მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მიხეილ წერეთელი: სამშობლო
...ცნება, რომელსაც ხშირად ვხმარობთ ხოლმე სულ უბრალო ლაპარაკშიაც და რომელიც განირჩევა ერისაგან, სახელმწიფოსგან და ხალხისგან, თუმცა ხშირად აღრევენ მათ ურთი–ერთში: ეს ცნება არის ცნება სამშობლოსი. სამშობლოს დაცვა, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი (Patria – ლათინურად ნიშნავს სამშობლოს), პატრიოტული გრძნობა და სხვ. მუდამ გვადგია ენაზედ, ხან სათაყვანებლადა გვაქვს, ხან კი საგინებლადაც, როდესაც კოსმოპოლიტიზმსა და ყალბი ინტერნაციონალიზმის სახელით ვლაპარაკობთ.

სამშობლოს ცნება უპირველეს ყოვლისა განსაზღვრულ ადგილს ეხება, სადაც ერი სოციალურ შემოქმედებას ეწევა. მაგრამ სამშობლოსა და ერის ცნება ერთი და იგივე არ არის. იგი თვით არის სოციალური სუბიექტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სამშობლო, ე. ი. ადგილი, სადაც იგი აღზრდილა, განვითარებულა, შეუქმნია წარსული და აწმყო, სცდილობს მომავალშიაც განაგრძოს თავისი არსებობა. ხალხისა და სამშობლოს ცნება აგრეთვე არ არის ერთი და იგივე. ხალხი, როგორც არა ვსთქვით, ერთი მხარეა ერისა, მისი შემადგენლობითი მხარე, მასალა მისი შენობისა. ტერრიტორიასთან თავისთავად ერსა და ხალხს მხოლოდ იმდენად აქვსთ დამოკიდებულება, რამდენადაც მათ ბინა სჭირდებათ თავიანთ შემოქმედების ნიადაგად, რამდენადაც უბინაო ერი და ხალხი იბნევა და იქსაქსება, თუ მას განსაზღვრული ტერრიტორია არ უჭირავს. ტერრიტორია ერისათვის ამიტომ უფლების ერთი საგანია, თუმცა უმთავრესი საგანი. არც სახელმწიფოსა და სამშობლოს ცნება არის ერთი და იგივე, თუმცა ბევრი აღრევს მათ ერთმანეთში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახელმწიფო ერის საზოგადოებრივობის ერთი ფორმაა და არა თვით ერი, ე. ი. კონკრეტული სოციალური ორგანიზმი, აღმასრულებელი ყველა სოციალურ ფუნქციისა; მეორე იმიტომ, რომ სახელმწიფო ხშირად არის ორგანიზაცია ერთი ერის სხვა ერებზედ ბატონობისა და ამიტომაც შესაძლებელია ძლიერ ხშირად, რომ ერთ სახელმწიფოში მრავალი ერი შედიოდეს თავიანთი ტერრიტორიებითა, რომელიც სახელმწიფოს მიუთვისებია, – ე. ი. შედიოდეს მრავალი სამშობლო.

სამშობლოს ცნება, როგორც არა ვსთქვით, უპირველეს ყოვლისა შეკავშირებულია ადგილთან, ბინასთან ტერრიტორიასთან, რომელიც განსაზღვრულ, კონკრეტულ სოციალურ ორგანიზმს უჭირავს. სამშობლო – ის ადგილია, სადაც ერს შეუქმნია თავისი ისტორია და სადაც იგი განსაზღვრულ მომენტში სცხოვრობს. ეს ადგილი „სამშობლოა“ იმ ადამიანთათვის, რომელნიც ამ ერს ეკუთვნიან, რომელთაც ეინტერესებათ ეროვნული თავის დაცვა, და მაშასადამე, დაცვა იმ ადგილისა, რომელიც უპირველესი საშუალებაა ერის არსებობისა. ამ მხრით სამშობლო განსაზღვრული ერის კერძო ადამიანთა რწმენაა ამ ერისადმი კუთვნილებისა, სიყვარულია იმ ადგილისა, სადაც მათი ერი ბინადრობს.

სამშობლოს ცნება თუმცა იგივე არ არის, რაც ერისა, მაგრამ განუყოფელია მისგან. მეხსიერება წარსულისა, ე. ი. ისტორია, შეგნება ერისადმი კუთვნილებისა, მისი კულტი, ეროვნული თავმოყვარეობა და სხვა, – ე. ი. სრული შეგნება თავისი ერის ინდივიდუალობისა და სურვილი მისი დაუსრულებელი სიცოცხლისა, – აი რა აცხოველებს ადამიანთა გულში იმ სიყვარულს, რომელიც მას უღვივის განსაზღვრული ადგილისადმი, ერის ბინისადმი. სამშობლოს ცნება უადგილოდ არ შეიძლება, მაგრამ იგი აგრეთვე შეუძლებელია გარეშე კონკრეტულ სოციალურ ორგანიზმისა. მაგალითად, თუ ადამიანთა რწმენა ეროვნული არ არის, თუ ეროვნული მუსიკა მას არ აღფრთოვანებს, თუ ისტორია თავმოყვარეობას არ უღვიძებს, თუ ეროვნული ინდივიდუალობის დაცვა ვალად არ მიაჩნია და თავს არ შესწირავს მის სიკვდილისაგან ხსნასა, მას არც სამშობლოს წარმოდგენა აქვს და არც გრძნობა პატრიოტიზმისა. ამ მხრით სამშობლო ერის წარსული და აწმყო ცხოვრებაა განსაზღვრულ ტერრიტორიაზედ, რომლის თვითოეული ფეხის გადადგმა რაღაც მწარეს ან ტკბილს აგონებს ადამიანსა ან აწმყოში ჰბოჭავს მას ეროვნულ–სოციალურ განწყობილებათა ჯაჭვით. იმ პატარა სოფლიდან დაწყებული, სადაც პირველად აეხილა თვალი ადამიანს, სადაც პირველად დაიწყო ტიტინი ეროვნულ ენაზედ, სადაც მან პირველად იგრძნო სიტკბოება სიცოცხლისა, ბუნებისა, ალერსი მშობელთა და ნათესავთა, მეგობართა და საყვარლისა – მთელ ტერრიტორიამდე, სადაც დაბინავებულა ერი, რომლის წევრიც იგი გამხდარა, რომლის კულტურულ სოციალურ სფეროშიაც დამთავრებულა მისი სულიერი ზრდა და რომლის დაცვის მოვალეობაც მას უგრძვნია, – მას უყვარს მთელი ეს ადგილი მთელი თავისი არსებითა, მზად არის თავი შესწიროს მას. ყოველი ღალატი მის წინაშე მას იუდადა ხდის თავისავე თვალში.

ეს ტერრიტორიალური და ეროვნული არსება არის მისთვის სამშობლო, რომლის კულტიც მას სიკვდილამდის გულში აქვს და არ დაივიწყებს მას, რომელ სხვა სამშობლოშიაც უნდა გადასტყორცნოს იგი ბედმა. ამიტომაც პატრიოტიზმი, ე. ი. ერის სიყვარული და სურვილი მისი სიცოცხლისა და სიდიადისა პირველი და აუცილებელია, ზნეობრივი პირობაა ერის არსებობისა.

1920-იან წლებში ბერლინში გადაღებული ფოტო: მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965)
შეიძლება ერი კიდევ არსებობდეს, მაგრამ სამშობლო დაკარგული ჰქონდეს. შეიძლება ეროვნული ორგანიზმი ოდნავ კიდევ ორგანიზმობდეს მით, რომ რამოდენიმე სოციალური ფუნქცია შერჩენოდეს, – რელიგია, ენა, ლიტერატურა, – ან უკეთ ვსთქვათ შეიძლება ხალხი კიდევ დარჩენილიყოს ეროვნულ ორგანიზმის დაშლის შემდეგ, მაგრამ თუ მას ტერრიტორია აღარა აქვს, – მას აღარა აქვს სამშობლო, მაშასადამე საგანი ზემოხსენებულ კულტისა, სიყვარულისა და თავგანწირულებისა. ასეთ ერს თითქმის გამოცდილი აქვს ეროვნულ ორგანიული თვისება, და შენახული მხოლოდ ხალხურ შემადგენლობითი თვისება. იგი ხალხია და არა მჭიდრო სოციალურ ცხოვრების მქონე ერი. მაგალითად, ებრაელებს შერჩენიათ სარწმუნოება და იგია უპირველესი სოციალური ჯაჭვი, რომელიც აერთებს დღესაც გაბნეულ ებრაელებს მთელს ქვეყანაზედ, და რომელსაც მათი ენაც კი შეუნახავს. მათ შერჩენიათ აგრეთვე ტიპი. მაგრამ თვით ებრაელ კაცებს ცოცხალი ენა დაჰკარგვიათ და ნაცვლად ჟარგონებზედ ლაპარაკობენ. ეს გარემოება ხდის მათ ხალხად უფრო, ვიდრე ორგანულ სოციალურ ერთეულად, ერად. მაგრამ მათი მთავარი უბედურება უფრო სამშობლოს, ტერრიტორიის უქონლობაა. ებრაელი მთელს ქვეყანაზეა გაბნეული, იგი ყველას სამშობლოში სცხოვრობს, ხოლო თავისი არა აქვს. რა შეიყვაროს მან, რა გაჰხადოს კულტად, სად არის მისი ისტორიული საბუდარი, მისი ერის აწმყო ნიადაგი, რომელზედაც უნდა გამოიჩინოს თავისი კოლექტივური გენიოსობა, სხვა ერთა პირის პირ? სად არის გეოგრაფიულ რუკაზედ მისი ურიასტანი, – სახელი მისი არსებობისა? სახელი–ღა დარჩა, არსებობა კი მოისპო. იყო და აღარ არის! თვით იგი ყველგან სცხოვრობს გაბნეული, მაგრამ ყველგან სტუმარია, მუდამ დევნილი და ყველასაგან შეძულებული, ხოლო მასპინძელი, თავის თავისა და მიწის განსაზღვრული ნაკვეთის ბატონი ამ ფართო ბუნების წიაღში – არსად! აი სად არის ტრაგიზმი ებრაელთა ერისა. ამით აიხსნება, თუ რად ეძებენ იგინი ეხლაც თავიანთ სიონს. სასოწარკვეთილებაც ებრაელ მამულისშვილისა, ორი მიზეზისგან გამოწვეული: ერთი იმისგან, რომ მათი ისტორიული პალესტინა ეხლა სხვას უჭირავს, მეორე იმისგან, რომ ათასის წლობით გაბნეული ებრაელთა ხალხი ერთ ადგილას კიდევ რომ დაასახლო, ერს ვეღარ შეადგენს. ვეღარ შეადგენს იმ საკვირველ და მშვენიერ ჰარმონიას, რომელსაც წარმოადგენს ეროვნული სოციალური ორგანიზმი, არამედ ისე მიეჩვია ხეტიალს, ავანტიურას, მხოლოდ ფაქიზ მუშაობასა, ვაჭრობას, მეცნიერებასა და სხვას, რომ მუდამ დარჩება იგი ხალხად, რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი შეიძლება დიდად ნიჭიერიც იყოს და დიდად სასარგებლოც ბევრ უმაღლეს დარგში სხვათა სამშობლოსათვის, მაგრამ ერთობ უბინაო, უსახლ–კარო, უცხო უცხოთა შორის სტუმარი და მისთვის მხარჯველი თავის გენიოსობისა, უსიმპატიო, დევნილი, სასაცილოდ ადგებული და სოციალურად უპიროვნო. სამშობლოს უქონლობით აიხსნება აგრეთვე აუარებელი რიცხვი ებრაელთა შორის ჯაშუშთა, დეზერტირთა, მოღალატეთა, აგრეთვე მათი სხვა უსიმპატიო მხარეები. სამშობლო – ეს ის არსებაა, რომლის წიაღთა შინა ადამიანი მუდამ ვარჯიშობს მამულიშვილობით, საკუთარი მამულიშვილობით. ათასის წლობით მოკლებული ასეთ სავარჯიშო ასპარეზსა და მუდამ სხვისი მოსამსახურე, საზოგადოდ ებრაელი არ შეიძლება იყოს ისეთივე მამულიშვილი სხვის კარზედ, როგორც მასპინძელი თავის სახლში. თუმცა კი, დიდება ამ ერს, რომ მის პირობებში კიდევ მეტი უსიმპატიო მხარე არა აქვს, კიდევ მეტი რიცხვი მისი არ არის მოღალატე; დიდება მას, რომელმაც სხვა და სხვა უცხო სამშობლოს მისცა საუკეთესო მამულიშვილები, მეცნიერები, ფილოსოფოსები და სხვანი.

ასეთივე თვისება ეტყობათ ისეთ ერებსაც, რომლებსაც თუმცა სრულიად არა აქვსთ დაკარგული ტერრიტორია, მაგრამ დიდი ნაწილი მათი გაბნეულია და სხვების სამშობლოში უხდებათ ცხოვრება. როლი სომხებისა საქართველოში შეიძლება დიდი იყოს მით, რომ მათ მოგვცეს ზაქარია და ივანე მხარგრძელები. მაგრამ რამდენი დარჩო ბებუთაშვილი ყოფილა ჩვენში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მეტი შველა ეჭირვებოდა! კიდევ უფრო უმადურია მასპინძელთა ასეთის ერის ნაწილები, როდესაც ისინი დაიბუდებენ ხოლმე მისუსტებული ერის ტერრიტორიაზედ და ხანმოკლე ფარული მეგობრობისა და სოლიდარობის შემდეგ პირდაპირ ომს უცხადებენ თავიანთ მასპინძლებს, – ადე შენი ტერრიტორიიდან, მე უნდა დავიჭირო იგი, როგორც უფრო ძლიერმა და ნიჭიერმაო!

სამშობლო და სახელმწიფო ერთი და იგივე არ არის, სახელმწიფოში მრავალი ერია შესული თავინთ ტერრიტორიებითა. სამშობლო კი ერისა და ტერრიტორიის შედუღებაა. მაშასადამე სახელმწიფოში შეიძლება სამშობლონი იყვნენ, და ასეთი სახელმწიფო სამშობლო კი არა, სამშობლოს წინააღმდეგი ორგანიზაციაა. იგი იმისთვის არის სამშობლო, ვინც გაბატონებულ ერად ევლინება ჩაგრულთ. სახელმწიფო ძალით ავალებს უცხო სამშობლოს შვილებს სამშობლოდ აღიარონ გაბატონებული ერის სამშობლო, შესწირონ მას თავი, ებრძოლონ მისი სახელით ისეთ მტერს, რომელიც შეიძლება გაბატონებული ერის მტერია, მაგრამ დაჩაგრულის დიდი მეგობარიც. სახელმწიფო პყრობილ ერის მოღალატეს სჯის ისევე, როგორც მთავარი ერისას, მაგრამ ამისი ზნეობრივი უფლება მას არა აქვს; ამიტომაც ამ სხვისაგან პყრობილთა განთავისუფლება ყოველთვის სიმპატიას იწვევს საერთაშორისო ზნეობის აღმსარებელ ადამიანთა გულში; აჯანყება დაჩაგრულთა სამართლიან უფლებად არის აღიარებული ყველასაგან, ხოლო განთავისუფლებულ სამშობლოებს თვით მომქმედი საერთაშორისო სამართალი იღებს თავის მფარველობის ქვეშ.

სანამ ეროვნული კოჰეზია მოხდებოდეს, სანამ ეროვნული ცხოვრების წესი ქალაქური ცხოვრებაა, ე. ი. სანამ ცალკე სოციალურ ორგანიზმებს ქალაქები წარმოადგენენ, სამშობლოდაც ქალაქია აღიარებული, თუმცა განსაზღვრულ ეროვნულ განვითარების საფეხურზედ შეგნება ერთის სამშობლოსი ფეხს იკიდებს და საქმითაც ჩნდება იგი. საბერძნეთში ცალკე სამშობლონი იყვნენ – ათინა, სპარტა და სხვანი, მაგრამ სპარსელებთან საბრძოლველად ერთად გამოდიოდნენ, მართალია, ხშირად რამოდენიმე სამშობლო უცხოელებს ებრძოდა, რამოდენიმე კი უცხოელებთან ერთად დანარჩენ ბერძენთავე სამშობლოებს, მაგრამ თანახმად ბერძენთა ერის სოციალურ კოჰეზიის განვითარებისა მუშავდებოდა საერთო შეგნებაც ელლადის სამშობლოსი. ასე იყო საქართველოშიაც. მაშინ როდესაც საქართველოს ერთი ნაწილი უცხოელებს ებრძოდა ხოლმე, მეორეს მისი მხარე ეჭირა. ეს ასეა ყოველთვის, სანამ სრული სოციალური სიმჭიდროვე და ჰარმონია არ დამკვიდრდება ერის სხვა და სხვა ნაწილთა შორის და სანამ არ შემუშავდება ყველასათვის საერთო და განუყოფელ სამშობლოს ცნება. ქართველებს გვქონია ასეთი დრო, დრო ჩვენი ერთობისა, დიდი დავითისა და თამარის დროს, მაგრამ ერთი–ერთის წინააღმდეგ ბრძოლა და უცხოთა მიმხრობა თავისიანების წინააღმდეგ ხშირი მოვლენა იყო ჩვენს ისტორიაში. ეხლაც ბევრი არ არის ისეთი, ინტელლიგენტთა შორისაც, რომ თავის სამშობლოდ გულწრფელად მთელს საქართველოსა სთვლიდეს, არამედ მისთვის სამშობლო ან კახეთია, ან ქართლი, ან იმერეთი, სამეგრელო, გურია და სხვა. ჩვენში ჯერ არ არის მაშასადამე დამთავრებული სრული კოჰეზიაა ერისა, მაგრამ ამ მხრით დიდი იდეური მუშაობა სწარმოებს ამ ჟამად ჩვენს შორის, და როდესაც ჩვენი ეროვნული ერთობის შეგნება იქმნება განხორციელებული და არა მხოლოდ სასურველი იდეა, მაშინ ჩვენი ბედიც სხვანაირად დატრიალდება.

მაგრამ როგორიც უნდა იყოს ცნება სამშობლოსი, – ვიწრო თუ ფართო, ქალაქური თუ ეროვნული, ან სხვა რომელიმე სოციალურ ორგანიზმის თანახმა, იგი მაინც შეკავშირებულია იმ ადგილთან, სადაც ამ კონკრეტულ სოციალურ ორგანიზმს ბინა დაუდევს და შეუქმნია თავისი ისტორია. სადაც ასისა და ათასის წლობით მტკიცე კავშირი დამკვიდრებულა ცოცხალსა და წარსულ, მიცვალებულ შთამომავლობათა შორის, სადაც ყოველი მტკაველი მიწისა მეხსიერების საგანია ცოცხალთათვის, მიცვალებულთა მიერ გადმოცემული, სადაც ამ მიცვალებულთა საფლავები მდუმარედ შესცქერიან ცოცხალთ და თავიანთ საუკუნო ანდერძს აგონებენ, სადაც ეროვნული კულტურა კელაპტარსავით ჩამოასხამს ადამიანის სულს და შეჰქმნის მისგან განსაზღვრულ ეროვნულ ინდივიდუალობას სხვა სოციალური წრის ინდივიდუალობათა პირისპირ.
ამ ნიადაგზეა აღმოცენებული იდეა სამშობლოსი, რომლის შემადგენელი ელემენტები არის ერი და მისი ტერრიტორია. ამ ნიადაგზეა აღმოცენებული კულტი და სიყვარული მისი, ამით აიხსნება განუსაზღვრელი სურვილი, რწმენა და მოვალეობა მისი დაცვისა. ამით განისაზღვრება უმაღლესი და ძლიერი მისწრაფება მისი ინდივიდუალობის სიდიადის შექმნისა სხვათა პირის–პირ. მაგრამ ამითვე განისაზღვრება, სხვა მიზეზებთან ერთად, რასაკვირველია, გადალახვა სამშობლოს საზღვრებისა და მისი განდიდება სხვათა დამონებით, უცხო სამშობლოთა უარ–ყოფითა. ეს არის ეროვნული ეგოიზმი და არა სამშობლოს გულ–წრფელი სიყვარული. ეს არის უარყოფა სხვისი უფლებისა და არა თავისი უფლების დაცვა. გაბატონებულნი ერნი სცდილობენ ტერრიტორია წაართვან დამონებულთა და თავისი ელემენტით დაასახელონ, რომ ან გადააგვარონ ეროვნულად, ან განფანტონ იგინი და მოუსპონ თვით სახსენებელი სამშობლოსი. აი, ეს არის ნამდვილი შოვინიზმი, და არა ის, რომ მონას თავისი ბატონი სძულდეს და სცდილობდეს მის კლანჭებს თავი და თავის სამშობლო გამოსტაცოს. მონის სიყვარულია საზიზღარი და არა სიძულვილი. ძლიერი, მკაცრი სიძულვილი მონისა ბატონისადმი მას სულიერად თავისუფლადა ჰხდის; იგი სრულიად კანონიერი, ღირსეული და დიადი გრძნობაა, რომელიც დიდ საქმეებს ჩაადენინებს მონასა, ნამდვილს, ეროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ვინც არ დაიშლის და მასაც შოვინიზმს უწოდებს, – ჩვენ არც სიტყვის გვეშინია, – ვიტყვით მხოლოდ: მონათა შოვინიზმი ბატონისადმი კეთილი ყოფილა და არა ბოროტი გრძნობა.

თუმცა არის ისეთი ერები, რომელთაც სამშობლო აღარა აქვსთ, მაგრამ მათი ეროვნული არსება ყოველთვის განსაზღვრულ ტერრიტორიაზედ განვითარებულა. სამშობლო ენა, სამშობლო ლიტერატურა, სარწმუნოება, ხელოვნება და სხვა, – ყოველთვის ან სხვა ხალხთაგან ყოფილა შეთვისებული განსაზღვრულ ადგილზედ მდგომი ერისაგან და საკუთარ სოციალურ სფეროში სპეციალურად გარდაქმნილა, ან და თვით ერის ტერრიტორიაზედ ორიგინალურად შემუშავებულა. ერი, ეროვნული კულტურა არ იბადება გარეშე რემელიმე სამშობლოისა, მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება დროთა ვითარებაში დაჰკარგოს სამშობლო.

თუ დაჰკარგა, იგი მაშინ უბედურია, ეს არის უპირველესი მიზეზი და დასაწყისი მისი სრული გაქრობისა. ყოვლად უაზრო აბსურდია იმ ადამიანთა აზრი, ვითომც ტერრიტორიას, სამშობლოს ერისათვის მნიშვნელობა არა ჰქონდეს. განსაზღვრით რომ ერი და სამშობლო ერთი და იგივე არ იყოს, აქედან ის არ გამომდინარეობს, რომ მეორე პირველისათის უმნიშვნელო იყოს. ორგანიზმი და ის წრე, რომელიც მისს არსებობას ხელს უწყობს, ან ვნებს, ერთი და იგივე არ არის განსაზღვრითა, მაგრამ შესაფერი წრე რომ მისთვის აუცილებელი საჭირო არსებობის განგრძობისათვის, ან და მავნებელი და დამღუპველი, ეს ყოველი ეჭვს გარეშეა. იგი მაშასადამე დიდად მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. იურისტებიც ხშირადა სცდებიან. რაღაი, მათის აზრით, უფლება საკუთრებისა ტერრიტორიაზედ შეიძლება ჰქონდეს ან სახელმწიფოს, ან ინდივიდს, ამიტომ ერი აქ ვერაფერ შუაშია, ერის უფლება ტერრიტორიაზედ იურიდიული აბსურდია და დაჩაგრულ ერთა მისწრაფებაც ტერრიტორიის შენახვისა ნიადაგს მოკლებულიაო. ძლიერ შემცდარია ასეთი შეხედულება. ჯერ ერთი, არ მოიპოვება არც ერთი სახელმწიფო, რომ იქ ერთი ერი გაბატონებული არ იყოს და ეს ბატონი ერი არა სთვლიდეს თავის საკუთრებად როგორც საკუთარ ტერრიტორიას, ისე სხვისას, დაპყრობილ ტერრიტორიას. მისი მთავრობაა გამომხატველი ერის ასეთის შეხედულებისა. როგორც თვით ერი, ისე მისი მთავრობა სცდილობენ „დაპყრობილ“ ქვეყანათა „კოლონიზაციასა“. მთავრობა სახელმწიფოდ აცხადებს აგრეთვე დაპყრობილი ერის ტერრიტორიის საუკეთესო ნაწილებს. მეორე, – დაპყრობილი ერი შეიძლება ოდესღაც სახელმწიფო ყოფილიყოს და მაშასადამე ჰქონდეს განსაზღვრულ ტერრიტორიაზედ სუვერენული უფლება. ამიტომაც, როდესაც იგი განთავისუფლებისათვის იბრძვის, მას აქვს ყოველთვის გათვალისწინებული განსაზღვრული ისტორიული, ან განსაზღვრულ ეროვნულ ელემენტით დასახლებული ტერრიტორია, რომელზედაც უზენაესი უფლების მოსაპოვებლად იბრძვის, მესამე, — ერს ასისა და ათასის წლობით განსაზღვრულ ტერრიტორიაზედ სისხლი უღვრია მისი დაცვისათვის, შეუქმნია განუზომელი ენერგიით საკუთარი კულტურა, და გუშინდელ, მოსულს რა სამართლით დაუთმობს მიწას, თუ გინდ ფულითაც იყიდოს? მოძალადე სახელმწიფოს კანონთა კოდექსზედ აქ უზენაესი ზნეობრივი სამართალი უფრო მაღლა სდგას. რაც შეეხება ინდივიდუალურ უფლებას მიწის საკუთრებაზედ, მართალია, შეიძლება ერთი ერის ადამიანებმა მეორე ერის მიწა-წყალი შეისყიდონ, თუმცა მცირედი ნაწილი, (შეუძლებელია მთელი ტერრიტორიის ყიდვა), მაგრამ ერის ცდაც — არ გაუშვას ხელიდან ტერრიტორია, ყოველთვის არსებობს ასეთ შემთხვევებში და რად უნდა ჩაითვალოდ იგი არაკანონიერ მისწრაფებად, — ამას ვერავინ ვერ დაამტკიცებს, პირიქით, ის ერი, ვინც ამ ცდაში უნარს ვერ გამოიჩენს, სუსტი და უღირსია, იგი პირდაპირ თავს იკლავს, ფეხ-ქვეშიდან ნიადაგს იცლის და ამით ჰკარგავს მომავალში არსებობის უფლებასა: სამშობლოს მოკლებული ერი ვერასოდეს ვერ გახდება საერთაშორისო სამართლის თვალში დამოუკიდებელ სოციალურ არსად. რუდილფ შპრინგერი თუმცა ზემოხსენებული აზრის არის წმინდა იურიდიულის თვალთახედვით, მაგრამ იგი მაინც აღიარებს ერთა უზენაეს უფლებას განსაზღვრულ ტერრიტორიაზედ, როდესაც ეს უკანასკნელი დასახელებულია ეროვნული ელემენტით. შეუძლებელიც არის სხვა პრინციპი. ერი უსაშობლოდ, უტერრიტორიოდ თითქოს სივრცის გარეშე მდგომია, როგორც უისტორიო ერი თითქოს დროის გარეშე სდგასო. ერის ისტორია, — მისი შემოქმედებაა დროში, ერის სამშობლო, — ნიადაგია ამ შემოქმედებისა სივრცეში; უამისოდ იგი ან ერი არ არის, ან ყოვლად უბედურია, როგორც ებრაელები, რომელთაც ერთიცა ჰქონდათ და მეორეცა, მაგრამ ორივე დაჰკარგეს, განსაზღვრული სივრციდან განძევება ერისა მას დროშიაც არაისტორიულადა ხდის, უსპობს მომავალ ისტორიას, და სწორედ ეს საშინელი უბედურება დაატყდათ თავზედ ებრაელებს.

ამგვარად ტერრიტორიის მნიშვნელობა უბრალო სიტყვა არ არის. იგი დიადია და უპირველესი. არც ისტორიულ ტერრიტორიას აქვს უაზრო მნიშვნელობა. ის ნაწილი ტერრიტორიისა, რომელიც ოდნავ შეიძლება სხვა ელემენტით იყოს დასახლებული, მაინც თავის კანონიერ პატრონს ეკუთვნის მართალ სამართლის თვალთახედვით, თუ რასაკვირველია ეროვნული ელემენტი იქ სავსებით არ არის აღმოფხვრილი. თუ იგი ერის ტერრიტორიის ორგანული ნაწილია, დარჩენილი არის ოდნავ მაინც მისი კულტურა და ისტორიული ნაშთი, თუ ერის გულში მეხსიერება ამ მხოლო წარსულსა კიდევ ღვივის, — ერს სრული უფლება აქვს მისი დაბრუნებისა და თავის კულტურის აყვავებისა, თუმცა მისი მოვალეობაა იმ ელემენტთა უფლებათა პატივისცემა, რომელნიც მას დროთა ვითარებაში ჩამოთესლებია. საქართველოს ტერრიტორიიდან ჩამოჭრა ტაოკლარჯეთისა, ლაზისტანისა, სამცხესი, ჯავახეთისა, სომხეთისა იმ მიზეზით, რომ იქ ზოგან ისლამი გაბატონებულა ქართველთა შორის, ზოგან — სომხობა. ბერძნობა და თათრობა ჩამოსახლებულა, ვერ იქმნება იმის არგუმენტი, რომ საქართველოს ტერრიტორია ამ ჩვენ ისტორიულ საზღვრებში არ აღიარონ. აქ ჩვენი მოსახლეობა კიდევ დარჩენილა, დარჩენილა ჩვენი ისტორიული ნაშთები, ჩვენი კულტურა აქ ყვავოდა, აგერ ახლა, ახლო წარსულში, ჩვენ ისტორიულ მეხსიერებაში ეს ნაწილები მჭიდროდ არის ჩაქსოვილი და იქ დასახლებულ უცხო ელემენტებს არავითარი პრეტენზიის წამოყენების უფლება არა აქვსთ, გარდა მათ უფლებათა ჩვენ მიერ პატივისცემისა. ეს ტერრიტორია ჩვენი ორი ათასის წლის საკუთრებაა, და სრული უფლება გაქვს იქ ხელ-ახლა ავაყვავოთ საქართველო. ჩვენ იგი გვჭირდება, და იმ მიზეზით რომ იგი ისტორიულმა ბედმა წაგვგლიჯა დროებით, ახლო წარსულში, ვერ დავსთმობთ ამ საჭიროებასა.

მაგრამ, სხვა არა იყოს რა, განა ფაქტი არ არის, რომ საერთაშორისო სამართალი მხოლოდ მაშინ იღებს თავის სფეროში განთავისუფლებულ ერს, თუ მას ტერრიტორია აქვს? სულ სხვაა, როგორ განსაზღვრავს ერი თავის ტერრიტორიის საზღვრებსა. ეს მისს სინიდისზედა და მის ხმლის ძალაძედ არის დამოკიდებული. ერი კი, რომელთაც არც სამშობლო აქვთ და არც ტერრიტორია, ვერც განთავისუფლდება და ვერც ვერავითარ მოთხოვნას წარმოუდგენს საერთაშორისო სამართალსა. მართალია, უზენაესმა იდეალურმა საერთაშორისო სამართალმა უტერრიტორიო ერის მფარველობაც უნდა იკისროს, მაგრამ დღეს მომქმედი საერთაშორისო სამართალი არა თუ უტერრიტორიო ერს, არამედ ტერრიტორიის მქონდე ერებსაც არ უწევს მფარველობას, თუ არ განთავისუფლდნენ და სახელმწიფოები არ დააარსეს სივრცის განსაზღვრულ ნაკვეთზედ.

მაგრამ კაცობრიობის სინამდვილის მორწმუნეთ კიდევ აქვსთ არგუნემტები თავიანთ აზრის დასამტკიცებლად. სამშობლო, ერი, ხალხი მათთვის სოციალურნი სინამდვილენი არიან, მაგრამ კაცობრიობაც იმავე სინამდვილეს წარმოადგენს, რადგანაც დღეს საერთაშორისო სამართალის არსებობა — ფაქტია: იგი აწესრიგებს კაცობრიობის ნაწილთა შორის განწყობილებათა. ზოგნი კიდევ მომავალ კაცობრიობის ორგანიზაციაში ეძებენ კაცობრიობის სოციალურ სინამდვილეს: — თუ აწმყოში არა, მომავალში ხომ კოსმოპოლიტიზმი ნამდვილად ჰყოფს კაცობრიობას სოციალურადაო...

«ერი და კაცობრიობა», 1910 წელი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen