მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
რეფერენდუმის 31-ე წლისთავი

ფოტოზე: საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი

1991 წლის 31 მარტს, საბჭოთა სივრცეში პირველად და საქართველოს რესპუბლიკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე რეფერენდუმი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებული შემაჯამებელი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რიცხვი 3. 657.477 -ს შეადგენდა. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3.302.572 ამომრჩეველმა, ე.ი. ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,3%-მა.

რეფერენდუმის კითხვას, "ეთანხმებით თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე", 3.295.493 ამომრჩეველი ანუ კენჭისყრის მონაწილეთა 98,9% დაეთანხმა. 17.400 მა ამომრჩეველმა, ანუ კენჭისყრის მონაწილეთა 0,53%-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. 13.690 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი, რამაც კენჭისყრის მონაწილეთა 0,41%-ი შეადგინა.

დღევენდელი გადასახედიდან აღსანიშნავია, რომ 1991 წლის 31 მარტს, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; აქედან რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა, კენჭისყრაში - 61,23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, რამაც ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84% შეადგინა. უარყოფითად გადაწყვეტას 1,42%-მა ანუ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0,87%-მა დაუჭირა მხარი.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი გახლდათ 224.788; რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96,64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტას - 97,67%-მა, უარყოფითად კი - 1,42%-მა და
ჭირა მხარი.

გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ახალსოფელში. ტყვარჩელის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაშინ გამოთქვა რეფერენდუმის ჩატარების სურვილი, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის საარჩევნო კანონით გათვალისწინებული ვადები ამოწურული იყო.

ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ
სასოფლო-საკრებულოს ტერიტორიაზე. იქ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11.376 იყო. გაიცა 10.182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი უპასუხა 10.180 ამომრჩეველმა.

რეფერენდუმსა და თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ე. წ. "ეროვნულმა კონგრესმა", რომელიც ამ დროისათვის საერთაშორისო დიპლომატიურ პარკეტზე 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების იდეოლოგიური საფუძველის მომზადებით იყო დაკავებული.

ამრიგად, "რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულ იქნა. საქართველოს მოსახლეობამ, 1991 წლის რეფერენდუმის შედეგით, ეროვნული მოძრაობის გზის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. რის საფუძველზეც, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, დაიცვა რა სამართალმემკვიდრეობისა და კონსტიტუციური უწყვეტობის პრინციპი, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა, რის საფუძველზეც სუვერენული საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი 1991 წლიდან დღემდე 60-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."