მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ჩინური სტრატეგია: გავიგოთ და გამოვიყენოთ სუნ ძუ
სტალინის და მაოს «საყვარელი» სუნ ძუ, ძვ. წ. V-ე საუკუნის ჩინელი სტრატეგია. მის ნაშრომს - «ომის ხელოვნება» დღესაც კითხულობენ და სწავლობენ დემოკრატიულ სამყაროში. მისი მოძღვრების ზოგ ნაწილს, სადაც ლაპარაკია მტრის ბანაკში რღვევის, განხეთქილებების, უთანხმოებების და შინაომების გამოწვევის «ხელოვნებაზე», ასწავლიდნენ და ასწავლიან მთელი რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების სკოლებშიც, რაც თანამედროვეობას ეტყობა კიდეც. ჩვენ მის ერთ-ერთ პოზიტიურ ასპექტზე შევჩერდეთ:

«...ჩინეთის მთელი ისტორია, დაპყრობისა და სახელმწიფოს, როგორც მოქმედი, ვაჭრობის და გაცვლათა ჰარმონიულად მარეგულირებელი და ამგვარად დღეგრძელი ერთეულის დაცვის ირგვლივ ბრუნავს. 

მღელვარე, «მეომარ სახელმწიფოთა პერიოდებად» წოდებულ პერიოდებშიც, როდესაც სამხედრო ბელადები ერთმანეთს ქვეყნის სივრცის გულისთვის ექიშპებოდნენ, მიზნად იმპერიის ერთიანობის ახალ საფუძვლებზე აღდგენა რჩებოდა. დღეგრძელობის, ხანგრძლივობის ხელოვნება, სტრატეგიის ამ კულტურის გულში გახლავთ. ჩინელებმა, დროებითი დამარცხებების ტერიტორიულ გამარჯვებებად გადაქცევით, ასევე მათი დამპყრობელი მონღოლების და შემდეგ მანჯუების გაჩინელების გზით, დროის სივრცედ გადაქცევა მოახერხეს. დღეს, მონღოლეთის ნაწილი ჩინურია და ჩინურია მთლიანად მანჯურია.

შუაგულის იმპერიაში, სიმდიდრე შედარებით იშვიათია. სამაგიეროდ ჩინელები დროის გამოყენებაში არიან დახელოვნებული. ჩინელები, სწორედ ამ დროით განზომილებაში მოიპოვებენ მოქმედების თავისუფლებას და სარგებლობას გარემოებათა შეცვლიდან ნახულობენ.

ფოტოზე: ჩინელი სტრატეგი სუნ ძუ (ძვ. წ. 544 - ძვ. წ. 496), იურიჰამა, ტოტორი/იაპონია
როდესაც ღირსებას და სათნოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: 

ჩინური თამაშის, «ვეი შის» (იაპონურად გო) მსგავსად, ტერიტორიის ფლობა-განგება ჩინეთში სიცოცხლის სიმბოლოა. ტერიტორიების შექმნა, შენარჩუნება თუ ექსპანსია, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია მისი შემადგენელი ელემენტების შინაგან კომუნიკაციათა სტაბილურობაზე. აქ ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ კომპონენტები. 

სტრატეგიის უძველესი ტრაქტატის ავტორის და დღევანდელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული ჩინელი მოაზროვნეს, თუკიდიდეს თანამედროვე სუნ ძუს აზრით, დაუმარცხებლობის საუკეთესო გარანტიაა გენერლისა და მისი ჯარების, მეფისა და მისი ქვეშევრდომების კავშირის ხარისხი. 
ჩინურ სტრატეგიულ კულტურაში, უპირატეს როლს შუამავლები ასრულებენ, ვინაიდან ისინი სტაბილურობის თუ არასტაბილურობის, წონასწორობის დარღვევის განმსაზღვრელ ელემენტებს წარმოადგენენ. 

ფოტოზე: ბამბუკზე შესრულებული სუნ ძუს «ომის ხელოვნება»

სუნ ძუს აზრით, უპირველესი ამოცანა უძლეველობა არის. ამის მისაღწევად, სტრატეგი ლეგიტიმური და რიტუალიზებული ურთიერთობების ქსელს აგებს, რომელიც ჯარს, საწარმოს თუ ქვეყანას, ერთ მთლიან და რეაქციის უნარის მქონე ანსამბლად ჰკრავს. უძლეველობის უზრუნველყოფისთვის, შეტევისათვის თუ თავდაცვისათვის საჭირო ფიზიკურ საშუალებათა დაგროვება, უმთავრესი არაა. მთავარია ნდობა, რომელიც სამართლიან და ლეგიტიმურ ხელისუფლებად მიჩნეულ ხელისუფლებას აერთიანებს და მის ქვეშევრდომებთან აკავშირებს. ამ ნდობის გარეშე, ის, ვისაც ჰგონია რომ ძალა აქვს, სუნ ძუს გამოთქმით სინამდვილეში "ქაღალდის ვეფხვი" არის.

სწორედ ამიტომაა, რომ საკუთარი ხალხის ტანჯვათა და სიხარულის გულწრფელად გამზიარებელი სუვერენი, ამ ხალხის მხარდაჭერის და ერთგულების გარანტიას იღებს. შინაგანი ჰარმონიის დამყარებისა და ადმინისტრაციის სრულყოფის შემდეგ, მოწინააღმდეგეთა მიერ დაშვებული შეცდომები მოგებების თუ გამარჯვებათა შესაძლებლობას იძლევა.
ურთიერთობის ხარისხი რელური ძალაა და ურთიერთობათა უხარისხობა, ცუდი ურთიერთობა ასუსტებს ქვეყანას და სწორედ ამიტომ, სტრატეგი, მოწინააღმდეგეთა თუ კონკურენტთა ბანაკში, კარგი შინაგანი ურთიერთობების დამყარებას უშლის ხელს ან ასეთ ურთიერთობებს წყვეტს. რაც უფრო ცუდია მოწინააღმდეგის სოციალური შენობის კომპონენტთა ურთიერთობა, მით უფრო მეტ რესურსებს ფლანგავს ის და ამის შედეგად, უფრო ცხადი ხდება სათნო, ღირსეული სტრატეგის უპირატესობა.

ჩინეთში სათნოებას, ღირსებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს! 

ჰარმონია და და ეკონომია იძლევა დღეგრძელობის, არსებობის გახანგრძლივების საშუალებას...»

პიერ ფაიარ
«გავიგოთ და გამოვიყენოთ სუნ ძუ», ჩინური სტრატეგია, მოქმედი აზრი, მეორე გამდიდრებული გამოცემა, პარიზი, 2007

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."