მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
დაშნაკები და რამკავარები

სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი - არცახის/ყარაბაღის ხალხის წარმატებული ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, 1890 წელს ტფილისში გაჩნდა. მისი ორგანიზაციებია ყველგან, სადაც კი სომხები არიან. ის სომხეთის პირველ რესპუბლიკაში (1918-1920) მმართველი პარტია გახლდათ. იდევნებოდა ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ, სასომხეთიდან გაქრა 1923 წელს, მაგრამ პოლიტიკური სცენიდან არ გამქრალა. მეტიც, ის გახდა სოცინტერნის ანუ სოციალისტური ინტერნაციონალის აქტიური წევრი, რომელშიც ის დღემდე იმყოფება. დაშნაკცუტიუნი სომხეთში დაბრუნდა 1990 წელს და იქ თავისი რეგიონალური ორგანიზაცია აღადგინა, რომლის დამფუძნებელი კრება მან 1991 წლის ივნისში ჩაატარა.

დაშნაკების პოლიტიკური მიზნებია თავისუფალი, დამოუკიდებელი და ერთიანი სომხეთის შექმნა. ასეთი სომხეთის საზღვრებში უნდა მოექცეს 1920 წლის სევრის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწები: ნახიჭევანი, ახალქალაქი და ყარაბაღი. დაშნაკცუტიუნმა ყველგან უნდა დაიცვას სომეხი ხალხის ინტერესები, მოსთხოვოს ყველას თურქეთში სომეხთა გენოციდის დაგმობა, თურქების მიერ დაპყრობილი მიწების დაბრუნება და კომპენსაციების გადახდა. უნდა ჩატარდეს დამფუძნებელი კრება და მან სომხეთი დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკად უნდა გადააქციოს. საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს. თურქეთთან დაახლოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის გენოციდს მოინანიებს და სომხებს წართმეულს დაუბრუნებს.

ლევონ ტერ-პეტროსიანმა, დაშნაკცუტიუნის ბიუროს ხელმძღვანელს, საბერძნეთის მოქალაქე ჰრაირ მარუხიანს ბრალად საბჭოთა კავშირის კგბ-სთან კავშირი დასდო. 1992 წლის ზაფხულში მარუხიანი სომხეთიდან გააძევეს. ამან გამოიწვია დაშნაკების და «დემოკრატების» კონფლიქტი.

სხვა პრობლემა გაჩნდა იმიტომ, რომ 1993 წელს, დაშნაკები და განსაკუთრებით ჰრაირ მარუხიანი რუცკოისთან და ელცინის სხვა მოწინააღმდეგეებთან საკმაოდ აქტიურად ურთიერთობდნენ, მათმა წარმომადგენელმა არამ კარაპერიანმა კი, ხასბულატოვის თეთრ სახლში აკრედიტაცია მიიღო.  დაშნაკცუტიუნის ფრაქციის ერთი სანდო დეპუტატი 1993 წლის ოქტომბერში მარწმუნებდა, რომ არამ კარაპეტიანი თეთრი სახლიდან აჯანყებამდე რამოდენიმე დღით ადრე წავიდა და ამიტომ დაშნაკებისთვის აჯანყებულებთან სიახლოვის დასაბრალებლად ამ ფაქტის დამოწმება საჭირო არაა. თუმცა სიახლოვე მაინც არსებობდა, ამის შესახებ ერთ-ერთმა მოსკოველმა დაშნაკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. იგი აქებდა რუცკოის, ხასბულატოვს და ისეთ ბატონებს, როგორებიც არიან ილია კონსტანტინოვი, ალბერტ მაკაშოვი, ალექსანდრ ნევზოროვი, ალექსანდრ სტერლიგოვი, გენადი ზუგანოვი. ამის გამო, მათ ერევნის პრესაში მოხვდათ...

1994 წლის ივნისში სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის საქმიანობა სომხეთში შეაჩერეს და მან 1995-1996 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება არ შეძლო. თუმცა 1996 წლის ზაფხულში დაშნაკებმა თავისი რესპუბლიკური ორგანიზაციის ყრილობა ჩაატარეს და მიზნად ხელისუფლებასთან დაპირისპირების შერბილება დაისახეს. ამ გზას დაშნაკები პრეზიდენტის არჩევის შემდეგაც ადგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის უფლებათა ღიად დამრღვევი ხელისუფლების მეთოდებს ძალიან კრიტიკულად აფასებდნენ. 

1996 წელს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არმენ სარკისიანმა, მიიღო დაშნაკი ხელმძღვანელები: რუბენ აკოპიანი, ჰრაირ კარაპეტიანი და გაგიკ მკრტჩიანი.
დაშნაკებმა მას განუცხადეს, რომ პრემიერის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამა დაშნაკცუტიუნის პლატფორმას შეესაბამება, და რომ დაშნაკები მთავრობისთვის დახმარების გასაწევად მზად არიან.  პრემიერ-მინისტრმა ეს ისე მიიღო, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. ალბათ ეს გონივრულია, ვინაიდან დაშნაკთა ზოგი პრინციპი, მართლაც მთავრობის პოლიტიკის ელემენტებად იქცა. პირველ რიგში, ესაა ყარაბაღელთა მხარდაჭერა არცახში, თავდაცვის არმიის შექმნის ჩათვლით. პრორუსული პოლიტიკის სასარგებლოდ პროთურქული პოლიტიკის უარყოფა, რაც 1992-1994 წლებში მოხდა, სწორედ მაშინ, როდესაც დაშნაკების გასრესას ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ახლა დაშნაკებს სამშობლში პერსპექტივები ისევ გაეხსნათ. ჩემმა მეგობარმა სეირან ბაგდასარიანმა, რომელიც 1996 წელს მოსკოვში დაშნაკცუტიუნის წარმომადგენლობას ჩაუდგა სათავეში, მომავლის იმედით ცხოვრება ისევ დაიწყო. 

როცა დაშნაკები იდევნებოდნენ, ისინი შედარებით ძველი ტრადიციების მქონე სხვა პარტიამ - რამკავარ-აზატაკანებმა ანუ დემო-ლიბერალებმა დაიცვა. მათ ხელისუფლების მოქმედება, როგორც არადემოკრატიული საქციელი (აბა ნაღდი საბჭოთა დემოკრატი ხომ დაშნაკების მსგავსად კრემლის სპეცსამსახურებს ჩაეხუტებოდა), საჯაროდ დაგმეს. იმ დროისთვის რამკავარებს, სამოქალაქო თანხმობის საბჭოს ფარგლებში დაშნაკებთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე ჰქონდათ. მათ გარდა, ამ საბჭოში იყვნენ: დემოკრატიული პარტია, აგრარულ-დემოკრატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია და კავშირი "კონსტიტუციური სამართალი". ეს ორგანიზაცია, 1994 წელს დამფუძნებელი კრების ჩასატარებლად შეიქმნა, რომლის მიზნიც კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტების განხილვა და ყველა ეროვნული ძალების შეთანხმებით მიღებული პროექტის რეფერენდუმზე წარდგენა იყო.

რუსეთის საელჩოსთან კონტაქტები, პოლიტიკური პარტიებიდან პირველებმა, რამკავარებმა დაამყარეს. ამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე კარენ კოსტანდიანი თავისი ორი ამხანაგით, ჩემთან უკვე 1992 წლის 12 ნოემბერს მოვიდა. მათგან გავიგე, რომ სომხური ლიბერალურ-დემოკრატიული ბურჟუაზიული პარტიის საწყისი არის 1885 წელს დასავლეთ სომხეთის ქალაქ ვანში შექმნილ პარტია «არმენაკან»-შია. ეს პარტია, ოფიციალურად 1921 წელს კონსტანტინეპოლში/სტამბულში/ გაფორმდა და მოქმედებს ყველგან, სადაც სომხები არიან. ის კონკურენციას უწევს სოციალისტ დაშნაკებს.

თვითონ რამკავარები, თავს რუსეთის კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის, ე.ი. «კადეტთა» მემკვიდრეებად თვლიან, რომელთაც ჩემის ღრმა რწმენით, რუსეთის პოლიტიკურ ძალებს შორის სწორედ მათ ჰქონდათ ყველაზე მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო. რამკავარებს დიასპორაში საქმიან და ფინანსურ წრეებში აქვთ გავლენა. ისინი დაკავშირებულები არიან სრულიად სომხურ საქველმოქმედო კავშირთან, რომლის ხელმძღვანელებიც სწორედ რამკავარები არიან.

რამკავარი გახლდათ ამ კავშირის თავმჯდომარე ამერიკელი მილიონერი ალეკ მანუკიანი. რამკავარია მისი ქალიშვილი, კავშირის ახლანდელი თავმჯდომარე ლუიზ-სიმონ მანუკიანი, რომელიც პირველივე მოხერხებული შემთხვევისას, ფილარმონიაში ლორის ჩკნავორიანის სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი კონცერტის დროს გამაცნეს...

სომხეთის რესპუბლიკაში რამკავარებმა თავისი ორგანიზაცია შექმნეს და რეგისტრაციაში გაატარეს 1991 წელს. მათ სურთ ხალხის ნების უზენაესობა და დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, სოციალურად ორიენტირებული რეფორმები და სომხეთის «ისტორიულ საზღვრებში» აღდგენა. 1991 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე, ისინი მხარს ლევონ ტერ-პეტროსიანს (რომელიც, სხვათა შორის, პრეზიდენტობიდან დაშნაკებთან კონფლიქტის გამო გადააყენეს. მთარგმნელი) უჭერდნენ.  თუმცა უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი უდიდესი ფრაქციის მქონე რამკავარები,  ხელისუფლების "კონსტრუქტიულ ოპოზიციას" ქმნიდნენ. 

პარტია რუსეთის მიმართ მეგობრულადაა განწყობილი და რუსეთში მდგომარეობის სტაბილიზაციაზე ოცნებობს. ამას ის სომხეთში ნორმალური ცხოვრების აწყობას უკავშირებს. რამკავარებს ჩემთვის უთქვამთ, რომ სომხებისთვის ერთადერთი გონივრული ორიენტაცია არსებობს - ესაა რუსეთზე ორიენტაცია...

ვლადიმერ სტუპიშინი, «ჩემი მისია სომხეთში. 1992-1994. რუსეთის პირველი ელჩის მოგონებებიდან», გამომცემლობა Academia, მოსკოვი, 2001 წ., ამონარიდი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage