მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ბრწყინვალე 1990 წლის 28 ოქტომბერი

საბჭოთა წყობის წინააღმდეგ ქართველი დისიდენტების 40 წლიანმა თავდადებულმა ბრძოლამ და 1988 წლიდან მათი მცდელობით აღორძინებულმა ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ, საქართველოს მოსახლეობის აქტიური თანადგომით, 1990 წლის 5 მარტის ბოიკოტირებული კომუნისტური არჩევნების შემდეგ, იმავე წლის 4 აგვისტოს, საყოველთაო გაფიცვებითა და ფართომასშტაბიანი გამოსვლებით კომუნისტური პარლამენტი აიძულა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული საარჩევნო სისტემა (ე. წ. II-ე კანონპროექტი) დაეშვა, რომლის თანახმადაც, 20 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველად საქართველოში დემოკრატიული, მრავალპარტიული და რაც მთავარია გაუყალბებელი არჩევნები ჩატარდა.


ფოტოზე: ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქები – ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა
საარჩევნო კანონი, რომელიც წარმოადგენდა ეროვნული მოძრაობის საარჩევნო ბლოკის - “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” მიერ კომუნისტურ უზენაეს საბჭოში 1990 წლის 4 აგვისტომდე განსახილველად წარდგენილ II-ე კანონპროექტს (მაშინდელი პოლიტიკური სპექტრის მიერ უზენაეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი გახლდათ სულ 4 საარჩევნო კანონპროექტი), ითვალისწინებდა შერეულ, 50 %-იან მაჟორიტარულ და 50 %-იან პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რომლის თანახმადაც, 5 წლის ვადით 250 დეპუტატი უნდა არჩეულიყო.

საქართველოს ტერიტორია დაყოფილ იქნა 125 საარჩევნო ოლქად, შეიქმნა 3 000-მდე საარჩევნო უბანი, რომლებიც დაკომპლექტდნენ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი საარჩევნო კომისიებით.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომლის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ჟორდანია გახლდათ, 38 პოლიტიკურ გაერთიანებამ მიმართა. საბოლოოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო შემდეგმა 5-მა საარჩევნო ბლოკმა და 6-მა პოლიტიკურმა პარტიამ: საარჩევნო ბლოკი - “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”*, საარჩევნო ბლოკი “თავისუფლება”, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს კომუნისტური პარტია, საარჩევნო ბლოკი “თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება”, საქართველოს სახალხო პარტია, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი, საარჩევნო ბლოკი “განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება”, საქართველოს სახალხო ფრონტი და საარჩევნო ბლოკი “დემოკრატიული საქართველო”.

ამომრჩეველთა ხმებისა და შესაბამისად უზენაესი საბჭოს დეპუტატთა მანდატების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: პროპორციული სისტემით, კანონით დადგენილი მინიმალური 4%-იანი ბარიერი გადალახეს მხოლოდ საარჩევნო ბლოკმა - “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” - ხმების 53,99 % და კომუნისტურმა პარტიამ – ხმების 29,58 %.
მაჟორიტარული სისტემით, დეპუტატის მანდატის მფლობელნი გამოვლინდნენ 57 საარჩევნო ოლქში, ხელახლა ხმის მიცემა დაინიშნა 59 ოლქში, არჩევნების II-ე ტური დაინიშნა 7 ოლქში, ხოლო ხელახალი არჩევნების ჩატარება 2 ოლქში. 1990 წლის 11 ნოემბერს, ხელახალი კენჭისყრა წარმატებით ჩატარდა 59 ოლქში, ხოლო 7 ოლქში არჩევნების II-ე ტური, აქედან 2 საარჩევნო ოლქში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რის გამოც არჩევნები # 103-ე ტყვარჩელის, # 106-ე გუდაუთის, # 121-ე ქალაქ ცხინვალისა და # 123 ჯავის საარჩევნო ოლქბში დამდეგი, 1991 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო.

1990 წლის 28 ოქტომბერს სულ არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს 246 დეპუტატი. საერთო ჯამში მანდატების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდა: საარჩევნო ბლოკი - “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” - 155 მანდატი, საქართველოს კომუნისტურმა პარტია – 64 მანდატი, სახალხო ფრონტი - 12 მანდატი, დემოკრატიული საქართველო – 4 მანდატი, რუსთაველის საზოგადოება 1 მანდატი, ეკონომიკური აღორძინება 1 მანდატი, დამოუკიდებელი კანდიდატები – 9 მანდატი.

არჩეულ დეპუტატთაგან 16 ქალი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ წინამორბედ საკანონმდებლო ორგანოსთან შედარებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა, არჩეული დეპუტატების 21 % 41-დან 45 წლამდე ასაკისანი იყვნენ.


იური მეჩითოვის ფოტო: აღორძინებულ
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა
ამრიგად, ამ არჩევნებით, საქართველოს მოსახლეობამ ეროვნული სახელმწიფოებრიობის შესაქმნელად ნდობის მანდატით თავისი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა აღჭურვა, მიცემული ხმებით დაუმტკიცა მას ერთგულება და ამით მასთან ერთად მშვიდობიანი გზით ბოლო მოუღო საქართველოში კომუნისტურ მმართველობას.

1990 წლის 28 ოქტომბერი - ესაა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა და მისი სულიჩამდგმელების მიერ პოლიტიკურად უზადოდ გააზრებული და განვლილი უკომპრომისო ბრძოლის ბრწყინვალე მონაპოვარი, ესაა რესპუბლიკურ წყობაში სამართალმემკვიდრეობისა და კონსტიტუციური უწყვეტობის პრინციპის აღდგენის შესაძლებლობის დასტური და უპრეცენდენტო მაგალითი, ესაა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ პრინციპებზე დამყარებული ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნის მცდელობის დასაბამი.

ხატია ღუდუშაური

* ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის საარჩევნო ბლოკ “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოში” შედიოდა 7 დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია და პარტია: საქართველოს ჰელსინკის კავშირი–აღორძინება, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართალის საზოგადოება, სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."