მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
აკაკი: ჩემი აღსარება

სულითა და გულით ქართველი ვარ, პატრიოტი.

სამშობლოს კეთილწარმატება მიტომ მენატრება, რომ ის პირნათლად, მჭიდროდ შეუკავშირდეს ფერადოვან მსოფლიოს. სიტყვა “პატრიოტი” დღეს ზოგიერთებისაგან საკიცხავ სიტყვად არის გადაქცეული, იმათ პატრიოტობა შოვინიზმი ჰგონიათ... ქრისტემ ბრძანა: ”შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისიო” და ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს თავის თავზე უფრო არავინ უყვარს და ვინც თავზე ხელაღებულია ის, ვერც სხვას შეიყვარებს... ვისაც სამშობლო არა სწამს, ვისაც მშობელი, ნაშობი, თანშობილი არ უყვარს და თავს მითი მართლულობს, რომ მე განურჩევლად მთელი მსოფლიო და მთელი კაცობრიობა განურჩევლად მიყვარსო, ის შემცდარია!..


ფოტოზე: აკაკი

ამაების ყოლიფრის წინააღმდეგია ნამდვილი პატრიოტი. სიყვარულმა ანგარიში არ იცის!.. იმას უყვარს სადაც შობილა და იმას არ იტყვის, რომ ჩემი სამშობლო ჩემი საკადრისი არ არის, იქ არაფერია გასაკეთებელი, სამაგიეროს ვერ გადამიხდის, შრომის სასყიდელი არ შეუძლია, დაცემულიაო და სხვანი... სამშობლო დედასავით უნდა უყვარდეს ყველას და რაგინდ სნეულ-დავარდნილიც იყოს დედა, შვილს არა აქვს უფლება ზურგი უჩვენოს და მიატოვოს.

დღეს საქართველო დაცემულია. ადრე 15 საუკუნის განმავლობაში იგერებდა შემოსეულ მტერს. თუმცა დამცირდა, დაპატარავდა, მაგრამ, როგორც რკინა ცეცხლში, ისე კი გაფოლადდა და საშვილიშვილოდ ანდაზაც კი დაგვიგდო: “ჭირსა შიგან გამაგრება, ისე უნდა, ვით ქვითკირსაო” და “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო” გადმოგვცა რუსთაველის პირით.

ამ უკანასკნელმა საუკუნემ, რომელიც სულ სხვაგვარ პოლიტიკას დაადგა, სულიც შეუბორკა ქართველობას და ხორციც; ხორციელად ვითომ მშვიდობა მიანიჭა, მაგრამ ყოველ-გვარი მისი მოქმედება, ყოველი ბიჯის გადადგმა მიმართული იყო, რომ სული გაეხრწნა, მოეკლა და კიდევაც მიაღწია მიზანს... დღევანდელი ქართველები სულითაც შებღალულნი ვართ და ხორცითაც...

საქართველო, რომ ამ ყოფაში ჩავარდნილი ნახეს მისმა მეზობლებმა, იმათ ვისაც წინეთ თავი ქართველებად მოჰქონდათ, დიდი ხნის გულში ნადებ სურვილს, რომ აოხრებულ საქართველოზე თავისი ააყვაონ, დრო მოუპოვეს და კიდეც შეუდგნენ განძრახულის სისრულეში მოყვანას. მას შემდეგ ძალად ფარ-ხმალი დავარდა, მისი ადგილი ფულმა დაიჭირა.
ქართველი დაძაბუნდა...

ასე არის სოფლის ბრუნვა... დღეს ჩემია-ხვალ შენია!..

დრო და ჟამმა ხელი შეუწყო ჩვენს მეზობლებს, რომ პირდაპირ დაუმალავად მოგვდგომოდნენ ჩვენ.
ბევრი გულ-უბრყვილო ქართველიც გადაიბირეს. სიტყვით, მელურად, ძმობა-ამხანაგობასა და ერთსა და იმავე უღელში გაბმას ჰპირდებოდნენ... ამის მაგალითები აუარებელია...
თითქმის სასოწარკვეთილებამდე მისული საქართველო, ხელახლა გამობრუნდა ერეკლეს ხელში. პატარა კახმა მორჭმით დაიჭირა ხელში სამეფო და იმდენად აჰლაგმა სპარსეთ-ოსმალეთი, რომ ისინი იძულებულნი გახდენ, რომ მტრობა მოყვრობად შეეცვალათ... აქედან სჩანს, რომ მან აღუდგინა ძველი, თითქმის დაკარგული დიდება საქართველოს! იმავე დროს იმერეთში მეფობდა სოლომონ დიდი, კაცი სახელ-განთქმული და შორს მჭვრეტელი, რომელიც მხარს აძლევდა ერეკლეს და ოსმალებს საქმეს უჭივრებდა. სწორედ ამ დროს რუსეთმა, გამოუცხადა ომი ოსმალეთს და ეკატერინე მეორემ გადმოსცა საქართველოს მეფეებს: ”თქვენ, როგორც ერთი მერჯულე ჩვენი და ჯვარი თაყვანისმცემელნი, ვალდებული ხართ გასწყვიტოთ ყოველივე კავშირი მაჰმადიანებთან და ომი გამოუცხადოთ მათ, რომ ჩვენ, საქრისტიანო სამეფოები, ამიერიდან ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ვიდოდეთ ერთის გზითო”. საქართველოს მეფეებმა, როგორც ქართველებმა, ვერ წარმოიდგინეს, რომ მეფური სიტყვა გასტყდებოდა და რომ პოლიტიკაც ხშირად სიმართლეს ჰღალატობს! დაიჯერეს შემოთვლილი, გასწყვიტეს კავშირი, გამოუცხადეს ომი ოსმალეთს და კიდეც გაებენ მახეში.

რაც მაშინ ტოტლებენმა ჩაიდინა, ის ხომ ყველამ იცის?.. სხვა, რომ არა იყოს რა, მარტო ასპინძის ომი კმარა, სადაც ამ მხედართმთავარმა ბრძოლის დროს, უღალატა ერეკლეს და უთხრა: ”ჩემი დედოფალი გაურიგდა თათრებს და მე რაღად უნდა ვიბრძოლოვო? 1795 წ. ხოჯა ხანის შემოსევა და ტფილისის აოხრებაც ამით იყო გამოწვეული, მაგრამ ტფილისის აღება ჯერ კიდევ არ ნიშნავდა საქართველოს დამხობას... გარეგან მოუსვენრობას, შინაურ განხეთქილებას და ღრმა მოხუცებულობას ერეკლესას, ზედ დაერთო სნეულებაც და ყველამ ამან იქით მიიყვანა მეფე, რომ მოისურვა რუსეთთან შეერთება... მაგრამ ისეთი კი არა, როგორსაც დღესა ვხედავთ... იმას უნდოდა, რომ შინაგანად სამეფო ხელშეუხებელი ყოფილიყო და მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში დამორჩილებოდა რუსეთს, ეს სურვილი კიდევაც მოიყვანა სისრულეში მისმა მემკვიდრემ მეფე გიორგი მეთორმეტემ. რუსეთსა და საქართველოს შუა დაიდვა ფიცი, რომელსაც უნდა დაეკმაყოფილებინა ორივე მხარე.

მას აქეთ გავიდა ერთი საუკუნე და პირობა კიდევ ისევ აუსრულებელ პირობადა რჩება. ბიუროკრატიამ პირდაპირ გამოგვიცხადა: რა პირობა? რისი პირობა? ნაწერი ნაწერად დარჩეს! საქმე ძალაზეა!.. დღეს ჩვენი მონა ხართ და რაც გინდათ, აბა გაბედეთ და ჰქმენითო! ჩვენ რასაკვირველია იძულებული გავხდით მორჩილებით აგვეტანა ეს უსამართლობა...
ქართველების ისტორიული სიმართლე დღევანდელ უსამართლობით ვერ დაიჩაგრება... იმისი თქმა, რომ შენ ნუღა იქნები და მე ვიყოო, არ არის კანონიერი!.. და ის ქართველიც, რომელიც იტყვის: ”სულ ერთია ვინც უნდა იდგეს ქართველების მაგიერ ჩვენ მიწა-წყალზეო” შემცდარია და მისი აყოლა არ გვარგია.

მოამზადა ანა თოფურიძემ

www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."