მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
რემი ბრაგი: «ღუზები ცაში»
ჩვენ არ გვჭირდება მეტაფიზიკა, მით უფრო, მისი ხალხური ვერსია რელიგია. იმის საცოდნელად, გასაკეთებელი რა არის, საკმარისია კარგი მორალი, სამართალი და მის განსახორციელებლად სწორი და ეფექტური პოლიტიკა. ეს არასწორია. თუმცა შეიძლება ჭეშმარიტება ყოფილიყო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საუბარია შემოღებაზე წესებისა, რომ ადამიანებმა მშვიდად იცხოვრონ და ერთმანეთი არ ხოცონ. მაგრამ დღეს, ადამიანმა თანამედროვე პროექტი განახორციელა და საკუთარი ბედი ხელში აიღო. მას შეუძლია თავისუფლად გადაწყვიტოს, იყოს თუ არ იყოს. და რითია ყოფნა და სიცოცხლე არყოფნაზე და არარაობაზე უკეთესი? ადამიანის ლეგიტიმურობის საკითხთან კავშირში ამიერიდან ახალი კითხვა ისმის, რომელზედაც დადებითი პასუხის გასაცემად, სიცოცხლე, ცხოვრება, სიკეთე უნდა იყოს. არაა საკმარისი, რომ ცხოვრება სასიამოვნო და საინტერესო უნდა გახლდეს მათთვის, ვინც უკვე ცხოვრობს, ამას არავინ უარყოფს. სიცოცხლე ძალიან დიდი სიკეთე უნდა იყოს, რომ სიცოცხლისაკენ სხვების მოწოდება, სიცოცხლის სხვებისთვის შეთავაზება ღირდეს. საჭიროა განცხადება იმისა, რომ სიცოცხლე, ცხოვრება, არყოფნასა და არარაობას სჯობს. ეს კი მეტაფიზიკური გადაწყვეტილებაა.

ადამიანის სიცოცხლე, ცხოვრება შესაძლებელი რომ იყოს, საჭიროა ძლიერი მეტაფიზიკა. მეტაფიზიკა არაა ან აღარაა შენობა ღრუბლებში, ის ადამიანის ცხოვრების ინფრასტრუქტურად, ხოლო ადამიანი კი „მეტაფიზიკურ ცხოველად“ გადაიქცა, ამ ცნების ყველაზე დეტალური მნიშვნელობით.

ხატი გემისა, რომლის ღუზებიც ცაში არის, არაა ახალი ხატი. ის მრავალჯერ გამოუყენებიათ პლატონიდან რივაროლამდე, გერმანელი ფილოსოფოსის - გიუნთერ ანდერსის ჩათვლით. სორბონას და მიუნხენის უნივერსიტეტების შუა საუკუნეების ფილოსოფიის პროფესორის, რემი ბრაგისათვის, ეს ხატი აღნიშნავს ადგილს, სადაც საბოლოო ჯამში, ადამიანის არსებობის საწყისია დაფუძნებული.

შოპენჰაუერი ამბობდა: „იოლია მორალის ქადაგება, ძნელია მისი დაფუძნება". ეს შენიშნვა ადამიანისთვისაც ვარგისია. სად უნდა დაფუძნდეს მისი არსებობა? ღმერთის სიკვდილის შემდეგ, მისი ლეგიტიმაციის ადგილები ეფემერულად გამრავლდა. „თავის საკუთარ ხელში აღება“, ჰუმანიზმის სავსებით საქები ოცნება გახლდათ. მაგრამ ეს ოცნება სწორედ კითხვაზე – რატომ – დაიმსხვრა. იქნებ ადამიანის არსებობა წმინდა შემთხვევითობაა?

ფოტოზე: ფრანგი ფილოსოფოსი, რელიგიის, არაბული და შუასაუკუნეების ფილოსოფიის სპეციალისტი, სორბონის უნივერსიტეტის შუასაუკუნეების ფილოსოფიისა და მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანს-უნივერსიტეტის ევროპის რელიგიების ფილოსოფიის პროფესორი რემი ბრაგი (*1947)
რემი ბრაგის თქმით, „დღევანდელობას ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია და ეს არა მხოლოდ მატერიალური წარმოების სფეროში. „თანამედროვეობამ ბევრი კულტურული სიკეთე მოგვცა, როგორიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, მუზეუმები ყველასათვის, იაფი მედიის საშუალებით მუსიკით ტკბობის საშუალება. მაგრამ არის რაღაცა, რასაც თანამედროვეობა ვერ გვეუბნება. მას არ შეუძლია იმის თქმა, თუ რატომაა ადამიანების დედამიწაზე ყოფნა კარგი. ჩვენ ბევრი კარგი და ცხოვრებისათვის გამოსადეგი რამ გვაქვს, მაგრამ არ ძალგვიძს იმის ჩვენება, თუ რატომაა ამ კარგი საგნებით მოსარგებლის არსებობა კარგი. მაგრამ ეს რომ შევძლოთ, მაშინ უნდა გვჯეროდეს იმისა, რომ ეს სამყარო შექმნა შემოქმედმა, რომელმაც შესაქმის მეექვსე დღეს სთქვა, რომ მისი ქმნილება მთლიანობაში „ძალზედ კარგია“.

შემოქმედისა და მისი კარგი ქმნილების თემა, სხვადასხვა ხანის და სხვადასხვა ქვეყნის ავტორთა ნაშრომების თემა გახლავთ. ამ თემას შეეხნენ შუა საუკუნეებში „გულწრფელი ძმებიც“, რუსი ალექსანდრ ბლოკიც, ფრანგი მიშელ ფუკოც და გერმანელი ჰანს ბლუმენბერგიც.

კვლევის დასასრულს ჩნდება პირველი და სავსებით ნეგატიური დასკვნა: „ათეიზმი არგუმენტირებულად ვერ პასუხობს კითხვას ადამიანის არსებობის ლეგიტიმურობის შესახებ“.

მეორე და პოზიტიური პასუხი ავტორის შეხედულებებს განამტკიცებს: „ადამიანი საკუთარ თავს გადაირჩენს მხოლოდ მაშინ, როდესაც ღუზას ჩაუშვებს, ფესვს გაიდგამს ზეადამიანურში. ადამიანს მხოლოდ ფესვის ზეადამიანურში გადგმა იხსნის." ამას ადასტურებენ ბიბლიის აქ კომენტირებული პირველი ფურცლები.

რემი ბრაგის თქმით, შემოქმედი და პროვიდენციალური ღმერთის რწმენის გარეშე (ისე, როგორც ეს შუა საუკუნეების დიდ მოაზროვნეებს სწამდათ), ადამიანის არსებობა თავის ლეგიტიმურობას ჰკარგავს. მაგრამ, ეს რწმენა, თავბრუსხვევისათვის თავის ასარიდებლი თავშესაფარი არ არის. ის უნდა იყოს გააზრებული და არგუმენტირებული და სწორედ ამას აკეთებს ჩვენი ფილოსოფოსი ზუსტი და ბრწყინვალე ენით.

მარსელ ნეიში
ანოტაცია რენე ბრაგის წიგნისა «ღუზები ცაში» (Les Ancres dans le Ciel), ფრანგული გაზეთი „ჯვარი“, 2013 წლის იანვარი


თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen