მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
კალისტრატე სალია: პროფესორი მიხეილ წერეთელი
1948 წელს კალისტრატე და ნინო სალიებმა საკუთარი სახსრებით და საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ფინანსური დახმარებით პარიზში სამეცნიერო ისტორიულ–ლიტერატურული ჟურნალი "ბედი ქართლისა"დაარსეს და ჟურნალის გარშემო ქართველი მეცნიერები: მიხაკო წერეთელი, მიხეილ თარხნიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ყაუხჩიშვილი, ელენე მეტრეველი და სხვები შემოიკრიბეს. ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში მსოფლიოს ცნობილი კავკასიოლოგები და ორიენტალისტები შედიოდნენ.

იმავე წელს, გამოცემის 3-ე ნომერში კალისტრატე სალიამ მიხეილ წერეთლის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქვემომდებარე მისალოცი გამოაქვეყნა, რომელშიც შესანიშნავად აღწერა პირველი ქართველი სოციოლოგის ღვაწლი.



23 დეკემბერს შეუსრულდა 70 წელი ჩვენს დიდ მამულიშვილს და მეცნიერს მიხეილ წერეთელს.

იმდენად მდიდარია და მრავალფეროვანი მისი მოღვაწეობა ნახევარი საუკუნის მანძილზე, როგორც სამეცნიერო ისე ეროვნული ბრძოლის ასპარეზზე, რომ მის ვრცლად გადმოშლა ,,ბედი ქართლისას” ფურცლებზე შეუძლებელია. უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ მისი ცხოვრების მთავარ მომენტთა აღნიშვნით.

მიხეილი დაიბადა 23 დეკემბერს 1878 წელს სოფელ ცხრუკვეთში, ზემო იმერეთში. ამ სოფლის წერეთლების ოჯახში, განსაკუთრებით მიხეილის მამისა და მისი ორი ძმისა, დიდი ტრადიცია იყო დაცული ქართულ მწიგნობრობისა და საზოგადოდ ქართველობისა, ,,ვეფხისტყაოსანი” იქ ქალმა და კაცმა ზეპირად იცოდა, და პატარა მიხეილს, ჯერ კიდევ წერა-კითხვის არ მცოდნეს, ადგილები მოჰყავდა ,,ვეფხისტყაოსნიდან” სტუმრების შესაქცევად.

ქალაქ ქუთაისში კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიხეილ წერეთელი სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე, საიდანაც 1900 წელს პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობის მიღებისთვის გამორიცხულ იქნა. ერთი წლის შემდეგ მიხეილი შედის პარიზის უნივერსიტეტში, მაგრამ არც აქ სწყალობს მას ბედი; ერთს საჯარო დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის იძულებულია დატოვოს პარიზი და გადავიდეს ლონდონში. შემდეგ ის განაგძობს სწავლას ჟენევის უნივერსიტეტში, იმავე დროს უერთდება პარიზში მყოფ გიორგი დეკანოზიშვილის ჯგუფს და 1904 წელს ესწრება ფედერალისტთა პარტიის კონგრესს ჟენევაში, იმავე წელს გიორგი დეკანოზიშვილის დავალებით მიხეილი მიემგზავრება საქართველოში, ასრულებს დაკისრებულ მისიას და ბრუნდება უკან. 1905 წელს იგი ისევ საქართველოშია და მუშაობს ფედერალისტებტან ერთად.

1908 წელს მიხეილ წერეთელი აწარმოებს მუშაობას სტამბოლში დიდი გავლენისა და მდგომარეობის მქონე მაჰმადიან ქართველებთან, რომელთაგან ბევრმა დიდი დახმარება გაუწია საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს, როდესაც იგი პირველი დიდი ომის დროს ოსმალეთში მოქმედებდა, იმავე წელს მიხეილი ბრუნდება ტბილისში და პეტრე სურგულაძესთან, ვალერიან გუნიასთან და სხვებთან ერთად აარსებს საიდუმლო ჯგუფს საქართველოს დამოუკიდებლობისა, რომლის ორგანო იყო ,,ერი” და რომელიც ცენზურისაგან ხშირად დახურული სხვადასხვა სახელით გამოდიოდა.

1901 წელს, როდესაც დიდი დევნა იყო ქართველ ნაციონალისტთა და ბევრი მამულიშვილი გადაასახლეს რუსებმა, მიხეილი მიდის ლონდონში. პეტრე სურგულაძე კი ჟენევაში, სადაც მან ძმებ კერესელიძეებთან ერთად განაახლა დამოუკიდებლობის ჯგუფი და გამოსცა გაზეთი ,,თავისუფალი საქართველო”.

ლონდონში ყოფნის დროს მიხეილი იწყებს აღმოსავლეთის მეცნიერების შესწავლას, რასაც განაგრძობს გერმანიაში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. აქ ის ეცნობა ასირიოლოგიას, საზოგადოდ სემიტურ ფილოლოგიას, ეგვიპტოლოგიას, აღმოსავლეთის ისტორიას და კულტურას; ამთავრებს სწავლას და ღებულობს დოქტორის ხარისხს.


ფოტოზე: ქართველი ისტორიკოსი, უცხოეთში მცხოვრები ქართველოლოგი, ოსლოს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ხმელთაშუაზღვეთის აკადემიის წევრი, საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო უცხოელი წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი კალისტრატე სალია (1901–1986)


ფოტოზე: მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965)
1914 წელს, ომის გამოცხადებისთანავე ,,დამოუკიდებლობის ჯგუფი” გაცხოველებულ მუშაობას იწყებს, არსდება დამოუკიდებლობის კომიტეტი, სადაც მიხეილ წერეთელი დიდ როლს თამაშობს. გერმანიაში მოქმედებენ მასთან ერთად გიორგი მაჩაბელი და გიორგი კერესელიძე. დანარჩენი წევრები კომიტეტისა მუშაობენ ოსმალეთში.

1916 წელს ლოზანაში იმართება ,,ეროვნებათა კავშირის”კონგრესი, იქ მიხეილია საქართველოს წარმომადგენელი.

1917 წელს, ომის ქარტეხილის დროს, მიხეილ წერეთელი მიემგზავრება საქართველში წყალქვეშა ნავით მელიტონ ქარცივაძესთან ერთად სხვა და სხვა დავალებებით. ერთი წლის შემდეგ ხელმეორედ მიდის იგი წყალქვეშა ნავით სამშობლოში.1918 წელს საქართველო თავისუფალია, გერმანიაში ჩამოდის მისი დელეგაცია და აქ თავდება მუშაობა დამოუკიდებლობის კომიტეტისა.

1918-1919 წლებში მიხეილს ვხედავთ საქართველოს წარმომადგენლად სკანდინავიაში.

1920 წელს იგი მიწვეულ იქნა ტბილისის უნივერსიტეტში ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის პროფესორად.

დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, მიხეილი ბრუნდება ევროპაში კათედრაზე ასირიოლოგიისა და ქართული ენისა ბრიუსელის უნივერსიტეტში, ხოლო 1933 წლიდან 1943-მდე ბერლინის უნივერსიტეტში – ქართული ენისა და მწერლობისა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, მეგობრების თხოვნით, მიხეილ წერეთელი კისრულობს გერმანიაში ქართული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეობას, რომელშიაც შედიან აგრეთვე განსვენებული ზურაბ ავალაშვილი და სპირიდონ კედია. მუშაობის პირობები ახლა გაცილებით უფრო რთულია და ძნელი, ვინემ ეს პირველი ომის დროს იყო. კომიტეტი იცავს ღირსეულად და უკომპრომისოდ საქართველოს უფლებებს, ხოლო მიზანს ვერ აღწევს. მიხეილი შლის მას და თავის თანამშრომლებთან ერთად სწყვეტს ყოველგვარ კავშირს გერმანულ ხელისუფლებასთან.

პოლიტიკურ მუშაობასთან ერთად, მიხეილმა საზღვარგარეთ დიდი მეცნიერული მუშაობაც გასწია. ამის შესახებ ჩვენ სხვა დროს გვექნება საუბარი. აქ კი ავღნიშნავთ შემდეგს: როდესაც გამოქვეყნდება ყველა მისი შრომები და გამოკვლევანი, განცვიფრებაში მოვა არა მარტო ემიგრაცია, არამედ მთელი საქართველოც, იმდენად დიდია, ახალი და მნიშვნელოვანი ეს გამოკვლევანი ჩვენი ქვეყნისათვის.

მიხეილი მუდამ არაჩვეულებრივ სიყვარულსა და მუყაითობას იჩენდა მეცნიერებისადმი, ხოლო ისიც უნდა ავღიაროთ, რომ მეცნიერებას არასოდეს არ დაუჩრდილავს მისი დიდი პატრიოტული შეგნება მოვალეობისა ერის წინაშე, რომელსაც იგი ყოველთვის ყველაფერზე მაღლა აყენებდა. ,,არიან მოვალეობანი ადამიანისა უმაღლესნი ყოველმეცნიერულ და მსგავს მოვალეობათა, წერს მიხეილ წერეთელი, მოვალეობანი მოქალაქისა საზოგადოების წინაშე, მოყვასისა მოყვასის წინაშე და ცხოვრების გზას იგი განვლის სრულის ღირსებით, ვისაც ძალუძს განსაზღვრულ დროს შესაფერი მოვალეობა აღასრულოს, თუ გინდ ეს მოვალეობის აღსრულება მისი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვასაც მოითხოვდეს”.

სწორედ ამით დამიმსახურა მიხეილ წერეთელმა უსაზღვრო პატივისცემა თანამემამულეთა, რომ სამშობლოს თავისუფლება და წარმატება თავის არსებობის საფუძვლად მიაჩნდა და კლდესავით იდგა ეროვნული აზროვნების სადარაჯოზე. წამებით განვლო ნახევარი საუკუნე და ჯოჯოხეთურ პირობებში თქვა სიტყვა, ქართული სული გამოიტანა და დაიცვა. ყოველი მისი მოქმედება და ნაბიჯი ამკობს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლი ისტორიას.

უფლება აყრილ საქართველოში მისი სიტყვა მეხივით ჰქუხდა და ეროვნულ ბრძოლას ცეცხლის ენერგიას აძლევდა. განა შეიძლება სხვა რომელიმე ან ვისიმე სიტყვა შეედაროს მის სიტყვას, რომელიც მან ერის წინამძღოლს ზრახვათა მფლობელს ილიას, ჩვენი წამხდრობისა და სიგიჟის მსხვერპლს, ტბილისში ჩამოსვენებისას რომ უთხრა?!

დამონებულ სამშობლოში, როდესაც ერი თვით უარს ამბობს საკუთარ თავზე, მიხეილის მძლავრი და მჭრელი წერილები იბეჭდება ფედერალისტების მაშინდელ პრესაში, იგი იცავს ქართულ დევნილ სულს, გამოდის საუკეთესო თეორეტიკოსად ეროვნულ საკითხებში, და შეუდარებელი პოლემისტი, მოურიდებლად ამხელს ერის უღირს შვილთ.

მისი წიგნი ,,ერი და კაცობრიობა” უდიდესი ყუმბარა იყო, რომელიც მან ეროვნულ იდეის უარმყოფელთ ესროლა. დიდი ილიას მიმდევარმა ერთად ერთ რეალობად ერი აღიარა და ეროვნული პრობლემა მჭრმეტყველურად დაასაბუთა. ,,ერი და კაცობრიობა” გადაიქცა მებრძოლი თაობის სახელმძღვანელო წიგნად, მის გამწრთვნელად და ამღზრდელად.

მარტო დამოუკიდებლობის მოპოვება, არამედ აღდგენა ძველი საქართველოსი. ,,ქართველი ერის ძველი სამკვიდრებელი საუკუნეთა განმავლობაში ბრძოლის ველია საქართველოსა და მის მებრძოლთა, ამბობს იგი ერთერთ წერილში, და მიუხედავად იმისა, რომ იქ ქართველობამაც იკლო და ნაწილი მისი უცხოს ხელშია, საქართველო მას მაინც დაკარგულად არ სთვლის, ვერც ჩასთვლის, და მისი დაბრუნება და კვლავ გაქართველება, შექმნა ძველი საქართველოსი არის და იქნება მუდმივი მისწაფება ქართველისა მუდმივი პოლიტიკური იდეალი მისი, რომელიც მას აძლევს ძალას, სიამაყეს და რწმენას თავისი ერის მომავლისა. ძალა თვით ეს რწმენაა, ეს იდეა ძველი საქართველოს აღდგენისა, უამისოდ თვით საქართველოს იდეა არარაობაა. სინამდვილე რას მოგვიტანს ხვალ, სულ სხვაა, მაგრამ იდეა, იდეალი უკვდავი უნდა რჩებოდეს, როგორც ძალა ქართველთა შთამომავლობათა მამოძრავებელი”. აი ამ დიად იდეის სამსახურშია მიხეილ წერეთელი მთელი თავისი სიცოცხლე, მას ქადაგებს და იცავს.

უმაღლეს სისრულემდე მიღწეული კულტურის მატარებელი, იგი აგრეთვე უაღრესად ფაქიზი და სპეტაკი სულის პატრონია. მიუხედავად უძნელეს საარსებო პირობებისა, რომ გზა მუდამ ეკლიანი და სიმწარით აღსავსე ჰქონდა, მიხეილი შორსაა ცხოვრების ყოველდღიური სიტლანქისაგან და სიმახინჯისაგან და დგას მაღალ მაღლობზე ერის ერთგულ მუშაკად და მექომაგედ.
როგორც ვიცით, მეტი ნაწილი თავის ცხოვრებისა მან უცხოეთში გაატარა, მაგრამ იგი მუდამ იყო და დარჩება მესაიდუმლედ ქართული ერის ტანჯული გულისა.

,,მარად და მარად საქართველო, მე ვარ შენთანა,
შენი სისხლითა გული სრულად გარდამებანა”.

მწარეა ხვედრი ქართველ მამულიშვილთა, მაგრამ განსაკუთრებით მწარეა შენი ბედი, საყვარელო მიხეილ!

უცხოეთში, შორს მშობლიურ სახლ-კარიდან, განმარტოვებული ხვდები შენს იუბილეს.
შენი ძვირფასი ერი სალამს ვერ გიძღვნის და შენი დაბადების დღეს ვერ დღესასწაულობს. ვერც შენი ერთადერთი შვილი ოთარი, შენი ხელით სიმწარეში გამოზრდილი, გაგახარებს და დაგიკოცნის სამშობლოსათვის ფიქრით და დარდით დასერილ სახეს. ჩვენც, შენი ახლო მეგობრები, შორს ვართ შენგან და არ შეგვიძლია გაგათბოთ ჩვენი შენდამი უსაზღვო სიყვარულით. ნუგეშად მაინც მიიღე ის, რომ უცხოეთში მყოფ ქართველმა მოღვაწეებმა ყველა წრისა დიდი პატივისცემით და თბილი გრძნობით 70 წლის შესრულება მოგილოცეს და დღეგრძელობა გისურვეს.

ერთ დღეს საქართველოც გეტყვის სიტყვას.
ბედი ქართლისა ჯერ არ გადაწყვეტილა.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen