მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მხატვარი ჰერმან ჰესე

ჰერმან ჰესე მხატვრობამ პირველი მსოფლიო ომის დროიდან გაიტაცა. თვითნასწავლმა მხატვარმა, თავიდანვე სულიერი კრიზისის დაძლევა დაისახა მიზნად, თუმცა 3000-ოდე აკვარელის დახატა და ამით თავისი ფერწერული ნამუშევრების მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა შექმნა, რომელიც ფერადოვნად გადმოსცემს ტესინს, ადგილს, სადაც მწერალი 1919 წლიდან სიკვდილამდე - 1962 წლამდე ცხოვრობდა.


ფოტოზე: პოეტი, მწერალი და თვითნასწავლი მხატვარი ჰერმან ჰესე
(1877-1962)

1916 წელს, ჰერმან ჰესე ლუცერნთან, კლინიკა «ზონმატი»-ში ფსიქოანალიზის კურსს გადის. ექიმი ი. ბ. ლანგი, მას მისი სიზმრების ქაღალდზე გამოსახვას სთავაზობს, ოღონდ ნახატების სახით. პირველ ნამუშევრებს ჰესე ბერნში და ლოკარნოს მიდამოებში, ტესინში ხატავს. 1917 წელს ის ავტოპორტრეტის ჟანრმა გაიტაცა. 1918 წელს, ტესინში ხატვის ტექნიკის სწავლას განაგრძობს, ამასთან იქმნება ესკიზები და ილუსტრაციები წიგნისა «სეირნობა ფეხით» (გამოიცა 1920 წ.). გერმანელ ტყვეთა სოციალური დახმარების კომიტეტის სასარგებლოდ, რომელიც ჰესემ ბერნში 1916 წელს შექმნა, პირველად გამოჰფინა გასაყიდად თავისი დასურათებული საკუთარი ლექსების ციკლი. 1919 წელს ჰესემ ზღაპარი «მძიმე გზა» დაასურათა და აკვარელები «მხატვრის ლექსებისთვის შექმნა».

მისი აკვარელების პირველი გამოფენა გაიმართა ბაზელში 1920 წელს. ამ წელსვე, მიუნხენში, ჟურნალ «ვილანდ»-ში გამოქვეყნდა ჰესეს პირველი რეპროდუქციები. 1921 წელს გამოდის ალბომი «11 აკვარელი ტესინიდან». 1922 წელს, ვინტერტურში მოეწყო ჰერმან ჰესეს აკვარელებისა და ემილ ნოლდეს ნამუშევრფების ერთობლივი გამოფენა. იგი 1922 წელს რუთ ვენგერისთვის წერს და ასურათებს ზღაპარს «პიქტორის გარდაქმნა». 1925 წელს ქვეყნდება მისი წიგნი «აზრები». 1926 წელს გამოიცა იოზეფ პონტენის «ლუგანის პეიზაჟი» და ჰესეს მოთხრობა «უკანასკნელი მოგზაურობა» მისივე აკვარელების რეპროდუქციებით, ბერლინში გამოიფინა 50 აკვარელი, დრეზდენში კი 100; 1955 წელს პირველად გამოიცა კრებული «ტესინის აკვარელები» და ხედების ღია ბარათების სერია აკვარელებით. 1957 წელს, მწერლის 80 წლის იუბილესათვის, მარბახში, შილერის სახელობის ეროვნულ მუზეუმში, მოეწყო მისი აკვარელების გამოფენა. ჰერმან ჰესეს გარდაცვალების შემდეგ (1962 წელი), მისი აკვარელები გამოიფინა ბევრგან: ტოკიოში (1976 და 1996 წწ. ), პარიზში (1977 წ. ), ნიუ იორკში და მონრეალში (1980 წ.), სან-ფრანცისკოში და ჩიკაგოში (1981 წ.), მადრიდში (1985 წ.), ლუქსემბურგში (1987 წ.), ჰამბურგში (1992 წ.) და საპოროში (1995 წ.).


ფოტოზე: ჰერმან ჰესე, ზაფხულის სიმაღლე, 1933, აკვარელი და კალამი ქაღალდზე, 6 x 7, ქაღალდის ზომა 20,9 x 16,4

ფოტოზე: ჰერმან ჰესე, ტესინის ბუნება, 1933, აკვარელი და ტუში ქაღლდზე, 32 x 36
«აუტანელი ნაღველისაგან გამოსავალი ვიპოვნე, დავიწყე ხატვა, რაც არასოდეს გამიკეთებია და სურათების შექმნაც ვცადე. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, აქვს თუ არა ამას ობიექტური ღირებულება, ჩემთვის ესაა ხელოვნებით ნუგეშისცემა, რაც პრაქტიკულად შეთხზვას არ მოუცია. ეს არის სურვილთა ჟინის გარეშე გატაცებასავით, როგორც უპრეტენზიო სიყვარული (1917 წელს ფელიქს ბრაუნისთვის მიწერილი წერილიდან)».

«ჩემი პატარა აკვარელები ერთგვარი პოეტური მონაგონი ან სიზმრებია, რომლებიც «სინამდვილის» მხოლოდ შორეულ გახსენებას გადმოსცემენ და ცვლიან მას პირადი გრძნობებისა და განწყობების შესაბამისად (...), ასე რომ, მე მხოლოდ დილეტანტი ვარ, რასაც არასოდეს ვივიწყებ (1919 წელს ჰელენ ველთისთვის მიწერილი წერილიდან)
».

«კალმით და ფუნჯით შექმნის პროცესი, ჩემთვის კარგ ღვინოსავითაა, მათით თრობა იმდენად ათბობს და ალამაზებს ცხოვრებას, რომ მას ასატანს ხდის (1920 წელს ფრანც გინცკისადმი მიწერილი წერილიდან)».

«ძირითადი თემაა მარტივი პეიზაჟური მოტივები, ამაზე მეტად ალბათ წინ ვერ წავალ. რამდენად მშვენიერია ყველაფერი დანარჩენი - ჰაერი, ცხოველები, მოძრაობები და ყველაზე მშვენიერი - ადამიანები, ბუნებრივია მესმის, ხშირად ეს მიტაცებს და მაოცებს, მაგრამ ამის დახატვა არ ძალმიძს (1922 წელს კუნო ამიეტისათვის მიწერილი წერილიდან)
».


ფოტოზე: ჰერმან ჰესე, დათოვლილი ტბის ხეობა, 1933, აკვარელი ქაღალდზე


ფოტოზე: ჰერმან ჰესე, გორაზე მდგარი წითელი სახლი, 1926, აკვარელი ქაღალდზე


«ჩვეულებრივ, დიდი მესაკუთრე არა ვარ, საგნებს იოლად ველევი, მათ იოლად ვასხვისებ. მაგრამ ეხლა მე ამიტანა ეჭვიანმა გულმოდგინებამ საიმედოდ შევინახო ის, რაც უფლებით ჩემია, რასაც ზოგჯერ თავად დავცინი. უეცრად დაუჯერებლად ბეჯითი გავხდი, დღეების განმავლობაში, საათობით ვზივარ ბაღში, ტერასაზე, ფლიუგერიან კოშკურასთან და ვცდილობ ფანქრით და კალმით, ფუნჯით და საღებავებით შევაჩერო, რომ გადავარჩინო რამე იმ აყვავებული მშვენიერებისგან, რაც ჩვენს თვალწინ ქრება. წვალებით ვხატავ დილის ჩრდილებს ბაღის საფეხურებზე, გლიცინიის სქელი შოლტების ხვეულებს, ვცდილობ ავსახო საღამოს მთების შორეული და შუშის საღებავებივით გამჭვირვალე, სუნთქვასავით მოუხელთებელი და იმავდროულად ძვირფასი ქვებივით მოელვარე ფერები. სახლში შემდეგ ძალიან დაღლილი ვბრუნდები, ძალიან დაღლილი, და როდესაც საღამოს ჩემს ფურცლებს საქაღალდეში ვაწყობ, მამწუხრებს ის, რომ ნანახიდან აგრერიგად ცოტა რამის აღბეჭდვა და შენარჩუნება შევძელი («გაზაფხულსა და შემოდგომას შორის», 1930)».

«...ფერწერის გარეშე ბევრს ვერაფერს მივაღწევდი როგორც პოეტი (1924 წელს მხატვარისა და ნეგოციანტის - გეორგ რაინჰარტისთვის მიწერილი წერილიდან)»...


ჰერმან ჰესეს წიგნიდან «საღებავების მაგია, აკვარელები ტესინიდან, შემდგენელი ფოლკერ მიხელსი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 

Ferienhaus Nordsee buchen