მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვაჟა-ფშაველა: გიკვირთ?
ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ბევრს შემთხვევაში თავის გრძნობას, თავის თვალებს და ყურებს როდი ვენდობით; უსათუოდ სხვამ უნდა გვიკარნახოს ის, რაც ყურით გვესმის; სხვამ უნდა მიგვითითოს იმაზე, რასაც ჩვენი თვალითა ვხედავთ; მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, ვიძახით: ბიჭოს, ეს ხომ მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო! გვიკვირს და ვოცდებით იმის გამო, რომ ცეცხლი მწვავე ყოფილა, ყინული ცივი და მგელს ცხვრის ჭამა სცოდნია. ამისთანა უბრალო ჭეშმარიტებასაც კი სხვისგან ვსწავლობთ. ტყუილია? არ არის ასე? რომ ჩემი ნათქვამი მართალია და არა ჭორი. მოგაგონებთ ბ. საღათელიანის ნალაპარაკევს პეტერბურგში, ერთ რუსის ოჯახში და იმის გამო ჩვენს მწერლობაში აღძრულს მითქმა-მოთქმას და აყალმაყალს: უყურეთ ჩვენ ძმა-მეზობლებს გულში რა სდებიათ და ჩვენ კი არ ვიცოდითო. გიკვირთ? რად გიკვირთ?.. ნუთუ ეს ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ და თუ ვიცით, ამ ცოდნას რადა ვმალავთ? რად ვხუჭავთ განგებ თვალებს? და რად არ გვინდა სინამდვილე დავინახოთ? დიაღ, არ გვინდა დავინახოთ, რადგან სინამდვილის დანახვა თვალებს გვატკენს, უსიამოვნო გრძნობებს აღგვიძრავს, მოითხოვს ჩვენგან შრომას, ხელების განძრევას... არ გვინდა, ჰო, ავადმყოფი დედის ნახვა, რადგან ეს ნახვა საზრუნავ საგანს გაგვიჩენს: უნდა მოვუაროთ ავადმყოფს, უნდა ექიმი მოვიწვიოთ, ხარჯი გავწიოთ, ვიდრე კარგად არ შეიქმნება, გვერდს უნდა ვყავდეთ და სხვ. და სხვ. ვერაფერი დედაშვილობაა!

ფოტოზე: მგოსანი, მწერალი, თვითნაბადი ფილოსოფოსი, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ვაჟა-ფშაველა (1861-1915)
რა საჭიროა მაგვარი ცნობების მომცემი კორესპონდენტები, რომელნიც ვითომ ერთგულებას გვიწევენ. ჩვენის მხრით მადლობის გრძნობას იწვევენ და გულში რა აქვთ, ალაჰმა უწყის, როცა ჩვენც კარგად ვხედავთ ყველაფერს, მაგრამ არ გვინდა დავინახოთ. განგებ თვალებსა ვხუჭავთ და ვემსგავსებით იმ სირაქლემას, რომელსაც მონადირე ეპარება, ის კი ნაცვლად იმისა, გაექცეს, გაერიდოს, ქვიშაში თავსა ჰყოფს, ჰმალავს, არ დავინახო ჩემი მკვლელიო.

ასი წელიწადია ჩვენ ვიყვლიფებით ჩარჩებისაგან, როგორც ბ. საღათელიანი აღიარებს, ვილანძღებით, ვხდებით დაცინვის საგნად და არ ვიცით რა ამბავია ჩვენს თავს. საიდან მომდინარეობს ჩვენზე ეს ვაება?.. ამისთვის რად გვინდა ჩვენ უცხო მოენე, რომელიც ვითომ სიკეთეს გიშვრებათ — აი თქვენზე ამას ამბობენო და გული-გულში თავადაც დაგვცინის, ცდილობს რაღაც აბლაბუდა გააბას, წყალი აამღვრიოს, და თევზები დაიჭიროს, მე ჩუმად მრცხვენიან უცხოელის მიერ ჩემს თავზე ამისთანა ამაგის გაწევისა... ჩვენ უკეთესი დოკუმენტი გვაქვს ჩვენი საუკეთესო მამულიშვილისა (ქვათა ღაღადი), საიდანაც ვისაც თვალნი არა აქვთ ხედვად, მაინც დაინახავენ ცხადად საგანს და თუნდ ყრუ იყვნენ, მიანც შეისმენენ ყველაფერს.

მაშასადამე, აქ ცოდნაზე, თუ ვინ რა აზრისა არის ჩვენზე,— ქართველებზე, ვინ რას გვიპირებს, რა ხაფანგს გვიგებენ, ლაპარაკი მეტია. ეს არამც თუ ნასწავლმა, უსწავლელმა ჩვენმა ტეტიამაც კარგად იცის, მაგრამ ის ხმას არ იღებს. არ იღებს იმიტომ, რომ არ იცის ამ ქსელს როგორ დააღწიოს თავი, იმ ბარდიდან როგორ გამოძვრეს, რაშიც გაბმულია, რა გზით განითავისუფლოს თავი. დღეს, თუ გნებავთ, აი, ამაზე ვილაპარაკოთ, ვიბაასოთ, თორემ სომეხი ჩარჩი აქ არაფერ შუაშია, სომეხ ჩარჩის გარდა სხვა რომ ყოფილიყო, ჩვენი დამდურების მნახველი, ისიც ასე მოიქცეოდა, როგორც გვეპყრობიან ჩვენი ძმა-მეგობრები.

რა გავაკეთეთ ჩვენ იმ თავით ამ ნიადაგზე? ჩვენმა ინტელიგენციამ რა გზაზე დააყენა ერი? საუბედუროდ, იმას დაუწყო კეთება, რაც ჩვენ დაგვღუპავდა, რაც ჩვენს ერს ცხოვრების გზაკვალს აურევდა. ამას ინტელიგენცია, რა თქმა უნდა, შეგნებით განგებ არა სჩადიოდა, ხოლო საქმე ასე გამოვიდა, ნაყოფი მათ მოღვაწეობისა ამას გვამცნობს! ერთისთვის უნდა ერგოთ, მაგრამ ჰვნებდნენ.

მე-40 წლებიდან ხელი შეუწყვეს, რომ ჩვენი მეზობლები გაძლიერებულიყვნენ ქონებით, ხოლო ჩვენ დავკნინებულიყავით და აი როგორ. ყველა ჩვენს კომენდიანჩიკს ანტონოვიდან დაწყებულს, პოეტს თუ პუბლიცისტს ზნედ სჭირდა დაესურათებინა სომეხი მხდალად, მისი ხელობა-ვაჭრობა — საზიზღრობად. ვაჭრობა, ნაცვლად იმისა, რომ შაეყვარებინათ ხალხისათვის, შეაზიზღეს; ამისათვის არც ბევრი ტყვიაწამალი იყო საჭირო, რადგან რაინდული ხასიათის ქართველს ბუნებრივად არა აქვს მიდრეკილება ვაჭრობისაკენ, მით უმეტეს, რომ ამ ვაჭრობის სინონიმად გახადეს მხდალობა.

თამაშობდნენ სცენაზე იმისთანა პიესებს, სადაც სომეხი იყო გამოყვანილი, როგორც მატყუარა, მშიშარა, ვიცინოდით, ვხითხითებდით და დღეს კი ვსტირით. ყველაზე პოპულარული პიესა იმ დროს იყო ,,ძუნწი“. პიესებს ესწრებოდა ჩვენი სოფლის ბელადი თავადაზნაურობა, რომლის ბედოვლათობას, დარდიმანდობას ამგვარმა ლიტერატურამ ხელი შეუწყო, მაშასადამე, იმთავითვე ჩვენ თვალებს ვხუჭავდით სინამდვილეზე. არ გვინდოდა დაგვენახა იგი, ღრმად ჩავკვირებოდით საგანს.

აკაკიმ 80 წლებში დაწერა ერთი ლექსი ცოტა სხვა სუნისა და ყაიდისა: ,,ვაჭარო, მაგ შენ აბაზში სისხლი და ოფლი ჩემია, რატომ არა გაქვს ღვთის შიში, ან კაცის არა გრცხვენიაო?“ დაამთავრა ეს ლექსი შემდეგი სიტყვებით: ,, სისხლმეტი ხომ არ გაწუხებს, ხომ არ თხოულობ დალაქსაო?“. თვით ეს ლექსიც ვაჭარს და ვაჭრობას საძაგელ ხელობად გვიხატავს და მოტივი განსხვავდება ძველი მოტივისაგან მხოლოდ იმით, რომ ნაცვლად იმისა, ეჩვენებინა კულტურული საშუალება ბრძოლისა, თუნდ ეთქვა მაგალითად — დადეგ, თორემ მეც სასწორ-ჩარექს და არშინს ავიღებო, ბაშიბუზუკური მუქარა, ჯავრის ამოყრა დასახა საშუალებად, ხსნად ჭირისაგან, რაიც წართმეულს ვერ დაგვიბრუნებს, მხოლოდ გაგვაბრაზებს, სისხლს გაგვიფუჭებს.

დიაღ, მაშინდელმა ინტელიგენციამ ვერ მოუარა თავის ერს, როგორც მისი სარგებლობა მოითხოვდა (ან კი როდის მოვუარეთ?), ვერ დააყენა საქმე ისე, როგორც გამოსადეგი იყო ჩვენთვის.

ეხლა ვინ უნდა უშველოს ხალხს? ვინ უნდა გამოიყვანოს იგი ამ ეკლიან ბარდიდან? რა თქმა უნდა, ჩვენმა თვალახილებულმა ინტელიგენაციამ, რომელიც ამ მხრივ დღეს არაფერს აკეთებს და არც შემდეგისათვის ფიქრობს რამე გააკეთოს. ჩვენმა ინტელიგენციამ, თუ შეიძლება ამგვარ ჰეროსტრატებს ინტელიგენცია დაარქვას კაცმა, ნაცვლად იმისა, ერისთვის ეჩვენებინა სწორე გზა ცხოვრებისა, ესწავლებინა თავისი თავის მოვლა-პატრონობა, ქართველ კაცს ააღებინა ხელი თავის პიროვნებაზე, თავის თავზე, შეიტანა ხალხში დამახინჯებული კოსმოპოლიტიზმი ერთობის სახელით, მოუკლა ეროვნული გრძნობა, დაუხშო ენერგია, დაუკეტა გზა თვითცნობიერებისაკენ: თავადაზნაურობა უცხოელებზე ჰყიდის მამულ-დედულს, ხოლო გლეხობა თავის ,,ნადელების“ ნაღალურს უგდებს ხელში ჩარჩებს... ჩვენ კი ვუცდით გარედან მუჯლუგუნს, კისერში კისტებს. უცხო, გარეშე კაცის ატეხილს განგაშს: ,,ადე, ძმობილო, ადექი, გაიღვიძე, რა დაგმართნია, ჰხედავ რა ამბავია შენს თავსა, რამ დაგაჩლუნგა, რამ დაგაოჩნა“?! მანამდე კი უნდა გულზე ხელები დავიკრიფოთ, მივანდოთ ჩვენი თავი ბედსა და იღბალს...

გიკვირთ? მე არ მიკვირს.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage