მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ექვთიმე თაყაიშვილი: სამუსულმანო საქართველო
სამუსულმანო საქართველოს ეხლა, დიდი ომის შემდეგ, შეადგენს თითქმის მთელი ბასეინი ჭოროხის მდინარისა, პატარა პროვინციის გამოკლებით აჭარისტანისა ქალაქ ბათუმითურთ, ზემო წელი მდინარე მტკვრისა, ყოფილი არდაგანის "ოკრუგი" ყარსის ოლქისა, და ფოცხოვის "უჩასტოკი" მტკვრის შემდინარის ფოცხოვის წყლის ბასეინში, რომელიც წინეთ არდაგანისავე "ოკრუგ"-ში შედიოდა.

უკანასკნელ მსოფლიო ომამდის ოსმალეთის ხელთ იყო მხოლოდ ზემო და შუა წელი ჭოროხის მდინარისა თორთუმის ხეობითურთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილი ბასეინისა, სახელდობრ, ჭოროხის მარჯვენა შემდინარის ოლთისის წყლის ბასეინი და ქვემო წელი ჭოროხისა ეკუთვნოდა რუსეთს, უკანასკნელი ადმინისტრატიულად წარმოადგენდა ბათუმის ოლქს, ხოლო პირველი, ოლთისის წყლის ბასეინს, ოლთისის "ოკრუგს" ყარსის ოლქისა.

ძველად მთელი ჭოროხის ბასეინი შეადგენდა სამ დიდ პროვინციას - კლარჯეთს, ტაოს და ისპირს. საზღვრები ამ პროვინციებისა ზოგჯერ იცვლებოდა. მაგრამ საზოგადოდ კლარჯეთი შეადგენდა, ფართო მნიშვნელობით ამ სახელისა, ქვემო წელს ჭოროხის ბასეინისა და დაახლოებით უდრიდა ყოფილ ბათუმის ოლქს სოფელ მელომდის.
კლარჯეთში შედიოდა თვით კლარჯეთი, ვიწრო მნიშვნელობით ამ სახელისა, შავშეთი, იმერხევი, ნიგალისხევი და, უნდა ვიფიქროთ, აჭარაც. ნიგილისხევი განცალკევებული ხევი კი არ იყო, არამედ ეს სახელი ეწოდებოდა თვით ჭოროხის ბასეინის ნაწილს, თვით ჭოროხის ხეობას, რომელიც დაახლოებით უდრიდა ართვინის "ოკრუგის" ტერიტორიას და შეიცავდა ორივე ნაპირს ჭოროხის მდინარისა: ამასვე ამოწმებს ჩვენი სახელოვანი ბატონიშვილი ვახუშტი, რომელიც სწერს: "ჭოროხის მდინარის აღმოსავლეთის კიდეზედ არს ართვანი, ქალაქი მცირე, მოსახლენი არიან ვაჭარნი, და ამ ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს სამზღვრამდე, ჭოროხის ხეობის იმერი და ამიერი იწოდება ლიგანის ხეობად". 1 იგივე იგულისხმება, როდესაც ვახუშტი ანჩის ეპისკოპოსის სამწყსოს განმარტავს: "იჯდა (ანჩას) ეპისკოპოზი მწყემსი ლიგანი ჴევისა გაღმა-გამოღმართის: გონიამდე, ფორჩხის ხეობისა და აჭარისა"2. სახელი ლიგანისხევი ოსმალებმა ლივანე-დ ანუ ლივანა-დ შეცვალეს. გ. ყაზბეგის ცნობით, ლივანი იწყებოდა მდინარე ჩაირსუ-დან, რომელიც ერთვის ჭოროხს ბორჩხასთან (ვახუშტის ფორჩხი) 3. ინგლისის კონსულის ვ. ჯიფფორდ პალგრევის სიტყვით, ლივანი ერთი საუკეთესო, მდიდარი და ნაყოფიერი პროვინცია იყო ტრაპიზონის ვილაეტისა, ჭოროხის ორივე ნაპირზე (უფრო მარცხენაზე) მდებარე, სიგრძით 80 მილი და სიგანით 35 მილი; მისი სავაჭრო და ადმინისტრატიული ცენტრი: იყო ლივანე ანუ ართვინი 4. ერთი ვაჭრის ცნობით, რომელსაც დ. ბაქრაძე გადმოგვცემს, ლივანში პარხალიც შედიოდა. 5. ლივანი ლიბანა-ს სახით ეხლაც დაცულია. ეს არის ერთი სოფლის სახელი, ანუ უკეთ ვსთქვათ, სოფელი ჩიხორის უბნის (მეჰლე-ს) სახელი (მარრის დღიური, გვ. 79). კლარჯეთში შედიოდა კიდევ ეგრი, რომელსაც იხსენიებს უსახელო სომხური გეოგრაფია. ეს სახელი, ჩვენის აზრით, უდრის ეხლანდელს სოფელს ერგი-ს ანუ ერგეს, ჭოროხის პირზე, ათი კილომეტრის სიშორით ზღვიდან.

ფოტოზე: ისტორიკოსი, ფილოლოგი, არქეოლოგი, პოლიტიკოსი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ერთ-ერთი პირველი პროფესორი, პოლიტემიგრანტი, საქართველოში სამოზეუმო საქმის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექვთიმე თაყაიშვილი - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (1863 - 1951)

ამ ადგილას ჭოროხი გამოდის ვიწორ ხეობიდან, ქმნის ფართო კალაპოტს და მიმდინარეობს კახაბერის დაბლობში. აქ თავდებოდა ნიგალის ხევი და იწყებოდა ეგრი. რომელიც შეიცავდა, ალბათ მთელს კახაბერის დაბლობს ზღვამდის. ცხადია, იმ დროს, როდესაც სომხური გეოგრაფია არის შედგენილი (ზოგის აზრით მეხუთე საუკუნეში, ზოგის მეშვიდე საუკუნეში), აქ მეგრელები ცხოვრობდენ და ეს მხარე საეგროს შეადგენდა, სამეგრელოს ნაწილი იყო. "ქართლის ცხოვრება"-ც კლარჯეთის საზღვრებს უჩვენებს არსიანის ქედიდან ზღვამდე. კლარჯეთი ეხლა ცალკე სოფელსაც ჰქვია, არტანუჯის რაიონში, სოფელ ტანზოტის მახლობლად, ამ სოფლის დასავლეთით მშვენიერი ციხეც არსებობს ორი კოშკით და მახლობლად ეკლესიის ნანგრევებია დაცული (მარრის დღიური, გვ. 107).

ისპირს შეადგენდა ზემო და შუა წელი ჭოროხისა. ხოლო ტაოს მთელი დანარჩენი ნაწილი, ესე იგი სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილი ბასეინისა, ყოფილა ოლთისის ოკრუგი, თორთუმი, იშხანი და სხვა: მაგრამ ვინაიდან ისპირი ხშირად ტაოში შედიოდა, მთელი ჭოროხის ბასეინი ჩვენს ისტორიაში ცნობილი იყო ტაო-კლარჯეთად.

მდინარე ჭოროხი

მდინარე ჭოროხი, რომელიც თავის შემადგენლობითურთ არის სიცოცხლის მიმცემი მთელი ტაო-კლარჯეთისა, იწყება სომხეთის მაღალ პლატოზე ანუ, უკეთ ვთქვათ, ამ პლატოს მთების კვანძში, ერზერუმისა და ბაიბურთის შუა, აქვე აქვთ სათავე მდინარეებს - ევფრატს და არეზსაც, მაგრამ ესენი სხვადასხვა მხრით მიემართებიან. ევფრატი ეკუთვნის სპარსეთის ზღვის ყურეს, არეზი უერთდება მტკვარს მის ბოლოწელში და მტკვართან ერთად ეკუთვნის კასპიის ზღვის ბასეინს, ხოლო ჭოროხი შავი ზღვის ბასეინს.

მიმდინარეობა ჭოროხისა ერთობ უსწორმასწოროა. თავიდან ის მიემართება დასავლეთისაკენ, მაგრამ ქალაქ ბაიბურთიდან ჯერ იწყებს დენას ჩრდილოეთით, შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთით; ოლთისის წყალის შერთვის შემდეგ მიიქცევს პირს ჩრდილოეთით; ხოლო აჭარისწყალის შერთვის შემდეგ მიემართება ჩრდილო-დასავლეთისაკენ, გამოდის კახაბერის დაბლობზე და შეერთვის შავზღვას რვა კილომეტრის სიშორით ქალაქ ბათუმიდან. შესართავთან ის ქმნის რამოდენიმე ჭალაკს, დელტას.

ჭოროხი მთის მდინარეა. განი მისი კალაპოტისა არსად არ აღემატება 200 საჟენს და საზოგადოდ შეიცავს ასიდან ორმოცდაათ საჟენამდე. ზოგჯერ ჭოროხი იკვლევს გზას სულ ვიწრო კლდის ნაპრალებში და მაშინ მისი განი სულ მცირეა. მაგალითად, ართვინის ხიდთან განი მდინარისა უდრის 12 საჟენს, სიღრმე წყლისა სხვადასხვაა, მაგრამ საზოგადოდ სამს მეტრს არ აღემატება. ართვინიდან ჭოროხზე ნაოსნობა იწყება, მაგრამ ნავები ბრტყელძირიანებია, კაიუკები, და ბათუმამდის სულ 5-6 საათში ჩამოდიან, ხოლო უკანვე მათ ზემოთ ატანას რამოდენიმე დღე უნდება და ისიც საჭეების საშვალებით.


ფოტოზე: მდინარე ჭოროხის აუზი

ჭოროხის შემდინარე წყლები ერთობ მრავალია. მარცხენა შემდინარენი იწყებიან პონტოს ქედიდან; ამათი სიგრძე არ აღემატება 30-40 კილომეტრს, კლდოვან ვიწრო კალაპოტებში მომდინარეობენ დიდის სისწრაფით, კიდეები ტყიანი აქვთ. ასეთებია: პარხალის-წყალი და მისი შემდინარენი - არმენხევი და კობაკი, შემდეგ ბეღლევანი, იჩხალა, მურღული და ხატილა. უკანასკნელი ოთხი ბათუმის ოლქს ეკუთვნოდა წინათ. მარჯვენა შემდინარენი ჭოროხისა ბევრად უფრო გრძელნი და დიდრონი არიან: მათ შორის აღსანიშნავია აჭარის-წყალი, 70 ვერსი სიგრძით, ერთვის ჭოროხს 15 ვერსის სიშორით მისი ზღვაში შესართავიდან.

აჭარის-წყლის აუზი შესდგება თვით თავი აჭარის ხევიდან და შვიდი გვერდის ხეობითგან. შემდეგი შემდინარე არის მაჭახელის-წყალი, 35 ვერსი სიგრძით ერთვის ჭოროხს ოთხი ვერსის ზემო აჭარის-წყლის შესართავიდან. ეს ჰქმნის მკაცრ ხეობას (ამ ხეობას წინეთ მიჭიხიანი ეწოდებოდა); განთქმული იყო საუცხოო იარაღების (თოფების, დამბაჩების) კეთებით (აქაურ თოფს გურიაში მაჭახელა ერქვა).

შემდეგი დიდი შემდინარე არის იმერხევი, 70 ვერსი სიგრძით; ამის ზემოწელი ცნობილია შავშვეთის წყლად, რომელიც ძველად იმერხეის სახელსაც ჰფარავდა. იგი ერთვის ჭოროხს ათი ვერსის ზემოთ ართვინისა. იმერხევს მარჯვნივ ერთვიან ბაძგირეთი, ჩიხორი, ახალთა და ბერთა, რომელნიც კარჩხალის ქედიდან გამოდიან და სიგრძით თვითეული არ აღემატება 20 ვერსს. მარცხენა შემდინარეთა შორის იმერხევისა აღსანიშნავია სათლელის წყალი 35 ვერსის სიგრძით, ერთვის იმერხევს სოფელ დოლისყანის ზემოთ. მარცხნივ არტანუჯის წყალს ერთთვის ქალაქ არტანუჯთან ტანზოთი. საზოგადოდ იმერხევის დიდი აუზი შეადგენს დიდს რაიონს შავშეთ-იმერთხევისა, რომელიც შემოზღუდულია ქედებით - არსიანის, კარჩხალისა და იალნუსჩალისა და იყოფა ორ ნაწილად, მთიანისა და უფრო სწორისა; პირველს შეადგენს ზემოწელი იმერხევისა, მეორეს ქვემო ნაწილი. ყველაზე უფრო დიდი შემდინარე ჭოროხისა მარჯვნით არის ოლთისის წყალი, 145 ვერსი სიგრძით; გამოდის სევრიდაგის მთიდან და თავისი მრავალრიცხოვანი შემდინარეებით ჰქმნის დიდს ბასეინს.

მარჯვნივ მას ერთვის ბანას წყალი, 52 ვერსი სიგრძით. ბანას წყლის შემდინარედ ითვლება ბარდუსის წყალი, 66 ვერსი სიგრძით. შემდეგ ოლთის წყალს ერთვის ყანლის წყალი, 48 ვერსი სიგრძით, და სალჩურის წყალი, 28 ვერსი სიგრძით. მარცხენა შემდინარეთა შორის საყურადღებოა სევრის წყალი და თორთუმის წყალი. თორთუმის წყალი ჰქმნის თორთუმის ტბას, რომლიდანაც გადმოჰქუხს ლამაზის წყალვარდნით; შუა ნაწილი ოლთისის წყლის აუზისა, ასი ვერსის სიგრძით, მსოფლიო ომამდის ეკუთვნოდა რუსეთს და შეადგენდა ოლთისის ოკრუგს ყარსის ოლქისა.

თვისებანი ჭოროხის ბასეინისა

ჭოროხის ბასეინი წარმოადგენს განსაკუთრებით სასტიკ მთიანეთის მხარეს; ის შემოზღუდულია თითქმის ყოველი მხრიდან წყალგამყოფი მაღალი ქედებით და მხოლოდ პატარა ნაწილი ეკვრის შავ ზღვას ციხისძირიდან კომპუშის კონცხამდე. აღმოსავლეთის მხრიდან მას საზღვრავს მაღალი ქედები არსიანისა და სოღანლუღისა, რომელნიც ამ მხარეს გამოყოფენ კასპიის ზღვის ბასეინიდან.

სამხრეთით მთელი რიგი მაღალი ქედებისა სხვადასხვა სახელით მიიმართებიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, არზრუმის და ბაიბურთის მიმართულებით, და გამოჰყოფენ ჭოროხის ბასეინს არეზის ბასეინიდან, დასავლეთით მას ზღუდავს ბაიბურთის ანუნისპირის მთები, რომელნიც ბოლოს ქმნიან ცნობილს ზეკარს, გურჯი-ბოღაზად, ესე იგი საქართველოს კარგად წოდებულს, ჩრდილოეთის მხრით ამართულია მაღალი პონტოს ქედი, სიგრძით 675 ვერსამდის, რომელიც ყოფს ჭოროხის ბასეინს შავი ზღვისაგან. ეს ქედი იწყება მდინარე იეშილ-ირმაკის ქვემოწელიდან (ძველი ირისი), მახლობლად სამსუნისა და ნიკსერისა. თავში ის ჰყოფს შავ ზღვას იეშილ-იერმაკის და კაზილ-ირმაკის (ძველი ჰალისი) შემდინარეებისაგან და შემდეგ ჭოროხისაგან. პონტოს ქედის გაგრძელებად უნდა ჩაითვალოს კარჩხალის ქედი, რომელიც გამოყოფილია პონტოს ქედიდან ვიწრო ჭოროხის ნაპრალით. კარჩხალის ქედიც მიიმართება სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთად, 40 ვერსის მანძილზე და უერთდება შავშვეთის ქედს. ამიტომ ზოგიერთები კარჩხალის ქედს გულისხმობენ, როგორც გაგრძელებას შავშვეთის ქედისა. ამას გარდა, ჩრდილოეთის საზღვარს ჭოროხის ბასეინისა შეადგენს კიდევ აჭარის ქედი, რომელიც თავდება ციხისძირთან.

ციხისძირიდან პონტოს ქედის შტოის კომპუშის კონცხამდე, საიდანაც მსოფლიო ომის წინათ იწყებოდა რუს-ოსმალთა საზღვარი, ჭოროხის ბასეინი ეკვრის შავ ზღვას 40 ვერსის მანძილზე. ყველა ჩამოთვლილი წყალ-გამყოფი ქედები გამოყოფს აუარებელ მკლავებს და ქედებს, ზოგჯერ ფრიად დიდებს, რომელნიც ეხლებიან ერთიმეორეს, იკვანძებიან ერთიმეორეში და ჰქმნიან დიდრიცხოვან ღრმა ხევებს, ღელეებს. ხრამებს და ნაპრალებს. სწორი ადგილი ცოტაა, საძოვრები უამრავი, ზოგ ადგილას სჭარბობს ტყეები: მაგალითად, ყოფილ ბათუმის ოლქში ორი მესამედი სივრცისა უჭირავს ტყეს. ჰავა სხვადასხვაა და დამოკიდებულია ადგილის სიმაღლეზე. ღრმა ხევებში, რომელნიც სულ მოცულია ბაღებით, ისე თბილა, რომ ზოგჯერ თოვლი სულ არ არის, მაგრამ მთებზე საკმაოდ დიდხანს სძლებს და ადრეც მოდის.

მოკლე ისტორია ჭოროხის ბასეინისა

ისტორია ჭოროხის ბასეინისა ერთობ რთულია. აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ხალხები: ქართველები, სომხები, ბიზანტიელები, სპარსელები, არაბები, თათრები-სელჯუკები, თარები-ოსმარები და სხვა.

იცვლებოდა უფლება ერთი ხალხისა მეორეზე, იცვლებოდა სარწმუნოება, ენა და განათლება. სპარსელებს, არაბებს და სელჯუკიანთ არავითარი თვალსაჩინო კვალი არ დაუტოვებიათ ამ მხარეში. დიდია გავლენა ბერძნებისა, ესე იგი ბიზანტიისა, და კიდევ უფრო მეტი სომხებისა. თავდაპირველი მკვიდრნი ჭოროხის ბასეინის, ნ. მარრის ტერმინოლოგიით, იყო თუბალ-კაინის მოდგმისა, ესე იგი შესდგებოდა ჭან-ლაზ-მეგრელთა ხალხებისაგან, მაგრამ ესენი იყვნენ მარტო ერთი ნაწილის კლარჯეთ-ისპირის - მცხოვრებნი, ხოლო ტაო-თორთუმი მეორე ქართველთა ტომით, მესხებით იყო დასახლებული. ქსენოფონტე, რომმაც ბერძენთა 10 000 მხედრით IV საუკუნეში ქრისტეს წინ ამ მხარეში გამოიარა, მცხოვრებთ ტაოხებს (ტაოხოი) უწოდებს, ესე იგი ტაოს მცხოვრებთ.

ჭან-ლაზთა ტომს ეჭირა ზემო და შუაწელი ჭოროხისა და ორივე მხარე პონტოს ქედისა, შავი ზღვიდან ჭოროხის მდინარემდე; შემდეგ მათი მოსახლეობა გავრცელებული იყო ისპირიდან ტრაპიზონამდე და მის არემარემდე, და ეს დასავლეთის ადგილი იწოდებოდა ქალდეად და მცხოვრებნი ქალდელებად ანუ ხალიბებად; ზოგჯერ ეს მხარე ცნობილი იყო ჭანეთად (ბერძნულად ცანიკად) და მცხოვრებნი ჭანებად (ბერძნულად ცანებად). ხოლო ჭოროხის ქვემო-წყლის მოსახლეობას შეადგენდა ლაზ-მეგრელთა ტომი.

ამგვარად, ძველად მთელი ჭოროხის ბასეინი დასახლებული იყო ქართველთა ტომებით, მაგრმ შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. მეორე საუკუნის დასაწყისში ქრისტეს წინ, ანტიოხ დიდის დამარცხების შემდეგ, მისმა სარდლებმა არტაქსიმ და ზრიადრმა, სტრაბონის ცნობით, სომხეთი დაიპყრეს, და ამათ გააფართოვეს სომხეთის საზღვრები მეზობელი ერების, ხალიბების, მოსსინკების და სხვების მიწების შემოერთებით; შემდეგ ტაოც შევიდა სომეხთა ამ სამფლობელოში, ტაიკის სახელით.

აქედან იწყება სომხური ენის გაძლიერება ამ ადგილებში. ქალდეაში, პლინიუს სეკუნდუსის თქით, ჩნდება შერეული ტომის სომეხთ-ქალიბებისა (გენს არმენო-ხალიბეს). ასეთი შერეული მოსახლეობა სომხებ-მესხებისა უნდა ვიგულისხმოთ შემდეგ დროში ტაოშიც.

რაც შეეხება კლარჯეთს, ის ზოგჯერ გადადიოდ სომხების ხელში, მაგრამ არა ხანგრძლივად; ქართველები მას იბრუნებდენ უკან. ჩვენ გვაქვს ცნობა: მეფე მირდატმა, ბაკურის ძემან, მეოთხე საუკუნეში აღაშენა ეკლესია თუხარიის ციხეში, "რამეთუ ჴესა კლარჯეთისასა", უმატებს ქართლის ცხოვრება, "არა იყო ეკლესია". მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა აღაშენა ციხე არტანუჯში. თვით უსახელო სომხური გეოგრაფია, რომელსაც ზოგნი მიაწერენ მეხუთე საუკუნეს, ზოგნი მეშვიდეს, მოგვითხრობს, რომ კლარჯეთი, შავშეთი, ნიგალი (ნიგალის-ხევი), ეგერი (ეგრი) და აჭარა ქართველების პროვინციებს შეადგენდაო. მაგრამ ძველი სომეხთა მოსახლეობის გავლენა კლარჯეთშიაც ცხადად მოჩანს მრავალს გეოგრაფიულს სახელებში.

საერთოდ, არაბების შემოსევამდის, უმეტესი ნაწილი ჭოროხის ბასეინისა სომხეთის მხარეს შეადგენდა. აქ იყო გავრცელებული სომხური ქრისტიანული კულტურა. ხოლო არაბების შემოსევამ უცვალა ფერი ამ მხრეს; მეტადრე მურვანყრუს გალაშქრებამ 730 თუ 731 წელს ძირიანად მოსპო ყველაფერი: სოფლები განადგურდა, ეკლესიები, მონასტრები და ციხეები ნანგრევებად იქცა. ამას დაერთო კიდევ ხოლერა, რომელმაც ბოლო მოუღო ისედაც განადგურებულ მოსახლეობას. ხალხი ამოწყდა; რაც დარჩა ტყეში გაიხიზნა. ამ მდგომარეობაში იყო ქვეყანა, როდესაც აქ მოვიდა თავის სეფეწულით და დიდის ამალით, არაბების მერ დევნილი ქართლის ერისთავი აშოტ დიდი და აქ კლარჯეთში დაემკვიდრა. ეს იყო ქართველთა პირველი ბაგრატიონი. აშოტის მამა, ადარნასე, როგორც საფიქრებელია, იძულებით გადმოხვეწილი თავის საპატრონო ტაო-კლარჯეთიდან, არჩილ მეფის დროს მოვიდა საქართველოში და გახდა მისი ქვეშევრდომი, მისი ვასალი, მიიღო სამფლობელოდ არტანი და შულავერი; მისი ასული ლატავრა შეირთო ცოლად არჩილის შვილმა ჯუანშერმა, შვილი მისი აშოტი გახდა ქართლის ერისთავი. ადრანასემ, როგორც ეტყობა საქართველოში მოიცა ძალა და ჯუანშერისავე სიცოცხლეში დაიბრუნა თავისი კუთვნილება ტაო-კლარჯეთში, ანუ, როგორც ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, "იცვალა ნასამალი კლარჯეთისა, შავშეთისა და აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა და ქვემოსა ტაოსა და აწ ციხეთაგან, რომელი ჰქონდა შვილის-შვილთა ვახტანგ მეფისათა, და შემდგომად მისი წარვიდა ადარნასე კლარჯეთად და მუნ მოკუდა." მაშასადამე, აშოტი დაემკვიდრა თავისი მამის მამულში, ტაო-კლარჯეთში, მოშორებით თბილისის არაბთა საემიროსგან.

ამ ქვეყნის გადარჩენილმა ხალხმა ის მიიღო აღტაცებით და აღუთქვა სამსახური. აშოტმა გამოიჩინა დიდი ენერგია და უნარი თავის სამფლობელოს მოწყობისა. განაახლა არტანუჯის ციხე, რომელიც აშენებული იყო ვახტანგ გორგასლის მიერ, აღმართა შიგ ეკლესია პეტრესი და პავლესი და გააშენა ქალაქი ციხის ქვემოთ; აღადგინა გავერანებული სოფლები, შეიძინა და გააშენა ახლები. არტანუჯი გახდა რეზიდენციად პირველი ბაგრატიონისა. მაგრამ მთავარი კიდევ ის იყო, რომ მან დაიჭირა მჭიდრო კავშირი ბიზანტიასთან, მიიღო ხარისხი კურაპალატისა და ამ სახით გახელმწიფდა ტაო-კლარჯეთში (780-829). აქედან იწყება გაქართველება წინეთ გასომხებული ქართველობისა. ეს პროცესი ისეთი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა წინ, რომ უკვე მეცხრე საუკუნის ბოლოს ეს ქვეყანა ენითაც და განათლებითაც სულ ქართული იყო, და ის გახდა სავანედ ქართული კულტურისა.


ფოტოზე: არტანუჯი — ვახტანგ გორგასლის ბრძანებით აგებული ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთის ცენტრი / დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, ართვინის რეგიონი
ამას ხელი შეუწყო პირველად იმ გარემოებამ, რომ მოსახლეობა აქ შერეული იყო, ქართულ-სომხური, და ქართელობა აქ არასოდეს არ აღმოფხვრილა, მეტადრე კლარჯეთში, მეორედ, ამას ხელი შეუწყო სარწმუნოებამ. დიდძალი სომხობა ამ ქვეყნისა მართლმადიდებელი, ხალკიდონიტი დარჩა და გრიგორიანობა არ მიიღო, მჭიდრო მეგობრული კავშირი ჰქონდა ყოველ საქმეში ქართველობასთან და წირვა-ლოცვა მათი ქართულს ენაზე წარმოებდა, როგორც ბოლო დროს ჩვენში კათოლიკე ქართველებს თავისთავი ფრანგებად მიაჩნდათ, ისე მართლმადიდებელი სომხები ქართველობდენ. სარწმუნოებას ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა დენაციონალიზაციის პროცესში; მესამედ, და ეს მთავარია, ამ პროცესს, უმეტესად ყოვლისა, ხელი შეუწყო ქართულმა საერო და სამონასტრო კოლონიზაციამ, რომელიც იმთავითვე ტალღასავით მოედვა მთელ ტაოკლარჯეთს. ქართლიდან დევნილნი და არაბთაგან შევიწროვებული მოსახლეობა მიილტვოდა ტაო-კლარჯეთში, სადაც სიმშვიდე იყო. აქ მათ ბაგრაგიონთა მფარველობის ქვეშ თავისუფლად შეეძლოთ გაეშალათ თავისი მოქმედება სამეურნეო და სავაჭრო დარგში. ქართლიდანვე დაიძრა სამონასტრო კოლონიზაციაც. ამის მოთავე იყო განთქმული და დაუღალავი ბერი გრიგოლ ხანძთელი (759-861), რომელიც მოვიდა ქართლიდან კლარჯეთში აშოტ დიდის დროს.

გრიგოლს კლარჯეთში დახვდა მარტო ერთი ქართული მონასტერი ოპიზი, ხოლო ბოლო დროს ის გახდა არქიმანდრიტი კლარჯეთის თორმეტი მონასტრისა, რომელთა შორის ხუთი მის მიერვე იყო აშენებული, სხვები მისი მოწაფეების მიერ. ცხოვრება ამ შესანიშნავი მოღვაწისა ეკუთვნის დიდათ ნიჭიერ მწერალს გიორგი მერჩულეს და წარმოადგენს შედევრს არა მარტო ქართველ მამათა ცხოვრებისა, არამედ საზოგადოდ მთელი ქრისტიანული აგიოგრაფიისა.
გიორგი მერჩულეს თხზულება გვიხატავს იმ დროის ცხოვრების სურათს არა მარტო სასულიერო, საეკლესიო ცხოვრებისა, არამედ საეროსაც. აშოტ დიდის და მისი მრავალრიცხოვანი შთამომავლების დროს ტაო-კლარჯეთი აღივსო ეკლესია-მონასტრებით, რომელნიც იმავე დროს შეადგენდნენ კერას ქართული განათლებისა. ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატურისტები და ოქრომჭედელნი. ზოგიერთი მონასტრის ნანგრევებთან დღემდის საკმაოდ კარგად დაცულია ასეთი სემენარიები ფრიად დიდრონი შენობანი. რომელნიც "საოსტიგნედ" ანუ სასადილო შენობებად აღიარებულნი, მაგრამ ეჭვ გარეშე, უფრო სემენარიების შენობებს წარმოადგენენ, ვიდრე სასადილოებს. ყოველ შემთხვევაში ორივე მიზნისთვის უნდა ყოფილიყვნენ განკუთვნილნი. ამ შენობათა გეგმა სამნავიანი ბაზილიკაა, თავისი სვეტებით და ღია კამარებით, მაგრამ ამათ ახლავთ კიდევ ერთი მხრივ, დიდი ზალა, დარბაზი, ტრომპებიანი გუმბათით, გვირგვინით, რომლის ქვეშ წარმოებდა გადაწერა ხელნაწერებისა, ხოლო თვით დარბაზი შეიცავდა ბიბლიოთეკას.

ფოტოზე: ოშკი — X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში, თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში. ოთხ დიდ კათედრალთაგან (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი) პირველი.

ფოტოზე: ოპიზა — XIII საუკუნის ქართული მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ კლარჯეთში / დღევანდელი თურქეთის ტერიტორია
თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტაო-კლარჯეთს ქართული კულტურისათვის, საკმარისია აღვნიშნოთ, უძველესი ტყავის ხელნაწერები, რომელთაც ჩვენამდე მოუღწევიათ და რომელნიც გადაწერილი არიან საქართველოს ყოფილ საზღვრებში და არა უცხოეთში (სინას მთაზე, პალესტინაში, ათონზე და სხვა), ყველა ეკუთვნის ტაო-კლარჯეთის მონასტრებს. პირველი პერიოდიდან ქართული მწიგნობრობისა, ესე იგი მცხეთა-თბილისის პერიოდიდან, რომელიც გაგრძელდა ქრისტიანობის მიღებიდან. მეოთხე საუკუნის ნახევარში, არაბების დამკვიდრებამდე საქართველოში, მეშვიდე საუკუნის ნახევარში, ჩვენამდე ერთ ხელნაწერს ტყავის წიგნს არ მოუღწევია, თუმცა საფიქრებელია, ის პალიმსპსესტის ხანმეტნი ტექსტები, რომელნიც ამ ბოლო დროს გამოქვეყნდა, უნდა ეკუთვნოდენ ამ პირველ პერიოდს, მაგრამ ესენი ფრაგმენტებს წარმოადგენენ და არსად დაცული არ არის არც დრო და არც ადგილი გადაწერისა, უძველესი ქართული მწერლობის ძეგლები ტაო-კლარჯეთმა შეგვინახა.

ამრიგად, მეორე პერიოდში ქართული ისტორიისა, რომელიც გრძელდებოდა მერვე საუკუნის ნახევრიდან მეათე საუკუნის დასასრულამდე ტაო-კლარჯეთი ხდება სავანედ ქართული კულტურისა, ქართული განათლებისა. ამ პერიოდში საქართველო დაკავშირებულია პოლიტიკურად და კულტურულად ბიზანტიასთან. აქედან იწყება ინტენსიური ელინოფილური პერიოდი. ბაგრატიონთა სახლის წევრები იღებენ ბიზანტიურ საკარისკაცო ხარისხებს, მაგისტრისას, პატრიკისა, კუროპალატისა. ეს ხარისხი შთამომავლობით გადადიოდა უფრო ბაგრატიონთა სახლის წევრებზე, ხოლო როდესაც მეფობა განმტკიცდა და საქართველო გაერთიანდა, მეფენი იღებენ უფრო უმაღლესს და უწარჩინებულესს ხარისხებს, ნობილლისმოსსისა, სევასტოსისა და ბოლოს კესსაროსისაც.

დიდათ ვრცელდება ვაჭრობა. არტანუჯი გადაიქცა ცენტრად აღებ-მიცემობისა ბიზანტიასა და აღმოსავლეთს შორის და ეს დამოწმებულია იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენტის მიერ მის წიგნში De administrando imperio.

მთელი ქვეყანა მოცულია კარგად გაკეთებულის გზებით; მოსარწყავი სისტემა არხებისა უაღრესად განვითარებულია. ფერდობები და ხევები მთებისა საუცხოოდ დამუშავებულია და წარმოადგენენ წალკოტებს. მატერიალურ კეთილდღეობას და სიმდიდრეს ამ ქვეყნისა, სხვათა შორის, ამტკიცებს უამრავი სახუროთმოძღვრო ძეგლები, რომლებითაც მოცულია მთელი ეს მხარე და რომელთა ნანგრევებსაც განცვიფრებაში მოჰყავთ მნახველნი თავისი კოლოსალური სიდიდითა და სილამაზით. ბოლოს, თავი მნიშვნელობა ტაო-კლარჯეთისა არის ის ფაქტი, რომ აქედან დაიწყო და გაერთიანდა მთელი საქართველო ბაგრატიონთა დინასტიის მეთაურობით. ეს იყო ხანგრძლივი პროცესსი.

საქმე ის არის, რომ არაბთა საემიროს დამკვიდრების გამო, თბილისში, ქართლის ცენტრში, ტაო-კლარჯეთი არ იყო მარტო ერთი განცალკევებული სამფლობელო, რომელიც შორეულ საქართველოს საზღვარზე დაარსდა. ამავე დროს გაჩნდა საქართველოს აღმოსავლეთის მიჯნაზე კახეთის სამფლობელო, რომლის პატრონნი ქორიკოზებად არიან წოდებულნი.

პირველი ცნობილი ქორიკოზი იყო გრიგოლი (+ 827). ბოლო ხანს კახეთის მოსაზღვრედ, ერეთში (ძველი ალბანია) დაარსდა კიდევ ერეთის სამფლობელო. ამათზე უფრო ადრე დასავლეთ საქართველოში გაჩნდა აბხაზეთის სახელმწიფო. ამის დამაარსებელი იყო ლეონ ერისთავი, რომელიც წინეთ ბიზანტიის ერისთავად ითვლებოდა აბხაზეთში, მაგრამ როცა ბიზანტია დასუსტდა ხატთა ბროძლის გამო, იმარჯვა დრო და ხაზართა დახმარებით თავისი თავი გამოაცხადა დამოუკიდებლად და გახდა მეფე აბხაზთა (746-791). ამან დაიპყრო ეგრისი და მთელი დასავლეთ საქართველო ლიხის მთებამდე; მათი სატახტო ქალაქი იყო ქუთაისი. მაშინ ქუთათისად წოდებული.

პირველად დასავლეთ საქართველოში უფლება ეჭირათ კოლხებს, მეგრელებს, და სახელმწიფო კოლხეთად ანუ კოლხიდათ იყო ცნობილი. შემდეგ ძალაუფლება გადავიდა ლაზების ხელში და ამ მხარეს ლაზიკა დაერქვა; ხოლო ბოლოს აბხაზთა ერი მოექცა სათავეში და დაარსდა აბხაზთა სახელმწიფო.

საქართველოს სამხრეთით, სომხეთში გაჩნდა რამოდენიმე სამთავრო, ხოლო მეცხრე საუკუნეში ერთი მთავარი, არარატის პროვინციის მფლობელი, ბაგრატიდი აშოტ I (885-890), ბაღდადის ხალიფის და ბიზანტიის იმპერატორის თანხმობით გახდა მეფე სომეხთა. თბილისში ამ დროს იჯდა არაბთა ემირი, მაგრამ თბილისის ემირებიც მოწადინენი იყვნენ თავი გაენთავისუფლებინათ ბაღდადის ხალიფისაგან და დაეარსებინათ დამოუკიდებელი საემირო. ეს მათ კიდეც განახორციელეს, როდესაც შესუსტდა ძალა ბაღდადის ხალიფატისა.

საქართველოს ყველა ამ განაპირა ადგილებში დაარსებული სახელმწიფოების და სამთავროების მფლობელნი ცდილობდნენ გაეფართოებინათ თავიანთი სამფლობელო და შემოეკრიბათ თავისი ბატონობის ქვეშ საქართველოს ყველა ნაწილი. დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, რომელიც გაგრძელდა ორი საუკუნე. აქ უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი, რომელ მთავარს, რომელ დინასტიას უნდა შემოეკრიბა საქართველოს ყველა ნაწილი და გამხდარიყო თვითმპყრობელი მთელი საქართველოსი.

იყო დრო, როდესაც ძალით ჭარბობდა კახეთის ქორიკოზი; შემდეგ დიდი ძალაუფლება მოიცვეს აბხაზტა მეფეებმა; ამათ გადალახეს ლიხის მთა და დაიჭირეს აღმოსავლეთი საქართველოს მრავალი ადგილი. აქ მათ ჰყავდათ თავიანთი ერისთავები. თუ სადამდის მიდიოდა მათი ძალაუფლება, იქიდან სჩანს, რომ კონსტანტინე აბხაზთა მეფის ლეონ მეორის მეფობისა, ესე იგი 960 წ. ლეონი 957-967 წლებში მეფობდა. ეს ლეონი თავისი მამის გიორგი მეორის სიცოცხლეში (912-957) ერისთავად იყო ქართლისა, ხოლო მამის სიკვდილის შემდეგ გახდა აბხაზთა მეფედ და 964 წელს ახალქალაქის მახლობლად აღიშენა განთქმული კუმურდოს ეკლესია 12. მაგრამ ვერც კახეთის მფლობელებმა და ვერც აბხაზეთის მეფეებმა ვერ შესძლეს საქართველოს გაერთიანება. ეს ბედი ერგოთ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს.

ამის მიზეზი იყო, ერთის მხრივ, მათი უნარი, ენერგია და შორსმხედველობა; მეორეს მხრივ, და ეს თავი და თავია, უაღრესი კულტურა, რომელსაც მიაღწია ტაო-კლარჯეთმა მეცხრე და მეათე საუკუნეში.

ტაო-კლარჯეთი იყო მემკვიდრე და გამაგრძელებელი მცხეთა-თბილისის კულტურისა. აბხაზებს, შორეულს მონათესავეებს ქართველებისა, ენით მწერლობა არა ჰქონიათ თავის ენაზე; მათი სახელმწიფო და საეკლესიო ენა ქართული იყო და საზოგადოთ ღრმად განიცადეს ქართული კულტურის გავლენა. აბხაზეთი, როგორც კახეთი, ქართველთა ტომების სახელმწიფო იყო. აბხაზთა სახელმწიფოში, როგორც მოვიხსენიეთ, შედიოდნენ ეხლანდელი მეგრელები, სვანები, იმერლები და დიდძალი ქართლელები, ასე რომ, მცხოვრებთა უმეტესობა არა-აბხაზები იყო.

აბხაზებს მხოლოდ სახელმწიფო ძალაუფლება ჰქონდათ ხელში; მათი დინასტია ედგა სათავეში რამოდენიმე ქართველთა ტომს, ისე როგორც წინა დროში ასეთი უფლება ეკუთვნოდათ ჯერ კოლხებს (მეგრელებს) და შემდეგ ლაზებს. ამიტომ ამ ხალხების გაერთიანება მთავარ ქართველ ტომებთან, ქართლელებთან და მესხებთან, რომელთაც დიდათ განვითარებული კულტურა და ლიტერატურა ჰქონდათ, სრულიად ბუნებრივი იყო.

ასეც მოხდა. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა უფლებების ქვეშ ჯერ გაერთიანდა აბხაზეთი, ქართლი და ტაო-კლარჯეთი ბაგრატ III დროს (978-1014). და ქუთაისი გახდა სატახტო ქალაქად ამ გაერთიანებული სახელმწიფოსი. შემდეგ ამ დინასტიამ შემოიერთა კახეთი და ჰერეთი, და ბოლოს, დავით აღმაშენებლის დროს, 1122 წელს თბილისიც. მოისპო თბილისის არაბთა საემირო და თბილისი კვლავ გახდა საქართველოს სატახტო ქალაქად. აქედან იწყება ოქროს ხანა გაერთიანებული საქართველოსი. ამ დროს საქართველომ გამოგლიჯა მაჰმადიანებს სომხეთის სამთავროები სამხრეთით, გააფართოვა თავისი მფლობელობა აღმოსავლეთი; შირვანის სამეფო გახდა ვასსალი საქართევლოსი; ძალაუფლება საქართველოსი გავრცელდა შავის ზღვიდან კასპიის ზღვამდის.
საქართველომ მიიღო ხასიათი კავკასიის იმპერიისა. მან სახელი გაითქვა ბიზანტიაში და დასავლეთ ევროპაშიც. უმაღლეს ხარისხს თავისი პოლიტიკური და კულტურული განათლებისა მან მიაღწია თამარ მეფობის დროს (1184-1212). მაგრამ ეს ოქროს ხანა გაგრძელდა მხოლოდ მეცამეტე საუკუნის ნახევრამდის, ესე იგი მონღოლთა შემოსევამდის. მონღოლებმა დაიპყრეს საქართველო და გაჰყვეს ქვეყანა ორ სამეფოდ, აღმოსავლეთისად და დასავლეთისად. შემდეგ ამასაც არ დასჯერდენ და ხელი შეუწყვეს შექმნას მესამე დამოუკიდებელი სამოთავროისა, სამცხე-საათაბეგოისა, რომლის მფლობელად გახდნენ სამცხის ათაბაგები ჯაყელთა სახლიდან. ათაბაგებმა დიდი დახმარება აღმოუჩინეს მონღოლებს წინააზიის ომებში, ამით მოიგეს მათი გული, გააფართოვეს თავისი სამფლობელო და გახდნენ დამოუკიდებელნი ქართლის მეფეებისაგან.

მათმა ლოიალურმა პოლიტიკამ მონღოლთადმი მისცა მშვიდობიანობა სამცხე-საათაბაგოს და ეს მხარე დიდ წარმატებას განიცდიდა ქართლის და იმერეთის სამეფოებთან შედარებით. ამ სამფლობელოს მაშინ შეადგენდა: სამცხე (ახალციხის მაზრა ფოცხოვითურთ), ჯავახეთი (ახალქალაის მაზრა), ყოფილი არდაგანის ოკრუგი (ჩილდირი, ფოსო, არაანი, ერუშეთი და კოლა), ესე იგი მთელი ზემოწელი მტკვრის ბასეინისა, შემდეგ მთელი ჭოროხის ბასეინი (ტაო-კლარჯეთი, ისპინი, ოლთისი), ბოლოს ლაზისტანი და არზრუმი (ერზერუმი).

პირველი დამოუკიდებელი ათაბაგი იყო სარგის I. ამან დიდი დახმარება გაუწია გულაგუ-ხანს ბრძოლაში ბერკა-ხანთან და მიიღო სამფლობელოდ არზრუმი თავისი პროვინციითურთ. ამით უკმაყოფილო დარჩა ქართლის მეფე დავით V. შეიპყრო სარგისი, მაგრამ იძულებული გახდა გაენთავისუფლებინა იგი ხაკანის მოთხოვნით. მაშინ სარგისი სულ ჩამოშორდა ქართლის მეფეს და დამოუკიდებლად გამოაცხადა სამცხე-საათაბაგო 1269 წელს.

მისმა შვილმა ბექა I (1285-1306) კიდევ გააფართოვა თავისი სამფლობელო და შეუერთა მას ლაზისტანი. აქ ლაზისტანი პირველად შემოდის საქართველოს საზღვრებში, და ის რჩება ამ საზღვრებში ოსმალთა მიერ ამ ქვეყნის დამპყრობამდის. აზრი, ვითომც ლაზისტანი საქართველოს პოლიტიკურ სფეროში და საზღვრებში არასოდეს ყოფილიყოს, არ არის მართალი.
პირველ ხანაში დამოუკიდებლობა სამცხე-საათაბაგოსი გაგრძელდა ორმოცდაათი წელი. ამ დროს შესუსტდა მონღოლთა განმანადგურებელი ძლიერება. მონღოლეთი დაიყო რამოდენიმე სახელმწიფოდ, რომელთაც სასტიკი ბრძოლა ჰქონდა ერთმანეთს შორის. ამჟამად, საბედნიეროდ, საქართველოს ტახტზე ავიდა გიორგი VI, ბრწყინვალედ წოდებული, რომელიც შემდეგ დავით აღმაშენებლისა უნდა ჩაითვალოს მეორედ აღმაშენებლად საქართველოისა (1318-1346).


ამან პირველმა ალაგმა და განდევნა ოსები, რომელთაც მონღოლთა ხელის შეწყობით დაჭერილი ჰქონდათ მთელი ლიახვის ხეობა ქალაქ გორითურთ და ქართლის სხვა ადგილებიც. გიორგი მეექვსემ შემოიერთა იმერეთი და მისი გამდგარი მთავრები: დადიანი, გურიელი, შარვაშიძე აბხზეთისა და სვანთა ერისთავი; აღადგინა წინანდელი დამოკიდებულება შირვანთან, სძლია და უკუაქცია აზერბაიჯანის ნოინი, რომელსაც უნდოდა კვლავ დაედგა მონღოლთა უღელი გიორგისათვის. ამანვე კვლავ შემოიერთა სამცხე-საათაბაგო და ბექას I შვილს სარგის II უბოძა სამცხის სპასალარობა, მაგრამ სარგის II ამასთანავე იყო მხატვართ-უხუცესიც, მის სურათს ზარზმის ეკლესიაში აწერია: "სამცხის სპასალარი და მხატვართ-უხუცესი სარგის".

ბექა პირველს, სარგის II გარდა, ჰყავდა კიდევ ორი შვილი: ყვარყარე I და შალვა. ყვარყვარე ატარებდა სამცხის ამირსპასალარის თანამდებობას. ამ პირველი ათაბაგის დროს სამცხე-საათაბაგო დიდ წარმატებას განიცდიდა. აქ მშივდობა სუფევდა, მონღოლები მას არ აწუხებდნენ: მცხოვრებნი გამრავლდნენ; ხვნა-თესვა, წარმოება მაღალ დონეზე იყო.

სულ სხვა მდგომარეობაში იყო ქართლის სამეფო. გაუთავებელმა ომებმა მონღოლებთან, აუტანელმა დაბეგვრამ მონღოლთა ხარკისათვის, სამეფოს გადასახადისათვის, ეკლესია-მონასტერთა, ერისთავთა და მებატონეთა შენახვისათვის მწარმოებელი დაბალი ხალხი აუტანელ მდგომარეობაში ჩააგდო; ხვნა-თესვა და მეურნეობა შეწყდა; ამას მოჰყვა შიმშილობა და ჭირი; პური დიდი ფასითაც არ იშოვებოდა; ხალხი ამოწყდა. ათაბაგ ბექას ქვეყანა ამ დროს სამოთხედ ჩანდა და იქ მიაწყდა შიდა ქართლის ხალხი. იქ მაინც პური სასყიდლად იშოვებოდა. ამ დროს სამცხე-საათაბაგომ დიდი სამსახური გაუწია ქართველ ერს. დიდძალი ხალხი გადაარჩინა გადაშენებას.

პირველი ათაბაგები მსჯულმდებელნი და მაშენებელნიც იყვნენ. პირველი მსჯულმდებელი, ესე იგი კანონმდებელი იყო ბექა I (1285-1306); მეორე - მისი შვილი აღბუღა (ნამდვილად არ ვიცით, ყვარყვარე I შვილი იყო თუ შალვასი). ბექას კანონები გამოცემულია 13-ე საუკუნეში, შეავსო აღბუღამ მე-14 საუკუნეში. ბექას კანონები შეიცავდა 65 მუხლს, აღბუღამ ანუ, უკეთ ვთქვათ, მისგან შედგენილმა საკანონმდებლო კომისიამ მიუმატა მას 35 მუხლი.

ათაბაგების ღვაწლი აღმაშენებლობაში ბევრ ადგილას მოიპოვება სამცხე-საათაბაგოში, მაგრამ უმთავრესად ეს ღვაწლი სამცხეს ემჩნევა. აქ მათ მიერ აშენებულია მშვენიერი საფარის და ჭულების მონასტრები; ღვაწლი მათი ჩანს ზარზმის მონასტერშიც. სამივე მონასტერში დაცულია სურათები-ფრესკები სარგის I, მისი შვილი ბექა I და შვილისშვილების, სარგის II, ყვარყვარე I და შალვასი. უკანასკნელი სურათი მოიპოვება მხოლოდ ჭულებში.

სამი შვილის გარდა ბექა I ჰყავდა კიდევ ორი ქალი. ერთი მისთხოვდა ტრაპიზონის იმპერატორს მიხეილ კომნენს, ალექსი II-ს შვილს; მეორე - ნათელა - იყო ცოლი ქართლის მეფის დიმიტრი II-ის (გარდაიცვ. 1289 წ.).

დიმიტრის ნათელადან ჰყავდა შვილი გიორგი ბრწყინვალე, რომელმაც საათაბაგო კვლავ მოიყვანა ქართლის მეფის ხელქვეშ. ამ დროიდან სამცხე-საათაბაგო 145 წელს ითვლებოდა საქართველოს ნაწილად, მაგრამ ბრძოლა ჩამოშორებისათვის არ შეწყვეტილა. როდესაც 1470 წლის ახლო ხანში საქართველო გაიყო სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ, ათაბაგებიც გამოვიდნენ ქართლის მეფის წინანდელ, ასე ვთქვათ, ნახევარმორჩილებისაგან და გახდნენ სრულნი უფალნი სამცხე-საათაბაგოსი, თუმცა ბრძოლა ქართლის მეფეთა და მათ შორის მაინც გრძელდებოდა. აქედან იწყება დაკნინება მთელი საქართველოს ნაწილებისა და მათ შორის სამცხე-საათაბაგოსი. ათაბაგები, პოლიტიკურ ჩამოშორებასთან ერთად, ცდილობდნენ ეკლესიურადაც ჩამოშორებოდნენ საქართველოს, რომ ამ მხარის ეპისკოპოსები მცხეთაში არ გაეგზავნათ საკურთხად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ, არამედ ეს უფლება მიენიჭებინათ აწყურის მთავარეპისკოპოსისათვის. ამას ანტიოქიის პატრიარქის ცბიერის დახმარებით ცოტა ხანს კიდევაც მიაღწიეს. ათაბაგები განაგებდნენ დამოუკიდებლად თავის სამფლობელოს, მანამ ოსმალებმა არ დაიწყეს მხედრობა სამცხე-საათაბაგოში.

ანატოლიისა და კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა, სულეიმან დიდის სულთანის დროს (1552-1566), დაიკავეს არზრფუმი, ვანი და ყარსი, და დაარსეს ამ ქალაქების საბეგლარბეგოები; შემდეგ, ათაბაგ ქაიხოსრო მეორის დროს (1545-1573), დაიპყრეს მთელი ჭოროხის ბასეინი, სახელდობრ 1550 წელს ტაო, 1552 წელს არტანუჯი და არდაგანი. ამასთანავე, ბაიბურთი, ხახული, ოლთისი და ბანა (პენიაკი) ადმინისტრატიულად სანჯაყებად გამოცხადეს, შემდეგ განაახლეს ციხეები ყარსისა და არდაგანისა. არდაგანის ციხის კედელზე დღემდე დაცულია წარწერა სულეიმან დიდისა 1555 წლის თარიღით. შემდეგლ ლალა-ფაშის დიდი ლაშქრობის დროს, 1578 წელს დაპყრობილ იქნა ჩილდირი, ხერთვისი, ახალქალაქი, ახალციხე და აწყური, და ამრიგად, მთელი სამხე-საათაბაგო მთლად მოექცა ოსმალთა მფლობელობაში. ქაიხოსრო II შვილები - ყვარყვარე V (1573 -1582), მანუჩარ II (1558-1614), ამის შვილი მანუჩარ მესამე (161-1625) იძულებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ ოსმალებს და მათის სახელით დარჩენილიყვნენ მმართველად ამა თუ იმ საათაბაგოს ნაწილებისა, მაგრამ ჯერ კიდევ ქრისტიანობა შეინარჩუნეს; ხოლო ბექა III-ს შვილმა ყვარყვარე V-მ, მოწამლა თავისი ძმისწული, კანონიერი ათაბაგი მანუჩარ III, წავიდა სტამბოლს, მიიღო იქ მუსულმანობა საფარ-ფაშის წოდებითა და გახდა ახალციხის ფაშა.

ახალციხის საფაშალიკოში შედიოდა არა მთელი სამცხესაათაბაგო, არამედ მხოლოდ სამცხე და ჯავახეთი. საფარ-ფაშა და მისი შთამომავალნი, ახალციხის ფაშები, ადმინისტრატიულად ემორჩილებოდენ არზრუმის ფაშას.

აქედან იწყება ტრაღედია სამცხე-საათაბაგოსი, საქართველოს ამ საუკეთესო კულტურული ნაწილის.

ვისაც არ სურდა მაჰმადიანობის მიღება, მისთვის ყოველი სახსარი ცხოვრებისა მოსპობილი იყო, ამიტომ თავადაზნაურობა, რომელმაც არ უღალატა მამაპაპურ სარწმუნოებას, იძულებული შეიქმნა გადასახლებულიყო ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიაში და სხვა ადგილებში. ამათ რიცხვში უფრო წარჩინებული გვარები არიან: შალიკაშვილი, ციციშვილი, ავალიშვილი, ჯაყელი, დიასამიძე, გოგორიშვილი, თავდგირიძე, ხიმშიაშვილი, კავკასიძე, დოლენჯიშვილი, ხერხეულიძე, თაქთაქიშვილი, ქობულაშვილი (ქობულისძე), სუმბათაშვილი, ზედგინიძე, თუხარელი, გუგუნავა და სხვა.

ვინც გამაჰმადიანდა და ასეთები უმრავლესობა იყო, მიიღეს თათრული ხარისხი და თანამდებობანი. უბრალო ხალხი მტკიცედ იდგა სარწმუნეობაზე, მაგრამ უამრავი გადასახადებით და ყოველგვარი შევიწროებით იძულებული იყო ცხოვრების შერჩენისათვის თანდათან მაჰმადიანი გამხდარიყო. ეკლესიები და მონასტრები ზედიზედ იკეტებოდა. განძეულობა ეკლესია-მონასტრებისა უმეტესი ნაწილი განადგურდა; ზოგი გადმოტანილ იქმნა საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში, უფრო გურიაში და სვანეთში.

ყოველგან შემოიღეს თათრული წესი და თათრული მიწათმფლობელობა. მაინც ეკლესია-მონასტრების საბოლოო ლიკვიდაცია მოხდა მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის დამლევს; მანამდის, ასე თუ ისე, გაჭირვებით, ზოგი მონასტერი კიდევ არსებობდა და მათ წინაძღვრებს სულტანი ამტკიცებდა ფირმანით.

საფარ-ფაშის შვილისშვილის, როსტომ ფაშის დროს (1647-1695) სამცხე-საათაბაგო გარეგნულად მაინც გახდა სამუსულმანო ქვეყნად. ხოლო ქობულებში, აჭარაში და იმერხევში მაჰმადიანობამ ფეხი ვერ მოიდგა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე; არც ოსმალტთა პოლიტიკური უფლება ყოფილა აქ განმტკიცებული. ზოგ სხვა ადგილებში დიდხანს დარჩენ ქრისტიანები ხან ფარულად, ხან აშკარად. მაგალითად, გიორგი ყაზბეგმა 1874 წელს პარხალის მიდამოებში იპოვნა ხუთი კომლი აშკარად ამღიარებელი ქრისტიანობისა და მათი მღვდელი, გვარად მღებრიძე, ხოლო 80 კომლი ფარული ქრისტიანები იყვნენ. ესენი იყვნენ სოფელ ხევეკისა და არმენხევის მცხოვრებნი.

უკანასკნელი მსოფლიო ომის დროს, როდესაც რუსის ჯარმა დაიკავა ჭოროხის ბასეინი, მთელმა ამ სოფლის მოსახლეობამ აშკარად აღიარა თავისი ქრისტიანული რწმენა და დიდ სიხარულს განიცდიდნენ. ჩვენმა 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა დ. შევარდნაძემ და ი. ზდანევიჩმა ინახულეს იგინი და ჰქონდათ მათთან საუბარი მრევლის მოწყობის შესახებ; ჩვენს საკათალიკოზო საბჭოს უნდა გაეგზავნა მათთვის მღვდელი, რომ ფრონტი არ მოშლილიყო და რუსის ჯარს არ მიეტოვებინა ეს მხარე. რასაკვირველია, დატრიალდენ ბერძნის მღვდელებიც და უნდოდათ ჩაეგდოთ ხელში სოფელი და დაემყარებინათ იქ ბერძნული წირვა-ლოცვა, თუმცა იქ მთელი სოფელი ქართულად ლაპარაკობს. ამ მიზნით ერთ ბერძენ მღვდელს ცბიერებით გამოერთმია მათთვის ძველი ქართული საეკლესიო წიგნები, რომელნიც მალულად შერჩენილი ჰქონებოდათ.

ზოგ ადგილას გამუსულმანებული ქართველები ასრულებენ ზოგიერთ ქრისტიანულ წესებს და ჩვეულებას. მაგალითად, ყურბან-ბაირამობის დროს (მუსულმანთა აღდგომას) ამზადებენ შეღებილ კვერცხებს და მიაქვთ ეკლესიის ნანგრევებში. ამას აღნიშნავს ე. ვეიდენბაუმიც ბანის ტაძრის შესახებ, რომელიც მან ინახულა 1879 წელს ხახულში. მონასტრის კარის ბჭეში, აღმოსავლეთის კედელში, ღვთისმშობლის სურათია გამოქანდაკებული, რომელსაც მკვიდრნი მარიამს უწოდებენ. თუმცა მუსულმანთა ქალები მეჩეთში არ დადიან, მაგრამ ამ ქანდაკებასთან მოდიან თამამად, აღიპყრობენ ხელებს და სთხოვენ შვილიერებას: ვისაც რძე აკლია, რძის მომატებას; ვისაც ავადმყოფი ჰყავს, მის მორჩენას და სხვას, ვისაც რა აწუხებს. მარიამი დიდად სწამთ არათუ დედაკაცებს, არამედ მამაკაცებსაც. მათი რწმენით, მარიამი არავის შეარჩენს ტაძრის გაუპატიურებას და ხელის ხლებას.

როდესაც რუსის ჯარმა უკანასკნელი ომის დროს ეს მხარე დაიკავა, ხახულის კომენდატად დანიშნული იყო პორუჩიკი ნ. მ. შუგუროვი და ის გვამცნობს ზოგიერთ თქმულებას ხახულის შესახებ თავის ბროშურაში.


ფოტოზე: ხახული - X საუკუნის II ნახევარში დავით III კურაპალატის მიერ დაარსებული შუა საუკუნეების ყველაზე ცნობილი მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში-კლარჟეთში / დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, ერზრუმის პროვინცია. ტაძარში ამჟამად მოქმედებს მეჩეთი
სხვათა შორის, მას უამბეს: ერთს ჩვენს მოხერხებულს და მხნე ახალგაზრდას გაგონილი ჰქონდა, რომ ჯვარის ქვეშ გუმბათისა ხაზინაა დაკრძალულიო. და მან განიზრახა ასულიყო გუმბათზე ხაზინის მოსაპოვებლად. ასვლა მოუწყობილად ასასვლელისა ძნელია, მაგრამ ასვლით მაინც ავიდა, ხოლო ვერაფერი ვერ იპოვნა. ჩამოვიდა ძირს, დაბრუნდა სახლში, დაჯდა იატაკზე და მაშინათვე მოკვდაო. მარიმმა დასაჯა ის კადნიერებისათვისო, დასძინა მთქმელმა მაჰმადიანმაო. ზოგ სხვას ადგილებშიაც დიდი მოკრძალება აქვთ ეკლესიისადმი. მაგალითად, ოთხთა ეკლესიის გვერდით თუმცა მშვენიერი ბაღნარია, მაგრამ ხალხი იქ არ ცხოვრობს. იქ არ შეიძლება ცხოვრებაო, ამბობენ, ვინც არ დასახლდა, ყველანი ამოწყდაო. ერთხელ ერთმა მწყემსმა ეკლესიაში ფარა შერეკაო, მაგრამ ეს ფარა შემდეგ მოვარდინლმა წყალმა იმსხვერპლაო. იშხანში მხატვრობა მოშლილი დამხვდა და ეტობოდა ზოგიერთი ფრესკის მოვლა ახალი საქმე იყო. მე ვკითხე მუხტარს, რატომ შლით სურათებს-მეთქი? მან მიპასუხა, ჩვენ მაგის გვეშინია და არასოდეს ხელი არ გვიხლია: ესენი სულ რუსის სალდათებმა ხიშტის წვერებით მოშალესო.

მართლაც და თვით ხახულის ყოფილი კომენდანტი შუგუროვი გვიმოწმებს თავის ზემოხსენებულს წიგნაკში (გვ. 6) რუსის სალდათების და პროპორშჩიკების ბარბაროსობას, რომელთაც მიაწერს ხახულის ღვთისმშობლის ქანდაკების სახის გაფუჭებას და დასძენს: განა ესენი არ იყვნენ, იშხანის ტაძარში მიზანში სროლა რომ ასტეხესო?! ზოგიერთ სალდათის ფსიქოლოგიის მიხედვით, ამბობს ნ. შუგუროვი, ყველა ეკლესია სათათრეთში, ქართულია ის თუ სომხური, "თათრული ეკელესია" არის და არავითარი პატივისცემის ღირსი არ არისო (გვ. 10).

სოფელ დასამბომა-ში, ნ. მარრის თქმით, არის მოზრდილი ეკლესიის ნანგრევები ჩვეულებრივი რიგისა: ამ ნანგრევების დიდი შიში აქვთ სომხებს და ქართველ მუსულმანებს, აქ მოდიან სალოცავად შორეული კუთხეებიდანაც, განსაკუთრებით აღდგომას, ისე სხვა დროსაც. აქედან არაფრის წაღება არ შეიძლება. ამბობენ, ერთმა ბებერმა სცადა აქ ბოსტნის გაშენება, მაგრამ მაშინვე მოკვდაო (დღიური. გვ. 35-36).

სამუსულმანო საქართველოში ჩვეულებადაა ზიარეთში წასვლა. ეს უდრის ჩვენებურ ხატობას. ზიარეთი სამლოცველო ადგილს ჰქვია და ასეთი ადგილებია, სადაც ძველი ეკლესიის ნანგრევებია, ან ყოფილი საჯვარეა. აქ მოდიან სხვადასხვა ადგილებიდან, ნამეტნავად ქალები; მოაქვთ ჩამოქნილი თაფლის სანთლები, აანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.

აქ რჩებიან ერთი-ორ ღამეს; თუ შორიდან მოსული არიან, უფრო მეტსაც. და ამათ უნდა დაესიზმროთ ღამე, თუ რა ცხოველი დაკლან სამსხვერპლოდ, ცხვარი, თხა, ხბო, ძროხა თუ ხარი, და რაც დაესიზმრებათ, იმას დაკლავენ ხოლმე. ასეთ ჩვეულებას ასრულებენ პორტას (ძველი შატბერდის) მონასტრის ნანგრევებში და ბევრ სხვა ადგილას. მოლები უშლიან, რასაკვირველია, ასეთ ქცევას ხალხს, მაგრამ ვერაფერს ხდებიან (ნ. მარრის დღიური გვ. 80). ასეთი ზიარეთი აქვთ ხახულის მცხოვრებთაც მათი ხევის სათავეში, მათზე, სადაც ეკლესიის ნანგრევებია დაცული.

ქრისტიანონბის ნაშთი ისახება ხოლმე ზოგიერთ თქმულებაშიც. მაგალითად, ამბობენ იმერხევში, თავკვეთილობას (იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას) თოვლი მოვაო (ნ. მარრის დღიური, გვ. 8).

რაც ლეგენდებს შეეხება, ქართველ მეფეთა შორის ლეგენდები ზოგ ადგილს მარტო თამარ დედოფალზეა შენახული. იშხანში, ხახულში, ოთხთა ეკლესიაში, პარხალში მცხოვრებნი მათი ეკლესიების აშენებას ძლევამოსილს, მდიდარს და შესანიშნავ დედოფალს მიაწერენ. მაგრამ სახელი მისი იციან კობაკში და ბინათში, სხვაგან დავიწყებული აქვთ.
ოთხთა ეკლესიის მცხოვრებნი ამბობენ: იმ მეფის ასულს, რომელმაც ოთხთა ეკლესია აღაშენა, ფული არ ეყო და თავისი თმის სამკაული გაჰყიდაო. ხოლო კობაკის მცხოვრებლებმა იციან სახელი დედოფლისა, რომელმაც აღაშენა იშხანი, ოშკი, ხახული, ოთხთა ეკლესია და პარხალი. ეს იყო თამარ, ანუშირვანის ასული; მამამ ყველა შვილები გაამაჰმადიანა, ხოლო თამარს დიდი დამსახურების გამო ნება დართო ქრისტიანი დარჩენილიყო. თამარს ჰყავდა თეთრი რაში ისეთი, რომ ერთს დღეს შეეძლო მოევლო ოშკი, იშხანი, ოთხთა ეკლესია და პარხალი. კობაკის მახლობლად უჩვენებენ კლდეს ხელისგულის გამოსახულებით და ამბობენ, ეს თამარ მეფის ხელის ნაშთიაო. როცა მან გაიარა ამ კლდესთან თავისი ჯარით, ცხენიდან ჩამოვარდა და ხელი კლდეს მიაბჯინა, რომელზედაც დარჩა ნასახი მისი ხელისაო.

ფოტოზე: თამარ დედოფლის ფრესკა ყინწვისის მონასტერში, XIII საუკუნე
პარხალის ზემო სოფლებში დღემდის დარჩენილია ძველი გრძელი არხი, რომელიც იწყება სოფელ უთავი-დან, კობაკის მახლობლად, გაჭრილია კლდეში რამოდენიმე ვერსიის სიგძეზე და მიდის სოფელ ზავრეთში; ამას მიაწერენ თამარ მეფეს და ამბობენ, ყველაზე დიდი ღვაწლი, რომელიც მან დასდო ამ მხარეს, ეს არისო.

კიდევ უფრო კარგად იციან თამარის სახელი ბინათის მცხოვრებლებმა. ბინათი მდებარეობს მელოს მახლობლად, სოფელ ორჯოხის ზემოდ, ჭოროხის პირზე. ამ სოფელში 219 სული ცხოვრობს, ყველა ქართულად ლაპარაკობს. მათი თქმულებით ამ სოფლის სახელი ასე წარმოიშვა: ერთხელ მეფე თამარმა აქ გამოიარა; ცუდი ტაროსის გამო გზა ვეღარ განაგრძო და ინება ღამის გათევა ამ სოფელში; მას მიუჩინეს საუკეთესო ბინა და მას შემდეგ სოფელს დაერქვა სახელი ბინათი, რომ ამით აღენიშნათ თამარის ღამის გათევა ამ სოფლის ბინაში.

რაც შეეხება ენას, ქართული ენა თანდათან დავიწყებას მიეცა და დაუთმო ადგილი თათრულ ენას. ამას ხელი შეუწყო პირველად სიადვილემ თათრული ენისა, გადმოსახლებამ თათრებისა ქართველ მკვიდრთა შორის, სკოლებმა, სადაც მხოლოდ ყორანს ასწავლიდენ თათრულ ენაზე და სხვა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრ ადგილას ჯერეც შერჩენილია ქართული ენა, ნამეტნავად მთის მივარდნილს და ძნელად მისავალ სოფლებში, მამაკაცებმა ყველამ იცის თათრული, მაგრამ თათრულად ელაპარაკებიან მხოლოდ უცხოელებს და ოსმალთ თანამდებობის პირებს.

თავიანთ შორის, ოჯახში მარტო ქართულად ლაპარაკობენ; ნამეტნავად ქალები და ბავშვები. არდაგანის და ოლთისის "ოკრუგებში" ნაკლებად არის დაცული ქართული ენა, ვინაიდან აქედან ბევრი ქართველობა გადასახლდა ოსმალეთში რუს-თათართა ომის შემდეგ 1877-1878 წლებში და მათ ადგილას სხვები გადმოასახლეს: თათრები, თარაქამები, ქურთები, ბერძნები და სომხები. არდაგანის ოკრუგში ჩემი ექსპედიციის დროს 1902 წელს ქართულად ლაპარაკობდნენ მხოლოდ სოფელ ველში, ხოლო ერუშეთში მარტო მოხუცებულებს ესმოდათ ქართული. ოლთისის ოკრუგში, ფანასკერტში, ანზავში, მაიკომში ქართული ესმოდათ მხოლოდ მოხუცებულებს და უფრო ქალებს, ვიდრე მამაკაცებს. ბევრად უფრო კარგად არის დაცული ქართული ენა ყოფილ ბათუმის ოლქში. ცნობილია, რომ აქ ქობულეთელებსა და აჭარლებს ყველაზე კარგად აქვთ შენახული ქართული ენა. ამას გარდა, ქართული ენა დაცულია კლარჯეთში და იმერხევში, სადაც დღემდის დიდათ გავრცელებულია სახალხო პოეზიის ნაწარმოებნი, ლექსები, მეტად ფირალებზე. ნიმუშები მათი შეკრებილი აქვს ნ. მარრს (იხ. მისი "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", დღიური, გვ. 46-74).

ლაზები ამ ოლქისა ლაპარაკობენ თავიანთ ლაზურ ენაზე. კიდევ უკეთ არის შენახული ქართული ენა ზოგიერთ ძნელად მისავალ სოფლებში შუა ჭოროხის ბასეინისა. ჯერ კიდევ გ. ყაზბეგმა აღნიშნა, რომ პარხალის მახლობელ სოფლებში არმენხევში და კობაკში ყველა ქართულალ ლაპარაკობსო, ხოლო პარხალში ყველამ არ იცის ქართულიო (იხ. მისი ზემოთ ნაჩვენები წერილი, გვ. 119).

ჩვენი 1917 წლის ექსპედიციის მიერ შეკრებილის ცნობებით და ნამეტნავად იმ ცნობებით, რომელნიც გადმოგვცა ალ. სტ-ძე მატიასევიჩმა, სოფლები, რომლებშიაც ყველა ქართულად ლაპარაკობს, არიან შემდეგნი: - კობაკი, არმენხევი, ხევეკი, გუდახევი, ხუმხალი, ბალხი, ხოდ-სუფლია, უტავი, ვანისხევი, კირვანსი, ოთხთა ეკლესია (დორთ-კილისა) და ბინათი. ამ მხრეში არის კიდევ ერთი დიდი სოფელი მაღარლ ზეკარზე (უღელტეხილზე), იშხანის მახლობლად (სოფელი იშხანის სამუხტაროში შემოდის), სოფელში 208 სული მცხოვრებია და ყველა ქართულად ლაპარაკობს. ამ სოფლის სახელი რუკაზე არის ჩილჩიმი, მაგრამ ნამდვილად მისი სახელია ჭიმჭიმი და მცხოვრებნიც ასე გამოსთქვამენ მის სახელს.

ამ სოფლის სახელი გვამცნევს, თუ საითგან წარმოსდგა სახელწოდება ცნობილის ქართველი მეცნიერის და ფილოსოფოსის იოანე ჭიმჭიმელისა, რომელიც ამდენ დავას და უჯერო განმარტებას იწვევდა მკვლევართა შორის. ეხლა ცხადია, იოანე ყოფილა სოფელ ჭიმჭიმიდან და აქედან წარმოსდგა ჭიმჭიმელი, როგორც რუსთავიდან რუსთაველი, ხონიდან ხონელი და სხვა.

ჭიმჭიმში ძველად ერისთავიც მჯდარა. ჩემს საბუთებში ინახება სამი წარწერა, რომელნიც მე გარჩეული მაქვს, მაგრამ მათი ფაქსიმილე ეხლა ხელთ არ მაქვს და არ მახსოვს, ვინ გადმომცა, ან რომელ ძეგლს ეკუთვნიან. ერთი მათგანი, რომელშიც ჭიმჭიმის ერისთავია მოხსენებული იკითხება ასე:

ქ-ე შ-ე ს-ლი ფ
რ-ნ: ეესჲ ჲვს
ძ-სიჲ ჭ-მჭ-მსჲ
ქრისტე. შეიწყალე სული ფირან (თუ ფრიდონ ან ფარსადან) ერისთავთ ერისთავისაჲ, იოვანეს ძისაჲ, ჭიმჭიმელისაჲ.

მეორე წარწერა:
ქ-ე ჲ-სო. . . დდე ბგრტ და მმ დდფ ქრისტე იესო . . [ა]დიდე ბაგრატ და მარიამ დედოფალი

აქ მოხსენებული ბაგრატ უნდა იყოს ბაგრატ მეოთხე (1027-1072); ხოლო მარიამ დედოფალი არის დედა ბაგრატისი. ესენი ერთად ხშირად იხსენიებიან ქართულს წარწერებში.

მესამე წარწერა:
ქ-ე შ-ე ს-ლი ნშსჲ ესე კ-თხე მ-სია
ქრისტე შეიწყალე სული ნუშირვანისაჲ (თუ ნუგეშისაჲ?) ესე კუთხე მისია.

ამგვარი წარწერები პარხალის მონასტრის ზემო, მეორე სართულის კამარებზეა და შეიძლება მას ეკუთვნოდეს. იგულისხმება, ვის მიერ არის კამარა შეკმაზული.

მუსულმანი ქართველები ყოველგან თვალსაჩინოდ განირჩევიან სხვა სამუსულმანო საქართგველოს მცხოვრებთაგან, თურქებისაგან, ქურთებისაგან, თარაქამებისაგან და სხვებისაგან, განირჩევიან სახით, ჩაცმა-დახურვით, ზნე-ჩვეულებბით, დარბაისლობით (პირველ თქმულია ძველთაგან სიდარბაისლე მესხისა), სიდინჯით და პატიოსნებით. ტანისამოსი მამაკაცისა ისეთია როგორც გურულებისა, აჭარლებისა და ლაზებისა, ესე იგი ჩაქურა. ხოლო აჭარლები ქობულეთელებისაგან განირჩევიან ხასიათით. მათ შორის სისხლის აღება არ არსებობს, მრავალცოლიანობა იშვიათია, ხალხი მშვიდია, პატიოსანი, ქურდობა მათ შორის შეუძლებელია. ხახულის მუხთარს ვკითხე, ქურდობა თუ არსებობს თქვენს შორის-მეთქი? დიდად გაიკვირა, ქურდობა ჩვენში არავის გაუგონიაო, ქურდი ქურთია, ჩვენში შეუძლებელიაო.

რუსის მოხელენიც, რომელმაც ისტორია ამ მხრისა არ იცოდნენ, ანუ ნაკლებად იცოდნენ, ისინიც ამჩნევდნენ ამ ტიპიურ განსხვავებას და გამოსთქვამდნენ აზრს, რომ ისინი გამაჰმადიანებული ქართველებიაო, მაგალითად, ია. პროსკურიაკოვი, ვ. ლისოვსკი და პ. ხელმნიცკი და პორუჩიკი ნ. შუგუროვი, რომელთა წიგნები ზემოთ ვუჩვენეთ; სხვათა შორის, ნ. შუგუროვი სწერს თავის წიგნაკში: "სამი წლის განმავლობაში ჩემი ფრონტზე ყოფნისა მე კარგად დავუკვირდი ნამდვილ თურქებს, მაგრამ ხახულის თურქების სახეებში, ნამეტნავად ახალგაზრდებისა, აშკარად შევნიშნე ნამდვილი ქართული სახეები. მეტად თავისებურია დიდრონი შავი თვალები და ანაგები ტუჩისა.

განსაკუთრებით ხახულის "თურქთა" (ესე იგი გამაჰმადიანებული ქართველების) შესახებ უნდა ვთქვა, ეს ხალხი რაინდულად პატიოსანია, სიმართლით გამსჭვალულია და ფრიად სტუმართმოყვარე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი ომით გაუბედურებული იყვნენ, მრავალჯერ შეურაცხყოფილი სალდათთა მიერ, მათ მაინც კეთილი განწყობილება დაიცვეს ჩვენდა მომართ, ნამეტნავად ოფიცერთა მიმართ. მე არ ვიცი შემთხვევა, რომ მათ ბოროტისათვის ბოროტით მოეზღოთ. პირიქით, სულ მცირე კეთილისათვის გვიძღვნიდნენ ნათელი გულის მადლობით. ერთხელ პროტერეი -სთან საუბრის დროს, მე მას გავუზიარე ჩემი დაკვირვება ხახულის მცხოვრებთა შესახებ და ვთქვი: "აი ხალხი, რომელთაც განახორციელეს თავიანთ შორის ქრისტიანული იდეალები!". პროტოერეი დამეთანხმა" (გვ. 15-16).

სამუსულმანო საქართველოს დაბრუნება ყოველთვის შეადგენდა ქართველი მეფეების მისწრაფებას და ზრუნვას, მაგრამ პირობები ამას ხელს არ უწყობდა. რუს-თათართა ომის დროს, 1768-1774 წლებში თითქო ამის განხორცილება შესაძლებლად სჩანდა და ამიტომ მიიღეს ასეთი გულწრფელი და ენერგიული მონაწილეობა ომში ირაკლი მეორემ და სოლომონ პირველმა რუსეთის მხრით.

მაგრამ ცნობილის კრიმინალის გრაფ ტოტლებენის მოღალატეობამ სულ აწეწა საქმე და ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოები უფრო დიდ განსაცდელში ჩააგდო, ვიდრე წინათ იყო. თუ მაშინ ეს ორი სახელმწიფო სულ არ დაიღუპა, ამის მიზეზი ამ ორი მეფის საარაკო გმირობა და ომის წარმოების იდეალური უნარი და ხერხები იყო. ზრუნვა სამუსულმანო საქართველოს დაბრუნების შესახებ შემდეგაც არ შეწყვეტილა. 1783 წლის ტრაქტატში, რომელიც დადებული იყო მეფე ერეკლე მეორესა და ეკატერინე მეორეს შორის, ნათქვამი იყო სეპარატისტული კონვენციის სახით, რომ ხელსაყრელ შემთხვევაში რუსეთი დაეხმარებოდა საქართველოს დაკარგული ტერიტორიის აღდგენისათვის. რა თქმა უნდა, აქ სახეში იყო მიღებული სამცხე-საათაბაგოს დაბრუნება.

შემდეგ, როცა რუსეთმა შეშალა პირობა და საქართველოს ანექსია მოახდინა, შეუდგა იგი თავისი იმპერიალისტური მიზნებით რასაკვირველია, ამ საქმის განხორციელებას. 1828-1829 წლების ომის შემდეგ ოსმალებთან, რუსეთმა მიიღო (ადრრიანოპოლის ზავის დადგენილებით, 2 სექტემბერს 1829 წელს) ახალციხის და ახალქალაქის მაზრები; ხოლო 1877-1878 წლების ომის შემდეგ (ბერლინის ტრაქტატის ძალით) რუსეთს დარჩა ყარსის და ბათუმის ოლქები. ამით სამი მეოთხედი სამცხე-საათაბაგოსი კვლავ მოედვა საქართველოს ტერიტორიას.

როდესაც საქართველო განთავისუფლდა რუსეთიდან და შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკა, ის ადგილები, რომელნიც შეადგენდნენ სამცხე-საათაბაგოს ნაწილებს, ითვლებოდა საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში. ეს საზღვრები დაადასტურა თვით ბოლშევიკურმა რუსეთმა, როდესაც საგანგებო ხელშეკრულებით 1920 წლის 7 მაისს აღიარა საქართველოს რესპუბლიკის სუვერენობა მის საზღვრებში. ხოლო მეორე წელს ბოლშევიკური რუსეთი მოულოდნელად თავს დაესხა საქართველოს რესპუბლიკას და როდესაც საქართველო ამ უთანასწორო ომში სისხლში იწურებოდა, ოსმალეთმა განაახლა აგრესიული მოძრაობა საქართველოს მიმართ დაწყებული ბრეს-ლიტოვსკის ზავის შემდეგ და შეჩერებული ანტანტის სახელმწიფოების გამარჯვების გამო. მან ულტიმატუმით მომართა საქართველოს მთავრობას, დაიჭირა არტან-ოლთისის მხარე, ბათუმის ოლქი და უპირებდა ანექსიას ბათუმსაც, მაგრამ 17 მარტს 1921 წელს ქართველ ჯართა უკანასკნელის გმირული მოქმედებით გაძევებულ იქნა ბათუმიდან.

შემდეგ, 13 ოქტომბერს 1921 წელს ყარსში დადებული ხელშეკრულებით ოსმალეთმა მიიღო ბოლშევიკებისაგან რაც დაკარგა ბერლინის ტრაქტატის ძალით, ესე იგი ყარსის და ბათუმის ოლქები და მათ შორის სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია. სახელდობრ არდაგანის ოკრუგი, მისი "უჩასტკებით"; ფოცხოვისა, ჩილდირისა, არტანისა და გელისა, და ოლთისისა "ოკრუგი", რომელიც შეიცავდა "უჩასტკებს": ოლთისისა და ტაოსკარისა; ხოლო ბათუმის ოლქიდან მიიღო "უჩასტკები": ართვინისა, არტანუჯისა, შავშეთ-იმერხევისა და გონიისა. საქართველოს საზღვრებში დარჩა ბათუმის ოლქიდან მხოლოდ კინტრიშის, ზემო და ქვემო აჭარის "უჩასტკები" ბათუმითურთ. ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ ეხლა ეს გაყოფილია: ხულო, ქედის, ჭოროხის და ქობულეთის მაზრებად.

სივრცით არდაგანის "ოკრუგი" უდრის 5.644,74 კვადრატულს კილომეტრს; ოლთისიდან 2.958,38 კვდ. კილომეტრს და ის, რაც ბათუმის ოლქიდან დარჩა ოსმალებს, შეადგენს 4.442,61 კვდ. კილომეტრს, ხოლო რაც საქართველოს საზღვრებში ითვლება 2.500 კვდ. კილომეტრს. საერთოდ, ოსმალეთს დაეთმო 13.046 კვადრატული კილომეტრი საქართველოს ტერიტორიისა. მცხოვრებთა რიცხვი დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ 1917 წლისათვის აღემატებოდა 250.000 სულს.

აი, სულ მოკლედ, კონსპექტის სახით ისტორია სამუსულმანო საქართველოსი და კერძოდ, ჭოროხის ბასეინისა. რაც შეეხება ასე თუ ისე გადარჩენილს შესანიშნავ სახუროთმოძღვრო ძეგლებს სამუსულმანო საქართველოისა, ეს საჭიროებს ცალკე მიმოხილვას და აქ ვეღარ ვეხებით.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage