მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვალერი ჭალიძე
ვალერი ნიკოლოზის ძე ჭალიძე 1938 წელს მოსკოვში დაიბადა, სწავლობდა მოსკოვის და თბილისის უნივერსიტეტებში. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. 1969-1972 წლებში გამოსცემდა თვითგამოცემით («სამიზდატ») ჟურნალს «საზოგადოებრივი პრობლემები». 1970 წლის 4 ნოემბერს შეიქმნა ადამიანის უფლებათა მოსკოვის კომიტეტი. იმ დღეს, სამმა ფიზიკოსმა: ვალერი ჭალიძემ, ანდრეი ტვერდოხლებოვმა და ანდრეი სახაროვმა ხელი მოაწერეს ვალერი ჭალიძის მიერ დაწერილ ორ დოკუმენტს: - «პრინციპები» და «რეგლამენტი», რომლებიც სახაროვმა თავის მოგონებებში ერთი ცნებით ახსენა - «წესდება».

კომიტეტის მიზნები იყო: ადამიანის უფლებების სფეროში არსებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემების კონსტრუქტიული შესწავლა, საზოგადოებისთვის როგორც საბჭოთა, ისე საზღვარგარეთის კანონების გაცნობა და კანონიერების პატივისცემის მნიშვნელობის ჩვენება, სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების ჩატარება. კომიტეტში არ იღებდნენ «პოლიტიკური პარტიების წევრებს» (ანუ კომუნისტებს, გ. მ.). და იმ პირებს, ვისაც «კომიტეტის წევრობის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება» სურდა.

ჭალიძე კომიტეტის რეგლამენტის უზუსტესად შესრულებას მოითხოვდა. ის თვლიდა, რომ საზოგადოება ამგვარად იურიდიული პროცედურის პატივისცემის თვალსაჩინო მაგალითს მიიღებდა, რაც კანონიერების არსებითი ელემენტია და ამავე დროს ის არის დაცვა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონობებისაგან.

ფოტოზე: ფიზიკოსი, პუბლიცისტი, რედაქტორი, გამომცემელი, ისტორიკოსი, დისიდენტი, აქტიური ადამიანის უფლებათა დამცველი ვალერი ჭალიძე (*1938)
აი, როგორ გვაცნობს ვიტალი სვეჩინსკი ვალერი ჭალიძეს:

«...ზემოთ მოყვანილია ტექსტი, რომელიც ახლა ანბანურ ჭეშმარიტებათა კრებულივით აღიქმება. ვალერი ჭალიძემ თავისი მოკლე და ღრმა შინაარსიანი წერილი მოხაზა როგორც «არსებობის უპირობო უფლება» – თეზისი, რომლის უკანაც ამ უფლების უარყოფასთან დაკავშირებული შეგრძნება იმალება. ეს სწორედ ის წერტილია, რომლის არ დანახვასაც ახლა დასავლური სამყარო ცდილობს. ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლაში წინათ მიღებული მემარცხენე დემოკრატიული ფრაზეოლოგიისაკენ ბრმად მიდრეკილი დასავლური პოლიტიკური აზროვნება, ახლა ავტომატურად, უცხო ცივილიზაციათა თანაარსებობის სოციალური კანონების შესაბამისად, უახლოვდება მახინჯ «ავტორიტარულ რეჟიმებს» და ახმადინეჟადის თუ მუგაბეს მსგავსი «პრეზიდენტების» რიტორიკას. სწორედ ჩემი მეგობარის ეს უნარი, დაენახა მოვლენის «უბრალო», შინაგანი არსი, მაოცებდა მაშინ, ათწლეულების წინ, და მაოცებს დღესაც.

ჭალიძე საუბრობს «ცივილიზებული სამყაროს» დანაშაულის გრძნობაზე იმ ხალხის წინაშე, რომელმაც ამ ცივილიზაციას სულიერი საფუძვლები ჩაუყარეს.

თუმცა ისრაელს «არსებობის უპირობო უფლებაზე» ჭალიძემ პირველად მოსკოვში ჯერ კიდევ 1970 წელს განაცხადა. ძნელია თავის შეკავება და ამის არ მოყოლა.

1960-ან წლებში რუსეთში ზნეობრივი წინააღმდეგობის მოძრაობა გაჩნდა, რომელსაც შემდეგ ლიტერატურაში «დისიდენტური მოძრაობა» უწოდეს. 1960-ანი წლების მეორე ნახევარში «ებრაული დისიდენტობაც» გაჩნდა. ტყუილის არ თქმის სურვილი - ეს არაა მსოფლმხედველობა, ეს სულიერი მდგომარეობაა, რომელიც გარკვეულ საზოგადოებრივ ვითარებაში აჯანყებად აღიქმება. დისიდენტობაში მთავარი მოქმედების გაბედვაა. ეს ადგომა და თქმაა. და საკუთარი თავის დასახელებაა. დისიდენტობა არ გაჩენილა როგორც მხოლოდ იდეოლოგიური რეალობა და კონცეფციათა ერთობლიობა. უპირველეს ყოვლისა, ის რეჟიმისათვის წინააღმდეგობის გაწევაა, ჯანყის პოზიციაა.

გააფთრებული ანტისიონისტური და ანტისემიტური დევნის ატმოსფეროში (ხანდახან ისე სჩანდა, თითქოს საბჭოთა კავშირს მხოლოდ ერთადერთი მტერი ჰყავდა – ისრაელი), სახალხოდ გამოთქმული ერთგულება სიონიზმისადმი, ისრაელისადმი, ებრაელობისადმი, აღიქმებოდა როგორც თავხედური გამოწვევა და საბჭოთა სახელმწიფოსათვის ომის გამოცხადება.

1970 წლის 4 მარტს, სახელმწიფოებრივი ანტისემიტიზმის ბრალდებასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ ნაჩქარევად მოაწყო «გაწვრთნილ ებრაელთა» სატელევიზიო პრეს-კონფერენცია, რომელიც დასავლეთში პირველი საჯარო სიონისტური განცხადების - «ექვსთა წერილის» გამოქვეყნებას დაემთხვა. ეს წერილი პოლემიკურად იყო წამახული გაზეთ იზვესტიაში» გამოქვეყნებული ანტისიონისტური წერილების წინააღმდეგ და მან «ზევით“ სერიოზულად შეაშფოთა.

მასობრივი ინფორმაციის უცხოურ საშუალებებში გამოქვეყნებულ პირველ ღია წერილებს შორის, ლიდირებდა «ოცდაცხრამეტის წერილი». მისი დაწერის ისტორია აღწერის ღირსია.

1970 წლის 4 მარტს, სახელმწიფოებრივი ანტისემიტიზმის ბრალდებასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ ნაჩქარევად «გაწვრთნილ ებრაელთა» სატელევიზიო პრეს-კონფერენცია მოაწყო, რომელიც დასავლეთში პირველი საჯარო სიონისტური განცხადების - «ექვსთა წერილის» გამოქვეყნებას დაემთხვა. ეს წერილი პოლემიკურად იყო წამახული გაზეთ «იზვესტიაში» გამოქვეყნებული ანტისიონისტური წერილების წინააღმდეგ და მან «ზევით» სერიოზულად შეაშფოთა.

სამარცხვინო სატელევიზიო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს არკადი რაიკინმა, ბისტრიცკაიამ, გენერალმა დრაგუნსკიმ, მაშინდელმა მინისტრმა დიმშიცმა. ამ წარმოდგენას ტელევიზორით ვუყურებდით. რაიკინი ისე მოძრაობდა და ბლუყუნებდა, თითქოს ინსულტი ახლახანს გადაიტანა. ბისტრიცკაია "წყნარი დონიდან" აქსინიას თამაშს აგრძელებდა და ყველაფრით აჩვენებდა, რომ არც კი ესმის თუ რას ნიშნავს სიტყვა «ისრაელი», რაღაც სისულელე. დიმშიცი საბჭოთა ებრაელების მიღწევებზე რაღაცას საქმიანად ბუტბუტებდა და მაგალითად საკუთარი თავი მოჰყავდა: ებრაელი მინისტრი - აბა კიდევ რაა საჭირო? განსაკუთრებით გულმოდგინეობდა გენერალი დრაგუნსკი. მკაფიოდ იგრძნობოდა, რომ ხელისუფლება ამ საერთო-საკავშირო სპექტაკლზე დიდ იმედებს ამყარებდა და ამ იმედების განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებდა.

სასწრაფოდ შევუდეგით პრესისათვის პროგრამული წერილის შედგენას. დავიყავით ჯგუფებად, რათა შემდეგ შევკრებილიყავით და ყოველი ჯგუფის ნაწერისაგან საუკეთესო პასაჟი აგვეღო.

გაქანებული ეპისტოლარული შემოქმედების დროს, ვალერის ზარი გაისმა: «მოდი». მასთან მივედი. მან მითხრა, რომ მთელი ღამე არ უძინია, რომ ჩვენს გამო, ებრაელების გამო გული სტკივა და ამ (სატელევიზიო) სპექტაკლის შესახებ წერილი დაწერა. მითხრა, რომ მისი აზრით, წერილი მოგვეწონება და თუ ებრაელები მასზე ხელს მოაწერენ, ამას მისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

წერილი წავიკითხე და მიხვდი, რომ ჩვენ ჭალიძეს ვერ მივწვდებით, ასეთ წერილს ვერ დავწერთ. ის ისე დაწერილი იყო, რომ მას ხელს ყველა მოაწერდა. ის იურიდიულადაცაა დასაბუთებული და იმავე დროს, მასში შინაგანი სიმტკიცე და საკუთარ სიმართლეში რწმენაცაა. ეს გახლდათ შემდგომში სახელგანთქმული «ოცდაცხრამეტის წერილი».

აქ უნდა შევჩერდე და ვალერი ჭალიძის პიროვნებას მივუბრუნდე. პროფესია - ფიზიკოსი. მეცნიერებათა კანდიდატი. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ თბილისში. 1960-ანი წლების შუა ხანებიდან აქტიურად მონაწილეობდა მოძრაობაში ადამიანის უფლებებისათვის. ა. დ. სახაროვთან და ა. ტვერდოხლებოვთან ერთად, საბჭოთა კავშირში დაარსა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი.

1968 წლიდან გამოსცემდა თვითგამოცემით («სამიზდატი») ჟურნალს - «თანამედროვე პრობლემები», რომელიც არ ყოფილა ანონიმური, მასში მითითებული იყო რედაქტორის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, რაც საბჭოთა კავშირის მაშინდელ პირობებში ფანტასტიკურ მოვლენად სჩანდა. 1972 წელს ის საბჭოთა კავშირიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნა გაძევებული, ჩამოერთვა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დააარსა საკუთარი გამომცემლობა («ჭალიძის გამოცემები»)...

1968 წლის შემოდგომაზე, ვალერი ჭალიძემ, თავისთან, «სივცევ ვრაჟეკზე» დაბადების დღეს წვეულება გამართა, რომელსაც საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა დისიდენტი ესწრებოდა. აკლდნენ მხოლოდ უკვე დაპატიმრებულნი, როგორც მაგალითად მისი მეგობარი პაშა ლიტვინოვი, რომელიც წითელ მოედანზე გამოსვლის გამო იქნა დააპატიმრებული.

პეტია იაკირი ხუმრობდა: «ვალერი! შენთან ჭერი რომ ჩამოინგრეს, რუსეთის სწრაფი რევოლუციის იმედს დამარხავს!" ამ დაბადების დღეზე პირველად ვნახე რამდენადმე დარცხვენილი სახაროვი, რომელიც მთელს ამ საზოგადოებას ინტერესით უსმენდა და აკვირდებოდა...

ჩვენს წერილს დავუბრუნდები. ავდექი, ჭალიძეს თავი დავუკარი და ვუთხარი, რომ ხალხის მოსაგროვებლად გავრბოდი. შესაკრებად მოსკოვის ცენტრში მცხოვრები დავიდ დრაბკინის ბინა ავირჩიეთ.

დრაბკინი წერილს კითხულობს და აღფრთოვანით წარმოსთქვამს:
- ბრწყინვალეა! ეს სასწაული შენ როგორ დაწერე?
- არა, მე არა..
- მაშ ვინ ?
- ეს ვალერი ჭალიძემ გვაჩუქა...

როგორ გადავრჩი ცოცხალი? მომეჩვენა, რომ დრაბკინი ბულგაკოვის აზაზელოს მსგავსად, ფარდაზე ახტა, მასზე დაეკიდა და იქიდან მთელი თავისი გიჟური ძალით გააფთრებით მეცა: «შენ ებრაელი ხალხის ვიღაც გოებისთვის მიყიდვა გინდა! ჩვენ რა, ჩვენი საქმეების გაძღოლა თავად არ შეგვიძლია?! ეს როდიდან დაიწყეს გოებმა ჩვენი სწავლება?!»

ვუსმინე, ვუსმინე და ნელ-ნელა ავდუღდი და როდესაც ის ღრიალს მორჩა, მე ავღრიალდი: «აი რას გეტყვი დრაპა, ეს გოები რომ არა, აქამდე განავალში ვისხდებოდით! ვიფიქრებდით, რომ თქმა გვინდა და ვიცით როგორ უნდა ითქვას, მაგრამ რატომღაც არ გამოვდივართ და არ ვამბობთ: «მე ეს და ეს ვარ და გიმიშვით!» ჩვენ ხომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია! ჩვენ ხომ მათგან ვსწავლობთ! ეს ერთი. მეორე, ჩვენ ისე დაწერა არ შეგვიძლია, როგორც ჭალიძე წერს! ჩვენ მისნაირები არ გვყავს! შენ იცი ჭალიძე ვინაა? ესაა პოლონეთისა და საქართველოს ფეთქებადი ნაერთი! ეს ხომ ბომბაა! ეს ყველაფერი ერთადაა! ის განდეგილად ცხოვრობდა ყარა-ყუმის უდაბნოში, ცეცხლს ამრეკლავით ანთებდა და ქვიშებში წყალს პოულობდა! და იმის მაგივრად, რომ მადლიერი იყო, რომ ჩვენი გულშემატკივარი ასეთი ადამიანი არის, რომელიც თავისი წერილის ჰონორარად მასზე ჩვენს ხელმოწერებს თვლის, ჟიდურად წვინტლებს უშვებ შენი ბღავილით! მოაწერე ხელი ან ჯანდაბაში წადი!» ის მოულოდნელად გაჩუმდა, წერილს ხელი სტაცა და იქვე პირველმა მოაწერა ხელი.»

როდესაც წერილს ხელი ყველამ მოაწერა, «ვაშინგტონ პოსტის» კორესპონდენტთან - ფრენკ სტართან შეხვედრაზე გავვარდი... იმავე ღამეს წერილი რადიო «თავისუფლებამ» გადმოსცა
.

ორი დღის შემდეგ, ზოგიერთი «ხელისმომწერი» კგბ-ში დაიბარეს - ხალხთან მუშაობა დაიწყეს. მოსკოვთან ახლოს სასწრაფოდ სემინარიის მოწყობა მოგვიხდა, რომელზეც გასაგებად, თეატრალური ფრაგმენტების გამოყენებით, ჩვენი ხალხისთვის (ტოლია იაკობსონის ირონიული გამოთქმით «ჩვენი ნახირისათვის») დაკითხვაზე მოქცევის წესების ახსნა მოგვიხდა. სემინარის თეორიული საფუძველი ესენინ- ვოლპინის შესანიშნავი ბროშურა და კონფერენციის მომწყობთა ციხურ-ბანაკური გამოცდილება იყო.

ვალერის მეთოდი სადღაც სოკრატეს მეთოდთან ასოცირდება. სოკრატემ თავისი საზოგადოების გამოსწორება ვერ მოახერხა, მაგრამ მისი შემთხვევა კაცობრიობის კოლექტიურ გამოცდილებაში, პარადიგმის სახით შევიდა. ვალერის მიერ, აბსოლუტურად უსამართლო საზოგადოებაში სამართლებრივი შეგნების დანერგვის მცდელობამ, საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა სახელმწიფო მონსტრის უარყოფას, და ბოლოს და ბოლოს, მის დაღუპვას.»

ეხლა შევწყვიტოთ თელ-ავივის ლიტერატორთა კლუბის მასალებში ნაპოვნი ეს შესანიშნავი მოგონება და ბევრად უფრო ნაკლებად სასიამოვნო ამბებზე - ვალერი ჭალიძის ამერიკაში გაგდების მიზეზების ამხსნელ ზოგიერთ ფაქტს მივაყურადოთ.

პერესტროიკა უკვე 1960-ანი წლებიდან მზადდებოდა, იმ დროიდან, როდესაც დიდმა კოსიგინმა (რა თქმა უნდა, საბჭოთა უშიშროების ნებართვით თუ განკარგულებით), თავისი ქართველი სიძე - ძერმენ გვიშიანი რომის კლუბში შეაგზავნა და ავსტრიაში და საბჭოთა კავშირში შექმნეს პერესტროიკის გამტარებელთა კადრების აღმზრდელი მთელი ინსტიტუტები, რომელთა ხელმძღვანელიც სწორედ ეს გვშიანი იყო. (ძერმენ გვიშიანის მამა კგბ-ს გენერალი იყო და ჩეჩნების და ინგუშების შუა აზიაში გადასახლებას ხელმძღვანელობდა. უშუალოდ მისი ბრძანებით გადაწვეს ჩეჩნური სოფელი ხაიბახი მის მშვიდობიან დედაბრებთან, ბერიკაცებთან, ქალებთან და ბავშვებთან ერთად, გ.მ.).

ამ პირობებში, რა თქმა უნდა, საბჭოთა ხელისუფლებას არა მხოლოდ ებრაელებზე მზრუნველი ვალერი ჭალიძე თვალში არ მოსდიოდა, იქვე იყო საბჭოთა ატომური პროექტის ხელმძღვანელის - ლავრენტი ბერიას ფრთის ქვეშ წამოჩიტული საბჭოთა წყალბადის ყუმბარის შემქმნელი აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი.

ეს ანდრეი დმიტრიევიჩ სახაროვი ვალში არ დარჩა და პერესტროიკა უკვე დაწყებული იყო, როდესაც განაცხადა, რომ «მთელს საბჭოთა პარტიულ აპარატში, ყველაზე ნაკლებად გაყიდულები და გარყვნილები ანუ ყველაზე პატიოსნები, კგბ-ს მუშაკები იყვნენ.» ამაზე, ვინმე ანატოლი ფიოდოროვმა 2012 წლის რუსულ ჟურნალ – «ზნამია»-ს , მე-8 ნომერში დაწერა.

აქ კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ დამატებით ერთ საგულისყურო ფაქტზე შევჩედებით.

ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური მწერალი და პუბლიცისტი ალექსანდრე ფიტცი, რომელიც ახლა მიუნხენში ყოველკვირეული გამოცემა «რუსული გერმანია / რუსული ბერლინის» კოლუმნისტად მუშაობს, თავის წერილში «სიტყვას ვიტყვი ბეჩავ დისიდენტებზე» აი რას სწერს: «რაც შეეხება ყოვლისშემძლე კგბ-ს, მას «თავისუფლად მოაზროვნეებთან» სავსებით თავისებური ურთიერთობა ჰქონდა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ პოეტ ევგენი ევტუშენკოს და გორკში გადასახლებულ აკადემიკოს ანდრეი სახაროვს, ჰქონდათ პირდაპირი ტელეფონი, რომელიც მათ აკავშირებდა... კგბ-ს შეფ იური ანდროპოვთან და საჭირო შემთხვევებში ტელეფონით დარეკვის უფლება. ჰქონდათ და რეკავდნენ კიდეც! და არა მხოლოდ ისინი.»

მოკლედ რომ ვთქვათ, პერესტროიკა მწიფდებოდა, ბერიას ხელქვეით აკადემიკოს სახაროვს საქართველოს სტალინის მიერ შექმნილ მცირე იმპერიად გამოცხადება ევალებოდა. ამ სცენარში, სიონისტი ებრაელებისათვის დახმარების გამწევი ქართველი ვალერი ჭალიძე არ ჯდებოდა. ებრაელების დახმარებისათვის ლუბიანკა მას ნობელის პრემიაზე არ წარადგენდა. მისი საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს კი, აკადემიკოსი სახაროვის საბჭოთა დემოკრატიის ერთადერთ უპირობო ლიდერად გამოცხადება გაჭირდებოდა. ისარგებლეს იმით, რომ ჭალიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწვევით ლექციებს კითხულობდა და საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დამცველი პირველი კომიტეტის შემქმნელს, საბჭოთა პასპორტი იქვე ჩამოართვეს და ამერიკაში ჩატოვეს.

აშშ-ში ვალერი ჭალიძემ შესანიშნავი გამომცემლობა შექმნა, რომელშიც დღემდე მოღვაწეობას. ის არ გახლავთ საბჭოთა სამხედრო დაზვერვის - გრუ-ს მიერ მოსკოვთან ბალაშიხაში გაწვრთნილი არაფატი, ნობელის პრემიას არავინ მისცემს, გულით მადლიერების გამოხატვას კი წინ არაფერი უდგას.

გიორგი მარჯანიშვილი
საფრანგეთი, 2013 წელი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage