მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვიქტორ ნოზაძე: ძალითა მით ძლიერითა - შექმნის საკითხი ძველ ფილოსოფიაში

მსოფლიოს შექმნის საკითხზე აუარებელი თქმულება არსებობს. ოდეს ადამიანის გონება ცოტა თუ ბევრად ფხიზელი გახდა, მისთვის აუცილებელი შეიქმნა გაეგო, თუ ეს ქვეყანა საიდან და როგორ გაჩნდა. ამ საკითხზე პასუხს იძლევა პირველად მითოსი, თქმულება და შემდეგ რელიგია და ფილოსოფია.

ძველ რელიგიათა და ფილოსოფიურ სწავლათა თანახმად, ქვეყანა შექმნილია რომელიმე ძალის მიერ, რომელმაც არსებული ქაოსი მოაწესრიგა, მას გარკვეული სახე მისცა, ან შეიქმნა იგი მსოფლიო კეთილ და ბოროტ ძალთა ბრძოლის შედეგად.

პლატონი ფიქრობდაო, - ამბობს ფილო ალექსანდრიელი, - ქვეყანა წინარ არსებული იყოო. განუსაზღვრელი, უსაზღვრო ბინა იდეათა იყოო; ამას გარდა არსებობდა განსაზღვრული, შეზღუდული სიცალიერე; აი, ამ განსაზღვრულ სიცალიერეს პლატონი უწოდებდა "მიმღები". ანუ "ადგილი" ("ხორა" და "დედა" - "მეტერ"). ანუ "ძიძა" ("ტითენე"), ანუ "გამდელი" ("ტროფოს") და ეს არის ის განსაზღვრული სიცალიერე, რ ო მ ე ლ შ ი ც მსოფლიო უნდა შექმნილიყო. ამ განსაზღვრულ, შეზღუდულ სიცალიერეში არსებობენ ასლები, "კოპიო"-ები ("მიმემატა"), ანუ სახენი ("მორფაი"), ანუ კვალი იდეალური ოთხი ელემენტისა, რომელთა ასლები აზრისა და ზომისაგან მხოლოდ ცალიერი არისო. სწორედ ამ იდეალური ოთხი ელემენტის ასლებისაგან შეიქმნა მსოფლიო. დემიურგოსმა (არქიტექტორმა, ხურომ) გარდაქმნა ეს ოთხი იდეალური ელემენტი ოთხ (ჩვეულებრივ) ელემენტად, და ამ ოთხი ელემენტისაგან (მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი) შექმნა მან მსოფლიო.

ასეთი განმარტების მთავარი დამახასიათებელი ის არის, რომ პლატონის მიერ წარმოდგენილი "განსაზღვრული სიცალიერე", რომელსაც ეწოდება "მიმღები", ანუ "სივრცე" და ოთხი ელემენტის ასლები "დედად", "გამდელად" წოდებულ შეზღუდულ სიცალიერეში, ორივენი განიხილებიან ვით წინასწარ არსებული მატერია; ე რ თ ი , რ ო მ ე ლ შ ი მსოფლიო შეიქმნა და მ ე ო რ ე , - მატერია, რ ო მ ლ ი ს ა გ ა ნ მსოფლიო შეიქმნა.

მაგრამ, - როგორც ამბობს პროფ. ჰ. ვოლფსონ, - პლატონის მთელი ეს სწავლა გარკვეული და მკაფიო არ არისო. - 1. პლატონი უმდგაროა და მერყევი თვით იდეათა წარმოშობის საკითხში და არც ნათლად გვაჩვენებს, თუ განუსაზღვრელი სიცალიერე, სადაც ეს იდეები არსებობენ, შექმნილი იყო თუ არა; 2. არც იმას გვაჩვენებს ცხადად, თუ განსაზღვრული სიცალიერე (ესე იგი, მატერია, რომელშიც მსოფლიო შეიქმნა) შეიქმნა ღმერთის მიერ, ან არსებობდა თუ არა იგი დასაბამიდანვე, დასაწყისიდანვე; 3. ბოლოს, არც იმას გვირკვევს ნათლად, თუ ასლები ოთხი იდეალური ელემენტისა განსაზღვრულ, შეზღუდულ სიცალიერეში (ესე იგი, მატერია, რომლისაგან მსოფლიო შეიქმნა), შეიქმნა იგი ღმერთის მიერ, თუ არსებობდა საუკუნედანვე, დასაბამიდანვე; ყველაფერი, რასაც პლატონი ამბობს, არის მხოლოდ ის, რომ ისინი არიან დადაღული, დაბეჭდილი ოთხი იდეალური ელემენტის მიერ "განსაცვიფრებელი და ძნელად აღსაწერი გზით"-ო.

არისტოტელესის შეხედულებით: მსოფლიო არის მარადი და მას არა აქვს დასაბამი, არა აქვს დასაწყისი, იგი ყოველთვის იყო და არსებობდა, და მუდამ იარსებებსო.

სტოელთა სწავლით, ჩვენი მსოფლიო შექმნილია და დასანგრევი; იგი ხანდახანობით ინგრევა, და მერმე ისევ განახლდება, და ასე მარადის გრძელდებაო.

ფილო ალექსანდრიელი, მოსეს პირველ წიგნზე (დაბადება-ზე) დაყრდნობით, პლატონის სწავლას უარსა ჰყოფდა და ამტკიცებდა - "დასაბამად ქმნა ღმერთმან ც ა დ ა ქ ვ ე ყ ა ნ ა . ხოლო ქვეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ: ბ ნ ე ლ ი . იყო ზედა უ ფ ს კ რ უ ლ თ ა და ს უ ლ ი ღ მ რ თ ი ს ა იქცეოდა წყალთა ზედა. და თქვა ღმერთმან: იქმენინ ნ ა თ ე ლ ი , და იქმნა ნ ა თ ე ლ ი " ...

აქ შვიდი სიტყვა - ცა, ქვეყანა, ბნელი, უფსკრული, სული, წყალი, ნათელი, - ფილოს მიერ განხილულია, ვით შვიდი იდეალური ნიმუში ნივთთა, რომელთაგან გვამობრივი მსოფლიო შესდგება და რომელიც შექმნა ღმერთმა შემდეგ ხუთ დღეში. ფილოს აზრით, "ცა" არის აქ "უგვამო ცა", რომლითაც იგი ცეცხლის იდეას გულისხმობს; "ქვეყანა" არის "უხილავი მიწა", ანუ იდეა მიწისა; "ბნელი" არის "იდეა ჰაერისა"; "წყალი" არის "უგვამო არსი წყალისა", ანუ იდეა წყალისა; "უფსკრული" არის პლატონის ფილოსოფიის "განსაზღვრული სიცალიერე" - "მიმღები", "ძიძა".; "სული ღმერთისა" არის "უგვამო არსი სულისა, ანუ გონებისა და სულისა; "ნათელი" არის მარტოდ და "მხოლოდ გონებით გასარჩევი უგვამო ნიმუში მზისა და ყველა მნათობისა, რომელნიც უნდა შექმნილიყვნენ ცაში"-ო. "ნათელი" არის იდეა ციურ გვამთა. ამგვარად, ციური ნათელი, მზე, მთვარე და სხვა, არის მხოლოდ ასლი, კოპიო, გადმონახატი ნამდვილი, იდეალური ნათელისა, იდეა-ნათელის გამოსახულება.

ფილო ჰებრაეუს ალექსანდრიელი, თუმცა გარკვეულად ამას ვერ ამტკიცებს, მაინც ამ ფილოსოფოსის განმამარტებელი პროფ. ჰ. ვოლფსონ ფიქრობს, ფილო იმ აზრისა იყო, რომ ღმერთმა შექმნა მსოფლიო წინასწარ არსებული მატერიისაგან, ოღონდ ეს მატერიაც მან, ღმერთმა შექმნაო.

ფილოს შეხედულებით, შესაქმე, ანუ დაბადება არის ნებისა და გეგმის მოქმედება. საღმრთო წერილის (ძველი აღთქმის) დებულება, რომ შესაქმეში არის ნება, ნებელობა და მიზანი, რომ ღმერთმა შექმნა თავისი სიტყვითა (ლოგოს) და თავისი სიბრძნით ("სოფია"), მის რწმენაშია. და როგორც ღმერთმა შექმნა ყოვლადი მსოფლიო თავისი ნებით და სურვილით, ისე მას დიდად სწადია, მის გეგმაშია, მის ნებაშია მსოფლიო დაცული იყოს და იყოს უნგრევი, მარადულად და თუ კი მას სურს, დანგრევაც შეუძლია მისი, თუმცა მან აღგვიქვა ქვეყანის მარადულობაო.

* * *
პლოტინოსის სწავლით, სახიერებამ = კეთილობამ, ერთმა წარმოქმნა გონება, სული, მსოფლიო. მან წარმოქმნა იგი მხოლოდ და მხოლოდ თვით კეთილობის აუცილებლობით, ვინაიდან ერთი არის თვით კეთილობა. და ეს აუცილებლობა არის ის, რაც ერთის = ღმერთის თავისუფლებას და ნებას წარმოადგენს. თავის შესაქმეში ("გენესის","კრეაციო") ქვეყანა გამოსულია ერთბაშად ღმრთეებრი ბუნებისაგან, ესე იგი: სახიერებისაგან, მთელი თავისი პრინციპის, შვენიერების, სიკეთის, ჰარმონიის ხასიათით. მიზეზნი ამ შვენიერებისა, ამ კეთილობისა, ამ ჰარმონიისა არიან თესლობრივნი აზრნი, რომელნიც ჩადებულ იქმნენ მატერიის წიაღში და იქ მოქმედებს უძრავისა და სულის კანონთა თანახმადო.

* * *
მაგრამ როგორ ხდება თვით ეს შექმნა? ეს დაბადება? ვიცით: ერთის ბუნება, რომელიც საჭიროებასა და სურვილებს უარსა ჰყოფს. მაშასადამე, იგი წარმოქმნის ისე, რომ იგი თავისი თავიდან არ გამოდის, რაიმეს მიმართ არ მოქმედებს. თუ ყველაფერი ეს საჭირო იქნებოდა ღმერთისათვის, რათა შეექმნა, მაშინ შესაქმე აღარ იქნებოდა, რადგან ეს ღმრთეებრ ბუნებასთან შეუგუებელი არისო. თუ იგი წარმოშობს გონებას, ეს იმიტომ კი არა, რომ მას უყვარს დაინახოს იგი დაბადებულად; მითოსი, რომელიც წარმოადგენს მამას, შვილის მშობელს სურვილითა და სიყვარულით, მოკლებულია ჭეშმარიტებას, რაც ღმერთს შეეხება, რამეთუ სურვილი და სიყვარული უსრულობას, ნაკლს ამჟღავნებს. ღმერთი წარმოქმნის თავის პირველ ჰიპოსტასს, როგორც მზე წარმოშობს თავის ნათელს, მარტივი განშუქებით, და ის, რაც აშუქებს, ნათელსა მიმოაფრქვევს, გამოყოფილი და განცალკევებული არაა, არამედ მხოლოდ განსხვავებულია პირველისაგანო. ამით შეიძლება გაგებული იქნას, თუ ერთი მრავლობას როგორა ჰქმნის თავისი ერთებისაგან გამოუსვლელადო. მაგრამ როგორ წარმოქმნის იგი, ერთი, როდესაც მას არა აქვს არც საჭიროება, არც სურვილი, არც სიყვარული? ერთი წარმოქმნის მხოლოდ სიჭარბის, სიუხვის, ნამეტნაობის შედეგად და არა ვითარცა მარტივი ძალი, რომელიც მიისწრაფვის მოქმედებისაკენო. ერთი წარმოქმნის თავისი ბუნების აუცილებლობით.

* * *
პროკლოსის სწავლის თანახმად, დემიურგოსი წარმოქმნის ყველა სულს, როგორც კერძობრივს, ისე მსოფლიო სულს, როგორც გონებრივ სულთ, ისე ღმრთულ სულთ. რაც მოკვდავ ქმნილებებს შეეხება, ცხოველთ და გვამთ, დემიურგოსი წარმოქმნის მხოლოდ გვართ და აქ ჩერდება, მაგრამ ეს დემიურგოსი თავის შვილთ, თავის ხელქვეითთ, ქვემდებარე დემიურგოსებს უტოვებს ზრუნვას შექმნან პიროვნებანი. გრძნობადნი სახენი კაცისა, ცხენისა, ხისა არიან შეუცვლელნი და მარადიულნი; ამიტომ მათი მიზეზნი შეიძლება იყვნენ მხოლოდ მიზეზნი უძრავნი, რომელთ არ შეუძლიათ იბინადრონ არც გვამებში და არც ბუნება-ნატურაში. ეს მიზეზნი იმყოფებიან დემიურგოსისულ გონებაში...

* * *
საერთოდ, როგორც ვიცით, ნეოპლატონიზმის სწავლის თანახმად: ერთი შედგება სამი ჰიპოსტასისაგან (სამი პირისაგან), მაგრამ ეს სამი ერთმანეთთან თანასწორი არ არის.. აქ არის ჩამოქვეითება, ჩამოსვლა ერთიდან გონებასთან, გონებიდან სულთან. ნეოპლატონური ერთი ვრცელდება, ვითარდება არა ნაკლებ სრულიდან მცირედ სრულყოფილიდან უფრო სრულამდე, არამედ პირიქით, და მუდმივი ჩამოხარისხებით, ჩამოქვეითებით, თვითმყოფადი უმაღლესობიდან არსების უმდაბლეს საფეხურამდე. ღმრთეებრი განვითარების პრინციპი ნეოპლატონიზმში არის პრინციპი წარმოქმნისა, გამოვლინებისა ("პროოდოს","პროცესსიონ"), ანუ ჩამოქვეითება უმაღლესი პრინციპიდან უმდაბლეს პრინციპამდე; ოღონდ რაც დამახასიათებელია არსებითად ამ გამოვლინებისათვის, - ეს ის არის, რომ უმაღლესი პრინციპი ვრცელდება უმდაბლესთა შორის ისე, რომ იგი თავისი არსიდან არაფერსა ჰკარგავს. რადგან ყოველივე ერთისაგან გამოდის, ამიტომ ყოველივე მას უბრუნდება. ჩამოსვლა და მიბრუნება - ასეთი არის ორი კანონი ღმრთეებრი მოძრაობისა; ეს ორმაგი მოძრაობა ყველაფერს განმარტავს; იგი არის განვრცობა და შეკუმშვა თვითმყოფად ერთებისა დაუსრულებელ მრავლობისაკენ და მრავლობიდან ერთებისაკენ. აქ ღმერთი მოქმედებს თავისი ბუნების მიხედვით და არა თავისი ნებით, არა თავისი ნებელობით; მოქმედებს თავისი სიუხვით; აქ არაა ღმრთის ნება; აქ არ არის წადილი. აქ წარმოქმნა ხდება ერთისაგან - მეორესაკენ (გონება), და მეორესაგან - მესამისაკენ (სული) არა ნების მიერ და სურვილით, არამედ თვით არსის ბუნებით, ისე როგორც ცეცხლი იძლევა სითბოს; სუნნელი - სურნელს; თოვლი - სიცივეს; მზე - სინათლეს; სავსე ჭურჭელი, რომელიც ნაპირიდან გადმოდის... ასეთია ნეოპლატონიზმი.

ქრისტიანობასთან პირიქით ხდება - ღმერთმა შექმნა მსოფლიო არარასაგან, დაბადა ყოვლადი ქვეყნიერება არაფერისაგან; და მან ეს ქმნა თავისი ნებით, თავისი სურვილით; დაბადება მსოფლიოსი მოხდა არა აუცილებლობით, არამედ ღმერთის წადილის შედეგად; ეს არის მიზეზი მსოფლიოს დაბადებისა და განვითარებისა. საერთოდ ძველმა ფილოსოფიამ, კერძოდ პლატონიზმმა და ნეოპლატონიზმმა არ გაიზიარა სწავლა იმაზე, რომ ღმერთმა შექმნა მსოფლიო არარასაგან, არ ღებულობდა მას და ამას ებრძოდა კიდეც, და ამიტომ ამბობს პარიზელი ერთი ეპისკოპოსი, შესაქმის, დაბადების შესახები დებულება სავსებით ქრისტიანული და წმიდად ქრისტიანული არისო.


ფოტოზე: მიქელანჯელო ბუონაროტი, მზისა და მთვარის შექმნა, 1511-12, სიქსტინის კაპელის ფრესკა, ვატიკანი/იტალია

შესაქმის საკითხი ქრისტიანობაში

ქრისტიანული თვალსაზრისით, ღმერთმა შექმნა მსოფლიო არარასაგან ("ექს ნიჰილო") და ამის გამო პირველად ლაპარაკია მეორე წიგნში მაკკაბელთა (2. მაკკ. 7,28), სადაც დედა შვილს ეუბნება - იხილე ცა და ხმელეთი და იხილავ რა ყველაფერს, რაც იმყოფება, შენ გაიგებ, რომ ღმერთმა შექმნა იგი არარასაგანო. ალექსანდრიული ფილოსოფიური სკოლის მკვლევარ ე. ვაშროს თქმით, ეს ადგილი მაკკაბელთა წიგნიდან სწორად ნათარგმნი არ არისო. არც ისრაელებმა და არც ბერძნებმა არ იცოდნენ, თუ რა იყო "შექმნა არარასაგან", და მათ საამისოდ ცნება არ ჰქონდათო. აღმოსავლეთისათვის "შესაქმე" იყო "გენესის", "კრეაციო", - წარმოშობა, ხოლო მოსეს პირველი წიგნისათვის "გენესის" (ქართულად - "დაბადება") და ფილოსოფოს პლატოს "ტიმაეიოს"-ათვის შესაქმე იყო აშენება, "კონსტრუქცია", განსახიერება - "ფორმაციო". არარასაგან ("ექს ნიჰილო") შექმნის იდეა არის ქრისტიანული და პირველ ქრისტიან მამათა შორის ჯერ კიდევ რყევა იყო ამ საკითხის გამოო.

და ამ მერყევთა დასს ეკუვნოდა წმიდა მამა იუსტინე, ტაციენი, ათანაგორას. ხოლო წმიდა მამა ირენეიოს იყო, რომელმა გარკვევით და მტკიცედ აღიარა დებულება, რომლის მიხედვით: დაბადება იყო თავისუფალი ნების მოქმედება ღმერთისა, რომელმაც არარასაგან მსოფლიო შექმნაო.

*
როგორც უკვე ვიცით, ბერძნული ფილოსოფიურ სწავლათა თანახმად, მსოფლიო მარად არსებობდა. იგი არარასაგან არავის შეუქმნია. გნოსტიკოსთა შეხედულებით, ეს ნივთიერი ქვეყანა, რომელიც ბოროტებითაა აღსავსე, უზენაესი ღმერთის მიერ არაა შექმნილი; იგი გამოვლინებულია რომელიმე სხვა ღმერთის მიერ, რადგან უზენაეს სახიერ ღმერთს არ შეეძლო ბოროტი მსოფლიო შეექმნა. მაშასადამე: არსებობს ორი შემოქმედი ძალა: კეთილი და ბოროტი ღმერთი. ამ აზრს, რასაკვირველია, ქრისტიანობა ებრძოდა.

*
საღმრთო წერილი გვასწავლის - 1). ყველაფერი, რაც არსებობს, ღმერთის მიერაა შექმნილი; 2). ყველაფერი შექმნილია არარასაგან; ამით თავის თავად უარყოფილია ორი დებულება ა). თითქო ღმერთმა შექმნა ყველაფერი მარად არსებული მატერიისაგან; ბ). თითქო ეს ქვეყანა გამოვლინებულია ღმერთისაგანო. ამით დაგმობილია ყველა ძველი ფილოსოფიური სწავლა. ანუ, წმიდა ათანასეს თქმით: ღმერთს არ შეიძლება ვუწოდოთ შემოქმედი, მას რომ თვით მატერია არ შეექმნა; 3). ღმერთმა შექმნა მსოფლიო თავისი თავისუფალი ნებით (მას შეეძლო იგი არც შეექმნა) და შექმნა არა ერთი ქვეყანა, არამედ შესაძლებელია მრავალიც, რომელს ჩვენ არც კი ვიცნობთ. 4). ღმერთმა შექმნა ქვეყანა დროში, ესე იგი, ქვეყანის შექმნასთან ერთად დაიწყო დრო, ამიტომ ეს ქვეყანა დროულია და გარდამავალი; 5). საბოლოო მიზანი ქვეყანის შექმნისა არის გამოცხადება ღმერთისა, სადიდებელად მისისა; ღმერთმა შექმნა ჯერ ანგელოზნი და მერმე ქვეყანა; 6). მსოფლიოს შექმნის გეგმა მამა ღმერთისა, წმიდა მამათა შეხედულებით, აღასრულა სიტყვამ, "ლოგოს"-მა, იესო ქრისტემ და დაასრულა სული წმიდამ; 7). მსოფლიოს უწინარეს ღმერთმა შექმნა ანგელოზები, ძალნი ციურნი, წმიდა სულთა ქვეყანა, რომელიც დროის გარეშეა, და ამიტომ უკვდავი. 8). სულიერ ძალთა ბუნება არის უგვამო. კაცი არის გვამიანი და სულიერი; მასში არის ხორცი და სული. 9). მსოფლიოს გამგებლობა, განგება, მთავრობა ღმერთის სიბრძნეს ეკუთვნის; წესრიგი და ჰარმონია = მწყობრი მთელს, ყოვლად მსოფლიოში მოწამეა უზენაესი უფალისა და მბრძანებელის ყოფნისა და სიბრძნისა, რომელსაც ესმის, ყველაფერს საბოლოო მიზნისაკენ როგორ უხელმძღვანელოსო, - როგორც ამბობს წმიდა ათანასე. არაფერი არა ხდება უმიზნოდ, არაფერი - შემთხვევისაგან, - როგორც იტყოდა წმიდა ბასილ დიდი, - ყველაფერი ღაღადებს გამოუთქმელ ბრძნობაზე ღმერთისა.

ქრისტიანულ მრწამსში ნათქვამია - მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა და არა ხილულთა...

და კატეხიზმო ამ დებულებას ასე განგვიმარტავს - უეჭველად, ღმერთი არის შემქმნელი ხილულ და არა ხილულ ქმნულებათა. პირველად ყოვლისა ღმერთმა შექმნა თავისი გონებით ყველანი ციურნი ძალნი... შემდეგ შექმნა ღმერთმა არარასაგან ("ექს ნიღილო") ეს ხილული და ნივთიერი ქვეყანა, და ბოლოს შექმნა მან კაცი... "გენესის", "შესაქმე", "დაბადება" არის წარმოშობა რაიმეს არარასაგან; ღმერთმა შექმნა ეს ქვეყანა "ძალითა მით ძლიერითა" ნიშნავს: ყველაფერი რაც ღმერთის გარეშე არსებულია, დაბადებულია არარასაგან თვით ღმერთის ძალის მიერ; არ არსებისაგან შექმნილია არსება...

როდესაც ღმერთის მიერ ყოვლადი მსოფლიოს შესაქმეზე, ანუ დაბადებაზე არის საუბარი, თავის თავად იგულისხმება, ქრისტიანული რწმენით, რომ ამ შემთხვევაში
მოქმედებს ღმერთი = სამება: მამა-ღმერთი, ძე-ღმერთი და სული წმიდა-ღმერთი. ჯერ კიდევ წმიდა მამა იუსტინეს და მის მიმდევართა შორის ცნობილი იყო: მამა ღმერთმა დაბადა სიტყვა (ლოგოს, იესო) და მას დაევალა შექმნა ქვეყანისა. სიტყვა, ლოგოს იყო იგი, რომელმა ყველაფერი შექმნა არარასაგან; ქვეყანის შემოქმედი და მომწყობი სიტყვა, ლოგოსი არის; ხოლო სული წმიდა ამ შექმნაში მით მონაწილეობდა, რომ მან თავისი სულით სრულყოფილ ქმნა იგი. ანუ როგორც ამბობს ბასილ დიდი - დაბადებაში პირველი მიზეზი არის ღმერთი. აღმასრულებელი მიზეზი არის ძე და დამასრულებელი მიზეზი არის სული წმიდა... უფალი, რომელმაც ბრძანა; ძე, რომელმა შექმნა; სული წმიდა, რომელმა განამტკიცა. იგივე დებულება აქვს განმეორებული გრიგოლ ნაზიანზელს და საერთოდ ყველა თეოლოგოსს.

ვახტანგ მეფე, როდესაც იგი ვეფხისტყაოსანის პირველ შაირს შექმნის შესახებ განმარტავს, ამბობს - "რომელმან შექმნა. ღმერთმან შექმნა ქუეყანა: ქუეყანასა მისცა ძალით თვისით ძლიერებით და ზეციდამ სული ცხოველი მოჰბერა(,) რომელნიც მყოფნი ვართ: ხოლო მრავლის ფერით შემკობით კაცთა მისცა სოფელი(,) და ყოველი ხელმწიფება(,) ვითარცა იტყვის პავლე მოციქული ზეგარდმო არს: აგრევ ესეც (რუსთაველი) ამას უბნობს რომე ღვთისაგან არის ყოველი ხელმწიფება იმავე ღვთის მიმზგავსებულობით"-ო.

ვეფხისტყაოსანის შეხედულება სამყაროს შექმნის შესახებ არ არის პლატონური, არ არის პერიპატეტული, არ არის ნეოპლატონური, არც სხვა რომელიმე ბერძნული ფილოსოფიური სკოლისა, - იგი არის წმიდა ქრისტიანული.

შექმნის საკითხი ისლამში

მუსულმანური ისტორია შესაქმისა მეტის მეტად მოკლე არისო, - ამბობს დე ბოერ. ყურანის მიხედვით, ქვეყანის შექმნა დასრულდა ექვს დღეში, ქვემოდან ზემოდ: ხმელეთი - ორ დღეში; ყველაფერი რაც მასზე იმყოფება – შემდეგ ორ დღეში; შვიდნი ცანი - ორ დღეში.

შემდეგ ხანაში ისლამის სხვა და სხვა სკოლამ შესაქმის შესახებ ცალკეულნი მოძღვრებანი განავითარა და ქვეყანის შექმნის გამო ოთხი პასუხი გვაქვს - 1. ღმერთმა შექმნა ქვეყანა თავისი ძლიერი ნებით ("ტრადიციონალისტები"); 2. თავისი კეთილი სიბრძნით ("მუტაზალიტები"); 3. თავისი ჭარბი სიყვარულით ("მისტიკოსები") და 4.თავისი გონებრივი ქმედობით ("ფილოსოფოსები").

არაბულ, უფრო სწორად: ისლამურ ფილოსოფიაშიც და თეოლოგიაშიც მსოფლიოს დასაბამობისა, დაწყებისა და დაუსაბამობის საკითხის გარშემო მსჯელობა დაძაგრული იყო.

არისტოტელესის გავლენა ისლამურ ფილოსოფიაზე ფრიად ღრმა იყო და უკვე არაბთა პირველი დიდი ფილოსოფოსი ალ - კინდი (870†წ.) ამტკიცებდა: მსოფლიო თავიდანვე ყოველთვის არსებობდა, და ღმერთი იყო მხოლოდ "აგენს", აგენტი მომქმედი და მომწყობი მისიო.

აბუ ნასრ ალ - ფარაბი (950 † წ.), არისტოტელესის მიმდევარი იყო და მისთვისაც, რასაკვირველია, ქვეყნიერებას დასაწყისი არა ჰქონია; მსოფლიო, მისი აზრით, იყო
დაუსაბამო.

აბუ ალი იბნ სინა (ლათინური სახელით ავიცენნა, ავისსენა) (980 - 1038) აგრეთვე ამ სწავლას მისდევდა: მსოფლიოს დასაწყისი არა ჰქონიაო. ამის გამო ისლამური მართლმადიდებელური თეოლოგიის წარმომადგენელი, ფილოსოფოსი ალ-ღაზზალი მას "ურწმუნოს" უწოდებდა, თუმცა ამავე დროს მას აქებდა: მასზე უკეთესად არავის
დაულაგებია არისტოტელესის სწავლაო.

მუტაკალლიმუნ-ის ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი აბუ ′ლ ხასან ალ-აშარი (873 - 935) არისტოტელესისა და მის მიმდევართა სწავლას მსოფლიოს დაუსაბამობის შესახებ უარსა ჰყოფდა და ყურანის ნიადაგზე იდგა: ალლაჰმა შექმნაო მსოფლიო. "მსოფლიო შექმნილია ღმერთის მიერ არარასაგან"-ო და ამას იგი ამტკიცებდა არა მარტო საღმრთო წერილის = ყურანის მიხედვით, არამედ ფილოსოფიურადაც - არამც თუ მატერია, არამედ ფორმაც = სახე ალლაჰის მიერ არისო შექმნილი არარაობისაგანო. ალლაჰმა შექმნა მოფლიო არა იმიტომ, რომ ეს შესაძლებელი იყო, არამედ მას შეეძლო ეს და სურდა ეს და ქვეყნიერების ყოფნა შესაძლებელია, თუ ეს ალლაჰს სურსო.

განსაკუთრებულ დიდ ფილოსოფიურ დავას აწარმოებდა აბუ ჰამიდ ალ-ღაზზალი (1059 - 1111), რომელიც ასწავლიდა "მოვალეობაა ირწმუნო, რომ მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის შემოქმედების ქმედობა და გამოყვანა (მსოფლიოსი) არარასაგან;

მხოლოდ მან გამოიწვია სიცოცხლე და დაბადა... ყოველივე უზენაესის მიერ შექმნილია... ყველაფერი რაც მის (ღმერთის) გარეშე არსებობს დროში არის შექმნილი და ყველაფერი განაცხოველა მან თავისი ყოვლადი ძლიერებით, რამეთუ მარადისობაში მხოლოდ იგი არსებობდა და მის გარეშე - მხოლოდ არარა და სხვა.

ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება, ამონარიდი

პარიზი, 1962 წელი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."