მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ზვიად გამსახურდიას მისალოცი სიტყვა

წარმოთქმული 1990 წლის 28 ოქტომბერს, გვიან ღამით, მთავრობის სასახლის წინ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე, პირველ ანტისაბჭოურ არჩევნებში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის საარჩევნო ბლოკის, «მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს» გამარჯვებასთან დაკავშირებით.

მამულიშვილნო!

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. მოგილოცავთ გამარჯვებას!

ჩვენი ეროვნული მოძრაობის ერთიანობამ, ჩვენი ბრძოლის სამართლიანობამ შეუძლებელი შესძლო, მეგობრებო.

დიახ! არც თუ ისე დიდი ხნის წინ არავის ეგონა, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოში, კომუნისტური რეჟიმის პირობებში ჩვენ შევძლებდით მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებას – არასაბჭოური არჩევნების ჩატარებას. მაგრამ ეს გახდა შესაძლებელი ჩვენი ხალხის მაღალი პოლიტიკური სიმწიფის შედეგად, მაღალი შეგნების შედეგად, მაღალი მოქალაქეობრივი და ეროვნული ძალისხმევის შედეგად.

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო: ყოველი თქვენთაგანი, ვინც აქ ბრძანდებით, ყოველი თქვენთაგანი მონაწილეობდა ამაში, ყოველი თქვენთაგანის გამარჯვებაა ეს და არა მარტო თქვენ, ვინც აქ ბრძანდებით – მთელი საქართველო დაირაზმა ჩვენს გარშემო, მეგობრებო. ეროვნულმა მოძრაობამ მიიღო საყოველთაო ხასიათი. ბევრმა ახლა დაინახა, რომ აუცილებელია ამ არჩევნების გარშემო დარაზმვა. ნუ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ მრგვალმა მაგიდამ გააკეთა – მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც მრგვალ მაგიდაში შედიან, ეს იქნებოდა უდიდესი უსამართლობა, მეგობრებო! მრგვალი მაგიდა წვეთია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში. ეს იყო ნამდვილად მთელი ერის უდიდესი წარმატება, ამიტომ ჩვენ არ ვისაკუთრებთ ამ გამარჯვებას და არ ვთვლით, რომ ჩვენ პირველნი ვართ ამაში. ამასთან ერთად მოგახსენებთ, ჩემო საყვარელო და ძვირფასო ადამიანებო, რომ მიუხედავად იმისა, რაც მოხდა ეროვნულ მოძრაობაში, ჩვენი ლტოლვაა ისევ გამთლიანება, ისევ აღდგენა ერთიანობისა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენი უმთავრესი მიზანია ეროვნული შემწყნარებლობა, შერიგება, სიყვარული, ურთიერთგაგება.

იმპერიამ, იმპერიულმა ძალებმა დაქსაქსა ეროვნული მოძრაობა, სხვაგვარად ისინი ვერ მოახერხებდნენ გამარჯვებას, ვერც მოგვახვევდნენ თავს კოლონიურ მონობას, კომუნისტურ რეჟიმს, თუ არა ამგვარად! მაგრამ ჩვენც სწორედ ამითვე უნდა დავუპირისპირდეთ, ამით. სადაც იმპერია გათიშავს – იქ ჩვენ უნდა შევაერთოთ, სადაც იმპერია იწვევს შუღლს – ჩვენ სიყვარული უნდა ვთესოთ, სადაც იმპერია სიძულვილს თესავს – ჩვენ ურთიერთგაგება უნდა აღვადგინოთ. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, მეგობრებო!

იმ ადამიანს, რომელიც გუშინ იმპერიას ემხრობოდა, გავუხსნით გულს, მივესალმებით. მოვიდეს, დადგეს ჩვენთან ერთად – ვიყოთ ძმები. არ გვინდა მეტი არაფერი, მეგობრებო.
მართალია, კომპარტია დავამარცხეთ ამ არჩევნებში, მაგრამ მე რუსთაველის მიმდევარი ვარ, როგორც ყოველი თქვენთაგანი და საერთოდ ქართველი ერი და ჩვენი კრედო, ჩვენი უდიდესი კრედო გადმოცემულია „ვეფხისტყაოსანში“. ესაა უდიდესი შემწყნარებლობა და სიყვარული ქრისტიანული, რომელიც გამოხატულია შემდეგ სტრიქონებში:

„ბრძენთა ვინმე მოსწავლემან საკითხავსა ესე ვპოვნე,
ესააო მამაცისა მეტისმეტის საგულოვნე,
ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე,
გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე“.

აი, ეს არის, მეგობრებო, ჩვენი ცხოვრების წესი. ამ გზით მიდიოდა ჩვენი უდიდესი წმინდანი, ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი მერაბ კოსტავა. ამ გზით მიდიოდა ცხოვრებაში და ამიტომ აღზევდა იგი მთელს საქართველოზე და დაჰნათის ზეციური საქართველოდან ჩვენს მოძრაობას, მეგობრებო. ეს დღევანდელი გამარჯვება მისი გამარჯვებაა – მისი გამარჯვებაა უწინარეს ყოვლისა და როგორც იგი ვიდოდა ცხოვრებაში, როგორი გზითაც იგი მიდიოდა, როგორც იგი იყო განწყობილი თვით მტრების მიმართ – ასევე ვიქნებით ჩვენ! ასევე ვიქნებით და დავამტკიცებთ, რომ ჩვენ მისი ნამდვილი მიმდევრები ვართ. ყველანი დავამტკიცებთ ამას!

მეგობრებო, ამას ყველაფერს იმიტომ გეუბნებით, რომ იმპერია მაინც არ იშლის ჩვენთან ბრძოლას უღირსი ხერხებით. თესავენ პანიკას – კომუნისტების, მილიციის, პროკურატურის, სახელმწიფო უშიშროების წრეებში, რომ თურმე ჩვენი უმთავრესი მიზანი ყოფილა მათ მიმართ შურისძიება. ნუთუ შეიძლება, მეგობრებო, ასეთი სულმდაბლობა, ასეთი უღირსი მეთოდებით ბრძოლა?!

და ეს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ბევრი მათგანი ჩვენ მხარში ამოგვიდგა. კომუნისტური პარტიის მრავალი წევრიც ჩვენს გვერდით დგას. მილიციის, პროკურატურის თანამშრომლები ეროვნული მოძრაობის გვერდით იდგნენ – ზოგი ფარულად, ზოგი აშკარად. განა ეს ჩვენ არ ვიცით, მეგობრებო? განა ამაზე ჩვენ თვალს ვხუჭავთ, მეგობრებო? აბა, ვინ არის აქ ისეთი, ჰქონდეს რაიმე გეგმა მათზე შურისძიების? არც ერთი ჩვენთაგანი არ არის. მე ვიცი ეს, მეგობრებო, მე ვარ უწინარეს ყოვლისა ყველაფრის ამის მოწმე და მე ვიცი ეს უპირველეს ყოვლისა. არ დავმალავ და ვიტყვი, ბევრი თვით აი, ამ ხელისუფლებაში, რომელიც, მართალია, კრემლს ემსახურება, თვით აქაც ბევრია ჩვენი მხარის დამჭერი. ნუ დავხუჭავთ ამაზე თვალს, ნუ უკუვაგდებთ მათ. პირიქით – მოვიახლოვოთ, ჩავაყენოთ ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ძალების სამსახურში, ეს არის მთავარი მიზანი ახლა. ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რათა იმპერიამ ვერ მიაღწიოს ისევ განხეთქილებას, ვერ შეინარჩუნოს ის განხეთქილება, რომელიც დათესა თუნდაც იგივე კონგრესთან, იმ ხალხთან, ვისთანაც პოლემიკა გვაქვს.

მეგობრებო, მერაბ კოსტავა იტყოდა ხშირად: „საქართველოში ჩვენ გვინდა ნამდვილი დემოკრატია, ნამდვილი „ჰაიდ პარკი“. მას უყვარდა ამ სიტყვის ხშირად ხმარება – „ჰაიდ პარკი“, მასში გულისხმობდა აზრის თავისუფალ გამოთქმას, თავისუფალ პაექრობას ყოველგვარი ურთიერთსიძულვილის გარეშე.

მაგრამ ვაი, რომ ამ იმპერიისგან მოწამლულნი ვართ ყველანი და ვერ განვთავისუფლდით ამ ჩვევისგან. საკმარისია ურთიერთის მიმართ გამოვთქვათ განსხვავებული აზრი, რომ მტრებად ვიქცევით. არ არის ეს ლამაზი, მეგობრებო. გამოთქვას სხვამ ჩვენს შესახებ ცუდი აზრი, გამოთქვას ცუდი შეხედულება – მოდი, ნუ გავუხდებით სასტიკ მტრად, ნუ დავუპირისპირდებით. საქმით დავარწმუნოთ, რომ ის ცდება! მოდით, აი, ასე ვიდოდეთ ჩვენ ცხოვრებაში, მოდით, ნამდვილი „ჰაიდ პარკი“ შევქმნათ, სადაც თვით უკიდურესად მწვავე შეხედულებაც კი არ იქნება ჩვენთვის საწყენი – თუნდაც უარყოფითი შეხედულება. აი, ასე გაიმარჯვებს დემოკრატიის იდეალები საქართველოში.

მე იმას არ ვამბობ, მეგობრებო, რომ ღალატი ვაპატიოთ ვინმეს, მაგრამ მოდით დავამკვიდროთ მეტი შემწყნარებლობა გამოთქმული აზრისადმი, მეტი ურთიერთგაგება.
უნდა გვახსოვდეს, ადამიანი ზოგჯერ ცდება. ზოგჯერ ცდება უნებლიედ, ზოგჯერ ცდება ემოციებით და იმ წუთისთვის და იმ წამისთვის, როდესაც მან უარყოფითი პოზიცია გამოავლინა ჩვენს მიმართ, მას ნუ შევიძულებთ, ეს ჩვენი დევიზი უნდა იყოს! და მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ ეროვნული მოძრაობის გამთლიანებას. მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ საქართველოს ერთ მთლიან მუშტად შეკვრას და იმპერიული ძალებისადმი დაპირისპირებას. სხვაგვარად არაფერი გამოგვივა.

ძალიან დიდი, დიდი ბრძოლა მოგველის, მეგობრებო. ბრძოლა არ დამთავრებულა. ბრძოლა ახლა დაიწყო და თუ ახლა არ იქნა ჩვენში ერთიანობა, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. ქართველი ერი უნდა დაირაზმოს ამ პარლამენტის გარშემო. პარლამენტს უდიდესი საქმეები აქვს გასაკეთებელი. ასეთ პირობებში ჩვენ არ გვაქვს უფლება პიროვნულ ემოციებს ავყვეთ. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველგვარ პიროვნულზე, პიროვნულ წყენაზე მაღლა, მეგობრებო. პიროვნულ წყენას და შეურაცხყოფას ვინც ვერ აპატიებს მოყვასს, იმას პოლიტიკაში და ეროვნულ მოძრაობაში ადგილი არა აქვს. ეს გახსოვდეთ ყველას. ყველას გახსოვდეთ ეს.

ამას იმიტომ ვქადაგებ, რომ ჩვენს შორის აღვივებენ შუღლს. იმპერია ცდილობს ურთიერთშუღლისა და მტრობის მორევში ჩაგვახრჩოს. ეს ვერ უნდა შესძლოს მან! მას სურს, ამ გზით დაღუპოს ეროვნული მოძრაობა და საქართველო. ეს მან ვერ უნდა შეძლოს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და მიზანი.

მოკლედ არჩევნების შესახებ: მეგობრებო, ყოველ ღონეს ხმარობენ, ჩვენ წარმოგვადგინონ როგორც ფაშისტები, მუსოლინის მიმდევრები, რომ თითქოს გადაწყვეტილი გვაქვს არაქართველების გაჟლეტა, გაგდება საქართველოდან. მეტი მუშაობაა საჭირო არაქართველებთან, უნდა განვუმარტოთ მათ ჩვენი ეროვნული მოძრაობის გზა. ბევრ ადგილას შეიძლება ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ცდილობენ, არაქართველებში შიში გააღვივონ. თუ ჩვენს კანონიერ უფლებებს ვიცავდით, თუ ჩვენი მიწების გამყიდველების წინააღმდეგნი ვიყავით, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაქართულ მოსახლეობას ვემუქრებით. ვიცავდით და დავიცავთ ჩვენს უფლებებს. სხვათა შორის, გარკვეულ წარმატებებსაც კი მიაღწიეს, მაგრამ, როგორც უნდოდათ, ისეთი მასშტაბებით ვერა. სირცხვილი იმ კომუნისტებს, რომლებიც ამას სჩადიოდნენ, რომლებიც აშინებდნენ ჩვენით არაქართველ მოსახლეობას.

ისიც იმპერიის გამარჯვებაა, რომ სამაჩაბლოში ძალიან აგრესიულად დახვდნენ უცხოურ დამკვირვებლებს. ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო. ამ რაიონებში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ასევე მოხდა ახალციხეში. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ არაფორმალები თქვენი მტრები არიანო; აგიტაცია გრძელდებოდა თვით არჩევნების დღესაც.
გამარჯვება უდიდესია, მაგრამ პრინციპის ამბავია, რატომ უნდა თქვან უცხოელებმა – ქართველებს იმიტომ არ დაუჭირეს მხარი ამ რეგიონებში, რომ ისინი არაქართველების მტრები არიან?

ჩვენ ჩვენი სამართლიანობა უნდა დავამტკიცოთ, ჩვენ არ გვინდა რამის გაყალბება, ჩვენ სამართლიანი არჩევნების მომხრენი ვართ.
დაზუსტებული პროცენტები არ არის ჯერ გარკვეული, მაგრამ ზოგან 80%-ზე ნაკლები რომ არ არის – ეს ჩვენ ვიცით. ეს ოდნავ საწყენიცაა, მეგობრებო, ჩვენ ხომ 100%-ს ველოდით.

სხვა პარტიებს ჩვენ შევთავაზეთ ერთ ბლოკში ყოფნა, რათა ერთად გვებრძოლა. არ მოინდომეს და თავად წააგეს. მაგრამ ყველას გავუწვდით ძმობის ხელს, არავის ზურგს არ შევაქცევთ. ყველა ნიჭიერ, ყველა უნარიან ადამიანს მოვიწვევთ თანამშრომლობისათვის, რომელი პარტიისა და რომელი მიმდინარეობის წევრიც არ უნდა იყოს.

აი, გვეკითხებიან: – კომუნისტებს მოხსნიან, გააძევებენ სამსახურებიდანო? კარგი სპეციალისტი, იმის გამო, რომ ის ჩვენი ბლოკის წევრი არაა, არ მოიხსნება სამსახურიდან. მაგალითად, აკადემიკოსი, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი ხეჩინაშვილი კომუნისტია და რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი იფიქრებს ამის გამო მის მოხსნას თანამდებობიდან – მხოლოდ იმიტომ, რომ კომუნისტია. მაგრამ თუკი ვინმე ისეთი იჯდებოდა იქ, რომელიც თავისი უნიჭობით ღუპავს ავადმყოფს, უვიცია და მხოლოდ კომპარტიის ძალით არის იქ გაბატონებული – იმას კი მოვხსნით სამსახურიდან. აი, ეს არის ჩვენი პრინციპი. კი, ბატონო, თუ უყვართ კომპარტია, იყვნენ და ილოცონ იმ მარქსზე და ლენინზე და იყვნენ სამუდამოდ იქ. ასე რომ, თავისუფლება იქნება შეხედულების, რწმენის, აღმსარებლობის, რელიგიისა. საქართველოს სხვაგვარად არც უარსებია. ეს არის ჩვენი იდეალი – სრული თავისუფლება, სრული შემწყნარებლობა.

მაგრამ ამავე დროს საჭიროა ეროვნული დისციპლინა. პასუხისმგებლობაა საჭირო. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენიანს უფრო მეტს მოვთხოვთ, უფრო მკაცრად, ვიდრე გარეშეს და ვიდრე მოწინააღმდეგეს. რადგან ჩვენიანს უფრო მეტი მოეთხოვება, რადგან თუ მან დადო თავი ეროვნული მოძრაობისათვის და ეროვნული საქმისათვის, კეთილი ინებოს და თავისი ვალი აღასრულოს პირნათლად და იყოს ყოველგვარი კრიტიკის გამძლე და ამავე დროს იყოს სრულყოფილი, სუფთა და თავდადებული. ეს არის ჩვენი პრინციპი და იმასაც არ დავივიწყებთ, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი არის საქართველოს რელიგიური და ეროვნული აღორძინება, ჭეშმარიტი ქრისტიანობა, მეგობრებო. ისტორიულად საქართველო მუდამ ამით იმარჯვებდა. დღესაც ამით გავიმარჯვეთ.

გახსოვდეთ, რომ არ ყოფილიყო ზენა ძალის მფარველობა, ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით. ღვთის მფარველობის იმედი მუდამ გქონდეთ ყველას და გახსოვდეთ, რომ მთავარია ეს, ამის გარეშე ვერ გავიმარჯვებთ, თუ არ ვიქნებით მორწმუნენი და უზენაესი ძალის მოსავნი. და ისევ რუსთაველს მოვიშველიებ, რადგან ეს არის ჩვენი ფარი, ჩვენი ხმალი და ჩვენი გამარჯვების პირველი საწინდარი, – ამ სულით მიდიოდა ქართველი და ამიტომ მოაღწია დღემდე:

“კაცო, ძალას ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი!
არა გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი“.

დიდთა ხეთა მოერევის, დიდ იმპერიას მოერევის მცირე ნაპერწკალი – საქართველო!

გაუმარჯოს იმპერიის დამხობას!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."