მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მაჰათმა განდი: ცივილიზაცია

წიგნი «ინდოეთის თვითმმართველობა» («Hind Swaraj or Indian Home Rule»), მაჰათმა განდიმ 1908 წელს ლონდონიდან სამხრეთ აფრიკაში უკან დაბრუნების დროს დაწერა. წინასიტყვაობაში ის წერს: «ლონდონში ყველა ცნობილ ინდოელ ანარქისტთან მქონდა შეხება. მათმა სიმამაცემ შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ მათი გულმოდგინება მცდარი მეჩვენა. მწამს, რომ ინდოეთის მოუგვარებელი ყოფისათვის ძალადობის გამოყენება გამოსავალი არაა, რომ მისი ცივილიზაცია თავდაცვისათვის სხვაგვარი, უფრო მაღალფასეული იარაღის გამოყენებას მოითხოვს». განდის აზრით, ესაა წიგნი, რომელიც ბავშვმაც შეიძლება წაიკითხოს, რადგან ის სიძულვილის ნაცვლად სიყვარულს, ძალადობის გამოყენების ნაცვლად კი სულის ძალით მოქმედებას, თვითშეწირვას ქადაგებს.

წმინდა ეთიკის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის თავისეულ წარმოდგენებს განდი წიგნში ფიქტიურ ინდოელ რადიკალთან დიალოგის ფორმით ხსნის. ორიგინალი მან გუჯარათის ენაზე დაიწერა და თავდაპირველად ის სამხრეთ აფრიკაში, «ინდიან ოფინიონ»-ში, გაზეთში, რომელსაც თავად გამოსცემდა, დაბეჭდა. ცოტა მოგვიანებით, წიგნად დაბეჭდილის გაყიდვა ბომბეის მთავრობამ აკრძალა, რასაც განდიმ მისი ინგლისური თარგმანით უპასუხა, რადგან ჩათვალა, რომ წიგნის შინაარსი მის ინგლისელ მეგობრებსაც (ინგლისელთა შორის, მას და მის იდეებს მართლაც უამრავი მომხრე და პატივისმცემელი ჰყავდა) უნდა სცოდნოდათ.

ეს საინტერესო ნაშრომი თანამედროვე ცივილიზაციის ცხარე კრიტიკაა. მასში ჩამოყალიბებული შეხედულებები ყოველი საზოგადოებისათვის გამოწვევაა და საჯილდაო ქვაა იმისა, ძალგვიძს თუ არა კონფლიქტების არა ძალის გამოყებენით, არამედ ეთიკითა და მორალით დაძლევა.

აი ია.-ს რედაქცია გთავაზობთ განდისეულ განმარტებებს: «ცივილიზაცია», «სასტიკი ძალადობა», და «პასიური წინააღმდეგობა». მაშ ასე:

ცივილიზაცია

...მსურს გთხოვოთ, რომ «ცივილიზაციის» მნიშვნელობა ამიხსნათ.

ეს პრობლემა მხოლოდ ჩემი წამოჭრილი არაა. ბევრი ინგლისელი მწერალი ამბობს უარს ცივილიზაციად იმის წოდებაზე, რაც ჩვეულებრივ ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება. ამ თემაზე ბევრი წიგნია დაწერილი. ბევრი გაერთიანება და კავშირია დაარსებული იმისათვის, რომ ერი ცივილიზაციის ბოროტი ზემოქმედებისგან განკურნოს. ერთმა ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა დაწერა წიგნი სათაურით - «ცივილიზაცია: მისი გამომწვევი მიზეზები და განკურნება». ის თავის წიგნში ცივილიზაციას ავადმყოფობად მოიხსენიებს.

რატომ არაფერი ვიცით ზოგადად ამ განვითარების შესახებ?

პასუხი მეტად მარტივია. ჩვენ იშვიათად შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავისი თავის საწინააღმდეგოდ არგუმენტირებენ. ის ადამიანები, რომლებიც თანამედროვე ცივილიზაციით არიან გაბრუებულები, საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ ალბათ არ დაწერენ. მათი მოვალეობა იმ ფაქტების და არგუმენტების შეგროვება იქნება, რომლებიც თანამედროვე ცივილიზაციას მხარს უჭერენ. ამას ისინი ქვეშეცნეულად იმ რწმენით აკეთებენ, რომ თითქოს ეს ჭეშმარიტებაა. კაცს, რომელიც სიზმარს ხედავს, თავისი სიზმარისა სინამდვილეში სჯერა. მხოლოდ მაშინ, როცა გამოიღვიძებს, სიზმრის უკვე აღარ სჯერა. ადამიანი, რომელიც ცივილიზაციის წყევლის ქვეშ ირჯება, სიზმარში მყოფივითაა. რასაც ჩვეულებრივ ვკითხულობთ, თანამედროვე ცივილიზაციის დასაცავი ნაშრომებია, ეჭვსგარეშეა დიდი და ბრწყინვალე ადამიანების დაწერილი. მათი ნაშრომები ჰიპნოზს გვიკეთებენ. ასე გვითრევს ეს მორევი ერთი მეორეს მიყოლებით.

ფოტოზე: ინდოეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მაჰათმა განდი (1869-1948) ძაფის დართვისას

რასაც აბობთ, დამაჯერებლად გამოიყურება. მითხარით გეთაყვა, ცივილიზაციაზე რა გაქვთ წაკითხული და მასზე რას ფიქრობთ.

მოდით იმის გაგება ვცადოთ,ზუსტად რას გულისხმობს საკვანძო სიტყვა «ცივილიზაცია». ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც ცივილიზაციაში ცხოვრობენ, საკუთარი ცხოვრების ნამდვილ მიზნად ფიზიკურ კეთილდღეობას თვლიან, იმის შეფასების მასშტაბს გვაწვდის, ესა თუ ის ქვეყანა ცივილიზირებულია თუ არა. ავიღოთ რამდენიმე მაგალითი: დღეს, ევროპაში ადამიანები უკეთეს სახლებში ცხოვრობენ, ვიდრე ასი წლის წინათ. ეს ცივილიზაციის ნიშანთვისებადაა დასახელებული, ეს ფიზიკური კომფორტის გაუმჯობესებას ნიშნავს. ადრეულ დროში ისინი ცხოველთა ტყავით იმოსებოდნენ და იარაღად შუბს ხმარობდნენ. დღეს სხეულის მოსაკაზმად გრძელ შარვლებსა და სხვადასხვაგვარ ტანსაცმელს ატარებენ, შუბის ნაცვლად კი რევოლვერები და შაშხანები აქვთ ტყვიებით სავსე მჭიდეებით. თუ ამა თუ იმ ქვეყნის ადამიანები, რომელთაც ასეთი ევროპული ტანსაცმლის ტარების ჩვევა ჯერ არ აქვთ და მას მხოლოდ ახლა ეგუებიან, ამას ჰქვია, რომ ისინი ყრუ ადგილიდან გამოვიდნენ და ცივილიზირებულები გახდნენ. ყანებს ადრე ევროპაშიც შიშველი ხელებით ამუშავებდნენ. ახლა კი, ერთ ადამიანს ორთქლის მანქანით ასობით მიწის ნაკვეთის დაამუშავება და დიდი ქონების შოვნა შეუძლია. ამბობენ, რომ ეს ცივილიზაციის ნიშანია. ადრეულ დროში, ძალზედ ფასეულ წიგნებს, ძალიან ცოტა ადამიანი წერდა. დღეს ყველას შეუძლია დაწეროს და დაბეჭდოს ის, რაც მას სურს და ადამიანთა გონება ამგვარად მოშხამოს. ადრე ეტლით ან ფურგონით მგზავრობდნენ, დღეს მატარებლით ასობით კილომეტრის უკან ჩამოტოვება ან სულაც ფრენაა შესაძლებელი. ეს ცივილიზაციის მიღწევად ითვლება. ამბობენ, რომ ადამიანი, პროგრესის პერიოდში საჰაერო ხომალდით ათასობით კილომეტრს უკან ჩამოიტოვებს და დედამიწის ყოველი წერტილს მცირე დროში მიაღწევს. დააჭერთ ღილაკს ხელს და ხელთ ტანსაცმელი გაქვთ. სხვა ღილაკს დააჭერთ და გაზეთს მიიღებთ. მესამე ღილაკს დააჭერთ და ავტომობილი უკვე სახლის წინ გელოდებათ. ამოსარჩევად დელიკატურად მომზადებული საჭმელების მთელი რიგი გაქვთ და ეს ყველაფერი მანქანების მომზადებულია. ადრეულ დროში, როცა ადამიანები ერთმანეთს ებრძოდნენ, მასშტაბად საკუთარი ფიზიკური ძალა ჰქონდათ. დღეს შესაძლებელი გახდა, რომ ათასობით სიცოცხლე ერთმა ადამიანმა მოსპოს, თუ კი ის გორას შეიარაღებული ამოეფარება. ეს ცივილიზაციაა. ადრე ადამიანები ღია ცის ქვეშ შრომობდნენ, რამდენ ხანსაც სურდათ. დღეს, ისინი ფაბრიკებში და მაღაროებში ათასობით მხოლოდ ამ ფაბრიკებისა და მაღაროების შესანარჩუნებლად მუშაობენ. მათი მდგომარეობა ცხოველებისაზე უარესია. ისინი იძულებულნი არიან სიცოცხლის საფრთხის ქვეშ გაისარჯონ და მდიდრების გულისათვის დიდ საფრთხეებს გაუმკლავდნენ. წინათ, ადამიანებს მონებად ფიზიკური ძალადობის გამოყენებით აქცევდნენ. დღეს ისინი თავად არიან მონები ფულისა და ფუფუნების ცდუნებისა, რომლის შეძენაც იმ ფულითვე შეუძლიათ. არსებობს დაავადებები, რომელთა შესახებ ადამიანებმა ადრე არაფერი იცოდნენ. ამ დაავადებათა განკურნების მეთოდების საპოვნელად, ბევრი ექიმი მუშაობს. ასე მრავლდებიან საავადმყოფოები. ეს ცივილიზაციის მასშტაბია. ადრე ადამიანები დღეში ორ-სამჯერ მიირთმევდნენ საკვებს, რომელიც სახლში გამომცხვარი პურისა და ბოსტნეულისაგან შესდგებოდა. დღეს ყოველ ორ საათში უნდა ჭამონ და ამიტომ თავისუფალი დრო თითქმის არა აქვთ. კიდევ რა უნდა ვთქვა ამ ცივილიზაციაზე? ყველა ეს მაგალითი ცივილიზაციის ნამდვილ სახეს აჩვენებს. თუ ვინმე ცივილიზაციის წინააღმდეგ რაიმეს იტყვის, მას უცოდინარისა და იგნორანტის დაღს ასვამენ. არც მორალი და არც რელიგია ამ ცივილიზაციას არ აინტერესებს. მისი მოციქულები ცივად და მშვიდად ამტკიცებენ, რომ მათთვის საუბარი რელიგიურ სწავლებას არ შეეხება. ზოგი რელიგიას ცრურწმენის ზრდასაც კი აბრალებს. სხვებიც არსებობენ, რომლებიც რელიგიის საფარველის ქვეშ ცივილიზაციას იცავენ და მორალის შესახებ ყბედობენ. მაგრამ ოცწლიანი გამოცდილების შემდეგ დავასკვენი, რომ მორალის სახელით, ძალიან ხშირად მხოლოდ ამორალობა ისწავლება. ცივილიზაცია ფიზიკური კომფორტის გაუჯობესებას ცდილობს, მაგრამ ამ მცდელობაში უმწეოდ მარცხდება.

ცივილიზაცია რელიგიური არაა და ის ევროპაში ადამიანებს ისე აკონტროლებს, რომ ზოგი ცივილიზაციის მიმდევარი შეშლილივით იქცევა. მათ აკლიათ ნამდვილი ფიზიკური ძალა ან გამბედაობა. საკუთარ ენერგიებს ისინი თრობით (იგულისხმება ცივილიზაციით თრობა, მთარგმნელი) ინარჩუნებენ. მარტოობაში ბედნიერნი ძლივს არიან. ქალები ფაბრიკებში მონებივით მუშაობენ. ინგლისში, გროშებისათვის, ფაბრიკებში და მსგავს დაწესებულებებში, მძიმე პირობებში ნახევარი მილიონი ქალი მუშაობს. ეს არის მიზეზი ყოველდღიურად მზარდი ქალთა მოძრაობისა.

ეს ცივილიზაცია ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ მოთმინებით უნდა ველოდოთ იმ დროს, როცა ის თავის თავს დაანგრევს. მუჰამედის სწავლების მიხედვით, შეგვიძლია მას «სატანური ცივილიზაცია» ვუწოდოთ. ინდუიზმი მას «შავ ერას» არქმევს. ინგლისში ის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან სფეროში იჭრება, ასე რომ, შეჩერებული უნდა იქნას. სინამდვილეში, პარლამენტები მონობის სიმბოლოები არიან. თუ საკმარისად დაფიქრდებით, აზრს შეიცვლით და ინგლისელთათვის ყველაფრის გადაბრალებას თავს დაანებებთ. ისინი ჩვენს სიმპატიასაც კი იმსახურებენ. ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული ერია. ამიტომ მჯერა, რომ ბოროტს უკუაგდებენ. მათი აზროვნება ფხიანი, საზრიანი, გაბედული და ძალზედ გამრჯეა. მიდრეკილების მიხედვით, ამორალურები არ არინ, გულში ბოროტება არ აქვთ. ამიტომ მათ პატივს ვცემ. ცივილიზაცია უკურნებელი სენი არაა, მაგრამ დავიწყებული არ უნდა იქნას, რომ ინგლისელები ამ მომენტში მისით დაავადებულნი არიან.

თარგმანი ხატია ღუდუშაურისა

იხილეთ ასევე:

მაჰათმა განდი: სასტიკი ძალადობა
მაჰათმა განდი: პასიური წინააღმდეგობა

მაჰათმა განდი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage