მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
სამსონ ფირცხალავა: მოგონებათა ფურცლები

სოფლიდან ქუთაისის გიმნაზიაში

ჩემი მშობელი სოფელი მათხოჯი მდებარეობს წულუკიძის (ხონის) რაიონში, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე. ჩვენს სოფლამდე ცხენისწყალი მომდინარეობს მთებსა და კლდეებს შორის მოქცეულ კალაპოტში, ხოლო მათხოჯიდამ გამოდის გაშლილ ადგილზე, რომლითაც იწყება რიონ-ცხენისწყლის ველ-მინდვრები. დიდი წვიმების შემდეგ და გაზაფხულზე ცხენის-წყალმა ძალზე მოდიდება იცის, კალაპოტს იცვლის, ხან ერთ მხარეს მიასკდება, ხან მეორეს, ყველაფერს წალეკავს, ყანებს რიყედ აქცევს, ბევრი ოჯახიც აუყრია და მშვენიერი ეზო და სახლ-კარი გაუნადგურებია. შეწუხებულ გლეხებს ძველი რეჟიმის დროს არაერთხელ მიუმართავთ მთავრობისათვის, რომ რამე ზომები ყოფილიყო მიღებული, ჩემი გიმნაზიელობის და სტუდენტობის დროს მეც დამაწერინეს მეზობლებმა ქაღალდი ორჯერ თუ სამჯერ, გუბერნატორისა და ნამესტნიკის სახელზე, მაგრამ არა გაკეთებულა რა ცხენისწყლის კალაპოტის მოსაწესრიგებლად...


ფოტოზე: მამულიშვილი სამსონ ფირცხალავა (1872-1952)

სამწუხაროდ, მდგომარეობა დღესაც გამოუსწორებელია და რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწა გაოხრებულია. სადაც ლამაზი კარ-მიდამო და ვენახები მინახავს, იქ დღეს რიყეებია. აღარაა კოხტად მიწყობილი წისქვილებიც, რადგან მდინარის დაუდეგრობა ამის საშუალებას არ იძლევა. მონაპირე კოლმეურნეობებმა უნდა მიაქციონ ამას ყურადღება და თვითონ იზრუნონ ცხენისწყლის მკვიდრ კალაპოტში ჩასაგდებად. ეს დიდი ფართობის საყანე ადგილებს შესძენს კოლმეურნეობებს, რომლის მორწყვაც ადვილად შეიძლება გვალვის დროს.

მათხოჯი გაშენებულია მთის ძირში, გაშლილ ვაკეზე. მის პირდაპირ, ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს სოფლები ზემო ხუნწი და ქვემო ხუნწი (ეს სამეგრელოა). მათ უკავიათ მთაგორაკიანი ადგილები, სადაც გაფანტულია კოხტა ხის სახლები, ლამაზი ეზოებით. ეს ყველაფერი მათხოჯიდამ მომხიბლავ პეიზაჟად მოჩანს. მათხოჯს ზურგში, გორაზე, ნაციხარი უდგას. აქედან თუ კიდევ უფრო მაღლა ახვალთ, იქვე, მახლობელ მთაზე, რიონის მინდვრებს დაინახავთ შორ მანძილზე, აჭარის მთებიდან მოყოლებული თითქმის შავ ზღვამდე. გამიგონია, გელათიც კი დაუნახავთ ხანდახან მათხოჯის მთებიდანო. მე ეს არ შემიმოწმებია. არსებობს ძველი გადმოცემა, გელათში რომ ზარს დარეკდნენ, მას უპასუხებდა ქუთაისის ბაგრატის ტაძარი, და ამ უკანასკნელს კი გამოეხმაურებოდა მარტვილი (ჭყონდიდი), რომელიც მათხოჯის მახლობლადაა. მათხოჯი მოზრდილი სოფელია, ჩემ ბავშვობისას სამასზე მეტი კომლი ითვლებოდა (ახლა შვიდასამდე არისო). სულ გლეხებით იყო დასახლებული. უმრავლესობას რამდენიმე გვარი შეადგენდა: ფირცხალავები, ჩიმაკაძეები, ბარაბაძეები, მელაძეები, ადამიები, კარსანიძეები. იყო ერთადერთი აზნაურის ოჯახი, რატიანი, რომლის წევრები არაფრით განირჩეოდნენ გლეხებისაგან და მათსავით მუშაობდნენ. მთავარი მეურნეობა იყო მეყანეობა და მევენახეობა, უკანასკნელი განსაკუთრებით ვარგოდა ერთ ნაწილში, ბარაბაძეების უბანში, და აქაური ღვინო გასაყიდად გადიოდა სხვა სოფლებშიც. დასამუშავებელი მიწა სამყოფი არ იყო, ამიტომ ბევრ გლეხს შორს უხდებოდა ყანების აღება. ზამთრობით ზოგი ჩალვადრობას მისდევდა, ზოგიც მეურმეობდა. ახალგაზრდები სამხრეთ რუსეთის პორტებში მიდიოდნენ სამუშაოდ. რამდენიმე მებოსტნეობას ეწეოდა თბილისში. ქალები სახლში ხელსაქმობდნენ ამზადებდნენ საჩოხე შალებს, ქსოვდნენ წინდებს, მოჰყავდათ აბრეშუმი... ხოლო მათი ნაშრომის ფასი ძლიერ მცირე იყო, მაღალი წინდის მომქსოვს დღიურ საფასურად 7-8 კაპიკი თუ მოუწევდა.

კულტურულად მათხოჯი ჩამორჩენილი იყო. უმაღლესი განათლების ან საშუალო სკოლადამთავრებული ამ სოფლიდან თითქმის არავინ იყო, მთელ სოფელში ათიოდე კაცს თუ ნახავდით წერა-კითხვის მცოდნეს. პირველი ინტელიგენტი ლავრენტი ჩიმაკაძე, რომელიც მასწავლებლობდა სხვა სოფელში, ძალიან ცდილობდა და ურჩევდა გლეხებს (ამ საქმეში მამაჩემიც ეხმარებოდა), რომ სკოლა გაეხსნათ, მაგრამ არა გაუვიდა რა. «არა, არ გვინდა სკოლა, სწავლა რა ჩვენი საქმეაო!» ყვიროდნენ გლეხები. მერე როგორც იყო გაიხსნა პირველდაწყებითი სასწავლებელი მთელი სასოფლო საზოგადოებისათვის (რამდენიმე სოფლისათვის ერთად).

ეკონომიურად სოფელი დამოკიდებული იყო ხონზე, განსაკუთრებით მის ბაზრობაზე (პარასკეობით), ხოლო ეს დამოკიდებულება შეზღუდული იყო. ჩვეულებრივ დღეს ერთი ორი კაცი თუ ჩავიდოდა ხონში, მარტო პარასკევს მიდიოდა ბევრი. მიმოსვლა იყო ფეხით: ფაიტონის ჩამოსვლა სოფელში იშვიათი მოვლენა იყო, ამაზე მთელი სოფელი ალაპარაკდებოდა.

სოფელში რამდენიმე სავაჭრო და სახელოსნო იყო: ორი მჭედელი, ერთი მღებარი (ტანსაცმელს ულურჯებდა მგლოვიარეთ) და ერთიც სამიკიტნო-საწვრილმანო, სადაც, ღვინო-არაყის გარდა, იყიდებოდა მარილი, ნავთი, შაქარი, ხმელი თევზი, ასანთი და სხვა. რამდენიმე წლის შემდეგ ამათ მოემატა ფურნე, მანუფაქტურის მაღაზია, გაიხსნა კოოპერატიული მაღაზიაც, რომელმაც დიდი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. სოფელი თანდათან დაადგა გამოღვიძების და წარმატების გზას. საკუთარი სკოლაც დაიარსა, სახალხო სახლი ააგო.

დღეს მდგომარეობა ძალიან გამოცვლილა. სოფელში არსებობს სრული საშუალო სკოლა, სადაც სამასზე მეტი ქალ-ვაჟი სწავლობს, თეატრი, ბიბლიოთეკა, კლუბი. სოფლის გაფართოებულ და მოკირწყლულ გზაზე წამდაუწუმ დასრიალებენ სამგზავრო და სატვირთო მანქანები, გარდა ამისა, ყოველდღე რეგულარულად დადის მათხოჯსა და ხონს შუა ორი დილიჟანი და რამდენიმე პატარა ეტლი, შეხვდებით ველოსიპედისტებსაც.

ფირცხალავები მათხოჯში ძველი დროიდან იყვნენ დასახლებული, სამეგრელოდან არიან გადმოსული. ჩვენი ოჯახი გლეხური იყო. მამაჩემი, გიგო, ჯერ ყანის მუშა იყო, მერე ჩალვადრობა დაიწყო და ბოლოს ხე-ტყის ვაჭრობას მოჰკიდა ხელი. არავითარი სწავლა არ მიუღია, მაგრამ სხვების წერას რომ უყურა, ისწავლა ცოტაოდენი, წერდა, თუმცა მისი დაწერილი ხშირად ძნელი გასარჩევი იყო. რუსული რამდენიმე სიტყვა იცოდა და გაჭირვების დროს გამოიყენებდა. ძლიერ უყვარდა სკოლა, განათლება და ადრევე შეიყვანა სასწავლებელში ჩემი უფროსი ძმები (ნესტორი და იაკობი) და ჩემი ბიძაშვილები (სევერიანე და თენგიზი). მაგრამ მათ სასწავლებლები არ დაამთავრეს და ეს ძლიერ საწყენად დაურჩა. რაკი მარტო მე დავრჩი გიმნაზიაში, მთელი ყურადღება მე მომაქცია, თვალყურს ადევნებდა ჩემს მეცადინეობას. ქუთაისში ყოფნის დროს უთუოდ შემოივლიდა გიმნაზიაში და ჩემს ამბავს ჰკითხავდა მასწავლებლებს, ძალიან უნდოდა, რომ მე მაინც გამეთავებინა გიმნაზია და მიმეღო უმაღლესი განათლება. ხშირად მეტყოდა: «შვილო, ექიმობა ისწავლე, ჩამოდი სოფელში და ღარიბს, გაჭირვებულ ხალხს უწამლე, დაეხმარეო».

მამაჩემს გარკვეული შეხედულება არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე, მაგრამ ღრმად ჩამრჩა გულში მისი კამათი ერთ რუსთან (ქართულის მცოდნე იყო): «როგორ შეიძლება ხალხს ენა წაართვა! განა შესაძლებელია ამაზე უარესი სასჯელი და უბედურება, რომ ადამიანს ენა ამოგლიჯო, მის ენაზე არ ალაპარაკო! სასამართლოში ვერ მივალთ ჩვენის ენით, ვერც სკოლაში, პოლიციაში, სხვა დაწესებულებაში! რასა გავს ეს!..» ამას ისეთი სიმწარით და ნაღველით ამბობდა მამაჩემი, რომ მე გაკვირვებული და თან გახარებული შევყურებდი. არ იყო ავი, ფიცხი, სასტიკი, უყვარდა შრომა და უსაქმოდ არ გაჩერდებოდა.

დედაჩემი (ბარბალე ჩირგაძე) სოფლის უბრალო ადამიანი იყო, მეტისმეტად გულკეთილი, მშვიდობიანი, მეზობლებთან მუდამ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არავისთან უსიამოვნება არ მოსვლია. მამა რომ შვილებს რამეზე გაგვიწყრებოდა, დედა მყის იქ გაჩნდებოდა და ეტყოდა: «კარგია, ბავშვს გული ნუ გაუხეთქეო». ასევე გამოეხმაურებოდა და გამოექომაგებოდა მოსამსახურეებს: «სხვისი შვილია, აქ დედ-მამა არა ჰყავს, ჩვენ ვართ მისი მშობლებიო». როცა ოჯახს რამე უსიამოვნება შეხვდებოდა, გაუჭირდებოდა, დედაჩემი ასე იტყოდა: «გაჭირვებაში კაცმა თავი სიგლახეს არ უნდა მისცესო». ეს ხომ იგივე რუსთაველური სიბრძნეა: «ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა». ბევრჯერ მომიგონებია ჩემს ცხოვრებაში დედის ნათქვამი. რამდენი სიყვარულის, ალერსის, სინაზის, სიამის მოგონება დაუტოვებია დედას ჩემთვის, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ, რადგან ეს ხომ ზოგადი ამბავია დედა ყოველთვის და ყოველგან შვილის სიყვარულია!..

ჩვენი ოჯახის ცხოვრება ბევრით არ განსხვავდებოდა გლეხების ცხოვრებისაგან. მეც ვიზრდებოდი სოფლურად ვმწყემსავდი ძროხას, დამქონდა სადილი ყანაში მომუშავეებისთვის, დავყვებოდი მოჯამაგირეს ტყეში შეშის მოსაჭრელად...

ჩემი მახსოვრობის პირველ ამბებს რომ ვიგონებ, ერთი მეტად მწვავედ ჩამებეჭდა გულში. ასე ოთხი თუ ხუთი წლის ვიქნებოდი, დედამ დედულეთში წამიყვანა, სოფ. ორაგვეთში (მათხოჯიდან 5-ს კილომეტრზე, ახლა ეს სოფელი აღარ არსებობს, მკვიდრნი სხვა სოფლებში გადასახლდნენ, რადგან ორაგვეთს მისასვლელი გზები არ უვარგოდა). მე და დედაჩემი მოხუცებულ ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობდით. ერთხელ ჩემს ბიძასთან გადავედი, რომელიც იქვე ცხოვრობდა. ბიძის სახლს რომ მივუახლოვდი, დავინახე: ეზოში კალოზე დარბის ჩემი ბიძა, უკან დასდევს ცხენოსანი კაცი და უმოწყალოდ ურტყამს მათრახს. ბიძა ტირის, ყვირის, შველას ითხოვს. მე შეშინებული უკან გამოვბრუნდი, მაშინ ვერაფერს მივხვდი, ხოლო შემდეგ გავიგე, რომ ის კაცი ბიძაჩემის ყოფილი ბატონი იყო, რაღაცას აბრალებდა და მიტომ სცემდა.

ანბანის სწავლება სახლში დამაწყებინეს, მასწავლიდნენ უფროსი ძმები. მერე მიმაბარეს ჩვენს მოყვარე დიაკვანს, რომელთანაც მოდიოდა მისი ცოლისძმა და ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას ასწავლიდა. სწავლება მეტად პრიმიტიული იყო. შემოვუსხდებოდით გრძელ მაგიდას ხელნაწერი ანბანებით 10-12 ბავშვი და ერთხმად, რაც ძალი და ღონე გვქონდა, გავყვიროდით: «ან, ბან... ან, ბან, გან!»

ანბანის სწავლა რომ დავასრულე, ხონის ორკლასიან სასწავლებელში შემიყვანეს. ბინად ნათლიაჩემთან დამაყენეს, რომელიც ცოტა შორს იდგა სკოლიდან. ჩემი ბიძაშვილი (თენგიზი), რომელიც ჩემთან ერთად სწავლობდა, თავის ბიძასთან (დედის ძმასთან) დაბინავდა. ცალ-ცალკე ცხოვრება იმასაც აწუხებდა და მეც. ჩემმა ბიძაშვილმა დაიჩემა, რომ უსათუოდ იმასთან გადავსულიყავი: ჩვენსა დიდი ნიგვზის ხეებია, მალე დასარეკი იქნება, ახლო ტყეა და იქ მახით ტყის ქათამს დავიჭერთ, ხანდახან ჩვენს სახლს ტურები უახლოვდებიან და იმათ ნახავო. მეც შევჩივლე დედას ჩემი მარტოობა და მალე მომათავსეს ბიძაშვილთან ერთად. მისი ბიძა უბრალო გლეხი იყო, სახლი ძველებური ედგა, მიწის იატაკით, ფანჯრები არ ჰქონდა. ცეცხლი შუაში ინთებოდა. საჭმელ-სასმელი ღარიბული იყო, მეტწილად ლობიო და მჭადი. დანაკლისს იმით შევივსებდით, რომ შაბათობით ნასადილევს სახლში, მათხოჯში მოვდიოდით და იქ ვრჩებოდით ორშაბათ დილამდის, იქიდან პირდაპირ სკოლაში მივდიოდით. ერთხელ, შაბათ დილას, ჩვენი შესახვევიდან ხონი-მათხოჯის შარაგზაზე რომ გამოვედით, მე და ჩემმა ბიძაშვილმა ვთქვით: «რა გვინდა სკოლაში, მოდი, პირდაპირ მათხოჯში წავიდეთ». ვიბრუნეთ პირი და გამოვწიეთ ჩვენი სოფლისაკენ. ნელ-ნელა ვიარეთ, რომ ცოტა შეგვიანებულიყო და მეტად ადრე არ მივსულიყავით სახლში. რომ მივედით, ასე ვთქვით: დღეს ძალიან ნაადრევად დაიწყო სწავლა და მალე გავათავეთ. დაიჯერეს თუ არ დაიჯერეს, დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ. მამაჩემი შინ არ იყო. დედა ჩვეულებრივი ალერსით და სიყვარულით შემხვდა და მაშინვე გემრიელი საუზმე მომიმზადა და ტკბილეულიც არ დამაკლო. ტყუილს მოკლე ფეხები ასხიაო, ნათქვამია, საღამოს ხონიდან ჩვენი მასპინძლის შვილი ჩამოვიდა, შეშინებოდათ, სადილად რომ არ მივედით. გამომჟღავნდა ჩვენი ეშმაკობა. გაგვიჯავრდნენ და ამით გათავდა ყველაფერი.

იმ წლებში ქურდობის ასალაგმავად სოფლებში მთავარ გზებზე შლაგბაუმები გამართეს. სადაც ღამე ყარაულები იდგნენ და თუ ვისმე საქონელი მიყავდა, შეუმოწმებლად არ გაუშვებდნენ. ეს ყარაულები თვით სოფლის მკვიდრნი იყვნენ და მათ ხევისთავებს ეძახდნენ.

ერთ ორშაბათ დილას, მე და ჩემი ბიძაშვილი სოფლიდან რომ პირდაპირ სკოლაში მივდიოდით, ასეთ საყარაულოსთან ხონში დაგვხვდა ერთი მოზრდილი ბიჭი მსხვილი ჯოხით ხელში. როგორც კი დაგვინახა, შორიდან შემოგვძახა: «მობრძანდით, მობრძანდითო, მე თქვენ გიცდითო სწორედ. მაშ თქვენი ნაქნარია ის საქმე, თქვენი მოპარულია? აქეთ მოდით, მაჩვენეთ თქვენი ჯიბეები!» ჩაგვიყო ხელი ჯიბეებში და ამოგვაცალა, რაც კი რამ გამოტანებული გვქონდა სახლიდან ხილი და ხაჭაპურები. მე ერთი აბაზიანიც მქონდა, ისიც წაიღო. მერე შემოგვიყვირა: «მე ხევისთავი ვარ, ეს ერთი მიპატიებია, გასწით, თუ მეორედ ჩამივარდით ხელში, კარგი საქმე არ მოგივათ!» შეშინებულები ჩვენ ხმას ვერ ვიღებდით და გულში ღმერთს მადლობას ვუთვლიდით, რომ იმ ბიჭმა არ გაგვლახა და არ დაგვიჭირა. აჩქარებით გავწიეთ სკოლისკენ და ერთხელაც არ მოგვიხედნია უკან.

ჩვენ სახლში, რასაკვირველია, საათი არ გვქონდა და როგორც კი გათენდებოდა, მივდიოდით სკოლაში და იქ დიდხანს გვიხდებოდა ცდა. პარასკევ დღეს, თუ კარგი ამინდი იდგა, სწავლის დაწყებამდე ბაზარში გავდიოდით, ეგებ ვინმე ჩვენებური გვენახა. ძალიან გვიტაცებდა ფურნეებიდან ახლად გამომცხვარი პურის და ხაჭაპურების სუნი. ერთხელ დიდხანს შევაცქერდით მეპურეს, რომელსაც ფურნიდან ნიჩბით აწითლებული ჩიტ-პურები და ბუბლიკები გამოჰქონდა და სკოლაში რომ მივედით, უკვე პირველი გაკვეთილი გათავებული იყო.

ხონის სკოლის ცხოვრებიდან ორი რამ კარგად დამამახსოვრდა: ერთი საღვთო რჯულის მასწავლებლის, მღვდლის, ხის სახაზავის მაგარი დარტყმა ხელზე, რუსული გინების დართვით: Ах, ты скотина! მეორე ის, რომ სკოლაში ორჯერ თუ სამჯერ სწავლა შეგვაწყვეტინეს, მღვდელმა ლოცვა გადაიხადა და ბავშვები სახლში გაგვიშვეს. მაშინ ამის არაფერი გამეგებოდა, მერე გავიგე, რომ იმპერატორ ალექსანდრე მეორეს მოკვლას უპირებდნენ, ის გადარჩა და ამიტომ პარაკლისი გადაიხადეს და ჩვენც მეცადინეობისაგან გაგვათავისუფლეს.

ხონის სასწავლებელი ჯერ გათავებული არ გვქონდა, რომ მამამ მე და ჩემი ბიძაშვილი ქუთაისში წაგვიყვანა, სადაც კარგა ხანია გიმნაზიაში სწავლობდნენ ჩემი ძმა იაკობი და უფროსი ბიძაშვილი სევერიანე. იქ ჯერ კერძო მასწავლებლები გვამზადებდნენ და შემდეგ გიმნაზიაში მიგვიღეს პირველ მოსამზადებელ კლასში. ქუთაისში გავატარე მთელი ათი წელიწადი, იქ მივიღე საშუალო განათლება და ისე შევეჩვიე იქაურობას, რომ მერე მეტად გამიძნელდა ქუთაისის მიტოვება.

ქუთაისი მაშინ ქალაქ-სოფელი იყო, ქალაქ-ბაღი. მისი გარეგნულობა უნებურად ხიბლავდა ადამიანს სახე ფერადოვანი, დიდის ხელოვნებით მოხატული ბუნებისაგან. განსაკუთრებით საამო შთაბეჭდილებას ახდენდა იგი ზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე. თითქმის ყველა სახლს ეზო ჰქონდა, ამწვანებულ-აყვავებული, და შორიდან რომ შეხედავდით ქალაქს, ერთ მთლიან ბაღად გეჩვენებოდათ.

ხატოვანი იყო ქუთაისის საზოგადოებრივი ცხოვრებაც. უცხო ფერებით და ლამაზი სახეებით. ამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა ქალაქის ბაღი (ეგრეთწოდებული «ბულვარი»). თუ ვისიმე ნახვა გინდოდათ, აქ შეხვდებოდით, აქ იყო ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება, დაქირავება, ფულის სესხება, მაჭანკლობა, აქ იმართებოდა დებატები, აქ იყო ბირჟა და გამოფენა ადამიანების სილამაზის, ტანადობის, ტანსაცმლის. ბაღი ყოველთვის სავსე იყო ხალხით, დღითა და ღამით, კვირაუქმე დღე, კვირაში ორჯერ სამხედრო მუსიკა უკრავდა და ეს კიდევ უფრო იზიდავდა მოსეირნეებს. ვერსად შეხვდებოდით ისეთ წმინდა ქართულ, ლამაზ ტიპებს, როგორც აქ. გამოირჩეოდნენ თავის მოყვანილობითა და სიკოხტავით მაშინდელი ჩვენი არისტოკრატიის წარმომადგენელნი წერეთლები, წულუკიძეები, მიქელაძეები, დადიანები, ფაღავები, გურიელები ქალები და კაცები.

ამათი ცენტრი იყო გრაფინია ზარნიკაუ. ეს იყო იოსელიანის ქალი, დადიანის ცოლი. იმ დროს ქუთაისში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა ოლდენბურგელი პრინცი, რაღაც დანაშაულისთვის გადმოსახლებული დროებით პეტერბურგიდან. ამ პრინცს მოეწონა დადიანის ცოლი და დაუწყო არშიყობა. ქალმა შორს დაიკავა თავი. პრინცს სიყვარული უფრო გაუძლიერდა და გათავდა იმით, რომ დადიანს დიდი ფული მისცა და ის ცოლს გაეყარა. მაშინ პრინცმა ჯვარი დაიწერა ქალზე და, რადგან იგი უბრალო ჩამომავლობისა იყო და არ შეეძლო საიმპერატორო ოჯახის წევრობა, მოუპოვა მას გრაფინია ზარნიკაუს სახელი და მათ შვილებსაც ეს გვარი დაერქვა.

ოლდენბურგელ ზარნიკაუს და ქართველ არისტოკრატების წრეში ხანდახან გავლით მოხვდებოდნენ ქართველი დედების შვილები მიურატები და ვიტგენშტეინები. იყო კიდევ ერთი გრაფი, ფრანგ-ქართველი როზმარდიუკ (თუ არ მეშლება ეს სიტყვა), ჩოხა-ახალოხში გამოწყობილი, ქართულად და მეგრულად მოლაპარაკე.

ქუთაისის თავისებურებას წარმოადგენდა მისი ბაზარიც. ბაზრობა იმართებოდა პარასკეობით და კვირაობით. რა გინდა სულო და გულო, აქ არ იშოვნიდით. სოფლიდან ჩამოტანილს სანოვაგეს, ხილს, სასმელს. გაზაფხულიდან დაწყებული მთელი ქუთაისის ჰაერი პირდაპირ მთვრალი იყო ხილის, განსაკუთრებით ბალის სურნელებით, ხოლო შემოდგომაზე ყველაფერი გაჟღენთილი იყო ყურძნისა და მაჭრის არომატით. ყურძენი ურმებით ჩამოჰქონდათ და ბევრი ქუთაისელი ამ ყურძნისაგან საკუთარ ღვინოს აყენებდა. ქუთაისის ცხოვრების დასახასიათებლად უნდა მოვიხსენიო იმპერატორ ალექსანდრე III-ის ჩამოსვლა ქუთაისში ოჯახით 1888 წელს. ჩვენმა თავადაზნაურობამ ამის გამო ბევრი უქვეშევრდომილესი ერთგულების გრძნობები გამოაცხადა და ბევრი ხარჯიც გასწია. ღარიბი ქუთაისიც დაფაცურდა, ხელმოკლე მოქალაქეებში და სოფლელებში ფული მოკრიბა და ბულვარში საგანგებო პავილიონი ააგო ხელმწიფის მისაღებად. ამ სამზადისის დროიდან მახსენდება ერთი ამბავი. ერთი ინტელიგენტი ეკითხება მეორეს: ხელმწიფე რომ ჩამოდის, არაფერი არ უნდა ვითხოვოთ ჩვენი ქვეყნისთვისო? მეორემ უპასუხა: კაცი სტუმრად მოდის და თხოვნით როგორ უნდა შევაწუხოთო!

თხოვნის იმედები იმ ხანებში საზოგადოდ დიდი იყო. ბევრს ღარიბს და გაჭირვებულს ეგონა: ხელმწიფეს თუ რასმე ვთხოვ, უარს როგორ იკადრებსო. ამიტომ ქუთაისში ყოფნის დროს ალექსანდრეს რამდენიმე ასი თხოვნა მიართვეს. ზოგი რას სთხოვდა და ზოგი რას, უფრო კი ფულით შემწეობას. არც ერთი თხოვნისთვის, რასაკვირველია, ყურადღება არავის მიუქცევია, მით უფრო იმპერატორს. მაგრამ ამ თხოვნის წყალობით ხელი მოითბეს ქუთათელმა «აბლაკატებმა» (ესენი იყვნენ რუსული წერა-კითხვის მცოდნე პირები, რომელთაც შეეძლოთ უბრალო თხოვნების დაწერა, ცოტა რამ რჩევის მიცემა, ვექილთან მიყვანა). პირადად გამიგონია, როგორ ტრაბახობდა ერთი მათგანი ხელმწიფის წასვლის შემდეგ: ხელმწიფე სრულიადაც არ დამინახავს, სახლში ვიჯექი და თხოვნებს ვუწერდი ხალხს, ზოგს მანეთად, ზოგს ათ შაურად. ჯიბე გავიტენე და ეს იყო ჩემი ხელმწიფის ნახვა...

ქუთაისს ჰქონდა თავისი თეატრი, ჯერ ხარაზიშვილის შენობაში, მერე ბულვარში აგებულ პავილიონში. ბევრი იყო სასწავლებელი, ქუჩებში ბლომად შეხვდებოდით მოწაფეებს, ინტელიგენტური ძალებითაც მდიდარი იყო ქალაქი.

დავუბრუნდეთ ახლა კერძოდ გიმნაზიას და იქ ჩემს ყოფნას. გიმნაზიის მოწაფეთა შორის ბევრი იყო სოფლებიდან ჩამოსული, კერძო პირების სახლებში დაბინავებული. ბინის მომცემს, გარდა ოთახისა (გათბობა-განათებით), უნდა ეძლია მოწაფისათვის სასმელ-საჭმელი. ამისათვის მოწაფე იხდიდა 10 -12 -15 მან. თვეში. კვება სუსტი იყო, თვით 15-მანეთიან ბინაზე, რომელიც არისტოკრატულად ითვლებოდა, დილას და საღამოს უბრალო ჩაის იძლეოდნენ (ერთ ჭიქას) და ცარიელ პურს და სადილად ორ კერძს. მოწაფეს აკლდა მშობლების ყურადღება და მზრუნველობა. ტანსაცმელიც არ მოეპოვებოდა შესაფერისი, მეტი წილი უბრალო წუღებში დადიოდა, რომელიც მალე ცვდებოდა და მისი შეკეთება ან ახლის ყიდვა ბავშვს ხშირად უგვიანდებოდა.

ასევე მზრუნველობას და პატრონობას მოკლებულად გრძნობდა თავის თავს ბავშვი გიმნაზიაში. სწავლების მეთოდის უვარგისობა იყო მიზეზი, თუ ის, რომ მასწავლებლები უცხონი იყვნენ და საერთოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს უნდობლად და უგულოდ ეპყრობოდნენ, მოწაფეთა და მასწავლებელთა შუა ხიდი იყო ჩატეხილი. მოსწავლეთ სძულდათ სასწავლებელი, არ ჰქონდათ სურვილი და მისწრაფება ცოდნის შეძენისა, მასწავლებლებს ისე უყურებდნენ, როგორც მტრებს, და დიდი იშვიათი მოვლენა იყო, თუ რომელსამე მასწავლებელს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა მოსწავლეებთან. ამ ნიადაგზე იყო წარმოშობილი ის, რომ გიმნაზიელები, თუ შემთხვევა მიეცემოდათ, ღამე სცემდნენ მასწავლებელს. ასეთი ამბავიც მომხდარა: გიმნაზიელებმა დაუდარაჯეს ხიდზე ღამით ერთ მასწავლებელს, რომელსაც ძალიან ემტერებოდნენ, და მოუნდომეს რიონში გადაგდება. მასწავლებელმა ტირილი დაიწყო, შემიბრალეთ, ცოლ-შვილი მყავსო. აპატიეს, გაუშვეს და ამის შემდეგ ის მასწავლებელი გამოიცვალა, კეთილი გახდაო. მასწავლებლის სიძულვილი იმაშიც გამოიხატებოდა, რომ, როცა მაისის ბოლოს სწავლა შეწყდებოდა, ზოგი მოწაფე ღამე ქუჩიდან გიმნაზიის შენობას ქვებს უშენდა და ფანჯრების მინებს ამტვრევდა. ერთხელ მე და ჩემი ტოლი ბიძაშვილი სოფლიდან ქუთაისში ცხენებით მივყავდით. პირველ კლასში ვიყავით მაშინ მგონია, ისე გვძულდა გიმნაზია და ისე გვეზარებოდა იქ დაბრუნება, რომ გზაში ქუთაისიდან მომავალ მგზავრებს ვეკითხებოდით: გიმნაზიის შენობა ხომ არ დამწვარა-თქვა. ვფიქრობდით, თუ შენობა დაიწვა, სწავლა დროებით შეწყდებოდა.

ასეთ მძიმე პირობებში, ცხადია, ძნელი იყო მერვე კლასამდის მისვლა და გიმნაზიის დამთავრება. ჩემმა უფროსმა ძმამ მესამე კლასიდან დატოვა გიმნაზია, ერთმა ბიძაშვილმა მეორედან და მეორემ მეხუთედან. ჩემ ტოლ-ამხანაგებში, რომელნიც ერთად შევედით მოსამზადებელ კლასში, მხოლოდ სამმა მივაღწიეთ უკანასკნელ კლასამდის და დავასრულეთ გიმნაზია. დანარჩენი 40-50 მოსწავლე ვერ შეეგუა მდგომარეობას ან ქონებრივი სახსარი არ უწყობდა ხელს და მათ სხვადასხვა დროს გიმნაზია დასტოვეს.

ერთი რამ კი უზრუნველყოფილი იყო ჩვენთვის მაშინდელი მოზარდი თაობისათვის ქუთაისში დაცული ვიყავით ეროვნული გადაგვარებისაგან, თუმცაღა რუსულ გიმნაზიაში ვსწავლობდით, სულ რუსი მასწავლებლები გვყავდა, რომლებიც რუსულად გვწვრთნიდნენ, რუსულ სულს და შეგნებას გვინერგავდნენ. მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა, ოთხი მეხუთედი თუ მეტი, ქართველები ვიყავით, ქართული შეგნების, ერთმანეთს ვეთვისებოდით. ქართულის სწავლება მეორე კლასამდის არსებობდა ქართველებისათვის, მასწავლებლად გვყავდა მღვდელი რაჟდენ გიგაური, კეთილი ადამიანი, რომლისთვის 5-ზე ნაკლები ნიშანი არ მოიპოვებოდა. გვაკითხებდა «ბუნების კარიდან», უმთავრესად საქართველოს გეოგრაფიას და ისტორიას. წავიკითხეთ აგრეთვე «რობინზონ კრუზო» და «გულივერის მოგზაურობა», რამაც ძალიან გაგვიტაცა.

რუსი მასწავლებლები არ გვიწონებდნენ, თუ გიმნაზიელები ერთმანეთს ქართულად დაველაპარაკებოდით. თუ ქართულ წიგნს გვინახავდნენ ბინაზე, დანაშაულად ჩაგვითვლიდნენ. გვიკრძალავდნენ ჩვენი თავისთვის ქართველები გვეწოდებინა. აი ამის ერთი მაგალითი: მეექვსე კლასში ერთი მოწაფე (ვას. თუმანიშვილი) რუსული ენის მასწავლებელს პუშკინის «პოლტავის» შინაარს უყვებოდა და იქ, სადაც ამბავია რუსების და შვეციელების ომის, იმის მაგიერ, რომ ეთქვა, როგორც ავტორს აქვს, «ჩვენ» (ე. ი. რუსის ჯარი), მოწაფემ თქვა, «რუსები», მასწავლებელმა მაშინვე შეაჩერა და ჰკითხა: რატომ «რუსებს»ამბობ და არა «ჩვენ»? მოწაფემ მიუგო: მე ხომ რუსი არა ვარ და როგორ უნდა ვთქვა «ჩვენ». «როგორ თუ რუსი არა ხარ!» შეუყვირა მასწავლებელმა, პედაგოგიურ საბჭოში დააბეზღა და მოწაფე რამდენიმე საათით კარცერში ჩასვეს.

თუ ორიოდე არარუსი მასწავლებელი იყო, ისინიც გარუსების პოლიტიკას აწარმოებდნენ. ერთი გადაგვარებული სომეხი არითმეტიკის მასწავლებელი გვყავდა, მოწაფეს რომ გაუჯავრდებოდა, ასე ეტყოდა: რა შენი საქმეა სწავლა, გადი გიმნაზიიდან და მეჩექმეობა ისწავლეო. ერთი კლასის დამრიგებლის თანაშემწე, როცა ავადმყოფ მასწავლებლის ნაცვლად შემოვიდოდა, ყოველთვის რუსულ წერას გვასწავლიდა და თან ასე გვარიგებდა: «რასაკვირველია, თქვენ გიმინაზიას ვერ გაათავებთ, კარგი წერა ისწავლეთ და სადმე კანცელარიაში მწერლის (გადამწერის) ადგილს იშოვნითო».

იყო ერთი სასიამოვნო გამონაკლისი ფრანგული ენის მასწავლებელი ნარბუტი. ფრანგულს ნაკლებად გვასწავლიდა, უყვარდა ლექციები, გვიამბობდა დიდ ისტორიულ ამბებს, რევოლუციებს, გამოჩენილ ადამიანების ცხოვრებას. არც პოლიტიკას ივიწყებდა. და ერთხელ იმ დროისათვის მეტად გაბედული სიტყვები გვითხრა: «ეჰ, ეჰ! მე რომ ნარბუტოვი ვიყო და არა ნარბუტი (პოლონელი იყო), ახლა ალბათ სადმე დირექტორი ვიქნებოდიო!»

თუმც გიმნაზიის მასწავლებლები გვიკრძალავდნენ, მაგრამ ქართულ წიგნებს ძალიან ვეტანებოდით, ნამეტურ უფროს კლასებში. ქართული წიგნი მაშინ ადვილი საშოვარი არ იყო, კერძო პირს თითო-ოროლა თუ მოეპოვებოდა, ქართული საჯარო ბიბლიოთეკა არ არსებობდა. მახსოვს, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დავით ერისთავის «სამშობლომ» და 1832 წლის შეთქმულობის ამბავმა, იონა მეუნარგიას რომ აქვს აღწერილი გიორგი ერისთავის ბიოგრაფიაში. ვიცნობდით ხელნაწერი რვეულის შემწეობით აკაკი წერეთლის, მამია გურიელის და სხვების არალეგალურ ლექსებს. ქართულ გაზეთს ერთადერთი «ივერია» იყო ერთ რუსულ ბიბლიოთეკაში ვკითხულობდით, რომელსაც ამის მეტი ქართული არაფერი ჰქონდა. მივდიოდით ნასადილევს და მორიგეობით თავიდან ბოლომდის გადავიკითხავდით «ივერიას».

განსაკუთრებით საყვარელი იყო ჩვენთვის ქართული თეატრი. ქუთაისში საკუთარი დასი არსებობდა კ. მესხის მეთაურობით, რომელიც ორ კვირაში ერთხელ მართავდა წარმოდგენებს. თბილისიდანაც ჩამოდიოდა იქაური დასი, მეტწილად გაზაფხულზე, საუკეთესო ძალებით ლ. მესხიშვილის, ვ. აბაშიძის, ნ. გაბუნია-ცაგარლის, მ. საფაროვ-აბაშიძის, ვ. გაბუნიას, კ. ყიფიანის, ქ. ანდრონიკაშვილის და სხვ. შემადგენლობით. სამწუხაროდ, გიმნაზიელებს აკრძალული გვქონდა ქართულ წარმოდგენებზე სიარული. ჩვენ მაინც (უფრო უფროსკლასელები) იშვიათად თუ გამოვტოვებდით ქართულ წარმოდგენას ან კულისებში ვიყავით ფარულად, ან სხვა ტანსაცმელს გადავიცვამდით და მივიმალებოდით გალერეაზე. როგორც ყველამ უწყის, იმ მღელვარებისა გამო, რომელსაც იწვევდა «სამშობლოს» წარმოდგენები, მთავრობამ აკრძალა იგი. რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ ნებადართულ იქნა. ქუთაისის თეატრმა მაშინვე გამოაცხადა ზედიზედ ორი წარმოდგენა «სამშობლოსი». აბა, ამისთანა ბედნიერ შემთხვევას როგორ გავუშვებდით და არ დავესწრებოდით იმ პიესის წარმოდგენას, რომლის პირველ დადგმაზე იმდენი რამე გვქონდა გაგონილი (სხვათა შორის: შეთქმულებმა რომ დროშა გამოიტანეს ლოცვის წინ, მამია გურიელი წამოდგა და ყველას მოუწოდა, ფეხზე ამდგარიყო) და რომელიც ჩვენთვის მამულიშვილური შარავანდედით იყო მოსილი. რამდენიმე ამხანაგმა თავი მოვიყარეთ, ჩავიცვით ნათხოვარი ჩოხა-ახალუხები, თავზე ჩაბალახები შემოვიხვიეთ და გავწიეთ თეატრისაკენ. ბილეთების საყიდლად წავიდა ერთი ამხანაგი (ივ. თურქია), ამაყად, თავშიშველი მივიდა სალაროსთან. ამ დროს მას თვალი მოჰკრა საზვერავად გამოგზავნილმა კლასის დამრიგებლის თანაშემწემ და იცნო. მივხვდით, რომ ამას კარგი არ მოჰყვებოდა. წარმოდგენას მაინც დავესწარით და საუკეთესო წამები განვიცადეთ. მეორე დღეს ამხანაგს საქმე შეუდგინეს, გიმნაზიიდან გამოგდებას უპირებდნენ და დიდი დავიდარაბის შემდეგ ხუთი საათის კარცერი აკმარეს.

როგორც უკვე მოვიხსენიეთ, გულშემატკივარი ხელმძღვანელი და დამრიგებელი არავინ გვყავდა. მაგრამ ჩვენზე მოქმედებდა ქუთაისის საერთო სულიერი ატმოსფერო. ქუთაისი იყო ქართული ქალაქი, საკმაოდ ინტელიგენტური, მრავალი მოსწავლე-ახალგაზრდობით, ქართული ენით, ქართული გრძნობით და აზროვნებით, სადაც ყველა ერთიმეორესთან დაახლოებული იყო, თითქმის ერთს ოჯახს წარმოადგენდნენ. ჩვენ ახლო ვხედავდით ქართველ მოღვაწეებს, მწერლებს, არტისტებს, ადგილობრივს თუ თბილისიდან ჩამოსულებს. ეს თავისთავად ხელს უწყობდა ჩვენს ეროვნულ გათვითცნობიერებას, რომელიც თანდათან მტკიცდებოდა, გარკვეული სახე მიიღო მეშვიდე-მერვე კლასში.

კარგად არ მაგონდება, მეექვსეში ვიყავი თუ მეშვიდეში, ხელნაწერი ჟურნალი გამოვეცით, სახელად «გამოღვიძება». მერვე კლასში წრე გვქონდა დაარსებული, ვაკეთებდით მოხსენებებს, ვმართავდით შინაურ სალიტერატურო საღამოებს, დავადგინეთ, ერთმანეთთან შერეული რუსულ-ქართული ლაპარაკი მოგვესპო, ამის დამრღვევს ჯარიმას ვახდევინებდით.

ჩემი გიმნაზიელობის დროზე რომ ვლაპარაკობ, არ შემიძლია არ გავიხსენო ქუთაისის ეპისკოპოსი გაბრიელი. ექვს დეკემბერს გიმნაზიის ეკლესიის დღეობა იყო და ამ დღეს გაბრიელი ჩვენს ეკლესიაში სწირავდა. წირვა ყოველთვის რუსულად წარმოებდა, ხოლო ერთხელ გაბრიელ ეპისკოპოსმა მოწაფეებს ქართულად გვითხრა ქადაგება ადამიანის მაღალ დანიშნულებაზე და დიდი შთაბეჭდილება დასტოვა ჩვენზე.

ჩემი ცხოვრების ამ გიმნაზიელობის ხანას ეკუთვნის ჩემი პირველი წერილების დაბეჭდვა გაზეთ «ივერიაში», «სან-ვინის» ფსევდონიმით, 1893 წ. თებერვალს 2, 9 და 12 ნომრებში. ეს იყო სამი რეცენზია ქუთაისის თეატრის წარმოდგენებისა «ქართული დრამა ქუთაისში».

მაგრამ სამწერლო მიდრეკილება ადრე გამოვიჩინე. მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი, როცა «ივერიას» კორესპონდენცია გავუგზავნე ჩვენი სოფლიდან, ჩვენებურ ამბებს ვატყობინებდი. ვატყობინებდი, განსაკუთრებით იმას, რომ მიკიტნებმა არღნები გაიჩინეს, ამით ხალხს იტყუებენ და დღედაღამ ქეიფი და ალიაქოთი არის-თქვა; მერე კიდევ ლექსი გავგზავნე, ძველ ციხეს ავწერდი, რომანტიულ-ელეგიური ხასიათისა იყო. არც კორესპონდენცია, არც ლექსი არ დაბეჭდილა. მე მაინც «ვლიტერატორობდი» ჩემთვის: მქონდა დღიური და ამას გარდა, როცა სოფელში ვიყავი, რვეულში ჩავიწერდი ხალხურ ლექსებს და ზღაპრებს, დედისგან თუ სხვებისგან ნაამბობს. იყო ერთი ჩემი მოგვარე გლეხი, ძლიერ მოხუცებული (მიქელ ფირცხალავა), რომელსაც რუსების პირველი შემოსვლა ახსოვდა და მეფე სოლომონ მეორეც ჰყავდა ნანახი. მას მოვიწვევდი, ძველ ამბებს მოვაყოლებდი და ჩავიწერდი. მიყვარდა ნაციხარის, ძველი ეკლესიის, ქუთათელის (მიტროპოლიტის თუ ეპისკოპოსის) ნასახლარის დათვალიერება, ამათი ამბების გამოკითხვა და ჩაწერა; ჩემი გვარის ისტორიასაც გამოვიძიებდი და ყველაფერს აღვნიშნავდი ჩემს ქაღალდებში.

მესამე კლასში ვიყავი, კერძო პანსიონში ვცხოვრობდი. იქ ათიოდე მოწაფე ვიყავით. განვიზრახეთ წარმოდგენის გამართვა. მე ბერძნული ლეგენდებიდან რაღაც სცენა დავწერე და ის ვითამაშეთ.


პეტერბურგის უნივერსიტეტში

1893 წლის ივნისის დამდეგს დავამთავრე გიმნაზია. ჯერ კიდევ ატესტატი არ მქონდა მიღებული, რომ ჯოხი ვიყიდე და ლურჯი ბლუზა ჩავიცვი. მიხაროდა, რომ თავისუფალი მოქალაქე ვიყავი, აღარ ვემორჩილებოდი გიმნაზიის ბრძანებას და ფორმებს, ჩემს ნებაზე შემეძლო ჩაცმა, გასეირნება და წასვლა, სადაც მინდოდა. ინსპექტორმა შენიშვნა მაინც მოგვცა, ასე ნაადრევად და თავის ნებით განთავისუფლებულებს: ჯერ ატესტატები არ მიგიღიათ და ისევ ჩემს ხელში ხართო!

აგვისტოს შუა რიცხვებში გავემგზავრე პეტერბურგისკენ უნივერსიტეტში შესასვლელად. ჩემთან ერთად ქუთაისიდან კიდევ 6-7 ახალგაზრდა იყო. შემდეგ წელს ჩამოვიდნენ თბილისიდან: ივანე ჯავახიშვილი, ზურაბ ავალიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, იოსებ ბარათაშვილი და სხვები. იქ დაგვხვდნენ სხვათა შორის: არჩილ ჯორჯაძე, ილია ნაკაშიძე და ლუარსაბ ანდრონიკაშვილი. მალე ქართველთა რიცხვი პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებში 60-70-მდე ავიდა და ამდენი არც ერთ სხვა ქალაქში არ მოიპოვებოდა.

მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მე ექიმი გამოვსულიყავი და მეც ვოცნებობდი ამაზე, წარმოვიდგენდი ჩემს თავს სოფლის ექიმად, რომელიც ფეხით ან ცხენით დადის სოფელ-სოფელ და საღამოს ბრუნდება სახლში დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი თავის ნამუშევარით.

მაგრამ კარგად ჩავუკვირდი საქმის ვითარებას, ჩემს ხასიათს, ბუნებას, იმას, თუ როგორ ძნელი იქნებოდა ჩემთვის თვით ექიმობის შესწავლა ადამიანის სხეულის დაჭრა და სისხლში ხელების გასვრა მე ვერ გავბედე საექიმო ფაკულტეტზე შესვლა, არც რაიმე პრაქტიკული სპეციალობა, ინჟინრობა მიზიდავდა. გული უფრო საზოგადოებრივი საკითხებისაკენ მიწევდა. ფილოლოგიური თუ იურიდიული ფაკულტეტი? ასე დაისვა ჩემთვის საკითხი. არც ერთი არ მაკმაყოფილებდა სავსებით. ბოლოს ავირჩიე იურიდიული ფაკულტეტი, თუმცა ადვოკატის ხელობა სრულებით არ მიყვარდა. გარკვეული არ მქონდა, თუ რა პროფესია უფრო სასურველი იქნებოდა ჩემთვის, როდესაც ცხოვრებაში გამოვიდოდი. ასე ვფიქრობდი: გავეცნობი საზოგადოებრივ ცხოვრების საკითხებს, რომლებიც მე მეტად მაინტერესებდა, და მერე ვნახავ, თუ რა საქმეს მოვკიდებ ხელს-თქვა. იმ დროს პეტერბურგის იურიდიულ ფაკულტეტს რამდენიმე ცნობილი პროფესორი ამშვენებდა. საგნებში უფრო მიმზიდავი იყო ჩემთვის სამართლის ფილოსოფიის ისტორია. ხანდახან ვესწრებოდი სხვა ფაკულტეტების პროფესორების ლექციებს, ასე მაგალითად, კარეევის ლექციებს მსოფლიო ისტორიიდან და პეტრის ლექციებს ანთროპოლოგიიდან.

ერთხანს უნივერსიტეტში ფიზიოლოგიის ლექციების კითხვა დაიწყო გამოჩენილმა მეცნიერმა, ჩვენმა თანამემამულემ ივ. თარხნიშვილმა სამხედრო-საექიმო აკადემიის პროფესორმა. მისმა ლექციებმა გაიტაცა ახალგაზრდობა და თითქმის მთელი უნივერსიტეტი, ყველა ფაკულტეტის სტუდენტობა უსმენდა, უსმენდა აღტაცებით. სტუდენტების აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. თარხნიშვილის ლექციები იმართებოდა დიდ სააქტო დარბაზში და ბევრი კარიდორებში იდგა და ისე უგდებდა ყურს. ეს რაღაც ბუნებისმეტყველების ობიექტური, ცივი, მშრალი ცოდნის გადმოცემა კი არ იყო, არამედ რაღაც რევოლუციონური მოწოდება, ამამაღლებელი, გამამხნევებელი, რომელიც გიტაცებდა მოქმედებისაკენ, იმედისა და რწმენისაკენ, ბრძოლისაკენ. ყველას გვიკვირდა ეს, თუ ფიზიოლოგია როგორ გადაიქცა რევოლუციის და ბრძოლის იარაღად. ამ მოვლენას ყურადღება მიაქცია მაშინდელმა რეაქციონურმა მთავრობამ და პროფ. თარხნიშვილს ეჭვის თვალით დაუწყო ყურება.

იმ დროს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ფაკულტეტზე ქართული ენის პროფესორად იყო ალ. ცაგარელი. მის კურსზე მხოლოდ ერთი ქართველი სტუდენტი იყო ჩაწერილი, მაგრამ მის ლექციებს ხანდახან სხვა ფაკულტეტის ქართველი სტუდენტებიც ვესწრებოდით. ძალიან დაგვაინტერესა მისმა ლექციამ ნიკოლოზ ბარათაშვილზე. დიდი ქართველი პოეტის მშვენიერი დახასიათება და შეფასება მოგვცა: რუსთაველის შემდეგ ქართველ პოეტებში პირველობა ნიკოლოზ ბარათაშვილს ეკუთვნისო. მას შეუძლია თვალსაჩინო ადგილი დაიკავოს მსოფლიო ლიტერატურაში. მისი ლექსები გულიდან ამოგლეჯილი და ღრმად ნაგრძნობიაო. ალ. ცაგარელმა შეადარა ჩვენი პოეტი გიოტეს, ბაირონს, ლეოპარდის და თქვა: ნიკოლოზ ბარათაშვილი ცხოვრებაში სიმწარეს ხედავს, ხოლო პესიმისტი არაა, რადგან ამბობს: არც კაცი ვარგა, თუ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფელს კი არარა არგოსო. იგი ბუნების ნამდვილი შვილია. ესმის მისი ხმა. ბუნების მოწყენა და დაღვრემილობა მისი საკუთარი სულიერი განცდის გამომხატველია, ბარათაშვილი და ბუნება თავის თავში ერთმანეთს ხედავენ. ბარათაშვილი ახერხებს დიდი ფილოსოფიური აზრების პოეტურად, სადად და მარტივად გამოთქმას. ბევრი ილაპარაკა პროფ. ცაგარელმა «მერანზე». მე მინახავსო, გვითხრა, მიუნხენში სურათი: უფსკრულია, ზედ ვიწრო ფიცარია ხიდად გადებული, ხიდის ბოლოში ქალიშვილია, ცალფეხით ბურთზე შემდგარი. ეტყობა, მას ხიდი გაუვლია. ხიდის თავში მერანზე მჯდომარე რაინდია, ხიდზე გადასვლას აპირებს. მას უკან პირდაღებული ყორანი მოსდევსო. ჩანს, დასძინა პროფესორმა ამ ამბავს, ბევრ ხალხში არსებობს თქმულება იმის შესახებ, რომ ადამიანი იდეალისაკენ მიისწრაფვის, ხოლო ბედი მას ხელს უშლის.

პროფ. ალ. ცაგარელი ხანდახან პოლიტიკაზედაც გვესაუბრებოდა. ძლიერი რეაქციის ხანა იყო, კერძოდ, ქართველი ხალხის დასათრგუნავად ახალ-ახალი გეგმები მუშავდებოდა; შავრაზმული გაზეთი «Новое время » მუდამ ჩასჩიჩინებდა მთავრობას: საქართველოში რუსები უნდა დავასახლოთ, ქართული ენა უნდა შეიკვეცოსო და სხვ. ამაზე ალ. ცაგარელი გვეტყოდა: მხნედ იყავით, ვიბრძოლოთ სიტყვით და კალმით, ვერ შეგვაშინებენ, ქართველი ხალხი გამძლეა, ბევრ უბედურებას გადაუვლია მის თავზე, მაგრამ არ წაქცეულა.
ალ. ცაგარელს ხანდახან ბინაზედაც ვეწვეოდით, რაც ძლიერ სიამოვნებდა. ერთხელ, მახსოვს, ახალწელიწადი მივულოცეთ რამდენიმე სტუდენტმა.

საშინელი რეაქციის მძინვარება მთელ იმპერიაში, რასაკვირველია, უნივერსიტეტის ცხოვრებასაც ემჩნეოდა. პოლიციური წესები ბატონობდა ყველგან, თავისუფალი აზრი და კვლევა აკრძალული იყო. პროფესორებს ლაგამი ჰქონდათ ამოდებული. სტუდენტების პოლიტიკური შეგნება მოისუსტებდა და მარტო 8 თებერვალს, როდესაც უნივრსიტეტის დღეობა იყო, სტუდენტებს დაეტყობოდა ერთგვარი გამოცოცხლება სასტუდენტო gaudeamus igitur-ის სიმღერით და თავისუფალი ქცევით ქუჩებში.

მხოლოდ უკანასკნელ წლებში იწყეს სტუდენტებმა გამოფხიზლება. იმართებოდა «საღამოები» (ვეჩერინკი), ნახევრად დახურული, სადაც ადგილი ჰქონდა მხურვალე რევოლუციონურ სიტყვებს. ამ გამოღვიძებას ხელი შეუწყო შემდეგმა გარემოებამ: პეტრე-პავლეს ციხეში დამწყვდეული იყო ახალგაზრდა ქალი ვეტროვა, რომელიც ისე გაამწარა ზედამხედველების უხეშმა მოქცევამ, რომ ტანზე ნავთი გადაისხა და თავი დაიწვა. ამ ამბავმა დიდი მღელვარება გამოიწვია სტუდენტებში, გაიმართა გრანდიოზული დემონსტრაცია, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით. მთავრობა შეშინდა, გამოიწვიეს პოლიცია, ჟანდარმერია, ყაზახები. პირდაპირ შემოტევა ვერ გაბედეს. ალყა შემოარტყეს სტუდენტებს, აღწერეს და მერე სამ-სამი დღით ყველანი ციხეში ჩასვეს.

პეტერბურგის სტუდენტებს სხვა ქალაქებიც გამოეხმაურნენ და ყველგან გაიმართა სტუდენტების დემონსტრაცია. მოხდა ერთნაირი სულიერი გარდატეხა ახალგაზრდობაში. ამ საერთო მოძრაობაში ქართველი სტუდენტებიც ვიყავით ჩაბმულნი. მაგრამ ჩვენ საკუთარი ინტერესები და მუშაობაც გვქონდა. არსებობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომო. წინათ თურმე საერთო სათვისტომო (ზემლიაჩესტვო) იყო ყველა კავკასიელ სტუდენტებისა და 2-3 წლით ადრე ჩვენ ჩამოსვლამდე მომხდარა გაყოფა და ქართველებმა და სომხებმა ცალ-ცალკე დაიარსეს სათვისტომოები.

ჩვენს სათვისტომოს ჰქონდა სალარო საერთო საჭიროებისთვის და ღარიბ წევრთა დასახმარებლად. ამ სალაროს მთავარი წყარო იყო ყოველწლიური ქართული «საღამოს» შემოსავალი. სათვისტომოს თავში უდგა გამგეობა, რომელსაც ვირჩევდით წლიურ კრებაზე. კრებები იმართებოდა აგრეთვე სხვადასხვა მოხსენებების მოსასმენად და რაიმე პრაქტიკული საქმის გასარჩევად. გვქონდა ცალ-ცალკე სექციებიც ჩვენთვის საინტერესო საკითხების შესასწავლად პოლიტიკური ეკონომიის, საერთო ისტორიის, ფილოსოფიის, ქართული ისტორიის და ლიტერატურის. ამ სექციების მუშაობას ბევრი არაფერი გაუკეთებია. თუ ვინმე რასმე იძენდა, უფრო პირადი შრომით. ამ მხრივ სამაგალითო სტუდენტი იყო ჩვენი მომავალი საამაყო ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი. მას თავიდანვე ეტყობოდა დიდი, არაჩვეულებრივი შრომისმოყვარეობა, მუყაითობა, ცოდნის წყურვილი, მაღალი ეროვნული შეგნება, ხასიათის სიმშვიდე და აუჩქარებლობა. მუდამ მომუშავე, წიგნებში ჩამყურე თავის ოთახში ან ბიბლიოთეკაში, ის არც ქართველ სტუდენტების საზოგადო ცხოვრებას გაურბოდა და სათვისტომოს გამგეობაში მონაწილეობას იღებდა.

ჩვენი სათვისტომოსაგან ცოტა ჩამოშორებულად მეცადინეობდა ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ არჩილ ჯორჯაძე და ზურაბ ავალიშვილი და კიდევ ორიოდე ახალგაზრდა, ჯგუფი უმთავრესად ფილოსოფიურ საკითხებით იყო დაინტერესებული და იმყოფებოდა ცნობილი რუსი კრიტიკოსის და ჟურნალ «Северный вестнык»-ის რედაქტორის ვოლინსკის გავლენის ქვეშ. ჯგუფი სერიოზული იყო, თვითონ მის მეთაურს ლ. ანდრონიკაშვილს მაშინვე ეტყობოდა დიდი ნიჭი და ერუდიცია. ხოლო ჯგუფი, ცოტა არ იყოს, მოიკოსმოპოლიტებდა და ამიტომ სათვისტომოს საერთო ცხოვრებაში თითქმის მონაწილეობას არ იღებდა.

დიდი ხნით და ამბით ვემზადებოდით ქართველი სტუდენტები ყოველწლიური ქართული «საღამო-ბალის» მოსაწყობად. იგი იყო არათუ მატერიალური სახსრის მომცემი, არამედ ქართული კულტურის პროპაგანდის საშუალებაც. ყოველ ზომას ვხმარობდით, რომ იგი რაც შეიძლება შინაარსიანი და საინტერესო გამოსულიყო. და, მართლაც, ჩვენი «საღამო» დიდ საზოგადოებას იზიდავდა, საქართველოშიც ვუგზავნიდით წარჩინებულ პირებს საპატიო ბილეთებს, რასაკვირველია, ისინი ვერ გვესწრებოდნენ, მაგრამ დახმარებას გვიგზავნიდნენ. «საღამოს» პროგრამაში აუცილებლად შედიოდა ქართული სიმღერები, ქართული ცეკვა და ცოცხალი სურათები ქართული ლიტერატურიდან ან ცხოვრებიდან. ერთხელ დავდგით ცოცხალი სურათები ვაჟა-ფშაველას პოემიდან (ეთერი), რომლის ესკიზები დაგვიხატა გამოჩენილმა მხატვარმა და მოქანდაკემ მ. მიკეშინმა (უკრაინელი იყო). ნახატები საუცხოოდ იყო შესრულებული, მაგრამ სახეები ძალიან წააგავდა უკრაინელებისას. ცოცხალი სურათების დასადგმელად ერთხელ «ვეფხისტყაოსნის» დამსურათებელი ზიჩიც დაგვეხმარა. მის ბინაზე რომ მივედით, დიდი ხალისით მიგვიღო, სიხარულით იგონებდა საქართველოში ყოფნას და გვეკითხებოდა თავის იქაურ ძველ ნაცნობ-მეგობრებზე, ცოცხლები თუ არიანო.

ერთ «საღამოზე» კიდევ დავდგით ერთი სცენა მელიტონ ბალანჩივაძის «დარეჯან (თამარ) ცბიერიდამ» და ეს იყო ქართული ოპერის დაბადების დღე, რომელსაც დიდი აღფრთოვანებით შევეგებეთ, ოპერის სცენას დირიჟორობდა თვითონ ავტორი მელიტონ ბალანჩივაძე.

1897 წელს საბერძნეთის და ოსმალეთის ომი ატყდა, რამაც ჩვენში ერთნაირი იმედები გამოიწვია საერთაშორისო გართულების, რუსეთის ომში ჩარევის, მისი პოლიტიკური წყობილების დანგრევის, ცვლილებების. გავაკეთეთ საბერძნეთის დროშა, მოვიწვიეთ სათვისტომოს კრება (მე გამგეობის თავმჯდომარე ვიყავი მაშინ), საბერძნეთისათვის თანაგრძნობის გამოსაცხადებლად მივედით დელეგაცია საბერძნეთის ელჩთან, იმან გვირჩია, თანაგრძნობის დეპეშას თქვენ ნუ გაგზავნით, ეს სახიფათოა თქვენთვის, მე გადავცემ პირადად ჩემს მთავრობას თქვენს თანაგრძნობასო. ამ ჩვენი განზრახვის გამო წერილებით შევეკითხეთ ილია ჭავჭავაძეს («ივერია») და გიორგი წერეთელს (წერილი ჩემი დაწერილი იყო). პასუხი მივიღეთ. გიორგი წერეთელი მოკლედ გვწერდა: თქვენი ახალგაზრდების გული მუდამ იქ უნდა იყოს, სადაც ბრძოლაა თავისუფლებისათვისო. ილიამ კი ვრცელი ბარათი გამოგვიგზავნა: გვიწონებდა განზრახვას, მაგრამ გვაფრთხილებდა, ქართველებს საკუთარი საქმე გვაქვს, ამისთვის უნდა შევინახოთ თავი, მოვემზადოთო. ეს წერილები მე წ. კ. საზოგადოებას გადავეცი, როცა მის მდივნად ვიყავი. ილია ჭავჭავაძე რომ გარდაიცვალა და მე წ. კ. საზოგადოების გამგეობის დავალებით ჩავიბარე მისი თბილისის ბინის ნივთები, აღმოჩნდა ილიას გამოგზავნილი წერილის შავი და თეთრიც. ახლა საქართველოს მუზეუმში უნდა ინახებოდეს.

რუსეთის მთავრობამ დიდი ზეიმით იდღესასწაულა პოლონეთის აჯანყების ჩამქრობის მურავიოვის დაბადების თუ გარდაცვალების (კარგად არ მახსოვს) წლისთავი. პოლონეთის დიდი პატივისცემა და სიმპათია გვქონდა, ჩვენი და მისი ბედი ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. ვიცოდით, თუ რა აღშფოთებას იწვევდა პოლონელ ერში მურავიოვის დღესასწაული და გადავწყვიტეთ მიგვეწვდინა მათთვის ჩვენი ხმა, რომ ჩვენი გული მათ გულთან ერთად ძგერს. შევადგინეთ მოწოდება პოლონელი სტუდენტების მიმართ, გადავათარგმნინეთ პოლონელ ამხანაგებს პოლონურად და ჰექტოგრაფით დავბეჭდეთ მრავალი ცალი, რომლებიც გავგზავნეთ ვარშავაში პოლონელ სტუდენტთა შორის გასავრცელებლად.

ამ მოწოდების შავი (ჩემი შედგენილია) აღმოჩნდა ჩემს ქაღალდებში. იგი ასეთი იყო: «პოლონელ სტუდენტებს პეტერბურგის ქართველ სტუდენტებისაგან. ამხანაგებო და მეგობრებო, მიიღეთ ჩვენი მეგობრული სალამი და მოკლე, მაგრამ წრფელი გულიდამ ამონაღები თანაგრძნობა. თავისუფლება საზოგადოდ და ეროვნული კერძოდ აუცილებელი პირობაა საზოგადოებრივი პროგრესის. თქვენ მუდამ ენერგიულად ამტკიცებდით ამ თავისუფლების სიყვარულს. თქვენ შეგეძლოთ დადუმებულიყავით, როდესაც შელახეს საუკეთესო თქვენი უფლებანი, შეურაცხყვეს უწმინდესი თქვენი მისწრაფება, და ძეგლი აუგეს თქვენი ერის თავისუფლების უარმყოფელს მტარვალს მურავიოვს იქ, სადაც იგი ისე მხეცურად აწამებდა და ახრჩობდა თქვენს მამებს და ძმებს. მეტად მწარეა თქვენთვის დღევანდელი მდგომარეობა. მეტად მძიმეა, რომ სრული უფლება გქონდეს თავისუფალი არსებობისა და მონა კი იყო! მაგრამ ეჭვი არ არის, ყოვლის დამძლევი სიმართლე წარხოცავს თვითნებობას, გაიფანტება ბნელი და კაცობრიობის დროშაზე ცეცხლის ასოებით დაიბეჭდება თავისუფლება მოქალაქეობრივი, თავისუფლება ეროვნული! და თქვენი მრავალტანჯული სამშობლოს თავზე აღბრწყინდება დამოუკიდებლობის გვირგვინი! ვიყვნეთ მხნედ, ვიყვნეთ შეუპოვარნი და რწმენით და იმედით ვესწრაფოდეთ სასურველ მიზანს».

ზევით იყო ნათქვამი, რომ პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებში 70-მდე ქართველი სტუდენტი იყო. გადავწყვიტეთ გაგვეგო, თუ რამდენი იყო ქართველი მთელი რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. მოვახდინეთ ანკეტა და გამოირკვა, რომ ეს რაოდენობა 210-მდე იყო: პეტერბურგში 64, მოსკოვში 50, კიევში 33, ხარკოვში 25, ოდესაში 20 და სხვ. აქედან საექიმო ფაკულტეტზე იყო 62 და იურიდიულზე 58. წოდებრივად 23 სტუდენტი იყო გლეხი, 33 სასულიერო წოდების, მოქალაქე 32, აზნაური 50, თავადი 23, ქუთაისის გიმნაზიიდამ - 93, თბილისის - 59, ქუთაისის მაზრის - 65, თბილისის - 38, გორის - 22, ოზურგეთის -15 და სხვ. დაახლოებით გამოვარკვიეთ აგრეთვე, რომ უცხოეთში 7-8 ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა. პეტერბურგის ქართველ სტუდენტებს შორის ქალი მხოლოდ ერთი იყო, კურსებზე სწავლობდა. ქალის სტუდენტობა ისეთ საკვირველ ამბად მიგვაჩნდა, რომ გვენატრებოდა მისი ნახვა და სადმე რომ შევხვდებოდით, ვაჟები ერთმანეთს ვეუბნებოდით: შეხე, შეხე, ქართველ სტუდენტ ქალსა-თქო...

პეტერბურგის საერთო კულტურული მდგომარეობა მაშინ არ იყო მაინცდამაინც ბრწყინვალე. რამდენიმე თვიური ჟურნალი გამოდიოდა ლიბერალურ მიმართულებისა, მაგრამ ცოცხალი სიტყვის თქმა უჭირდათ, შებორკილნი იყვნენ. ყოველდღიური სერიოზული გაზეთი, ასე თუ ისე, ორი იყო: რეაქციონური, მთავრობის ზრახვათა გამომსახველი «Новое время» და ოდნავ მოლიბერალო «Новости ». განათლებული წრეები და სტუდენტობა უფრო მოსკოვის ლიბერალურ გაზეთ «Русские ведомости»-ს ეტანებოდნენ. ბოლო ხანებში დაარსდა შედარებით რადიკალური მიმართულების გაზეთი «Русская жизнь», რომელიც მეტად პოპულარული იყო ახალგაზრდობაში. აქ, სხვათა შორის, დაიბეჭდა პროფ. კარეევის «მიმართვა ახალგაზრდებს», რომელსაც გატაცებით ვკითხულობდით.

საყურადღებო წიგნი ცოტა იბეჭდებოდა. იყო ერთი საგამომცემლო ფირმა პავლენკოვისა, რომელიც კარგად შერჩეულ წიგნებს უშვებდა, ხოლო მათი ტირაჟი დიდი არ იყო, სამ ათასამდე მხოლოდ.

პეტერბურგს კარგი თეატრები ჰქონდა, სამი სახელმწიფო და 4-5 კერძო; სახელმწიფო ორი დრამატული იყო, ერთი ოპერა-ბალეტისა. თეატრებში ძალიან კარგი ძალები იყვნენ. მაგრამ მეტად ძნელი იყო საოპერო თეატრში შესვლა ჩვენთვის. ძვირფასიან ადგილს იოლად ვიშოვნიდით, მხოლოდ ჩვენს ჯიბეს გალერეის და ბალკონის ადგილების ყიდვა ძლივს შეეძლო. ამ ადგილების ბილეთების ყიდვა წინასწარ ჩაწერით და ლატარიასავით გათამაშებით ხდებოდა. ამ ადგილების მსურველი ბევრი იყო. მეც არაერთხელ ვითხოვე ამის ბილეთი და რამდენიმე წლის განმავლობაში მარტო ერთხელ მეღირსა საოპერო თეატრში შესვლა.

სამაგიეროდ ადვილი იყო დრამატული თეატრების ბილეთის შოვნა და მე მიყვარდა კლასიკური პიესების ნახვა. იყო ერთი კერძო თეატრი, სახელად «პატარა თეატრი», სადაც რამდენიმე კარგი წარმოდგენა ვნახე. მიუხედავად ჩემი ხელმოკლეობისა, მოვახერხე ნახვა განთქმული მსოფლიო მსახიობების (მიუნე სულის, როსის), რომელთაც ითამაშეს პეტერბურგში.

ყოველ წელიწადს, გაზაფხულზე, ჩამოდიოდა იტალიური ოპერა, საუკეთესო მომღერლებით, რომლის წარმოდგენები იმართებოდა ქალაქგარეთ, უზარმაზარ თეატრში (აკვარიუმში). წინასწარ ცხადდებოდა ხელისმოწერა 12 ოპერაზე. მე რამდენჯერმე შევუამხანაგდი სხვებს, ერთად ვიყიდეთ 12 ბილეთი და გავინაწილეთ. ასე მომეცა საშუალება მომესმინა შესანიშნავი ხმები მარჩელა ზემბრიხის, ბატისტინის, მარკონის, ტამანიოს. ამ უკანასკნელს ისეთი ძლიერი ხმა ჰქონდა, რომ, როცა ოტელო დასასრულს თავის შეცდომას შეიგნებდა და გამწარებული დაეცემოდა დეზდემონას გვამს და შევედრებით წამოიძახებდა: «დეზდემონა!» ეს მისი კვნესით ნამღერი სიტყვა თეატრის კედლებს გარეთ ესმოდათ. განთქმული ტენორი მაძინი და ბარიტონი კოტონი წინათ ხშირად ესტუმრებოდნენ პეტერბურგს. ახლა უკვე ხანში შესულები ოპერაში აღარ იღებდნენ მონაწილეობას. მე მაინც მომეცა შემთხვევა მათი მოსმენისა ერთ კონცერტზე. მაძინის La Donna e mobile («რიგოლეტოდან») ახლაც გასაოცარი იყო.

პეტერბურგში ცხოვრება იმ დროს მაინცდამაინც ძვირი არ იყო. სტუდენტს თუ 25-30 მან. ჰქონდა ყოველთვიურად, შეეძლო თავის გატანა. 10 მან. რიგიან ოთახს იქირავებდით, იაფ, ჩვეულებრივ სასადილოებში თვეში 8 მანეთად მიიღებდით ორ კერძს და ტკბილს. უკეთესი სადილები ვარშავის თუ პოლონურ სასადილოებში ღირდა 12 მან.

მე სტუდენტობის დროს ქონებრივად შევიწროვებული ვიყავი. მამაჩემის საქმეები ცუდად მიდიოდა. ვალები დაედო და თითქმის ვერაფერს მიგზავნიდა. ნათესავები დამეხმარნენ, გარეშე კეთილმოსურნენიც. ეს საკმაო არ იყო და ხანდახან უბრალო ძეხვის და პურის შოვნა მიჭირდა. ასეთი გაჭირვების დროს ძალიან გვშველოდა მეც და ჩემისთანა ღარიბებს ის, რომ იყო ერთი მორთული ოთახების პატრონი მოხუცი, ქართველების კარგი ნაცნობი, რომელიც იაფ სადილებსაც იძლეოდა. მივდიოდით მასთან და ნისიად მოგვცემდა ოთახს, თუ თავისუფალი ჰქონდა და საჭმელსაც გვაძლევდა. ბინას არა უშავდა, გვითბობდა, გვინათებდა, ხოლო სადილი იყო უვარგისი, მეტწილად ძველი სანოვაგისაგან. მაგრამ რას ვიზამდით, ნათქვამია: როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო.

უნივერსიტეტი რომ გავათავე, შემიგვიანდა სამშობლოში წამოსვლა უსახსრობის გამო. ბოლოს როგორც იყო მოვაგროვე აქედან-იქიდან ცოტაოდენი ფული და გაჭირვებით მოვაღწიე სამტრედიამდის. აქ შევხვდი ნაცნობ ხონელ მეეტლეს, რომელმაც მიმიყვანა ხონში და იქიდან ჩემს მათხოჯში.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."