მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
დიდ ხუთშაბათს სვეტიცხოველში მირონი ეკურთხა
მირონი ბერძნული სიტყვაა და სურნელოვან ზეთს ნიშნავს. ძველი აღთქმის მიხედვით, მირონი აღთქმის კიდობანის, საეკლესიო ჭურჭელის, მღვდელმთავრების, წინასწარმეტყველთა და მეფეთა ცხებისთვის გამოიყენებოდა.

ინტერვიუ ხილიანის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ მიქაელთან (ბრეგვაძე)

- მამა მიქაელ, ქრისტიანულ ეკლესიასა და უშუალოდ საქართველოში როდიდან იწყება მირონის ხარშვა?
- მირონი ეკლესიის ერთერთი საიდუმლოა, რომელიც ეკლესიაში აღიარებულ შვიდ ძირითად საიდუმლოში შედის.
მართალია მცირე ცნობები მოგვეპოვება, მაგრამ აშკარაა რომ მირონის გამოყენებას ეკლესიაში უკვე მეორე საუკუნეში დაედო სათავე და ზუსტად ვიცით, რომ V-ე საუკუნედან, კერძოდ ქალკედონის კრების გადაწყვეტილებით (451 წ.) მირონი ყველა ავტოკეფალური ეკლესიის უფლება-მოვალეობად განისაზღვრა. მაგალითად, ეფრემ მცირე, ამ მოვლენას ასე განმარტავს: ქალკიდონისა კრებასა ესმა, რომელ სიძვირისათჳს ფასით ჰყიდეს მიჰრონსა, ამისთჳს ბრძანეს წმიდათა მამათა, რაჲთა არა ხოლო ანტიოქიას, არამედ სხუათაცა ეკლესიათა შინა წმიდა იქმნებოდეს მიჰრონი. ხოლო პირველი წერლობითი წყარო, რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქ მიქაელ IV-ის მიერ წმიდა მირონის მომზადებაზე მოიპოვება, თარიღდება 1208 წლით.

საინტერესოა როდიდან შემოდის მირონი ეკლესიაში და რა მნიშვნელობა აქვს მას. რატომ იღებს მირონის ხარშვის ტრადიცია სათავეს სწორედ ანტიოქიიდან და არა სხვა რომელიმე ადგილიდან. თავდაპირველად, როდესაც მორწმუნეები ინათლებოდნენ, მოციქულებს (საქმე 8:15-18), მოგვიანებით კი მათ მემკვიდრე ეპისკოპოსებს მისთვის ხელი უნდა დაესხათ. თვითონ ნათლობა ორ ნაწილად იყოფა, ბაბტიზმად, რომელიც გულისხმობს აღმსარებლურ აღსარებას, სამგზის შთაფლვით განბანას და ფოტიზმად, რომელიც პირველ საუკუნეებში ხელდასხმით სრულდებოდა და მალევე მირონცხებით შეიცვალა. გაქრისტიანების, სწორედ ამ დამაგვირგვინებელი რიტუალის ნაწილის თარგმანია ქართული ნათლისღება.

მაცხოვრის სახელი "ქრისტე" ცხებულს ნიშნავს. ამ სახელით გააცნო თავი უფალმა ნაზარეთის პატარა სინაგოგიდან კაცობრიობას: "სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე" (ლუკა 4:18) და გამოაცხადა, რომ ქრისტე-მესია-ცხებული მოვიდა: "დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ" (ლუკა 4.20). მაცხოვრის მიმდევრებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები (საქმე 11.26). დასაბამშივე, ეკლესიაში მადლის მიღება და ქრისტიანობა ღმრთივცხებულებასთან ასოცირდებოდა (1 იოანე 2.20; 2 კორონთ. 1: 21-22), ასევე პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე, ანტიოქიის ეკლესის წმიდა მამებმა ნათლობის ხელდასხმა ჩაანაცვლეს მირონცხებით. ეს უფრო მოქნილს ხდიდა ქრისტიანობის გავრცელებას, რადგან ყველგან და ყველასთან აღარ იყო საჭირო ეპისკოპოსების მისვლა და მღვდლებსაც მირონის საშუალების შეეძლოთ სრულფასოვანი ნათლობის ჩატარება. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, მირონის ცხების წესი V საუკუნეში შემოვიდა. ისტორიულად მირონის მომზადებას ანგარებითი მომხმარებლობის გარდა, მიმტაცებლური მიზნებითაც იყენებდნენ, ამის გამო საქართველოს ეკლესიას რამდენჯერმე მოუწია სამოციქულო ავტოკეფალიურობის დამტკიცება, რომ სხვა ეკლესიებსაც ეღიარებინათ მისი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა. მირონის მომზადებისათვის დადგენილი ყველა საჭირო ნელსურნელებები ჩვენთან არ მოიპოვება, რაც უფრო დამოკიდებულს გვხდიდა სხვა ქვეყნებზე და ართულებდა ავტოკეფალურობის საკითხს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ისტორიულად სამართალი ყოველთვის არ იყო ჩვენ მხარეს, მაგრამ დღეს აშკარაა, რომ საქართველოს ეკლესიამ, მას შემდეგაც, რაც მირონი, ავტოკეფალური ეკლესიების უფლება-მოვალებად და მათი დამოუკიდებლობის სტატუსის განმსაზღვრელ აუცილებელ პირობად იქცა, შესძლო შეენარჩუნებინა როგორც დამოუკიდებლობა, ასევე საეკლესიო სამართალი და საეკლესიო ერთობა და უფლის ცხებულ ქვეყნად დარჩენა.

ფოტოზე: მირონის ხარშვა, სვეტიცხოველი, 2011 წლის 20 აპრილი
- რა შემადგენლობისგან იხარშება მირონი ან საიდან ხდება მათი ჩამოტანა?
- მირონის მოხარშვისთვის საჭიროა მრავალი ნაერთის შემადგენლობა, რომლებიც საქართველოში არ მოიპოვება და საზღვარგარეთ ძალიან ძვირი ღირს. სურნელოვანი ზეთები და სხვა და სხვა ნივთიერებები, ჩვენ, შორეული ქვეყნებიდან ჩამოგვაქვს. დროთა განმავლობაში, მირონის დამზადებისთვის დადგენილი საჭირო ეთერზეთების რაოდენობა იცვლებოდა. ძველი აღთქმის ეკლესიაში, 5 სახეობის ნელსურნელება გამოიყენებოდა (გამოსვლა 30:22-28). VIII ს. ბერძნული კურთხევნიის მიხედვით, მისი რაოდენობაა 13. ხოლო, კონსტანტინეპოლის ეკლესიამ, 1951 წლიდან მათი რაოდენობა 57-ი ნარევით განსაზღვრა, დღეს, ძირითადად 40 კომპონენტი გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მირონის მოხარშვისას, არავითარი ქიმიური წარმოების სურნელებები არ გამოიყენაბა და ყველა ნაერთი ბუნებრივია.

- რამდენი დღე იხარშება მირონი?
- სამი დღე იხარშება წმინდა მირონი, ამ პერიოდში მლოცველებისთვის, სვეტიცხოველის ტაძრის კარი ღიაა და განუწყვეტლად იკითხება ლოცვები.

- ვინ ესწრება მირონის ხარშვის პროცესს და ვინ აკურთხებს?
- მირონის კურთხევაში პატრიარქი და მღვდელმთავრები მონაწილეობენ.

- ნათლობის საიდუმლო შესრულების გარდა, კიდევ რა დროს გამოიყენება მირონი?
- მირონს ვიყენებთ მხოლოდ ნათლობისას, ახალი ტაძრის კურთხევის და ტაძრის განახლების დროს (ენკენიისას), როდესაც ხდება ეკლესიის საკურთხევლის (წმინდა ტრაპეზი) კურთხევა. აგრეთვე მართლმადიდებლად მოქცეულ იმ მორწმუნეებისთვის, რომელთა ნათლობის საიდუმლოს გარეგნული წესი, შეწყნარებულია ეკლესის მიერ. მირონი გამოიყენება, საეკლესიო მსახურებისათვის განკუთვნილი საგნების კურთხევისთვის, მეფედ კურთხევისას და წმიდა ნაწილების აღმოყვანების დროს.

- როგორ ჭურჭელში იხარშება მირონი?
- ამასთან დაკავშირებით, არ არსებობს განსაკუთრებული წესი. მირონი შესაძლებელია მოიხარშოს ოქროში, ვერცხლში, სპილენძში, უბრალოდ აუცილებელია იყოს უფლისთვის „გამეტებული“ საპატიო ჭურჭელი.

- რამდენ წელიწადში ერთხელ ხდება მირონის კურთხევა?
- მართლმადიდებლურ ეკლესიაში მირონს ვხარშავთ მაშინ, როცა ის დაიცლება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მირონი გაგვითავდა, კანონი უფლებას გვაძლევს, იგი, დიდ ხუთშაბათამდე სურნელოვან ზეთში გავაზავოთ, რადგან მირონის კურთხევა აუცილებლად დიდ ხუთშაბათს უნდა მოხდეს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ყველა მორწმუნე მართმადიდებლისთვის. ეს სამოთხისეული, მადლიანი სურნელებაა.
ბოლოს, მინდა გაგახსენოთ სვიმეონ თესალონიკელის სიტყვები, რომელიც ამბობს:- „როგორც უფლის ნათლობის დროს გადმოვიდა სული წმინდა მტრედის სახით, რათა განცხადებული ყოფილიყო ჩვენთვის განხორციელებული ღვთის მთლიანი სისავსე, ასევე საიდუმლოშიც მირონის ცხებით, ჩვენ ვღებულობთ სული წმინდას. თვით იესო ქრისტე ნიშნავს მაცხოვრის ცხებულს. ასევე, ჩვენც ვიღებთ რა მისგან სული წმინდის მადლს, ვიწოდებით ქრისტიანებად, ანუ უფლის ქრისტეებად, ცხებულებად.“

ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!

თათია ხუციშვილი

2011 წელი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."