მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
რჩეულთა შორის გამორჩეული: გენერალი კოტე აფხაზი
ილია ჭავჭავაძის დისშვილი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი დაიბადა 1867 წლის 27 ნოემბერს სოფელ კარდენახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი და პეტერბურგის სამხედრო აკადემია, მსახურობდა მეფის არმიაში და მიიღო გენერლის წოდება, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918 წწ.). იყო თბილისის საადგილმამულო-სათავადაზნაურო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრი. 1917 წელს საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული პოლიტიკური პარტია დაარსდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი კოტე აფხაზს მიუძღვის. გარკვეული პერიოდის მანძილზე ის პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიამ წართმეული ავტოკეფალია აღიდგინა, რაშიც კოტე აფხაზი ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 1917 წელი სხვა მხრივაც გამორჩეული იყო საქართველოსთვის - იწყება აქტიური მზადება საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სათავეებთან იდგა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის ენერგიული წევრიც გახდა კოტე აფხაზი, რომელმაც ეროვნულ საბჭოს გადასცა ილიას ბანკის შენაძენი ქონება - 26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულების. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა - შემუშავებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად ხელი გენერალმა კოტე აფხაზმაც მიაწერა.

ფოტოზე:
გენერალი კოტე აფხაზი (1867-1923)
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია განახორციელა. საქართველოში იწყება ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ კოტე აფხაზი. გენერალმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 1922 წელს დუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში განხორციელებულ ანტისაბჭოთა აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების მიუხედავად, კოტე აფხაზი ეროვნულ მოძრაობაზე ხელს არ იღებს და აგრძელებს ბრძოლას საქართველოდან ოკუპანტების გასადევნად.

1922 წლის აგვისტოში საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საფუძველი ჩაუყარეს ინტერპარტიულ ორგანოს „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“ („დამკომს“). დამკომში პარიტეტულ საწყისებზე გაერთიანდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია, საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტია და საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ჩამოშორებული ჯგუფი „სხიველები“ (დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები). პოლიტიკური პარტიები დამკომში წარმოდგენილი იყვნენ თითო წევრით, თავმჯდომარეს ყოველთვის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ირჩევდნენ. დამკომმა შექმა საფინანსო, წითელი ჯვრის და სხვა ორგანოები. დამკომის მიერ შექმნილ ორგანოებს შორის ფუნქციით ერთ-ერთი გამორჩეული იყო სამხედრო ცენტრი. სამხედრო ცენტრს ევალებოდა ანტისაბჭოთა აჯანყების მოსამზადებლად მუშაობა. სამხედრო ცენტრში აქტიურ როლს ასრულებდა გენერალი კოტე აფხაზი. საქართველოს საგანგებო კომისიამ და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიამ მოიპოვეს ინფორმაცია სამხედრო ცენტრის საქმიანობის შესახებ და კოტე აფხაზი და მისი თანამებრძოლები დააპატიმრეს. ჩეკისტებმა კოტე აფხაზს და მის მეგობრებს ბრალი დასდეს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წიმააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში, საქართველოში ბანდიტური მოძრაობის შექმნაში და მასში მონაწილეობაში, ანტანტის სასარგებლო შპიონაჟში, მუშურ–გლეხური სახელმწიფოს გაცემაში და ღალატში. 1923 წლის 21 მაისს, გამთენიისას, კოტე აფხაზი და თოთხმეტი ქართველი ოფიცერი ჩეკისტებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. დახვრეტილთა შორის იყვნენ:
კოტე აფხაზი
ვარდენ წულუკიძე
როსტომ მუსხელიშვილი
ელიზბარ გულისაშვილი
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
გოგი ხიმშიაშვილი
სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი
ლევან კლიმიაშვილი
ნიკოლოზ ზანდუკელი
ივანე ქუთათელაძე
იასონ კერესელიძე
დიმიტრი ჩრდილელი
ალექსანდრე მაჭავარიანი
სიმონ ჭიაბრიშვილი
ფარნაოზ ყარალაშვილი
დახვრეტის წინ, ჩეკისტები კოტე აფხაზს სიცოცხლეს შეჰპირდნენ თუ ის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაზე ხელს აიღებდა. კოტე აფხაზმა ამ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვა, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!” აღსანიშნავია, რომ დახვრეტის წინ, თხუთმეტივე ქართველი ოფიცერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნს, „დიდებას“ მღეროდა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჯიქია
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen