მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ირაკლი კოსტავა


ფოტოზე: ირაკლი კოსტავა (1961-1985)

თანატოსი
(ეძღვნება მამას)


შავჩოხიანი
შეისვენებს
მგზავრობის შუა,
წამოიძინებს,
ამის დრო თუა.
გზას გაუდგება
ლეგა ცხენზე ამხედრებული,
არ შეაშინებს
დაბრკოლება, გზად ხვედრებული.
ზუსტად რომ დროზე,
არცა ადრე
და არცა გვიან,
ვიღაც მესამე ნაპირს პოულობს,
ვენას იხლიჩავს ალესილი სამართებლით,
სიკვდილს თხოულობს.
შავჩოხიანი შეისვენებს მგზავრობის შუა,
წამოიძინებს, ამის დრო თუა.

1978


* * *


თუ არ გამოვა,
გასაკვირი არაფერია,
ჩემი ჩემია, მეგობარო
შენი შენია.
მაგრამ ეს ჩემი
თუ ოდესმე შენი გახდება,
მაინც მომძებნის,
მაინც სადმე გზაზე დამხვდება
და რომც მინდოდეს გვერდის ავლა,
არსად გამიშვებს,
სადღაც წამიყვანს, გაიხარებს,
ცაში ამიშვებს...
ხელებს გამიხსნის, ავფრინდები,
ქვაში გამოვთლი საკუთარ სახეს,
მთელ დედამიწას მოვეფინები
და საუკუნეს დავარქმევ სახელს.

1982
უაზრო ბრძოლა

ვათენებთ ვაღამებთ,
გადიან დღეები,
ითვლის კალენდარი...
კვირები, თვეები.
სამი დღე, ხუთი, შვიდი
და ვადა გავიდა.
რისი? ვიღაცა ჩამოდის,
ჩამოდის შორიდან.
ველი მოუთბენლად,
რატომ, რისთვის?
რაღაცა უნდა
მომეთხრო მისთვის.
დაფიქრდი ალბათ –
ვისთვის და როდის,
იმ ვიღაცისთვის,
რომელიც მოდის.
გააღებ კარებს,
სალამს მომიგდებს,
რაღაც ურთულეს
თამაშს მომიგებს.
 


* * *


თამაში ჰქვია,
თორემ ბრძოლაა,
პირში ფურთხება,
ქვების სროლაა,
უმოწყალო და საშიში,
დაუნდობარი,
ვერავინ გვიშველის,
ნაცნობი, მეგობარი.
ალბათ იმიტომ, რომ
ნათქვამია ყველაფერი,
შუბლზე გაწერია
ოცნება ვაედისფერი
ან თუნდაც ლურჯი,
ოღონდაც მუქი...
ითხოვეთ, ითხოვეთ,
ეძებეთ შუქი.
მზეზე კაშკაშა,
უფრო ნათელი,
უფრო ძლიერი,
უფრო ჯანმრთელი.
ცაში ატანილი
სამების ფერები,
ქვიშაში ჩაფლული
მსუბუქი ბგერები...
ქვიშა კი მძიმეა,
მძიმეა ძალიან,
მჭიდროდ შეკრული
უკარო გალია.
ეღთხელ გაიგონებ
იმ ხმას ცხოვრებაში,
მერე სამუდამოდ
გრჩება გონებაში.
თავზე გექმნება წარმოდგენა
დიდი, უაზრო,
ღატომ, საიდან,
ეგებ ვცადოთ, ვინმეს ვუამბოთ.
 
დედას

ირაკლი კოსტავას ბაბუა - ივანე ბერიძე 1927 წლიდან 1942 წლამდე პოლიტპატიმარი იყო. ის 1942 წელს ციხეში დახვრიტეს. მას თან ახლდნენ მეუღლე და 9 წლის ვაჟი. ბავშვმა ციმბირში ყოფნა ვერ აიტანა და საქართველოში დაბრუნებული ტრამვაის ბორბლების ქვეშ დაიღუპა...

წიგნი ნაადრევად წაკითხული,
თაროზე ობი მოდებული,
თეთრად გათეული ღამეები,
საქმე ღირსეულად მოგებული...
თორი, აბჯარი და ყირიმული...
სადღაც მიგდებული ცვდებიან,
ანტილოპები… აფრიკის
დიდი სიცხისგან კვდებიან…
ორი მამაკაცი, ცხოვრებაში
მხოლოდ სურათებით შემოსული
და მათი ნათელი სახეები
გულში სამუდამოდ შენახული.
უფა, ციმბირი, ოცდაჩვიდმეტი...
კაცთან წასული ქალი...
უტეხი მამის ხსოვნა და
მასზე ფიქრები მთვრალი...
მეორე - უხვად დაღვრილი
სისხლი ტრანვაის რელსზე...
ყრმა, ნორჩი და უცოდველი
ვერასდროს ადგება ფეხზე.
ცხოვრებას მტკიცედ კვალავდი,
წლები წაიღო აჩრდილმა,
ფიქრებმა მესამე კაცზე
ის ორი აჩრდილი დაჩრდილა.
და წიგნზე თითის ნაკვალევი,
ობი, თაროზე მოდებული,
თეთრად გათეული ღამეები,
საქმე – ღირსეულად მოგებული.

1979




ფოტოზე: ირაკლი კოსტავა (1961-1985)

ირაკლი - მოგონება

ბავშვობაში ძალიან მინდოდა ძმა მყოლოდა. ბებიაჩემ ვიქტორიას ვეხვეწებოდი, ჩემს მაგივრად ელოცა და ღმერთისთვის ეთხოვნა ჩემთვის ციდან ძმა გადმოეგდო. ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ღმერთი ახალშობილ ბავშვებს ციდან ჰყრიდა და ბავშვები ამ გზით ჩნდებოდნენ.

ბებიაჩემს დილით აივანზე მლოცველს ვხედავდი, მივდიოდი ბებიაჩემთან, ვიხედებოდი ეზოში და ვათვალიერებდი, ეზოში ასფალტზე ჩემს ძმას ვეძებდი. ვნერვიულობდი იმიტომ, რომ შუა ეზოში ლუკი იყო და მეშინოდა, ჩემი ახალშობილი ძმა შემთხვევით ლუკში არ ჩავარდნილიყო. მე ჩემს ნატვრებში ვიყავი, როდესაც ერთ დღეს, სახლში დაბრუნებულ ბებიაჩემს და მე ორი უცნობი კაცი დაგვხვდა. ისინი დედაჩემთან ერთად მისაღებ ოთახში ისხდნენ. ოთახში შესულს, დედაჩემმა ერთ-ერთ მათანზე მითხრა: თამთა, გაიცანი, ეს შენი ძმა ირაკლი არისო. ირაკლის შევხედე, ჩემს წინ ორმეტრიანი ულვაშიანი ახალგაზრდა კაცი იჯდა. ეჭვის თვალით შევათვალიერე, მე ხომ ახალშობილ ძმას ველოდებოდი. ირაკლიმ დამიძახა და კალთაში ჩამისვა. მან და მისმა მეგობარმა ჯახალამ ლაპარაკით ისე გამაბრუეს, იმათ წასვლამდე ორივე ძალიან შემიყვარდა.

ჩემს ეზოში ირაკლის ორი მეგობარი ცხოვრობდა - მერაბ გურგენიძე, ჩემი ბავშვობის მეგობრების სალომეს და ელენეს მამა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და დათო ძოწენიძე - ჩემი ნათლულის ბიძა. ერთხელ, ირაკლი ავთო ძოწენიძესთან იყო მოსული, ამხანაგებთან ერთად დათოს აივანზე იდგა და ეზოში მოთამაშეს მათვალიერებდა. მაშინ დამაინტერესდა ვინ იყო ეს უცხო კაცი და რატომ მათვალიერებდა. ირაკლი იმ დღიდან მახსოვდა, ოღონდ არ ვიცოდი ვინ იყო. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ირაკლი თხოვნით მოსულა დედაჩემთან: მე და მყავს და ჩემს დასთან ურთიერთობა მინდა მქონდესო. ძმის გაცნობის შემდეგ, დედაჩემი მომიყვა: როდესაც გავჩენილვარ, ჩემს სანახავად მამაჩვენის სახლში ჩემი ძმა მოსულა, საბავშვო ეტლში მწოლიარესთვის საბანი გადაუხდია და გაჰკვირვებია, რომ საკმაოდ პატარა დავხვდი, საბანგადაფარაბული უფრო დიდი ვგონებივარ.

ჩვენი ურთიერთობა დაიწყო.

ირაკლიმ მუსიკალურ სასწავლებელში მიმიყვანა. გამოცდის დღეს, მისი ნაჩუქარი კაბა ჩამაცვეს. ირაკლიმ და მისმა მეგობარმა ჯახალამ მუსიკალურ საკონცერტო დარბაზში მიმიყვანეს, სადაც "საბაჩი ვალსი" დავუკარი. რომ დავამთავრე, ორივემ ტაში დამიგრიალა.

მამაჩემის დაბადების დღეს, 26 მაისს, ისევ ირაკლის ნაჩუქარი ერთ–ერთი ლამაზი კაბა ჩამაცვეს. მამაჩემს საჩუქრად ეგვიპტეში გაპარებისას უდაბნოში სამი მაღალი პალმის ძირში მყოფი ჩვილი იესო დავუხატე. ერთი პალმა დავხარე, რომელიც მწყურვალე ჩვილს თავისი სხეულიდან გამოწურულ წყალს პირში აპკურებდა. ირაკლიმ ჩემი საჩუქრითურთ მამაჩემის სახლში ჩამიყვანა, სადაც ბებიაჩემი ოლიკო ნათესავებთან და მამაჩემის მეგობრებთან ერთად მამაჩემს დაბადების დღეს უხდიდნენ. იქ გავიცანი ირაკლის დედა - რუსიკო. ამ პერიოდში, მამაჩემი ციმბირის ციხეში შიმშილობდა. ირაკლის სტუმრად დავყავდი თავის ნათესავებთან. ორი ახალგაზრდა გოგო გამომპრანჭავდა, საყურეებს და მძივებს დამკიდებდნენ, გულსაბნევს დამაბნევდნენ და მალამაზებდნენ. თვითონ პეპლების გულსაბნევებს აკეთებდნენ და გაკეთებას მეც მასწავლიდნენ. ბავშვობაში ხატვა მიყვარდა და სტუმრად ხშირად მახატვინებდნენ.

დედაჩემმა და ჩემმა ძმამ 8 წლის ასაკში მომნათლეს. ჩემი ნათლიები დედაჩემის სამი მეგობარი და ჩემი ძმის სამი მეგობარი გახდნენ. მოსანათლად მცხეთაში, სვეტიცხოველში წამიყვანეს. იქიდან ყველა ჩვენთან სახლში წამოვიდა წვეულებაზე. ერთხელ ჯახალამ და ირაკლიმ ფუნიკულიორზე წამიყვანეს. იქ ტირში მწვანე კაუჩუკის ბურთი მოვიგე. ფუნიკულიორიდან ფეხით ჩამოვედით და მამადავითზე გადავძვერით, რადგან დახურული დაგვხვდა; საფლავები მოვინახულეთ.

ბავშვობაში ნატვრის თვალს ვნატრობდი. ერთხელ, ირაკლიმ და ჯახალამ მეტრო რუსთაველის თავზე მდებარე მამაჩემის ეზოში გადამაძვრინეს. რუსთაველის მეტროს კედელზე ფერადი კედლის მოზაიკა იყო გაკეთებული. ამ მოზაიკიდან მუჭებით ფერადი ქვები ჩამომიხსნეს. ქვები მეც შევაგროვე ჩემით. ბავშვობაში ფერად და ბრჭყვიალა ქვებს ვაგროვებდი. მჯეროდა, რომ ინდოეთში ხეების ძირში ნატვრის თვალები იყო ჩაფლული. თუ ინდოეთში ვიმოგზაურებდი, იქიდან ნატვრის თვლის ჩამოტანას შევძლებდი. ნატვრის თვალს რასაც ჩავუთქვამდი, იმ სურვილს ამისრულებდა. ჩემი ძმა რომ მოკლეს, მე არ მეუბნებოდნენ. მჯეროდა, რომ ირაკლი ნატვრის თვალის ჩამოსატანად ინდოეთში იყო წასული...

ჩემს ძმას და მე ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ირაკლი ძმობას სიცოცხლის ბოლომდე სიყვარულით მიწევდა.

თამთა კოსტავა
2013

ტერენტი გრანელს

რამდენიმე კაცმა მიაცილა,
თითქოსდა ვალი მოიხადა,
შავ კუბოს მიწა მიაყარა,
რამდენიმე წუთი მოიცადა.

წვიმიანი იყო ამინდი,
პოეტს პოეტები ახლდნენ...
და როს მიაღწია ოლიმპოს,
ბჭესთან ანგელოსები დახვდნენ.

ბოლო გზა განვლო ამ ქვეყნად,
სხეული მიწის ქვეშ ჩაფლეს,
სული ამაღლდა ზეცამდე
და იქ მოესწრო დაფნებს.

გვირგვინს არ იყო დახარბებული,
ერჩივნა უბრალო ია,
ყოველთვის გულთან ებნია
ყვავილი პატარა, ჩია.

როცა ამ ყვავილს მოწყვეტენ,
იგი სამ დღეში ჭკნება,
პოეტიც სადღაც მიგდებული
სევე უჩუმრად კვდება.

1979

ფოტოზე: ირაკლი კოსტავა დედასთან – რუსუდან ბერიძესთან ერთად
* * *

მუსიკის კაკუნი, შეშლილი ქალები,
სინათლეს მოკლებული ცისფერი თვალები,
ორად გატეხილი ხერხემლის მალები,
მოტვლეპილ თავზე შავი ხალები.
მლოცველი ხატებს ემუდარება,
ფარდები ქცეულა თეთრ სუდარებად,
სიცოცხლე მიდის გაუხარებლად,
სიკვდილი – სიცოცხლის დაუმთავრებლად.


უცნაურია როკვა ლანდების,
პატარა შუქზე თეთრი სანთლების,
ცეცხლმოდებული მთების კალთები
ზეცას მოედო ბუღი ნაცრების.
ქვეყანას სული თუ განუკურნე,
გასაჭირს თავი არ დაუღუნე
და მაცდურს თუ ხელი დაუდუნე
გიხსნის ახალი საუკუნე.


1981
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage