მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
სტოიციზმი - პარადოქსული ბედნიერება
«გეფიცებით, რომ სიკეთედ ან სასურველ რამეებად არასოდეს ჩამითვლია ფული, სასახლეები, სიმდიდრეები, უმაღლესი ძალაუფლება, არც ამ ადამიანთა დამმონებელი ავხორცობები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ ზედმეტი სიუხვე, მხოლოდ მის მფლობელთა წადილებს ამძაფრებს. სიხარბე და გაუმაძღრობა მუდამ დაუკმაყოფილებელი წყურვილი არის, რომელსაც ვერც დავამშვიდებთ, და ვერც დავაკმაყოფილებთ. მესაკუთრეებს როგორც მეტის შეძენის, ისე უკვე შეძენილის დაკარგვის შიში სტანჯავთ. ჩვენ ყველგან ვხედავთ, რომ მატერიალური სიმდიდრე ხშირად უპატიოსნო ადამიანებს აქვთ, მაშინ, როდესაც უფრო სათნოები და ღირსეულები, გაჭირვებაში ცხოვრობენ...»

«მაშ რა არის სიკეთე? იკითხავს მავანი. სიკეთეა გულწრფელი, პატიოსანი, სათნო და ღირსეული მოქმედება. სიკეთეს მე მხოლოდ სამართლიანს, პატიოსანს, სათნოს ვუწოდებ...» (ციცერონი, «სტოიკოსთა პარადოქსები», პარიზი, 2004)

«არსებობს ერთადერთი სიკეთე - ესაა პატიოსნება, მორალური მშვენიერება და სათნოება - ეს სიკეთე ვერც იმატებს, და ვერც იკლებს. ფული, ჯანმრთელობა, რეპუტაცია და ა.შ., ბედნიერებას ვერც ჰქმნიან, მათ წვლილიც კი ვერ შეაქვთ ბედნიერებაში. ბოროტება მხოლოდ მანკიერება, უზნეობა და გარყვნილება არის...» (ვალერი ლორანი, «სტოიკოსთა ლექსიკონი», პარიზი, 2002)

ფოტოზე: რომაელი პოლიტიკოსი, ადვოკატი, მწერალი, ფილოსოფოსი, ძველი რომის ყველაზე ცნობილი ორატორი და კონსული ძვ.წ. 63 წელს მარკუს ტულიუს ციცერონი (ძვ.წ. 106-ძვ.წ. 43)

ბედნიერები უბედურებაში - საკვირველი სტოიკოსები

ბრძენის ბედნიერებას ვერაფერს უშვრებიან ავადმყოფობა, სიღატაკე, დევნილობა, ციხე... ვერანაირი უბედურება ვერ არღვევს მათ ბედნიერებას. კი მაგრამ, რა ბედნიერებაზეა საუბარი და რა გაკვეთილი უნდა იყოს დღეს ის ჩვენთვის? 

ფალარისის ხარი - ტირანი, ტანჯვა-წამება და პარადოქსი

ტირანი ფალარისი, ტერორის დამყარებით და მკვლელობით მეფობს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად წამხდარ და გარყვნილ არსებად ითვლება. ამბობენ, რომ ყველაფერთან ერთად, ის კანიბალიცაა. ძვ.წ. VI საუკუნეში, აგრიგენტში გამეფებული ამ ადამიანის სახელი, უკიდურესი სისასტიკის სინონიმად იქცა.

ამ მხეცი ფალარისისთვის თავის მოსაწონებლად, ერთ მოქანდაკეს თავში «მხატვრული» ტანჯვა-წამების იდეა მოუვიდა. მან გააკეთა ფოლადის დიდი ხარი, რომელსაც ნესტოებში ფლეიტები ჰქონდა დამაგრებული. როდესაც ტირანი მოწინააღმდეგის თავიდან მოშორებას მოისურვებდა, ამ უბედურს ხარში შეაგდებდნენ და ქანდაკების ქვეშ ცეცხლს ანთებდნენ. განწირული საშინელი ტანჯვით კვდებოდა, მის ღრიალზე კი ფლეიტები ჰარმონიულ ხმებს გამოსცემდნენ.
ძველებისთვის, ფალარისის ხარი აბსოლუტური საშინელების, უსაშველო ტანჯვის, სიბნელეში და სულის შეხუთვაში, სისხლისმსმელი ბატონის ხარხარის სმენით სამარცხვინო სიკვდილის სიმბოლო იყო.

და აი გვეუბნებიან, რომ ბრძენი სტოიკოსი, ამ წარმოუდგენლად საშინელ მდგომარეობაშიც ბედნიერი იქნება! ბევრი ბერძნული და ლათინური ტექსტი, ციცერონის ჩათვლით, ფაქტიურად თანამედროვე დასავლელი ადამიანისთვის ძნელად დასაჯერებელ ამ მტკიცებულებას იმეორებს. აი, მაშ შესასწავლი პარადოქსი - როგორ უნდა დარჩე უშფოთველი და მშვიდი ყველაზე საშინელ და უსამართლო აგონიაში? ამ მაგალითის დაკვირვება ღირს. განა ბედნიერება ნებისმიერ ვითარებაში, რაც არ უნდა მოხდეს, წარმოსადგენია? და რა სახისაა ეს ბედნიერება? ამ კითხვას, სტოიკოსები 5 საუკუნის მანძილზე სიტყვებით და საქმეებით პასუხობდნენ. 

რაც დამოკიდებულია ჩვენზე და რაც არაა ჩვენზე დამოკიდებული

სტოიციზმის, ამ ახალი დოქტრინის სწავლება, ძვ. წ. 300 წლისათვის ზენონ კიტიელმა დაიწყო. მან პირველი მოწაფეები ათენის გორაზე, სტოას, პორტიკის ქვეშ შეკრიბა. ეს სახელი მათ შერჩებათ - სტოას, პორტიკის ხალხი, სტოიკოი, სტოიკოსები.

წარმოშობით ფინიკიელი ზენონი, ფილოსოფიის დედაქალაქში ახალგაზრდა ჩავიდა. მან ქონება ზღვაში დაჰკარგა, გაღატაკდა, თუმცა ღატაკმაც არ შეწყვიტა სიბრძნით დაინტერესება. ის არავის მოძღვრებამ არ დააკმაყოფილა და ამიტომ საკუთარი სკოლის დაარსება გადაწყვიტა. ამ სკოლის მიზანი უფრო ცხოვრების შეცვლა იყო, ვიდრე მჭერმეტყველება.
სტოიციზმის წარმატება დაიწყო: «მან ასწავლა შიმშილი და იპოვა მოწაფეები» - ამბობს ერთი იმდროინდელი კომედია.

ფოტოზე: ბერძენი ფილოსოფოსი და სტოიციზმის ფუძემდებელი ზენონ კიტიელი (
ძვ. წ. 333/322 - ძვ.წ. 262/261)
რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, როდესაც იმპერატორი მარკუს ავრელიუსი გარდაიცვალა, დუნაის სანაპიროზე (ა.წ. 180 წელი), სტოიციზმის დოქტრინა თავისი დიდების მწვერვალზეა. მას რომის საუკეთესო მოაზროვნეები იზიარებენ, ის ურიცხვ ნაშრომზე ახდენს გავლენას. ზენონის მიერ ჩაყრილი საფუძვლები დარჩა, მაგრამ პორტიკის ხალხის სიბრძნემ გარდაქმნათა სერია განიცადა, აქცენტი მის ეთიკაზე გადავიდა. ამის ყველაზე მარტივად დანახვის საშუალება, II საუკუნის დასაწყისისთვის მოღვაწე ყოფილმა მონამ, მკაცრმა ეპიტეტემ მოგვცა. ის ასწავლიდა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა მტრულად განწყობილ სამყაროში ბედნიერებას.

გაკვეთილი პირველი: ფაქტები მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ ჩვენი წარმოდგენებისგან. მთავარია არა გარემოებები, არამედ ის, რასაც ჩვენ მათზე ვფიქრობთ. მე შემემთხვა უბედურება, დავიჭერი, ამას თავისი შედეგები აქვს. აი, ფაქტები და მე მათ წინააღმდეგ არაფერი შემიძლია. სამაგიეროდ მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული ის, თუ რას დავინახავ ამაში, დამღუპველ კატასტროფას თუ სტიმულის მომცემ გამამხნევებელ გამოწვევას. («შენ არ დაცემულხარ, შენ გამოცდილება შეიძინე, წინ!», ასეთია სტოიკოსთა თანამედროვე შთამომავალთა, «ოპუს დეის» დამფუძნებელი წმინდა ხოსემარია ესკრივა დე ბალაგერის დევიზი). 


ფოტოზე: ბერძენი ფილოსოფოსი, სტოიციზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვენი წარმომადგენელი ეპიქტეტე (50-138)

ფოტოზე: «ოპუს დეის» დამფუძნებელი წმ. (რომაულ-კათოლიკური) ხოსემარია ესკრივა დე ბალაგერი (1902-1975)

სტოიციზმის ოქროს წესი:
ჩვენზე დამოკიდებულის განსხვავება იმისგან, რაც არაა ჩვენზე დამოკიდებული.

ჩვენს ხელშია ჩვენი ნება, ჩვენი აზრები, წარმოდგენები და განსჯები. რატომ? იმიტომ, რომ ბუნებით ჩვენ გონებით დაჯილდოებული არსებები ვართ: თუ კი მას ხელს არაფერი უშლის, ჩვენში გონება ბატონობს. მაშ, ჩვენ რადიკალურად თავისუფლები ვართ იმ გაგებით, რომ ჩვენს ნებას ვერაფერი გატეხავს და ჩვენი აზრის მანიპულირებას ვერაფერი მოახერხებს.

ვერავინ მოგვანდომებს იმას, რაც არ გვსურს.

მოაზროვნე ნება ციხე-სიმაგრეა.

ტირანს შეუძლია დაგვემუქროს, დაგვაპატიმროს, გვაწამოს, მოგვკლას. მაგრამ ის ვერასოდეს გვაფიქრებინებს იმას, რასაც არ ვფიქრობთ.

ის რაც გვსურს, რასაც ვფიქრობთ და რასაც გადავწყვეტთ, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ეს შინაგანი წარმმართველი პრინციპი არის დაუძლეველი და დაუმარცხებელი «შინაგანი ციტადელი». საცოდნელია, როგორ შეუძლია ამ ციტადელს ჩვენი უბედურებისაგან დაცვა და ეს ბედნიერებისათვის საკმარისი თუა.

ეპიქტეტეს «სახელმძღვანელოს» დასაწყისში, ჩვენზე დამოუკიდებელ რამეთა სიამ შეიძლება გაგვაოცოს:

ჩვენზე არაა დამოკიდებული სხეული, სიმდიდრე, რეპუტაცია, ძალაუფლება. თითქოს ცხადია, რომ ჩვენ ამ სფეროებში მოქმედება შეგვიძლია. განა რაც შეგვიძლია არ ვაკეთებთ იმას, რომ ჯანმრთელები ვიყოთ ან ჩვენი შემოსავალი გავზარდოთ და სიღატაკეს თავი ავარიდოთ? ჩვენ შეიძლება გაგვიჭირდეს იმის დაჯერება, რომ ყველაფერი ეს, ჩვენზე დამოკიდებული არაა.

სინამდვილეში, სტოიკოსები არ გვირჩევენ ჯანმრთელობაზე თუ სიბეჩავისათვის თავის არიდებისათვის ზრუნვაზე უარის თქმას. ისინი ამბობენ, რომ რაც არ უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ვიყოთ, შედეგი გარანტირებული არასოდესაა. ზრუნვის მიუხედავად, შემთხვევითობაზე გავლენას ვერ ვახდენთ: ჩვენ შეიძლება რაღაც ავადმყოფობა შეგვეყაროს, შეიძლება გავღატაკდეთ, შეიძლება ცილისწამების მსხვერპლი გავხდეთ და მარგინალიზებული ვიყოთ. მაშ ბედნიერებას ვერავითარი გარეშე გარემოება ვერ უზრუნველყოფს, ფიზიკური იქნება ის, ფინანსური თუ სოციალური. ჩვენ მხოლოდ ჩვენს მოაზროვნე ნებას ვაკონტროლებთ. მაშ, ბედნიერების საშუალება სწორედ მან უნდა მოგვცეს ყველა მდგომარეობაში, ყველაზე უარესშიც კი.

რაც არ უნდა ხვდეს წილად, სტოიკოსი ბრძენი უბედურებისაგან დაცული იქნება. როგორც ეპიქტეტე ამბობს, «სტოიკოსი ბრძენი ავადმყოფიც, საფრთხეში მყოფიც, მომაკვდავიც, ლტოლვილიც და შეზიზღებულიც შეიძლება ბედნიერი იყოს». სტოიკოსის მაზოხისტად წარმოდგენა სისულელე იქნება. დაჯერება იმისა, რომ ტანჯვა სტოიკოსს აბედნიერებს, სრული შეცდომა იქნება. სინამდვილეში, მისთვის ტკივილიც და სიამოვნებაც უმნიშვნელოა: ამ სფეროში მას არაფერი აღელვებს იმიტომ, რომ ყველაფერს, რაც ჩვენზე დამოკიდებული არაა, ის უმნიშვნელოდ თვლის. მაგრამ ფაქტების ამ ფაქტთა შეფასებისგან რადიკალურად გამოყოფის მისეულ სტრატეგიაში, თვითგვემისაკენ სწრაფვას ადგილი არა აქვს. მეტიც, სტოიკოსები ახერხებენ მათთვის უმნიშვნელოს «უმჯობესთან» კომბინაციას. სტოიკოსების აზრით, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ავადმყოფობისაკენ, სიღატაკისაკენ თუ დამცირებისაკენ მისწრაფება, უაზროა. მაშ ჯანმრთელობა, სიმდიდრე, ძალაუფლება სჯობს ავადმყოფობას, სიღატაკეს, უძლურებას, მაგრამ მეორეს მხრივ, ისინიც უმნიშვნელო რამეებია და სტოიკოსის აზრით, მათ დაკარვას არაფერი მოჰყვება: ეს გარეშე ელემენტები, სტოიკოსთა ბედნიერებას არ განაპირობებენ.

შინაგანი ციტადელი - შემთხვევითობების რყევისაგან, ხვედრის დარტყმებისაგან დაცული ადამიანი, აი ჩვენი სტოიკოსი - უგრძნობი და უნგრევი. მაგრამ ბედნიერი? რა გაგებით? ამის დასანახად, სხვა გზის გავლაა დარჩენილი.

უბედურებას გარიდებულ სტოიკოს ბრძენს, პოზიტიურად სურს სიკეთე, ის სათნოდ და ბუნების თანახმად ცხოვრობს, მას უყვარს სამყარო, როგორც მთლიანობა. მისი რწმენით, ცხოვრება მხოლოდ ასე შეიძლება და ადამიანს სწორედ ასეთი ცხოვრება აბედნიერებს. ბრძენის ბედნიერება ნამდვილად არაა ის, რასაც ჩვეულებრივ ამ ცნებაში ვგულისხმობთ. ჩვეულებრივად, ამ ცნებაში სიამოვნების და შემთხვევითის, პრობლემატურის, არასანდოს წილიც იგულისხმება. ეს ჩვენს თვალში ბედნიერებას უფრო სუსტ, დაუცველ, ნგრევად მოვლენად ხდის.

თავის «ნიკომაქეს ეთიკაში», არისტოტელე  ამ გავრცელებულ შეხედულებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სტოიკოსთა აზრთან. მისი აზრით, ბედნიერია ის, ვინც როგორც პატიოსანი, ისე შეძლებული და სოციალურად დაფასებული ადამიანი არის. მხოლოდ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ შეიძლება ვთქვათ, ბედნიერი იყო ის თუ არა, ვინაიდან სიცოცხლეში, რაღაც კატაკლიზმმა თავდაყირა შეიძლება დააყენოს ყველაფერი და წარმატებულად მიჩნეული არსებობა დაღუპოს. არისტოტელეს თანახმად, სათნოება აუცილებელი პირობაა ბედნიერებისათვის, მაგრამ ის ბედნიერებისათვის საკმარისი პირობა არ არის. სტოიკოსებისათვის კი პირიქით, ბედნიერებისათვის მხოლოდ სათნოებაც საკმარისია. რას ნიშნავს ეს?

ზენონ კიტიელის გენიალური მიგნება გახლავთ გონების, ბუნების და სიკეთის ერთ მთლიანობად შეერთება. გონების და ბუნების თანახმად ცხოვრება, სტოიკოსისათვის ერთი და იგივეა. სიკეთის მსურველ ბრძენს, სამყაროს გარეთ არაფერი სურს. არც ამ ქვეყნის წესრიგისაგან განსხვავებული რამ უნდა.

სტოიციზმის საფუძველია რწმენა იმისა, რომ სამყარო არის გონივრულად ჰარმონიული მთლიანობა, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ყოველმა თავისი პარტიტურა უნდა შეასრულოს. სათნოება, სწორედ საკუთარი ადგილის და ფუნქციის მონახვაა და მეტი არაფერი, ის ჩვენი ინსტინქტებიდან გამომდინარეობს, თუ კი ჩვენ ყოველივე ამის გაგებას შევძლებთ. მაშ, ჩვენ შევცდებით თუ ვიფიქრებთ, რომ «სათნოება» იდეალის, ქვეყნის გარეთ არსებული მოდელის, ტრანსცენდენტური ღირებულების მიდევნა არის. სტოიკოსები ამას სულაც არ ფიქრობდნენ. საბოლოო ანგარიშით, სათნოება არის ბუნებაზე და ჩვენს თავზე ჩვენი გონების წარმოდგენის თანახმად ცხოვრება.

თუ კი სათნოება გვაბედნიერებს, მაშ, ეს არაა მორალიზმის შედეგი. ბედნიერება არაა სათნოს დასაჩუქრება, კარგად მოქცევის შედეგი. სტოიკოსებისათვის ბედნიერება ბრძენის ცხოვრებაა და მეტი არაფერი. მაშ, ეს არაა უბრალოდ ნეგატიური ბედნიერება. აუღელვებლობაზე (ატარაქსია) და ვნებათა ჟინის არქონაზე (აპათია) დასმულმა აქცენტმა, შეიძლება დაგვავიწყოს, რომ საუბარი მხოლოდ უბედურებისათვის თავის არიდებაზე არაა.

სტოიკოსი ბედნიერია იმიტომ, რომ ის სამყაროს, კოსმიური წყობის ნაწილია. ადამიანთა უბედურება, მათ მიერ მათივე გონების გამოუყენებლობა, უკეთურების სიკეთედ მიჩნევა და რეალობებად მიჩნეული ქიმერების დევნა არის. ბრძენის ბედნიერებაა: მხოლოდ სიკეთის სურვილი, სამყაროს, კოსმოსის წყობის და ყოველი ადამიანის თუ ელემენტის ადგილის შეცნობა, ხვედრთან თანხმობა.

(სტოიკოსი კლეანთეს თქმით, ყოველ ადამიანში არსებული გონება არის საყოველთაო, უნივერსალური გონის, ღმერთის სულის ნაწილი. როგორც ნაწილი, ადამიანის გონება შეზღუდულია, მაგრამ ადამიანისათვის ბოძებული მსოფლიო ორკესტრის ინსტრუმენტი გონება, დირიჟორის ანუ იგივე ხვედრის ჯოხის ხელმძღვანელობით, სამყაროს გალობას თავის ხმას ჰარმონიულად უმატებს. ეს ადამიანისათვის მიცემული პარტიტურის შესრულებას გულისხმობს, რასაც ბრძენი ხვედრის სრულიად მიღებით აკეთებს, თუნდაც რომელიმე ცხოვრებისეული მოვლენა გონივრულობის საწინააღმდეგო რამედ ჩანდეს. განგების გონიერება უფრო შორსმჭვრეტელია... ვალერი ლორიანი, სტოიკოსების ლექსიკონი, პარიზი, 2002).

მაშ, შინაგანი ციტადელი მხოლოდ თავშესაფარი არაა: ესაა კავშირი სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. შემთხვევითი არაა, რომ სტოიკოსები ხაზს კოსმოპოლიტიზმის, ადამიანთა თანასაწორობის, მონათა ღირსების პატივისცემის და ბრძენის საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამდნენ. თანხმობა და თანამშრომლობა ბუნების კანონია და საჭიროა მათი აღდგენა ყოველთვის, როდესაც გზააბნეული ცივილიზაცია მათ დაარღვევს და შეუძლებელს გახდის. 

ნეოსტოიციზმი

აზრით ფალარისის ხარს დავუბრუნდეთ. კარი დახურულია, სიბნელე მეფობს, ცეცხლი ფოლადის კედლებს ახურებს; მაშ, რა გაგებითაა ბედნიერი შიგ გამოკეტილი სტოიკოსი ბრძენი? მას ისევ მხოლოდ სიკეთე, მსოფლიოს მოვლენათა გარდაუვალი ჯაჭვის გაგება სურს. მის ხედვას ტკივილი არ აბუნდოვნებს. ტირანს შეიძლება გამარჯვებისა სჯეროდეს, მაგრამ გამარჯვებული ბრძენია.

ყოველივე ამის ჩვენს ხანაში გადმოტანა ძნელი არაა. თუ XX საუკუნის ყველაზე უარეს მომენტებს გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ ფალარისები ლეგიონი იყო, საშინელებები კი უკიდურესი. წინააღმდეგობათა გმირები, სტოიკოს ბრძენთა შორეული შთამომავლები არიან. როგორც სტოიკოს ბრძენთ, ისე მათ ამ შთამომავლებს, ერთადერთი მიზნისთვის ყველაფრის გაწირვა ძალუძთ. მათ არ ეშინიათ სიკვდილის და ტანჯვა-წამებისა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობის გამწევთა გმირობას, მათ სიმამაცეს და ღირსებას პატივს მივაგებთ, ჩვენ მათ ბედნიერ ადამიანებად არ ვთვლით. ისინი ჩვენთვის ამაღლებული, დიადი, მშვენიერი ადამიანები არიან. ბედნიერება ჩვენთვის უფრო მოკრძალებული და უფრო მყიფე, უფრო ადამიანურად სულელურია.

განა უნდა დავასკვნათ, რომ სტოიკური ბედნიერების პარადოქსული ბედნიერება წარსულს ჩაბარდა და ჩვენ მხოლოდ მისი, როგორც არქეოლოგების მიერ გათხრილი და ადამიანებისაგან დაცლილი ძველთაძველი ნაქალაქარის შესწავლაღა დაგვრჩენია? საეჭვოა.
.
ჩვენი ხანა, შფოთის და დარდის წარმომქმნელი და ქაოტურია და საკუთარ თავში თავშესაფრის პოვნის მისწრაფებას გვიჩვენს. ამას გარდა, ისევ გამძაფრდა ბუნების განცდა, ისევ დაფიქრდნენ ნამდვილ და ყალბ სიკეთეზე, ისევ მოიხაზა ხიდი შინაგან ციხე-სიმაგრესა და კოსმიურ წესრიგს შორის. ასე რომ, ნეოსტოიციზმი შეუძლებელი რამ არაა.

მარკ ლამბრონი
ფრანგული ჟურნალი «ლე პუან»
, 2010

ფოტოზე: ფილოსოფოსი, სტოიციზმის ბოლო მნიშვნელოვენი წარმომადგენელი და რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი (121-180)
დამატება

როჟე პოლ დრუა: ათენიდან რომამდე


სტოიციზმის ისტორია საუკუნეებს ითვლის, ძველი საბერძნეთიდან რომის იმპერიამდე გრძელდება და სხვა სკოლების წვლილს იღებს. სტოიკოსთა მრავალი ნაშრომი დაკარგულია, ამიტომ მისი დეტალურად განხილვა ძნელია. სტოიციზმის სამ პერიოდს განასხვავებენ:

ძველი სტოიციზმი, ათენში, ძვ.წ. III-II საუკუნეებში განვითარდა. მას 3 მთავარი ფიგურა ჰყავდა. დამფუძნებელმა ზენონ კიტიელმა სკოლის პრინციპები შექმნა, რომელთა შორისაც სამყაროს რაციონალური წყობის არსებობა და ამ წყობის შესაბამისად ცხოვრების სურვილი გამოიყოფა. ის ოციოდე ნაშრომის ავტორად ითვლება. მათი სახელები ცნობილია, ნაშრომები კი თითქმის ყველა გამქრალია. დარჩა დიოგენ ლაერსის მიერ შეკრებილი მოწმობები («ცნობილ ფილოსოფოსთა ცხოვრებები, დოქტრინები და გამონათქვამები», წიგნი VII, I-36) და ციტატები. მისმა შემცვლელმა კლეანთ ასოსელმა, ზენონის მოძღვრება ცინიკოსებს ჩამოაშორა და უფრო თეორიულ გზაზე დააყენა. შემორჩენილია მხოლოდ ზევსისადმი მიძღვნილი ჰიმნის 40-ოდე ლექსი. შემდეგ სკოლის სათავეში ჩამდგარმა ქრისიპე სოლესელმა, სტოიკურ ფილოსოფიას მისი გაქანება - დახვეწილობა უბოძა. ის 700-მდე ნაშრომის ავტორი უნდა ყოფილიყო. მათგან მხოლოდ ფრაგმენტებია დარჩენილი...

საშუალო სტოიციზმი: ძვ.წ. II-I საუკუნეებში სტოიციზმი ეპიკურეს, პლატონის, არისტოტელეს და აღმოსავლეთის მოაზროვნეთა დოქტრინების ელემენტებს იღებს...

ა.წ. I-III საუკუნეების იმპერიული სტოიციზმმა, სტოიკური აზრის ერთგვარი აღორძინება განავითარა, რომელშიც ხაზი პიროვნული ქცევისა და მისი ეთიკური განზომილების მნიშვნელობას ესმება. ძველი სტოიციზმის ეს უკანასკნელი ეტაპი, უკეთაა ცნობილი იმიტომ, რომ ჩვენ ხელთ მისი მთავარი ტექსტები გვაქვს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ასევე შედევრებია. ამ ეტაპთან სამი დიდი სახელია დაკავშირებული: თავიდან მოყვარული და შემდეგ დიდი ფილოსოფოსი სენეკა. მისი თწზულებათა უმეტესობა («ბედნიერ ცხოვრებაზე", «ბრძენის სიმტკიცეზე») სიამოვნებით იკითხება, ხოლო მისი «წერილები ლუსილიუსს» ლიტერატურის ერთ-ერთი ძეგლია. განთავისუფლებულმა მონამ, ეპიქტეტემ სკოლა გახსნა. მის «საუბრებში» და «სახელმძღვანელოში» ჩვენ დოქტრინის პრაქტიკულ მნიშვნელობას ვხედავთ. იმპერატორი მარკუს ავრელიუსი 161-180 წლებში იმპერატორის როლის შემსრულებელი ფილოსოფოსი გახლდათ და არა ფილოსოფიით დაინტერესებული იმპერატორი. თავისი რწმენის თანახმად, ცხოვრების მცდელმა და გამომცდელმა ავრელიუსმა აზროვნების ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ტექსტი - «აზრები ჩემთვის» დაწერა.


თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 

Ferienhaus Nordsee buchen

 

Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage