მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
საქართველოს უახლესი ისტორიიდან: 1992 წელს დახვრეტილი საქართველო

გაფრთხილება!
ყველა უკანონო მიტინგი იქნება დარბეული, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს – ტყვიას ვესვრით!

ჯაბა იოსელიანი
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გაზეთი «დრონი». «იბერია-სპექტრი», 21-27 მაისი, 1992 წ. Nr. 44

როგორც უკვე საყოველთაოდ ცნობილია, ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული იერიშის დაწყება 1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ატაში დაფუძნებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირს (მოდერნიზებულ სსრ კავშირს) უკავშირდება. აღნიშნულმა კავშირმა გააერთიანა აზერბაიჯანის, სასომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, მოლდავეთის, უკრაინის რესპუბლიკები და რუსეთის ფედერაცია. მასში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა ეროვნულმა ხელისუფლებამ და ალმა-ატის შეხვედრაზე მხოლოდ დამკვირვებლი წარგზავნეს.

1991 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის - ბორის ელცინის მიერ, დსთ-ს ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად 22 დეკემბრის დილის 8 საათამდე მიეცა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს ხელისუფლების დამხობით დაემუქრა. ვადის ამოწურვისთანავე, 22 დეკემბერს, უთენია, რუსეთის სპეციალურმა სამხედრო შენაერთებმა და ქართულმა შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ალყაში მოაქციეს და ზუსტად 08:00 საათზე, ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შტურმი დაიწყეს, რასაც ეროვნული ხელისუფლების მიერ 1992 წლის 6 იანვარს საქართველოს იძულებითი დატოვება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ უკვე 1992 წლის 2 (!) იანვრიდან, ეროვნული ხელისუფლების მიერ საქართველოს იძულებით დატოვებამდე 4 დღით ადრე, თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის შემადგენლობით შემდგარმა სამხედრო საბჭომ, გააუქმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო (საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მთელ რიგ დეპუტატთა შრომის წიგნაკებში ჩაწერილია, რომ მათი უფლებამოსილება 1992 წლის 2 იანვარს (!) არის შეჩერებული, რაც მოგეხსენებათ იურიდიული ნონსენსია.), მინისტრთა კაბინეტი, ადგილობრივი მმართველობის (პრეფექტები) და თვითმმართველობის (საკრებულოები) ორგანოები, ასევე პრეზიტენტის ინსტიტუტი, შეაჩერა საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია, რითაც განუკითხაობას, ქაოსსა და ტერორს გაუხსნა გზა.

სწორედ ამ დროიდან დაიწყო სამხედრო ხუნტის მიერ ეროვნული ხელისუფლების მხარდასაჭერად თბილისის ქუჩებში გამოსულ ხალხზე შეიარაღებული ანგარიშსწორება. 3 იანვარს, დიდუბის მეტროსთან უსასტიკესად დაიხვრიტა მრავალრიცხოვანი მშვიდობიანი მიტინგი, რომლის დროსაც ადგილზე მიტინგის 6 მონაწილე იქნა მოკლული, მათ შორის ლევან თაქთაქიშვილი, მძიმედ დაჭრეს რამდენიმე, მათ შორის გივი რეხვიაშვილი და გიზო ხატიაშვილი - მოგვიანებით ორივე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამოქალაქო გმირობის მაგალითი: დიდუბის მეტროსთან, შეიარაღებული ბანდფორმირებების ნიღბიანი წევრების მიერ მიტინგის მშვიდობიანი მონაწილეების უმოწყალოდ დახვრეტის მოწმე გახდა ამბროსი კობიძე, რომელიც შეიარაღებულთ წინ გადაუდგა, თანამოძმეთა დახვრეტის შეწყვიტა მოსთხოვა და ერთ-ერთს ავტომატის წართმევა დაუპირა; საპასუხოდ ნიღბიანმა ის ფეხში დაჭრა.

1992 წლის 7 იანვარს, შობას, შუადღისას, თბილისის ვაგზლის მოედანზე სპონტანურად შეიკრიბა ეროვნული ხელისუფლების დამხობით გაოგნებული რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი მოქალაქე. აქვე იყვნენ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის და კერძოდ წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრები, რომელთა ინიციატივით გადაწყდა, რომ თავმოყრილ ხალხს ეროვნული ხელისუფლების დამხობის წინააღმდეგ პროტესტი და სამხედრო ხუნტასთან შეურიგებლობა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი მანიფესტაციებით გამოეხატა.

აღსანიშნავია, რომ იმ დღეებში ქალაქში მრავლად იმყოფებოდნენ დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების და ბეჭდური თუ სატელევიზიო არხების რეპორტიორები, რომელთაც შეეძლოთ მშვიდობიანი მანიფესტაციებით გამოხატული საქართველოს მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტი სამხედრო ხუნტისადმი და ეროვნული ხელისუფლების დაბრუნების მოთხოვნის მოთხოვნა დასავლეთის მედია-საშუალებებისათვის ე.ი. მთავრობებისთვის ემცნოთ.

6 იანვრიდან, გარდა ეროვნული ხელისუფლების მიერ თბილისის დატოვების დროს მეტეხის ხიდთან დაპატიმრებული უზენაესი საბჭოს წევრებისა, რომლებიც სასტიკად ნაცემნი პოლიციის სამმართველოს საკნებში იმყოფებოდნენ, დედაქალაქში თითქმის აღარ იყვნენ ეროვნული ხელისუფლების წევრები და მმართველ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების ფართო მასებისთვის მეტად თუ ნაკლებად ცნობილი წარმომადგენლები (ვინც იყო, გარეთ დაპატიმრების საფრთხის გამო ვერ ჩნდებოდა). წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრების გადაწყვეტილებით და თხოვნით, შეკრებილ ხალხს პირველი სიტყვით მივმართე და მოვუწოდე არ დავმორჩილებოდით სამხედრო ხუნტას და მის წინააღმდეგ პროტესტი თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობით გამოგვეხატა.

სწორედ ამ დროს, თამარ მეფის გამზირის მხრიდან სროლა დაიწყო. შავნიღბიანები ხალხის დაშინების მიზნით კარგა ხანს ჰაერში ისროდნენ. მიუხედავად საფრთხისა, წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრების მიერ გაწეული ორგანიზაციის წყალობით, თავმოყრილი ხალხი სადგურიდან გმირთა მოედნის მიმართულებით დაიძრა.
მანიაფესტაციას, რომელიც სკანდირებდა: «დაუმორჩილებლობა», «საქართველო», «ძირს ხუნტა», «ზვიადი», «მერაბი», თამარ მეფის გამზირზე მდგარი კორპუსებიდან შუშის ქილებს ესროდნენ. მსვლელობას ბევრი თვალცრემლიანი მოქალაქე გზადაგზა უერთდებოდა.

ფოტოზე: მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა, ტრაფარეტით ხელში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრი კლარა შუკვანი
, 1992 წლის იანვარი

ფოტოზ
: მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის დახვრეტა დელისის მეტროსთან, 1992 წლის შობა

რადგან ფილარმონიასთან და უნივერსიტეტთან ასასვლელი ქუჩები შეიარაღებულ პირებს ჰქონდათ გადაკეტილი, მანიფესტაციამ გმირთა მოედნიდან ტელევიზიის შენობასთან აუხვია და კ. გამსახურდიას გამზირზით მსვლელობა განაგრძო.

გამზირზე მდებარე კორპუსების სახურავებზე მომზადებული სნაიპერები იდგნენ, მათ ტყვიამფრქვევები ჰქონდათ დამონტაჟებული და დაბლა, მსვლელობისთვის დამიზნებული. ამ დღეს, მეორედ სწორედ აქ ესროლა ხუნტამ ხალხს. მსვლელობის დარბევა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით («დიმავოი შაშკებით») დაიწყო, რომელნიც მანიფესტაციის მონაწილეებს შეიარაღებულმა პუტჩისტებმა ფეხებთან უხვად გვესროლეს, ქუჩა მათგან დაყენებულ თეთრ კვამლში გაეხვია. კორპუსების სახურავებიდან აკაკანდნენ ტყვიამრქვევები, რომელთა მასრებიც ფეხებში გვიცვიოდა, მსვლელობის საპირისპირო მხარეს მდგომმა პუტჩისტებმა ავტომატების ჯერი დაუშინეს უიარაღო ხალხს, რომელიც საოცარია, მაგრამ არ შეეპუა დამრბევებს, არ გაიფანტა (იმდენი მოლოტოვის კოქტეილის თეთრ კვამლში, გვერდზე მდგომი სამი ადამიანის სილუეტის დანახვა თუ იყო შესაძლებელი) და მიუხედავად ფიზიკური საფრთხისა, ხალხმა ერთმანეთი შეძახილებით გაამხნევა და მსვლელობა დელისის მეტროს მიმართულებით განაგრძო. გზად სასტუმრო «აფზაზეთი»-ს წინ მიტინგი ჩავატარეთ, იმჟამად იქ სამაჩაბლოდან მცხოვრებ ლტოლვილების მივმართეთ დემონსტრაციას შემოერთებოდნენ.

პუტჩისტებმა მესამედ დელისის მეტროსთან დაგვარბიეს, ამჯერად უსასტიკესად. დამიზნებით გვესროდნენ ხალხს, დასდევდნენ უცხოელ ჟურნალისტებს, სცემეს ერთი ქერათმიანი უცხოელი რეპორტიორი ქალი, რომელიც მსვლელობას იღებდა, ათრიეს თმებით და დაუმტვრიეს ვიდეო -კამერა, ფოტორეპორტიორებს ფოტოაპარატებიდან უღებდნენ ფირებს და ფოტოაპარატებს უმტვრევდნენ. ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად შეიარაღებულთა სისასტიკისა, მსვლელობა ვერ დაშალეს, დემონსტრაციის მონაწილენი ცენტრალური ქუჩიდან არ გადავიდნენ, არ გაიქცნენ, პირიქით, თუ კი ვინმეს კამერა ან ფოტოაპარატი ჰქონდა, მას მიეხმარნენ დარბევის კადრების გადაღებაში, აგროვებდნენ ასფალტზე დაყრილ ტყვიის მასრებს, რომელნიც ნიღბიანებმა ხალხს გვესროლეს.

ფოტოზე: ლევან თაქთაქიშვილი (1970-1992), დიდუბის მეტროსთან მიმდინარე მიტინგზე დახვრეტილი

ფოტოზე: გივი რეხვიაშვილი (1970-1992) , დიდუბის მეტროსთან მიმდინარე მიტინგზე დახვრეტილი

როგორც იქნა დარბევა დამთავრდა, შეიარაღებულები ტერიტორიას გაეცალნენ. სასწრაფო დახმარების მანქანებმა დაჭრილები რესპუბლიკურ და ქალაქის პირველ ე.წ. არამიანცის საავადმყოფოებში წაიყვანეს. ხალხის გადაწყვეტილებით, მანიფესტაციის რამდენიმე მონაწილე დაჭრილებთან საავადმყოფოებში წავედით. თან წავიყვანეთ «სანდი თაიმსის» და კიდევ ერთი უცხოური ბეჭდვითი გამოცემის დარბევის თვითმხილველი რეპორტიორები, დამტვრევას მართლაც სასწაულად გადარჩენილი ვიდეო-კამერებით.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულებს საზარელი სურათი დაგვხვდა. 7-ე თუ 8-ე სართულზე, პალატები სავსე იყო დაჭრილებით, რომელნიც სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე ლოგინებზე იწვნენ და გმინავდნენ. აღმოჩნდა, რომ ხუნტას ბრძანება ჰქონდა გაცემული, მანიფესტაციებზე დაჭრილთათვის ექიმებს სამედიცინო დახმარება არ აღმოეჩინათ. გაირკვა, რომ განყოფილების ექიმები დაჭრილთა მიყვანის დროიდან დამალულნი იყვნენ. უცხოელი ჟურნალისტის თანხლებამ ექთნებზე იმოქმედა, დაბნეულებმა დაჭრილებისთვის მხოლოდ დოლბანდები მოგვიტანეს, რომლითაც მისულებმა(!) დაჭრილების ჭრილობების გადახვევა დავიწყეთ.

იმ დროს, როცა თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ ფეხში დაჭრილ სტუდენტს ჭრილობას ვუხვევდი და თან ვდარდობდი დედამისისთვის, რომელიც ასევე მსვლელობის მონაწილე გახლდათ, შვილის დაჭრის ამბავი როგორ მეთქვა, პალატაში ერთი ჩია ტანის სანიტარი შემოვიდა, რომელმაც აღელვებულმა გვითხრა, რომ სანამ ჩვენ აქ ჭრილობებს ვახვევდით, 11-ე სართულზე საოპერაციოში, მიტინგზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გულში შემავალი ჭრილობით საოპერაციო მაგიდაზე სისხლისგან იცლებოდა, ქირურგები ოპერაციის გაკეთებას არ აპირებდნენ.
უცხოელი ჟურნალისტის თანხლებით სასწრაფოდ საოპერაციოსკენ გავიქეცით. ჩვენმა არა, მაგრამ რეპორტიორების ჩართული ვიდეო-კამერბის დანახვამ, გვარიანად დააფრთხო საოპერაციოდან აუღელვებლად გამოსული ქირურგი. მან საოპერაციოში შეშვებაზე და დაჭრილის გადაღებაზე უარი გვითხრა, სამაგიეროდ ოპერაციის დაუყოვნებლივ დაწყებაზე თანხმობა განაცხადა. შემდეგ გავიგე, რომ ის გულში დაჭრილი მხატვარი ბაადურ მჭედლიშვილი იყო. იგი საოპერაციო მაგიდაზე ოპერაციის დროს გარდაიცვალა...
 
