მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ავტორიტარული კაპიტალიზმის ტრიუმფი
აღმოსავლეთ ევროპამ ისევ ისწავლა თავისუფლება. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, ჩეხეთის რეპუბლიკა და რუმინეთი, ერთდროულად დამკვიდრდა როგორც დემოკრატია, ისე საბაზრო ეკონომიკა. ამის გამო, მსოფლიომ უმაგალითო ზრდა განიცადა, და ეს მაშინ, როცა ჩინეთი კაპიტალიზმზე დაჩქარებული ტემპით გადადიოდა.

ბერლინის კედლის დამხობას სამყარო ახალ, ტოტალური პოლიტიკური თავისუფლების, ამერიკელი ესეისტის - ფრანსის ფუკუიამას სიტყვით «ისტორიის დასასრულის» საუკუნეში უნდა შეეყვანა. გაიმარჯვეს თავისუფლების და საბაზრო ეკონომიკის დამცველებმა. მისი მომხრეები 80 წლის მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ ეკონომიკურ კეთილდღეობას აუცილებლად მოჰყვებოდა თავისუფლებისაკენ სწრაფვაც. ეს მოხდა.

20 წლის შემდეგ კი, სრულებით საწინააღმდეგო რამ მოხდა: მრავალ სფეროში კეთილდღეობამ თავისუფლება აღარ წარმოჰქმნა. ჩვენ ავტორიტარული კაპიტალიზმის ზეიმის მოწმენი ვართ, ამაზე არავინ აღარ დავობს. აღვირახსნილი, თავაშვებული კაპიტალიზმი მოკავშირედ იქცა იმ პოლიტიკური რეჟიმებისა, რომლებიც სამართლებრივ სახელმწიფოს უგულვებელყოფენ.


1989 წლამდე, მხოლოდ პინოჩეტის ჩილე იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ავტორიტარიზმი და ლიბერალიზმი ერთმანეთთან იყო შერწყმული. ჩილელებმა ამ ეკონომიკურ წარმატებაში პოლიტიკური ფასი გადაიხადეს, თუმცა ჩილეს დემოკრატიად გარდაქმნა მოხერხდა. დიდი ქვეყნები - პუტინის რუსეთი, ჩინეთი და ვიეტნამი კი, ეკონომიკური მეწარმეობის თავისუფლებას ავტორიტარიზმს უზავებენ. ძველი ელიტები გადაბარგდნენ «ბიზნესში», მოხდა პოლიტიკური ხელისუფლების ფორმირება. ჩინეთის კომპარტია, ყოფილი საბჭოთა კგბ და თურქეთის არმია დაემსგავსნენ საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლას, მმართველ ელიტებს, ხელმძღვანელებს ისინი ჩეკავენ. მათ ჩააჩუმეს ოპოზიცია და პრესა, იქ არაა დაცული არც ადამიანის უფლებები და არც არამატერიალური საკუთრების უფლება (პატენტები).

პასკალ სიტლერის ფოტო: ფრანგი ჟურნალისტი, ეკონომიკისა და რელიგიური საკითხების ექსპერტი ოლივიე ჟე (*1958)
დემოკრატიის მეორე თანამედროვე მტერს კიდევ უფრო ბნელი სახე აქვს. ესაა ახალი გლობალიზებული კრიმინალი. ის მრავალფეროვანია: ნარკოტიკები და პროსტიტუცია საერთაშორისო ქსელებშის ნაწილს შეადგენს. სპეციალისტთა თანახმად, ბინძური ფული საერთაშორისო გარიგებათა მესამედს შეადგენს. დემოკრატიები ახალი მაფიების პირისპირ დაუცველები არიან.

ცხადია, რომ ძველი დრო არ უნდა მოგვენატროს, ლენინთან დამშვიდობება უნდა განვაგრძოთ. დემოკრატია ბრძოლაა მაშინაც კი, როდესაც კეთილდღეობა მას ნაკლებად სასურველს ხდის.

ოლივიე ჟე, «ლე ჟურნალ დუ დიმონშ» - Le Journal du Dimanche, 2009
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."