მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ნინო როსტომაშვილი: მოდიოდნენ

მოდიოდნენ
(ასათიანური)

თქარა-თქურით, თქარა-თქურით,
გზა-გზა ცხენთა თარეშით,
მოდიოდნენ, მოჰკიოდნენ
საოცნებო მხარეში.
განა სწამდათ ან უყვარდათ?
არა, ბოღმა ახრჩობდათ,
მათ სულებში შური, შური
ბებერივით ანჩხლობდა.
მოჰყვებოდათ ნგრევა, სისხლი,
სიძულვილი მოყვასის,
არ უსმენდნენ მიწის ყივილს,
სიყვარულის მოძახილს.
იწვოდა და ინგრეოდა
ხელთუქმნელი ძეგლები,
რასაც ქმნიდნენ რუდუნებით
ჩვენი ძველთაძველები.
მოჰკიოდნენ, აელვებდნენ
ცაში პირბასრ მახვილებს,
ხან ალავერდს აგინებდნენ,
ხან გელათს და სამშვილდეს.
ჩეხდნენ... წვავდნენ... ჩეხდნენ... წვავდნენ
კახეთსა თუ იმერეთს,
მაგრამ ფეხი დაუკოჭლდათ,
ვერსად ვერ მოიკეთეს.
...და ატყვია ფრესკებს დღესაც
ხმლის ნაკრავი ჭრელფერი,
ჩუმად ოხრავს საქართველო -
ძველთაძველი, ბებერი.
ყრმას - კომპიუტერთან მჯდომარეს

ამ ცისფერ ეკრანს შენ გერჩიოს ბუნება ლაღი,
გერჩიოს ზეცა - უსასრულო გუმბათის თაღი,
გერჩიოს მიწა - ყვავილებით ნაქსოვ-ნაქარგი,
რუსთველის წიგნი, სულხან-საბას სიბრძნის არაკი;
გერჩიოს, ყრმაო, “დედა ენა” სათაყვანები,
ყაყაჩოებით მოელვარე ზურმუხტ-ყანები,
ო, დამიჯერე, მოაშორე თვალი დაღლილი
და შეამჩნიე, შეამჩნიე მზისა არილი, -
ბაღში ვარდები გადაშლილი, ვითარც ოცნება,
ნისლის მანდილი, მაღლა-მაღლა რომ იტყორცნება,
ნაკადულები, წყაროები, მდენნი კამკამით,
დატკბი სამყაროს მჩქეფარების წუთით და წამით, _
ო, დამიჯერე, ცისფერ ეკრანს მოსწყვიტე თვალი
და შეიგრძენი, ვითარც ლხენა, ცისა ცარგვალი.


სტუმარ-მასპინძელი

ცბიერად დაუჩოქა ზამთარმა გაზაფხულს,
სითბო გამოსთხოვა ხვეწნით და მუდარით,
მზერა შეაგება განთიადს არნახულს,
შეჩერდა მორიდებით, ვითარცა სტუმარი.
კარი გამოუღო ზამთარს გაზაფხულმა,
წამით მოატარა ბაღნარი ვარდების,
გული გადაუხსნა ტკბილად, მასპინძლურად,
შემდეგ კი გაუღო მიმავალს კარები.
სტუმარ-მასპინძლური სითბოთი გამთბარი
მაღალ, ყინულოვან მთებში დაევანა,
თითქოსდა, არცროდეს ყოფილა ზამთარი,
ისე გაცისკროვნდა მზეებით ქვეყანა.


ფოტოზე: პოეტი და პუბლიცისტი ნინო როსტომაშვილი (*1948), გახლდათ “პირველი სხივის” წევრი. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში: “ცისკარი” და “დროშა”, ასევე გაზეთ “ლიტერატურულ საქართველო”-ში, მოგვიანებით კი ჟურნალში “კვირის ბოლო”. გამოცემული აქვს ბროშურები: “ცა ჩემი ლამაზი ოცნების ფერია” (ლექსები), “ცხოვრების ხე”, “შუშანიკის წამება”, “აბო თბილელის წამება” და “ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა” (გარჩევა)

დედა ენიდან მოვდივართ

ოდითგან სისხლით ნაწერი
„ქართლის ცხოვრებით“ მოვდივართ,
ბრძენ იყო მუდამ ქართველი,
უიღბლო იყო ოდითგან.
კლავდნენ და არა კვდებოდა,
სწვავდნენ, უხსნიდნენ იარებს,
სპარსი, ოსმალო მეფობდა,
ზედ გულზე გადაგვიარეს.
ქრისტეს რწმენით და სინდისით
ვლაღობდით, როგორც ფრინველნი,
აკვნად დაირწა თბილისი,
ცოცხლობდა ენა ძირძველი.
მტერი მტრობას არ იშლიდა,
ხმალს აელვებდა დუშმანი,
გვერეკებოდა შინიდან
შაჰ-აბასი თუ მურვანი.
ჩეხდნენ ვაზსა და ბაღნარებს,
ჩეხდნენ შურით და ბოროტად,
ენას - ღვთისაგან ხელნადებს
რამდენჯერ ერგო გოლგოთა.
მაინც გადარჩა სვიანი,
მაინც ახარა მამული,
გოგებაშვილის ხიზანი
ენა - ჩუქურთმა ქართული.
ენა რუსთველის - პირმნათის,
ბარათაშვილის გენია,
ენა - ილიას, აკაკის,
ვაჟას რომ გადურჩენია.
და ირწეოდა აკვანი,
კაკლის ხისაგან ნათალი,
ქართველს ხელთ ეპყრა ანბანი -
დედის გულივით მართალი.
და „აი იას“ ძახილით
ქვეყნის კიდემდე იარა,
ენა - ერისთვის მახვილი,
შეხორცებული იარა.
ვინ მისცა ყრმობას სინაზე
და სინატიფე ქარგული,
ვინ დაგვაფიქრა იმაზე,
თუ რატომ გვიყვარს მამული.
ვინ გვასწავლიდა აკვნიდან,
ვინ დაიღამა დღეები,
ჩვენთვის ნეტავ ვინ აკრიფა
ათასი ცისარტყელები?!
მთიდან ყვირილი ირმისა
გადასწვდა მთელ საუკუნეს,
ყრმობა ვინ გაგვიყირმიზა,
ვინ შეგვაჭიდა უკუნეთს;
ვინ იყო კაცი მართალი -
თვით განგებამდე ასული,
გულის ფიცარზე ეწერა
ქვეყნის აწმყო და წარსული.
ვინ იყო? კითხვა რად უნდა,
ხსოვნა ნათელი მიაგოს,
პირნათელია მამულთან
გოგებაშვილი იაკობ.
იის სურნელით დაზრდილებს
ვერ შეგვაშინებს ვერავინ,
მამულზე ფიქრი გვალაღებს,
მიგვაფრენს ტატოს მერანი.
ქრისტეს რწმენით და სინდისით
გავლაღდით, როგორც ფრინველნი,
აკვნად გვერწევა თბილისი
და ცოცხლობს ენა ძირძველი.
ბრძენ იყო მუდამ ქართველი,
უიღბლო იყო ოდითგან
სისხლის წვიმებით მოვდივართ,
დიდი ბრძოლებით მოვდივართ,
„ქართლის ცხოვრებით“, ქართველნო,
და „დედა ენით“ მოვდივართ!


წიქარავ

დღეს შენი ძალა გვჭირდება
და შემართება შენი,
რა არ იღონეს ბიჭებმა,
ლეწეს ჯურღმულის ბჭენი.
რა არ იღონეს ბიჭებმა,
მტერს დაუყენეს თვალი,
მტერს ესობოდნენ ხიჭვებად,
ცას ასდიოდა ალი.
ძალამ აღმართი დახნაო,
ძალამ იმძლავრა მაშინ,
ახლა ბიჭების სამარხებს
წვიმა დასტირის ქარში.
მტერი ვერაგობს ცბიერი,
ღალატი მოსდგამს მავანს,
ცამ შეიცვალა იერი,
ცა ნამდვილ ზეცას არ ჰგავს.
ღალატმა ისე მოგვსხიპა,
ვით ბალახს მოსხეპს ხმალი,
მთვრალი ვარ, ჩემო წიქარავ,
ტკივილისაგან მთვრალი.
ისევ დაგმანეს ჯურღმულის
შეულეწავი კარი,
შენი რქა გვინდა, წიქარავ,
შენი ძლიერი მხარი.




* * *

მე საქართველოს მთების იქით რა მესაქმება,
მე საქართველოს მთების იქით რა დამკარგვია,
ხატად მეყოფა ნიკორწმინდა, ჯვარი, სამება,
სადაც მტკვარია, ალაზანი და არაგვია.
მე საქართველოს მთების იქით რა მესაქმება,
მე საქართველოს მთების იქით რა დამკარგვია?!.



* * *

ია-იებო, დაუსაბამოდ გზები მატარეს
და საიდუმლო როგორ გაგანდოთ ასე პატარებს,
როგორ გაუწყოთ, შორეული გზები გავცვითე
და მზის საუფლოს დამიმონა ქვის სინატიფემ.
გრძნობა უსიერ, გადაქანცულ ფიქრებს ადარეს,
როგორ გაგენდოთ ასე სუსტებს, ასე პატარებს?!.

ყინვა

ღამეა ანავერცხლები,
ყინვამ ბრჭყალები ალესა,
წამოიმართნენ ქედები,
თვალი უსწორეს მთვარესა.
დგანან ნაბდიან კაცებად,
აყურადებენ ღამესა,
ცა ეპკურებათ ნამცვრევად,
ნაჩვევებს ხვევნა-ალერსსა.
საით მიდიან ნისლები,
საით მისდევენ ქარებსა,
ამ მთებს თუ დაესიზმრები,
გათქვამენ გულში ნადებსა.
ცამ მოიქარგა პერანგი,
მთებს გადაუგდო შავებსა,
ქარი ავი და ვერაგი
მოაწყდა არემარესა.
წამოიმართნენ ქედები,
ყინვამ ბრჭყალები ალესა.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."