მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ხელოვნება შუა საუკუნეების დასასრულს

ისტორიის მანძილზე, ყველა ხალხს და ყველა კულტურას მრავალი განსაცდელი და ამ ხალხთა და კულტურათა წარმომადგენლების ადამიანობის და ღირსების გამომცდელი უბედურებები ხვდება. განგება სასტიკად სცდის ყველას. გამონაკლისი არ ყოფილა ესოდენ ლამაზი და ბევრი რამით სამაგალითო ევროპაც. მასაც დასტეხია თავს საშინელი უბედურებები, ევროპელებიც აჰყოლიან ათასგვარ ცდუნებას და ისეთ დღეში ჩაუგდიათ თავისი საარსებო სივრცე, რომ შემდგომში მწარედ სანანებლად დარჩენიათ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ კაცობრიობის სასიხარულოდ, საუკეთესო ევროპელები ძალებისა და გონების მოკრებას და ევროპის ფეხზე წამოყენებას თავს ართმევდნენ.

ასე მოაღწია ლამაზმა ევროპამ დღემდე და მისი გაკვეთილი ისაცაა, რომ საშინელ უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანებსაც ღმერთი (თუ განგება, ბუნება, როგორც გენებოთ) გამოსავალის მონახვის და ადამიანურ ღირსება-სათნოებათა შენარჩუნების შანსს და საშუალებას აძლევს. ამიტომაა საინტერესო ევროპელთა თვალით დანახული ევროპული უბედურებების გაცნობა და გახსენება. იქნებ ქართველებმაც მოახერხონ მათთვის მიცემული შანსის და შესაძლებლობების გამოყენება თუნდაც დაახლოებით ისე, როგორც ეს ევროპელებმა მოახერხეს.

მთარგმნელის წინათქმა


დრამათა ორი საუკუნე - საბრალო დასავლეთი

XIV-XV საუკუნეებში ევროპას ომები, შიმშილი და უსაშინლესი ეპიდემიები არყევენ და აზანზარებენ. ძველი სამყარო ფეოდალებთან ერთად წარსულს ჰბარდება და ძალაუფლების ახალი ცენტრები ჩნდება ბურგში, დიჟონში თუ ფლანდრიაში.

შუა საუკუნეების პირველ სამ საუკუნეში, მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. შეიქმნა სამონასტრო ორდენები: კლიუნი და სიტო, იყო ჯვაროსნული ომები, შეიქმნა რაინდთა წოდება, განვითარდა ხელოსნობა და ხელოვნება, რომელმაც საზოგადოებას ახალი სახე მისცა. XI საუკუნეში ტრანსპორტის სფეროში უმნიშვნელოვანესი გამოგონებების წყალობით, ეკონომიკური და კომერციული ცხოვრება შეიცვალა. მუდამ სასარგებლო წყლის გზებმა მონოპოლია დაკარგეს. კომერციული ცხოვრება სრულებით შეიცვალა და გაუმჯობესდა. ამით სარგებლობენ როგორც ვაჭრები, ისე მდინარეებისაგან მოშორებულად მდებარე ქალაქებიც, რომელთაც ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა გააჩნდათ. სამეფო ხელისუფლების მიერ დაცული სოციალური ცხოვრება კი დიდად არ შეცვლილა. ისტორიის რაღაც ზიგზაგების მიუხედავად, ის უცვლელად, თაობებში ფესვგადგმული ჩვეულებების ატმოსფეროში მიედინება. ბატონობს მოკრძალებული კეთილდღეობა. ადამიანები ცხოვრების მონოტონურობის შერბილებას დღესასწაულების გამრავლებით ცდილობენ. ამ დღესასწაულების დროს, პროცესიები ქუჩებში გაშლილი ფერადი დროშებით დადიან. არავინ ჩივის, განსაკუთრებით კმაყოფილნი მედუქნეები არიან. არადა, დასავლეთის ეს სამსაუკუნოვანი ტრადიციული და რამდენადმე ლეთარგიული ცხოვრება მოულოდნელად და ტოტალურად იძრა. შედარებითი სიმშვიდის პერიოდი დრამათა, მტკივნეული ცვლილებების საუკუნემ შესცვალა. მრავლდება სიახლეები და გაოხრება-გატიალებები, მათ შემოქმედების რამოდენიმე ათწლეული მოჰყვა, მაგრამ თავად ეს სიახლეები ახალ საფრთხეებს ჰქმნიან.

საფრანგეთში ეს ხანგრძლივი დრამატული განსაცდელი, რომელიც უკვე ორი თუ სამი წელი მწიფდებოდა, 1346 წლის 26 აგვისტოს კრესის უბედურებით დაიწყო, რომელსაც 1347 წელს ინგლისელების მიერ კალეს აღება მოჰყვა. ეს იყო დასაწყისი სამწუხარო ასწლიანი ომისა, რომელიც მთელი საფრანგეთის სამეფოს ერთი საუკუნის მანძილზე ააოხრებს და საშინლად გააღატაკებს. მაგრამ ესაა მხოლოდ შესავალი იმ ბევრად უფრო საშინელი მოვლენისა, რომელიც ამჯერად თავს მთელს ევროპას დაატყდება. 1348 წლის გაზაფხულზე თავს იჩენს დიდი შავი ჭირი. ის ინდოეთიდან მოვიდა, გემებმა ევროპაში ჩამოიტანეს. დაიწყო გამოუთქმელი ჟლეტა და სასაკლაო. 1348-1353 წლებში ზოგიერთი ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა გაქრა. ის მოკლა ან გააქცია შიშმა ან შიმშილმა. შიმშილის ჭირი "დიდი სიკვდილის" ჭირს დაემატა. გარკვეულ დროს, პარიზი დღეში 800 ადამიანს კარგავს, ანუ ყოველ დღე 800 კაცი კვდება. მემატიანე ფრუასარის თქმით, ამ უბედურებებისგან - შავი ჭირისგან და შიმშილისაგან ქვეყნის მესამედი ანუ დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ამ თავზარდამცემი ამბავის მნიშვნელობის კარგად გასაგებად, უნდა გავიხსენოთ რას წარმოადგენდა იმ დროისათვის საფრანგეთი, რომელიც ევროპის ყველაზე დასახლებული ქვეყანა გახლდათ. იმ დროს საფრანგეთში 15 მილიონი კაცი ცხოვრობდა.

ფოტოზე: ნოტრ დამის ქიმერა, პარიზი / საფრანგეთი

ამ უბედურებათა შედეგები ურიცხვია... სოციალური ცხოვრება მოიშალა, თავზარდაცემული, სასოწარკვეთილი ადამიანები მხეცდებოდნენ. მათ არსებობისთვის სასტიკი ბრძოლა უხდებოდათ. აოხრებული მონასტრები ვეღარ მონასტრობდნენ, სასულიერო წოდებას თავისი ფუნქციების შესრულება ძალიან უჭირდა. პაპების მკაცრი რეაქციების მიუხედავად, სასტიკი და შეუბრალებელი მოძრაობები გავრცელდა - როგორც ებრაელებს, ისე ქრისტიანებს ჭების მოწამლვას სდებდნენ ბრალად და ჟლეტდნენ. ამ დრო და დრო შესუსტებულ და გაძლიერებულ ეპიდემიას სხვა ეპიდემიებიც მოჰყვა.

დასავლეთს დიდი უბედურება დაატყდა თავს 5 წლის მანძილზე, 1353 წლამდე, ხმელთაშუა ზღვიდან ისლანდიამდე. საფრანგეთში ამ აოხრებას ასწლიანი ომი დაემატა. დამშვიდების მოკლე პერიოდები თითქოს იმედს აჩენდნენ, მაგრამ ისინი მოსახლეობას უფრო აღატაკებდნენ, ვიდრე ამხნევებდნენ. ასწლიანი ომით გამოწვეულ აოხრებას სამოქალაქო ომით გამოწვეული აოხრება ემატებოდა. ქალაქებში ჯანყდებოდნენ წოდებები, გლეხები ჯანყდებოდნენ უცხოელთა და საკუთარი არისტოკრატიის წინააღმდეგ. ბრძოლების შეწყვეტის პერიოდში უსაქმოდ და უხელფასოდ დარჩენილი ჯარისკაცები, ყაჩაღების ბანდებად გადაიქცეოდნენ. ინგლისელები, ვალონები, გასკონელები, ჰოლანდიელები, ესპანელები, გერმანელები, ყაჩაღების და მკვლელების ბანდებს ქმნიდნენ. მათ თარეშს ბოლოს ვერაფერი უღებდა. დიდი ბანდები დათარეშობენ სოფლებში. გლეხები ველ-მინდვრებში უსაფრთხოდ ვეღარ იყვნენ. ეს ბანდები გარს შემოერტყნენ პარიზს. ლონდონიდან ტყვეობიდან დაბრუნებულმა მეფე იოანე კეთილმა დიდი ფული გადაუხადა ყაჩაღთა ბანდას, რომ თავის საკუთარ მამულზე გავლა და საკუთარ დედაქალაქში შესვლა შესძლებოდა. 1363 წელს, პარიზის ეპისკოპოსი ქალაქის კედლებს გარეთ გასვლას ვეღარ ჰბედავდა. მემატიანე ჟან დე ვენეტი იმ დროზე წერს: "ზარების ტკბილ ხმას აღარ აღვიძებს უფლის ხოტბა, მას მტრის შემოტევები აღვიძებს, ადამიანებო, თავს უშველეთ!"

1357 და 1360 წლებში ავინიონში თვით რომის პაპი დააყაჩაღეს. ავინიონის გალავანის და სასახლის მაშიკულები გადარეულ მოსახლეობას ძლივს იცავდნენ. დიდ ბანდებთან წარმატებით ბრძოლას მარტო ბერტრან დე გესკლა ახერხებდა. მისმა გამარჯვებებმა ის ეროვნულ გმირად აქცია. ბოლოს და ბოლოს პრობლემა მან ირგვლივ ყველას და ყველაფრის ტერორიზებით და ბანდების იტალიაში გაყრით გადაჭრა. მაგრამ დამშვიდება ხანმოკლე გამოდგა. არმანიაკების და ბურგუნდიელების ერთმანეთში ომი, ინგლისელებთან ომის განახლება და აზინკურის უბედურება 1415 წელს ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებს. ინგლისის და საფრანგეთის ომი აღარ იყო სიუზერენის და ვასალის კინკლაობა, ის პირველად გადაიქცა საერთაშორისო ომად. ტრუას შეთანხმება, ინგლისის მეფე ჰენრი მეხუთეს საფრანგეთის ტახტის მემკვიდრედ სტოვებს. მაგრამ ჟანა დარკის მიერ აგიზგიზებული ფრანგული პატრიოტიზმი მალე ეროვნულ გრძნობას ააღორძინებს. მისი ენთუზიაზმი ქვეყანას ფეხზე აყენებს. ინგლისელებს ორლეანის დატოვება მოუხდებათ...

საფრანგეთს ახალ საფუძვლებზე წონასწორობის მოსაპოვებლად დრო დასჭირდა. სოფლის მეურნეობა და კომერცია მომსპარია. გზებზე ყაჩაღები თარეშობენ, ხმელთაშუა ზღვაში კი პირატები, რომლებმაც ყველა სავაჭრო გზა ჩაკეტეს. ომებისაგან განზე დარჩენილი ფლანდრია და იტალია ერთმანეთთან ახლა რაინის ხეობით ურთიერთობენ. კომერცია და სიმდიდრე საფრანგეთიდან ჟენევაში და ბურგუნდიაში გადავიდა, სადაც ჰერცოგ ფილიპე კეთილის კარი ბრწყინავს.

აქ ძნელია ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ნელი აღორძინების აღწერა. ამაზე ზრუნვაში კარლოს VI-ეს მხარს უჭერდა მისი მინისტრი ჟაკ კერი, ბურჟელი დაბაღის შვილი. ამ საქმეს შემდეგ დიდი მეფე ლუი XI გააგრძელებს. მაგრამ ასი წლის ომის შემდეგ აღმდგარი საფრანგეთი, შუა საუკუნეების საფრანგეთი აღარ გახლდათ. 1328 წელს ტახტზე ვალუათა გვარის წარმომადგენელთა ასვლისას, კაპეტინგების ყველა ინსტიტუტი უკვე დაშლილია. მათ ბოლო ომმა და სიღატაკემ მოუღეს. ფეოდალობა, რაინდობა, ეკლესია, უნივერსიტეტი, მუნიციპალიტეტები, კორპორაციები - ყველა ეს რეალობა ეპოქის მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს. საფრანგეთის კერა პარიზში აღარაა. მეფის კარმა ის გარკვეული დროით ბურჟში გასაჩერებლად მიატოვა.


მაგრამ ყველაზე მეტად, მნიშვნელოვან ცენტრებს ბურგუნდიის ჰერცოგის ფილიპე ამაყის კარი და ბერის ჰერცოგის იოანეს კარი უფრო წარმოადგენენ, ვიდრე სამეფო კარი დედაქალაქში. მხატვრები თავის შედევრებს დიჟონში და ბურჟში ჰქმნიან. ეპოქის დიდი თეოლოგი ჟერსონიც კი ბურგუნდიელია. ფეოდალურმა სისტემამ ღრმა ძვრა განიცადა ბურჟუაზიის ამაღლებით, ისევე როგორც მესამე წოდების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვით და გენერალურ შტატებში მისი მიღებით. ეკლესიისაგან გამოყოფილი რაინდობა რომანული სიკვდილით კვდება. 1374 წლის ვანსენის ბრძანებით დიუ გესკლას მიერ შექმნილი დაქირავებულთა მუდმივი არმია სამხედრო ფეოდალიზმის დასასრულს აღნიშნავს... დიუ გესკლამ ძალის და ეშმაკობის ერთდროულად გამომყენებელი კონდოტიერების ხანა გახსნა. ფეოდალური რაინდობის უკანასკნელი და ყველაზე მეომარი წარმომადგენელი, ნანსიში 1477 წელს გარდაცვლილი კარლოს მამაცი იქნება. ძველი სამყარო მიდის.


ფოტოზე: ორის ბრძოლა (1364), თანამედროვე მინიატურა, ჟან ფრუასარის ქრონიკებიდან
თუმცა ამ ხანაში მხოლოდ გაუთავებელი სოციალური სიბეჩავის დანახვა არასწორი იქნება. ომი რა თქმა უნდა ყველაფერს აოხრებს, მაგრამ გრძელი პაუზები მასაც აქვს ხოლმე. მეცენატი პრინცების წყალობით, მხატვრული შემოქმედება არაჩვეულებრივად ჰყვავის კარლოს VI-ეს მეფობის დროს (1380-1422). გიჟი მეფის მდიდარი და ძლიერი სამი ბიძა, მშენებლები, კოლექციონერები და დონატორები არიან. ამგვარად აიყოლიებენ ლუი დანჟუ, ჟან დე ბერი და ფილიპე ბურგუნდიელი დიდ სენიორებს და მდიდარ ბურჟუებს, რომელთაც საკუთარი რანგის შენარჩუნება სურთ.

გონებათა კინკლაობები

XIV საუკუნეში პაპობის მსურველ ფილიპე ლამაზს და ლუდოვიკ ბავარიელს ინტელქტუალებიც დაუპირისპირდნენ. პოლემიკაში მონაწილეობენ თეორეტიკოსები. ჟილ რომაელი და ალვარეზ პელაიო არნახული ძალით უსვამენ ხაზს პაპის, ღვთაებრივი სამართლით სუვერენის ყოვლისშემძლეობას. მეორეს მხრივ, ჟან დე ლანდა და მარსილ პადუელი იმპერატორს ანიჭებენ სრულ პოლიტიკურ და რელიგიურ ძალაუფლებას და პაპს ართმევენ ყოველგვარ საერო ძალაუფლებას, უმორჩილებენ მას იმპერატორის და საეროდ ქცეული საბჭოს კონტროლს. შუაში მოხვედრილი დომინიკანელი ჟან პარიზელი ამაოდ ცდილობს XIII საუკუნის საუკეთესო ტრადიციათა შესაბამისად დაპირისპირებათა შერბილებას. ეს დაპირისპირება სინამდვილეში ღრმა ტრანსფორმაციას გამოხატავს. XIV საუკუნეში ინტელექტუალური შემოქმედება თითქოს დაიშრიტა.

დუნს სკოტის სიკვდილის შემდეგ, ორიგინალურ სინათლეზე სიბრძნის აგების ძლიერი მცდელობა აღარ სჩანს. შემოქმედნი აღარ არიან, მხოლოდ ძველი გამმეორებლები დარჩნენ. უნივერსიტეტები და სკოლები კერძო და უნაყოფო დისპუტებისკენ არიან მიმართულნი. ამ ინტელექტუალური თამაშების საყვარელი სიუჟეტია ცოდნის მნიშვნელობა და მექანიზმი. ინტერესდებიან ადამიანის სულის ძალით და ჭეშმარიტების ღირებულებით.

კრიტიკულმა ხანამ შემოქმედი ხანა შესცვალა


XIV საუკუნის შუა ხანებიდან სჯერათ, რომ სარწმუნო ცოდნა მხოლოდ სიცხადეში, სიაშკარავეშია. გონებამ თავისი ყოვლისშემძლეობა დაჰკარგა. მხოლოდ უშუალო განცდას შეუძლია სარწმუნო ცოდნის მოცემა, ვინაიდან აბსტრაქტული იდეა ღრმა რეალობას არ ჰპასუხობს. გამოჩნდა ძველი ნომინალიზმი, რომელიც ემპირიულ მოაზროვნეებს რაციონალისტებისგან გამოჰყოფს. შემეცნების ეს კონცეფცია ცოდნის საზოგადო გადასინჯვას გამოიწვევს. აღნიშნული მოძრაობა XIII საუკუნის ინგლისში, ოქსფორდის ფრანცისკანელ მოძღვრებს შორის გაჩნდა. ის სრულყოფილად ეხამებოდა ინგლისელების სწრაფვას ექსპერიმენტული ცოდნისკენ, ისევე, როგორც უშუალობის მაძებარ და არისტოტელური რაციონალიზმისადმი რამდენადმე უნდობლად განწყობილ ფრანცისკანულ აზრს. ეს აზრი პარიზში როჯერ ბეკონმა გადაიტანა. შემდეგ, XIV საუკუნეში ის აიტაცა დიურან დე სან პურკანმა და ყველაზე მეტად გიომ ოკამმა. ის XV საუკუნეში გააგრძელა ჟან ჟერსონმა. XVI საუკუნეში მან მივიწყება დაიწყო, მაგრამ გერმანიაში ის ახალგაზრდა ლუთერმა ააღორძინა. ასე დაიწყო ვია მოდერნა ("ახალი გზა"), რომელიც 150 წლის მანძილზე "ძველ გზას" დაუპირისპირდება.

ადამიანის ცოდნის ყველა წყაროს ჰარმონიზაციის მსურველი XIII საუკუნის დიდი შენობების დამანგრეველი ამ მუტაციის შედეგები უცბად არ გამოჩენილა. XVI-XVII საუკუნეებში რენესანსის ჰუმანისტების წვლილით განაყოფიერებული პოზიტიური თეოლოგია განვითარდა. ფილოსოფია დაყვანილი იქნა ცოდნის კრიტიკაზე, ის გადაიქცა წმინდა ლოგიკად, სოფისტიკადაც კი. მორალი კი იურიდიზმს და კაზუისტიკას დაუახლოვდა. თუმცა ყველაფერი უარყოფითი არ გახლდათ. ნომინალისტურმა კრიტიკამ ძვირფასი რამ მისცა დასავლეთს, სახელდობრ ექსპერიმენტული მეცნიერებები. XIV საუკუნის პარიზში განვითარებული ექსპერიმენტული მეცნიერებები თანამედროვე მეცნიერების სათავეში დგანან. ამ დუღილიდან ძლიერი სულიერი მოძრაობა გაჩნდება. ამ დროს დაარსდება ღმერთის შეცნობას დიდად მოწყურებული თეოლოგია და სითბოთი სავსე სიყვარულის მოძრაობა, რომელიც ქმედების საუკეთესო იარაღს უკეთესად გაცნობილი ღმერთის ჭვრეტაში იპოვნის. მათხოვრები, ფრანცისკანელები და დომინიკანელები საუნივერსიტეტო სწავლებას სახალხო ქადაგებას უკავშირებენ. ისინი მონასტერთა მისტიკის და სკოლების მეცნიერების პოპულარიზაციას, ბონავენტურას და თომა აქვინელის თეოლოგიების სინთეზს ახდენენ.

როცა ფული მიწას ცვლის

ფეოდალიზმის დასრულების შემდეგ, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ვაჭართა და წვრილ მესაკუთრეთა ახალი კლასი აღზევდა. ესაა მათი აჯანყებებითა და წანწალით ძლიერთა შემაწუხებელი ბურჟუების და მათხოვარ ღარიბ-ღატაკთა დრო. ომი და სიღატაკე ყველაზე მეტ ცვლილებებს ხალხში და ბურჟუაზიაში იწვევს. XIV საუკუნე ევროპის ყველა ქვეყანაში დემაგოგიის და აჯანყებათა ხანას წარმოადგენდა. საფრანგეთში ვოდუაები, ტურლუპაები, ღარიბთა საზოგადოება, ჟაკერია და მარლოტაები მსოფლიო მღელვარების სხვადასხვა მორევში ჩათრეულები აღმოჩნდნენ.

1358 წელს პარიზელები წითელ-ლურჯ რევოლუციურ ჩაჩს პირველად ატარებენ. ისინი აჩვენებენ, რომ ქალაქის სიყვარული სამშობლოს სიყვარულს არ გულისხმობს. შუა საუკუნეების კომუნალური ინსტიტუტები მესამე წოდების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ჭკნება. საერთო სიღატაკე-სიბეჩავის მიუხედავად, ზოგიერთი გამდიდრების საშუალებას პოულობს. თანდათან იქმნება შეძლებული ვაჭრებისა და სოფლელებისგან შემდგარი ნამდვილი საშუალო კლასი. საზღვარი არისტოკრატიასა და ბურჟუაზიას შორის ბუნდოვანი ხდება.


ზოგი ახლად გამდიდრებული, გაღატაკებული არისტოკრატებისგან ნუვორიში მიწებს ყიდულობს და პირიქით, ბურგუნდიის ჰერცოგის ერთი ნათესავი, სასტუმროს პატრონი გახდა. ქალაქების მსგავსად სოფელიც შეიცვალა. შავმა ჭირმა და ომმა უკიდურესად გააღატაკა და დააბეჩავა სოფელი. დაუცველობამ, შიმშილმა და მოსახლეობის გაქრობამ მივიწყებას მისცა მიწათმოქმედება. გაჩნდა ანდაზა: "ტყეები საფრანგეთში ინგლისელებთან ერთად მოვიდნენ."


XVI საუკუნეში მიწათმოქმედების დაკნინების შემდეგ, ზოგი ოდესღაც ნაყოფიერი რეგიონი აუთვისებელი დარჩა. მდგომარეობის გამოსასწორებლად ბევრი ყმა გაანთავისუფლეს. წინა საუკუნეთა ყმობა თანდათანობით კონტრაქტით სამსახურმა შესცვალა, არანორმალურად იკლო მიწათმოქმედთა რაოდენობამ. კარლოს მეშვიდემ არნახულად გაზარდა კონტრაქტით მომსახურეთა ჯამაგირი. დაუმუშავებელ მიწებს თმობენ, გაჩნდა წვრილ მესაკუთრეთა კლასი. ამასთან მცირდება ფეოდალური უფლებებიც. ადამიანები მათ მიერ დამუშავებულ მიწაზე აღარ არიან მიჯაჭვულნი. არაფრის მქონენი უკეთესად ანაზღაურებადი სამუშაოს საძებნელად სულ უფრო და უფრო შორს მიდიან. ეს მოხეტიალე მუშები შეუერთდნენ უსახლკარო დღიური მუშების ბანდებს, რომლებიც ახალი "პატრონის" ძიებაში ქალაქიდან ქალაქში დადიან. ამ ხალხისთვის მოგზაურობა აუცილებელი იყო, მაგრამ არსებობს ომის შედეგად გაჩენილი მაწანწალა მოსახლეობა - მოწაფეები, რომელთა სასწავლებლებიც დაიხურა, შემოსავლის გარეშე დარჩენილი სამღვდელოება, უსაქმოდ დარჩენილი ყველანაირი ეროვნების დაქირავებული ჯარისკაცები, ბოშები და მათხოვრები, რომელთა ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი პოეტი ვიონია (1431-1463).

ფოტოზე: გვიანი შუასაუკენეების ფრანგი პოეტი ფრანსუა ვიიონი (1431-1463)
ვიონი არის "მათხოვართა მეფე". თავის შვიდ ბალადაში ის მათხოვრების სპეციფიურ ენას -არგოს იყენებს, რომელშიც გადაგვარებული სამეფოს ყველა ელემენტია წარმოდგენილი: დაქირავებულ ჯარისკაცთა უცხო სიტყვები, გლეხების არქაული ფრანგული, მოხეტიალე მღვდლების რელიგიური სენტენციები, სტუდენტთა ლათინური, ისევე, როგორც პროფესიონალ კრიმინალთა ჟარგონი. ამ ფესვებიდან მოგლეჯილ მოსახლეობას სამეფოს მზარდი კეთილდღეობა და სულ უფრო და უფრო გაძლიერებული წესრიგი შთანთქავს, მაგრამ ამ ხალხის შფოთი, მღელვარება და ტერიტორიული კავშირების გაწყვეტა, ფეოდალური არისტოკრატიის საფუძველს კიდევ უფრო შეარყევს. სოციალური იერარქია ერთმა არსებითმა ეკონომიკურმა ფაქტმა გარდაქმნა. მონეტარულმა ბაზამ მიწის ბაზა შესცვალა, ფულის სიყვარულმა კი მიწის სიყვარული. ახალი ეკონომიკური ვითარება და ახალი მსოფლმხედველობა სრულყოფილადაა მოკლედ გადმოცემული 1451 წელს დაწერილ თეატრალურ პიესაში "ვნების საიდუმლო". მისი ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: "არაფერია რისი გაკეთებაც ფულს არ შეეძლოს." აქ სრულყოფილადაა გადმოცემული XV საუკუნის მსოფლმხედველობა. იგივე სულისკვეთებას ვხედავთ გერმანიაში, სადაც თავისუფლება ამდენმა ქალაქმა მოიპოვა და სადაც დაუბრკოლებლად ვითარდება ჰანზას ლიგა. იტალიაში არისტოკრატია გველფებმა, გიბელინებმა და პატრიაციატმა დააუძლურეს; ისინი მართავენ უშუალოდ ან მხარს უჭერენ სენიორიებს იქ, სადაც დიდი ქალაქები სახელმწიფოებად ყალიბდებიან.

პარლამენტარული რეჟიმისაკენ ინგლისიც მიემართება, მაგრამ აქამდე მისვლამდე ყველა ქვეყანა ძალიან გაიტანჯა. XVI საუკუნეში, გერმანიაში, ლუდოვიკო ბავარიელი ავინიონის პაპებს წაეჩხუბა. ამ ჩხუბმა დიდად დააზიანა მათი თანამედროვეების სულიერი განწყობა . 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე ქრისტიანული სამყაროს ნაწილში არ ტარდებოდა წირვები, არ ნათლავდნენ ბავშვებს, არ ხდებოდა ჯვრისწერა-დაქორწინება და რელიგიური წესებით დაკრძალვა. ქრისტიანულ ქვეყანაში ოციოდე წლის მანძილზე ქრისტიანობის აკრძალვა ცოტა ბევრია!!!

მისტიკოსებმა რელიგიური გზნება გააორმაგეს, მაგრამ ხალხის უმრავლესობა მისტიკოსი ვერ გახლდათ და მათი განწყობა და მორალი მკვეთრად გაფუჭდა და დაეცა. შემაშფოთებლად გავრცელდა უმეცრება და ცრურწმენები. შავ ჭირს დამატებულმა ამ ჭირმა, რელიგიური ემოციურობის დრამატული და გაუწონასწორებელი რეაქციები გამოიწვია. ამაზე წარმოდგენას ფლაგელანტები გვიქმნიან. მთელ დასავლეთში, მაგრამ განსაკუთრებით გერმანიაში, ისინი ერთდროულად გონებისგამხსნელ და საშიშ ასოციაციებად დაჯგუფდნენ. ტკივილით მეტად გაღიზიანებული ეს ფანატიკოსები, შიშველ სხეულზე შემოხვეული და წელამდე ჩამოშვებული თეთრი ტილოთი შემოსილნი ქალაქების მოედნებზე იკრიბებოდნენ, გალობით იწყებდნენ ფერხულს; ზედიზედ, ფეხზე მდგომნი თუ მწოლიარენი ერთმანეთს საკუთარი თავის გამათრახებით გადააბიჯებდნენ. სამი მათგანი ცენტრში დგება და ყურისწამღებად გაჰყვირის საგალობელს, რომელსაც მათრახის დარტყმები მოჰყვება. უცბად, გოდებითა და მოთქმით ხელების ჯვრულად გადაშლით მიწაზე გაერთხმებიან. ასეთი აღწერა მოგვცა 1359 წელს მათიას ნოიენბურგელმა თავის ქრონიკაში. გერმანიის დრამატულ-საზარელმა მდგომარეობამ იტალიაში წესრიგის დამყარებას ხელი დიდად ვერ შეუწყო. ძალიან ძნელია იტალიაში იმ დროს გამეფებული ანარქიის აღწერა. მაღალი იდეები, რომლებიც ადრე ხალხს პაპის თუ იმპერატორის ირგვლივ აჯგუფებდნენ, აღარ არსებობდნენ.

ფოტოზე:ფლაგელანტები, 15-ე საუკუნის ქსილოგრაფია
ჩვენ ვახსენეთ გველფები და გიბელინები, მაგრამ იქ ყოველი ქალაქი, მეტიც, ყოველი დუქანი ომის თუ ჯანყის კერაა. ფულს დახარბება, ინტერესები, სოციალური ჯგუფების ურთიერთუნდობლობა იდეოლოგიების ადგილს იკავებს და სენიორიებს და ტირანებს წინ სწევს. ვისკონტების ზედამხედველობის ქვეშ ჩრდილოეთის პირველი დიდი სახელმწიფოს, მილანის განვითარება უამრავ დანაშაულს და უზურპაციას ჰფარავს. იმისთვის, რომ თავის სახელმწიფოთა დაფლეთისა და დაგლეჯის საშუალება არ მისცენ, ავინიონში მცხოვრები პაპები იძულებულნი არიან ვენეციას, მილანს და მათ მიერვე დანიშნულ მმართველებს უწყვეტად ებრძოლონ. ქალაქი რომი მისივე გაყაჩაღებულმა არისტოკრატებმა აიკლეს. შემდეგ, ქალაქი რომი ტრიბუნი კოლა დი რიენცოს ქედმაღლურმა ოცნებებმა აიყოლია. ეს კოლა დი რიენცო ხალხმა 1347 და 1354 წლებში ორჯერ გააძევა. ბოლოს და ბოლოს, დიდმა ადმინისტრატორმა, მეომარმა და დიპლომატმა კარდინალმა ამბორნოზმა მოახერხა წესრიგის აღდგენა და შემოიღო კონსტიტუციები, რომლებიც 5 საუკუნის მანძილზე იმოქმედებენ.

ფოტოზე: იორგ რათგები (1479/75-1525/26), წმინდა ბარბარეს თავის კვეთს მამამისი დიოსკურე, წმინდა ბარბარეს საკურთხევლის კარედის დეტალი, 1510, ქალაქ შვაიგერნის ტაძარი / გერმანია

ფოტოზე: რობერ კამპენი, წმინდა ბარბი / ბარბარე, ვერლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკურთხეველის კარედის მარჯვენა სურათი, 1438, პრადოს მუზეუმი, მადრიდი / ესპანეთი
წმინდა მფარველები კრიზისის პერიოდში

ომებით, აჯანყებებით, ძალადობით, შავი ჭირით გაუბედურებული ევროპელი ბურჟუების სახლებზე წმინდანების უფრო მეტ ქანდაკებებს ვხედავთ, ვიდრე ეკლესიაში. ეს წმინდანები სახლს ხანძრისგან, შავი ჭირისგან, სიკვდილისგან და ავადმყოფობისგან იცავენ. ქარი ქალაქების ქუჩებში წმინდა კრეპას, წმინდა მარტინის, წმინდა ელუას, წმინდა გიორგის გამოსახულებებიან ბაირაღებს აფრიალებს. სოფლებში, წმინდანების მადიდებელ დღესასწაულებზე თუ მფარველობის და შემწეობის მთხოვნელ პროცესიებში, ერთმანეთს ეცილებიან ქანდაკებების, რელიქვიების, კიდობნების თუ დროშების ტარების პატივის გამო. წმინდანები მფარველობენ გზებს და გზაჯვარედინებს, მათ ქანდაკებებს ვენახების და ყანების ირგვლივ ატარებენ.

XV საუკუნეში წმინდანები ყველგან არიან, მათ სახე და გარეგნობა აშკარად შეიცვალეს. აქამდე წმინდანები თავის მარადიულ ტუნიკაში გმირულ სახეს ინარჩუნებდნენ. უცებ ისინი დაუახლოვდნენ ადამიანებს და მათ კარლოს VII-ეს, ლუი XI-ეს, ლუი XII-ეს მოდა მიიღეს. ექიმები კოზმა და დამიანე პარიზის ფაკულტეტის ექიმებივით იმოსებიან. წმინდა კრეპა და ემინდა კრეპინიანი მათ სახელოსნოში მომუშავე ახალგაზრდა მეწაღეებად იქცნენ. რაც შეეხება მოციქულებს, მხატვრები მათი ტუნიკების მოქარგვით და მათთვის თანამედროვე ინსტრუმენტების მიცემით კმაყოფილდებიან. ასე მაგალითად, ბოვეს კათედრალის ერთ ვიტრაჟზე, მხატვარმა ლეპრანსმა, წმინდა პავლეს ხელში დიდი და ორი ხელით სახმარი ხმალი დააჭერინა, რომელმაც მან მარინიანის ბრძოლაში თავისი ღირსება დაამტკიცა. წმინდა მარკოზი მოხუცი ნოტარიუსის სახეს იღებს. წმინდა იოსები კი ისეთ დურგლად აქციეს, რომ მას წარწერის გარეშე ვეღარავინ სცნობდა. მხატვრები ფუკე და ბურდიშონი გვარწმუნებენ, რომ კალენდარის ყველა წმინდანი, განსაკუთრებით წმინდანი ქალები, ტურენში ცხოვრობდნენ. ისინი გახლავან ახალგაზრდა, უმანკო, მრგვალსახიანი და ოდნავ პაჭუაცხვირიანი გლეხის ქალები. გვიანი შუა საუკუნეების ხალხს ყველა ეს ფიგურა უსაზღვროდ ხიბლავს. სამღვდელოებას მორწმუნეთა გზნების წაქეზება არ სჭირდება. პირიქით, მთავარი საზრუნავი მორწმუნეთა შეკავებაა.

აღორძინების ხანაში, საზეიმო პოზებში მდგომ წმინდანებს შემოსავენ ისე, როგორც ანტიკური ხანის ფილოსოფოსები იმოსებოდნენ. მაგრამ ისინი დაემშვიდობებიან ადამიანებს და ცაში ავლენ. შუა საუკუნეებში, წმინდანებში მისაბაძ მაგალითებს და მფარველებს ხედავდნენ, რომელთა ყურადღებაც დამსახურებას საჭიროებს. რას სთხოვს 1 400 წლის ქრისტიანი თავის მფარველთ? ავადმყოფობისგან განკურნებას? უეჭველად. მაგრამ თვით სიკვდილზე მეტად მას ღმერთთან შერიგების გარეშე სიკვდილის ეშინია.

მოულოდნელი სიკვდილისგან მფარველ წმინდანებს შორის, XIV საუკუნეში ყველაზე დიდ პატივს წმინდა ქრისტეფორეს მიაგებენ. ამბობდნენ, რომ გარიჟრაჟზე მისი დანახვაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ დღეს მშვიდობიანად ჩაევლო და ადამიანი მოულოდნელად არ მომკვდარიყო. წმინდა ქრისტეფორეს უამრავ ქანდაკებას დგამდნენ; მისი უზარმაზარი გამოსახულებები ბავარიაში, ავსტრიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ტიროლში დღემდე ამკობენ ეკლესიების თუ სახლების ფასადებს. ზოგი გამოსახულება მთელი სამრეკლოს სიმაღლისაა.

ფოტოზე: ჰიერონიმუს ბოსხი, წმინდა ქრისტეფორე, დაახლოვებით 1496- 1505 წწ., ზეთი ხეზე, 113 x 71,5, ბოიმანს ვან ბოინინგენის მუზეუმი, როტერდამი / ნიდერლანდები

ფოტოზე: უცნობი ავტორი, წმინდა ქრისტეფორე, რუსული ხატი, XVII საუკუნის მეორე ნახევარი, როსტოვ კრემლინის მუზეუმი
მოულოდნელი სიკვდილისგან, განსაკუთრებით ელვით დაღუპვისგან ასევე წმინდა ბარბი (ბარბარე) იცავს. მისი მომღიმარე სახე ნდობას და სიყვარულს ბადებს. ესაა ძალიზედ პოპულარული წმინდანი. ელვისაგან მცველი წმინდა ბარბი, ადამიანს ასევე იცავს ახალ გამოგონებათა, დენთის, ზარბაზნით, ცეცხლთან დაკავშირებული ყველაფრის ზემოქმედებისგან. ისაა მაღაროელთა, არტილერისტთა, მეზღვაურთა... მფარველი. ის ყველგან სჭირდებათ, მისი ხატი ყველა ეკლესიაშია...

ფოტოზე: პაპის სასახლე ავინიონში / საფრანგეთი
ბოლო ფრანგმა პაპმა, გრიგოლ XI-ემ, ავინიონი დასტოვა და 1377 წელს პაპობა რომში დააბრუნა. მომდევნო წელს კი ბნელი წინათგრძნობებით გარემოცული გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე ხალხური აჯანყების დროს აირჩიეს. ბრბოთი დამფრთხალმა კარდინალებმა მათი არჩევანი დამალეს და კონკლავიდან გაიქცნენ. მშვიდობის დაბრუნების შემდეგ, ახალი იმედგაცრუება დაიწყო. რომის პაპად არჩეული იტალიელი ურბან VI ფრიად უსახური გამოდგა. მაშინ ზოგიერთმა ფრანგმა კარდინალმა სუვერენებს და ეპისკოპოსებს განუცხადა, რომ პაპი დაძალების და ტერორის პირობებში აირჩიეს, რომ მათ თავისუფლება აკლდათ და ამიტომ არჩევანი კანონიერი არ გახლდათ. ეს განაცხადეს, გაიქცნენ ავინიონში და 1378 წლის 9 აგვისტოს გამოაცხადეს, რომ რომის პაპის არჩევანი ბათილია. 20 სექტემბერს მათ ახალი პაპი, სავოიელი რობერ დე ჟენევი აირჩიეს, რომელმაც კლიმენტ VII-ეს სახელი მიიღო და ავინიონში გაემგზავრა. ის ნეაპოლის სამეფომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, შოტლანდიამ აღიარეს. თუმცა რომის პაპის ერთგულნი დარჩნენ გერმანია, ჩრდილოეთი იტალია, ინგლისი და ფლანდრია. პარიზის უნივერსიტეტმა ავინიონის პაპი აღიარა. დიდი რელიგიური ორდენები ფრაქციებად დაიყვნენ. სხვადასხვა პაპის მომხრეებად დაიყვნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დიდი ქადაგები, რეფორმატორები, ნამდვილი მისტიკოსები. მალე უწესრიგობამ უკიდურესი ფორმები მიიღო, ერთიანობა ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეების შიგნითაც გაქრა. დავა-კამათი გააჩაღეს ერთმანეთს დაპირისპირებულებმა ეპისკოპოსებმა და მათმა ეპარქიებმა, მეფეებმა და მათმა ქვეშევრდომებმა, ერებმა უნივერსიტეტებში, მონასტრებმა მათ ორდენებში, ბერებმა მათ მონასტრებში... არეულობის დაწყნარება უაღრესად გართულდა. პაპები და მათი მომხრეები შეურიგებლები, ხოლო მეფეები უძლურნი იყვნენ. საქრისტიანოს მესამე ძალამ პარიზის უნივერსიტეტმა პრობლემის გადაჭრა ორი მხარის შეთანხმების მიღწევით სცადა, მაგრამ ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. საფრანგეთის მეფე ავინიონის პაპს ხუთი წლის მანძილზე უტევდა, მას მაშინაც კი არ ეხმარებოდა, როდესაც ის ლეგიტიმური ეგონა. მეტიც და უკეთესიც, მან ის დაიჭირა და 4 წლის მანძილზე დომსის საკუთარ სასახლეში დაამწყვდია. ყველაფერი ბენუა XIII-ის სიჯიუტემ ჩაშალა. საკითხის გადაჭრა ძალით შეუძლებელი აღმოჩნდა. მითუმეტეს, რომ უწესრიგობაში თვითონ მეფეები ჩაეფლნენ. საფრანგეთის კარლოს VI გაგიჟდა, ინგლისის რიჩარდ II ჰენრი ლანკასტერმა მოკლა, ნეაპოლის ჟანა მოახრჩვეს, მისი მემკვიდრე კარლოს დე დურაცო მისმა ძმისშვილმა მოკლა, გერმანიაში იმპერატორი ვენცესლასი ტახტიდან გადააგდეს და დააპატიმრეს. კრიზისის გადაჭრის ერთადერთ ზომად საერთო კრების მოწვევა ჩანდა. ეს კი პარიზის უნივერსიტეტის საუკეთესო თავების - პიერ დაილის და ჟან ჟერსონის შთაგონებით გაკეთდა.

კრება 1409 წელს პიზაში გაიმართა, მაგრამ მან უკვე არსებულ ორ პაპს მესამე პაპი დაუმატა. მაშინ იმპერატორმა სიგიზმუნდმა კონსტანსში ახალი კრების მოწვევა მოახერხა, სადაც სამივე პაპის გადადგომის თუ გადაყენების შემდეგ, 1417 წლის 11 ნოემბერს ახალი პაპის - მარტინ V-ეს არჩევა მოხერხდა. ამ დროს დასავლეთის ყველა ზარს სქიზმის დასასრულის აღნიშნვა შეეძლო. მაგრამ ეს ძალიან ნაადრევი სიხარული გახლდათ. კონსტანსის კრებამ ყოველ 7 წელიწადში ერთხელ კრების მოწვევა დაადგინა, რითაც ერთგვარი საპარლამენტო ასამბლეა შექმნა, რომელმაც ფაქტიურად შეზღუდა პაპის აბსოლუტური ხელისუფლება და ეკლესიის ღვთაებრივ წყობაში ჩაერია.


მარტინ V-ემ დაგეგმილი კრებები უხალისოდ მოიწვია. 1431 წელს ბაზელის კრება უსასრულოდ გაიწელა. 6 წლის მანძილზე საპარლამენტო ტენდენცია გაძლიერდა. იქ იყვნენ არა მხოლოდ ეპისკოპოსები, მის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის დოქტორები და საერო პირებიც კი. კრება თავისი ტრიბუნალებით და კანცელარიით თანდათანობით პაპის მოქმედებებზე ჩივილის ადგილად იქცა. 6 წლის შემდეგ დაძაბულობამ კულმინაციურ წერტილს მიაღწია, ვინაიდან პაპი პარიზის უნივერსიტეტის დოქტორების მიერ მისი ხელისუფლებისთვის ძირის ამგვარად გამოთხრას ვერ იღებდა.

ამას გარდა, მარტინ V-ეს მემკვიდრეს - ეჟენ მესამეს დიდი საზრუნავი ჰქონდა. უკვე რამოდენიმე წელია, რაც თურქების მიერ შეწუხებულ აღმოსავლეთის ქრისტიანებს რომთან კავშირის აღდგენა და პაპის ავტორიტეტის აღიარება სურდათ. მაშ, პაპს მათკენ ნაბიჯის გადადგმა და მათი იტალიაში მიღება სურდა. ამ დროს მან კრება ფლორენციაში გადაიტანა. ბაზელში აღშფოთდნენ და კრების გაგრძელება გადაწყვიტეს. 1437 წელს ეჟენ III დაგმეს და 1439 წელს ისევ ანტიპაპი აირჩიეს. ეს ანტიპაპი კი 9 შვილის ქვრივი მამა გახლდათ. სავუას ჰერცოგი ამედე VIII, რომელიც თონონის ახლოს მდებარე რიპაილის ციხე-სასახლეში მშვიდად ცხოვრობდა. ყოჩაღმა ჰერცოგმა სახელად ფელიქს V დაირქვა და ხუთი წლის მანძილზე სამხრეთ გერმანიაში და სამხრეთ საფრანგეთში პაპობას ცდილობდა.

შემდგომში ის ბრძნულად მოიქცა და 1444 წელს გადადგა. ამასობაში, ბაზელიდან ლოზანაში გადასულმა კრებამ 1449 წელს თვითონ გადაწყვიტა მუშაობის დამთავრება და საკუთარი ღირსების გადასარჩენად იმ დროს მოქმედი პაპი ნიკოლოზ V აირჩია. ამჯერად სქიზმა ნამდვილად დამთავრდა და მასთან ერთად დამთავრდა ეკლესიაში პარლამენტური მცდელობა და პარიზის უნივერსიტეტის მიერ ეკლესიის არაპირდაპირი მმართველობის ცდა.

XV საუკუნის შუა ხანებში პაპობამ თავისი ავტორიტეტის დიდი ნაწილი დაიბრუნა, მაგრამ სიმშვიდე დასავლეთში მთლიანად ვერ დაბრუნდა. კონსტანტინეპოლის აღებასთან და ბიზანტიის იმპერიის დამხობასთან ერთად აღმოსავლეთში თურქული საფრთხე გამოჩნდა. აღმოსავლეთ ევროპაში აქა-იქ მღელვარებებს ჰქონდა ადგილი, რასაც განსაკუთრებით ბოჰემიაში, იან ჰუსთან ერთად ეროვნული გრძნობის აფეთქება ახლდა თან. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიაში უმაგალითო დიდი ტრაგედია მშვიდდებოდა.

ფოტოზე: სამეფო ხაზინადარ ეთიენ შევალიეს ლოცვანის ილუსტრაცია, წიგნის მხატვრობა, ფრანგულ-ფლომანური და იტალიური ადრეული რენესანსის სტილის სინთეზი, დაახლოვებით 1452-1460 წწ. პერგამენტი, 16,5 x 12
საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ომების, ძალადობის, შავი ჭირის, ქაოსის გამო გატანჯულ ევროპელებს თავშესაფრად და გამძლეობის წყაროდ შინაგან მედიტაციაზე, ქრისტესთან კავშირის ძიებაზე დაფუძნებული ახალი სულიერება სურდათ. უფრო პერსონალური რწმენის ამ პრაქტიკამ დიდი გავლენა მოახდინა ხელოვნებაზე.

ტანჯულ ადამიანთა ამ მისწრაფებამ ახალი მისტიკა გააჩინა. ფილოსოფიის ბოროტად გამოყენებას და თეოლოგიის ინტელექტუალისტურ გადახვევებს აღარ ენდობოდნენ. ქრისტიანი მსჯელობაზე მეტად ემოციას ეძებდა, მას ცოდნაზე მეტად სიყვარული სჭირდებოდა. უპირველეს ყოვლისა, ის მიზნად ქრისტესთან ერთიანობას ძირითადად შინაურ და პრაქტიკულ ღვთისმოსაობაში ისახავს. სულის შინაგან ჩამოყალიბებაზე პირველი სკოლა აქცენტს ლოცვის, გულის მოქცევის და სათნოებათა განხორციელების მეშვეობით აკეთებს. ის ჯერ ჩრდილოეთის ქვეყნებში განვითარდა. გერმანიაში ძვრა სტრასბურგის 7 დომინიკანურ მონასტერში იწყება და შემდეგ მთელს ქვეყანაში ვრცელდება.

გამოჩნდნენ ძალზედ დიდი სახელები: მაისტერ ეკჰარტი, სახელგანთქმული მოქადაგე ძმა ტაულერი და ყველაზე მეტად, სუზოს სახელით ბევრად უფრო ცნობილი ჰაინრიჰ სოიზე. ამ მომხიბლავმა დომინიკანელმა ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე უმნიშვნელო აქტების კურთხევა და განწმენდა მოახერხა. ამავე დროს, სულიერმა გზნებამ ნიდერლანდებში "საერთო ცხოვრების ძმების" დამფუძნებელ გერტ გროტეს ფიგურასთან ერთად შეაღწია. ქრისტიანისათვის წმინდა წერილის კითხვასთან და გააზრებასთან ერთად ცენტრალური ქრისტეს პიროვნება იყო.

ფოტოზე: შუასაუკუნეების მნიშვნელოვანი გერმანელი თეოლოგი და ფილოსოფოსი, მოქადაგე მაისტერ ეკჰარტი (1260 - 1328)

ფოტოზე: შუასაუკუნეების მნიშვნელოვანი გერმანელი თეოლოგი და მოქადაგე, ნეოპლატონიკური მიმართულების დომინიკური ორდენის წევრი, იოჰანეს ტაულერი (დაახლ. 1300-1361)

ფოტოზე: შუასაუკუნეების მნიშვნელოვანი ფლომანელი მისტიკოსი, თეოლოგი და მწერალი იან ვან რუისბროკი (1293-1381), საოცრად წოდებული

ფოტოზე:
შუასაუკუნეების მნიშვნელოვანი გერმანელი მისტიკოსი, პასტორი და თეოლოგი ჰაინრიჰ სოიზე ან სუზო (1295-1366), ასევე მოიხსენიება საერო სახელით ჰაინრიჰ ფონ ბერგი
დიდი წარმატება მოიპოვა წიგნმა "იესო ქრისტეს მიბაძვა", რომელიც სრულყოფის გზას მაცხოვარის მიბაძვით ძალიან მარტივად ქადაგებს. ის ამქვეყნიური ამაოებისგან განდგომას და მხოლოდ აუცილებელთან დაბრუნებას ქადაგებს. ამ ნაშრომმა დიდი გავლენა იქონია მთელს საქრისტიანოზე. ამავე დროს, ქრისტესთან ერთობის მისაღწევად მორწმუნეებს მეორე სულიერი გზა გაეხსნათ, რაც განსაკუთრებით საფრანგეთში გავრცელდა. ესაა ქრისტეს ვნებათა და ტკივილების დაუღალავი წარმოდგენა და გააზრება. სიყვარულით სავსე გახსენებით ქრისტიანები ტანჯულ ქრისტეს სჭვრეტენ და საკუთარი თავის მასთან გაიგივებას ცდილობენ.
XV საუკუნის მისტიკის ამ მთავარმა მიმდინარეობებმა ხან ცალ-ცალკე და ხან ერთად, საკრალური ხელოვნების თემები ღრმად შეცვალეს. თანდათანობით გაჩნდა ახალი იკონოგრაფია. XIII საუკუნის ხელოვნება მდიდარი იყო აზრით, შუა საუკუნეების დასასრულის ხელოვნება ემოციით ხდება მდიდარი.

იმ დროის მხატვრების შთაგონების წყაროდ 150 წლით უფრო ადრე უცნობი იტალიელი ფრანცისკანელის მიერ დაწერილი და დიდი ხნით უყურადღებოდ დატოვებული წიგნი "მედიტაციები იესოს ცხოვრების შესახებ" იქცა, რომლის ავტორი მითიურ ქალს მიმართავს, ესაუბრება გულს და არა გონებას, ფერადი ტაბულების თანმიმდევრობა ისტორიას ახალ აპოკრიფულ სახარებასავით ავსებს. მაგალითად, ტექსტი აღწერს იმას, თუ როგორი სუფრა გაუშალეს ანგელოზებმა იესოს 40-დღიანი მარხვის შემდეგ უდაბნოში: "ანგელოზები მივიდნენ ღვთისმშობელთან და მიიღეს მისგან იოსებისთვის და თავად მისთვის მომზადებული პატარა რაგუ. ღვთისმშობელმა ანგელოზებს ასევე მისცა პური, სუფრა და ყველაფერი საჭირო". ხშირად, განსაკუთრებით ვნებათა სცენებში, ავტორი პათეტიური ხდება, შთაგონებულია იტალიის მონასტრებში ნანახი ხელოვნების ნაწარმოებებით, მაგრამ მოთხრობას ყველაზე მეტად მისი დაუჯერებელი ფანტაზია კვებავს. ასე ჩნდება ახალი იკონოგრაფია, რომელსაც ამიერიდან მხატვრები დაემორჩილებიან. უფლის ანგელოზი ხარების სცენაში მუხლს იყრის ქალწულის წინაშე, შობის ღვთისმშობელი აღარაა აუცილებლად მწოლიარე, და ა.შ. ევროპაში ეს ახალი თემები ვრცელდება და ისინი ძველ თემებს სცვლიან.


მიზანსცენის ხელოვნება

დეკორს, კოსტუმებს, აქსესუარებს, მისტიერიებს სახარების სიახლოვის განცდაში თავისი წვლილი შეაქვთ. 1 400 წლიდან, ევროპის ყველა დიდ ქალაქში ეს რელიგიური დრამები არაჩვეულებრივად გავრცელდა. დრამატული ავტორები რა თქმა უნდა სახარების სცენებს იღებენ, იყენებენ აპოკრიფებს ან წმინდანთა ცხოვრებებს. ძალიან მალე ისინი ყურადღებას აქცევენ ნაწარმოებს "მედიტაციები იესოს ცხოვრების შესახებ". მერკადე, ავტორი თხზულებისა "არასის მისტერია"1415 წლიდან ბევრ რამეს იღებს მისგან. შემდგომში მას ყველა დრამატული მწერალი მისდევს.

ეს განსაკუთრებით შეეხო მხატვრებს, ვინაიდან ისინი რეგულარულად მონაწილეობენ დეკორის შექმნაში თუ თვით დადგმაში. ხელოვნებაში ჩნდება ახალი, მანამდე არნახული კომპოზიციები. ამ კომპოზიციებს ჯერ დგამენ, გაითამაშებენ და მერე ხატავენ. წარმოადგენენ ოთხი სათნოების ქადაგებას ღმერთის ტახტის წინაშე, იოანე ნათლისმცემლის შეხვედრას ჯერ ბავშვ იესოსთან, ვნებათა ციკლში ქრისტეს, დამშვიდობებას დედასთან, აღმდგარის ტრიუმფალურ დაბრუნებას სამოთხეში და ლიმბებიდან წმინდანთა სულების გამოსვლას, ახლებურად წარმოადგენენ სამებას. პერსონაჟთა კოსტუმები იცვლება. წმინდანები გრძელ თეთრ სამოსს აღარ იცვამენ. მათ კაშკაშა ფერების კაბები ჰმოსავთ. დეკორიც თეატრის დეკორია. შობის სანთელი გვამცნობს, რომ ამბავი ღამით ხდება, აღმდგარის ბარი გვეუბნება, რომ ამბავი ბაღში ხდება.

დასურათებულ" ლოცვანთა" ("საათების წიგნის", Livre d' heures) მოდა

XIV საუკუნიდან პირად ლოცვაზე და მედიტაციაზე დაფუძნებული ღვთისმოსაობის ახალი ფორმა გავრცელდა. ამას თან ახლდა საერო პირთა შორის ლოცვათა დასურათებული კრებულების - "ლოცვანთა" ფართოდ გავრცელება. დაახლოებით 250 წლის მანძილზე, ესაა ყველაზე გავრცელებული რელიგიური ხელნაწერი. ის მხატვრული გამოხატვის ყველაზე შესანიშნავი საშუალება გახლდათ. ეს ნაშრომები გვიჩვენებენ დროს, როდესაც საერო პირთა ცხოვრების წესზე გავლენას სამღვდელოების, ბერ-მონაზონთა ცხოვრების წესი ახდენდა. "ლოცვანი ", დღის განმავლობაში, დილიდან დღის დასასრულამდე წარმოსათქმელ ლოცვათა კრებული, საერო პირთათვის იყო განკუთვნილი. მაგრამ მისი კომპოზიცია, შემადგენლობა, ეკლესიის კონტროლს გაურბოდა. მოთხოვნის შესაბამისად, კრებულს შეიძლებოდა დამატებოდა საერო ტექსტები ან ლოცვები ღვთისმშობლისა და რომელიმე წმინდანისადმი. ასეთი ლოცვანი, მაშ ძალიან პერსონალიზებული კრებულია.

მიუხედავად ამისა, მასში უცვლელი ელემენტებიც რჩება, ყოველი "საათი" შესდგება ფსალმუნებისგან, საგალობლებისგან, ბიბლიური ტექსტებისგან და ლოცვებისგან. ემატება კალენდარი, მონანიების ფსალმუნები, წმინდანთა ლიტანიები, მიცვალებულთა სულის საოხი ლოცვები, ჯვრის და სულიწმინდისადმი ლოცვები. დამკვეთთა რაოდენობის ზრდასთან ერთად სახელოსნოთა რაოდენობაც იზრდებოდა. მონასტრების სკრიპტორიუმები საერო გამომცემლობამ შესცვალა. იყვნენ პერგამენტის ფურცლის მომმზადებელი ხელოსნები, ტექსტების გადამწერები, მხატვრები... განსაკუთრებულად განვითარდა იკონოგრაფია. სახარების ნაწყვეტები დასურათებულია მახარებლების გამოსახულებებით. მონანიების ფსალმუნები დასურათებულია ფსალმუნების მგალობელი მეფე დავითის გამოსახულებით... სურათი ტექსტის საკრალიზაციას ახდენს და ხაზს უსვამს სილამაზეს.

ფოტოზე:
დავით მეფე, ჰერცოგ ჟან დე ბერის (1340-1416) ფსალმუნთა წიგნის ილუსტრაცია
ფლანდრიული მინიატურის სპეციალისტი მარტინ მაიერსი ამბობს: "სურათი წარმოგვიდგენს იმას, რისი დანახვაც შეუძლებელია, ვინაიდან მოვლენა მოხდა წარსულში ან ხდება ძალიან მოშორებულ რეგიონში და ამავე დროს ის მნახველისთვის მოვლენის აქტუალიზაციას ახდენს. ხატი სიტყვაზე უფრო ძლიერად მოქმედებს, ისაა მედიტაციის ობიექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება მისწვდეს ჭეშმარიტებებს, რომლებიც ეხება ხსნას, მორალურ ცხოვრებას და უმაღლეს მიზნებს".

ამ ლოცვანთა წარმატებას ხსნის აგრეთვე მთავართა და ბურჟუათა მეცენატის მზარდი როლი. სწორედ ისინი უკვეთავენ ლოცვანებს. მხატვრები ძვირი მასალებით არაჩვეულებრივ ხელნაწერებს ხატავენ. ლოცვანი XV საუკუნეში დამკვეთის სოციალური სტატუსის და მდიდრული ცხოვრების გამოხატულებად იქცა.

მორიტს სმაიერსი წერს: "დაახლოებით 1 400 წლის პარიზული დოკუმენტების თანახმად, ერთი წიგნის შესრულებას მეფის გარემოცვის მაღალი წევრის დაახლოებით ერთი კვირის მუშაობა სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, უწიგნოდ ყოფნა არ შეეძლოთ, ვინაიდან ის იძლეოდა ცოდნას და სიმბოლურად იძლეოდა გარკვეულ სტატუსს". ზოგ მხატვარს, შუა საუკუნეებში წესად მიღებული ანონიმურობიდან გამოსვლის საშუალებას პრესტიჟული დაკვეთები აძლევს, ვინაიდან მხატვრები თავის ნამუშევრებს ხელს აწერდნენ...

მოხატული ხელნაწერები XVI საუკუნეში თანდათან ქრება, რაც ტიპოგრაფიის განვითარებით აიხსნება. ტიპოგრაფია მეტი წიგნის უფრო სწრაფად და უფრო იაფად გამოცემის და გავრცელების საშუალებას იძლევა.

ფოტოზე: ჰიერონიმუს ბოსხი, Ecce homo, 1476 წ. ან უფრო გვიანდელი, ზეთი და ტემპერა მუხის ხეზე, 71 x 61
ჯვარცმა სულიერი ცხოვრების ცენტრში

თავისი რეალიზმით ზოგჯერ თავზარდამცემი ქრისტეს ვნება, მასთან საკუთარი თავის გაიგივების მსურველი ქრისტიანის თანაგრძნობას იწვევს. ღვთისმშობლის ტკივილებთან დაკავშირებული ქრისტეს ვნება არნახულ მიზანსცენებში ცრემლს იწვევს.

ხელოვნება XIII საუკუნეში ქრისტიანობის ყველა ნათელ ასპექტს - კეთილგანწყობას, სიყვარულს, სიტკბოს გადმოსცემდა. ბიზანტიურ ხანაში, ჯვარცმა არანაირ მტკივნეულ განცდას არ იწვევდა, პირიქით, ის სიმშვიდის და დიდების შთაბეჭდილებას ჰქმნიდა. სულ სხვა რამეს ვხედავთ XV საუკუნეში. ამ ხანის ქმნილებათა უმრავლესობა ტკივილის ტრაგიკულ სახეს წარმოგვიდგენს. ვხედავთ შიშველ, დასისხლიანებულ, თავზე ეკლების გვირგვინის მქონე ქრისტეს, დედამისის მუხლებზე გადაშლილ იესოს გვამს. ამ ევოლუციის დასასურათებლად საუკეთესოა სამი საუკუნის ინტერვალით დაწერილი ორი მედიტაციის შედარება. პირველი 1097 წელს წმინდა ანსელმ კენტერბერიელმა დაწერა. აი როგორ წარმოიდგენს ის ჯვარცმულს: "მან თავი დახარა იმიტომ, რომ ჩვენი კოცნა აღარ ძალუძს, ის შლის ხელებს იმიტომ, რომ ჩვენი გულში ჩაკვრა სურს და თითქოს გვეუბნება: "ო, თქვენ, ვინც იტანჯებით ჩემთან ერთად". "მას გულის გახსნა იმის საჩვენებლად სურდა, რომ ეჩვენებინა რამდენად ვუყვარვართ". და აი რას წერს წმინდა ბრიგიტა 1370 წლისათვის თავის "გამოცხადებებში": "მას ედგა ეკლების გვირგვინი; თვალებზე, ყურებზე, წვერზე სისხლი ჩამოსდიოდა, პირი გაღებული ჰქონდა, ენიდან სისხლი მოსდიოდა, ძლიერად შეწეული მუცელი ზურგს ისე ეხებოდა, თითქოს მას ნაწლავები აღარ აქვს."

ცრემლების ძღვენი თითქოს მთელს საქრისტიანოში მიიღეს, მაგრამ რატომ გრძელდება ვნების დრამა XV საუკუნეში გაუთავებლად და რატომ ხდება ის სულ უფრო და უფრო მეტად სასტიკი? თუ კი ამის წყაროს ნახვა გვსურს, ფრანსიზ ასიზელამდე უნდა მივიდეთ. ჯვარზე დახატული ქრისტეს წინ მდგომ წმინდა ფრასიზ ასიზელს ვნების ხილვა ჰქონდა. ამ ხილვამ ის იმდენად გატანჯა, რომ მას სხეულზე სტიგმატები, ჭრილობები გაუჩნდა. ამ სასწაულმა მთელი ევროპა შესძრა და გრძნობიერების, ემოციურობის ახალი ფორმები გააჩინა. მისი სულისკვეთება მათხოვარმა ფრანცისკანელმა ბერებმა გაავრცელეს.


ფოტოზე: ჯოტო დი ბონდონე, ფრანცის ასიზელის გამოცხადება ჯვარცმის წინ, დაახლოვებით 1295

ფოტოზე: ჯოტო დი ბონდონე, ფრანცის ასიზელის სტიგმატიზაცია, დაახლოვებით 1295
XIV-XV საუკუნის ყველა დიდი მისტიკოსი ქრისტეს ვნებათა ჭვრეტითაა დაკავებული. წმინდა ბრიგიტა, წმინდა გერტრუდა, ან კიდევ ტანჯულ და მომაკვდავ ქრისტესთან მუდმივ კონტაქტში მყოფი ნეტარი სუზო. ეს უკანასკენელი, თავის მონასტერში ღამით ქრისტეს ვნებას მარტო განასახიერებდა. ის წარმოიდგენდა, რომ მონასტრის ერთი ბურჯი იყო ზეთისხილის ბაღი. მეორე - პრეტორია, მესამე - დიდი ქურუმის სახლი. ის ბურჯიდან ბურჯამდე მძიმე ჯვრის ტარებით დადიოდა და ასე მოიგონა ის, რასაც ჯვრის გზა უწოდეს.

ეს განცდები მთლიანად ეკლესიამ გაიზიარა. ვნებამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ლიტურგიულ წიგნებში. ყველგან გაჩნდა ჰიმნების კრებულები და მრავალმა პოეტმა გზნებით უგალობა შუბს, ლურსმნებს, ეკლის გვირგვინს, ჯვრის ხეს...

მწერალთა ფანტაზია ქრისტეს ვნებით დაინტერესდა და ის დაწვრილებით აღიწერა. დიდი გერმანელი მწერალი და ქადაგი ტაულერი ქრისტეს გამათრახების ისეთ საშინელ დეტალებს აღწერს, რომ ამ სცენის ცოცხალი მოწმე გეგონება. ილივიე მაიას თქმით, ქრისტეს როზგი 5475-ჯერ დაარტყეს. მწერლები ჰყვებიან, რომ იესოზე ჯოხები გადაამტვრიეს და მის სხეულში კვანძები დარჩა. დაითვალეს, რომ ქრისტეს გვირგვინში 77 ეკალი იყო და ყოველ ეკალს სამი წვეტი ჰქონდა.

ქრისტეს ვნებათა სცენებს მხატვრებიც თითქმის სადისტურად დაწვრილებით გამოხატავენ... განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას იძენენ ვნების ინსტრუმენტები.
თავიდან ესაა იუდას 30 ვერცხლი, ფანარი, წმინდა პეტერს ხმალი, რომელზეც მალხუსის ყური დარჩა; თავი, რომელიც იფურთხება, ხელის მტევანი, რომელიც სილას აწნავს, გამათრახების სვეტზე შემჯდარი მამალი, პილატეს წყლის დოქი, მათრახები... ეს ღვთისმოსაობა და მოწიწება მალე ქრისტეს ჭრილობებს დაუკავშირეს. მას უკვე წმინდა ბერნარდი ქადაგებდა, მაგრამ ეს თაყვანისცემა წმინდა გერტრუდას გავლენით ნამდვილად სწორედ XIV საუკუნეში გავრცელდა. ლოცვანთა კრებულებში ჭრილობების საგალობლები გაჩნდა და წარმოიქმნა საგანგებო ძმობები.
ტაულერმა დაწერა: "უნდა ვეამბოროთ ჯვარცმულის ჭრილობებს".

ეს გამოვლინდა სახვით ხელოვნებაშიც. ხალხურ სურათებს თითქმის ველური მგზნებარე ღვთისმოსაობის უცნაურ სამყაროში შევყავართ. ქრისტიანებს და მხატვრებს ყველაზე მეტად ქრისტეს ჭრილობებიდან მომდინარე სისხლი აღელვებს. იმ დროის დიდი მისტიკოსები (წმინდა გერტრუდა, წმინდა ბრიგიტა, წმინდა ანჟელა დე ფოლინიო, ტაულერი თუ ოლივიე მაიარი) მდინარედ მდინარე სისხლს ხედავენ. ამ დროს ჩნდება ძვირფასი სისხლის დღესასწაული.


ტანჯვის და გამოსყიდვის იდეების შეერთება ხელოვნების ყველანაირ ნაწარმოებს აჩენს. ჩნდება სიცოცხლის შადრევანის თემა. ჯვარცმული ქრისტეს ჭრილობებიდან მომდინარე სისხლი ავსებს კასრს, აუზს, რომლის ირგვლივაც თავს განწმენდის მსურველი ცოდვილები იყრიან. ამ სიმბოლოს გაჩენა შესაძლებელი მხოლოდ ამ მძაფრად რეალისტურ ხანაში იყო. ასევე არსებობს მისტიკური საწნახელის თემა. იესო გასრესილია საწნახელში და მისი სისხლი კასრში ჩადის. ამ ხატს XV საუკუნის მრავალ ვიტრაჟზე ვხედავთ და ის ხშირად ვაზის საგალობელს ერევა.


ფოტოზე: ფრა ანჯელო, ქრისტეს დატირება, 1436-41
შუა საუკუნეების დასასრულის მისტიკოსებისთვის, გამოსყიდვის მისტერიაში იესო და მარიამი ერთიანნი არიან. ღვთისმშობელი წმინდა ბრიგიტას ეუბნება: "იესოს ტკივილები ჩემი ტკივილები იყო, იმიტომ, რომ მისი გული ჩემი გულია".

კიოლნის სინოდმა 1423 წელს ამ გრძნობებს ღვთისმშობლის ახალი დღესასწაული -"ღვთისმშობლის მწუხარებათა და ტკივილების" დღესასწაული დაუმატა. ღვთისმშობელს ადიდებდნენ სახელით: "შვიდი ტკივილის ღვთისმშობელი". ღვთისმშობლის ვნების იდეა მხატვრებმა აიტაცეს. მას 7 ხანჯლით გარსშემორტყმულს გამოსახავდნენ.

XV-XVI საუკუნეებში ღვთისმშობლის მთელი ვნების იდეას, განსაკუთრებით საფრანგეთში, მოკლედ გადმოსცემს დედის ფიგურა, რომლის მუხლებზეც მისი ვაჟიშვილის გვამი ასვენია...

ზოგის აზრით, ქრისტიანობის არსი XV საუკუნეში უფრო სიტყვა "ტანჯვა" იყო, ვიდრე სიტყვა "სიყვარული". ეს მართალია, თუ გარეგნული ნიშნების უკან არსს ვერ დავინახავთ. მხატვრებმა განადიდეს ტანჯვა მართალისა, რომელიც სიყვარულით კვდება. ამაზე მეტი სიყვარული არავის გააჩნია, ვიდრე ვინც თავის სულს დასდებს თავის მეგობრებისთვის (იოანე 15,13). განადიდებენ ტანჯულ დედას, რომელიც შვილისათვის სიყვარულის მისიის შესრულებაში დახმარების გაწევისას გაიტანჯა...
სწორედ ამიტომაა რომ ძველმა ხელოვნებამ მოწმობის და გამოხატვის ძალა შეინარჩუნა.
ტერორს, ძრწოლას და იმედს შორის, მომაკვდავის ფიგურა

XV საუკუნის მწერლები და ქადაგები სიკვდილის ტრაგიკული ხასიათის შერბილებას სულაც არ ცდილობენ. პირიქით, ისინი მორწმუნეთა შეძრწუნებას ცდილობენ. შემაძრწუნებელი ხატები და მოთხრობები მრავლდება. მაგრამ მომაკვდავის წარმოდგენა ადგილს იმედს და მოწყალებას უტოვებს.

ARS MORIENDI

სამღვდელოება პროპაგანდას უწევს წიგნს - ARS MORIENDI (სიკვდილის ხელოვნება). მისი პოპულარობა მოწმობს იმაზე, რომ ადამიანებს კარგი სიკვდილი სურთ. XV საუკუნის დასაწყისის ფრანგი ავტორი მომაკვდავის შიშებს გამოხატავს. სიკვდილის პერიოდი მღელვარე დროა. დემონი მას უცდის, რათა ქრისტიანს 5 ცდუნებით უკანასკნელად შეუტიოს, მაგრამ ღმერთი მომაკვდავს საშველად ყოველთვის უგზავნის ანგელოზს. საზიზღარი მონსტრები მომაკვდავს მის მიერ ცხოვრებაში ჩადენილი ყველა ბოროტების და ყველა დაშვებული შეცდომის სიას წარუდგენენ. მომაკვდავი ისევ ხედავს ქალს, ვისთანაც სცოდა, მის მიერ მოტყუებულ კაცს, ღატაკს, ბეჩავს, ვისაც ის არ დაეხმარა, მის მიერ მოკლულის გვამს... "შენ იყავი ღმერთის შვილი, მაგრამ ეხლა ეშმაკის შვილი ხარ" - ბღავის დემონთა ხროვა. მაგრამ მაშინ ციდან ანგელოზი ჩამოდის, რომელსაც თავისი მოძღვრის სამჯერ უარმყოფელი წმინდა პეტრე, ცოდვილი მარიამ მაგდალელი და მჩაგვრელი წმინდა პავლე ახლავან თან. "ნუ დაკარგავ იმედს, შენ ჩაიდინე იმდენი ცოდვა, რამდენი წვეთი წყალიცაა ზღვაში. გულწრფელი სინანული საკმარისია. საკმარისია ოხვრა და ცოდვილი გადარჩება, ვინაიდან ღმერთის გულმოწყალება უფრო დიდია, ვიდრე უდიდესი ცოდვა". მაშინ დემონი წივილით გარბის. ხეზე ნაკვეთი შესანიშნავი გრავიურებით შემკული ეს წიგნი, ევროპაში ფართოდ გავრცელდება.

ფოტოზე: მაისტერ ა.ს., რწმენაში ცდუნება, დაახლოვებით 1450, გრავიურა სპილენძზე, 9,1 x 6,9, აშმოლას მუზეუმი / ინგლისი
გვამები და ჩონჩხები

მოქანდაკეები თავმდაბლობით და წუთისოფლის ზიზღით წარმოადგენდნენ სხეულს, როგორიც ის საფლავში, მისი ყველაზე საზიზღარი ფორმით იქნება. 1400 წლიდან საფლავებზე აქანდაკებენ ხრწნადი ხორცით ძლივს დაფარულ ჩონჩხს. ყველგან ვპოულობთ სრულებით გახრწნილი გვამების გამოსახულებებს. ისინი მთელი თავისი სიმახინჯით წარმოდგებიან. დამკვეთების სიცოცხლეში შერჩეული წარწერები ახლობლებს თუ გამვლელებს გულმოწყალედ აფრთხილებენ:

"მე ვარ ის, რაც შენ იქნები, ფერფლის ერთმი მუჭა"; "ჩემი ოდესღაც ლამაზი სხეული, ეხლა ჭუჭყია"; "ამის წამკითხველო, შენ მე დამემსგავსები"; "ოდესღაც ეპისკოპოსს, დღეს ჭიები მღრღნიან"... მსგავსი წარწერები გაკეთებულია ბუხრებზეც და კარებებზეც, ოჯახის მაგიდაზეც კი. ღვინით სავსე თიხის დოქიც კი აფრთხილებს: "იფიქრე სიკვდილზე, საწყალო სულელო".


ფოტოზე: მიჰაელ ვოლგემუთი, ჩონჩხების ცეკვა. სამყაროს მეშვიდე დრო შუა საუკუნეების ქრისტიანული წარმოდგენის მიხედვით, 1493, ქსილოგრაფია, ჰარტმან შედელის მსოფლიო ქრონიკის ერთ-ერთი ილუსტრაცია
სიკვდილის ცეკვა

მრავალი პერსონაჟი ცეკვა-ცეკვით მიჰყვება ჩონჩხს. ამ პერსონაჟებს შორის არიან მეფე, პაპი, ეპისკოპოსი, რაინდი, ექიმი, ახალგაზრდა, მოხუცი, მდიდარი, ღარიბი, გიჟიც კი. "მე ნებით თუ უნებლიედ სიკვდილისკენ მივდივარ, ამბობს ეპისკოპოსი. მე მივატოვე კვერთხი, სანდალები და მიტრა, მე მივდივარ სიკვდილისკენ, ამბობს რაინდი, მე დავამარცხე მრავალი მტერი, მაგრამ ვერ ვისწავლე სიკვდილის დამარცხება." XV საუკუნეში სიკვდილის ცეკვის მთავარი გამოსახულება იყო ის, რაც 1424 წელს უმანკოთა სასაფლაოზე დახატეს. ის გაქრა, მაგრამ მისი ხატები და სიტყვები 1485 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში აღსდგა. აშკარად მისითაა შთაგონებული ფერტე-ლუპიერის და მელაი დე გრენეს ნახატები.

სიკვდილის ცეკვები 1500 წლის შემდეგ კანონთა დამრღვევებს უტევენ. ბეჩავი გლეხი სქელი მღვდლის ან მდიდარი ბალის გვერდითაა. სიკვდილის ცეკვა სიკვდილის წინაშე ადამიანთა თანასწორობას და სიკვდილის მოსვლის მოულოდნელობას გამოხატავს.

საფლავები და საფლავის ქვები

თითქმის ყველა, საფლავი ქვაზე დასვენებულ თვალღია მიცვალებულს აჩვენებს, რომელსაც ხელები გულზე ლოცვის პოზაში აქვს შეერთებული. ფერადსამოსიანი მგლოვიარეებით გარშემორტყმული მიცვალებულებიც ღმერთთან შეხვედრის მომლოდინე ცოცხალი ადამიანები არიან.

ფილიპე ამაყი არის პირველი მეფე, რომლის ნამდვილი პორტრეტიც საფლავის გამოსახულებად (1396) გამოიყენეს. ეს ჩვეულება, ყველაზე მეტად, 1400 წლის შემდეგ არტუაში და ფლანდრიაში გავრცელდა. საფლავის ქვებად იყენებდნენ მეუსეს შავ და რუხ მარმარილოს. მიცვალებულებს გამოსახავდნენ ქრისტეს ასაკის, ოცდაათიოდე წლის მამაკაცებად და ქალებად, რომელთა მშვენიერი სახეები ღმერთის სასუფევლის შესახებ იუწყებიან. მათ ირგვლივ არიან მღვდლები თუ პერსონაჟები, რომლებიც მათი სულის დასვენებისთვის ლოცულობენ. ეს მონუმენტები ცხადყოფენ მიცვალებულთა რწმენასა და მათ ნდობას მიცვალებულებისათვის ლოცვის შეწევნაში. თვით საფლავი და აკლდამა რწმენის და ოჯახური სიყვარულის და ღვთისმოსაობის მოწმობად გადაიქცა. ქმარს სურს თან ცოლ-შვილის გამოსახულებები ახლდეს. ცოლს სურს, თან ქმარ-შვილის გამოსახულებები ახლდეს.

სამი მიცვალებულის და სამი ცოცხალის ნათქვამი: - სამი აზნაური მოულოდნელად ძველ სასაფლაოზე მოხვდა. მათ იქ თითქოს საკუთარ ჩონჩხებზე სანახევროდ ზეწარშემოხვეული სამი მიცვალებული ელოდა. ფოთლებივით აცახცახებული ახალგაზრდები გაჩერდნენ. მიცვალებულებმა საუბარი დაიწყეს. კბილებისგან დაცლილი მათი პირებიდან მძიმე სიტყვები ამოდის: "მე ვიყავი პაპი", ამბობს პირველი, "მე ვიყავი კარდინალი", ამბობს მეორე, "მე ვიყავი პაპის ნოტარიუსი, ამბობს მესამე". და მათ განაახლეს: "თქვენ გახდებით ისეთები, როგორებიც ჩვენ ვართ... ძალაუფლება, პატივი, სიმდიდრე არაფერია, არარაობაა, სიკვდილის მომენტში ანგარიში მხოლოდ კეთილ საქმეებს ეწევა". დიდად აღელვებულ ახალგაზრდებს სჯერათ, რომ მათ ღმერთის ხმა ესმით.

უკვე XIII-XIV საუკუნეებში ცნობილი ეს ლეგენდა, ნამდვილად სახელგანთქმული 1408 წელს გახდება, როდესაც ჰერცოგმა დიუ ბერიმ ის პარიზის უმანკოთა სასაფლაოს კედელზე ამოაკვეთინა. მას სურდა, რომ ამ სასაფლაოზე ყოფილიყო დასაფლავებული. მას შემდეგ, ეს ლეგენდა მთელს ევროპაში არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა. "სამი მიცვალებულის და სამი ცოცხლის ნათქვამი" ხშირად ეკლესიებს ამკობს...

XIV საუკუნე უკანასკნელი სამსჯავროს სცენას საკურთხეველზე, მლოცველთა პირისპირ ათავსებს. ხშირად მის გამოსახვას მხატვრებს ანდობენ. მას რელიგიური თეატრის მისტერიებიდან აღებულ მრავალ დეტალს უმატებენ.

ფოტოზე: ჰანს მემლინგი, უკანასკნელი სამსჯავრო, ტრიპტიხონი, 1466-1473, ზეთი ხეზე, გდანსკის ეროვნული მუზეუმი / პოლონეთი
რჩეულები და შეჩვენებულები ერთმანეთისგან მუდამ გამოყოფილნი არიან, მაგრამ მხატვრები ხაზს უსვამენ ტანჯვა-წამებას, რომელიც შეჩვენებულებს ელის. ეს ტანჯვა-წამება დაწვრილებით იყო აღწერილი ძალიან ძველ წიგნში: "წმინდა პავლეს ხილვა", რომლითაც სწორედ მაშინ ისევ დიდად დაინტერესდნენ. ავტორი იხსენებს, რომ წმინდა პავლეს განცხადებით, ის მესამე ცამდე იყო ატაცებული. მაშ, ავტორი წარმოიდგენს, რომ ანგელოზმა წმინდა პავლე ჯოჯოხეთშიც ჩაიყვანა. ავტორი იყენებს აღმოსავლეთის ლეგენდებს და აღწერს საშინელ სცენებს, რომელთა მოწმეც შეიძლებოდა მოციქული ყოფილიყო. ნანახით შეძრულ წმინდა პავლეს ღმერთისათვის შეჩვენებულთა შეწყალება უნდა ეთხოვა. ღმერთმა, შეჩვენებულებს შაბათს საღამოდან კვირის პირველ საათამდე რამოდენიმე საათის შესვენება მისცა...

ამ გულუბრყვილო თხზულებაში, სისასტიკეს ბევრად უფრო მეტი ადგილი უკავია, ვიდრე სიბრალულსა და მოწყალებას.


ხელოვნების და არქიტექტურის საპატიო პროფესორი ემილ ბერთუ
ფრანგული ჟურნალი Histoire du Christianisme Magasine; hors-série n° 5, L'art à la fin du moyen age, 2012 წლის შემოდგომა


თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen