მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ახალი სასკოლო საგანი ინდოეთში - ყოველდღე ერთი საათი ბედნიერება
მედიტაციის, განხილვისა და თამაშის დროს სწავლა იმისა, როგორ უნდა გახდე და იყო ბედნიერი: ეს არის ახალი სასკოლო საგნის მიზანი, რომელიც ინდოეთის სკოლებში დალაი-ლამას ინიციატივით დაინერგა.

2018 წლის ივლისიდან, ინდოეთის დედაქალაქ დელის სკოლებში, მოსწავლეები სრულიად ახალ საგანს ეუფლებიან. იქ, დღეში ერთი სასწავლო საათი ბედნიერებას ეთმობა. ახალი სასწავლო პროგრამა ტიბეტური ბუდიზმის სულიერმა ლიდერმა, 14-ე დალაი-ლამამ ინდოეთის განათლების დარგის პოლიტიკოსებთან ერთად წარადგინა.

ამგვარად, დელის ყველა საჯარო სკოლაში, სკოლამდელი აღზრდის პერიოდიდან მოყოლებული მერვე კლასის ჩათვლით, ყოველდღიურად 45 წუთი გამოყოფილია მედიტაციისათვის, განსჯისა და თამაშისათვის, რის დროსაც მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ, შეიცნონ და გამოხატონ ბედნიერება, სხვა საკითხებთან ერთად ისწავლონ როგორ უნდა იყვნენ ყურადღებიანნი, გაუმკლავდნენ სტრესს და მოიქცნენ «სასიამოვნოდ».

«ის, რაც შინაგან სიმშვიდეს ანგრევს, არის სიბრაზე, სიძულვილი, შიში და შფოთი», განაცხადა დალაი-ლამამ ბედნიერების შესახებ სასწავლო გეგმის წარდგენისას. «კეთილგანწყობა არის სწორი პასუხი უარყოფით გრძნობებზე და ამგვარი კეთილგანწყობის მიღწევა შესაძლებელია განათლების საშუალებით. ინდოეთს შეუძლია ძველი და თანამედროვე ცოდნის შერწყმა, რათა შექმნას უკეთესი სამყარო აღსავსე ბედნიერი, მცოდნე და კეთილი ადამიანებით». ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებით, ახალი საგანი პატრიოტიზმის თემასაც მოიცავს.


ბედნიერების გაკვეთილები წლიურად დაახლოებით ერთ მილიონ მოსწავლეს ეხება.
  
ფოტოზე: აშტამანგალა - ბუდიზმის რვა ბედნიერების სიმბოლო: პირველი რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: საპატიო ქოლგა, ოქროს თევზების წყვილი, ლოკოკინას მოლუსკა; მეორე რიგი: განძის ვაზა, ლოტოსი; ბოლო რიგი: მარადიული კვანძი, გამარჯვების დროშა და დჰარმას ბორბალი; ლეჰი / ინდოეთი
2007 წელს, ჰაიდელბერგის / გერმანია ვილი ჰელპახის სახელობის სკოლის დირექტორმა, ერნსტ ფრიც-შუბერტმა, საინტერესო პროექტი წამოიწყო. სკოლაში მოსწავლეებს შორის ურთიერთობების და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, ექსპერტთა გუნდთან ერთად სასკოლო საგანი «ბედნიერება» შემოიღო. ამ დროისათვის ბედნიერებას გერმანიის დაახლოვებით 200 სკოლასა და რამდენიმე პროფესიულ სასწავლებელში, მათ შორის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ასევე ავსტრიის 140 სკოლაში ასწავლიან. ბედნიერების მასწავლებლებს, მაგალითად, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განათლებისა და მომზადების ინსტიტუტი ამზადებს.

დასავლეთ ევროპაში ამ სასკოლო საგანის მიზანია კმაყოფილებისა და ცხოვრებისეული კომპეტენციის მიღწევა, რაც მოიცავს აზრის პოვნას, უსაფრთხოების განცდას, სოციალურ ურთიერთობებს, დამოუკიდებელი მოქმედების სწავლას, საკუთარი თავის მიღებას, გარემოსთან გამკლავებას და პიროვნულ განვითარებას.


ვინ ვარ? რა მჭირდება? რა შემიძლია? რა მსურს? - ესაა ის ოთხი კითხვა, რომლებიც შესწავლის პროცესს შესაბამის ეტაპებად ჰყოფს. ამგვარად მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი ოცნებებისა და მოთხოვნილებების აღქმას, მათგან მიზნების ჩამოყალიბებას და მათი განხორციელების გზების პოვნას. ამასთანავე ისინი სწავლობენ წარუმატებლობასთან გამკლავებას, რადგან პიროვნების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში მარცხთან სწორად გამკლავების ცოდნა, რათა წარუმატებლობა აღქმული იყოს როგორც მომავალ გამოწვევებთან უკეთესად გამკლავების შესაძლებლობა.

თანმხლები სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ მოსწავლეებს ბედნიერების შესწავლა საკუთარი ღირსების უფრო ძლიერი შეგრძნების უნარს უნვითარებს. მათ უფრო უკეთესად ესმით გარშემომყოფების, ადამიანებთან დაახლოვება უადვილდებათ, მეტ თავდაჯერებულობას იძენენ და უფრო ოპტიმისტურად ანხორციელებენ საკუთარ მიზნებს.

ხატია ღუდუშაური
2022 წელი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."