მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ლევან ჯიქია: 1924 წლის 30 აგვისტო - ჩეკისტების მიერ ვაგონებში გამომწყვდეული აჯანყებულების დახვრეტის ისტორია

საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხებით დამთავრდა. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ამის მიუხედავად, საქართველოში ანტისაბჭოთა მუხტი ერთი წუთითაც არ შენელებულა. მალე მთელ საქართველოში ანტისაბჭოთა ეროვნულმა აჯანყებებმა იფეთქეს (სვანეთში და ფშავ-ხევსურეთში). თუმცა ეს აჯანყებები ლოკალური ხასიათის იყვნენ და აქედან გამომდინარე მათი წარმატების შანსი თავიდანვე მიზერული იყო. ამ გარემოებამ განაპირობა პატრიოტული ძალების მხრიდან ერთიან ქართულ (და კავკასიურ) ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების ორგანიზებაზე ზრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ხუთი წამყვანი პოლიტიკური პარტია გაერთიანდა: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (მენშევიკები), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია, საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია (ესერები) და საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ჩამოშორებული ჯგუფი „სხიველები“ (დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები). ამ პოლიტიკურმა პარტიებმა 1922 წლის აგვისტოში ინტერპარტიულ ორგანიზაციას „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“ (დამკომი), იგივე „პარიტეტულ კომიტეტს“ ჩაუყარეს საფუძველი. დამკომში პოლიტიკური პარტიები წარმოდგენილი იყვნენ თითო წევრით. შეთანხმების მიხედვით დამკომის თავმჯდომარე აუცილებლად სოციალ-დემოკრატი უნდა ყოფილიყო. დამკომის პირველი თავმჯდომარე გახდა გიორგი (გოგიტა) ფაღავა, რომელიც მოგვიანებით ნიკოლოზ ქარცივაძემ შეცვალა, ეს უკანასკნელი კი - კონსტანტინე (კოტე) ანდრონიკაშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა მთელი საქართველო სამოქმედო ზონებად დაჰყო. დამკომში შემავალი პოლიტიკური პარტიები კოორდინაციაში იმყოფებოდნენ როგორც დამკომთან ისე ერთმანეთთან. არალეგალური მუშაობისათვის მომზადებულმა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრებმა ჭიათურის მაღაროში დაიწყეს „მუშაობა“, რათა მუშებში გარკვეული გავლენა მოეპოვებინათ. ასეთმა მეთოდმა გაამართლა. ერთ-ერთ „მუშასთან“, სინამდვილეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მაღაროს მუშათა შორის საგანგებო დავალებით შეგზავნილ ვალიკო ჩუბინიძესთან კავშირი დაამყარეს ჭიათურის მახლობლად მდებარე სოფლების მცხოვრებლებმა: დიდი რგანიდან - კონსტანტინე (კოწია) ხვედელიძემ, პატარა რგანიდან - პორფირე სამყურაშვილმა, ხრეითიდან - სეით ცერცვაძემ, კაცხიდან - ფილიპე ცერცვაძემ, ქვაციხიდან - გრიგოლ ბეონაშვილმა. ვ. ჩუბინიძესთან კავშირში მყოფმა ადამიანებმა, თავის მხრივ, შექმნეს სამეულები. ამასთან, ჩუბინიძის კომპეტენციას სამხედრო აღრიცხვა შეადგენდა. აჯანყების მზადების შესახებ ინფორმაციებს მას გიორგი წერეთელი და გიორგი გურული აწვდიდნენ.

1924 წლის 17 აგვისტოს თბილისიდან იმერეთში ლადო გიორგობიანი ჩავიდა. უკან დაბრუნებისას მას თან გიორგი წერეთელი გამოჰყვა. გ. წერეთელი ჭიათურაში 1924 წლის 23 აგვისტოს ჩავიდა და ადგილობრივ ორგანიზაციას აცნობა აჯანყების დრო - 1924 წლის 28 აგვისტო. სინამდვილეში აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს იყო დანიშნული. ვისი დავალებით მოქმედებდა გ. წერეთელი, იყო თუ არა მისი ქმედება წინასწარ განზრახული ძნელი დასადგენია. ერთი რამ ცხადია: ჭიათურაში აჯანყების ერთი დღით ადრე დაწყებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა აჯანყების მარცხი.

1924 წლის 27 აგვისტოს, ნაშუადღევის 3 საათისათვის ჭიათურაში ნესტორ წერეთლის ბინაზე დანიშნული იყო სამხედრო ხელმძღვანელების ინტერპარტიული კრება. კრებას ესწრებოდნენ: გიორგი წერეთელი, პოლკოვნიკი ემელიანე (ეკო) წერეთელი (ეროვნულ-დემოკრატი), გრიგოლ (გრიშა) წერეთელი (სოციალისტ-ფედერალისტი), გიორგი გურული, შ. რამიშვილი, კ. ჯაფარიძე და ვალიკო ჩუბინიძე. კრებაზე გაირკვა, რომ ჭიათურის დასაკავებლად სოციალ-დემოკრატებს მობილიზებული ჰყავდათ ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი 112 მებრძოლი (მათ შორის 4 ოფიცერი), ჰქონდათ ერთი ტყვიამფრქვევი, ფედერალისტებმა თავი მოუყარეს 12 მებრძოლს (მათ შორის 2 ოფიცერს), ხოლო ეროვნულ-დემოკრატებმა - 15 მებრძოლს (მათ შორის 2 ოფიცერს). ჭიათურის დასაკავებლად მობილიზებული ძალების მეთაურად პოლკოვნიკი სვიმონ წერეთელი დაინიშნა. პაროლად დაწესდა სიტყვა „ჭაღარა“. კრება საღამოს 7 საათზე დაიშალა.

საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება ფლობდა ინფორმაციას მოსალოდნელი აჯანყების თაობაზე. ამიტომაც, 1924 წლის 13 აგვისტოს საქართველოს საგანგებო კომისიის (ჩეკას) თავმჯდომარემ, ეპიფანე კვანტალიანმა, საქართველოს კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის ცენტრალურ კომიტეტს გაუგზავნა წერილი გრიფით ძალზედ სასწრაფოდ, სრულიად საიდუმლოდ, რომლითაც ითხოვდა, რომ ცენტრალურ კომიტეტს საქართველოს საგანგებო კომისიის ადგილობრივი ორგანოების დახმარებით იმ ყოფილ ჩეკისტთა სასწრაფო აღრიცხვა მოეხდინა, რომლებმაც საქართველოს საგანგებო კომისიაში სულ ცოტა ერთი წელი მაინც იმუშავეს. 27 აგვისტოს კი ე. კვანტალიანმა პირდაპირი სატელეფონო ხაზით, დაშიფრული ტექსტით ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს გადასცა ინფორმაცია, რომ უტყუარი მონაცემებით, ანტისაბჭოთა პოლიტიკურ პარტიებს განზრახული ჰქონდათ შეიარაღებული გამოსვლის მოწყობა 1924 წლის 28-29 აგვისტოს ღამით ან 29-30 აგვისტოს ღამით და ითხოვდა დაუყოვნებლივ მიეღოთ ყოველგვარი ზომები აჯანყების მცდელობის აღკვეთის მიზნით, ემოქმედათ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებთან ერთად, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს (მაზრების ხელმძღვანელებს) ინფორმაციები დაშიფრული ტექსტით, დღეში სამჯერ უნდა მიეწოდებინათ თბილისისათვის.

აჯანყებულები ჭიათურაში გიორგი წერეთლის მეთაურობით 1924 წლის 28 აგვისტოს დილის 4 საათზე შეიჭრნენ. პირველად მათ იმ შენობას მიაშურეს, სადაც მუშათა საგანგებო რაზმი (ჩონი) იყო განლაგებული და სადაც ინახებოდა რამდენიმე შაშხანა (კარაბინი) ვაზნებითურთ, ბომბები და ერთი ტყვიამფრქვევი (რომელიც უვარგისი აღმოჩნდა). შენობის დაკავება აჯანყებულებმა ადვილად მოახერხეს. შემდეგ მათ ხელში ჩაიგდეს პროფკავშირის შენობა თანამშრომლებითურთ. დილის 10 საათისათვის აჯანყებულები ვაშას ძახილით შეიჭრნენ რკინისგზის სადგურ ჭიათურაში და ყველა იქ მყოფი კომუნისტები დააპატიმრეს. მდინარე ყვირილაზე ხიდების დაუფლების შემდეგ, აჯანყებულები გადავიდნენ მდინარის მარცხენა ნაპირზე და სრულად დაეუფლნენ ქალაქის ამ ნაწილს, ე.ი. მათ ხელში აღმოჩნდა მილიცია, აღმასკომი და პარტიული კომიტეტი. ეს მოხდა 1924 წლის 28 აგვისტოს, დღის 2 საათზე. ჭიათურაში შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში გიორგი წერეთელი ჩაუდგა. მან ჭიათურის კომენდანტებად კონსტანტინე (კოწია) ჩაჩანიძე და ეკო (ემელიანე) წერეთელი დანიშნა, მილიციის უფროსად - გ. ჩაჩანიძე, ფოსტა-ტელეგრაფის კომისრად - ბარნაბა ჩუბინიძე.
ჭიათურაში ბრძოლაში სულ ოთხი კაცი დაიღუპა, აქედან ორი აჯანყებული და ორიც კომუნისტი. ჭიათურაში აჯანყებულთა მხარეზე ვაჟკაცურად იბრძოდა ორი ქალი - ნინა წერეთელი და იულია გაფრინდაშვილი.

აჯანყებულების მიერ ჭიათურის საბოლოოდ დაკავებამდე, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა ჭიათურის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს. მიღებული ინფორმაციის შედეგად, თბილისში შექმნილ ვითარებაში გაერკვნენ. ჭიათურაში გაიგზავნა კურსანტთა რაზმი და აეროპლანი დასაზვერად. ღრუბლიანობის გამო აეროპლანმა უღელტეხილზე გადაფრენა მხოლოდ 29 აგვისტოს დილით მოახერხა. 1924 წლის 29 აგვისტოს ღამის 3 საათისათვის კურსანტთა რაზმი ჭიათურას 5 ვერსზე მიუახლოვდა. ამ დროისათვის ჭიათურის მისადგომებთან თავი მოიყარეს კომუნართა რაზმებმა ქუთაისიდან და ზესტაფონიდან, სულ 50-60 კაცმა. 29 აგვისტოს, დილის 8 საათზე, აეროპლანი ქალაქ ჭიათურის თავზე გამოჩნდა. აჯანყებულებს ის ინგლისური ეგონათ და მოსახლეობას არწმუნებდნენ: აეროპლანში ნოე ჟორდანია ზის, რომლითაც ის თბილისში ჩამოფრინდაო. აეროპლანმა ძირს დაშვება დაიწყო და აჯანყებულებს ტყვიამფრქვევის ცეცხლი დაუშინა. გარდა ამისა, თბილისიდან ჭიათურის მიმართულებით გაიგზავნა მარქაროვის და ჟორჟიკა ქავთარაძის შეიარაღებული რაზმები. მათ აჯანყებულებს ჭიათურის მისადგომებთან არა ერთი ბრძოლა გაუმართეს. ამ ბრძოლებში აჯანყებულები დამარცხდნენ, მათი ნაწილი ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. ამის შემდეგ გააფთრებული ბრძოლები გაიმართა ქალაქ ჭიათურაში. აჯანყებულები ჭიათურაშიც დამარცხდნენ. 1924 წლის 29 აგვისტოს, საღამოს 8 საათისათვის, აჯანყებულები ჭიათურიდან მთლიანად განდევნეს.

ჭიათურაში აჯანყების დამარცხების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებულთა დაპატიმრების პროცესი დაიწყო. აჯანყებაში მონაწილეებს და მათ თანამგრძნობებს, ასევე ეჭვმიტანილებს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ შექმნილი ე.წ. „სამეულები“ ყოველგვარი ძიებისა და გასამართლების გარეშე ხვრეტდნენ. დააპატიმრეს ყვირილის ხეობაში მცხოვრები წერეთლები და საჩხერიდან ჩამოყვანილ დაპატიმრებულებთან ერთად სპეციალურ ეშელონში მოათავსეს. ეშელონი შემდეგ ჭიათურაში ჩამოაყენეს, სადაც მუშათა საგანგებო რაზმის (ჩონი) წევრებმა მათ ჭიათურასა და ახლო-მახლო მიდამოებში დაპატიმრებულები დაახვედრეს. მოგვიანებით ეშელონი შორაპანში გადაიყვანეს, სადაც ასევე დაახვედრეს დაპატიმრებულები. პატიმრები ექვს ვაგონში გადაანაწილეს. დაპატიმრებულებს ეუბნებოდნენ, რომ ქუთაისში ჩაიყვანდნენ, აჯანყებასთან დაკავშირებით დაკითხავდნენ, უდანაშაულოებს სახლებში დააბრუნებდნენ, დამნაშავეების საქმეს კი სასამართლოს გადასცემდნენ. ვაგონებში გამომწყვდეულ ადამიანებს რამე რომ არ ეეჭვათ, თითო „ბუხანკა“ პური დაურიგეს. შორაპნის სადგურიდან გასული მატარებელი სოფ. არგვეთის რკინიგზის ხიდის სიახლოვეს გაჩერდა. აქ ორმოები წინასწარ იყო ამოღებული. არემარეს რუსული წითელი არმიის ნაწილები იცავდნენ, რომლებშიც ქართველი ჯარისკაცებიც ერივნენ. ქართველმა ჯარისკაცებმა როგორც კი შეიტყვეს თუ რას უპირებდნენ ვაგონებში გამოკეტილ ადამიანებს, მწყობრიდან გამოვიდნენ და ბრძანების შესრულებაზ უარი თქვეს. ამის გამო ისინი დააპატიმრეს და მოგვიანებით თბილისში გადააგზავნეს. 1924 წლის 30 აგვისტოს დილის 3 საათზე პირველი ვაგონიდან პატიმრები გადმოიყვანეს, ორმოს გასწვრივ გაამწკვრივეს და იაპონური ტყვიამფრქვევებიდან უკლებლივ ყველანი ჩაცხილეს. დახვრეტის დროს, მათმა ღრიალმა: „რას გვერჩით, რა დაგვიშავებია!“ და ტყვიამფრქვევების კაკანმა დანარჩენ ვაგონებში მყოფი ადამიანები „საქმის კურსში“ ჩააყენა. მათ უარი თქვეს ვაგონებიდან გადმოსვლაზე. ვაგონებში ასვლა კი საშიში იყო, არადა თენდებოდა. „საქმე“ კი გათენებამდე უნდა მომთავრებულიყო. ასეთ „კრიტიკულ“ სიტუაციაში ქუთაისის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ, ილარიონ ტალახაძემ „მახვილგონიერება“ გამოიჩინა, მან წამოაყენა წინადადება, ყველა პატიმარი ვაგონეშივე ჩაეცხრილათ. ამ ინიციატივის აღსრულება შორაპნის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ დომენტი მშვენიერაძემ და შორაპნის კომკავშირის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარემ ძიძიგურმა იკისრეს. რკინიგზაზე მდგარ ხუთივე ვაგონში მყოფი პატიმრები ტყვიამფრქვევებით ვაგონებშივე ჩაცხრილეს. სოფ. არგვეთაში ჩეკისტების მახვილს ემსხვერპლნენ:

1. მაჭარაშვილი სერაფიონ ოქროპირის ძე, 30 წლის, მასწავლებელი, სოციალისტ-ფედერალისტი
2. მაჭარაშვილი ვალერიან (ვალიკო) ოქროპირის ძე, 28 წლის, მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი)
3. ხარჩილაძე ნიკოლოზ დომენტის ძე, 22 წლის, სასულიერო წოდებიდან, სტუდენტი
4. არსენაძე ვლადიმერ, 27 წლის, გლეხი, სოციალ-დემოკრატი
5. წერეთელი ნიკოლოზ (ნიკუშა) სარდიონის ძე, 41 წლის, თავადი, ეროვნულ-დემოკრატი
6. წერეთელი გიორგი სიმონის ძე, 42 წლის, თავადი, ეროვნულ-დემოკრატი
7. ჯაჯანიძე მიხეილ, 24 წლის, მოსამსახურე, სოციალ-დემოკრატი
8. ფხალაძე ივანე სერგოს ძე, 22 წლის, საშუალო შეძლების, სოციალ-დემოკრატი
9. ცერცვაძე ერემია ამირანის ძე, 29 წლის, გლეხი, სოციალ-დემოკრატი
10. გამყრელიძე აკაკი ივანეს ძე, 32 წლის, თავადი, სოციალ-დემოკრატი
11. გამყრელიძე გრიგოლ (გრიშა) ალექსანდრეს ძე, 34 წლის, თავადი, სოციალ-დემოკრატი
12. ცერცვაძე იოველ ერმოლოზის ძე, 32 წლის, გლეხი, თავადი, სოციალ-დემოკრატი
13. სარალიძე კალისტრატე ნიკოლოზის ძე, 30 წლის, გლეხი, თავადი, სოციალ-დემოკრატი
14. არაბიძე არჩილ დიმიტრის ძე, 42 წლის, გლეხი, სოციალ-დემოკრატი
15. ვაშაძე იონა სიმონის ძე, 28 წლის, გლეხი, სოციალ-დემოკრატი
16. ვაშაძე ვლადიმერ სიმონის ძე, 32 წლის, გლეხი, სოციალ-დემოკრატი
17. წერეთელი ნესტორ, 48 წლის, თავადი, ეროვნულ-დემოკრატი
18. მელიქოვი ბიქტორ ბეჟანის ძე, 45 წლის, გლეხი, სოციალ-დემოკრატი
19. დოლიძე შალვა (შალიკო), 35 წლის, საშუალო შეძლების, სოციალ-დემოკრატი
20. გაფრინდაშვილი ალექსანდრე, 40 წლის, გლეხი, სოციალისტ-რევოლუციონერი
21. წერეთელი სანდრო ვლადიმერის ძე, 42 წლის, თავადი, ეროვნულ-დემოკრატი
22. სარალიძე კოლია, 22 წლის, მოსწავლე, სოციალ-დემოკრატი
23. კეკელიძე ილიკო, 35 წლის, დალაქი, სოციალ-დემოკრატი
24. მიქაშავიძე ვალერიან, 45 წლის, თავადი, სოციალ-დემოკრატი
25. იაშვილი ჭუნია ჯიბოს ძე, 25 წლის, თავადი, ეროვნულ-დემოკრატი
26. წერეთელი ეკო დიმიტრის ძე, 42 წლის, თავადი ეროვნულ-დემოკრატი
27. ბერძენიშვილი ილიკო, 45 წლის, ოფიცერი, სოციალ-დემოკრატი
28. კეკელიძე გრიგოლ (გრიშა), 24 წლის, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი
29. ჯუღელი შალვა (შალიკო), 25 წლის, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი
30. ჯაფარიძე ილიკო ჯიბოს ძე, 35 წლის, თავადი, სოციალ-დემოკრატი
31. სამყურაშვილი პორფირე ბასალის ძე, მუშა, სოციალ-დემოკრატი
32. სამყურაშვილი არტემ კოტიას ძე, მუშა, სოციალ-დემოკრატი
33. სამხარაძე ილია, მუშა, სოციალ-დემოკრატი
34. ნადირაძე სანდრო, მუშა, სოციალ-დემოკრატი
35. ლოლაძე აკაკი, მუშა, სოციალ-დემოკრატი
36. ჭიჭინაძე ბიქტორ, მუშა, სოციალ-დემოკრატი
37. თოდრიაშვილი სოგრატ, მუშა, სოციალ-დემოკრატი
38. ჭავჭანიძე შალვა, მუშა, სოციალ-დემოკრატი
39. კაპანაძე არჩილ, მუშა, სოციალ-დემოკრატი
40. ციმაკურიძე ვლადიმერ (ლადო), მუშა, სოციალ-დემოკრატი
41. ქურციკიძე დავით (დათიკო), მუშა, სოციალ-დემოკრატი
42. ვაკოიშვილი კონსტანტინე (კოწია), მუშა, სოციალ-დემოკრატი
43. ბარათაშვილი გაბრიელ (გაბო), მუშა, სოციალ-დემოკრატი
44. გამყრელიძე ნოე, მუშა, სოციალ-დემოკრატი
45. კობახიძე სინო, მუშა, სოციალ-დემოკრატი
46. სამხარაძე ნიტუშა, მუშა, სოციალ-დემოკრატი
47. ცაბაძე დავით (დათიკო), მუშა, სოციალ-დემოკრატი
48. აბულაძე გრიგოლ (გრიშა), მუშა, სოციალ-დემოკრატი
49. ასათიანი გრიგოლ, მუშა, სოციალ-დემოკრატი
50. ნიქატაძე რაჟდენ, მუშა, სოციალ-დემოკრატი
51. შეყილაძე გიორგი, მუშა, სოციალ-დემოკრატი
52. ხვედელიძე გიორგი, მუშა, სოციალ-დემოკრატი
53. მაჩიტაძე გიორგი, მუშა, სოციალ-დემოკრატი
54. გაბუნია დარისპან, მუშა, სოციალ-დემოკრატი
55. მიქაბერიძე დომენტი, მუშა, სოციალ-დემოკრატი
56. აბესაძე აიხა, მუშა, სოციალ-დემოკრატი
57. სარალიძე ისაკი, მუშა, სოციალ-დემოკრატი
58. მოდებაძე თანოს, მუშა, სოციალ-დემოკრატი
59. მიქაძე პოლიკარპე, გლეხი
60. ხელაძე გიორგი, გლეხი
61. ჭიჭინაძე გრიგოლ გერონტის ძე, 52 წლის, აზნაური
62. მიხელიძე მიხეილ, გლეხი
63. ვარდოსანიძე მოსე, გლეხი
64. ბრეგვაძე მაქსიმე, გლეხი
65. გაფრინდაშვილი შალვა (შალიკო), გლეხი
66. სამყურაშვილი კონსტანტინე (კოწია) პორფირეს ძე, მრეწველი
67. სამხარაძე პარმენ იაკობის ძე, 21 წლის, გლეხი, სოციალ-დემოკრატი
68. შარაშიძე ნიკოლოზ (ნიკო)
69. ჯაფარიძე თენგიზ
70. კოკიაშვილი ჭუკია
71. ლოსაბერიძე რაჟდენ
72. მაჭარაშვილი ალექსანდრე ილარიონის ძე, 42 წლის, სასულიერო წრიდან, მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატი
73. უგლავა კონსტანტინე, მასწავლებელი
74. კაკაბაძე ბესარიონ, მასწავლებელი
75. გორდაძე სიმონ, მასწავლებელი
76. ბოჭორიშვილი ტერენტი, მასწავლებელი
77. აბაშიძე ვანო, მასწავლებელი
78. ჩხენკელი ვანო, მოსამსახურე
79. ჯორბენაძე ვლადიმერ (ვალოდია) ანთიმოზის ძე, მოსამსახურე
80. იოსელიანი გოლა, მოსამსახურე
81. რობაქიძე გიორგი, მოსამსახურე
82. ბურჯანაძე ვლადიმერ (ლადო), მოსამსახურე
83. მასხარაშვილი ლავრენტი, სოციალისტ-ფედერალისტი
84. ჭიჭინაძე ვლადიმერ, უპარტიო
85. გელაშვილი დავით (დათიკო), უპარტიო
86. ნაფეტვარიძე ვლადიმერ (ლადო), უპარტიო
87. ლოლუაშვილი ვლადიმერ, გლეხი
88. დათიაშვილი ვლადიმერ, გლეხი
89. მიქაბერიძე კონსტანტინე (კოწია), გლეხი
90. მიქაძე ლავრენტი, გლეხი
91. კვინიხიძე ლავრენტი, გლეხი
92. ცქიფურიშვილი მიხეილ (მიხა), გლეხი
93. მოდებაძე კიმოთე, მოსამსახურე
94. ხვედელიძე ლავრენტი, მოსამსახურე
95. მოდებაძე ნიკოლოზ (ნიკო), მოსამსახურე
96. ქველაძე პარმენ, მუშა, სოციალ-დემოკრატი

დახვრეტის შემდეგ ჩეკისტებმა ვაგონების კარები გააღეს და ვინც ცოცხალ-მკვდარი იყო და სიცოცხლის ნიშნებს ამჟღავნებდა ი. ტალახაძემ და დ. მშვენიერაძემ მაუზერებიდან დახვრიტეს. გავრცელდა ხმები, რომ სიმონ საყვარელიძემ და გიორგი (გოგია) მამულაიშვილმა დახვრეტილებს ოქროს კბილები დააძვრესო. ამის შემდეგ დახოცილები ორმოში გადაყარეს. ორმო, თავის სიდიდის მიუხედავად, საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩეკისტები იძულებული გახდნენ ზევიდან უამრავი მიწა დაეყარათ, რათა გვამები მთლიანად დაეფარათ. ეპიდემიების საწინააღმდეგოდ სასაკლაოს კირი მოაყარეს, ხოლო დახოცილებს დაცვა დაუყენეს, რათა ახლობლებს გვამები არ მოეპარათ. ამით `ოპერაცია~ დამთავრდა და კიდეც ინათა. დახვრეტის დამთავრების შემდეგ ილარიონ ტალახაძე და დომენტი მშვენიერაძე, რომლებსაც ჩექმები სისხლში და ტვინის ნანთხევში ჰქონდათ გასვრილი, იქვე მდინარე ყვირილაში შევიდნენ და `მოწესრიგდნენ. შემდეგ დ. მშვენიერაძემ ჩონის მებრძოლებს მიმართა: "- აბა, თქვენ იცით, ბიჭებო!.. ამა და ამ ადგილას მობრძანდით, იქ გაშლილი სუფრა დაგხვდებათ, რათა ღირსეულად აღვნიშნოთ ჩატარებული ოპერაციაო". დამსჯელი რაზმის ხელმძღვანელობა მაშინვე წასულა სუფრაზე. საინტერესოა ის, რომ ჩეკისტებს თან წაუღიათ ის პურები, რომლებიც პირველ ვაგონში მყოფ პატიმრებს დარჩათ...

ვაგონებში დასახვრეტთა შორის იყვნენ ნინა წერეთელი და იულია გაფრინდაშვილი, რომლებიც ჭიათურაში გმირულად იბრძოდნენ აჯანყებულთა მხარეზე. დახვრეტის წინ ონის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ სოფრომაძემ მათ გადასარჩენად ენერგიული ზომები მიიღო. ეს ორი ქალი ცოცხალ-მკვდარი ვაგონიდან გადმოასვენეს. ისინი 2 დღის განმავლობაში გონზე არ მოსულან, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები თავს დასტრიალებდნენ.

ვაგონებში დახვრეტილ 96 ადამიანს მოგვიანებით სხვებიც დაემატნენ და მთლიანობაში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა რაოდენობამ 171 მიაღწია.
აჯანყებულთა მასობრივი დახვრეტები მოხდა საქართველოს სხვა სოფლებსა თუ ქალაქებში. 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის ავბედით დღეებში დახვრეტილთა ზუსტი რაოდენობა დღესაც უცნობია. სერგო ორჯონიკიძე 1924 წლის ოქტომბრის საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე აცხადებდა: "მივმართეთ მასობრივ დახვრეტებს. იქნებ ცოტა გადავაჭარბეთ, მაგრამ ამას ახლა რაღა ეშველება".

მთავარ არქივში დაბრუნება
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage