მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
სოლომონ ზალდასტანიშვილი: მთავარი მიზეზები აგვისტოს აჯანყების მარცხისა
ექვსი წლის შემდეგ ძლივს ხმა ამოიღეს 1924 წლის აჯანყების შესახებ. პოლკ. ცაგურია და ბ-ნი კ. ქავთარაძე საჯარო კრებაზედ აჯანყების მარცხის კრიტიკით გამოვიდნენ. სამწუხაროდ, მათი გაშუქება აჯანყების მარცხის მიზეზებისა სწორი არ არის და ეს უნდა აიხსნას იმ გარემოებით, რომ არც ბ-ნი ქავთარაძე და არც პოლკ. ცაგურია ჩახედულნი არ არიან აჯანყების წინასწარ მუშაობაში და თავიანთ დასკვნებს შემცდარ მსჯელობაზედ ამყარებენ.

როგორც პირი, რომელიც ფრიად ახლო უდექი აჯანყების ტეხნიკურ მხარეს, მის მზადებას და დეტალებს და წევრი დამოუკიდებლობის კომიტეტის ცენტრალურ სამხედრო კომისიისა, რომელიც ამ საქმეს განაგებდა, ჩემს თავს მოვალედ ვთვლი, რაკი საკითხი საჯაროდ იქნა გამოტანილი, მიუთითო ვითარების იმ ზოგიერთ მოვლენებზედ, რომელნიც აუცილებელია კაცმა იცოდეს, რომ აგვისტოს აჯანყების მარცხის მიზეზებზედ სწორი წარმოდგენა ჰქონდეს.

აგვისტოს აჯანყებისათვის ორნაირი მუშაობა იყო საჭირო: საგარეო და შინაგანი. საგარეო, ან დიპლომატიური მუშაობისათვის უნდა ეზრუნა ემიგრაციაში მყოფ სათანადო ორგანოებს. დანამდვილებით კი მას მთავრობის ორი პირი აწარმოებდა. შინაგანი, ე.ი. ხალხის დარაზმვისა და აჯანყებისათვის აუცილებელ პირობების შექმნისათვის-დამოუკიდებლობის კომიტეტს-საქართველოში.

აჯანყების მომენტი მხოლოდ იმ დროს შეიძლებოდა ჩათვლილიყო დამდგარად, თუ ეს ორგვარი მუშაობა თანაბრად და მართლა იქნებოდა შესრულებული.

როგორ იყო საქმე ამ მხრივ?

1924 წლის მაისში, დამოუკიდებლობის კომიტეტს ტეხნიკური მუშაობა უკვე დამთავრებული ჰქონდა. აი ამ დროს ჩამოვიდნენ სწორედ ემიგრაციიდან ბბ. ნოდია (რომელიც საგანგებოდ იყო გაგზავნილი ტფილისიდგან პარიზში ცნობისთვის თუ რამდენათ საერთაშორისო მდგომარეობა ხელს უწყობს აჯანყებას საქართველოში), ბ. ჩხიკვიშვილი, ვ. ჟუღელი, ცინცაბაძე და ცენტერაძე, რომელთაგან დამოუკიდებლობის კომიტეტმა მოისმინა, რომ გარეშე პირობები ხელს უწყობს აჯანყების დაწყებას და დამოუკიდებლობის კომიტეტსაც მეტი არა დარჩენოდა, რომ აჯანყების გეგმის განხორციელებას შესდგომოდა.

ფოტოზე: სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი და პოდპოლკოვნილი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, 1918-21 წლებში საქართველოს ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, 1923 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი, «საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის» (დამკომი) და მასთან შექმნილი «სამხედრო ცენტრის» აქტიური წევრი და მისი მეორე შემადგენლობის მეთაურის თანაშემწე, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრანტი საფრანგეთში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს «ყოფილ ქართველ მეომართა საზოგადოების» გამგეობის წევრი, პარტიის გამომცემლობა «საქართველოს» რწმუნებული პარიზში, 1941 წლის ივლისიდან გერმანელთა მიერ შექმნილი ქართველ მოხალისეთა რაზმის «თამარ მეორე»-ს წევრი და მისი მეთაური, რუმინეთის გერმანიის საბჭოთა ტყვეთა ბანაკიდან 500-მდე ქართველი და ქართველი ებრაელი სამხედრო ტყვეს ქომაგი და დამხსნელი სოლომონ ზალდასტანიშვილი (1891-1941)
აჯანყების გეგმის მიხედვით მთავარი დარტყმა ტფილისზედ და ბათუმზედ უნდა მომხდარიყო. ტფილისზედ, როგორც საქართველოს პოლიტიკურ ცენტრზედ და ბათუმზედ, როგორც ზღვის ქალაქზედ, რომელიც აჯანყებულ საქართველოს გარეშე ქვეყნებთან გადააბამდა. ამ მხრივ ორივე ქალაქი ზედ-მიწევნით იყო შესწავლილი. იარაღი იგულვებოდა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო პირველი გამოსვლისათვის. ამავე მიზნით თავ. ქაქუცა ჩოლოყაშვილი ტფილისის მახლობლად დაბანაკდა-20 ვერსის მანძილზედ. დანიშნული იყო სარდალიც-გენერალი სპ. ჭავჭავაძე და შექმნილი სამხედრო შტაბიც (უკანასკნელი უკვე 1 აგვისტოთგან).

ფაქტიურად ამ დღითგან ყველა ტეხნიკურ-სამხედრო კომისიები ამ შტაბის განკარგულებაში გადადის. სარდალი ესწრება დამოუკიდებლობის კომიტეტის და სამხედრო ცენტრის კრებებს, ხდება კომიტეტისსა და კომისიის შეერთებული სხდომები. აჯანყების დღედ ინიშნება 17 აგვისტო. გამოსვლა უნდა დაწყებულიყო ერთ დღეს, ერთს საათს, ყველგან და უეცრივ, გამუდმებულის მოძრაობით, რათა საბჭოთა მთავრობაში და კომუნისტურ რიგებში დეზორგანიზაცია შეგვეტანა. გეგმა და უკანასკნელი ბრძანება შიკრიკების ხელით პროვინციებს უკვე ჩაბარებული ჰქონდათ.

ასეთი იყო ვითარება 1 აგვისტოდგან-6 აგვისტომდე, როდესაც ჩეკამ ვ. ჯუღელი დააპატიმრა და რა დღიდანაც იწყება ტრაღიკული პერიოდი აჯანყების წინა ხანისა, რსაც მოჰყვა გეგმის შეცვლალ, აჯანყების გაცილებნით ხელსაყრელ პირობებში დაწყება და დასასრულ თვით აჯანყების მარცხიც, რა თქმა უნდა სხვა სხვა მიზეზთა წყალობითაც, რომელზედაც სიტყვა ქვემოთ გვექნება.

როგორც უკვე ცნობილია, განსვენებულ ვ. ჯუღელს ჩეკაში აჯანყების დღეც კი ათქმევინეს. ამის შემდეგ ვ. ჯუღელი წერილს წერილზედ და კაცს კაცზედ უგზავნის დამოუკიდებლობის კომიტეტს და მენშევიკურ ცეკას და იმუდარება, რომ აჯანყებაზედ ხელი აგვეღო. დამოუკიდებლობის კომიტეტი ჯუღელთან ყოველგვარ დამოკიდებულობას სპობს. ხოლო მენშევიკური ცეკა, ჩეკისგან მოგზავნილ კაცს (ვანო ღლონტს) ეუბნება სიტყვა-სიტყვით შემდეგს: «გადაეცით ბ. ჟუღელს და ჩეკას, რომ გამოსვლის საკითხი ახლო მომავალში არ დგას და არც არავითარ აჯანყებას ვაპირობთო».
მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებას ეს პასუხი არ აკმაყოფილებს. ნერვიულობს და რეპრესიებს მიმართავს. მანიოვრებზედ მყოფი ჯარი ტფილისში და სხვა ცენტრებში გადაჰყავს, ტფილისის გარეშემო გზებს ჰკრავს. საღამოს 9 საათის შემდეგ, ტფილისიდან გასვლა, ან შემოსვლა აკრძალულია, ამაგრებს ქალაქის მნიშვნელოვან პუნქტებს და ქუჩბში პარტიული რაზმები გამოჰყავს. ამავე დროს ბათუმში უარესი ამბები ხდება. ატუსაღებენ გენ. ყარალაშვილს, რომელიც დანიშნული იყო გურიის აჯანყებულთა ხელმძღვანელად. ხოლო ამ ამბვის მეორე დღეს ატუსაღებენ ბათუმის კომიტეტის და ბათუმის სამხედრო ხელმძღვანელად დანიშნულ გენ. ფურცელაძეს.

რაღა თქმა უნდა, რომ ასეთ პირობებში ტფილისისა და ბათუმის გამოსვლა აღარ ხდება. ამ ორ ქალაქში, თუ შეიძლება ასე ითქვას, აჯანყებას თვით საბჭოთა მთავრობა აწყობს, მაგრამ უკვე ჩვენს წინააღმდეგ და თაოსნობა მის ხელში გადადის. ჩვენი რიგები კი-ბათუმში საფუძვლიანად დაზიანებული, ტფილისში-აშკარად ბოლშევიკურ რეპრესიების წინაშეა დაყენებული. ასეთი ფაქტის შემდეგ, დამოუკიდებლობის კომიტეტი იმ აზრს ადგება, რომ აჯანყების ცენტრად ტფილისი მიუღებელია და ცენტრად ხდება ქ. ჩოლოყაშვილის ნაბაკი, როგორც ძალა ბოლშევიკური ტერორისაგან უფრო მეტად დაცული და მიუვალი. მაგრამ ასეთი ახალი გეგმის საბოლოოდ მიღებისათვის თვით ქ. ჩოლოყაშვილის აზრი იყო საჭირო და დამოუკიდებლობის კომიტეტი ჩოლოყაშვილის ნახვას მე მავალებს. მე გავედი ტფილისიდან და 16-ს უკვე მასთან ვიყავი. ქ. ჩოლოყაშვილმა გაიზიარა დამოუკიდებლობის კომიტეტის აზრი, მაგრამ ასეთი პირობა დამიყენა: «ხომ ხედავ ხალხი თავს იყრის-მალე ღვდელიც მოვა აჯანყებულთა დასალოცავად და თუ დროზედ გამოვედით, იმედი მაქვს ხალხს ბევრს მოუყრი თავს. მაგრამ თუ გამოსვლა ამ სამ დღეში არ მოხდა, ტყეში და ქალაქთან ასე ახლო ამდენ ხალხს ვერ შევინახავ, სანოვაგე მაკლია და თუ ეს ხალხი ისევ სოფლებში გავისტუმრე, ახლო მომავალში მათი თავის მოყრა ადვილი არ იქნება. მანამ გლეხკაცი პურსა და ღვინოს არ დააბინავებს, აღარ გამოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გონიერება მოითხოვს აჯანყება ორი თვით გადაიდოს»-ო.

ამას რომ ვიგონებ, უნდა ისიც დავადასტურო, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ხალხი უკვე თავს იკრებდა, მასთან იყვნენ ს. სულხანიშვილი, ლ. ჩქოვანი და ა. ფეიქრიშვილი. ორასი კაცი უკვე მოსული იყო და ჩემის თვალით ვხედავდი, როგორ მოჰყავდათ სხვა ახალი ჯგუფი გლეხკაცობისა ორმოცდაათი კაცისაგან შემდგარი-ელიზბარ ვაჩნაძეს, რაფო ერისთავს და მ. მაისურაძეს, ამ ჯგუფთან მოვიდა მღვდელიც, რომელსაც ბელადი ელოდა. არაგვიდან ელოდა 250 კაცს, რომელიც უნდა მოეყვანა გაბო ოზიაშვილს, სერგო მაისურაძეს და ჭიმბალიშვილს. ამავე დროს და აქვე უნდა მოსულიყვნენ მ. ლაშქარაშვილი თავისი რაზმით და მიხ. ნაცვლიშვილი და ა. ბადურაშვილი, ი. ქარუმიძე და ძმები ლ. და შ. ჯავრიშვილები სხვა ხალხით. ამ დღეს ქ. ჩოლოყაშვილს 650 კაცი უგროვდებოდა. მაგრამ რადგან მიღებულ იქნა აჯანყების სამი დღით გადადება, კაცები დაუგზავნა, რომ მხოლოდ მესამე დღეს გამოცხადებულიყვნენ.


მე იმ დღესვე ტფილისში დავბრუნდი და დამოუკიდებლობის კომიტეტის კრება მოვაწვევინე, რათა ვითარება მომეხსენებინა. დაესწრნენ: კ. ანდრონიკაშვილი, შ. ამირეჯიბი, ი. ჯავახიშვილი, დ. ონიაშვილი, გენ. ჭავჭავაძე და სხვ. კომიტეტს საქმის ვითარება გავაცანი, მაგრამ, სამწუხაროდ, აჯანყება გადაიდო არა სამის დღით, როგორც ქ. ჩოლოყაშვილი მოითხოვდა, არამედ თერთმეტის დღით.

24 აგვისტოს შესდგა კომიტეტის კრება, რომელსაც მე არ დავსწრებივარ, სხდომა ფრიად საიდუმლო იყო და დაესწრო მხოლოდ ოთხი პირი. ამ კრებაზედ გადაწყდა აჯანყების დღის დანიშვნა და მიღებულ იქნა დადგენილება-დამოუკიდებლობის კომიტეტი ქ. ჩოლოყაშვილის ბანაკში გასულიყო, ტფილისში რჩებოდა მხოლოდ მისი განყოფილება. ამ გადაწყვეტილებამ თავზარი დამცა. ბევრი ვეხვეწეთ მე და მიხ. იშხნელი იას. ჯავახიშვილს, რომ კომიტეტს უარი ეთქვა ტფილისდგან გასვლაზედ, მაგრამ პასუხად მივიღეთ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და ვეღარ გადაისინჯებაო.

დამოუკიდებლობის კომიტეტმა და გენ. სპ. ჭავჭავაძემ ტფილისი 26 აგვისტოს დილის 5 საათზედ დასტოვეს და ვაკეს გზით ქ. ჩოლოყაშვილის ბანაკში წავიდნენ.

ჩოლოყაშვილის სიტყვები გამართლდნენ და 29 აგვისტოსათვის ხალხის შეკრება ძნელი აღმოჩნდა. ეს იყო მიზეზი, რომ უწინდელი ექვსასი კაცის ნაცვლად, ჩოლოყაშვილს მხოლოდ 140 კაცი მოუვიდა. ესევე იყო მიზეზი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მანგლისიდგან ბოლშევიკური ჯარის ნაწილები გაიქცნენ და ცვიხგაუზი აჯანყებულთა განკარგულებაში შეიძლებოდა ყოფილიყო, შესაიარაღებელ ხალხის რიცხვი არც მანგლისის შესარჩენად გამოდგა საკმაო, არც მით უმეტეს უფრო ფართო ოპერაციებისათვის.

მაგრამ ამას ზედ დაერთო უფრო დიდი შეცდომა. ჭიათურის გამოსვლა 24 საათით ადრე მოხდა, ე.ი. ბოლშევიკებს საშუალება მიეცათ აჯანყებულებს უფრო ადრე გასწორებოდნენ. ვიდრე აჯანყება დაიწყებოდა, ასე მოხდა მაგალითად კახეთში, სადაც ყველა ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები ერთი დღით ადრე იქნენ დატუსაღებულნი. ბოლშევიკებმა პარტიული მობილიზაცია გამოაცხადეს და ჯავშნოსან მატარებლებისა, ჰაეროპლანებისა და ავტომობილების მეოხებით მათი ტერორი უფრო ადრე დაიწყო ბევრ ადგილას, ვიდრე აჯანყებულები თავის საქმეს შეუდგებოდნენ. ტფილისში გამოაცხადეს საალყო წესები და ყოველივე ამის გამო ტფილისის გამოსვლის ამოცანები მოიხსნა.

აღსანიშნავია მესამე გარემოებაც. ტფილისი ორი მხრიდან უნდა ყოფილიყო აღებული. ერთის მხრივ მანგლისში შეიარაღებული ხალხით, მეორეს მხრივ-ვაზიანითგან წამოსულ ძალით, მაგრამ ვაზიანში არაფერი არ გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის იგულისხმებოდა როგორც აჯანყების ძველი გეგმით, ისე მის ახალი ვარიანტით.

აი, ის მიზეზები, რომელმაც სხვა მიზეზებთან ერთად ხელი შეუწყვეს, რომ აგვისტოს აჯანყება მარცხით დამთავრებულიყო, მაგრამ ეს არის ადგილობრივი, ანუ შინაგანი ვითარების მიზეზები. არა ნაკლებ საინტერესოა გარეგანი მიზეზებიც, ე.ი. რა ხდებოდა მთელი ამ პროცესების დროს ევროპაში მყოფ სათანადო ქართულ წრეებში, რადგანაც თუ ეს კითხვაც არ დაისვა, აგვისტოს აჯანყების მარცხის ყველა მიზეზების აღნუსხვა სრული არ იქნება.

«სამშობლო», პარიზი, 1930 წლის ოქტომბერი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage