მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ქრისტიან ჟამბე: ისლამის გენია
ისლამს ხშირად უცნობი დიდი პოეტური, სულიერი და მეტაფიზიკური ტრადიცია აქვს. იცნობენ XII საუკუნის დიდი სპარსელი პოეტის ომარ ხაიამის ლექსებს, ნაკლებად იცნობენ ისეთ ფილოსოფოსებს, როგორებიც არიან ავიცენა, ავეროესი თუ იბნ არაბი.

განა ვიცით, რომ დასავლეთმა არისტოტელე ისლამის წყალობით აღმოაჩინა? ა.წ. IX საუკუნის ბაღდადში, მაჰმადიანი მოაზროვნეები რწმენის გონებასთან დამოკიდებულების საკითხს სვამდნენ და ყურანს არისტოტელეს აზრს ადარებდნენ. იმ დროს, დიდი სინთეზები შემუშავდა, მაგალითად, ავიცენას მისტიკური სინთეზი და ავეროესის რაციონალისტური სინთეზი. ავეროესს პარიზში კითხულობენ და მისთვის პასუხის გასაცემად არისტოტელეს შესწავლას იწყებენ.

ორ ომს შორის, 1930-ან წლებში, მაჰმადიანური აზრის დიდი ხელახლა აღმომჩენები იყვნენ ანრი კორბა და ანრი მასინო. მათ ამ აზრის სიმდიდრე აღიქვეს. ისლამის მისტიკური მიმდინარეობის დიდი მოაზროვნე იბნ არაბის შემოქმედებითი წარმოსახვის მეტაფიზიკით შთაგონებულმა ანრი კორბამ აჩვენა, რომ მაჰმადიანური ხედვის თავისებურება «წარმოსახვითად» წოდებული სამყაროს არსებობის იდეას ეფუძნება. წარმოსახვითი სამყარო არის ღმერთის სამყაროს და ადამიანთა სამყაროს შორის არსებული სამყარო. იდეების, ფორმებისა და სიმბოლოებისაგან შემდგარი ეს სამყარო, ცოდნას აძლევს ადამიანურ სამყაროს.

როგორ? ბუნებაში ხილული თვითმაორგანიზებელი სტრუქტურების ფორმით ნანახი შემოქმედებითობით, ადამიანთა სამყაროში შემოქმედებითი და ფილოსოფიური ცხოვრების შემოქმედებითობით. სამყაროს, სიცოცხლეს, ისტორიას რომ არ ჰქონდეს აზრი და სიმბოლოები, განა შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს გააჩნდეს აზრი ან სიმბოლოები ხელოვნებითა თუ აზრით? არა. მსგავსი არაფერი იქნებოდა. სიცოცხლეს, როგორც ასეთს, თავისთავად რომ არ ჰქონდეს აზრი, აზრი არ ექნებოდა ადამიანის მიერ სიცოცხლისათვის აზრის მიცემას და სიცოცხლეს ადამიანური აზრი ვერ იქნებოდა ესოდენ ცოცხალი და ესოდენ დატვირთული სიცოცხლით.

ფოტოზე: ფრანგი ფილოსოფოსი, თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისლამის მკვლევარი ქრისტიან ჟამბე (დაიბადა 1949 წელს)

ანრი კორბას მოწაფე და გამგრძელებელი ქრისტიან ჟამბე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ისლამისაგან რაღაცის სწავლა შეგვიძლია. რატომ? იმიტომ, რომ დასავლეთი ეძებს წონასწორობას, რომელიც მას აკლია. დეკარტემ შესძლო გადამწყვეტი სიღრმით ჩვენება იმისა, რომ ვფიქრობთ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ფიქრს ვცდილობთ. თუმცა მან საკმარისად არ აჩვენა, რომ ვფიქრობთ აგრეთვე იმიტომ, რომ საკუთარ თავს აზროვნების და შთაგონების საშუალებას ვაძლევთ.

როგორ? არსებობასთან აუცილებელი კავშირების დამყარებით, იტყვის ჰოლანდიელი ფილოსოფოსი სპინოზა, მაშ სიცოცხლისათვის ლაპარაკის საშუალების მიცემით. ეს ხდება მაშინ, როდესაც განვიცდით იმას, რასაც კანტი ამაღლებულს, დიადს უწოდებს. ამაღლებულის განცდა ძლიერი გრძნობაა, რომელიც შეიძლება ექსტაზს შევადაროთ. მაგალითად, როდესაც ძლიერ სპაექტაკლს (ქარიშხალს) ვხედავთ, ყოველდღიური ცხოვრების საზღვრების გადალახვის გრძნობა გვეუფლება. ჩვენ მაშინ ბუნებიდან მომავალ შემოქმედებით ენერგიას ვგრძნობთ. ის, რომ ბუნებას ან სიცოცხლეს ჩვენთვის ასეთი ენერგიის გადმოცემა შეუძლია, დიდი საიდუმლოა. განა ეს ნიშნავს, რომ ბუნებაში წადილი მოქმედებს, რომელიც ჩვენს წადილთანაა დაკავშირებული? ასე ფიქრობდნენ იბნ არაბის მსგავსი არაბი მოაზროვნეები, მაგრამ ასე ფიქრობს რომანტიზმიც, ფსიქოანალიზიც. ქრისტიან ჟამბეს ამიტომ სურს აღმოსავლელთა გადაკითხვა და მათი წყალობით რეალობის ფარული სახის აღმოჩენა.

მთლიანობა, ყველაფერი ცოცხალია. ამას შინაგანი ანგელოზის, ესე იგი უნივერსალურ, საყოველთაო სიცოცხლესთან მისი კავშირის გაცოცხლებით ვიგებთ. სწორედ ამას ნიშნავს შემოქმედებითი წარმოსახვა. ესაა უნივერსალური, საყოველთაო სიცოცხლისაკენ გახსნილი მეს ამოძრავება. მას ღვთაებრივი სიცოცხლის შემოქმედებითობა პასუხობს. ღმერთიც ამოძრავდება შინაგანად. ის უწყვეტ ურთიერთობაშია. აქედანაა მისი ურთიერთობა ანგელოზებთან და ციდან დედამიწისკენ მომავალ შუქმფენ იერარქიებთან.

ბერტრან ვერჟელი, «ფილოსოფოსთა ბულვარი რენესანსიდან დღემდე», გამომცემლობა მილანი, 2005 წელი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen