მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მაისტერ ეკჰარტი: ტანჯვისათვის

პირველი ქართული თეოლოგიური ჟურნალი - «მარგვეთის ეპარქიის საღვთისმეტყველო კრებული» დაარსებულია 1980 წლის მიწურულს მარგვეთის ეპისკოპოსის, ქრისტეფორე წამალაიძის თაოსნობითა და აქტიური თანადგომით. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრები გახლდნენ: ედიშერ გიორგაძე, ბელა გიორგაძე, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე), ზვიად გამსახურდია, აკაკი ბაქრაძე, ბესიკ ადეიშვილი, ციცო არზიანი, თამარ ცეცხლაძე, შალვა (ვალიკო) წიკლაური და გურამ მამულია, რომელიც ჟურნალის დაარსებიდან მცირე ხანში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში ბრალეულობის გამო გაძევებულ იქნა საბჭოდან. სარედაქციო საბჭომ, კრებულის მთავარ რედაქტორად აირჩია ძველი ქართული ლიტერატურისა და საეკლესიო ისტორიის უბადლო მცოდნე, ქართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, აწ განსვენებული ედიშერ გიორგაძე. კრებულთან თანამშრომლობდა სამეგრელოში მოღვაწე მამულიშვილი, არქიმანდრიტი ბენედიქტე ჯალაღონია.

კრებული გამოდიოდა თვეში ერთხელ. იმისათვის, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის რწმუნებულთა საბჭოს არ დაებლოკა, იქმნებოდა ფარულად, იატაკქვეშეთში, მას საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა ქალბატონი თამარ ცეცხლაძე, ხელით კინძავდნენ სარედაქციო საბჭოს წევრები და ავრცელებდნენ თანამოაზრეებთან ერთად ფარულად. სულ გამოიცა 13 ნომერი, 14-ე ნომრის გამოცემა ვეღარ მოხერხდა, რადგან 1981 წლის მიწურულს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სარედაქციო საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, შეიქმნა სარედაქციო საბჭოს წევრთა დაპატიმრების საფრთხე, რის გამოც კრებული 1981 წლის ბოლოს სარედაქციო საბჭოს წევრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით დაიხურა. შეკრებაზე, რომელზეც კრებულის დახურვა გადაწყდა, ზვიად გამსახურდიამ და აკაკი ბაქრაძემ დიდი შეფასება მისცეს «მარგვეთის ეპარქიის საღვთისმეტყველო კრებული»-ის ეროვნულ საქმიანობას.

ამ გამოცემამ მოგვიანებით გაგრძელება ჰპოვა საპატრიარქის მიერ გამოცემული «საღვთისმეტყველო კრებული»-ს სახით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გასაგები მიზეზების გამო, მასში და მასთან «მარგვეთის ეპარქიის საღვთისმეტყველო კრებული»-ის სარედაქციო საბჭოს წევრთაგან არცერთი არ თანამშრომლობდა.

«მარგვეთის ეპარქიის საღვთისმეტყველო კრებული» ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, შემორჩენილი გახლდათ მისი მხოლოდ 1 ეგზემპლარი, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ ედიშერ გიორგაძესთან ერთად მის სახლში ჩაიფერფლა, ბოლო 2 ეგზემპლარი სხვა მრავალ რელიქვიასთან ერთად, 1992 წელს კოლხურ კოშკში დაიწვა.

მაისტერ ეკჰარტის ქადაგების - «Vom Leiden Gottes» წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და თაოსნობით კრებულის სპეციალურად მაისტერ ეკჰარტის ქადაგებათა ქართული თარგმანის შესასრულებლად შექმნილი სარედაქციო ჯგუფის მიერ. ბატონი ედიშერ გიორგაძის ცნობით, თარგმანის სამუშაოს «ლომის წილი» ეკუთვნის ზვიად გამსახურდიას, რომლის სახელის მითითებაც 1981წელს, ქადაგების თარგმანის გამოქვეყნებისას, მის სახელზე საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურის გამო, ვერ მოხერხდა.

* * *
ერთი მოძღვარი ამბობს «ჰე, ღმერთო მოწყალეო, რა ბედნიერად ვიგრძნობ თავს, ჩემმა სიყვარულმა ნაყოფი რომ გიძღვნას შენ!»

ყოველ მოსიყვარულე სულს ეუბნება უფალი: მე თქვენთვის განვკაცდი, თქვენ კი ჩემი გულისათვის თუ არ განიღმრთობით, უსამართლონი იქნებით ჩემდამი. მე ჩემი ღვთაებრივი ბუნებით იმგვარად დავივანე თქვენს კაცებრივ ბუნებაში, რომ არავინ უწყოდა ჩემი ღვთაებრივი ძალაუფლების შესახებ, და ჩემში ოდენ მავან ყარიბს ხედავდნენ. თქვენც ამგვარად უნდა შთამალოთ თქვენი კაცებრივი ბუნება ჩემს ღვთაებრივ ბუნებაში, რათა არავინ იგრძნოს თქვენში ადამიანური სისუსტენი, და თქვენი ცხოვრება იმდენად ღვთაებრივი გახდეს, რომ თქვენში ვერაფერი დაინახონ გარდა ღმერთისა. მაგრამ ამას ვერ მივაღწევთ ოდენ სიტყვამჭევრობით, სულიერი პრანჭვა-გრეხით და წმინდანის იერის მიღებით, ანდა სახელის განთქმითა და საყოველთაო სიყვარულის მოხვეჭით. არა, ეს არაა ეგრე. ამას არ მოითხოვს ჩვენგან უფალი, არა, ეს არაა ეგრე!

მას სურს, ჩვენ თავისუფალნი დავრჩეთ; მას სურს უდრტვინველად ავიტანოთ, როდესაც ჩვენი კეთილის სახელის შესაბღალად იტყვიან, რომ მატყუარნი და თვალთმაქცნი ვართ და სხვა ამგვარი. მას სურს ატანა შეგვეძლოს არა მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს წინააღმდეგ დაუფარავად აღსდგებიან და ვნებას მიაყენებენ არა მხოლოდ ჩვენს სულს, არამედ სხეულსაც, რათა დავსნეულდეთ, მას სურს დათმენის უნარი გვმოსავდეს ან მძიმე ხორციელი ტანჯვა განვიცადოთ, მას სურს დათმენის უნარი გვმოსავდეს მაშინაც, როცა ჩვენს სასიკეთო ჩანაფიქრს ავად მოაქცევენ. ჩვენ კაცთა ხშირად ღმერთიც წაგგვრის ხოლმე მასთან ყოფნის ნუგეშს და თითქოსდა ყრუ კედელს აღმართავს ჩვენს წინაშე; როცა მწუხარენი მივმართავთ მას ნუგეშისა და შემწეობისთვის, იგი თითქოს თვალს ხუჭავს და არ სურს არც დანახვა, არც მოსმენა ჩვენი, და გვტოვებს ეულად გასაჭირსა და კირთებაში, ვითარცა ერთ დროს ქრისტე დასტოვა მისმა მამამ; - აი, სწორედ მაშინ გვმარტებს ჩვენ შევეფაროთ ღვთაებრივ ბუნებას და ჩვენს უნუგეშობაში ურევად ვადგეთ იმ აზრს, რომ ჩვენს თავს ვერ დავეხმარებით ვერაფრით, გარდა ამ ღაღადისა: «ღმერთო, იყავნ ნებაი შენი ჩემ ზედა».

ფოტოზე: ალბრეჰტ დიურერი, ქრისტეს გვემა, სერიიდან «დიდი ვნება 5», დაახლოვებით 1496/97 წწ., გრავიურა/ხე, 384x276 მმ.

ღმერთი – ეს არის არსება, რომლის შეცნობა ყველაზე უკეთ შეიძლება სიტყვით «არარა». როგორ? - მე უნდა დავთმო ყოველივე ამქვეყნიური მონაგები და შევიძინო სათნოება, მაგრამ სათნოებაც უნდა დავთმო, უკეთუ მსურს უშუალოდ შევიცნო ღმერთი. ოღონდ ეს არ არის უარის თქმა სათნოებაზე. არა. სათნოებამ, არსებითად ჩემში უნდა დაივანოს, მაგრამ მე მასზე მაღლა უნდა ვიდგე. და როცა კაცებრივი აზრი უკვე აღარ შეეხება არავითარ საგანს, იგი პირველად შეეხება ღმერთს. ერთი წარმართი ბრძენიც კი ამბობს, ბუნებას არ აქვსო ძალაუფლება ბუნებაზე. ამიტომ ღმერთის შეცნობა არ შეიძლება არცერთი ქმნილების საშუალებით. ღმერთის შეცნობა მხოლოდ იმ შუქზე შეიძლება, რომელიც აღემატება ბუნებას.

ბრძენნი კითხვას სვამენ: ღმერთს, რომელსაც სული აჰყავს თვით ყოველ ქმნილებაზე მაღლა და აბრუნებს მას თავისთან, რად არ აჰყავს ასეთ უმაღლეს საფეხურზეც სხეულიც, არავითარი მიწიერი რომ არ შეიქმნეს მისთვის საჭირო? ამაზე ერთი მოძღვარი, მგონი წმინდა ავგუსტინე, ასე პასუხობს: როდესაც სული მიაღწევს ღმერთთან შერწყმას, მხოლოდღა მაშინ აღწევს პირველად სხეული იმ სრულყოფას, რის საშუალებითაც მას შეუძლია დასტკბეს ამქვეყნიური სიამოვნებით ღვთის სადიდებლად. რამეთუ კაცთათვის წარმოიშვა ყოველი ქმნილება, და ის, რითაც გონივრულად უნდა დასტკბეს სხეული, დაცემა კი არ არის სულისათვის, არამედ მისი ღირსების ამაღლება როს მართალი ადამიანი უბრუნდება თავის საწყისს და თავის სულს მეყვსეულად ამაღლებს ღმერთთან შერწყმამდე, არ არის დაბრკოლება ღმერთსა და სულს შორის. და რამდენადაც სული მიჰყვება ღმერთს ღვთაებრივი უსაზღვროებისაკენ, იმდენადმე ესწრაფვის სხეული ნებაყოფლობითი სიღატაკის უდაბნოს, ქრისტესმიერი სიყვარულით მოცულს. და რამდენადაც სული შერწყმულია ღვთაებასთან იმდენადვეა შერწყმული სხეული ქრისტეში ჭეშმარიტი სათნოების მოქმედებასთან, და ზეციურ მამას შეუძლია თქვას: «ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ», რამეთუ ღმერთმა არა მარტო სულში შვა თავისი მხოლოდშობილი ძე, არამედ თვით სულიც შვა თავისი მხოლოდშობილი ძისა.

ფოტოზე: ალბრეჰტ დიურერი, ჯვრის ზიდვა ქრისტესი, სერიიდან «
დიდი ვნება 7», დაახლოვებით 1498/99 წწ., გრავიურა/ხე, 391x283 მმ.
ჭეშმარიტად, გულის სიღრმიდან შვა იგი! და შენ, ჰოი, კაცო, როდესაც ჰხედავ, რომ იგი, ვინც ღმერთის სახით სუფევდა მარადიულობის ნათელსა და წმინდანთა ბრწყინვალებაში, და ვინც იშვა სინათლისა და ღმერთის ყოველ გამოვლენათა უწინარეს, შთამოხდა საპყრობილესა და კირთებაში შენის ბიწიერი ბუნებისა (რომელიც იმდენად უწმინდურია, რომ ყოველი საგანი, რაც არ უნდა სუფთა იყოს, მასთან მიახლოვებისას უმალ უწმინდური და მყრალი გახდება) და მაინც ისურვა შენი გულისათვის ჩაფლობილიყო მასში, - რარიგი ტანჯვა შეიძლება იყოს ამის შემდეგ შენთვის მეტისმეტად მწარე და სასტიკი? არსებობს კი რაიმე ისეთი ტანჯვა, რასაც სიამოვნებით ვერ აიტან, უკეთუ გაიხსენებ შენის უფლისა და ღმერთის ყოველ სიმწარეს, ყოველ უბედურებასა და აბუჩად აგდებას, რომელიც მას დაატყდა? როგორი შერცხვენა და ლანძღვა-გინება დაითმინა მან აზნაურთაგან, რაინდთაგან, ბოროტ მონათაგან და მათგან, ვინც წინ მიუძღოდა ან უკან მიჰყვებოდა ჯვარზე აღსასრულებლად მიმავალს! ჭეშმარიტად დიადი, უმწიკვლო, ლმობიერება და ნამდვილი სიყვარულია ეს, რომელიც არსად არ მჩვენებია ისეთი სრულქმნილი ჭეშმარიტებით, როგორც ამ ჟამს; როს ძალამ სიყვარულისამ ღმერთის გულიდან ამოხეთქა! მაშ, შეჰკარი კვანძი შენის უფლისა და ღმერთის ვნებათაგან. დაისვენე მკერდზე და მარად ამყოფე იქ. იხილე და განიცადე მაცხოვრის შენის სათნოებანი. როგორის გულმოდგინებით იღწვოდა იგი შენის ხსნისათვის! ეცადე, შენც იგივე საზღაურით მიუზღო მას იმ დამამცირებელი, შეურაცხყოფილი სიკვდილისათვის და ვნებული ბუნებისათვის, რომლითაც იგი ეწამა უბრალოდ შენის ბრალისათვის თითქოს თავად დაემსახურებინოს ეს სასჯელი – აკი, თვითონ ამბობს წინასწარმეტყველთა პირით თავისი წამების შესახებ: «აჰა, იხილეთ, ჩემის ბრალისათვის ვითმენ ამას». ხოლო თვისთა საქმეთა ნაყოფის შესახებ აგრე იტყვის: «აჰა, იხილეთ, ამ სიმდიდერეს უნდა დაეუფლოთ თქვენ თქვენთა საქმეთა მისაგებლად». და ჩვენს ცოდვებს თავის ცოდვებად სახავს, თავის საქმეებს კი ჩვენს საქმეებად, რამეთუ ჩვენი ცოდვები მან გამოისყიდა, თითქოს თავად ჩაედინა ისინი, და ჩვენ დავჯილდოვდით მისი საქმისათვის, თითქოს ჩვენ მოგვემოქმედა ისინი. და ეს უნდა შევასრულოთ უმცირესი სიმძიმილით, რამეთუ ქველი რაინდი არ წუხს თავის ჭრილობაზე, როდესაც ჰხედავს მასთან ერთად დაწრილ ხელმწიფეს თვისას. ღმერთი იმ სასმელს გვთავაზობს, რომელიც პირველად თავად იგემა. ღმერთი არაფერს არ გვავალებს ისეთს, რაც პირველად თავად არ ჰქმნა, ან რა წამებაც თავად არ გადაიტანა. ამიტომ ტანჯვისადმი დიდი სიყვარული გვმართებს ჩვენ, რამეთუ ღმერთმაც ასე დაითმინა ტანჯვა, სანამ ჩვენს შორის იყო. მაშ ღმერთმან ინებოს, რომ გარდავქმნილიყავით და ღვთაებრივს ბუნებაში დაგვეკარგნა ჩვენი კაცებრივი ბუნება და ყოველი სისუსტე, რათა არა იპოვებოდეს რა ჩვენში თვინიერ ღმერთისა! ამინ.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 

Ferienhaus Nordsee buchen