მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
გეოპოლიტიკის დაბადება

რატცელისათვის გეოპოლიტიკა არის ისტორიის ახსნა ადამიანური გეოგრაფიით, ხალხთა და ტერიტორიათა გრძელვადიანი გეოგრაფიით.

ფრიდრიჰ რატცელის (1844-1904) ნაშრომი დაიწერა მაშინ, როდესაც გერმანია არაჩვეულებრივ დინამიზმს ავლენდა. 1871-1914 წლებში გერმანიის მოსახლეობის რაოდენობა 41 მილიონიდან 68 მილიონ ადამიანამდე იზრდება. მრეწველობის ტრადიციულ დარგებში ის ინგლისს დაეწია და ქიმიისა და ელექტრული მასალის პიონერულ სფეროებში გაბატონდა. გერმანია უკვე მსოფლიო წარმოების 15%-ს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

გამრავლდა კომუნიკაციის გზები: 1912 წელს დაიგო 60 000 კილომეტრი (თითქმის უზომო რუსეთის ხელა) რკინიგზის ლიანდაგი, მოხდა რაინის სტრასბურგამდე კეთილმოწყობა და ჩრდილოეთში გაკეთდა კოლოსალური არხები, მაგ კილის არხი (1895 წ.). გერმანული ფლოტი ამ წლებში მსოფლიოს მეორე ფლოტი გახდა. თუმცა პირველი რანგის ინდუსტრიულ სახელმწიფოდ ქცეული გერმანია, ამიერიდან სოფლის მეურნეობის დარგში დეფიციტურია. უსაფრთხოებას მისი დემოგრაფიული და მატერიალური ზრდა საკვების თვალსაზრისით ასუსტებს. იგრძნობა ახალი მიწების ქონის აუცილებლობა.

მაშ, რატცელის აზრი უკმაყოფილების ან რევანშის კონტექსტში არ ჩნდება, როგორც ამას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჰქონდა ადგილი. რატცელზე მისი ხალხის სასიცოცხლო სწრაფვა და მსოფლიოში ხალხთა გაშლის დიდი მოძრაობა მოქმედებს. ამავე დროს, მისი აზრი, დიდი დაბრკოლებებისკენ მიმავალი ქვეყნის რეალისტურ ღელვას გამოხატავს. გერმანიის განვითარება ახალ საჭიროებებს და მოთხოვნილებებს გულისხმობს, რომლებსაც მისი დროის დარვინიზმის ზეგავლენის ქვეშ მყოფი რატცელი ორგანული სახელმწიფოს თეორიით პასუხობს.


ფოტოზე: გერმანელი ზოოლოგი და გეოგრაფი, ანთროპოგეოგრაფიის, პოლიტიკური გეოგრაფიის, გეოპოლიტიკისა და დიფუზიონიზმის თეორიის ფუძემდებელი ფრიდრიჰ რატცელი (1844-1904)

ნაშრომში - «პოლიტიკური გეოგრაფია» (1897 წ.), გეოგრაფმა შეიმუშავა თეორია სახელმწიფოსი, რომელიც მისი განსაზღვრების თანახმად, «მიწის ნაწილზე კაცობრიობის ნაწილის გამაერთიანებელი ორგანიზმი» არის. ყოველ სივრცეს თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა და ღირებულება აქვს და დამოკიდებულია ისეთ დიდ პოლიტიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორებზე, როგორებიცაა მდებარეობა, განფენილობა და საზღვარი. გეოგრაფიული მდებარეობა არის მუდმივა მიწისა, რომელიც ისტორიის განვითარებას განაპირობებს. დედამიწის გარკვეულ ადგილას არსებული სახელმწიფოები და მცხოვრები ხალხები, ამ ადგილის გავლენას ისტორიის მანძილზე გამუდმებით განიცდიან. მთავარი ფაქტორია ზედაპირიც. შემდეგ მოდის საზღვრის ცნება, ნიადაგის ტიპის, მორწყვის, მაგრამ აგრეთვე დანარჩენ მიწასთან, მიმდებარე ზღვებთან და დაუსახლებელ მიწებთან ურთიერთობა.

რატცელის მთავარი წვლილი გეოპოლიტიკის დისციპლინის შექმნაში, უეჭველად მისი ნიადაგის ინვარიანტებისადმი ყურადღება არის. უპირველეს ყოვლისა, გეოპოლიტიკა არის ისტორიის ახსნა გრძელვადიანი გეოგრაფიით, ხალხთა და ნიადაგთა გეოგრაფიით. რატცელის სახელმწიფო ორგანულია, მაგრამ ის ასევე სულიერი და მორალური ერთეულიცაა. გეომორფოლოგია მნიშვნელოვანია, მაგრამ ის პოლიტიკოსის ნებას ემორჩილება. რატცელის აზრის დაყვანა დეტერმინიზმზე იმ გაგებით, რომ გეოგრაფია ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფოთა ქცევას უნდა განსაზღვრავდეს, მისი აზრის დამახინჯება იქნება. გეოგრაფიული, რელიგიური და ეროვნული წარმოდგენები რატცელთან გადამწყვეტ გავლენას ახდენენ სახელმწიფოთა ზრდაზე, მაგრამ ისინი ისტორიას ფატალისტურ დეტერმინიზმში არ კეტავენ. მიუხედავად ამისა, მძიმე ტენდენციებს, მისი სახელი აქვთ.

თავის ერთ-ერთ მთავარ წიგნში - «სასიცოცხლო სივრცე» (1901 წ.), რატცელი აჩვენებს, რომ აუცილებლობა და გადარჩენის იმპერატივი, გერმანულ ორგანიზმს გეოგრაფიული პირობებით უფრო ახლო რეგიონების განვითარებისკენ უბიძგებს. გაჩნდა Lebensraum-ის (სასიცოცხლო სივრცის) პოლიტიკა, მაგრამ ის უფრო მიწის საჭიროებითაა გამართლებული, ვიდრე სისხლის ყიჟინა-მოწოდებით.

რატცელი სახელმწიფოთა სივრცობრივი ექსპანსიის 6 უნივერსალურ კანონს გადმოსცემს:

1. სახელმწიფოთა სივრცობრივ ზრდას თან ახლავს მათი კულტურის, ეკონომიკის, იდეოლოგიის განვითარება.

2. სახელმწიფოები იზრდებიან ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეულების ასიმილაციით, შთანთქმით.

3. საზღვარი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომლის მდებარეობაც ისტორიის მოცემულ მომენტში სახელმწიფოს დინამიზმის მატერიალიზაციას ახდენს (სხვა სიტყვებით, საზღვრების გადაადგილება ბუნებრივია).

4. სივრცობრივი ექსპანსიის პროცესში გეოგრაფიული ლოგიკა სჭარბობს, ვინაიდან სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა, მისი ტერიტორიის სიცოცხლისუნარიანობის განმამტკიცებელ რეგიონებს: ზღვის სანაპიროს, მდინარეთა ხეობებს და უფრო ზოგადად, უფრო მდიდარ ტერიტორიებს შთანთქავს.

5. სახელმწიფოს ექსპანსიისაკენ ბუნებრივად მის პერიფერიაზე, მასზე უფრო დაბალი ცივილიზაციის არსებობა უბიძგებს (ალბათ თავდაცვის უფრო სუსტი უნარის მქონე ცივილიზაციის, გ. მ.).

6. უფრო სუსტი ერების შთანთქმის პროცესი უწყვეტია; ზრდასთან ერთად, სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტად ზრდის სურვილი უძლიერდება.

გეოპოლიტიკის ამ კანონებში, სახელმწიფოთა ტერიტორიულ ექსპანსიას, ლიანდაგი ახალისებს. რკინიგზა, სახელმწიფოს ვებერთელა ტერიტორიების დაპყრობა-ათვისების საშუალებას აძლევს. 1850-1914 წლებში, ევროპაში რკინიგზის სიგრძე 30-ჯერ გაიზარდა. 1880 წელს, მატარებლებს გადაჰყავთ 18 მილიონი მოგზაური და გადაქვთ 4,5 მილიონი ტონა ფრეტი; 1913 წელს კი, 547 მილიონი ადამიანი და 173 მილიონი ტონა ფრეტი. დიდი ომის დაწყებამდე, გერმანიაში, ინგლისში და საფრანგეთში, მატარებლით ყოველწლიურად 6 მილიარდი ადამიანი მოგზაურობს.

1914 წლამდე, მსოფლიო ერთმანეთისგან ყრუდ გამოყოფილ ეროვნულ ეგოიზმებად დაქუცმაცებული არ გახლდათ. პირიქით, ეს იყო ვაჭრობისა და ურთიერთობათა სამყარო, რომელიც თავისი გახსნილობის მიუხედავად, პატივს მიაგებდა მეობასა და ავტორიტეტს. იმ დროისთვის ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია გაძლიერდა... ევროპელ მეწარმეებს საერთო ინტერესები ჰქონდათ. საწარმოები საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის საზღვრების აქეთ-იქით მუშაობდნენ. საფრანგეთში საღებავების მრავალი გერმანული ქარხანა დამკვიდრდა. ფრანგული და გერმანული საწარმოები განვითარდნენ რუსეთში.

რატცელის გეოპოლიტიკას («პოლიტიკური სივრცეების კვლევა» - 1885 წ., «პოლიტიკური გეოგრაფია» - 1897 წ.) სახელმწიფო-კონტინენტების უზომო სიდიდე ხიბლავს და აჯადოებს. რატცელმა, ეს 1873 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას განიცადა. მან მაშინ დაასკვნა, რომ მომავალი, გიგანტური ტერიტორიის და რესურსების მქონე სახელმწიფოებს ექნებათ. სწორედ ასე გაჩნდა პროექტი ევროპისა, რომლის ცენტრალური ძრავა გერმანია უნდა იყოს. XIX საუკუნის დასასრულის გერმანიის მატერიალური უპირატესობა ხომ შეედრება გასული საუკუნის საფრანგეთის ძალას? განა გერმანიის სამხედრო მანქანა მეზობელი რესპუბლიკის სამხედრო მანქანაზე ორჯერ დიდი არაა? ესაა ძლიერი ევროპის ინტუიცია და სწორედ ის ემუქრება ანგლო-საქსთა მსოფლიოზე ბატონობის პროექტს, რომელიც მაკინდერმა ესოდენ კარგად განმარტა.

რკინიგზის რევოლუცია შესაძლებელს ხდის ინგლისელი გეოპოლიტიკოსის, მაკინდერის მიერ მოხაზული გერმანულ-სლავური Heartland (გულის ქვეყნის) -ის ირგვლივ ევრაზიის გაერთიანებას, რამაც შეიძლება ზღვებზე ანგლო-საქსური თალასოკრატიების (ზღვათა სახელმწიფოების) განუყოფელ ბატონობას მოუღოს ბოლო. ანგლო-საქსურ უპირატესობას, გერმანიიდან ემუქრება როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პანამერიკანიზმის და რუსული პანსლავიზმის სარკე პანგერმანიზმი, ასევე რწმენა «გერმანული გაბატონებული რასისა», თვალსაჩინო ამერიკული ბედის სარკე.

გერმანიის საფრანგეთიდან რუსეთამდე განვითარება თუ კი ევროპის განვითარების ძრავად იქცევა, მაშინ ამ ანგლო-საქსურ დომინაციას ბოლო მოეღება. ეს ლონდონის და ნიუ იორკის კაპიტალისტებმა დაინახეს და ხელი კონტინენტურ (ფრანგულ, რუსულ, გერმანულ) ნაციონალიზმთა გაძლიერებას შეუწყვეს. ამის ერთადერთი მიზანი ევროპული პროექტის მოსპობა იყო. ანგლო-საქსებისთვის საფრთხე მით უფრო დიდი გახლდათ, რადგან გერმანული ამბიცია ევროპული კონტინენტით არ შემოიფარგლებოდა.

რატცელის გეოპოლიტიკამ გერმანიის მიერ გაერთიანებული ევროპული სახელმწიფო-კონტინენტის მსოფლიო როლი მოიხაზა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმ დროისთვის, როცა რატცელი თავის პროგრამებს წერდა, გერმანიას მსოფლიო პოლიტიკაში («ველთპოლიტიკ») ჩართვის მრავალი შესაძლებლობა ხელიდან უკვე გაშვებული ჰქონდა. გერმანიამ უარი თქვა კალიფორნიაზე, რომელსაც მას 1842 წელს მექსიკა სთავაზობდა. მან უარი თქვა ტეხასის კოლონიზაციაზე, მაშინ, როდესაც მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა. ელზას-ლორენის ანექსია კი, საზარალო გახლდათ ევროპული ერთიანობის დიდი პოლიტიკისათვის.

პარიზის მოსკოვისაგან ჩამოსაშორებლად, ლონდონმა «გულითადი თანხმობა» (Entente cordiale) შექმნა. რატცელის აზრით, გერმანიას მხოლოდ კოლონიალური არჩევანი დარჩა. 1890 წელს, პანგერმანისტულ ლიგაში ჩაბმული რატცელი, იმავე დროს, კოლონიალიზმის გააფთრებული დამცველია. ის 1882 წელს დაარსებული კოლონიალური კომიტეტის («კოლონიალფერაინ») დამფუძნებელი წევრია და ბისმარკის ვიწრო კონტინენტურ ხედვას უპირისპირდება. 10 წლით ადრე, ბისმარკს ერჩივნა, რომ საფრანგეთი საზღვაო დაპყრობებზე და არა ელზას-ლორენის დაბრუნებაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. ის აფრიკაში ფრანგებთან და ბრიტანელებთან გაჯიბრებას არ ემხრობობდა. რატცელს სწამს, რომ გერმანიას, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ადგილის დაკავება არ ძალუძს, კოლონიალური იმპერია უნდა ჰქონდეს.

გეოგრაფმა რატცელმა, იმ დროისთვის ცუდად ცნობილი აფრიკის რუკის შედგენაში თავისი წვლილი შეიტანა. მან გერმანული კოლონიალური საკითხის შესახებ მრავალი წერილი დაწერა. ეს განსაკუთრებით ხდებოდა 1885 წლისთვის, როდესაც ბერლინის კონგრესმა ევროპულ სახელმწიფოებს შორის აფრიკის დანაწილება გადაწყვიტა.

რატცელმა დაინახა, რომ ყველა ოკეანეში და ყველა კონტინეტზე გასვლით და მსოფლიო ვაჭრობის საკვანძო ადგილების (გიბრალტარი, სუეცი, კაპი, ადენი, სინგაპური, ჰონკონგი) დახურვით, ინგლისი მსოფლიოს უდიდეს ძალად იქცა. მან ნიადაგი მოუმზადა ადმირალ ტირპიცის გერმანულ პროგრამას. რატცელმა დაინახა, რომ ინგლისმა და საფრანგეთმა, ზღვათა გაყოფაში გერმანიას წინ გაუსწრეს და აუცილებლად ჩათვალა გერმანიის დაკავშირება აზიასთან, განსაკუთრებით შორეულ აღმოსავლეთთან (იაპონიასთან).

გერმანია-აზიის კავშირის რატცელისეული მოსაზრება, დიდმა გერმანელმა გეოპოლიტიკოსმა კარლ ჰაუსჰოფერმა აიტაცა, მას ნაციონალ-სოციალისტური გერმანიაც დაეთანხმა (აქ არაა ნათქვამი, რომ ბოლშევიკურ რუსეთსაც ჰქონდა აზიასთან შეკვრის გეგმა, რაც გამოიხატა მხატვარი რერიხის მიერ ინდოეთში მოგზაურობიდან «მაჰათმების» წერილის ჩატანაში და ლენინის მაჰათმად გამოცხადებაში, გ. მ.). მრავალი სწავლულის მსგავსად, რატცელზეც გავლენა მისმა ხანამ მოახდინა. ესაა პირველ რიგში ბისმარკის (1862-1890) დროს, ევროპაში პირველობაზე და შემდეგ კიდევ უფრო, ვილჰელმ მეორის (1888-1918) დროს, მსოფლიოში პირველობაზე მეოცნებე ღრმად ნიცშეანური გერმანიის პროდუქტი.

XIX საუკუნის ბოლოს, ყველა სხვა მეცნიერის მსგავსად, სოციალურ მეცნიერებებში ზუსტი მეცნიერებების პროგრესის შეტანა რატცელსაც სურდა. საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას, რატცელის ნაშრომები, გეოპოლიტიკისთვის ანგარიშის გაწევის აუცილებლობას ხაზს უსვამენ. აქედან გამომდინარეობს ე. წ. «რეალპოლიტიკ»-ა, რომელიც მასში სახელმწიფოს უმაღლეს მიზანს ხედავს: სახელმწიფომ ხალხს უნდა მისცეს მიწა, რომელიც ხალხის განვითარებისთვისაა საჭირო.

რატცელმა ნიადაგი მოუმზადა კარლ ჰაუსჰოფერის კიდევ უფრო განსრულებულ გეოპოლიტიკას, რომელმაც პასუხი გასცა მაკინდერის გლობალისტურ და ანგლო-საქსურ პროექტს.

ფრანგი გეოპოლიტიკოსი აიმერიკ შოპრადი
ფრანგული ჟურნალი «ისტორიის ახალი ჟურნალი», საგანგებო ნომერი «სახელმწიფო დანაშაულები, პოლიტიკური სკანდალები», 2012 წლის მარტი-აპრილი

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 

Ferienhaus Nordsee buchen