მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ზურაბ ავალიშვილი: გარშემო ერთის ომისა
1121

I

დავით აღმაშენებელი (1089-1125) საქართველოს ისტორიის უდიდესი სახელმწიფო პიროვნებაა. თამარი უფრო განთქმულია, უფრო სიმბოლოდ ქცეული ეროვნული ოცნების მიერ. თამარი მშვენიერი, სათნოიანი და მდიდარი მემკვიდრეა გმირ, მებრძოლ, სისხლსა და ოფლში დაქანცულ თაობათა და წინაპართა. დავით II კი, ამ წინაპართა რიგში, საქართველოს დამცველი აბჯრის მთავარი მჭედელია. მისია გონიერი გამბედაობა, მისია სხვებზე დიდი ზემოქმედება.

მის ხელში საქართველოს ძველი მონარქია გვეხატება როგორც ცხოველმყოფელი, გარემოებას და იმ დროს შეფერებული დაწესებულება, ღრმა ფესვის მქონე და ნაყოფიერი. როგორც ნამდვილი, ხალხის თვალში ღვთის მიერ დალოცვილი, ერის მემკვიდრეობითი წინამძღოლობა. მისი სახელმწიფო აზრის, გამგეობის, წინაჭვრეტის, მზადების მუდმივი და აუცილებელი ორგანო.

ამ დიადი დაწესებულების დაცემა მონგოლთა დრომდინ დაიწყო და სრული მოსალოდნელი ნაყოფი არასოდეს არ მოუტანია!

II
მაგრამ საქართველოს მონარქი, მეფე აფხაზთა და ქართველთა დავით სომეხთა მეფედაც ითვლებოდა და უნდა ჩაითვალოს – არა მარტო ტიტულით და არა მარტო მრავალ სომეხთა, მათ ქალაქთა და თავადთა ქვეშევრდომობით, არამედ ამ ფორმულის უფრო ღრმა და დიდი მნიშვნელობით. განა თვით სომეხთა მწერალი მათე ედესელი არ ამტკიცებდა, რომ გარშემო დავითისა აწ თავს იყრისო სომხობა? მართლაც, სომეხთ ისტორიული არსებობა მათ მკვიდრ ნიადაგზე გრძელდებოდა, ნაწილობრივ მაინც, მათი მაზრების საქართველოსთან შემოერთებით, ისეთ დროს, როცა მათ საკუთარი სახელმწიფო იქ უკვე არ ჰქონდათ და მათი შესანიშნავი ახალშენი, კილიკიის სამთავრო, ჯერ ნორჩი, დაშორებული, და სულ სხვაგან იყო მიმართული.

ქართველ ბაგრატოვანთა და სომხეთის ყოფილი სამეფო გვართა ვიწრო ნათესავობა კიდევ ხომ უადვილებდა სომხებს ქართელთა მეფის მიღებას როგორც, ასე ვთქვათ, მათი ბუნებრივი ხელმწიფისა და ეს მათი ბაგრატოვნობა, განა ერთადერთი იყო, რაც უახლოვებდა სომხებს საქართველოს?

მთელი იმდროინდელი წესწყობილებაც ხომ ხელს უწყობდა სომხეთის დიდი ნაწილის საქართველოსთან შეერთებას იმ სახით, რომ სომხობას ადვილად და სრულიად შეეძლოთ კვლავინდებურად «ესომხნათ» - ქართველ მეფეთა ხელში.

III
ამ საქმის ვითარებას საუცხოოდ გზას უხსნიდა – ამისი გამეორებაც ურიგო არ იქნება – სომხეთის პოლიტიკური ბედის საერთო მიმდინარეობა სწორედ XI საუკუნის მეორე ნახევარში.

ბერძენთა იმპერიის და თურქთა ძლიერი ზემოქმედების და იერიშის გამო, იმ დროს სწრაფად მოხდა სომეხ წვრილ სამეფოთა და სამთავროთა ლიკვიდაცია. ეს დიდი და სომხეთისათვის საბედისწერო პროცესი შეადგენს აღმოსავლეთის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენას. და ამ აშლის მრავალგვარ შედეგთაგან აქ უნდა ვახსენოთ – ერთი მხრით, სომეხთა პოლიტიკური აღმაშენებლობა მოშორებით – კილიკიაში, და, მეორე მხრით, ძველის სომხეთის მიწათა თანდათან დარიგება ანუ, თუ ეს ითქმის, გაყოფა მეზობელთა შორის.

საბერძნეთმა, თურქებმა და საქართველომ – ე.ი. აფხაზთა და ქართველთა სამეფომ სომხეთის მემკვიდრეობით ისარგებლეს. რა თქმა უნდა, ქართველთა ქრისტიანობა (მიუხედავად სარწმუნოებრივი განხეთქილებისა) და, განსაკუთრებით, მათ მეფეთა ზემოთ უკვე ხაზგასმული ბაგრატოვანობა (ქართულ-სომხური ხარისხი!) უეჭველად აადვილებდა ამ სომხეთის ნაწილთა საქართველოსთან დაკავშირებას: და სწორედ ამ დაკავშირებამ, სხვათა შორის, შესაძლებლად გახადა ის დიდი საქართველო, რომელიც XII საუკუნეში ჩვენ წინ გვიდგა. ამ საქართველოს ერთ-ერთ არსებით თვისებას შეადგენს ეს საჭიროებით და ნებითაც გამოწვეული პატრონ-ყმობა სომეხ მიწათა და ქალაქთა, და ამით საქართველოს მრავალგვარი გაძლიერება.
ფოტოზე: იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი, დიპლომატი, პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ-დოცენტი, იმავე უნივერსიტეტის პროფესორი და და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგე, რუსეთის საიმპერატორო იურიდიული საზოგადოების გამგეობის წევრი, სენატორი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, კახეთის რკინიგზის საზოგადოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1918 წლის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტის ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარი მრჩევლი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, პოლიტიკური ემიგრანტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ემიგრაციაში, ემიგრაციაში ანტიბოლშევიკთა ერთა ლიგის შექმნისა და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის დაარსების ერთ-ერთი მონაწილე, პარიზის წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი, ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით დაარსებული «სტუდენტთა საგანგებო კომიტეტის», «კავკასიის შემსწავლელი საზოგადოების» და «ქართული სამეცნიერო წრის» წევრი, 1941 წელს მიუნხენში შექმნილი «ქართული სამოკავშირეო შტაბის» ერთ-ერთი დამფუძნებელი, «მიუნხენის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის» წამყვანი თანამშრომელი, 1943 წელს მიხაკო წერეთლის ხელმძღვანელობით დაარსებული «ქართული ეროვნული კომიტეტის» და იმავე წელს დაარსებული სამხედრო ორგანიზაციის «საკავშირო შტაბის» წევრი, მეორე მსოფლიო ომში ქართველ ტყვეთა განთავისუფლების კამპანიის მონაწილე, საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადარჩენის მონაწილე ზურაბ ავალიშვილი (1874-1944)
IV
სომეხთა წინამძღოლი, მეგობარი და მფარველი დავით, როგორც ცნობილია და თვით მუსულმან მწერალთა მიერ შემოწმებული, იყო აგრეთვე გონიერი და განთლებული ხელმწიფე მისი სამფლობელოს იმ ხალხისა, რომელსაც მაჰმადის რჯული ეჭირა.

დავით II-ის გამოჩენილი მეცენატობა მუსლიმან კულტურულ ცხოვრებისადმი, მათი სარწმუნოებისადმი დიდი ყურადღება და პატივისცემა, მთელი ეს თანამედროვეთაგან ნაქები მხარე მისი პიროვნებისა, არ იყო მარტო მისის მაღალი ხასიათის მაჩვენებელი. ეს იყო აგრეთვე შეგნებული პოლიტიკა; სწორედ ისეთი, როგორიც შეეფერებოდა საქართველოს მეფეს ჯერ მის მაჰმადიან ქვეშევრდომთა ხათრით, მერე მისის სახელის გავლენის და სიუზერენობის აღმოსავლეთ კავკასიაში გასავრცელებლად და განსამტკიცებლად. მისი შირვანშაჰთან კავშირის დაჭერა, მეფის ასულის თამარის მასთან შეუღლებით, ამ მიმართულების ერთი ნიშანთაგანია. მიუხედავად ქრისტიანობის და ისლამის დიდი ანტაგონიზმისა, ეს საქმე – შირვანის მოთავსება ამიერკავკასიის ერთა შეერთების გეგმაში, ქართველ ბაგრატოვანთა ხელმძღვანელობით და ხელმწიფობით არც ისე უიმედო იყო. აღმაშენებელმა აქაც საძირკველი დადო, თუმცა თვით შენობა ისე შორს ვერ წაიყვანა, როგორც სომეხთა დაკავშირების საქმეში.

ჩრდილო კავკასიის მეზობლებზე რაღა ითქმის? მათთან დაახლოება, მეგობრობა, სამსახურში მიღება, იქიდან «ყივჩაყთა» ჯარის შესაქმნელად მოყვანა, დარიალის კარი მიმოსვლისათვის («გზა მშვიდობისა») გახსნილი – საერთოდ იქაურ საქმეთა მეგობრული მოწესრიგება – ხომ ერთი უმთავრეს დარგთაგანი იყო დავით II-ის სახელმწიფო მოღვაწეობისა, და ამ მოღვაწეობის შედევრად უნდა ჩაითვალოს.

ეს სამი ხაზი შეიცავს ქართველ მეფეთა კავკასიური პოლიტიკის სისტემას; და მისი სათანადო წარმოებით საქართველომ მისი ისტორიის უკეთესი ხანა განვლო.

V

ამნაირად, დავით II-ის დროს, საქართველოს ე.ი. ქართველ ტომთა და მათი მიწების ლიხთ ამიერ და იმიერ უფრო მტკიცე გაერთიანებასთან ერთად, ირკვევა მეტი სიცხადით მიზანი, საქართველოს თაოსნობით კავკასიის ერთა შეჯგუფებისა.

კავკასიის ფარგლებში, ქართველ მეფეთა მეცადინეობით ჩნდება საერთაშორისო კომპლექსი. ამ განზრახვის და მდგომარეობის წარმატებაში, რომელთა ფესვები და მიზეზები ბევრია, დავით II-ის ღვაწლი დიდი ყოფილა. გარემოებაც ზოგჯერ ხელს უწყობდა; მაგრამ კარგ გარემოებით კარგი სარგებლობაც უნდა: ესაა სახელმწიფო კაცის საქმე. და აღმაშენებლის დროს, ჩანს, კარგი სარგებლობაც და ძნელზე გამარჯვებაც იცოდნენ.

ამ დიდი სტილის პოლიტიკის განვითარებაში 1121-1123 წლები სახსოვარი თარიღია. ომი, ხალხთა არსებობის ხშირად ულმობელი მსაჯული, მძინვარებს. მრისხანე, სისხლის მღვრელი მახვილი ბრწყინავს ამ ისტორიულ უღელტეხილზე.

VI
ამისთვის საჭიროა რაც შეიძლება მეტი შუქი მოვფინოთ იმ დიდ ბრძოლას, რომლის შედეგი იყო ტფილისის აღებაც ქართველთა მიერ, იქ ძველი საამიროს გაუქმება და, ამ მხრივ, თვით დავითის სახელოვანი მეფობის დაგვირგვინება.

ეს იყო იმ ძლიერი პოზიციის აშლა, რომლის საშუალებით არაბთა დროიდან დაწყებული, და მერე თურქთა გაძლიერებით, მაჰმადიანთ თავისი ბატონობა ამიერკავკასიის შუაგულში უზრუნველყოფილი ჰქონდათ. ამ პოზიციის სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობა, ტფილისის შუაგულ მდებარეობაზე დამყარებული, დიაღ, დიდი იყო.

ტფილისის აღება 1122 წელს, მაჰმადიან ძალთა პოლიტიკური პირველობის მოსპობა კავკასიაში და საქართველოს ხანგრძლივი ამაღლება იმ დიდი გამარჯვების ნაყოფია, რომელიც ერგო დავით II-ს და მის ერს დიდგორს, ქართლში 1122 წელს.

VII
აღვნიშნოთ მოკლედ ის საზოგადო პოლიტიკური პირობები, რომლის ცოდნა საჭიროა მაშინდელი ამბების გასაგებად.

თვით საქართველოს და სომხეთის რთულ საქმეებს თავი რომ დავანებოთ, რა იყვნენ იმ დროის უმთავრესი საერთაშორისო გარემოებანი წინა აზიისა? სელჩუკთა იმპერია, რომლის წყალობით საქართველოს განუცდია არა ერთი აოხრება, «თურქობა», და რომლის მეზობლობა საქართველოს მძიმე ლოდად აწვა, უკვე ნაკლებ ხიფათს წარმოადგენდა. ალფარსლანის და მალიქ შაჰის დიდი ეპოქა წარსულშია. მათი სახელმწიფო შინაური ქიშპობით და მეტოქეობით შესუსტებულია. ამით ისარგებლა დავით II-ის დროინდელმა საქართველომ, და სელჩუკთა ბატონობის უკუგდება, მათ თავდასხმათაგან დაცვა და გამაგრება საქართველოსი შეადგენს მთავარ შინაარს დავით II-ის მოღვაწეობის XI საუკუნის უკანასკნელ ათეულში და შემდეგ.

მაგრამ მალიქ შაჰის სახელმწიფოს დაცემით ისარგებლა არა მარტო საქართველომ, მუსლიმან მთავართა განხეთქილებამ ხელი შეუწყო და გზა გაუხსნა ფრანგ ჯვაროსნებსაც, ევროპელთა პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველო თანამედროვეა ევროპელთა იმ მძლავრ გაქანებისა, რომელიც იყო ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობა; და რომ მათ მიერ აღმოსავლეთში დაარსებული სამთავროები სირიისა და მესოპოტამიის მაჰმადიან ხელმწიფეებთან მუდმივ ომიანობაში იყვნენ გართულნი.

ჩვენ არ შევეხებით რთულ ისტორიას თვით იმ ჯვაროსან მოძრაობისა, რომლის შედეგი დიდი იყო ევროპისათვის სხვადასხვა დარგებში, და რომელმაც დაამყარა ევროპის და წინა აზიის ურთიერთობა ჯერ ბრძოლის ველზე, მერე მრავალგვარ აღებ-მიცემობაში.

VIII
ყველამ იცის ამ პირველი ლაშქრობის შესანიშნავი ამბავი, მისი გამოჩენილი მეთაურებიც: გოდფრუა ბულიონელი, მისი ძმა ბოდუენი, ბოემონდ ტარენტელი, ტულუზელი რაიმონდი და სხვები. 1099 წელს მათ აიღეს იერუსალიმი. დაარსდა სამთავრო იერუსალიმისა, რომლის მთავრად აღიარეს გიდფრუა («წმინდა საფლავის ვექილის» ხარისხით; მისი მემკვიდრე და ძმა ბოდუენი უკვე მეფედ ითვლებოდა).

ფრანგთა მიერ აღმოსავლეთს (სირიაში) აშენებულმა სახელმწიფოებმა ანუ სამთავროებმა (იერუსალიმი, ანტიოქია, ტრიპოლი, ედესსა), თუმცა დაწესებულებათა აზრი ევროპიდან მოიტანეს, მაინც აღმოსავლეთის დიდი გავლენას განიცდიდნენ. მალე იქაურმა ცხოვრებამ ეს სამთავროებიც აღმოსავლეთის თავისებურ ნაწილებად აქცია.

მაგრამ საომარი ძალა – აი, რა იყო მათი არსებობის პრინციპი და საძირკველი.

და სწორედ ომის გარემოება ყოფილა, რომლის გამო, როგორც დავინახავთ, 1119-1124 წლებში საქართველოს და ჯვაროსანთა მოქმედების ხაზები ერთმანეთში თავისებურად ჩაიხლართნენ.

IX
ის კია, საქართველოს პოლიტიკა და სამხედრო მოქმედება, ფრანგ მთავართა მიზნებისაგან იმით განირჩეოდა, რომ პირველი ხომ საკუთარი ოჯახის, საკუთარი ქვეყნის მოწყობას, განთავისუფლებას და დაცვას მისდევდა. გარედან შემოსული მტრის განსაძევებლად, და მათი სახლის გარშემო მტკიცე ზღუდის ასაგებად იბრძოდნენ ქართველები. ამასთან ერთად ჩნდებოდა კავკასიელთა ერთობა – ერთობა ქართველთა, სომეხთა, «რანთა» და იმიერ კავკასიელთა, ბრწყინვალე ქართველ ბაგრატოვანთა თაოსნობით.

ჯვაროსანთა სამთავროები შეიქმნა უცხოეთში, სხვის ქვეყანაში, თუნდაც რომ ქრისტეს საფლავი იქ ყოფილიყო, დასავლეთ ევროპელთა სარწმუნოებრივმა აღფრთოვანებამ, რომლის ეკლესიის პოლიტიკამ, რაინდთა და აზნაურთა მხრივ «საქმეთა საგმიროთა» და სახელის და ნადავლის ძებნამ, სავაჭრო და საზღვაო ქალაქების ხელში ჩაგდების სიხარბემ, საბერძნეთის განზრახვებმა. ეს იყო ყოველ შემთხვევაში თავდასხმა, სხვის ადგილთა დაჭერა, იქ სამხედრო კოლონიებში გამაგრება და შემდეგ განუწყვეტელი ომიანობა მონაპოვრის დასაცავად, რაიც შესაძლო იყო მხოლოდ ახალ-ახალ ჯვაროსანთა ჩამოსვლით და დასავლეთის მუდმივი დახმარებით.

ამისათვის, მეორე მხრივ, სამუსლიმანო აღმოსავლეთის მიმართ რეაქციაც – რომელიც დასრულდა XIII საუკუნეში ფრანგ სამთავროთა და ქალაქთა სრული წარხოცვით, და სამუსლიმანო ხელმწიფება და მუდმივი მისწრაფება საქართველოს და კავკასიის დასამორჩილებლად ძალიან განირჩევიან ერთმანეთისაგან და ერთი საზომით მათი შეფასება არ შეიძლება. სხვა დებულების წამოყენებაც შეიძლება: მიუხედავად ქრისტიანობისა, ჯვაროსანთა და საქართველოს სოლიდარობა არ ყოფილა ღრმა და ორგანული, არამედ უფორ დროებითი და წარმავალ გარემოებისაგან ნაშობი.

X

კერძოდ კი იმ შემთხვევაში, რომელზედაც გვაქვს საუბარი, ე.ი. 1121-1122 წლებში საყურადრებოა და ადვილია გასაგებად ის აღტაცება და თაყვანისცემა, რომლითაც ფრანგი მექრონიკე გოტიე საქართველოს მეფის გამარჯვებას ახსენებს. ჯვაროსანთა თვალსაზრისით, დავითის ჯარი მათი ბუნებრივი მოკავშირეა, ჩრდილოეთის მეომარნი – მათი ნამდვილი ძმები ქრისტეს მიერ. და ამისდა მიხედვით უცქერიან მათ, როგორც თანამებრძოლთ და მშველელთ.

იმდროინდელი საქართველო, ერთის მხრივ, მართლაც რომ ჯვაროსნად ჩაითვლება – და ამის ნიშნად ფულებზე დავით მეფე «ქრისტეს მონად» (აბდულ-მესიად) და «ქრისტეს ხრმლად» იწოდება, მაგრამ ნამდვილი მდგომარეობა უფრო რთული და შინაარსიანია. საქართველო ხომ მაჰმადიანთა მუდმივი მეზობელი იყო და მათი კულტურის ნაწილობრივი თანამოაზრე. მერე მუსლიმანობა დიდ ადგილობრივ მოვლენას წარმოადგენდა თვით კავკასიის ქვეყნებში და ქართველთა სახელმწიფო აზროვნება, როგორც უკვე აღნიშნულია, ისახავდა საკუთრივ ჯვაროსნობაზე უფრო ფართო ეროვნულ და სარწმუნოებრივ გეგმას.

ასე რომ, «ჯვაროსნობა» არ უნდა გვესმოდეს როგორც მტკიცე, ფრანგთა და ქართველთა შემაერთებელი კავშირი. მიუხედავად მათი ქრისტიანობით გამოწვეული ამხანაგობისა, ისინი ებრძოდნენ ერთსადაიმავე მტერს სხვადასხვა მიზეზით, და მიზანიც და სულიც ერთი არ იყო.

გადავიდეთ ახლა კერძოდ 1121 წლის ამბავთა განხილვაზე, უკვე ზემოთ გაკვრით რომ ვიგულისხმეთ.

XI
განთქმულია დავით აღმაშენებლის გამარჯვება შეერთებულ არაბ-თურქმანთა ძალებზე, ალეპოს (ალაბის) სულთნის ნადიმ ედდინ ელღაზის მეთაურობით, დიდგორთან (ქართლში), თოთხმეტ აგვისტოს 1121 წელს – ძველი სამეფოს, ალბათ, უდიდესი სამხედრო და პოლიტიკური მიღწევა.

ამ ომს იხსენიებენ როგორც დიდ შესანიშნავ ამბავს, დავით II-ის ცხოვრების ცნობილი აღწერა (შემდეგ «ქართლის ცხოვრებაში» მოთავსებული) – მაგრამ უფრო დაწვრილებით ძველი სომხური და მრავალი სხვა აღმოსავლეთის მწერლები, თანამედროვე და მერმინდელი. მათ შორის ისეთები, როგორიც არიან იბნ-ალათირი, ქემალ-ედდინი, იბნ-კალდუნი. ასერული ქრონიკის ავტორი აბულ-ფარაჯი (იგივე ბარ ჰებრეუსად ცნობილი) და სხვანი. სომხებში კი დიდად ფასობს თანამედროვე მემატიანის მათე ედესელის მოწმობა. ამ წყაროებიდან ამოკრეფილი ცნობებით უკვე დიდი ხანია სარგებლობს ქართული ისტორიოგრაფია. ამ მხრივ ნაკლებად გამოყენებულია მნიშვნელოვანი სურათი დიდგორის 1121 წლის ბრძოლისა ერთი – აგრეთვე თანამედროვე – ფრანგის კალმით აღწერილი. ეს მოწმობა ჯერ ერთი, ამტკიცებს აღმოსავლეთელთა ნაწარმოებებში მოყვანილი ინფორმაციას, მერე უფრო ნათლად გვიჩვენებს დავით II-ის საქმეთა სიდიადეს აღმოსავლეთში მებრძოლ ევროპელ ჯვაროსანთა თვალში. საშუალებაც გვეძლევა იმდროინდელი საქართველოს ამაღლება და საერთაშორისო მნიშვნელობა ფართო პერსპექტივაში ვიხილოთ.

XII
მისაღებია, რომ იერუსალიმის ფრანგთაგან დაპყრობამ (1099 წელი) და განსაკუთრებით შემდეგმა მათმა სირია-პალესტინაში დამყარებამ და მაჰამდიან ხელმწიფეთა წინააღმდეგ განუწყვეტელმა ომიანობამ საქართველოს «თურქობისაგან» განთავისუფლება შესამჩნევად გაუადვილა. უფრო მართალი ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ საქართველომ (ჩრდილოეთში) და ჯვაროსნებმა (სამხრეთში) ერთსადაიმავე დროს და პარალელურად სამუსლიმანო წინა აზიის დასუსტებით და განხეთქილებით ისარგებლეს, XI საუკუნის გასულს რომ სუფევდა.

ისლამის ძალთა დიდ ნაწილს ჯვაროსანთა საფრთხე უფრო ხმელთაშუა ზღვისკენ იზიდავდა, ეს აშკარაა. ამით მაჰმადიან სახელმწიფოთა კრიზისი უფრო რთულდებოდა. ქართველებს კი შეეძლოთ მათი სახელმწიფო დაემკვირდებინათ და უზრუნველ ეყოთ. მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმე იყო: დიდი მკაცრი ბრძოლა დასჭირდათ იმ მაჰმადიან ძალებთანაც, ჯვაროსანთ ომიანობის გარეშე რომ დარჩნენ.

მალე კი თვით საქართველოს ძალამ საერთაშორისო საქმეებში იმდენად იმატა, რომ მისი მოქმედების გავლენას მთელი წინა აზია განიცდიდა.

კერძოდ, საქართველოს 1121 წლის დიდი გამარჯვება ჯვაროსნებმა ისე დააფასეს და იგრძნეს, როგორც საკუთარი ხეირი. ამისათვის არც გასაკვირველია, რომ საქართველოს სამხედრო ხმა სირია და პალესტინის ჯვაროსანთა ბანაკში გარკვეულად ისმოდა, და იქ ხალხს ახრებდა. სწორედ ამისი მოწმობა და გამომხატველი ნიშანია ის ნაწყვეტი, ძველი, დავიწყებული ქრონიკისა, რომელსაც ჩვენ აწ ყურადღებას ვაქცევთ.

XIII
ეს არის ანტიოქიის ომების - «ბელლა ანტიოხენას» - აღწერა, შედგენილი ანტიოქიის ფრანგული სამთავროს კანცლერის ანუ მწიგნობარის გოტიეს მიერ. ფიქრობენ, რომ ეს გოტიე, ჩამომავლობით ფრანგი ან ნორმანდიელი, პალესტინაში ტანკრედის და ბოემონდ პირველის ჯვაროსნებთან ერთად ჩამოსულა. მის ნაწერებში მოხსენიებულია 1121-1122 წლის ამბები. სხვათა შორის იქ აღწერილია როჟე ანტიოქიელის გამარჯვება მოსულის ამირაზე (1115 წელი), და მისივე დამარცხება (1119 წელი) ალეპოს სულთნის ნადიმ ედდინ-ელღაზის მიერ. მერე იერუსალიმის მეფის ბოდუენ მეორის მოსვლა ანტიოქიაში, რომელს მტერი უკვე ემუქრებოდა და ელღაზის ჯარების უკუქცევა.

ფოტოზე: ბალდუინ დე ბურგი, 1100-1118 წწ. ედესის გრაფი, 1118 წლიდან სიკვდილამდე იერუსალიმის მეფე ბალდუინ (ბოდუენ) II (დაახლ. 1058 -1131) გადასცემს სოლომონის ტაძარს ჰუგო ფონ პაიანს და გოთფრიდ ფონ სან-ომერს
ამის შემდეგ ჯვაროსანთა ფრონტი იმდენად გამაგრებულია ბოდუენ იერუსალიმელის მიერ, რომ სირიაში დროებით სიწყნარე მყარდება. მაჰმადიანები იერიშს არ იმეორებენ, არც მტრისა ეშინიათ. ელღაზი აწ ლაშქრობს ჩრდილოეთისაკენ – საქართველოს წინააღმდეგ და ბელადობას კისრულობს მუსლიმანთა იმ დიდ კოალიციისას, რომლის სასტიკმა დამარცხებამ დავით აღმაშენებლის სახელი შარავანდედით შეამკო.

XIV
კარგად რომ წარმოვიდგინოთ 1121 წლის ამბები, თვალწინ უნდა გვქონდეს იმდროინდელი წინა აზია, კავკასიიდან ხმელთაშუა ზღვამდინ, როგორც პოლიტიკური და სამხედრო მოქმედების ერთი ფართო ასპარეზი. ამ თეატრის ზოგიერთ ნაწილებში – მაგალითად, მცირე აზიაში, საბერძნეთის საზღვარზე რთული ადგილობრივი ძალთა თანასწორობა სუფევს.

ბრძოლას საერთოდ აკლია ერთობლივი ორგანიზაცია, მთავარი ხელმძღვანელობა.

ჯვაროსანთა სამფლობელოში იგივე მეტოქეობაა და განხეთქილებანი, რაც მუსლიმთა ბანაკში. აღმოსავლეთის ნამდვილი მძიმე რეაქცია ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მზადებაშია და ელღაზი სწორედ ერთი წინამორბედთაგანია.

ანტიოქელ ფრანგთა დამარცხება (1119 წელს), მერე მდგომარეობის გამოსწორება ბოდუენ იერუსალიმის მეფის მიერ (1119-1120 წლები), ეს როგორც ზემოთ აღნიშნულია, იყო ნამდვილ ძალთა ცდა, რომლის შემდეგ, იქ დროებითი სიწყნარე ჩანს. ელღაზი კვლავინდებურად ძლიერი მოპირდაპირეა. ალეპოს (ალაბის) მთავარი, იგი მარდინის მფლობელიც იყო. ასე რომ, მისი გავლენა ჩრდილო სირიის გარდა მესოპოტამიაშიც შესამჩნევია. ესაა მისი ძალა. ფრანგებს ებრძოდა ძლიერად, ამით მისი სახელი შორს იყო განთქმული.

საფიქრებელია, რომ იგი უფრო გადამწყვეტ იერიშს უმზადებდა ფრანგ სამთავროებს და ამისათვის მოკავშირეეებს ეძებდა. მაგრამ ამასობაში კავკასიის ფრონტზე დიდი ამბები ხდებოდა და მწიფდებოდა. მდგომარეობა შეიქმნა ისეთი, რომ – შედგა თუ არა სელჩუკ-თურქმან-არაბთა კოალიცია, მუსლიმან ძალთა პირველი დაკვრა მიმართული იყო სწორედ საქართველოს წინააღმდეგ და ამ შეტაკების შედეგი იყო 1121 წლის დიდი დამარცხება.

გოტიე კანცლერის ცნობით, ელღაზის უნდოდა დავით II-ის დამარცხება, მისი მოსპობა ან დამორჩილება, რათა მთელი შეერთებული ძალებით იერიში მიეტანა ანტიოქია-იერუსალიმზე. ეს ახსნა ძალიან კარგად არკვევს და აცხოველებს მთელ სურათს და გვიჩვენებს ცხადად, რა იყო ჯვაროსან მთავართა ნამდვილი ზრახვა, როგორი ფხიზელი და საღი გაგება ჰქონდათ მდგომარეობისა. მეორეს მხრივ, ეს განმარტება ელღაზის გეგმისა გოტიეს მიერ, ალბათ, სწორია სამხედრო მოსაზრებითაც. ამნაირი მოქმედება ეგრეთწოდებულ შინაგან ხაზებზე, მაჰმადიან მეთაურთაგან ამორჩეული - მათი ცენტრში მდებარეობა, თუ მივიღებთ მხედველობაში სირიის და კავკასიის შუა, - ალბათ, გონივრული სტრატეგიის წესდებასაც ეთანხმებოდა.

XV
მაგრამ გოტიე – თუმცა ეს ანტიოქიაში მყოფ ფრანგისაგან მოსალოდნელია – ცოტა აზვიადებს თვით ელღაზის მნიშვნელობას 1121 წელს შემდგარ კოალიციაში, რომელიც თითქმის მის პირად საქმედ მიაჩნია. ეს ცალმხრივობაა. ელღაზის მიზნები ამ კავშირის მხოლოდ ერთი მიზეზთაგანია. მას სხვა საფუძველიც და საბაბიც ჰქონდა.

არაბთა მიერ დაწესებული, მერე თურქთა ხელში (ალბათ, ადგილობრივ ძალებთან კომბინაციაში) შენახული ტფილისის საამირო და ძველი ქალაქი, რომელიც მეფეებმა, მიუხედავად მათი ცდისა, ჯერ ვერ ჩაიგდეს ხელში, ახლა ირგვლივ დავით II-ის პოზიციებით გარშემორტყმულია. მეფის განზრახვა ხომ უეჭველი იყო. მაშინ ტფილისის და სხვა ადგილთ მცხოვრებთა (ვისაც არ უნდოდა საქართველოსთან შემოერთება) დიდი ხვეწნა და აგიტაცია დაიწყეს მუსლიმან მეზობლებში. და ამ ხალხის დაცვას და საერთოდ მუსლიმან ამიერკავკასიის დაცვას საქართველოს ჰეგემონიის წინააღმდეგ მაჰმადიან მთავართ უკანრახებდა არა მარტო პრესტიჟის ზრუნვა, არამედ გავლენის და მფლობელობის შენარჩუნების აზრიც.

ალბათ, მათი წაქეზებით მოხდა – დიდგორის ომზე ცოტა ადრე – თითქმის ცდის სახით შედარებით პატარა შემოსევა საქართველოში, როგორც ჩანს, განჯის მხედრობისა, თუმცა განჯა მეფეს მორჩილობდა. ამ შემოსევის სასტიკმა დასჯამ ძალიან ააღელვა კავკასიელ მაჰმადიანთა ერთი ნაწილი, და მათ ხვეწნით მიმართეს მათ ჭირისუფალთ რაქსის გაღმა.

თავრიზს მჯდომი სულთანი თორგულ, დიდ სელჩუკიან ხელმწიფეთა ჩამომავალი, არ ფიქრობდა განა საქართველოს ჯერ არ დავიწყებულ, და არც ისე ძველ ქვეშევრდომობას? თავრიზიდან, ამნაირად, მზადდებოდა, ასე ვთქვათ, სპარსეთის რეაქცია, საქართველოს ამაღლებით გამოწვეული და ამ სულთანს მხარს უჭერდნენ ყველა ის სამთავრო, ვისიც «მეფეთა მეფედ» ის ითვლებოდა. მეტის თქმა შეიძლება: კოალიციის სახით თითქმის აღდგენილი იყო დროებით სელჩუკიან სულთანთა და მათ ვასალთა ერთობა. კოალიციაში მონაწილე «არაბთა მეფე» დობეის-იბნ-სადაკა ფორმალურად ფორმალურად სულთანის მოადგილედ ითვლებოდა ჰილლას, და მბრძანებელი იყო სირია-მესოპოტამიის მომთაბარე არაბთა. ეს დობეისი ელღაზის მოკავშირე იმ ომშიაც იყო, სადაც დამარცხდა როჟე ანტიოქიელი. ასე რომ, თავრიზიდან მაყურებელი, ალბათ სულ სხვა აზრს გაივლებდა ამ კოალიციის მიზანზე და ხასიათზე და მის თვალში ელღაზი თოგრულის მოკავ შირე და ყმა იქნებოდა.

ბრძოლა მზადდებოდა კავკასიაში მაჰმადიანთა მონაპოვარის დასაცავად ანუ აღსადგენად, საქართველოს ამაღლების დასამხობად. ამ საქმეს და ზრახვებს ზოგადი სამუსლიმანო დიდი პოლიტიკის ელფერიც ადვილად ეძლეოდა, და ამისათვის ელღაზის და სხვათა მოკავშირეობა საერთოდ ისლამის დაცვის ხასიათს ღებულობდა.

მიზანთა და პოლიტიკურ მოსაზრებათა ამნაირი სხვადასხვაობა არ უშლიდა, პირიქით – აღნიშნულ პირობებში – ხელს უწყობდა მოკავშირეთა ტაქტიკურ ერთობას, იმ მწყობრ დაკვრას, ანუ იერიშს კავკასიის ფრონტზე, რომელსაც, გოტიეს თქმით, თვით ელღაზი აუცილებლად თვლიდა.

იერიშს? ამ მხრივაც მდგომარეობა მეტად რთული იყო და საინტერესო.

აღმაშენებლის პოლიტიკა ასეთი იყო: თანდათან, მტკიცედ, შეუჩერებლად საქართველოს განთავისუფლება, ტერიტორიის მოთარეშე მტერთაგან გაწმენდა. ამ მდგომარეობის განმტკიცება, საზღვრების აღდგენა. მერე, კავკასიური პოლიტიკის ნიადაგზე სამეფოს გაფართოება. ტფილისს პირდაპირ ემუქრება დავითი.

ეს რა შეიგნეს მისმა მოპირდაპირეებმა, იფიქრეს, რომ მათთვის უკეთესი დაცვა ამ ხიფათისაგან ის იქნება, რომ სწრაფი იერიში მივიტანოთ საქართველოზე, სანამ მეტად არ დაგვიანდაო და შეერთებული ძალებით ისე ვკრათ, რომ დაწყებული და დიაღ ძლიერად წაყვანილი საქმე ერთბაშად და საბოლოოდ ჩამოვშალოთო. ესეც მშვენიერი ნიმუშია «წინასწარი» ომისა.

XVI
ახლა ჩვენ ვიცით კოალიციის ხელმძღვანელ-მონაწილეთა მიზნები, და რა პირობებში შედგა იგი. დავუმატოთ, რომ სარდლობა ელღაზისათვის მიუნდვიათ – იმ მთავრისათვის, რომელმაც დიდი სახელი მოიპოვა სწორედ ჯვაროსან ფრანგთა შებრძოლებაში და ვინც ამ განთქმულ მეომართა მოგერიებით და თავდასხმით ომებში გამოცდილებით აღიჭურვა.

თავის საომარ ოპერაციათა შესახებ, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, მთავარ, გადამწყვეტ შეტაკებაზე, რომელიც მოხდა დიდგორთან ქართლში, აგვისტოს შუა რიცხვებში, - ალბათ, 14 აგვისტოს 1121 წელს, ცნობებია შემონახული სხვადასხვაგვარი, ზოგი მოკლე და შინაარსით მძიმე, ზოგი გაზვიადებული და უშინაარსო. ვცადოთ ამ ცნობების საშუალებით და მათი ჯეროვანი განმარტებით შეძლებისამებრ ბრძოლის მიმდინარეობა, მისი სქემა აღვადგინოთ.

მაგრამ, რა ძალა ჰყავდა მოპირდაპირეს? მათეს ცნობები (კოალიცია: 600 000; დავით II: 60 000) და გოტიესაც (კოალიცია: 800 000; დავით II: 80 000) ხომ წმინდა ფანტაზიად უნდა ვაღიაროთ , რამდენად ეხებიან კოალიციის ჯარს. არის სხვა ცნობები, მაგრამ საკმარისია ვთქვათ, რომ დროის და ეკონომიური შესაძლებლობათა მიხედვით, ექვს ნიშნოვან ჯარზე ლაპარაკიც არ შეიძლება. კოალიციის ძალები, შესაძლებელია, რომ რიცხვით სჭარბობდა. ერთი კი უეჭველია, რომ ეს ომი, მაშინდელი საზომით, დიდი მასშტაბის სამხედრო შეჯიბრებას წარმოადგენდა.

XVII
მოკავშირეთა მთავარი სამხედრო და პოლიტიკური მისწრაფება იმ დიდი ცოცხალი ძალის ამოწყვეტა იყო, რომელიც აღმაშენებელმა სწორედ ბოლო წლებში შექმნა და შეაფერისად მოამზადა. ამ მიზნის მისაღწევად, საჭირო იყო მოქმედება სწრაფი, გადამწყვეტი, თავზარდამცემი. და ამის საშუალება ერთი ჰქონდათ – რომ დიდი ცხენოსანთა ჯარებით ერთბაშად იერიში მიეტანათ მტერზე, და ამ დამკვრელი ძალის სიდიდით, წონით და იერიშის სისასტიკით წინააღმდეგობა თავიდანვე ჩაეშალათ და მტერი წაექციათ.

სწორედ ამისათვის შეკრიბეს საუკეთესო მხედრობა, ესე იგი ცხენოსანი ჯარი, მთელ დიდი მანძილზე, სირიიდან დაწყებული კავკასიამდე. ეს იმ დროს განთქმული საომარი ძალა იყო. მხედარნი სხვადასხვაგვარ ადგილობრივ ჯიშთაგან, არაბულ-სპარსული განათლებით და მაჰმადიანობით დაახლოებული, თურქთა და თურქომანთა ახალი სისხლით გაძლიერებული, კარგ ცხენებზე მჯდომი, აგრეთვე ძველ ჯიშთაგან არაბული და შუა აზიის ცხენთა სისხლით განახლებულნი.

ერთი გარემოება იყო მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი: ტფილისი და ანისი მათი იყო და ეს ერთეულები, მათ მცხოვრებთა სიმრავლით, სიმდიდრით, ვაჭრობა-მრეწველობით, ზღუდეთა სიმაგრით და მიდამოების ნაყოფიერებით, წარმოადგენდნენ მათთვის ძვირფას და საუკეთესო ბაზებს და ეტაპებს.

იქ ჯარიც იყო, მეციხოვნენიც, იარაღის და საჭირო მასალების საწყობებიც, და ეს ხომ დიდი შეღავათი იქნებოდა.

ანისის მიმართულება და ანისით სარგებლობა ტფილისის მისაღწევად, აიხსნება აგრეთვე – და იქნებ პირველ ყოვლისა, იმ ჩინებული საბალახოებით, თივის, ქერის, და სხვა სანოვაგის სიუხვით, რომელიც გრილ ჰავასთან ერთად, ანისის პლატოს ახასიათებდნენ როგორც მშვენიერ ადგილს, მრავალრიცხოვანი კავალერიის გამოსაკვებად, შესანახად, მოსასვენებლად.

ტფილისზედაც ეს ითქმის, თუმცა ნაკლებად. მაგრამ ტფილისის და მისი მიდამოების კონტროლი ელღაზის ბრძოლას მაინც ფრიად უადვილებდა, რადგან შეადგენდა მისთვის უკანასკნელ ბაზას ანუ მომზადებულ ეტაპს, ბრძოლის ველთან უკვე მჭიდროდ დაახლოვებულს.

XVIII
ბრძოლის ველი! რა მოხდა მთავარ შეტაკებამდე, ცხადად არ ჩანს. ომის ზემოაღნიშნული ხასიათის მიხედვით, ელღაზი, ალბათ, ჩქარობდა იერიში მიეტანა ქართველ-კავკასიელთა ძალებზე და ეძებდა ომის სწრაფ გადაწყეტას ქართლის ველზე. მაგრამ ამისთვის ხომ საჭიროა მტრის მთავარ ძალთა აღმოჩენა და მერე მათთან შებრძოლება. ეს მოხდა კიდეც 14 აგვისტოს, მაგრამ მოხდა იქ, სადაც ეს დავით II-ის სარდლობამ მოისურვა და იმ პირობებში, რომელიც მანვე მოიწონა და ხელსაყრელად ჩათვალა.

ბუნდოვან შემონახული ცნობებიდან – ამ მხრივაც ფრანგი მემატიანე ძვირფასია – ის დასკვნა შეიძლება, რომ ქართველებმა არამცთუ ბრძოლა მიიღეს მათ მიერ განგებ ამორჩეულ ადგილზე, არამედ მათი პოზიციები გაამაგრეს დაბურულ ტყეში ჯებირებით, ესე იგი იმ საშუალებით, რომელიც კავკასიაში ალბათ, ყოველთვის ხმარებაში ყოფილა. ამ დიდი ბარიკადებით, ჯერ საკუთარი ზურგი უზრუნველყვეს იერიშისაგან, საიდანაც მოსალოდნელი იყო და ყოველ შემთხვევაში ამით გზა შეუკრეს იმ რაზმებს, რომელმაც პირდაპირ მაღლობანი გადალახა – ქართველთა ჯარზე მოულოდნელი თავდასხმის იმედით და მერე წინა ფრონტზე ამ საშუალებითვე, ალბათ, უნდოდათ მხედართა იერიში შეეფერხებინათ, და საერთოდ, კავალერიის მწყობრი დაკვრა დაებრკოლებინათ. ეს ჯებირები იმავე დროს, ალბათ, იცავდა მრავალრიცხოვან ქართველ ისრისმსროლელთა რაზმებს: რომ ამგვარი გამაგრების გეგმის შემუშავება, ადგილობრივი ტოპოგრაფიის მიხედვით, ჯებირის აშენება, და დაცვა მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ – გულისხმობდა დიდს ორგანიზაციას, მრავალრიცხოვანი მუშახელის მოყვანას და მასალების მოტანას, ადვილი გასაგებია. შევნიშნოთ აგრეთვე, რომ აგვისტო, თუ ცხენოსანთა მოძრაობისათვის გათიბულ მინდვრებში კარგი დრო იყო, ქართველებსაც ხელს უწყობდა: პურის მკა დაემთავრებინათ, რთველი კი ჯერ შორს იყო.

XIX

მაგრამ მთელი მხედრობა ხომ ამ ჯებირებზე იერიშს ვერ მიიტანდა! საქმის ვითარება შესაძლებელია შემდეგი იყო: როგორც ერთმა მხარემ, ისე მეორემ კარგად იცოდა, თუ სად იმყოფებოდნენ მოპირდაპირე მთავარი ძალები. როცა ელღაზის – თოგრულ-დობეისის მხედრობა გაშლილ მინდორზე დარაზმვას შეუდგა, მეფემ მცირე რჩეულთა რაზმი გაგზავნა მტრის მოწინავესთან შესაბრძოლებლად, რომ მერე, სწრაფი უკუქცევით ელღაზის საომარი წყობა დაეშალა და მისი მთავარი ძალები გაურკვეველ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. ჯებირები სხვა ადგილებში რომ აღმოაჩინეს, ამ საფრთხის ასაცდენად მთელი გეგმა უნდა შეეცვალათ. ამასობაში კი მეფემ ისარგებლა რა ამ აშლის და მოულოდნელი გართულებით, თავისი მთავარი ძალებით ელღაზის მხედრობაზე იერიში მიიტანა. მოხდა საშინელი ბრძოლა, სადაც მთელი სამეფო ძალები და მათი მოკავშირე ოს-ჩერქეზ-შირვანელთ მეომარნი და მეფის საკუთარი მუდმივი ჯარი წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეეჯახნენ. აქ ორივე მხარის რჩეული რაინდები ერთმანეთს შეებნენ, და მთელი რაზმები ხმალდახმალ ჩართულ ომში ბედს შეეცადნენ.

XX
მთავარი შეტაკების შესახებ შესახებ ცოტა ცნობებია შემონახული. ჩანს, რომ იგი დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთის მეტი ალბათ სხვაც იქნებოდა. კოალიციის ძალები ყველგან სასტიკად დამარცხდნენ და ამ დღემ სრული გამარჯვება მოუტანა დავით II-ის დროშას.
 

ფოტოზე: მეფე დავით აღმაშენებელის დროშა
როგორც ზემოთ აღნიშნულია, ამ 14 აგვისტოს ბრძოლას იხსენიებენ მრავალი მწერლები. ამ მარტივი სახით ხალხმა და მატიანეებმა დაიზეპირეს მომხდარი ბრძოლა.

ნამდვილად კი საქმე სხვაგვარად წარმოებდა. ტფილისი და ანისი (სხვას რომ თავი დავანებოთ) მათი დიდი რესურსებით და მრავალგვარი საშუალებებით ხომ აქვე იყო გადარჩენილ-დამარცხებულთა მისაღებად და მათ ძალთა აღსადგენად. და აი, როცა მოკავშირეთა მთავარმა ძალებმა თავს უშველეს და ტფილისს მიაშურეს – იქნებ, შედარებით, მწყობრად და მათ სარდალთა წინამძღოლობით – სწორედ მაშინ დაიწყებოდა მთავარი ოპერაცია დავით II-ის ჯართან, ნამდვილი მაჩვენებელი მათი წვრთნის და ორგანიზაციისა. ახლა ქართველთა სარდლის ჯერი იყო, მტრის ცოცხალ ძალთა დარღვევაზე ეფიქრა. მან უბრძანა უკუქცეული ელღაზის მხედრობის დევნა.

თვით ტფილისის ქალაქში, რასაკვირველია, ბევრი ჯარი ვერ შეიხიზნებოდა, რომ მისი ზღუდეებით თავი დაეცვათ. და რაც გალავნის და ციხეების გარეთ იყო, ხომ უკვე ბრძოლის – უკეთ რომ ვთქვათ, დევნის ასპარეზად იქცა.

ეს დევნა, მათე ედესელის მოწმობით, მთელ რვა დღეს გაგრძელდა ანისის მიმართულებით, თვით ამ სახელოვან ქალაქამდე და დასრულდა მტრის ძალთა თითქმის სრული განადგურებით. რომ მეფის მდევარი მრავალრიცხოვანი და «ცხენ-კეთილი» უნდა ყოფილიყო, და ომში მეტად გამოცდილი, ეს ხომ ცხადია. და რომ უკუქცევის და დევნის მთავარი მიმართულება ანისისკენ ყოფილა, აიხსნება, უკვე ზემოთთქმულის გარდა იმითაც, რომ თვით ელღაზის და «არაბთა მეფის» სამშობლოში დაბრუნების ბუნებრივი გზა ეს იყო.

ამნაირ დევნას, გარდა პოლიტიკურ-მორალურის და სამხედროისა, აგრეთვე ის მიზანი ჰქონდა, რომ მტრის ბანაკები, მთელი ბარგით, ნადავლით, საქონლით, მრავალგვარი სიმდიდრით და ურიცხვი ტყვით ხელში ჩაეგდოთ.

ამ მხრივაც აღწერილი ომის შედეგი განთქმული დარჩა საქართველოს ისტორიაში: ტყუილად არ მტკიცებს დავით II-ის ცხოვრების აღმწერი, რომ «ყოველი სამეფო აღივსო ოქროთა და ვერცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურული ჯორებითა, კარვებითა» და სხვადასხვა აბჯრით, ძვირფასი ჭურჭლით, იარაღით და სხვა.

საფიქრებელია, რომ იმ შემოდგომას საქართველოს მარნებში გამარჯვება შესაფერისად იდღესასწაულეს, და არც ტაძრებში საზეიმო წირვანი იქნებოდნენ სიდიადეს მოკლებულნი.

XXI
დიდგორთან რომ გაიმარჯვეს ქართველებმა, ეს არა მარტო ტაქტიკური, არამედ სტრატეგიულადაც ბოლომდე დასრულებული სამხედრო მოქმედება იყო. და მოწინააღმდეგეთა ძალები და თვით მათი კოალიცია დაირღვნენ.

ამ საბოლოო მიზნით დიდი სტილით წარმოებული ოპერაცია (დევნა), და იმავე დროს ტფილისის დროებით გვერდზე დატოვება, (ალბათ, ალყა ჰქონდა შემორტყმული, მეტი არაფერი), იმ ტფილისის, საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს გარეშე, უცხოთა ხელში რომ იყო, მრავალთაობათა ნატვრის საგანი – ესაა ამ ომში განსაკუთრებით საყურადღებო, ნამდვილი სარდლობისა და პოლიტიკური ნიჭის საუკეთესო მაჩვენებელი.

ტფილისის აღება იმ დრომდე გადადვეს, სანამ ომის მიზანს მიაღწევდნენ. მაჰმადიანთა სრული დამარცხების შემდეგ კი, ტფილისიც, მათი ხანგრძლივი ბატონობის ბურჯი, ხელში ჩაუვარდა – არც ისე თავისთავად და არც ისე ერთბაშად – ერს და მეფეს, მწიფე და დამსახურებული ნაყოფი მათი შრომის და თავდადებისა (1121 წელი).

ამით საქართველომ შეიძინა ქართლის ძველი ქალაქი, აწ ამიერკავკასიის საქმეთა გამგებლობის და ხელმძვანელობის ცენტრი.

ტფილისის შემდეგ ანისის შემოერთება (1123 წელი) დიდ მნიშვნელოვან საქმედ უნდა ჩაითვალოს. ეს მოხდა თვით ამ სახელოვან ქალაქის მკვიდრთა სურვილით, ესე იგი მათთან შეთანხმებით. დიდგორის გამარჯვებამ, ალბათ, დაარწმუნა ანისის მოქალაქეთა ერთი ნაწილი, რომ დრო განთავისუფლებისა დადგა. ასე რომ, ესეც უნდა გვესმოდეს, როგორც პოლიტიკური შედეგი 1121 წლის ომისა, მაგრამ აქვე გამოიხატება სომხეთის ჩრდილო ნაწილთა ზოგადი მიმართულება, მათი სურვილი ქართველთა სამეფოსთან შემოერთებისა. ესეც ნაყოფია დავით II-ის პოლიტიკისა სომეხთა მიმართ: აკი ანისის ტაძრის ხელახლად კურთხევა (მაჰმადიანთა 60 წლის ბატონობის შემდეგ) მათთვის ეროვნულ ზეიმად გახდა.

რომ ამ ორ შემთხვევაში (ტფილისის და ანისის საქმეებში) კომპრომისის პოლიტიკას (ტფილისს – მაჰმადიანებთან; ანისს – მათთანავე და სომხებთან) დიდი ადგილი ეჭირა, ესეც ხომ უეჭველია. უმთავრესი კი ის არის, რომ ამ დაწინაურებულ ქალაქთა, ტფილისის და ანისის, შემოერთებით საბოლოოდ იშლება გზა კავკასიის ერთა წინამძღოლობისა, მათი კავშირის დამყარებისა. მიზანი მძიმე და რთული, გზა «ვიწრო და კლდოვანი» - მაგრამ ეს იყო აღმაშენებლის დიდი აზრი.


ფოტოზე: მესიის მახვილი, მეფეთ მეფე დავით IV (ძველი ტრადიციის მიხედვით დავით II) აღმაშენებელი (1073-1125)
XXII
რასაკვირველია, ეს დიდი ბრძოლა მხოლოდ ერთი საფეხურია ძალთა თანასწორობის იმ დიდი ცვლილებებისა, სელჩუკთა სახელმწიფოს დაშლამ და საქართველოს გამაგრებამ რომ მოიტანა და რომელიც ჯერ საქართველოს სრული თავისუფლების აღდგენით გამოიხატა, მერე კი მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებით, კავკასიის ერებთან შეკავშირების და მათზე ჰეგემონიის ნიადაგზე.

ამ მხრივ 1121 წელს საქმე უკვე მკვიდრ საფუძველზე იყო აგებული. კახეთის ადრინდელი შემოერთება, შირვანთან დაახლოება, სომხეთში ბევრ ადგილთა დაჭერა – ამიერკავკასიაში უკვე ახალ ვითარებას ქმნიდა, ძალთა სულ სხვა განწყობილებას ამზადებდა. და მუდმივი ჯარის მეფის მიერ დაწესება ხომ აშკარად ხდიდა სხვა მომავალ ცვლილებათა აუცილებლობას.

სწორედ 1121-1123 წლებმა ეს ცვლილებანი მოავლინეს და გაოცებულმა თანამედროვეებმა, შიგნით და გარეთ, უცებ იხილეს ახალი საქართველო. ძველ საძირკველზე გაორკეცებული ძალით და ერთა შეჯგუფებით აშენებნული.

XXIII

მაგრამ ამ სახის საქართველოს და კავკასიის ერთა გზა ჯვაროსანთა მისწრაფებიდგან ხომ შესამჩნევად განირჩეოდა. არც მათ თანამშრომლობას ჰქონდა მომავალი.
საქართველო, როგორც ბუნებრივი ნაწილი, წევრი იყო იმ აღმოსავლეთის, რომლის დაპყრობას ჯვაროსნები ლამობდნენ, ხოლო ამ ნიადაგზე ის საკუთარ, თავისებურ სახლს აშენებდა. ჯვაროსანთაგან არც ხსნას და არც შველას მოელოდა საქართველო, არც საჭიროებდა იმ დროს მათ დახმარებას და არც იფიქრებდა მათთან კავშირზე. მისი პოლიტიკური მიზანი, ფარგალი და საშუალებანი სულ სხვა იყო.

XXIV

დავით აღმაშენებელი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად აღიარა. ეს სარწმუნოებრივი შარავანდედი მის ხელმწიფურ სახეს საიდუმლო სამკაულით ამშვენებს და მისი ნამდვილი მნიშვნელობის გაგებას ჩვენთვის ცოტა ართულებს.

იგი რომ ღრმად მორწმუნე კაცი და ქრისტეს მოსავი, ღვთისმსახური მეფე იყო, ეს უეჭველია. მაგრამ ეს არის დამახასიათებელი მთელი იმ დროისთვის და, კერძოდ, მეფეთა სავალდებულო წესი იყო.

აღმაშენებელი მხურვალე ქრისტიანი იყო, სომხებთან სულით და გულით დაახლოებულია, მაჰმადიანთაც პატრონობს. იგი პირველ ყოვლისა ხელმწიფეა, პოლიტიკური მოღვაწე, შემაერთებელი, ზოგადზე და არა კერძოზე მოფიქრე.

ეს დიდი მმართველი, მეომარი, მწიგნობარი და მონადირე, ღვთისა და კაცთა წინაშე წმინდანია. ეს საშუალო საუკუნეებში ჩვეულებრივი ამბავია, ეროვნულ გმირთა აპოთეოზი – მისთვის დამსახურებული ჯილდოა, აწინდელი კაცის თვალში ეს დიდი პიროვნება და მისი დროც არ კნინდება.

...როდესაც საჭიროება მოითხოვდა, იგი მრისხანე, თავზარდამცემი იყო. ტფილისი რომ აიღო, მრავალი სიკვდილით დასაჯა და ორგულებს სასტიკად გაუსწორდა. და არა ერთხელ ალბათ:

დიდი სარდლის და სახელმწიფო მებრძოლის წმინდანად აღიარება, უფრო იმ ეპოქის აზრთა მიმართულებას ახასიათებს და ნაკლებად თვით დავითის ღვაწლს გვიშუქებს. და შეადარებთ რა მის ქებას ქართველთა მიერ, სომეხთა ხმასა, გულწრფელ დიდებას რომ უგალობენ, და მუსლიმანთა ხოტბას, - გაგახსენდებათ ანისის ტაძრის საზეიმო ახლადკურთხევა ანისი რომ გაანთავისუფლეს, და მეჩეთებში მეფის მიერ ღვთის სამსახურის ხშირი დასწრება. უნებლიედ აზრი შემოგეპარებათ, რომე ეს მეფე, მაღალსულოვანი დავით კურაპალატის ჭეშმარიტი მემკვიდრე, დაბადებული ხალხის წინამძღოლად, მიუხედავად იმისა, რასაც თავისი სინდისის წიაღში განიცდიდა, იმ ქართველთა ჭეშმარიტი წინამორბედია, ვინც ღრმა რწმენასთან და მსოფლიო ჭმუნვასთან ერთად, სარწმუნოებრივ ცალმხრივობაზე ამაღლებულ სულს ატარებდნენ – იმ ქართველთა, ვის წრეში და ვისთვისაც შემდეგ დაიწერა «ვეფხისტყაოსანი».

XXV
ამნაირი აზროვნება და გონების რთული განწყობილება – მაღალი კულტურის ნიშანი – საქართველოს ზემო აღწერილ პოლიტიკურ მიზანთა მისაღწევად აუცილებელი იყო.

მაგრამ თვით ეს წარმატება იმ პატრონყმური კავშირით არის შემოფარგლული, რომელმა, მართალია, შესაძლოდ გახადა, მაგალითად, სომხეთის და შირვანის საქართველოსთან დაკავშირება, მაგრამ რომელიც თავისი ბუნებით ადვილი დასარღვევი იყო.

ქართველ-სომეხ-მუსლიმანთა კავშირის მომავლის დასამტკიცებლად და უზრუნველსაყოფად, საჭირო იყო ჯერ თვით საქართველოში სახელმწიფო უფრო სრულყოფილი წესწყობილების დამყარება (აგრეთვე სომხეთსა და შირვანშიც); ეს კი მოითხოვდა მუდმივ სახელმწიფო შემოქმედებას, რომელსაც შესაფერი საზოგადოებრივი პირობები სჭირდებოდა. და ამ მხრივ ეს ეპოქა საკმაოდ როდი იყო დაწინაურებული.


XXVI

შემდგომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ის კი უეჭველია, რომ წარსულ თაობათა მიერ დაწყებული საქმე დავით II-ის საქართველომ ჭეშმარიტი ხელმწიფური წესით და სახელმწიფო უნარით შეასრულა, ხოლო ამ ძლიერი მკლავით გამაგრებულ ბალავარზე ქართველებმა ვერ შეძლეს მტკიცე შემობის აყვანა, რის მიზეზიც მრავალგვარი იყო.

ამით არ მცირდეობოდა XII-XIII საუკუნეთა საქართველოს ღირსება და მაღალი ხარისხი. თავის აწ საკმაოდ გაფართოებულ საზღვრებში, იგი ხმამაღლა ამტკიცებს საკუთარ არსებობას, და მას ბრწყინვალედ ფარავს «დროშა სვიანი, დავითიანი».

ისტორიის შარაგზათაგან ცოტა მოშორებით მდებარეს – ლათინურ დასავლეთთან ნაკლები ურთიერთობა აქვს. მაგრამ მასაც ამ დროს ამკობენ მშვენიერი და ნაზი ყვავილები ერთა გაფურჩქვნისა – წარმავალი, მძლავრ ძალთა დაახლოებით რომ სჭკნებიან (პროვანსი, ანდალუზია...)

XIII საუკუნის ქარიშხლები უკვე ვერ აიტანა საქართველომ და დაცემის გზას დაადგა... აღორძინებამდე.


ეს ისტორია სულ სხვა რამეა და გრძელდება შვიდ საუკუნეთა მანძილზე. მაგრამ განვიმეოროთ, მიუხედავად იმისა, რაც შემდეგმა განვითარებამ სხვა პირობებში მოიტანა, დავით II-ის დროის მიღწევა, ახალი ეპოქის სულით გაჟღენთილი, იყო ძველ ქართველთა მისწრაფებების და ღვაწლის ნამდვილი დაგვირგვინება.

1125 წელს მეფემ უანდერძა თავის მემკვიდრეებს დიდი სახელმწიფო, სიცოცხლით სავსე ერი და – ნიჭი უძვირფასესი – პოლიტიკური სიბრძნე-ხელოვნების რთული და სრული გაკვეთილი.

პარიზი, 1929 წელი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen