მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
უორდროპები და საქართველო
ფოტოზე: ოლივერ უორდროპი (1864-1948)

ფოტოზე: მარჯორი სკოტ-უორდროპი (1869-1909)

ფოტოზე: გიორგი XII-ის სამეფო ოქროს ჯვარი ყელსაბამით

ბრიტანელი დიპლომატის, მწერლის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწის ოლივერისა და მისი დის, მარჯორი უორდროპების სახელი ფართოდ არის ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. დიდია მათი დამსახურება და ღვაწლი ევროპის ქვეყნებში საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ამას ადასტურებს შემდეგი ფაქტები: 1886 წელს ლონდონში ოლივერ უორდროპის ავტორობით გამოიცა წიგნი „საქართველოს სამეფო“, 1894 წელს კი გამოვიდა სულხან-საბა ორბელიანის „წიგნი სიბრძნე სიცრუისა“-ს ინგლისური თარგმანი კომენტარებით. იმავე წელს დაიბეჭდა მარჯორი უორდროპის „ქართული ხალხური ზღაპრები“. განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა მარჯორი უორდროპის მიერ შესრულებულმა ვეფხისტყაოსნის პროზაულმა თარგმანმა, რომელიც დის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წელს გამოაქვეყნა ჯონ ოლივერ უორდროპმა. ოლივერმა ინგლისურად თარგმნა და 1914 წელს გამოაქვეყნა გიორგი ბრწყინვალეს „ძეგლისდება“, „ვისრამიანი“ და „წმ. იაკობის ცხოვრება“. იგი ასევე მუშაობდა შექსპირის ი. მაჩაბლისეულ თარგმანზე. მარჯორიმ ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა მისი „განდეგილის“ ინგლისურად თარგმნის ნებართვას. ეს წერილი ილიამ გამოაქვეყნა „ივერიაში“, როგორც ნიმუში ქართული საუკეთესო პროზაული სტილისა. მ. უორდროპისეული „განდეგილი“ დაიბეჭდა ლონდონში 1895 წელს. მან ასევე აკაკი წერეთლის ლექსები თარგმნა. ცნობილ ინგლისელ ისტორიკოსთან უ. ალენთან ერთად, ოლივერმა ინგლისში დაარსა „საქართველოს საისტორიო საზოგადოება“ (1930წ.), გამოსცა ჟურნალი „Georgica”.

და-ძმა უორდროპებმა თავისი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურულ მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნეს. უორდროპების ძალისხმევით შეიქმნა ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა ევროპაში. მათვე ეკუთვნით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე პეტიციის შედგენის ინიცირება, რომელიც გაეგზავნა მეფისნაცვალს კავკასიაში. მათივე თაოსნობით შეიქმნა საპროტესტო კომიტეტი ქართველი გლეხობის და მშრომელი ხალხის დასაცავად კაზაკთა რეპრესიებისაგან და სხვა.

ქართველი ხალხის ოლივერ და მარჯორი უორდროპებისადმი მადლიერირების ერთ-ერთი გამოხატულება იყო საჩუქარი გიორგი XII-ის სამეფო ოქროს ჯვარი ყელსაბამით
, რომლითაც ქართველ ქალთა საზოგადოებამ ოლივერ უორდროპის ქალიშვილს ნინო უორდროპს ნინოობა მიულოცა. „1920 წლის იანვარს შესდგა ქალთა ჯგუფი, რომელმაც იქონია რა მსჯელობა, ოლივერ უორდროპის მადლობის აღსანიშნავად, გამოთქვა სურვილი, რომ 14 იანვარს, ნინოობას, ქართველ ქალთა სახელით მოულოცოს ოლივერ უორდროპის ასულ ნინოს ქართული ძვირფასი ჯვარი, არანაკლებ 130 ათასი მანეთისა.“ ამ დოკუმენტს ხელს აწერენ ცნობილი ქართველი ქალები - ელისაბედ ორბელიანი, პოეტი და მთარგმნელი, ერეკლე II-ის შთამომავალი ბარბარე ყიფიანი, თამარ გელოვანი და სხვები. ქართველ ქალთა ჯგუფმა შეაგროვა დასახელებული თანხა, შეისყიდა და გადასცა ოლივერ უორდროპს ქართველი ერის საგანძური.

ქართველმა მეცნიერმა და ისტორიკოსმა მედეა აბაშიძემ სწორედ ზემოთ აღნიშნული ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის უნიკალური ჯვარი ნახა ბრიტანეთის სახელმწიფო მუზეუმში. ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა რადგან აქამდე მისი ნახვა ვერავინ მოახერხა და ქართველი მკვლევარების ხელშიც არასოდეს მოხვედრილა. ის ამ მუზეუმის უძველეს ნივთთა განსაკუთრებულ საცავში გადაიტანეს. ჟამთა სვლას გადარჩენილი ეს ქართული რელიქვია გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში უკვე ხანში შესულმა ნინო უორდროპმა ბრიტანეთის მუზეუმს ჩააბარა, რის სანაცვლოდ მას ჯვრის მულაჟი დაუმზადეს, რომელიც უორდროპის სახლში ინახებოდა.

მედეა აბაშიძე იხსენებს: „ნინო უორდროპის სახლში რომ შევედი, თავი საქართველოში მეგონა, რადგან მას ჰქონდა უამრავი წიგნი საქართველოზე, თამარის ხატი, შოთა რუსთაველის ფრესკის რეპროდუქცია, წმ. ნინოს ხატი და კიდევ სხვა ბევრი ქართული ნივთი. აქვე იყო გიორგი XII-ის ჯვრის მულაჟიც. როგორც ქალბატონმა ნინომ იცოდა, აღნიშნული ჯვარი VII საუკუნისა იყო და ბაგრატიონებს ეკუთვნოდა. მან მითხრა ვის გადასცა ჯვარი და თაროც მიმითითა სად უნდა ყოფილიყო ის, მაგრამ ჯვარი მითითებულ ადგილზე არ ინახებოდა. მხოლოდ ბრიტანეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ჩარევის შემდეგ მიჩვენეს იგი. თუმცა საგამოფენო დარბაზში კი არ მაჩვენეს, სამუშაო ოთახში ჩამომიტანეს და იქ მომცეს საშუალება მემუშავა“.
ქალბატონმა მედეა აბაშიძემ ბოდლის ბიბლიოთეკაში მიაკვლია და საქართველოში ჩამოიტანა მარჯორი უორდროპის დღემდე უცნობი ხელნაწერის ასლი - „მოგზაურობა საქართველოში“. მან აქვე მიაკვლია უორდროპების მიმოწერას გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან. შესაძლებელია, რომ მისმა შესწავლამ დღემდე მიუკვლეველ აღმოჩენამდეც მიგვიყვანოს.

ქეთი გოგილაშვილი

მთავარ არქივში დაბრუნება
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage