მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიმართვა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების პარიზის კონფერენციას

ჰელსინკის თათბირმა, მისმა საბოლოო აქტმა თავისუფლებას მოწყურებულ ხალხებს ჩაუსახა იმედი, რომელსაც კიდევ დიდხანს არ ეწერა ასრულება. ჰელსინკში დაწყებული მრავალმხრივი პროცესი დღეს თანდათანობით კონკრეტული შინაარსით ივსება, კანონიერ ძალას იძენს ვალდებულებანი, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ უგულვებელყოფდნენ, რომ ისინი თვით ტოტალიტარიზმის ბუნებას ეწინააღმდეგება. თანდათანობით მართლდება იმედი, რომ ამ ფორუმს ძალუძს საქმით დაამტკიცოს საბოლოო აქტის, სხვა დოკუმენტების ქმედითუნარიანობა, რეალურად განახორციელოს ევროპის ხალხების თანასწორუფლებიანობა და ერთიანობა, მათი უსაფრთხო და ბედნიერი თანაცხოვრება.

სიმბოლურია, რომ პროგრესული ძალები და ცალკეული ადამიანები, რომლებიც კეთილდღეობის, ხშირად თავისუფლების დაკარგვის, სიცოცხლის ფასადაც კი იღწვოდნენ ქვეყნებში ჰელსინკის იდეებისა და პრინციპების დამკვიდრებისა და განხორციელებისათვის, დღეს უკვე ოპოზიციას აღარ წარმოადგენენ, უფრო მეტიც – თავისი ხალხის თავისუფლად გამოხატული ნების შესაბამისად უზენაეს ხელისუფლებას განასახიერებენ და საერთაშორისო აღიარებით სარგებლობენ.
1921 წელს განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის შედეგად ოკუპირებულმა და ფაქტობრივად ანექსირებულმა საქართველომ პირველად 70 წლის მანძილზე დემოკრატიული და მრავალპარტიული სრჩევენბის საფუძველზე მოიპოვა შესაძლებლობა აერჩია ის გზა, რომელმაც იგი ევროპის ხალხების ოჯახში უნდა დააბრუნოს. ეს იქნება რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე გზა, და საქართველოს უზენაეს საბჭოს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ რესპუბლიკის ლტოლვა სრული დამოუკიდებლობისაკენ აქ უნდა იქცეს ევროპაში სტაბილურობის დარღვევის ფაქტორად, უფრო მეტიც, საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს რეგიონალურ დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და თანამშრომლობის განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში ევროპული ინტეგრაციის პროცესებს წაადგება.

დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ხალხების მომავლის გადაწყვეტისათვის ეკისრებათ პარიზის კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს. პარიზში მიღებული ყოველი გადაწყვეტილება მიმდინარე ცვლილებების რეალურად აღქმის სულისკვეთებით უნდა იყოს აღსავსე, ვინაიდან დადგა ის დღე, როდესაც იზრდება ჰელსინკის პროცესში მონაწილეობის პრეტენდენტთა რიცხვი. სწორედ ამ დროს წამოიწევს წინა პლანზე კონსესუსის ფუძემდებლური პრინციპი, რომელმაც ჰელსინკის პროცესში ახალი საერთაშორისო სამართალსუბიექტების ჩართვა და შესაბამისად მისი თვისებრივად ახალ დონეზე აყვანა უმტკივნეულოდ უნდა უზრუნველოს.

მშვიდობიანი გზით გერმანიის გაერთიანების დღეს უკვე რეალობად ქცეულმა ფაქტმა ნათელყო, რომ ჰელსინკის თათბირის საბოლოო აქტში 1975 წელს ჩადებული დებულება – მოლაპარაკების გზით ევროპის სახელმწიფოთა საზღვრების შეცვლა – განხორციელებადი პროცესია.

ევროპის სახელმწიფოთა შორის საზღვრების გადასინჯვის პროცესი არ დამთავრებულა. ამის თვალნათელი მაგალითია ჯერაც სსრ კავშირში შემავალი, წარსულში ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის მქონე საქართველოსა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკათა ბუნებრივი, სამართლიანი სწრაფვა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენისაკენ.

თვით ჰელსინკის პროცესის სულისკვეთება – ევროპის ხალხთა თანასწორუფლებიანი, უსაფრთხო თანაარსებობა – ავალებს პარიზის კონფერენციას და მისი მონაწილე ქვეყნების მთავრობებს ისეთივე გულისხმიერება გამოიჩინონ საქართველოს სწრაფვისადმი თავისუფლებისაკენ, როგორსაც იჩენდნენ გერმანიის გაერთიანების პროცესისადმი.

ჰელსინკის თათბირის საბოლოო აქტი ავალებს პარიზის კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს იზრუნონ არა მხოლოდ ადამიანთა უფლებების დაცვისათვის, არამედ ერთა თვითგამორკვევისა და თანასწორობისათვისაც: «მონაწილე ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთა თანასწორობასა და მათ უფლებას საკუთარი ბედის განმგებლობისას. მათგამუდმებით უნდა იმოქმედონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად».

ჰელსინკში დაწყებული პროცესის განვითარებას გარკვეული თვალსაზრისით ასახავს და დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენადმე წინასწარმეტყველურადაც ჟღერს 1975 წელს ჰელსინკში გამოთქმული აზრი: ისტორია ამ თათბირის შესახებ განსჯის არა იმით, თუ რას ვამბობთ დღეს, არამედ იმით, თუ რას გავაკეთებთ ხვალ, არა იმ დაპირებებით, რომლებსაც ჩვენ ვიძლევით, არამედ იმ დაპირებებით, რომლებსაც შევასრულებთ. ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია, რამეთუ ისტორიამ მართლაც ყველას თავისი ადგილი მიუჩინა, მაგრამ მრავალმხრივი პროცესი გრძელდება და მომავალი თაობებიც თავიანთ განაჩენს გამოიტანენ.

იმედს გამოვთქვამთ, რომ პარიზის კონფერენცია და ჰელსინკის პროცესის მონაწილე ქვეყნები რეალურად შეაფასებენ საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში მიმდინარე მოვლენებს – წარსულში დემოკრატიული ქვეყნების ხალხთა სამართლიან სწრაფვას სახელმწიფოებრიობის აღდგენისაკენ, და ინტეგრაციის ხელოვნური, უსწორო ეტაპებით არ შეაფერხებენ გლობალური ევროინტეგრაციისა და საბოლოო სტაბილიზაციის პროცესს.

1990 წლის 15 ნოემბერი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."