მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ალენ დე ლიბერა: შუა საუკუნეების სიცოცხლისუნარიანობა
«1250-1260-ან წლებში, სიგერ დე ბრაბანტამ მონაწილეობა მიიღო გაცნობიერების, ინტელექტუალური მოთხოვნის მოძრაობაში, ახალი სტილის, ახალი მორალის, არსებობის ახალი ფორმის, ფილოსოფიური ცხოვრების შექმნაში. ეს მოძრაობა, რომელსაც შეიძლება «ინტელექტუალური არისტოკრატიზმი» ვუწოდოთ, ბერძნულ-არაბული ტექსტების კითხვის შედეგად გაჩნდა. ცენზურის მიერ დევნილი ეს მოძრაობა ინსტიტუციური ფარგლების გარეთ გაიშალა...» (ალენ დე ლიბერა, «აზროვნება შუა საუკუნეებში»)

ფილოსოფოსებს შუა საუკუნეები ყოველთვის არ იზიდავდა. რაბლე საუბრობს «გოთების სიბნელეზე და წარწყმედაზე». დეკარტეს მკაცრი სიტყვები არ ჰყოფნიდა სქოლასტიკური სკოლის გასაკრიტიკებლად. ის ამ სკოლას უსარგებლოდ და გამაბრუებლად სთვლიდა იმიტომ, რომ დამოუკიდებლად აზროვნების სწავლისა და შესაბამისად აზროვნების მაგივრად, ის დროს არისტოტელეს თუ თომას აქვინელის კომენტირებაში ატარებდა. შუა საუკუნეების ფილოსოფია ქრისტიანულ თეოლოგიას და ფილოსოფიას ერთმანეთს მეტისმეტად უზავებდა. ამიტომ, ის ფილოსოფოსების აზრით, მეტისმეტად თეოლოგიური, ხოლო თეოლოგების აზრით კი, მეტისმეტად ფილოსოფიური იყო. სწორედ ამიტომაა, რომ ფილოსოფიის შესწავლისას, არისტოტელედან დეკარტეზე გადადიან, წმინდა ავგუსტინეს ან თომა აქვინელს კი მხოლოდ ახსენებენ. თითქოს არისტოტელეს და დეკარტეს შორის 20 საუკუნის მანძილზე არაფერი ყოფილა!

ფოტოზე:
ფრანგი ფილოსოფოსი ალენ დე ლიბერა (დაიბადა 1948 წელს)
1930-ან წლებში ვითარება შეიცვალა. ფრანგმა ეთიენ ჟილსონმა შუა საუკუნეების კვლევას ახალი სული შთაბერა. ამ კვლევამ აჩვენა, რომ შუა საუკუნეების აზრი, სერიოზული აზრია, მან გზა გაუხსნა კითხვებს, რომლებსაც ჩვენ დღესაც ვსვამთ. ასე მაგალითად, დეკარტეს მიერ ადამიანის აღმოჩენა დიდადაა დავალებული წმინდა ავგუსტინეს მიერ შინაგანი ადამიანის აღმოჩენისაგან. ამას გარდა, იდეა, რომლის თანახმადაც ადამიანი იდეას ღმერთისაგან იღებს, რომლის იდეის მოგონებაც მას არ შეეძლო - იდეა, რომელიც დეკარტესთან ღმერთის არსებობის მტკიცების საფუძველია, დიდადაა დავალებული წმინდა ანსელმისგან. და ბოლოს, თომას აქვინელის კითხვა ეთიენ ჟილსონს ათქმევინებს, რომ თომას აქვინელი დასავლეთის პირველი ეგზისტენციალისტი მოაზროვნეა. ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ყველაფერი შეჰქმნა, შეჰქმნა არსები ანუ განსაზღვრებები, რომლებიც საგნებს განსაზღვრავენ. ეს იძლევა არსის (იდეის) და არსებობის (რეალობის) კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებას.

ალენ დე ლიბერას დამოკიდებულება შუა საუკუნეებისადმი სხვაგვარია. მისი აზრით, შუა საუკუნეების ორიგინალობა მეტაფიზიკის მისეულ კრიტიკაში და ინტელექტუალის გამოგონებაში მდგომარეობს. შუა საუკუნეებში არიან რეალისტებად წოდებული მოაზროვნეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არსის, ფუნდამენტური სინამდვილის შეცნობა შეიძლება ზოგადი ფორმებით, რომლებშიც ის გამოიხატება (ტრანსცენდენტალიზმი). არიან აგრეთვე ნომინალისტებად წოდებული მოაზროვნეები (აბელარი, გიომ დოკამი და სხვ.), ვისი აზრითაც გამოუთქმელი არსი ადამიანისათვის მიუწვდომელია და ზოგად ფორმებს რეალობა არა აქვთ. ისინი მხოლოდ ადამიანთა მიერ საგანთა გარკვეული წყობის გამოხატვის საცდელად მოგონილი სიტყვები არიან. ლუდვიგ ვითგენშტაინამდე და მეტაფიზიკური აბსტრაქციის ანგლო-საქსურ კრიტიკამდე, შუა საუკუნეებმა გზა გაუკაფა თავისუფალ, ნებისმიერი წყობისაგან დამოუკიდებელ აზრს. ეს თავისუფლება გაძლიერდა იმით, რაც მაისტერ ეკჰარტის და ნიკოლას კუზელის მსგავს გერმანელ მისტიკოსებში ხდებოდა. ღმერთი შინაგანი ღმერთია. რაც უფრო მეტად განიცდის ადამიანი გარეშე სიცარიელეს, მით უფრო განიცდის ის ღმერთის სისავსეს მის შიგნით. მაშ ყოველი ადამიანის შიგნით არის სამეფო. ასე გაჩნდა ინტელექტუალი, გარე სამყაროსგან თავისუფალი ადამიანი, რომელიც თავისუფლების მოპოვებას სხვებს ასწავლის.

ბერტრან ვერჟელი, «ფილოსოფოსთა ბულვარი რენესანსიდან დღემდე», გამომცემლობა მილანი, 2005 წელი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage