მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვაჟა-ფშაველა: დიდ-მარხვა

გაისმა კვალად მწუხარე ხმა ზარისა. ეს ნიშანია იმისა, რომ ყველას გული მოიცვას მწუხარებამ. როცა ადამიანი სწუხს, მაშინ მიდრეკილება აქვს კეთილის საქმნელად, ფიქრთა და გრძნობათა გასაწმენდად. ღვინო რომ უსაზღვროდ არ ამხიარეულებდეს ადამიანს, როდი ჩაითვლებოდა ცოდვების მშობელ დედად, მაგრამ, რადგან იგი ახელებს ადამიანის გუნებას, იმიტომ უნდა ერიდოს ყოველი ადამიანი, ვისაც ცოდვები აშინებს: ავაზაკობა, მრუშობა, გამცემლობა და ღალატი მოძმეთა. და განა მარტო ღვინო ახარებს გულსა კაცისასა? არა, ყოველი ხორცეული, კარგი საჭმელი ამავე თვისებისაა. საჭმლით და სასმლით გამაძღარს, დაკმაყოფილებულს ადამიანს ავიწყდება ღმერთი, ხოლო მშიერს, ძალაუნებურად, აგონდება იგი. ღმერთია მხოლოდ მშიერთა, ტანჯულთა და დავრდომილთა ნუგეში.

დიდ-მარხვაც სწორედ იმიტომ მოიგონეს, რომ შიმშილის მეოხებით, ლეშის დატანჯვით მიეცათ ადამიანთათვის საშუალება კეთილ ფიქრთა და გრძნობათა ასაღორძინებლად. მარხვა სინონიმია სინანულისა და მოთმინებისა. «მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენიო», გვასწავლის მარხვის მომგონი და დამწესებელი.


ფოტოზე: ტონდო წმ. მამას გამოსახულებით, გელათი, XI საუკუნის პირველი მეოთხედი, ვერცხლი, ნაწილობრივ მოოქრული, დიამეტრი 20,5 სმ.

მოთმენაც არის და მოთმენაც. რა უნდა დავთმოთ? რა უნდა მოვითმინოთ? მოთმინებაზე სჯობს ჩვენი საკუთარი აზრით ვიხელმძღვანელოთ გარეშე სამღვთო წერილისა, შავი თეთრისაგან სჯობია თავის საკუთარის თვალებით გავარჩიოთ. მაშასადამე, კარგი ბოზბაში რომ ლობიოს ვანაცვალო, ესეც მოთმინებაა, შენ დოშაკზე მოგასვენო და მეც ცარიელს მიწაზე დავეგდო - ესეც; შენ მლანძღავდე და მცემდე და მე ხმასაც არ გცემდე - ესეც მოთმენაა; ერთის ლუკმის პატრონმა და ერთის პერანგისამ შენ შეგმოსო, გაგაძღო, მე ტიტველი და მშიერი დავრჩე, ამ ჯურის მოთმენა საქებურიცაა, განაღამც დასაძრახავი. ხოლო მოსათმენია განა, მე გემუდარებოდე შენ, ძალით და ღონით შემოსილს: მშიან, შიშველი ვარ, მაჭამე, შემმოსეო, შენ კი სახლ-კარგს თავზე მაქცევდე და ჩემ ცოლ-შვილს ჩემს თვალწინ აუპატიურებდე? განა ესეც უნდა მოითმინოს ადამიანმა? განა ამისთანა მოთმენაც საქებარია? საქებარია კი არა, ღირსია წყევლისა და კრულვისა, დიდი ცოდვაა წინაშე ღვთისა და კაცისა, რადგან შენ შენის მოთმინებით ხელს უწყობ ტარვალის ბუნებას გაძლიერდეს და განვითარდეს იგი, უფრო ფრთები შეისხას, გათამამდეს; შენ კი უდანაშაულო ადამიანმა, ის სულ უბრალო გრძნობა თავმოყვარეობისა გულში ჩაიკლა და შენსავით უბედურთ და დავრდომილთ ამით მისცე მაგალითი უმსგავსის მოთმინებისა, თავის ადამიანობის გათელვისა საკუთარის ფეხებით?! არა და არჯერ არა!..

* * *

ბევრი ეკლესია დაუქმდა წელს, დიდ-მარხვაში, და ბევრი ზარი დადუმდა, რომ აღარც სამწუხარო, სადიდმარხვო ხმას გამოსცემს და აღარც სამხიარულოს, სდუმს, როგორც მკვდარი სამარეში. «ტარასტა» ვეღარ ბედავს ზარის თოკს ხელი მიაკაროს და ჩამოჰკრას. ვისთვის? რისთვის? მოძღვარი კი აღარსადა სჩანს და!.. დიაკვნებს დარჩათ დღეს ბურთი და მოედანი; კიდეც უხარიათ, რომ იმათი მღვდლები საბნელოდან გამოიცქირებიან. აძლევენ, სადაც ჯერ არს «პროშენიეს» «პროშენიეზე» და ეფიცებიან მთავრობას, რომ მხოლოდ ისინი არიან ერთგულნი მთავრობისა, პირნი «კეთილსაიმედონი», ამამაღლებელნი ერისა გონებრივ და ზნეობრივ, და რომ ისინი აკურთხოს არქიერმა მღვდელებად, თხა და მგელი ერთად მოსძოვს და დამყარდება კაცთა შორის სათნოება და სიყვარული. ასე ყოფილა და იქნება მუდამ. «ბედაურები დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანიო», ნათქვამია და არც ტყუილად. დიაკვნები იმედოვნებენ, რომ მათი თხოვნა უსათუოდ შეწყნარებული იქნება, დრო იგდეს ხელთ, დრო! განა არ მოგეხსენებათ: «ჟამიჟამსა, თორემ ჟამი სულ მუდამაც იწირვისო», «დააკარ პური, ვიდრე თორნე ცხელიაო...» ბედნიერია ის დიაკვანი, რომლის მღვდელი საბნელოში მოჰყვა, ხოლო სთვლის თავს უბედურად იგი, ვინაც საბნელოს გარედ დარჩა.

* * *

დიაკვნები რა სათქმელია და რა ანგარიშში მოსატანი. ყველა ხილულმა და უხილავმა შავმა ძალმა, როგორც გაზაფხულზე სითბოს სუნზე გველებმა, თავები წამოყაყვა, იცქირება ამაყად, მამაცად. როცა ჰხედავდნენ, საქვეყნო აზრი იმარჯვებსო, ერთობის ადამიანებად ასაღებდნენ თავიანთ თავს და დღეს კი, როცა დარწმუნდნენ, მოწინააღმდეგეთა ფიქრმა და ძალამ გაიმარჯვა, ერთობასაც სწყევლიან და ერთობის მიმდევართაც. დღეს ისინი ჭკვიანობენ, კრიტიკოსობენ, მჭევრმეტყველობენ, ეს ასე უნდა ყოფილიყო, ეს ისეო და ამასობაში თავიანთ პირად საქმეებს სჩარხავენ; როგორც დღეს არიან უსარგებლონი, ისე გუშინ იყვნენ და ამას კი აღარ ვარაუდობენ, არა სთვლიან თავიანთ სირცხვილად, რომ კეთილი საქმე იმათ წყალობით იღუპება, ფუჭდება, არ არსებობს მათთვის სინანული, არც სიბრალული და მოთმინება. რად მოითმენენ, როცა ძალა მათ ხელთ არის, ქარი უქრისთ? რას შეინანებენ, როცა, თუნდ მშობელ დედას ძუძუ მოაჭრან, რაც უნდა სხვა საძაგლობა ჩაიდინო, იმათ პირის კანს სიწითლე არ მიეკარება?! დღეს ერთობას ნიშნს უგებენ, ჩუმად ხითხითებენ, ეშმაკებს აცინებენ, ხოლო ანგელოზებს ატირებენ. აი მათი კაცობა, მოქალაქეობა და მამულიშვილობა. არ იციან უბადრუკთ, რომ მალე დადგება ისევ ის დრო, როცა მთელის ერის პირით გაიგონებენ ძლიერს, შეუწყნარებელს მსჯავრს: «კათაკმეველნო, განვედით!.. რაოდენიც მორწმუნენი ხართ მერმე და მერმე უფლისა მიმართ ვილოცოთო».

