილოსოფიის ისტორიაში,
აგრეთვე უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორი ტიპის ნაწარმოებია: რომანია,
პოემაა, ეპოსია. ამაზე არის გარკვეული დავა, იმიტომ რომ ის არც
ერთი ჟანრის ჩარჩოში არ ეტევა, ვერ იტყვი, რომ ეს არის ჩვეულებრივი
პოემა ან რომანი. ერთგვარი, თავისებური, ინდივიდუალური ჟანრის
სპეციფიკა აქვს რუსთაველს, საერთოდ დიდი მწერალი ხშირად ვერ
ეტევა ჟანრის ჩარჩოში და ქმნის თავის სპეციფიკას. ასეა ვეფხისტყაოსანშიც.
ამავე დროს როგორ არის განსაზღვრული ლიტერატურა, განსაკუთრებით
შუა საუკუნეების ლიტერატურა თანამედროვე მეცნიერებაში, რა კავშირშია
ის ხალხურ შემოქმედებასთან, ეპოსთან, მითოლოგიასთან – ეს არის
უაღრესად არსებითი მომენტი. იმიტომ, რომ თვითონ ლიტერატურა თანამედროვე
მეცნიერებაში არის განსაზღვრული როგორც ახალი მითოსი, ახალი
მითი. რით განსხვავდება ახალი მითი ძველი მითოსისაგან? არსით,
იმიტომ რომ ძველი მითოსიც იქმნებოდა მითოსის მწერლების, მითოგრაფოსების,
მითოსის შემოქმედთა მიერ.
მას, რაც ჩვენ ვიცით ბერძნული მითოსის და მითოლოგიის სახით,
არასწორად უწოდებენ მითოლოგიას. მითოლოგია სხვაა და მითოსი სხვა.
რა განსხვავებაა მათ შორის? მითოსი არის უშუალოდ ამბები, მონათხრობნი,
რამაც მოაღწია ჩვენამდე, ვთქვათ მითი ჰერაკლეს შესახებ. თვით
მოთხრობა, შინაარსი არის მითოსი, მითოლოგია კი არის ყველაფერ
ამის განმარტება. მითოსი არის ნაწარმოები, თვითონ სტრუქტურას
ეწოდება მითოსი, ხოლო ყოველივე ამის განმარტებას. განსაზღვრებას,
ფილოსოფიურ გააზრებას ეწოდება მითოლოგია.
თქვენ მოგეხსენებათ, რას ნიშნავს ლოგია ანუ ლოგოსი. ლოგოსი თვითონ
სიტყვაა, მაგრამ, ამავე დროს, ბერძნულ ენაში ლოგოსს აქვს უაღრესად
მრავალფეროვანი სემანტიკა, ლოგოსი ნიშნავს არა მარტო სიტყვას,
არამედ მნიშვნელობასაც, აზრსაც, შინაარსსაც. მითოსის ლოგია,
მითოსის ლოგოსი არის მითოლოგია. ჩვენში კი, სამწუხაროდ, არასწორად
დამკვიდრდა ეს ტერმინი, ჩვენშიც, რუსეთშიც, ზოგჯერ ევროპაშიც.
როცა ამბობენ – ბერძნული მითოლოგიაო, გულისხმობენ მონათხრობებს
აპოლონზე, ზევსზე, დიონისეზე, რაც ჩვენამდეა მოღწეული. ეს არ
არის სწორი. ეს მონათხრობები არის მითოსი, მაგრამ მისი მნიშვნელობა
უკვე მითოლოგიაა. მითოლოგია არის ფილოსოფოსთა, ქურუმთა, გვიანდელ
ბერძენ ფილოსოფოსთა და მწერალთა საქმე.
მითოსი, ბერძნული მითოსი შეიქმნა პელაზგურ ეპოქაში. რა იყო პელაზგური
ეპოქა პელაზგები იყვნენ ევროპის პირვანდელი მოსახლეობა, იგივე
პროტოქართველები, ქართული ეთნოსის წინაპრები, ევროპის იბერიული
მოსახლეობის წარმომადგენლები. ეს იყო ერთერთი განშტოება. ამ
მოსახლეობას ასეთივე განშტოება ჰქონდა მრავალ ქვეყანაში, კერძოდ:
პირინეებზე, აპენინებზე, სიცილიაში, სარდინიაში, ყველგან. ამ
მოდგმას, ამ იბერიულ რასას ჰქონდა განშტოებები და ზოგჯერ ენობრივადაც
განსხვავებული. პელაზგებად უშუალოდ იწოდებოდნენ ეს ხალხი. საბერძნეთში,
უფრო სწორად ელინური პერიოდის ელადის ტერიტორიაზე, სახლობდნენ
პელაზგები და როგორც ჰეროდოტე ამბობს, პელაზგებმა ერთ დროს მთელი
მსოფლიო დაიპყრეს, მთელი მსოფლიო მათი იყო, მთელი დედამიწის
მფლობელნი და მპყრობელნი იყვნენ პელაზგები. ის პელაზგებს აკუთვნებს
იბერებს. დავა კი არის, მართალი გითხრათ, როგორც ყოველთვის.
არიან მეცნიერები, რომლებიც ცდილობენ, რომ ისინი უფრო სომხური
მოსახლეობის წინაპრებად გამოაცხადონ, მაგრამ მეცნიერულად მტკიცდება,
რომ ისინი ქართველური მოდგმისანი არიან, თვით სომხური მოსახლეობაც
წარმოშობით ისევ ქართველებს უკავშირდება უშორეს ხანში უბრალოდ
არის ინდოევროპელებთან შერეული და ამიტომ განთავსდა და გამოეყო.
ჩვენ, როცა ვამბობთ სომეხს, ვგულისხმობთ იმ ერს, რომელიც ჩამოყალიბდა
არმენთა მიგრაციის შემდეგ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე VI
– VII საუკუნეებში და ამით განთავსდა, თორემ მას ჰქონდა წინაბერძნულ,
კოლხურ სამყაროსთან უაღრესად ღრმა კავშირი და ფაქტიურად წარმოშობით
იგივე კოლხები იყვნენ მათი წინაპრები, მაგრამ შემდეგ შეერივნენ
ინდოევროპელებს, არმენებს და მივიღეთ დღვეანდელი არმენია, მათი
ენაც წარმოშობით პროტოქართულს უკავშირდება თავისი ძირებით და
თვით სახელწოდებაც. ნიკო მარს აქვს განმარტებული – სვან – მესხიდან
არისო. წარმომდგარი, მაგრამ ეს არასწორია, უფრო სწორად განმარტავს
ამას კაპანციანი, მათი ძალიან ძლიერი მეცნიერი ის ამბობს, რომ
არმენიზირება მოხდა მესხეთის ( მესხეთი მაშინ იყო კაპადოკია
და ტელი მცირე აზია და არა მარტო დღევანდელი მესხეთი და ტაო–კლარჯეთი).
VI– VII საუკუნეებში დაიწყო არმენიზება ამ ტერიტორიისა და დღევანდელ
სომზეთში მიგრაცია არმენებისა დაიწყო ფრიგიიდან. კაპანციანის
მიხედვით სომხეთის განმარტება არის სა–მესხე ანუ მეხე–მეხი და
მესხი ერთი და იგივეა. სა–ქართული პრეფიქსი არისო – სა–მესხე,
ე.ი. სა–მესხე. როდესაც მოხდა არმენიზება, ეს ყველაფერი დაუკავშირდა
არმენებსო. ეს ძალიან ბუნებრივი თეორიაა. არმენების მოსვლამდე
ეს ტერიტორია, სადაც ეხლა სომხეთია, ფაქტობრივად იყო მესხების,
შემდეგ მოხდა არმენიზება და ქართულ ენაში ეს ასე დამკვიდრდა.
ასე რომ, ისევ რომ დავუბრუნდეთ ზემოთქმულს, წარმოშობით საბერძნეთის
პირველადი მოსახლეობა იყო პროტოქართული. ამ მოსახლეობას ჰქონდა
უფრო მაღალი კულტურა, ვიდრე ბერძნებს, რომლებიც მოვიდნენ შემდგომ
და დაიპყრეს. ბერძბენი არიან მოსულნი ამ ტერიტორიაზე. ეს არის
ინდოევროპული ვედური ტომი. თავდაპირველად ვედური ბერძნები მოვიდნენ
ამ ტერიტორიაზე, დამკვიდრდნენ და დაიწყეს ასიმილირება პელაზგური
მოსახლეობისა. მათ დახვდათ უაღრესად მაღალი კულტურა აქ, მათ
დახვდათ მისტერიები.
რა იყო ეს მისტერიები?
მისტერიები – ეს არის პირველადი რელიგიური ცენტრები კაცობრიობისა,
სადაც იქმნებოდა თავისთავად რელიგია, იქმნებოდა მითოსი და იქმნებოდა
სიბრძნე. კაცობრიობა არათანაბარი იყო თავის განვითარებაში ყოველთვის.
ყოველთვის იყვნენ ძალზე წინ წასული, განვითარების ძალზე მაღალ
დონეზე მდგარი ბერძენი, ქურუმნი,რომელნიც აფუძნებდნენ ამ მისტერიებს,
ფაქტობრივად ისინი იყვნენ კაცობრიობის სულიერნი მოძღვარნი, რომლებიც
აძლევენ კაცობრიობას სიბრძნეს, ცოდნას და ძალზე უსწრებდნენ წინ
თავისი განვითარებით, თავისი ცოდნით და სამყაროს იდუმალებათა
წვდომით. ცნობილი და დამტკიცებულია, ძველ ეგვიპტურ მისტერიებში
ქურუმებმა იცოდნენ ვენერას კალენდარი, იცოდნენ მანძილი დედამიწიდან
მზემდე, იმიტომ, რომ პირამიდების სიმაღლე და მასაც კი შეესაბამება
პლანეტების მასებს. ეს გამოიკვლიეს ასტრონომებმა. მზემდე მანძილს
შეესაბამება ყველაზე მაღალი – ხეოპსის პირამიდის სიმაღლე, ასე
იყო წინ წასული იმჟამინდელი საიდუმლო მეცნიერება, რომლის კერაც
იყო მისტერიები. მისტერიები – ეს იყო ფაქტიურად ფარული ცოდნის
ცენტრები, ვინაიდან იქ არ შეიძლებოდა შეშვება პროფანების (პროფანებს
უწოდებდნენ იმ ხალხს, რომელიც ამ მისტერიების გარეთ იყო) მოუმზადებლად.
ხდებოდა ადამიანების მომზადება. ყველანაირი შემზადება. ვიდრე
შეუშვებდნენ ამ მისტერიებში. მისტერიები იყო გასაიდუმლოებული
და საიდუმლოს გაცემა სიკვდილით ისჯებოდა. ქურუმებს ჰქონდათ უაღრესად
მკაცრი დისციპლინა. იყო ისეთი ცოდნა, რომელიც არ უნდა გასულიყო
ამ მისტერიების გარეთ. ასეთი მისტერიები იყო საბერძნეთში. სამისნოებში:
დელფოს სამისნო, ცნობილია ელევზისის მისტერები. ეგვიპტეში თვით
პირამიდებში იყო ასეთი ცოდნის ცენტრები და მისტერებს თვითონ
პირამდებში ჰქონდა ადგილი. ეს იყო ადამიანის შემზადება უმაღლესი
სიბრძბის მისაღებად, ადამიანის სულის წვრთნა, მისი განვითარება
ისეთ დონემდე, რომ იგი მხოლოდ ხუთი შეგრძნებით კი არ აღიქვამდა
სამყაროს და სინამდვილეს, ჩვეულებრივი ხუთი შეგრძნებით, რომელიც
ყველა ჩვენგანს აქვს, არამედ ის თავის თავში აღიძვრება, უფრო
სწორად მას უღვიძებდნენ ქურუმები ისეთ უნარს, რომელიც აღიქვამდა
დაფარულ, მიღმა სამყაროსდა ხდებოდა ადამიანის გადაყვანა ამ მიღმა
სამყაროში და ამით ადამიანი რწმუნდებოდა მიღმიერი სამყაროს რეალობაში,
ის ხდებოდა თანაზიარი ამ სამყაროსი და იმ არსებებისა, რომლებიც
მასში არიან.
ამ გზით ხდებოდა მიღმა სამყაროსთან ზიარება, მიცვალებულთა სულებთან,
ღმერთთან ზიარება. ყველა დიდი კულტურის და ცივილიზაციის ქვეყანას
ჰქონდა თავისი მისტერიები, თავისებური მისტერიები, რომელთაც
ჰქონდათ თავიანთი სპეციფიკა. ყველაზე უფრო მაღალგანვითარებული
მისტერიები იყო სწორედ პროტოიბერიულ სამყაროში – მისონში, პელაზგურ
სამყაროში და ეგვიპტეში. ასევე სუმერების სახელმწიფოში. სუმერთა
მისტერიები უძველესია მათ შორის, რომლებმაც ჩვენემდე მოაღწია.
თქვენ იცით ცნობილი ეპოსი „გილგამეშიანი“ . იგი შეიქმნა სუმერთა
მისტერიებში. „გილგამეშიანი“ მოგვითხრობს, როგორ შეიყვანეს გილგამეში
ისეთ ცოდნაში, როგორ ეზიარა ის ისეთ სიბრძნეს, ცოდნას, რომელიც
დანარჩენ კაცობრიობას არ ჰქონდა და რომლის მიღება გაცილებით
უფრო მაღალი განვითარების ადამიანს შეეძლო. ის ჩაწვდა მიღმა
სამყაროს საიდუმლოებებს, ჩასწვდა წარსულს კაცობრიობისას. ამ
მისტერიების ერთ–ერთი მთავარი მიზანი იყო წარსულის განჭვრეტა.
ადამიანში ისეთი ნათელხილვითი უნარის გამომუშავება, რომელიც
სწვდებოდა არა მხოლოდ მომავალს წინასწარმეტყველურად, არამედ
წარსულსაც. „გილგამეშიანში“ წერია, რომ გილგამეშმა განჭვრიტა
წარღვნამდელი დღეები, ი ჩასწვდა წარღვნამდელ დღეთა სიბრძნეს,
უფრო ზუსტად წარღვნამდელი ცხოვრება ადამიანისა შეიმეცნა. ის
შეხვდა არსებას, რომელსაც „ გილგამეშიანი“ უწოდებს უთნაფიშთიმს.
ეს იყო ბერძენი, ის სული, რომელმაც კაცობრიობა გამოიყვანა წარღვნიდან,
გადაარჩნია, იყო მოძღვარი კაცობრიობისა. ბიბლიაში ამ პიროვნებას
ეწოდება ნოე, ხოლო „გილგამეშიანში“ უთნაფიშთიმი, ხოლო ძველინდურ
ძეგლებში – მანუ. ეს რეალური პიროვნებაა, რომელიც არსებობდა.
ის წარღვნამდელი კაცობრიობა რეალობაა, რომელიც იყო ატლანტიდის
დიდი წარღვნის წინა პერიოდში. რომ ატლანტიდის წარღვნა მართლაც
მოხდა და რომ ეს სინამდვილეა, ამას მეცნიერებაც უკვე ადასტურებს,
არა მხოლოდ ოკულტური მეცნიერება, არამედ ჩვეულებრივი მეცნიერებაც
მიდის იმ დასკვნამდე, რომ მართლაც დღევანდელი ატლანტიდის ოკეანის
ტერიტორიაზე კაცობრიობა ცხოვრობდა, იყო ქალაქები და ამ ქვეყნის
დედაქალაქს პლატონი თავის დიალოგებში უწოდებს პოსეიდონისს. პლატონი
გვეუბნება პოსეიდონიაზე, რომელიც არსებობდა ნამდვილად დღევანდელი
ატლანტიდის ტერიტორიაზე და წარღვნა, რომელიც აღწერილია ბიბლიაში
და ყველა საღვთო წიგნში. სხვათა შორის, წარღვნა მართლაც მოხდა.
შემდეგ წყალმა დაფარა ეს ტერიტორია. ნაწილი კაცობრიობისა გადარჩა
და გადმოვიდა ევროპისა და აზიის კონტინენტებზე. და გაგრძელდა
კაცობრიობის კულტურა და ცივილიზაცია. მანამდელ, წარღვნამდელ
კაცობრიობასაც ჰქონდა კულტურა და ცივილიზაცია. მართალია ის კაცობრიობა
სხვაგვარი იყო, სხვაგვარი განვითარების, სხვანაირ დონეზე, ცნობიერების
სხვანაირი ფორმა ჰქონდა, დღევანდელი ცნობიერებისაგან განსხვავებული,
მაგრამ აშკარაა, რომ იყო უაღრესად ღრმა, უაღრესად დიდი მისტერიები
იმჟამადაც. არის მონაცემები, რომ იმდროინდელი კაცობრიობა იქამდე
იყო განვითარებული, რომ თვით საფრენი აპარატებიც ჰქონდა და დაფრინავდა
კოსმოსში. ამაზე ფილმიც არის გადაღებული დასავლეთგერმანული.
სამხრეთ ამერიკის კუნძულების შესწავლამ მიიყვანა გერმანელი მეცნიერები
ის დასკვნამდე, რომ სწორედ იქ აირეკლა ყველაზე მეტად წარღვნამდელი
ატლანტიდის სიბრძნე და მიღწევები. ეს მსიტერიები მომდინარეობს
სწორედ წარღვნამდელი კაცობრიობის პერიოდიდან. ქურუმებმა, მოძღვრებმა,
რომლებიც ატლანტიდაში ცხოვრობდნენ, სჭვრეტდნენ მომავალს, ჰქონდათ
ბუნების მოვლენების განჭვრეტის უნარიც, განჭვრიტეს წარღვნა,
მოამზადეს ეს ნაწილი კაცობრიობისა, რომელიც უნდა გადარჩენილიყო,
რომლის გადარჩენაც ღვთაებრივმა განგებამ და ზენა სამყაროს არსებებმა
ისურვეს. ეს ყველაფერი იყო ქურუმების მიერ ზენა არსებებთან კონტაქტის
შედეგად მიღებული. ბიბლიაშიც ჩანს, რომ ღმერთებმა მოაწყვეს ატლანტიდის
კატასტროფა (ღმერთებს უწოდებენ იმ სულიერ არსებებს, რომლებიც
ადამიანის განვითარებაზე უფრო მაღალ დონეზე იდგნენ). ამ სულიერი
არსებების მიერ შერჩეულნი იყვნენ ისეთი ადამიანები, ისეთი ქურუმები,
რომლებსაც უნდა გამოეყვანათ კაცობრიობის ნაწული, რათა ცხოვრება
მთლიანად არ შეწყვეტილიყო. ეს იყო სასჯელი, მოვლენილი, რომელიც
დაიმსახურა იმჟამინდელმა კაცობრიობამ თავისი ზნეობრივი გახრწნით.
სასჯელად მოვლენილ წარღვნას უნდა გადარჩენოდნენ მხოლოდ რჩეულები,
ვინც შეარჩია ისევ ზენა სამარომ და ვინც ბიბლიაში კრებითად ნეოს
სახით არის მოცემული. ნოე მართალია ისტორიული პიროვნებაც არის
და ამავე დროს, არის კრებითი სახე, სიმბოლო, კრებითი სახე იმ
ქურუმთა და მოძღვართა, რომელთაც გამოიყვანეს წარღვნამდელი კაცობრიობა
ევროპისა და აზიის კონტინენტებზე და დააფუძნეს ახალი მისტერიები.
ახალი, წარღვნისშემდგომი მისტერიების დაფუძნება სულიერ მისტერიაში
აღიარებულია. უპირველესი მისტერიები იყო ძველი ინდოეთის და ძველი
კოლხეთის მისტერიები. ძველი ინდოეთი არ უნდა გავიგოთ ისე, როგორც
თანამედროვე ინდოეთი. ის არ იყო თანამედროვე ეთნიური შემადგენლობის.
ძველი ინდოეთი იყო ატლანტიდის შემდგომი კაცობრიობით დასახლებული,
ასევე ძველი კოლხეთი, ე. ი. პირველადი რასსა, რომელიც გამოვიდა
ატლანტიდიდან. სულიერი მეცნიერების მონაცემების მიხედვით ატლანტიდაში
იყო მისტერიები, დაკავშირებული მნათობებთან, ყველაზე უფრო უძლიერესი
იყო სატურნისა და იუპიტერის მისტერიები. სწორედ იუპიტერის ორაკულთა
მისტერიალურ ცენტრებთან დაკავშირებული ადამიანები იყვნენ იუპიტერის
რასსის წარმომადგენლები, რომელთაგან მომდინარეობს თეთრი რასსა
საერთოდ. ეს თეთრი რასსა, რომელიც ატლანტიდიდან იღებს დასაბამს,
მკვიდრდება ჩვენს კონტინენტზე ამ პერიოდში და აფუძნებს პირველად
მისტერიებს ძველ ინდოეთში და ძველ კოლხეთში. ძველი ინდოეთი და
ძველი კოლხეთი – ეს ფაქტიურად გაგებებია – ერთი ეთნიური შემადგენლობითაც
და მისტერიების თვალსაზრისიდაც. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენამდე
მოღწეულია ძველი სახელწოდებები, ტოპონიმები, რაც ნათელყოფს ამას.
აქედან მოდის უძველესი ინდური და ქართული ტოპონიმების დამთხვევა.
ეს სხვა მრავალი ფაქტორითაც არის განპირობებული. მარის გამოკვლევებიც
არის იმის შესახებ, რომ უძველესი, პირველადი მოსახლეობა ინდოეთისა
– დრავიდული მოსახლეობა და პროტოქართული მოსახლეობა იდენტურია.
ენაც ერთი იყო, საერთო, პირველადი ენა ქურუმებისა, რომელიც აერთიანებდა
თავის თავში პირინეულს, იბერიულ–კავკასიურს და დრავიდულს. ეს
პირველადი ენა ჰქონდა მთელ კაცობრიობას. ბიბლიაში ასეა მოცემული.
ენების განთავსება, რომელიც დღეს არის, იწყება III ათასწლეულიდან.
თანამედროვე ენათმეცნიერების მონაცემებითაც კაცობრიობა ლაპარაკობდა
ერთ ენაზე.
რა ენა იყო ეს?
ეს იყო ენა, შექმნილი ქურუმთა მიერ, რომლებიც წინ უსწრებდნენ
კაცობრიობას. ქურუმები თავისი განვითარებით, მეცნიერებასთან
ერთად ქმნიდნენ ენას. ენის შემოქმედნი არიან ფაქტობრივად ქურუმები.
ეს მარის თეორიაც არის და, ამავე დროს, ოკულტური თეორიაც არის.
ამაში ემთხვევა ერთმანეთს ოკულტური მეცნიერება და ენათმეცნიერება.
ენათმეცნიერება დღეს აშკარად საუბრობს პროტოენაზე... ეს პირველადი
ენა იყო სწორედ ქურუმთა მიერ შექმნილი და მაის გამოკვლევებითეს
იყო პირველადი, იაფეტური ენა, ანუ პროტოქართული ენა, რომელიც
არის საერთო საფუძველი ყველა ენებისა. მარი ამას უწოდებს გლოტოგონიურ
ფენომენს, ანუ ენების შემოქმედ ფენომენს, რომელმაც შექმნა უკვე
სხვა დანარჩენი ენები, რომლებიც გამოეყვნენ მას დროთა განმავლობაში,
სხვადასხვა ეტაპზე III ათასწლეულიდან.
ენა იყო პრივილეგია ქურუმთა კასტისა. დანარჩენი კაცობრიობა უფრო
ჟესტმიმიკის ენაზე საუბრობდა და უფრო სხვანაირ, ემოციურ, შორისდებულების
და ახვა ენაზე საუბრობდა. ენა აზრობრივი, ცნობითი, ნამდვილი
ლოგოსი ბერძნული გაგებით, ჰქონდათ სწორედ ქურუმთა კასტებს და
ქურუმთა მისტერიებს. ენა თავისთავად იყო მისტერიებში. ენაც მისტერიებში
შეიქმნა, მისტერიებში შეიქმნა აგრეთვე მითოსი.
როგორ შეიქმნა მითოსი და რა ისახავდა მიზნად მითოსისა და მითების
შექმნა? არის სხვადასხვა თეორიები. მაგალითად: მატერიალისტი
მეცნიერები ამბობდნენ, რომ უსაქმური ხალხი ერთობოდა ამითო: ქმნიდნენ
ამ მითებს, ზღაპრებს, ამით ერთობოდნენ და ართობდნენ დანარჩენ
კაცობრიობასო. ასეთი პრიმიტიული ახსნაც არსებობს. იმდენად უსაქმურები
ყოფილან ქურუმები, რომ გართობის მიზნით შემოიღეს ეს. ზოგიერთი
მეცნიერი ვერ წვდება მითის იმ ღრმა, იდუმალ მნიშვნელობას,რომელიც
მას აქვს. ეპიკურე იყო, ასეთი ფილოსოფოსი,რომელიც უარყოფდა ყოველივე
სულიერს, მარტო მატერიალურს აღიარებდა, არაფერი არ სწამდა, არც
ღმერთი არც არაფერი, მხოლოდ სიამოვნება და სიამოვნების ფილოსოფიის
შექმნა. ეპიკურეც ამბობდა, რომ არავითარი აზრი მითებს არა აქვსო,
ეს არის უსაქმურთა მიერ შექმნილი უსაქმური ღმერთების შესახებო.
ასეთი თეორია ჰქონდა მას მითოლოგიის შესახებ. მაგრამ უფრო ღრმა
შეხედულება არსებობს, ყოველთვის არსებობდა, მითების იდუმალი
მნიშვნელობის განმარტებისა. სინამდვილეში ირკვევა, რომ მითები
უსაქმურებმა და უმეცრებმა კი არ შექმნეს, არამედ უაღრესად ბრძენმა
ადამიანებმა, უაღრესად ღრმა ადამიანებმა, რომლებიც წვდებოდნენ
სამყაროს იდუმალებებს, სამყაროს წარმოშობას, ადამიანის წარმოშობას,
სამყაროს აზრს. ყოველივე ამას წვდებოდნენ ეს ადამიანები, მაგრამ
გადმოცემა უშუალოდ მათ არ შეეძლოთ კაცობრიობისათვის. კაცობრიობას
ეს ყოველივე უნდა მიეღო მითების სახით, ზღაპრების, ლეგენდების
სახით, ვინაიდან ამ სიბრძნეს კაცობრიობა, ვერც ამჟამინდელი,
ვერც იმჟამინდელი ვერ ჩასწვდება. ეს იმდენად ღრმა სიბრძნეა,
რომ ამის უშუალოდ მიღება და გაგება შეუძლებელია. ამიტომ სიბრძნეს
აყალიბებდნენ მითებში. მაგალითისათვის ავიღოთ ყველასათვის ცნობილი
ელინური მითები.
ელინური მითები სინამდვილეში იგივე პელაზგური მითებია. ელინებს
მითევი არ შეუქმნიათ. არც ჰომეროსს, არც ჰესიოდეს მითები არ
შეუქმნიათ. როდესაც მოვიდნენ საბერძნეთში ელინები, მათ უკვე
დახვდათ მითები. მათ მხოლოდ ჩამოაყალიბეს, ჩაწერეს, განმარტეს,
გაიაზრეს. ამაში არის მათი უდიდესი დამსახურება. მითები შექმნეს
პელაზგმა ბრძენკაცებმა, რათა გადმოეცათ ამ მითებში სამყაროს
არსი, ღმერთების არსი, სამყაროს იდუმალებანი და ადამიანისათვის
ეჩვენებინათ გზა სულიერი განვითარებისა და მიზანი ცხოვრებისა.
ამას ისახავდნენ მიზნად პელაზგი მითოგრაფოსები, როდესაც ქმნიდნენ
მითებს.
თქვენთვის ცნობილია ოლიმპოს ღმერთთა სამყარო. არის აგრეთვე გმირების
სამყარო, ტიტანების სამყარო. თითოეული ღმერთი, თითოეული გმირი,
თითოეული ტიტანი ასახავს გარკვეულ მცნებას, გარკვეულ საწყისს.
|
ფოტოზე: ზევსი და არწივი, ნაუკტარის ოსტატი, დაახლოვებით 560
წ. ქრისტემდე, ლუვრი, პარიზი |
ზევსი
ძველბერძენი ფილოსოფოსების საერთო აზრით ასახავს ეთერს. ეთერი
არის ისეთი საწყისი, რომელიც თვალისათვის უხილავია, მაგრამ რომელიც
არის საფუძველი მთელი სამყაროსი, ეთერი არის სასიცოცხლო ძალა სამყაროსი,
რომელიც ყველაფერს აძლევს ფორმას: კოსმოსს, პლანეტებს, დედამიწას,
მცენარეულობას, ცხოველს, ადამიანს. ე. ი. არის ფორმადმქმნელი საწყისი.
უხილავი საწყისი არის ეთერი, ყველაფრის შემოქმედი, ყველაფრის მომწესრიგებელი
და ყველაფრის ადგილის მიმჩენი. ეთერისრამდენიმე სახეობა არსებობს,
მაგრამ თავისი ლაფრის ადგილის მიმჩენი. ეთერის რამდენიმესახეობა
არსებობს, მაგრამ თავისი არსით არის ერთი. ამას გამოხატავს ძველ
ბერძნულ მითოსში ზევსი.
რას გამოხატავს მეუღლე ჰერა? – ჰერა, თვით სახელიც მიგვანიშნებს,
რომ გამოხატავს ჰაერს, ეს არის უძველესი პელაზგურ–იბერიული ქალღმერთი
– ჰაერა. ჰაერი აგრეთვე მთელი კოსმოსის, მთელი სამყაროს სიცოცხლისათვის
აუცილებელი პირობაა, საწყისი არის.
ასევე განპიროვნებულია, პერსონიფიცირებულია ბერძნულ მითოლოგიაში
მრავალი საწყისი. რა არის ღმერთი პოსეიდონი? – ეს არის წყლის სამყარო,
ზღვის სამყარო და მოცემულია ეს ხატოვნად ამ ღმერთის სახით. მას
ჰყავს პიტონები, ნერეიდები, წყლის სულები, სხვადასხვა ... |
ფოტოზე: ჰეფესტო აქილევსისთვის იარაღს გადასცემს
თეთის, წითელფიგურიანი სასმისი, ატიკა, 490-480 ქრისტემდე,
ძველი მუზეუმი, ბერლინი
|
რა
არის ჰეფესტო? – ეს არის ცეცხლის საწყისი. ასე არის მითოლოგიაში,
მითოსში ყველა არსება, ყველა ღმერთი გარკვეული რაღაც საწყისი.
რა არის ათენე? – თქვენ გახსოვთ, რომ ათენე დაიბადა ზევსის თავიდან,
პრომეთემ ამოიყვანა ზევსის თავიდან ათენე. ეს არის აზროვნების
საწყისი. მაგრამ აზროვნებას ხომ რამდენიმე სახე აქვს, არსებობს
ფილოსოფიური აზროვნება, არსებობს უფრო განსჯითი აზროვნება, დაკავშირებული
უფრო გამოცნობასთან, გამოკვლევასთან, ახსნასთან. ამ საწყისებს
უკვე სულ სხვა ღმერთი წარმოადგენს ბერძნულ პანთეონში – ჰერმესი.
ჰერმესი ისეთი აზროვნებაა, რომელიც დაკავშირებული არის ჭკუასთან,
ათენე კი დაკავშირებულია სიბრძნესთან. სიბრძნესა და ჭკუას შორის
განსხვავება არის, ბრძენსა და ჭკვიანს შორის არის განსხვავება.
ერთი სახეობა აზროვნებისა არის ათენე, უფრო ღვთაებრივი, უფრო სინთეზური
საწყისი აზროვნებაში, მეორე – უფრო ანალიტიკური – ჰერმესი. ჰერმესი
არის მოგზაურთა მფარველი, არის ვაჭართა მფარველი. ვაჭრობას ჭირდება
აზროვნების გარკვეული სახეობა, უფრო დაბალი, მართალია, ანგარიშის
უნარი, გარკვეული ეშმაკობაც არის ამასთან დაკავშირებული. ისეთი
დონეა გონებრივი განვითარების, რომელიც გამოხატული არისჰერმესში.
ათენში სულ სხვაგვარი აზროვნება არის – ფილოსოფისთა სიბრძნე არის
გამოხატული, ჰერმესში სხვაგვარი აზროვნება არის. ჰერმესთან დაკავშირებული
არის ჰერმენევიტკა – განმარტება, ამოხსნა, ინტერპრეტაცია. ესეც
ჰერმესის უნარია ადამიანში. სხვადასხვა უნარები ადამიანის, ბერძნების
პანთეონში მოცემულია ღმერთების სახით. ჩვენში არის ათენეც, ჰერმესიც,
ჩვენში არის ყველა საწყისი – პოსეიდონიც, ზევსიც. ადამიანი ისეთი
არსებაა, რომლის ფიზიკურ და სულიერ სამყაროშიც არის ყველა საწყისი,
რომელთაც ჩვენ ვხვდებით ამ პანთეონში. პანთეონი გვაძლევს ადამიანების
უნარებსაც, გაპიროვნებულად, სიმბოლურად, ღმერთებისა და სამყაროს
სტიქიებსაც, სტიქიონებს, თვით პლანეტებსაც კი. თითოეული პლანეტა
ბერძენისათვის იყო ღმერთის სახით გაპიროვნებული: სელენე – მთვარე,
ჰელიოსი – მზე, სატურნს კრონოსი ერქვა ძველბერძნულად, სატურნი
რომაული ფორმაა. მითოლოგია აპიროვნებს ყველა საწყისს, ყველა მოვლენას,
ყველა ცნებას და აპიროვნებს აგრეთვე ადამიანის უნარებს. |
ფოტოზე: პრომეთე არწივ ეთონთან და ატლასთან,
ლაკონური თასი, დაახლოვებით 530 წ. ქრისტემდე
|
რა
არის პრომეთე? – პრომეთეც ადამიანშია. ეს არის წინასწარმეტყველური
აზროვნება. ტიტანი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც კავკასიონზე
მიჯაჭვული – არის ადამიანშიც. ეს არის საწყისი, რომელიც სწორედ
მისტერიებში ვითარდება ყველაზე მეტად. მისტერიები შექმნილი იყო
იმისთვის, რომ ადამიანში განევითარებინათპრომეთე, ჰერმესი, კრონოსი...
ყველა ამ საწყისს ადამიანში ავითარებდა მისტერიები და ხატოვნად
აძლევდა მითების, სიმბოლოების სახით. მითები, მითოლოგია – ეს არის
სიმბოლიზმი, სიმბოლოთა სისტემა, რომელთა დაფარული მნიშვნელობა
იცოდნენ მხოლოდ ქურუმებმა. გარეგანი ადამიანი ამას ვერ წვდებოდა,
მაგრამ მითს ღებულობდა, მითით მის ქვეცნობიერებაში შედიოდა ჭეშმარიტება.
მითების კარგი მცოდნე ადამიანი სულიერად უკვე განვითარებული იყო.
მითი იქმნებოდა იმ მიძნით, რომ კაცობრიობისათვის მიეცა ცოდნა სამყაროს
შესახებ. ასე იქმნებოდა მითოლოგია და ასევე იქმნებოდა ლიტერატურა.
ლიტერატურა თავდაპირველად განუყოფელი იყო მითოსისაგან. ჰესიოდეს
მოცემული აქვს თავის პოემაში მითოსის სისტემა, სისტემატიზირებული
აქვს მითოსი და იქვე აქვს ყოველივეს განმარტება, თავისი განმარტება
თავისი ფილოსოფიური გააზრება მითოსისა. წერილობითი ძეგლები, დამწერლობითი
ლიტერატურა, მოგეხსენებათ, უფრო გვიანდელ ხანას მიეკუთვნება. მანამ
იყო ზეპირი გადმოცემები, არსებობდნენ რაფსოდები, აედები, ძველი
გადმოცემების შემსრულებლები რომლებიც ძველ პოემებს, ძველ სიმღერებს
ზეპირად წარმოსთქვამდნენ. ჩაწერა კაცობრიობამ დაიწყო უფრო გვიან.
სწორედ ბერძნულ ეპოქას მიეკუთვნება ჩაწერა უფრო ადრინდელი, პელაზგური
ეპოქის მითებისა. პელაზგური მითები იყო ზეპირად წარმოთქმული და
ზეპირი ტრადიციების გზით გადმოდიოდა. შემდეგ უკვე ელინურ ეპოქაში
ყოველივე ამის ჩაწერა მოხდა და წერილობითმა ძეგლებმა მოაღწიეს
ჩვენამდე.
მიზანი მითოსისა, მითოლოგიისა უკვე გასაგებია. იგივე მიზანი ჰქონდა
პირველად უძველეს მწერლობას. რელიგია და ლიტერატურა თავდაპირველად
განუყოფელი იყო. მითოსი არის რელიგიის ფორმა. მითები ძირითადად
ღმერთების შესახებ არის, შემდეგ უკვე ადამიანების, ნახევრად ღმერთების
და სხვა არსებების შესახებ. ლიტერატურაც და მწერლობაც თავდაპირველად
განუყოფელი იყო რელიგიისაგან, მისტერიათა რელიგიისაგან და იმავე
მიზნით იქმნებოდა. გასართობი მიზანი ლიტერატურას, როგორც ახლანდელ
დროში აქვს და შუა საუკუნეებიდან იწყება, ადრე არ ჰქონდა. გასართობი
ლიტერატურა მაშინ არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ რელიგიური ლიტერატურა.
ასეთი იყო ძველი მსოფლიოს მიდგომა. ახალ დროში ეს ნაწილობრივ შეიცვალა,
მაგრამ ძირითადად მაინც დიდი ლიტერატურა ისევ და ისევ ადამიანის
სულის სიღრმეებს სწვდება და ისევ და ისევ ღვთაებრივი დანიშნულების
არის. ამიტომაც გვეუბნება რუსთაველი პოემის პროლოგში, რომ „შაირობა
პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი,
მსმენელთათვის დიდი მარგი“. ეს მიგვითითებს ყოველივე იმაზე, რაზედაც
ვსაუბრობდით თავდაპირველად. ლიტერატურა – შაირობა თუ პროზა, არის
სიბრძნის დარგი, საღმრთო სიბრძნის დარგი, რომელიც შექმნეს საღმრთო
ადამიანებმა, ღმერთის ადამიანებმა, „საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი“...
რას ნიშნავს გასაგონი? გაგონება ნიშნავს გონებაში შეღებას, მარტო
ყურით გაგონებას კი არა. სიტყვა – გასაგონი არის პეტრიწის ტერმინი,
ე. ი. საღმრთოდ გასამარტებელი, საღმრთოდ ასახსნელი. ეს არის შაირი,
ასეთი იყო ლიტერატურა საერთოდ. ასეთი იყო ლიტერატურისა და მითოლოგიის
დანიშნულება თავიდან. თანამედროვე მეცნიერებაში ყველაზე მეტად
იმარჯვებს სიმბოლური თეორია მითოსისა. კასსირერი არის თანამედროვე
დიდი ფილოსოფოსი, დიდი სკოლის შემქმნელი. ას მარტო მითოლოგიას
და მითოსს კი არა, საერთოდ კაცობრიობის კულტურას უკავშირებს სიმბოლოზმს
და გვთავაზობს ახალ განსაზღვრას თვითონ ადამიანისას. ადამიანის
ტრადიციული განსაზღვრა არსებობს: (...) გონიერი ცხოველი, კასსიერერი
კი გვეუბნება, ადამიანს უნდა დავარქვათ (...) სიმბოლოთა შემოქმედი
ცხოველი – სიმბოლოების მატარებელი და შემოქმედი. სიმბოლოზმი მარტო
ლიტერატურული მიმდინარეობის გაგებით კი არ უნდა ვიხმაროთ, სიმბოლიზმი
გაცილებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველი ცნებაა, იგი უკავშირდება
მთელს კულტურას კაცობრიობისას და სიმბოლური გააზრება ჭირდება ყველაფერს.
ძველი კაცობრიობა და შუა საუკუნეების კაცობრიობა სიმბოლოებით აზროვნებდა.
სიმბოლოს გარეშე არ შეეძლოთ, ალეგორიებით გამოხატავდნენ სათქმელს.
ათენეს ამოყვანა ზევსის თავიდან ფიზიკურად კი არ მოხდა მართლა,
ეს არის ხატოვნად, ზევსის ის ნაწილი, რომელიც აზროვნებას ეხება
არის ათენეში პერსონიფიცირებული. ზევსის თავიდან, ზევსის აზროვნებიდან
არის გამოყვანილი ათენე. ეს სიმბოლურად თორემ ფიზიკურად ზევსს
არ უარსებია და არც ათენეს უარსებია, ხატოვნად კი წარმოიდგინება
ათენე და ის ატრიბუტები, რომლებიც აქვთ ამ ღმერთებს. ყველაფერი
ეს მიუთითებს მათ არსს. გინახავთ ალბათ ათენეს გამოსახულებები,
როგორი არის ის ფარით, შუბით შეჭურვილი, ესეც სიმბოლოებია, სიბრძნე
ხომ მებრძოლია ამავე დროს, სიბრძნე ხომ იბრძვის სიბნელის წინააღმდეგ.
ყველა ღმერთს აქვს თავისი ატრიბუტები. ამ მისტერიებზე, მათ სიბრძნეზე
ბევრი რამ უნდა ითქვას, ვიდრე ჩვენ გავიგებთ თვითონ ვეფხისტყაოსნის
ამბავს, სიუჟეტს, რა მნიშვნელობა აქვს, რატომ არის შექმნილი ამგვარად,
რას გამოხატავს. უნდა ჩავწვდეთ მითოსს, უნდა გავიცნობიეროთ, გავიზიაროთ,
იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი დაკავშირებულია უაღრესად მჭიდროდ მითოსთან.
ანტიურ მითოსთანაც არის დაკავშირებული და ქართულ მითოსთანაც, ქართული
მითოლოგიაც არსებობს. თქვენ იცით, ფშავ–ხევსურეთის ფოლკლორი როგორი
მდიდარია ამგვარი მითებით. ყველაფერ ამასთან დაკავშირებულია ვეფხისტყაოსანი,
ის თვითონ არის ახალი დროის მხატვრული მითოლოგია. ასეთი დიდი მწერლებიც
მითოგრაფოსები არიან, მითოსის შემქმნელი არიან. ეს უკვე ახალი
მითოსია, უკვე ცნობიერი მითოსია. ავტორი გარკვეული განზრახვით
ქმნის ამ მითოსს, რომ გადმოსცეს ისეთი რამ, რაც მშრალად არ შეიძლება
გადმოიცეს. ამ მიზნით ქმნის ამგვარ ნაწარმოებს. |
|
|
|