ფოტოზე: ბაადურ მჭედლიშვილი (1939-1992), დელისის მეტროსთან მსვლელობაზე დახვრეტილი

ფოტოზე: მამუკა ტერიშვილი (1974-1992), ცირკთან მსვლელობაზე დახვრეტილი

უკეთესი სურათი არც ქალაქის პირველ, ე.წ. «არამიანცის» საავადმყოფოში დაგვხვდა; უცხოელი ჟურნალისტბის გამოჩენამ, ექიმებს სამხედრო ხუნტის ბრძანება-მუქარის შიში იქაც გადაალახვინა და დაჭრილთა სამედიცონო დახმარების აღმოჩენა დააწყებინა.

დაჭრლილების და მსხვერპლის რაოდენობით, 1992 წლის 7 იანვრის დახვრეტა, ხუნტის ერთ-ერთი უსასტიკესი ანგარიშსწორება იყო.

მიუხედავად 7 იანვრის უსასტიკესი დარბევებისა, 8 იანვრიდან ხალხმა ისევ სპონტანურად, ყოველგვარი ორგანიზაციის გარეშე, თავშეყრა სადგურის მოედანზე გააგრძელა და აქედან ყოველ დღე მართავდა მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობებს, რომელნიც პუტჩისტების მიერ ასევე ყოველ დღე სასტიკად ირბეოდა და იხვრიტებოდა. დარბევების შემდეგ, მოვძებნიდით იმ თითო-ოროლა უცხოელ რეპორტიორს, რომლებიც მანიფესტაციებს იღებდნენ და მათთან ან მათ გარეშე დავდიოდით თბილისის საავადმყოფოებში დაჭრილთა მოსანახულებლად ე.ი. საშველად, ანუ ექიმთათვის ჰიპოკრატეს ფიცის შესახსენებლად. იანვრის შუა რიცხვებიდან საქართველოში აკრედიტებულ ჟურნალისტებს სამხედრო საბჭო მინისტრთა კაბინეტის წინ გვახვედრებდა, მსვლელობებს ისინი თითქმის აღარ იღებდნენ.

7 იანვრის შემდეგ, მანიფესტაციის მარშრუტის შეცვლა ხშირად გვიხდებოდა, რადგან პუტჩისტებს სადგურის მოედნიდან ცენტრში გამავალი მთელი რიგი ქუჩებისა, გადაკეტილი ჰქონდათ. ძირითადად, ფილარმონიის გავლით მინისტრთა კაბინეტთან, სამხედრო საბჭოს შტაბ-ბინასთან მივდიოდით. ხალხი მიტინგებს გზადაგზა ატარებდა, შეიარაღებული პუტჩისტები ყოველდღე სასტიკად გვარბევდნენ, სახანძრო მანქანები წყლის ჭავლით გვასველებდნენ. მინისტრთა კაბინეტის მიმდებარე ტერიტორია ხუნტას გამუდმებით გამაგრებული ჰქონდა გვარდიის ნაწილებით, მთაწმინდის რაიონის პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლებით, შენობის სახურავებზე მდგარი სნაიპერებით და ტყვიამფრქვევებით, სახანძრო მანქანებით, ასევე ურიცხვი მხედრიონელით.

ფოტოზე: 1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან მიმდინარე მიტინგზე დახვრეტილი ლევან თაქთაქიშვილის დაკრძალვა

1992 წლის იანვრის მანიფესტაციებით ხალხი ასევე გამოხატავდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის და მისი თანმხლები პირების მხარდაჭერას, რომელნიც 6 იანვრიდან იჯევანში/სასომხეთი იმყოფებოდნენ. სასომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა, უარი განაცხადა პრეზიდენტ გამსახურდიასთვის და მისი თანმხლები პირებისთვის თავშესაფრის მიცემაზე, მაშინ როცა საქართველოს სამხედრო ხუნტა მისგან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოსთვის ან რუსეთისთვის გადაცემას მოითხოვდა. ზვიად გამსახურდიას კი პროტესტის ნიშნად იჯევანში უვადო შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული.

იანვრის მანიფესტაციებზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იჭრებოდა და იღუპებოდა, მიუხედავად ამისა, მსვლელობებს ხალხი კი არ აკლდებოდა, პირიქით ემატებოდა. იყო დღეები, როცა თბილისში მინიმუმ 300-400 ათასიანი მსვლელობები მოეწყო. ხალხის მღელვარება და ხუნტისადმი პროტესტი არ ცხრებოდა. სწორედ ამიტომ, ხუნტამ 2 თებერვალს განსაკუთრებული სისასტიკით დახვრიტა და დაარბია ალბათ მინიმუმ ნახევარმილიონიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია.

ამ დღეს, სადგურის მოედნიდან წამოსულ მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეებს პირველი დახვრეტა მოგვიწყვეს ავტობუსებით და სახანძრო მანქანებით პიკეტირებულ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბანდფორმირებები ავტომატის ჯერით გამეტებით ისროდნენ როგორც გმირთა მოედნის მხრიდან, ისე ცირკის მოპირდაპირე გორიდან; დაიჭრა რამდენიმე ათეული და ადგილზე გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის 17 წლის მამუკა ტერიშვილი, მას საქართველოს დროშა ეჭირა ხელში და დემონსტაციას წინ მიუძღვებოდა.

რადგან გმირთა მოედნამდე მიღწევა ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ხალხმა უკან დაიხია და აღმაშენებლის ქუჩით განაგრძო მსვლელობა, მიზანი ელბაქიძის ხიდის გავლით რუსთაველის გამზირის და ბოლოს მინისტრთა კაბინეტის მიმდებარე ტერიტორიის მიღწევა იყო. მსვლელობამ აღმაშენებლის გამზირიდან მარჯანიშვილის ქუჩაზე შეუხვია, რათა ელბაქიძის აღმართით რუსთაველის გამზირზე გასულიყო. ამ დროს, ჩემთან საქართველოს ჰელსინკის წევრი მერაბ ტყებუჩავა მოვიდა და წინ გამახედა - ელბაქიძის ხიდის დასაწყისში ჯავშანტრანსპორტიორები და სასწრაფო დახმარების მანქანები იდგნენ, ე.ი. კიდევ ერთი დარბევა იყო მოსალოდნელი. მერაბმა მითხრა, რომ მეგაფონს სასწრაფოდ მომიტანდა ხალხისთვის უკან დაბრუნება რომ მომეწოდა. ამ დროს, გაგა ჯაფარიძეს, პრეზიდენტის დაცვას (პუტჩისტებმა დაჭრეს და ხუნტასთან შეკრულებმა სისხლისგან დაცალეს ფოთში, 1993 წლის შემოდგომაზე), რომელიც სხვებთან ერთად იმ დღეებში მე მიცავდა, საპირისპირო მხრიდან ნასროლი ქვით სახეზე სათვალე მიამტვრიეს; გაგამ ქუდი სასწრაფოდ მოიხადა და მე დამახურა, თითქოს მოემზადაო. ის-ის იყო მოტანილ მეგაფონს უკან გადავწვდი, რომ ისევ სროლა დაიწყო. ისროდნენ ზედატანის სიმაღლეზე, ელბაქიძის ხიდის მხრიდან, ასევე მარჯანიშვილის თეატრის და უნივერმაღის სახურავებიდან. წინა რიგებში ხალხი მოიცელა, შედარებით უკან მდგარნი ასფალტზე დაწვნენ, ტყვიების ზუზუნში დაჭრილთა გმინვა გაისმა.

ამ საზარელი სურათით გაოგნებული, უნივერმაღის მოპირდაპირე მხარეს, კუთხეში ალბათ საათის ტოლფასი რამდენიმე წამი მხოლოდ მე და გაგაღა დავრჩით ფეხზე. გაგამ მოულოდნელად კეფაში ხელი დამკრა და პირქვე წამაქცია, სახესთან კი ხელი დამიდო, ასფალტზე რომ არ დამერტყა. ჩემი წაქცევა და თავზე ტყვიების ჯერის გადავლა ერთი იყო.
ხალხმა ისევ მარჯანიშვილის მეტროსკენ დავიხიეთ და მიმდებარე ტერიტორიაზე სახლების სადარბაზოებში თავის შეფარება დავაპირეთ. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა სადარბაზოების კარებებს არ აღებდა, ხალხს მათი შემტვრევა ძალით უხდებოდა, ზოგი ბინადარი თავშეფარებულ ხალხს ქუჩაში უკან ყრიდა. ბევრმა დემონსტრაციის მონაწილემ თავს მეტროში ჩასვლით უშველა. პუტჩისტებმა მარჯანიშვილის მეტროს ვესტიბიულში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, ისინი ექსკალატორზე მისდევდნენ ხალხს; მეტროს წინ ჯავშანტრანსპორტიორებით დასაჭერად დასდევდნენ იქ მყოფებს, დაჭერილებს სასტიკად სცემდნენ, ქალებს თმებით ათრევდნენ და მანქანებში ყრიდნენ. გააფთრებულნი ეძებდნენ მსვლელობის ორგანიზატორებს. მხოლოდ შებინდებისას, როცა შეიარაღებულნი თვალს მიეფარდნენ, მაშინ გახდა სადარბაზოებიდან გამოსვლა შესაძლებელი...

2 თებერვლის დიდი მსხვერპლის შემდეგ, ვეღარავინ ვერ შესძლო პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება და ყოველდღიური მსვლელობების გაგრძელება, სადგურზე ყოველდღიური მიტინგების დანიშვნა. მრავალათეულათასიანი თავყრილობებისა და მსვლელობების მონაწილეთა სამაგალითო დასჯაში უდიდესი როლი შეასრულეს საოკუპაციო რეჟიმის სპეცსამსახურების მიერ სადგურის მიტინგებზე გამომსვლელთა შორის მოულოდნელად მოვლენილმა, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ძველი წევრებისათვის მანამდე სრულებით უცნობმა რამდენიმე პირმა, რომელთაც სადგურის მიტინგებზე მეგაფონი მოიტანეს (მანამდე მიტინგები მეგაფონის გარეშე ტარდებოდა, რადგან მისი მიტინგზე მოტანის და საერთოდ ქონის ფაქტი, მაშინ დაჭერის მიზეზი გახლდათ ყველასათვის, ვინც სპეცსამსახურთან არ იყო შეკრული.). ასეთ «ლიდერთა» წყალობით, რომელთაც მხურვალე გამოსვლებით ხალხში საკმაოდ დიდი ნდობა მოიპოვეს, ხუნტამ უმეტეს შემთხვევაში ზუსტად იცოდა მსვლელობების სადგურზე მიმდინარე მიტინგზე დაგეგმილი მარშრუტები – ამ მტკიცებულების საფუძველს ხუნტის მიერ ყოველდღიურად მსვლელობების მარშრუტების შესაბამისად პიკეტირებული ქუჩების ფაქტები იძლევა.

აქვეა აღსანიშნავი, რომ იანვარ-თებერვლის მიტინგებში და დემონსტრაციებში, ასევე შემდგომ საპროტესტო გამოსვლებში, სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან განსხვავებით, რეგულარულად მონაწილეობდნენ თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფერორ-მასწავლებლები და სტუდენტები, შესაბამისად, მათ შორის მრავლად იყვნენ მიტინგებისა და მსვლელობების დარბევის დროს დაჭრილები.

ასევე საცოდნელია შემდეგი გარემოება, რომელიც ხალხის მაშინდელ სულისკვეთებაზე და გამბედაობაზე მეტყველებს. შობის სასტიკი დარბევის შემდეგ, მანიფესტაციაზე მოსულ ხალხს ჯიბეში ფურცელზე დაწერილი, ან შარვლის ან კაბის ქამარზე ამოქარგული გვარ-სახელი და მისამართი ჰქონდა. არავინ იცოდა, ვის როდის და სად წამოეწეოდა პუტჩისტების ტყვია.., დახვრეტილები მორგში დროულად რომ ამოეცნოთ...

ხატია ღუდუშაური


1991-92 წლებში მთავრობის სასახლესთან, რუსთაველის გამზირზე, მეტეხის ხიდთან, რიტუალების სასახლესთან, მშვიდობიან მიტინგებზე და მსვლელობებზე პუტჩისტების მიერ დაჭრილთა არასრული სია

1991-92 წლებში მშვიდობიან მიტინგებზე და მსვლელობებზე პუტჩისტების მიერ ხელკეტებით დაშავებულთა არასრული სია
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."