* * *
სინანული? ცოდვილთათვის არ არსებობს იგი; შავი ძალებისათვის ღმერთს არ გაუჩენია სინანული. დღეს სინანულში ჩავარდნილან მართალნი, ქვეყნის ერთგულნი, ენანებათ დღესდღეობით დაჩაგრული სიმართლე; სწყინთ, რომ ვერ მოიპოვეს მას გამარჯვება. დღეს ესენი არიან ნამდვილნი მარხულნი, რადგან სულით მარხულობა ბევრით აღემატება ჭკუით მარხულობას.

მართალნო, ქვეყნის ერთგულნო! ნუ დაივიწყებთ თქვენს ღმერთს, ილოცეთ იგი! შეინანეთ ის შეცოდებანი, რამაც ხელი შეგიშალათ, და ეცადეთ მომავალში აიცდინოთ თავიდან. დაჰგმეთ ის პარტიული თავმოყვარეობა, წვრილფეხა, მჩატე პატივმოყვარეობა, რომელმაც შეუშალა ხელი ჩვენს ერთობას, ერის მისწრაფებას: მოიგონეთ ის, ნოეს დროის, ცხრა შვილის პატრონი მეფე, რომელმაც ცხრა, ერთ კონად შეკრული ისარი დაუტოვა შვილებს ერთობის სიმბოლოდ. ხომ გახსოვთ რომ, ერთად მუხლზე მოდებით ვერავინ ვერ შესძლო ისრის კონა გაეტეხა, ხოლო სათითაოდ კი ყველამ შესძლო ისრების დამსხვრევა?

ზოგჯერ დამარცხება გამარჯვებას სჯობია, რადგან ყველასათვის აშკარად გამოჩნდება დამარცხების მიზეზი, ყველა გაიგებს, ყველა შეიგნებს და სამერმისოდ აღარ გაიმეორებს იმ შეცდომებს და უკეთს ბრძოლის და შრომის საშუალებას მოიპოვებს...

გაითვალისწინეთ ყველამ თვითეული თავისი სიტყვა, გადადგმული ნაბიჯი, ასწონ-დასწონეთ. უვარგისი დაიწუნეთ საჯაროდ, ნუ შეგრცხვებათ, სირცხვილი და ცოდვა ის არის, როცა ადამიანი ჭირსა ჰმალავს. გამომჟღავნება თავის შეცდომისა და ცოდვებისა იგივე გმირობაა. ხოლო ნუ შეინანებთ ნურავინ დახოცილ ნათესავთ, მითუმეტეს საქვეყნოდ. უმსხვერპლოდ არსად რა გაკეთბულა, არც გაკეთდება, ნუ შეინანებთ დანგრეულს და გადამწვარს სახლ-კარს, რადგან სინანულით არც მკვდრები აღზდგებიან და არც სახლი და კარგი განახლდება...

ღმერთმა დაგიფაროთ, ამას ამბობდეთ: ჩემთვის ჭკვიანად რომ ვყოფილიყავ, ხომ არც ეს უბედურება დამემართებოდაო. ეს მადლისა მატლად ქცევა გამოვა, მადლში ცოდვის შერევა მისი გაბათილება. რა დაგვრჩენია ბოლოს? რა ვსთქვათ? რა ვიფიქროთ?

დიდო-მარხვაო! დიდად მარხულნი ვართ, ჩვენი განა მარტო თვალები? გული და გონებაც ცრემლის მორევში დასცურავს, ვლოცულობთ და ვევედრებით ღმერთს გვექმნას მზედ და მფარველად, მოგვეცეს ჩვენც ჩვენის ქვეყნის შვილთ, ძალი და ღონე მოვუაროთ, ვუპატრონოთ თავის თავს, თავის ქვეყანას, რათა ვძლიოთ ეშმაკს და მოვიპოვოთ ცხოვრება საუკუნო, მოვესწროთ აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა, ამინ!

1906 წელი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 

Ferienhaus Nordsee buchen