მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვიქტორ ნოზაძე: რენესსანსისა და ჰუმანიზმისათვის

ვეფხისტყაოსანის კვლევასთან დაკავშირებით, დიდი მოწონება აქვს შეხედულებას, რომლის თანახმად საქართველოს კულტურის განვითარებამ მეთორმეტე საუკუნეში 2-3 საუკუნით ევროპის განვითარებას გაუსწრო და კერძოდ, “მოდა”-ში არის ის დებულება, რომლის მიხედვით: რუსთაველი რენესსანსისა და ჰუმანიზმის წინამორბედად არის დასახული.

ქართული კულტურის ისტორიულად შედარება ევროპიულთან მხოლოდ პირობითად და სუსტად შეიძლება, ვინაიდან ევროპის შუა საუკუნეთა კულტურას თავისი საკუთარი განვითარების გზა ჰქონდა, ისტორიულ პირობებთან მჭიდროდ დაკავშირებული; ძველი ბერძნული, კლასიკური კულტურა სქელად ნაცარწაყრილი იყო და რენესსანსი, ანუ ხელახლად შობა ძველი კულტურისა და ჰუმანიზმი, კაცობა ადამიანის თავისუფალი უფლების აღიარება ევროპისათვის მრავალ საუკუნეთა შემდეგ, მართლაც იყო ღრმა და ფართო მნიშვნელობის მოვლენა. ოღონდ ეს რენესსანსი და ჰუმანიზმი თავისი ნორმალური გზით ვითარდებოდა აღმოსავლეთში, ბიზანტიაში, კერძოდ: საქართველოსა და მთელს ისლამურ კულტურაში.

აღმოსავლეთს არ დასჭირვებია და არც ჰქონია “რენესსანსი”, რადგან იქ ძველ ბერძნულ და ბიზანტიურ კულტურასთან პირველი შეხებიდანვე ბერძნული კლასიკური კულტურა მაჰმადიანობასთან შეთვისებით, შეწყნარებული და აღიარებული იყო. მეტიც: წინ წაწეულიც!
ფოტოზე: რაფაელი, ათენის სკოლა, 1509–1510, ვატიკანის სასახლის პალატის ფრესკა, 500 x 700, ვატიკანი, იტალია
კერძოდ, ბიზანტიაში არავითარი რენესსანსი არ იყო, რადგან კლასიკური კულტურა, დროის მიხედვით, ავად თუ კარგად, არასოდეს შეწყვეტილა; ხოლო ქრისტიანული თეოლოგია ხომ ამ კლასიკურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით, ქრისტიანული რელიგიის ფილოსოფიას ჰქმნიდა, ანვითარებდა და განამტკიცებდა. ამიტომაც, როდესაც ბიზანტიის რენესსანსზე ვინმე მსჯელობს, – ესეც მხოლოდ პირობითად დასავლეთი ევროპის რენესსანსის მიმართ.

არც საქართველოს, არც ისლამის მრავალ ქვეყანას რენესსანსი არა ჰქონია და ეს სრულიად უბრალო მიზეზისა გამო – სარენესსანსო არაფერი იყო, რადგან ბერძნული კლასიკური კულტურა აქაც, ავად თუ კარგად, ყოველთვის ცოცხლობდა.

* * *
უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანობამ – როგორც ამბობენ პროფ. კ. კრუმბახერ და პროფ. ფ.ჰ. მარშალ – დიდად მნიშვნელოვანი ძირითადი ცვლილება შეიტანა ძველ ჰელლენიზმში; მაგრამ ეს გარდასვლა ჰელლენიზმიდან ქრისტიანობაზე არც სწრაფი და არც უცაბედი არა ყოფილა. გეზი მომზადებული იყო ძველი სარწმუნოებით, სტოელთა კაცობრივი, ჰუმანური სწავლით და ბოლოს ნეოპლატონიზმის გონებრივი ტენდენციებით. კიდევ მეტი: მრავალ მხრივ ქრისტიანობა შეხვდა პაგანიზმს შუა გზაზე, სადაც მან შეითვისა ხალხური ჩვევები და აზრები, პაგანური ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილთა მიღებით. განსაკუთრებით მთელი აღზრდა-განათლების სისტემა ქრისტიანობის ხანაშიც თითქმის სავსებით დამყარებულია პაგანიზმისაგან მიღებულ მემკვიდრეობაზე მეთოდებისა და მასალათა მხრივ, რომისა და ქრისტიანობის გავლენის გარდა. ბიზანტიური ცივილიზაციის განვითარებაზე და ბიზანტიური ლიტერატურის განსხვავებულ ხასიათზე გავლენა მოახდინა აღმოსავლეთმა. უფრო მეტი, ეს გავლენა მოდიოდა ძველი ხანიდან, სახელდობრ, ალექსანდრე მაკედონელისა და მის მემკვიდრეთა დროიდან.

მსჯელობა იმაზე, თითქო ელლინურ-ჰელლენისტური კულტურა ბიზანტიის ცივილიზაციის განვითარების რომელიმე ხანაში არ არსებულა, მცდარია: ძველი ბერძნული კულტურის ძირები ბიზანტიაში, და საერთოდ: აღმოსავლეთში, არასოდეს არ აღმოფხვრილა და იგი მუდმივ განვითარებაში იყო, ხან ნელი, ხან ჩქარი მსვლელობით.

თუ ჩვენ ბერძნულ-ბიზანტიურ ლიტერატურის განვითარებას მივხედავთ (ძველი ბერძნული ფილოსოფია ხომ დაიპყრო და გამოიყენა ქრისტიანობამ!), ამ დარგშიც ძველი საბერძნეთის გავლენა ისეთი ძლიერი იყო, რომ ძველი ბერძნული, ატტიკური ენის კილო გაბატონებული იყო ბიზანტიის მწერლობაში; ეს ენა ხალხური სალაპარაკო ენისაგან დაშორებული იყო, თუმცა არა ერთჯერ იყო ცდა მეექვსე საუკუნედან მეათე საუკუნემდე, ლიტერატურაში ხალხური ბერძნული ენა დაემკვიდრებინათ. მეცხრე საუკუნედან, პატრიარხოს ფოტიოს-ის ხანიდან, კლასიკური კულტურის გაძლიერებული სწავლა დაიწყო და ძველი ბერძნული, ატტიკური ენა კიდევ უფრო განმტკიცდა და ასე დარჩა მეთხუთმეტე საუკუნემდე, როცა თურქთა შემოსევამ ბიზანტიის იმპერია დაამხო.

პროფ. კ. კრუმბახერ და პროფ. ფ.ჰ. მარშალ ამბობენ – ბიზანტიური კულტურისა და ლიტერატურის მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიაში ყოველი ეჭვის გარეშეა. აღმოსავლეთის რომაულ იმპერიის (ბიზანტიის) ქრისტიანებმა ათას წელიწადზე მეტხანს შეინახეს და დაიცვეს ანტიკის, ძველი საბერძნეთის გონებრივი მემკვიდრეობა ბარბაროსთა საშინელ თავდასხმათა მიუხედავად. იმ ქრიტიანებმა წარმოშვეს აგრეთვე განსაკუთრებული კულტურა და ლიტერატურა შუა საუკუნეთა. იმ ქრისტიანებმა მიაწოდეს ძველი პაგანურისა და აგრეთვე საკუთარი ქრისტიანული ლიტერატურის განძი ერებს: პირველად სირიელებს, მერმე: კოპტებს, სომხებს, ქართველებს; შემდეგ: არაბებს, ბულღარელებს, სერბებსა და რუსებს... და ბოლოს მომაკვდავი ბიზანტიის იმპერიის სწავლულმა კაცებმა, რომლებიც თურქთა ბარბაროსობას გამოექცნენ, ჰელლინური სიბრძნის განძები გამოიტანეს დასავლეთში და ამით ევროპის ხალხები კულტურის მდიდარი თესლით გაანაყოფიერესო.

ასეთია ნამდვილი (და არა გამოგონილი), აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურის ამბავი.

იგივე ითქმის ჰუმანიზმის შესახებაც. ცხოვრების ისტორიაში კაცს ყოველთვის პირველი ადგილი ეჭირა და თავის უფლებებს ამ ადგილისათვის იგი არასოდეს არ უთმობდა: არც ეკლესიასა და არც მეფეს. ისტორიულ პირობათა მიხედვით, კაცობის ინტერესი ხან გაბატონებული იყო, ხან ქვეშევრდომი, ოღონდ იგი არასოდეს არ მოსპობილა არც დასავლეთში და მით უმეტეს, არც აღმოსავლეთში, სადაც კაცი, მისი თავისუფლება ცხოვრებისა და აზროვნებისათვის, როგორც თვით ცხოვრებაში, ისე მწერლობაშიც, ეკლესიის შედარებითი ბატონობის მიუხედავად, არასოდეს მოსპობილი, არა ყოფილა...

პროფ. ვ. ლ. სოლნიერ სამართლიანად შენიშნავს – მთელ შუა საუკუნეთა გასწვრივ არ შეწყვეტილა მიზანი დაეპყროთ, ან შეენარჩუნებინათ ძველი კულტურა, “ანტიკიტე”. ეს გემოვნება შუა საუკუნეებს არასოდეს უარყვიაო. ამისი მოპოვება კი ცოტა თუ ბევრად ბედნიერი შემთხვევის, “შანს”-ის საქმე იყოო.

განსვენებული, დიდად დამსახურებული მეცნიერი აკად. პროფ. კორნელი კეკელიძე (და ბევრი სხვაც) ამ ჭარბად გავრცელებულ შეხედულებას იზიარებს და შუა საუკუნეთა ვითარებას ასე ახასიათებს – “საშუალო საუკუნეთა ბნელეთით მოცული გონებრივი ცხოვრება”-ო. რასაკვირველია, ასე არ იყო. ეს თქმა და ყველა ამგვარი დებულება აიხსნება ფეოდალური ხანის წესწყობილებისა და კულტურის წინააღმდეგი ბრძოლით რენესსანსის ხანაში და ასეთი ეპოქალური ბრძოლის დროს გადაჭარბება ყოველთის ხდება – ამისი მოწამე ჩვენი თაობაც არის ახალი ვითარებისა და ახალი მდგომარეობის დროს...

* * *
საერთოდ უნდა ითქვას: ევროპიული მეცნიერების ტერმინები ლიტერატურისა თუ კულტურის დარგში, მაგალითად, საქართველოსათვის და ზოგადად აღმოსავლეთისათვის ადვილად გამოსაყენებელი არ არის; და თუ მათ მკვლევარი ხმარობს, ეს უნდა იყოს მხოლოდ პირობითად. მეც მითქვამს განა და დამიწერია კიდეც: რუსთაველმა რამოდენიმე საუკუნით გაუსწრო ევროპის ჰუმანიზმს – მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ევროპიული განვითარებისათვის გამოჭედილ ტერმინს ვხმარობდი და ისიც შესადარებელად, თორემ სინამდვილეში, საქართველოს კულტურის ისტორიაში არსებითად არც რენესსანსი და არც ჰუმანიზმი არ არსებულა, ვინაიდან მას ეს არ ესაჭიროებოდა: ამ ქართულ კულტურას არც კლასიკური ფილოსოფია – თეოლოგიის გზითაც – და არც კაცის ინტერესების ცხოვრების ცენტრში ყოფნა არ მოჰკლებია, ხან სუსტად, ხან ძლიერად, დროთა ვითარებათა მიხედვით. ამ ჟამად მარტო ამ მცირე შენიშვნით დავკმაყოფილდები...

ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება, პარიზი, 1962 წ.
ამონარიდი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage