მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
სორენ კიერკეგორი და არსებობა
ჰეგელის ლექციების მოსმენისა და თავისი დროის ბრწყინვალე საზოგადოებაში ტრიალის შემდეგ, კიერკეგორმა დაინახა, რომ ნამდვილი ადამიანები იშვიათად გვხვდებიან...

«...მე ჩემს საფლავს დავაწერდი მხოლოდ სიტყვას «ინდივიდი». და თუ ამ სიტყვის აზრი ჯერ არ ესმით, მას ოდესმე გაიგებენ... «ინდივიდი» არის სულის გაღვიძების, პოლიტიკასთან მაქსიმალურად დაპირისპირებული კატეგორია... «ინდივიდი» - ეს კატეგორია, მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული. პირველად ის გადამწყვეტი დიალექტიკით გამოიყენა სოკრატემ, წარმართობის გასაფანტად. ქრისტიანობაში მას პირიქით, ადამიანთა (ქრისტიანთა) ქრისტიანებად გადასაქცევად გამოიყენებენ» (კიერკეგორი, «ინდივიდი“).

შოპენჰაუერმა დაგმო სიცოცხლის ჟინი და მის მიერ ნატარები ილუზიები, მაგრამ არსებობა, არსებობის ცნება წმინდა ილუზიაზე არ დაიყვანება. არსებობის წყურვილი შეიძლება უახლოვდებობეს ვნებას, ჟინს, მაგრამ ამ ჟინსა და ვნებას არ აქვს მხოლოდ დამღუპველი ასპექტები.

ბერლინში ჰეგელის ლექციების მოსმენის, სალონებში კარგ საზოგადოებასთან შეხვედრის, დაწინდვის მცდელობის, მისი დროის ცნობილი სასულიერო პირების გვერდით ყოფნის შემდეგ, კიერკეგორი, როგორც პასკალი, იმის დანახვამ შესძრა, რომ ნამდვილი ადამიანები იშვიათად გვხვდებიან. ადამიანებს ძალიან ხშირად არ სურთ არსებობა, თავისუფლების მღელვარე და შემაშფოთებელი მომენტის განცდა მთელი ცხოვრების ჩამთრევი ფუნდამენტური არჩევანის გაკეთებით და ამიტომ, ისინი სიტყვების, საზოგადოებრივი მოდური თამაშების თუ ფუნქციების უკან იმალებიან. არსებობს საწყენი, უსიამოვნო კოლექტიური ტენდენცია, რომელიც მდგომარეობს გარეგნულობასთან, მოჩვენებითობასთან შეგუებაში, ქცევაში ისე, თითქოს ყველაფერი კარგადაა. თითქოს ყველაფერი საუკეთესოდ იყოს საუკეთესო სამყაროში. თითქოს ყველაფერი ნორმალურია მაშინ, როდესაც არსებობა არის დრამა, როდესაც არაფერი ხდება თავისთავად და როდესაც წესრიგი სინამდვილეში არაბუნებრივი, ხელოვნური გარიგებებით შენიღბული უწესრიგობა არის. თავის ასეთი დამშვიდება სიცოცხლეს აყალბებს. არარსებული ცხოვრებით დაკმაყოფილება ნიშნავს ნამდვილი ცხოვრების ხელიდან გაშვებას, ნაკლს, იმ სახით, როგორიც ის შეიძლებოდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ გადაიქცა კიერკეგორი არსებობის მგზნებარე დამცველად.

ფოტოზე:
დანიელი ფილოსოფოსი, ესეისტი, თეოლოგი და მწერალი სორენ კიერკეგორი (1813-1855)
არსებობა ნიშნავს საკუთარი თავიდან გასვლას, საკუთარი თავის დაძლევას და გადალახვას. არსებობა არაა ყოფნა, ესე იგი რეალობა, ბიოლოგიური სიცოცხლე. არსებობა არის უბრალო რეალობის, როგორც წმინდა ბიოლოგიური სიცოცხლის დაძლევა და გადალახვა. ჩვენ შეიძლება არსებობის გარეშე ვიცოცხლოთ. სწორედ ეს ხდება დუნე და ზარმაც არსებობაში, როდესაც ყველა თავს იკატუნებს და არსებით საკითხებს მატერიალურ საზრუნავში, საზოგადოებრივ მოდურ თამაშებში ან საშუალო, პატარა ბედნიერებებში ემალება. ადამიანი, რომელიც არ გაურბის მას და ამ უსახურობას უარყოფს, ეგზისტენციალური ადამიანია. იგი უშიშრად აცხადებს უქეიფობას და წუხილს, რომელიც თვალთმაქცი სამყაროს არსებობაშია. ის ასე ბედავს მარტოობასთან დაპირისპირებას და ნამდვილ არსებობას აღმოაჩენს.

არსებობა კიერკეგორისთვის ღმერთის მეორე სახელი არის. მისი არსი რელიგიურია. არსებობის საჭიროებას განიცდის ტრანსცენდენტურობის აღმომჩენი ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სიცოცხლეს აქვს სხვა, ყველაფერზე მაღლა მდგომი განზომილება, რომლის გულისთვისაც ყველაფრის მიტოვებაა საჭირო იმიტომ, რომ ადამიანს მის ჭეშმარიტ სიმაღლეს და სიდიადეს მხოლოდ ეს განზომილება ანიჭებს. ტრანსცენდენტურობის ეს საჭიროება ხშირად ვლინდება ვნებაში. ვნებიანები, რომლებიც დონ ჟუანის მსგავსად მთლიანად ეძლევიან თავის ვნებას, ტრანსცენდენტურობის გზაზე დგანან, თუნდაც საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. ტრანსცენდენტურობასთან დაკავშირებულია მორალიც, როდესაც სამართალს მოწყურებულნი, სოკრატეს მსგავსად, მზად არიან ყველაფრი გაიღონ, რათა ადამიანის სახელის ღირსი ადამიანების სამყარო გაჩნდეს. მაგრამ ტრანსცენდენტურობა ყველაზე მეტად განსრულდება რელიგიაში, სადაც სიდიადე სიდიადემდე და არა უბრალოდ ვნებამდე ან ადამიანობამდე მიდის. მაშინ სიდიადე ჭეშმარიტად ხორციელდება და ადამიანები ჭეშმარიტად ცოცხლები ხდებიან, როგორც ქრისტე, რომელიც არსებობის ბოლომდე არსებობის სიკვდილამდე ატანით მივიდა.


ბერტრან ვერჟელი, «ფილოსოფოსთა ბულვარი რენესანსიდან დღემდე», გამომცემლობა მილანი, 2005 წელი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen