მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ევროკავშირის კრიზისი და რომის რესპუბლიკის დამხობა
2013 წელს საფრანგეთში გამოიცა დავიდ ენგელსის წიგნი «დაკნინება» («Le Déclin», Le Toucan, 2013), რომლის ქვესათაურიცაა «ევროკავშირის კრიზისი და რომის რესპუბლიკის დამხობა» (La crise de l’Union européenne et la chute de la République romaine). მისი ავტორია ახალგაზრდა (33 წლის) ბელგიელი ისტორიკოსი, რომის ისტორიის სპეციალისტი, რომელიც გვარით კარლ მარქსის კომპანიონს მოგვაგონებს.

ის თამამ და დღემდე გაუგონარ პარალელს ავლებს ევროპის დღევანდელ მდგომარეობასა და რომის რესპუბლიკის ბოლოს, ანუ ძვ.წ.-ის I საუკუნის, მარიუსის, სულას, პომპეუსის, კეისარის და ავგუსტუსის ხანის რომის მდგომარეობას შორის!

მასზე ადრე, ევროპის ევოლუციით ისტორიკოსები და ესეისტები უკვე XIX საუკუნიდან იყვნენ შეშფოთებულნი. ისინი ევროპის შემაშფოთებელი მდგომარეობის გაანალიზებას რომის იმპერიის დასასრულის ხანასთან (ა.წ. III-V საუკუნეები) შედარებით ცდილობდნენ, მაგრამ არავინ ფიქრობდა ძვ.წ.-ის I საუკუნის კრიზისზე.

დავიდ ენგელსი დეტალურად ადარებს ერთმანეთს XXI საუკუნის ევროპას და რომის რესპუბლიკას. პირველს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების და მეორეს - ქრონიკების, თანმედროვეთა (ციცერონის, სალუსტიუსის...) ნაწერების და კორესპონდენციის მეშვეობით. საინტერესოა ზნე-ჩვეულებათა და მენტალობათა მსგავსება.


ფოტოზე: ბელგიელი ისტორიკოსი, ანტიკური ისტორიის სპეციალისტი, 2007 წლიდან მრავალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი, 2012 წლიდან რენომირებული ბელგიური ჟურნალის «ლატომუსის» დირექტორი და გამომცემელი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დავიდ ენგელსი (1979*)
კართაგენთან ბოლო შეჯახებისა და ძვ.წ. 146 წელს საბერძნეთის დამორჩილების შემდეგ, რომის რესპუბლიკას აღარ ჰყოლია ძლიერი გარეშე მოწინააღმდეგე გარდა შორს მყოფი პართების მეფისა. მაგრამ მშვიდობის ამ ხანგრძლივმა პერიოდმა დამშვიდება არ გამოიწვია, მან სოციალური დაპირისპირებები გაამწვავა თვით იტალიის ნახევარკუნძულზე.

ძვ.წ. 133 წელს გრაკხების აჯანყებასა და ერთი საუკუნის შემდეგ ავგუსტის გამოჩენას შორის, «სულ უფრო და უფრო პრობლემატურმა კულტურულმა სინკრეტიზმმა რომის ტრადიციული ღირებულებები მოსპო; დიდად გამწვავდა დემოგრაფიული კრიზისი და დაირღვა ხალხის და მისი ელიტების პოლიტიკურ-სოციალური ერთიანობა...». სოციალურ წესრიგს ძლივს ინარჩუნებდნენ რომის პლებეებისათვის სულ უფრო და უფრო მასიური სოციალური დახმარების გაწევით. მოვლენები, რომლებიც სოციალური სტრუქტურების მსხვრევასთან ერთად, ევროპის დღევანდელ მდგომარეობას გვაგონებენ.


ავტორი ემოციურ ფურცლებს უძღვნის საკუთარი მეობის სასოწარკვეთილ ძიებას იმ საზოგადოებებისა, რომლებმაც საკუთარ ისტორიას შეაქციეს ზურგი. რომში, ასეთ ცხარე დებატებს ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში ჰქონდა ადგილი. რომაული თემისადმი კუთვნილებას აღარ განსაზღვრავდნენ ენა, გეოგრაფია თუ რასა, რომ აღარაფერი ითქვას ანტიკურ, ძველ რელიგიაზე, რომელიც შეზიზღებული და მარგინალიზებული გახლდათ, სამაგიეროდ გაშლილი ხელებით იქნა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა მხარეებიდან ჩასული რელიგიები. ამ ეპოქიდან დარჩენილი მთავარი მასშტაბური ძეგლია «ყველა» ღმერთისთვის მიძღვნილი «პანთეონი»...

რომის რესპუბლიკას თანამედროვე დასავლეთთან კოსმოპოლიტიზმიც აახლოვებს. ჩვენი მეტროპოლიების მსგავსად, რომი გადაიქცა ყველა კულტურის და საზოგადოების ყველა ფენის საწყის, წარმოშობის ადგილად. სენეკა რომის მცხოვრებთა შესახებ შემდეგს წერს: «ჰკითხე თითოეულ მათგანს საიდანაა ის და შენ ნახავ, რომ მათმა უმრავლესობამ საკუთარი ქვეყანა დასთმო მსოფლიოს უდიდესი და ულამაზესი ქალაქისათვის, რომელიც მათი არ არის.»

დავიდ ენგელსი ანალოგიებს აფართოვებს სოციალურ, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ სფეროებზეც. ის აჩვენებს, რომ დღევანდელი ევროკავშირის მსგავსად, ძველი რომი მის პერიფერიას დაუოკებლად ხიბლავდა. იუდეას მეფის, ჰეროდეს უმსგავსობით გატანჯული სირიის დეკაპოლი შესჩივის რომს და მის მფარველობას ითხოვს. ბოლოს და ბოლოს, ის მეფის მოკვლას მიაღწევს. რომი მფარველი ანგელოზის როლს ასრულებდა მიწისძვრების და პირატების თარეშის შემთხვევებშიც. ის დახმარებას სწევდა და მფარველობდა თავისუფლების და გადასახადების სანაცვლოდ.

რომის დიპლომატიური იარაღი გახლდათ ფილანტროპია, საქველმოქმედო აქციები და და ინტერვენციის უფლება. ასეა თანამედროვე ევროპაც.

ამ ანალოგიების მნახველი ისტორიკოსი თავის პესიმიზმს არ მალავს. ის ასკვნის, რომ დაღლილ-მოწყენილმა ევროპელმა ერებმა, საკუთარი ნებით უარყვეს საკუთარი მეობა და ისტორიული როლი.

ავტორს უჩნდება კითხვა, რამდენად შესძლებენ მომავალი და მოსალოდნელი კრიზისების დაძლევისთვის საჭირო საკმაოდ ძლიერი ევროპული მეობის შექმნას ისინი, ვინც ტრადიციული ღირებულებები პოტენციურად ყველას მიერ გაზიარებული ჰუმანისტური იდეალებით შესცვალა. ეს კარგ საზოგადოებაში საკამათო მასალაა.


ანდრე ლარანე
ფრანგული გაზეთი «ჯვარი» - La Croix, 2013 წლის აპრილი

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen