მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ექვთიმე თაყაიშვილი: ილია ჭავჭავაძე
მოგონება

ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე ჩემი სტუდენტობის დროს, ვგონებ, როდესაც III კურსზე ვიყავი გადასული. კარგად კი არ მახსოვს, ასე 1885 წელს უნდა ყოფილიყო. ილია ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეზე ჩამოვიდა პეტერბურგში და ბინად ჩამოხტა ვასო მაჩაბელთან... ილია და ის ვასო მაშინ დიდი მეგობრები იყვნენ, ილია შვილებს უნათლავდა. ვასო ნაფიცი ვექილი იყო, ადვოკატი თავად მინგრელსკისა, რომელიც მაშინ პეტერბურგში ცხოვროდა. ვასო ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდა ხოლმე ხელმოკლეთათვის ფულის შესაკრებად საღამოების მოწყობაში. ერთი ასეთი საღაოს შემოსავალი, სამი ათასი მანეთი სტუდენტებს ვასილის თანხმობით გადაედოთ, როგორც ხელუხლებელი თანხა და ხუმრობით "დარდუბლის კიდობანი" დაერქმიათ მისთვის.

ის ფული თვით ვასილ მაჩაბელს ჰქონდა მიბარებული. იმ წელიწადს ვასილმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, თავისი სახლის ლიკვიდაციას აპირებდა (მგონი, ნევის პროსპექტზე ცხოვრობდა) და წინადადება მოგვცა სტუდენტებს, იმ თანხასაც თან წავიღებ და შესანახად გადავცემო ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოაგდოებას, რომლის თავმჯდომარეც ილია ჭავჭავაძე არისო. სტუდენტებმა არ მიიღეს ეს წინადადება და მოითხოვეს, ფული პეტერბურგში დაეტოვებინა. მაშინ მაჩაბელმა უთხრა - წარმომადგენელი გამოგზავნეთ და ილია ჭავჭავაძის თანდასწრებით გადავწყვიტოთ ეგ საქმეო. სტუტენტობამ აგვირჩია და გაგვაგზავნა სამი კაცი: მიხაკო ღვდლიევი (მღვდლიაშვილი) (შემდეგ ჩვენი სენატორი რომ იყო), ალექსანდრე ლორთქიფანიძე (მერაბის ძე, იასონის და (მწრალ) ნიკოს უფროსი ძმა, იურისტი, მერე ქუთაისში ბანკირად იყო) და მე.

მივედით ვასო მაჩაბელთან და ილიაც გამოვიდა და გაგვეცნო. ილიას პირველად მაშინ შევხვდი და მისი დანახვისთნავე გამახსენდა, ძალაუნებურად, ჩემი ნათესავის კოწია თაყაიშვილის ნათქვამი ილიას გარეგნობის შესახებ. ეს თაყაიშვილი მეფის "კონვოი"-ში მსახურობდა უწინ, ალექსანდრე მეორის დროს; ახლო კავშირი ჰქონდა ქართველ სტუდენტობასთან, დიდი ლიბერალი და თან პატრიოტი კაცი იყო; კარგად იცნობდა ახალ ქართულ ლიტერატურას და თაყვანს სცემდა ილიას, როგორც მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს; ძალიან კარგად გვიკითხავდა ხოლმე მის "კაცია ადამიანს", "გლახის ნაამბობსა" და სხვა ნაწარმოებებს. ილია დიდხანს არ ენახა პირადად, მხოლოდ ერთხელ მოეკრა თვალი ქუთაისის ბულვარში, სხვებთან ერთად, და დასდევნებოდა, რომ კარგად დაეთალიერებინა. მერე გვითხრა: "მრგვალი ტანითა და სისრულით მის მიერ აღწერილ თათქარიძეს ჩამოგავს, მაგრამ თვალები კი შესანიშნავი აქვსო".

შეგვექმნა მსჯლეობა "დარდუბალის კიდობნის" გამო. ილია დიდხანს გვესაუბრა წერა-კითხვის საზოგადოების მიზნებისა და მათი განხორციელების გზების შესახებ და ბოლოს გვირჩია, თანხა იმ საზოგადოებისთვის გადაგვეცა - თუ შეწირულობად არა, შესანახავად მაინც. "აქ ეგ ფული უსათუოდ შემოგეხარჯებათ, ან არა და ქართველები ჩვეულებისამებრ, აიშლებით, დაიშლებით და დაგეკარგებათო!" აზრთა ხანგრძლივი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ შევთანხმდით, რომ ფული შესანახავად გადაეცემოდა წერა-კითხვის საზოგადოებას. ვასილ მაჩაბელმა პირადად წამოიღო თანხა, თბილისში რომ წამოვიდა, და დანიშნულებისამებრ ჩააბარა კიდეც. ოღონდ, ეტყობა, არ მოუთხოვია იმ თანხის ხელშეუხებლობა და საზოაგდოებას ფული თავისი მიზნებისამებრ მოეხმარა. ყოველ შემთხვევაში, ჩემ დროს საზოგადოებას აღარ გააჩნდა ასეთი, ხელუხლებელი თანხა.

ფოტოზე: მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი, წმინდა ილია მართალი - ილია ჭავჭავაძე (1937-1907)
უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა (ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა. გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა. მთავრობის მიერ დაყრილი ხმა, ვითომც დიმიტრი ყიფიანი გაძარცვის მიზნით მოეკლათ, არავის არა სჯეროდა: ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი რუსული ხელისუფლების აგენტების მიერ იყო მოკლული.

კომისიაში ამირჩიეს მეც. ვინ დამასახელა, აღარ მახსოვს. მაგრამ საერთოდ მაშინ უკვე ყველა ასეთ კომისიებში მასახლებდნენ ხოლმე, იმიტომ, რომ ცოტა იყო ასარჩევი ადამიანები. კომისიაში სულ თხუთმეტი კაცი იქნებოდა, მაგრამ ამასთანავე დამხმარეც აუარებელი გვყავდა.
შევიმუშავეთ დაკრძავლის გეგმა. ჭირისუფლობა იკისრა განსვენებულის ნათესავმა დავით ყიფიანმა - ცნობილმა მოღვაწემ და კარგმა კაცმა; თბილისში დიდად მიღებულმა ნოტარიუსმა, ილია ჭავჭავაძის, ივ. პოლტარაცკის, ალ. ჯაბადარისა და სხვათა მეგობარმა. ოფიციალური მიმოწერა, ნებართვის მიღება და სხვა ასეთი რამეები სულ მას დაეკისრა. მართალია, დიმიტრის ვაჟი დარჩა, კოტე, მაგრამის ვერ გაართმევდა თავს იმდენ საქმეს და თან პრესტიჟისთვისაც სჯობდა დავითისათვის დავალება იმეებისა.
რასაკვირველია, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ დეპუტატები და სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლები, ყველანი სამგლოვიარო ლენტებით შემოსილნი (მკლავებზე გაგვიკეთეს) დავხვდით ცხედარს ვერაზე, ჯვართან.


იქიდან დაიწყო პროცესია. კომისიის გეგმით, ცხედარი უნდა გამოგვეტარებინა გოლოვინის პროსპექტით ერევნის მოედნამდე, მერე უნდა აგვეხვია სოლოლაკის ქუჩაზე, მერე პეტრე დიდის ქუჩაზე და ისე უნდა ავსულიყავით მთაწმინდაზე. პოლიცია, რასაკვირველია, გამრავლებული იყო და ფეხზე იდგა. დაიძრა პროცესია, დავით ყიფიანის მეთაურობით. როგორც კი მოვუახლოვდით გრიბოედოვის ქუჩის ასავალს, პოლიცია გადაგვეღობა და გამოგვიცხადა, რომ პროცესია გრიბოედოვის ქუჩით უნდა წავიდეს. შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, ხალხი წინ მიმავალთ მიაწვა. ამასობაში ნიკო დიასამიძემ, რომელიც წაბლისფერ ტაიჭზე იჯდა ქართულად ჩოხაში გამოწყობილი, ცხენდაცხენ გაარღვია პოლიციის რაზმი და გასწია წინ. დავით ყიფიანიც მას გაჰყვა. პოლიცია წინ გადაუდგა სამღვდელოებას, რომელსაც მიუძღოდა ცნობილი ქართველი პატრიოტი, ბერი, ეპისკოპოზი ალექსანდრე ოქროპირიძე. ის საერთოდ თითქოს არ იყო გამბედავი კაცი, მაგრამ აქ კი ნამდვილად გამოიჩინა გამბედაობა. პოლიციის რამზის მეთაურმა უთხრა: Ваше преосвященство, приказано по Грибоедовской улице направить процессию!" ალექსანდრე არ შედრკა და მიუგო: "Меня пригласили родные покойного, куда они последуют, и я за ними!"-ო და განაგრძო გზა. შემოსილი მღვდელმთავრის შეჩერება პოლიციამ ვეღარ გაბედა, თან ხალხიც მიაწვა, გაარღვია პოლიციელთა წყება და მედგრად გასწია წინ. მთელ პროსპექტზე გაიმართა უზარმზარი პროცესი. სასახლეს რომ მივუალხოვდით, განგებ შეაჩერეს ცხედარი და მიცვალებულის ლოცვა გადაიხადეს, დემონსტრატიულად.

სასახლიდან არავის გამოუხედავს. მაშინ მთავარმართებელად იყო დონდუკოვ-კორსაკოვი. ამბობენ, რომ იმ დღეს ის არ იყო სასახლეში, თავისი ცოლის პანაშვიდზე წავიდაო ზემოთ, წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის ეკლესიაში. სასახლიდან დაძრული პროცესია მოედანზე გავლით ავიდა სოლოლაკის ქუჩაზე, მერე შემოუხვია პეტრე დიდის ქუჩაზე, ხოლო იქიდან ერმოლოვის ქუჩით ავიდა მთაწმინდაზე. ცხედარს, დავით ყიფიანთან ერთად, მიჰყვებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სხვა პოეტები და მწერლები, მიჰყვებოდა, რა თქმა უნდა, განსვენებულის მთელი ოჯახიც. საფლავზე პირველი სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთლმა, რომელმაც დიმიტრი ყიფიანი გამოაცხადა საქართველოს მეორე დიმიტრი თავდადებულად და, რ თქმა უნდა, დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ის ცნობილი მშვენიერი ლექსი რომა აქვს, "ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოო", მაშინ არ უთქვამს, მერე დაწერა. დიმიტრი ყიფიანს კი გულისხმობდა შიგ! მოელოდნენ ილიას სიტყვასაც, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. ისე კი გვითხრა რამდენიმე კაცს: "რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!" მართლაც, უამრავი ხალხი იყო დაკრძალვაზე მოსული, ნამდვილად მთელი საქართველო! ილიას მიერ სიტყვით არ გამოსვლა ზოგმა მის სიფრთხილეს მიაწერა. ისიც კი გაიხსენეს, რომ ერთ დროს მას ყიფიანთან პოლემიკა ჰქონდა. მაგრამ ერთიცა და მეორეც, რა თქმა უნდა, ცილისწამება იყო...

ამრიგად, ეს გრანდიოზული პროცესია დიდი და გაბედული დემონსტრაცია იყო ქართველი ერისა ცარიზმის რეჟიმის წინააღმდეგ. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველობაზე და ერთგვარ საგონებელშიც ჩააგდო ხელისუფალნი. მეორე დღეს მთავარმართებელმა მოიწვია საბჭოს სხდომა და თათბირობდნენ, თუ რითი ეპასუხათ ამ გამოუთქმელ დემონსტრაციაზე. აზრთა დიდი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ დაასკვნეს, რომ რეპრესია დემონსტრაციის მომწყობთა მიმართ კიდევ მეტ გართულებას გამოიწვევს; რაც მოხდა, პოლიციის განცხადების მიმართ უბრალო წინააღმდეგობად ჩათვალეს, ჭირისუფალი დავით ყიფიანი 6 მანეთით დააჯარიმეს და ამით გათავდა საქმე. ილია ჭავჭავაძე ჩემ დროს იყო თბილისის სათავადაზნაურო ბანკი თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და გაზეთ "ივერიის" რედაქტორი. ეს სამი დაწესებულება წარმოადგენდა უმთავრეს ქართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მართალია, არსებობდა კიდევ ქართული დრამატული საზოგადოება, მაგრამ ის სულს ღაფავდა. ხან აკაკი წერეთელი იყო მისი თავმჯდომარე, ხან - ვინ და ხან - ვინ, მალი-მალ იცვლებოდნენ. საზოგადო მოღვაწენი ცოტანი იყვნენ.

მართალია, გიმნაზიაში და მთავრობის სხვა დაწესებულეებში კი მსახურობდა თითო-ოროლა ქართველი, რომლებსაც შეეძლოთ საზოგადო საქმიანობა, მაგრამ ისინი თავს არიდებდნენ ამას, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ თუ ჩაებმებოდნენ, სამსახურს დაკარგავდნენ.
ილია თუმცა ითვლებოდ წერა-კითხვის საზოგდოების თავმჯდომარედ, მაგრამ სრულიად ვერ ესწრებოდა მის სხდომებს. ჩემ დროს იქ მის მოადგილედ ითვლებოდა ვანო მაჩაბელი, რომელიც საადგილმამულო ბანკის დირექტორიც იყო. საზოგადოდ, მე რომ ჩამოვედი, პირველ ხანებში ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის არავითარი უსიამოვნება არ ყოფილა, ისინი თანხმობით მუშაობდნენ. ვანო მაჩაბელიც დიდი პატრიოტი იყო, ნიჭიერი, განათლებული, კარგი მუშაკი და თან სიმპათიური ადამიანი. ჩვენ საზოგადოებაშიც გავრცელებული იყო აზრი, რომ ილიას მემკვიდრე საზოგადო საქმეებში ვანო მაჩაბელი იქნებოდა: ის ბევრად უმცროსი იყო ილიაზე. ილიასა და ვანოს შეხმატკბილებული მუშაობა ხომ, სხვათა შორის, იმაშიც გამოიხატა, რომ ერთად თარგმნეს "მეფე ლირი".

ალექსანდრე როინაშვილის ფოტო: მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი (1854-1898)

ალექსანდრე როინაშვილის ფოტო: მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური დიმიტრი ყიფიანი ( 1814-1887)
იმხანად ილიას უკვე ბევრი ემდუროდა, მუშაობას მოუკლო და დიდ დროს ანდომებს ქაღალდის თამაშსო. ზოგიერთი პირშიც ამხელდა, როცა ის წერა-კითხვის საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა ხოლმე. მახსოვს ექიმ ხუდადოვის გამოსვლა ამ საზოგადოების წლიურ კრებაზე, ეს ის ხუდადოვი იყო (გორელი სომეხი, ქართველობდა), რომელმაც ტყე გააშენა კუკიის სასაფლაოს ზემოთ. სოციალისტური მიმართულების კაცი იყო, საზოგადო საქმიანობის მონაწილე. ადგა ეს ხუდადოვი და რიხიანად უსაყვედურა ილიას: "ილიავ, სულ ძილი და ძილი არ შეიძლება! აღარაფერს აკეთებ და ჩვენი საერთო საქმეც ვერ მიდის კარგადო!" ილია უპასუხა: "მერ რომ მძინავს და მძინავს, ეს ყველასაგან ცნობილია, მაგრამ შენ ხომ გღვიძავს და ალბათ ბევრ რამეს აკეთებ, ჰოდა, ერთი გვიჩვენე, რა გაგიკეთებიაო?!"

მერე მოხდა რაღაც კონფლიქტი ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის. როგორ დაიწყო იგი, რა იყო მისი მთავარი მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ ის კი ცხადი ჩანდა, რომ სათავადაზნაურო ბანკის საქმე უკან-უკან მიდიოდა. ვანო მაჩაბელმა განაცხადა, ილიამ დროზე არ იზრუნა ბანკის ბილეთების კონვერსიაზე და ამიტომ მსესხებელნი დავკარგეთო. ეს ნაწილობრივ მაინც იყო მართალი, მაგრამ იმას კი არ ითვალისწინებდნენ, რომ როცა ადამიანი წლოვანებაში შედის და დამძიმებას იწყებს, მას ვეღარ მოვთხოვთ პირვანდელ ენერგიასა და შრომას; ეს ბუნების წესია. იმის მაგიერ, რომ ილიასათვის პენსია დაენიშნათ და ისე, პატივისცემითა და მადლობით აღენიშნათ მისი დამსახურება და ამრიგად გამოეცვალათ თავმჯდომარე, მათ საზოგადო კენჭისყრით გაშვება მოუნდომეს და აშკარა წინააღმდეგნი გახდნენ მისი.

ასე დაიწყო ე.წ. "ბანკოვიადა". წლიური ანგარიშის განხილვა და შემდგომ ბიუჯეტის მიღება-დამტკიცება, რაც წინათ ორ-სამ სხდომაზე მოთავდებოდა ხოლმე, ახლა სამ თვეს გაგრძელდა. იმ კრებას "Долгий парламент" დაარქვეს - ინგლისში რომ იყო იმის მსგავსად. ბჭობის დროს მრავლად აღმოჩნდნენ ისეთები, ვისაც თავისი ორატორული ნიჭის გამოჩენა მოუნდა და უფრო ხშირად ისეთ საკითხებზე ჰქონდათ მსჯელობა, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო ბანკის საქმეებთან. ბოლოს ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ თავის შეთხზულ ლექსებსაც ამბობდა კრებაზე. ერთი მათგანი, მგონი, ბაგრატიონის ქალი იყო; სხვებიც იყვნენ, მაგრამ გვარები აღარ მახსოვს. ზოგი ორატორი კი ხშირად გადაუხვევდა და ძირითად საგანს გვერდს აუვლიდა ხოლმე. მაგალითად, მ. მ. ერთხელ ისე შევიდა სიტყვის თქმის ექსტაზში, რომ დაწვრილებით მოგვითხრო, თუ როგორ აჰყვა ერთ საღამოს ძაღლების ყეფას და გადავიდა ხევსურეთში.
ეს დაიხვიეს ხელზე და ხშირად ქირდავდნენ მას ფელეტონებში. ერთხელ ილიამაც დაუწერა: "მეც მეტი აღარ დამრჩენია-რა, მ-ვით უნდა ავყვე ძაღლების ყეფასო". ილია საერთოდ ხშირად კენწლავდა ხოლმე მას: "აი, თავადმა მ-მა რომ მოგვახსენაო", იტყოდა განზრახ. "არ არი თავადიო", შესძახებდნენ აქეთ-იქიდან. "არ არისო? ჰოოო, იყოს მერე, რა გვენაღვლებაო!"

შეგნებული ქართველობა დარწმუნებული იყო, რომ ბანკისათვის ორივე ძალიან საჭიროა, ილიაცა და ვანო მაჩაბელიც, და ამიტომ აუცილებლად მიიჩნევდნენ, რომ ისინი როგორმე თანხმობით მოთავსებულიყვნენ თავ-თავიანთ ადგილებზე. საკითხისადმი ასეთ შეგნებული დამოკიდებულება არა ერთხელ დადასტურდა კენჭისყრითაც: ორივეს ირჩევდნენ ხმის უმეტესობით და ვერც ერთმა მეორე ვერ "გააშავა". მაგრამ ბოლოს ძალზე არანორმალური მდგომარეობა შეიქმნა: გაძნელდა ერთად მოთავსება ორი ადამიანისა, რომელნიც ერთიმეორეს ხმას არა სცემდნენ, თუმცა კი ერთისა და იმავე გარემობის წევრები იყვნენ.

თითოეული "პარტია" ცდილობდა, თავისი დამხმარე წევრი გაეყვანა მესამე დირექტორად. იმ დროს მაჩაბლის "პარტიაში", სხვათა შორის, იყო გენერალი გიორგი თარხნიშვილი, ხოლო ბანკის მესამე დირექტორად ირიცხებოდ სანდრო ჩოლოყაშვილი. ეს უკანასკნელი საკმაოდ ინტელიგენტი კაცი იყო, მაგრამ ქართველობა სრულიად არ ეტყობოდა: ქართული არ იცოდა. უფრო გერმანული ემარჯვებოდა, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას ეტანებოდა... საერთოდ ილიაც, ისევე როგორც ყველა, ხშირად ურევდა ხოლმე საუბარში რუსულს; კერძოდ, ბანკშიც ხშირად გამოდიოდა რუსულად და მშვენივრადაც ლაპარაკობდა. თუმცა არა ერთხელ თითონვე შემოუღია წესად, - როდესაც მასთან ვიკრიბებოდით, ხუთშაბათობით, რედაქციის წევრები და სხვები (იმ დღეს რედაქციის სხდომა იყო ხოლმე მის ბინაზე) - ვინც ქართულ საუბარში უცხოურს გამოურევს, ერთი შაური უნდა გადაიხადოსო. ილია თვითონ მიაძახებდა ხოლმე, ვისაც წამოსცდებოდა: "შაური, შაური ამოყაჭეო!" ასე იცოდა!.. ისე სხდომა-საღამო არ გათავდებოდა, რომ ორი თუ სამი მანეთი არ შეგროვებულიყო. რასაკვირელია, თვითონაც ხშირად იხდიდა იმ შაურებს. მაჩაბლის "პარტიამ" მოინდომა ჩოლოყაშვილის მაგიერ გიორგი თარხნიშვილის გაყვანა და კიდევაც მოახერხა ეს: თარხნიშვილი გახდა ბანკის მესამე დირექტორი. მაგრამ რაკი ფეხი მოიკიდა ბანკში, მაჩაბელს გადაუდგა, ილიას მიემხრო და ყველა საქმეში უჭერდა მას მხარს.

მაჩაბლის მეორე დიდი მომხრე იყო დიმიტრი მუსხელიშვილი, ფრიად წარჩინებული, არტილერიის გენერალი. მას მუდამ ქებით იხსენიედნენ, კარგი სახელი ჰქონდა სამხედრო უწყებაში. თან კარგი პატრიოტი ქართველიც იყო, დედაენა კარგად იცოდა და დიდად განირჩეოდა ძმებისაგან. ამ უკანასკნელთაგანა ორი სამხედრო პირი იყო. ერთ მათგანს, ალექსანდრეს, ცოლად ჰყავდა ნიკო ღოღობერიძის და ანეტა. ალექსანდრე დაკოდილი (დაჭრილი) იყო რუსეთ-ოსმალეთის ომისდროს, ხუცუბნის ბრძოლაში. მე გავიცანი უკვე სამსახურიდან გადამდგარი პოლკონვიკი.

მისი მეუღლე - შესანიშნავი ჭკვიანი, პატიოსანი და დიდი ქველმოქმედი მანდილოსანი, ჩემი გიმნაზიელობის დროს თავმჯდომარეობდა
კომიტეტს, რომელიც განაგებდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას. მეორე ძმას, გიორგის, აგრეთვე სამხედრო პირს, ბეჟან წერეთლის და ჰყავდა ცოლად. მესამე ძმა, სახელად მგონი ნიკო, არ ვიცი, წინათ რა მოხელე იყო, მაგრამ ჩემ დროს ყველა ამ ძმების მამულს განაგებდა. მათ საერთოდ დიდი მამული ჰქონდათ ახალქალაქის მაზრაში. მუსხელიშვილებს იმიტომ ვიცნობდი კარგად, რომ ერთ წელიწადს რეპეტიტორად ვყავდი მიწვეული ალექსანდრეს, რომელიც უშვილო იყო და თავისი უფროსი ძმის, ნიკოს შვილსა ზრდიდა, ხოლო მისი მეუღლე ანეტა - თავისი ძმის სიმონ ღოღობერიძის ქალს. იმ ქალ-ვაჟს ვამეცადინებდი მე. დიმიტრი მუსხელიშვილი ხშირად გამოდიოდა ბანკის სხდომაზე ილიას წინააღმდეგ და იტყოდა ხოლმე: "Илья производит давление на собрание" -ო. ილია ხომ დიდი ოსტატი იყო პასუხების გაცემაში და ერთხელ წარმოსთქვა: "Я не понимаю, о каком давлении тут говорят? Физического давления никто не предпринимает, а если говорят о давлении ума, то против него бессильна вся артиллерия!" ასე გადაჰკრა არტილერიის გენერალს თავისებური მწვავე მათრახი!

ილიას საზოადოდ საოცრად მაგარი ნერვები ჰქონდა, ხოლო ვანო მაჩაბელი, პირიქით, ერთობ ფიცხი ადამიანი იყო. ილიამ თავის სიტყვებში მოწინააღმდეგის დანდობა და განკითხვა არ იცოდა. მაჩაბელსაც არ ზოგავდა და ისე გამოჰყადა მისი ნათქვამი, თითქოს ყველაფერი აბსურდი ყოფილიყოს. ერთხელ ისე აიგდო, რომ რუსულ სათამაშო,ს Ванька-встанька"-საც კი შეადარა. საერთოდ კი ამ ბრძოლამ ილია, ბოლოს და ბოლოს, გამოაცოცხლა. თუ ერთ დროს ის მართლაც მიძინებულ ლომს წარმოადგენდა, ახლა ლომმა გაიღვიძა, გაშალა ბრჭყალები და მიფანტ-მოფანტა წინააღმდეგნი. ნერვიულმა ვანო მაჩაბელმა კი ეს ბროძლა ფიზიკურად ვერ გადაიტანა. თუმცა კენჭისყრით არ გაშავებულა, თავისი ნებით განაცხადა, რომ შორდება ბანკს და მოშორდა კიდევაც, დემონსტრატიულად დასტოვა კრება. ილიამ განაცხდა: "მე მასავით არ გავიქცევი; მანამ თქვენი ნდობა მაქვს, აქა ვარ და აქ ვიქნებიო!"

შემდგომი ისტორია ცნობილია: ვანო მაჩაბელმა თავისი ცოლისძმის, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, ბაგრატიონის დახმარებით შეადგინა ქართლის თავად-აზნაურობის სინდიკატი (ისინი ქართლელი ბაგრატიონები იყვნენ, მგონი მუხრანის შტოისა, მაგრამ უფრო შორებულნი, და ამიტომ არც ეწოდებოდათ მუხრანელები). სინდიკატის წევრებს მასში შეჰქონდათ თავიანთი შემოსავალი. ვანო მაჩაბელი მისი დირექტორი იყო, მაგრამ ჯამაგირი, რასაკვირველია, შედარებით მცირე ჰქონდათ, მერე დაავადმყოფდა, რაღაც ბრონქიტი დაემართა, და ბოლოს - ისე მოულოდნელად და საარაკოდ გაქრა, დაიკარგა: ერთ დღეს, დილაადრიან შინიდან გამოსული, აღარ დაბრუნებულა. ძებნის ყოველი ცდა უშედეგოდ დარჩა. ათასგვარი ჭორი გავრცელდა და ეს საკითხი დღემდის გამოურკვეველია.
აკაკი წერეთელი, რა თქმა უნდა, დიდი მომხრე იყო ვანო მაჩაბლისა და ბოლო დროს მასთანაც ედო ბინა. მაგრამ მას ბანკის საქმეებში არავითარი დახმარების გაწევა არ შეეძლო ვანოსათვის. საერთოდ აკაკის ყოველთვის სჩვეოდა ენამწარეობა, ისე, რომ ზოგჯერ თავის მოყვარეთა ძვირსაც ამბობდა ხოლმე. ამის გამო აფორიზმი იყო გავრცელებული და ერთხელ ვალერიან გუნიას გაზეთშიც კი გამოქვეყნდა: "ღმერთმა გვაშოროს ილიას მტრობა და აკაკის მოყვრობაო!.." ილიამ იცოდა, გურიაში რომ იტყვიან, "მეზერში ჩასდევდა", მაგრამ - მტერს, ხოლო აკაკი თავის მახლობელსა და მოკეთესაც კი არ დაზოგავდა ხოლმე.

მაჩაბლის ბედის შესახებ აკაკისაგან ბევრს მოელოდა ხალხი, მაგას ეცოდინებაო, მაგრამ ვერაფერს გაიგებდი: ხან რას იტყოდა წყალშიაო, ხან რასა და ხან რას!. . .

* * *
უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი, პირველ ორ წელიწადს ილიას იშვიათად ვხედავდი ხოლმე, მარტოოდენ კრებებზე. სხვაგან მას ვერსად ვხვდებოდი და არც მის რედაქციაში დავდიოდი. მხოლოდ ერთხელ ვნახე, მახსოვს, სხვებთან ერთად, შემთხვევით, რედაქციაში, რომელიც ფრეილინის ქუჩაზე იმყოფებოდა. იმ საღამოს სულ იმაზე იყო საუბარი, თუ რა დიდად ავნო ნიკო ნიკოლაძის სტატიამ გაზეთ "Обзор" -ში დაბეჭდილმა, გიორგი ქართველიშვილსა და ზეზემანს. სტატიაში აღწერილი იყო წარმოუდგენელი ნიაღვარი ატენის ხეობაში, სადაც აღნიშნული პირები ერისთავისაგან იჯარით აღებულ ტყეს ამუშავებდნენ: ნიაღვარმა აუარებელი დამუშავებული ხე-ტყე იმსხვერპლა, მოიტაცა და ადიდებულ მტკვარს შერთოო. ამან დიდი ზარალი მიაყენა ქართველიშვილსა და ზეზემანს და მათი წარმოებაც შეწყდა. ნიკოლაძეს დიდად კიცხავდნენ, რაკი თავის სტატიაში საჯაროდ განაცხადა მათი ზარალი და ამით მოიჯარადრეებს კომერციული ნდობა დაუკარგა. მაშინ ხომ კომერციულ საქმიანობაში ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა! მათ ალბათ ბანკიდან სესხი ექნებოდათ აღებული და გაზეთი თუ გაუმჟღავნებდა ზარალს, შემდგომ სესხს ვეღარ მიიღებდნენ. ილია ამბობდა, ნიკოლაძეს ეს არ უნდა ჩაედინაო...

"ივერიის" რედაქცია შემდეგ გადავიდა ავჭალის ქუჩის დასაწყისში, სულ ახალ სახლში, რომელიც აშენებული იყო ილიას თაოსნობით და მისი დის ელისაბედის, საგინაშვილის ქვრივის საფასით. ილიამ ამ თავისი დის ხარჯითა და მის სახელობაზე ორი სახლი ააშენა. ეს იმ ადგილას, რომელსაც ვორონცოვის ხიდი პირდაპირ უცქერის. ერთი სახლი ავჭალის ქუჩაზე გამოდიოდა, მეორე - უკანა ქუჩაზე. მაშინ თბილისში შენობის აგება იაფი იყო. არსებობდა სახლთა მშენებლების რამდენიმე არტელი, რომლებიც ყველა სამუშაოს თითონ კისრულობდნენ და მზა-მზარეულს აბარებდნენ პატრონს. შემდეგ პატრონები ამ სახელებს ბანკში აგირავებდნენ და მეტწილად ამით იხდიდნენ აშენების ფასს. გირაოს საფასურის შეტანა კი 20-30 წლობით გრძელდებოდა, ასე რომ არ უძნელდებოდათ.

მახსოვს, ილიამ გვიამბო, თუ რა შესანიშნავად, ღირსეულად აუშენა ქართველთა არტელმა ის ორი სახლი - სრულიად ყოველისფრით დამთავრებული - და ბინათა გასაღებები ჩააბარა მას. პირველ სახლში მოთავსდა ილიას სახლობა, ე.ი. თვით ილია, მისი მეუღლე ოლგა თადეოზის ასული და ილიას და ელისაბედი. შვილი არც ერთს არ ჰყავდა. სახლი ორსართულიანი იყო, მაგრამ სარდაფიცა ჰქონდა, ხოლო შიგნით, ეზოში, მარცხნივ - ორსართულიანი წაგრძელებული დერეფანი, ფლიგელივით. სარდაფსა და დერეფანს ქვედა სართულში გაზეთი "ივერიის" სტამბა იყო. პირველი შენობის ზედა სართული საგანგებოდ აშენდა ილიას ოჯახისათვის.

მისი კაბინეტის კედლები, შესავალს მარცხნივ, დამშვენებული იყო ისტორიული სურათებით: შოთა რუსთაველის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის პორტრეტებით და სხვ. დანარჩენი სამი ბინა - ზედა სართულის მარჯვენა მხარე, პირველი სართული და აგრეთვე ილიას ბინის ქემოთ მდებარე ბინა - გაქირავებული ჰქონდათ. ზედა მარჯვენა ბინაში, მახსოვს ვექილი ალექსანდრე ჭყონია იდგა. სხვა მდგმურები ვინ იყვნენ, არ მაგონდება. ილიას ბინა ფართო ოთახებისაგან შედგებოდა. ეზოს მხრით მას შუშაბანდიანი აივანიც ჰქონდა, ზაფხულობით შუშაბანდს ჩამოიღებდნენ და ზამთრობით ისევ ჩადგამდნენ ხოლმე. დიდი მისაღები დარბაზი ორად იყო გაყოფილი: პირველი ნაწილი მამაკაცებისთვის იყო, მეორე კი ქალების მისაღებს წარმოადგენდა. ამ მისაღებ დარბაზს გასწვრივ, შუშაბანდისაკენ, დიდი სასადილო ოთახი იყო. მასში ხუთშაბათობით იმართებოდა ხოლმე საღამო რედაქციის წევრებისა და თანამშრომლებისათვის, რომელსაც ესწრებოდნენ ილიას სხვა (ბანკისა და ა.შ.) თანამშრომლები თუ მეგობრებიც. იმ საღამოებზე ხშირად კითხულობდნენ პოეტებია და ლიტერატორთა ახალ ნაწარმოებებს, სტატიებს; იყო მსჯელობა იმდროული ქართული საკითხების შესახებ. ყოველი საღამო თავდებოდა უბრალო ვახშმით, რომლისთვისაც ღვინო ილიას მუდამ საგურამოს მამულიდან ჰქონდა (ახლა რომ მწერალთა სახლი ყოფილა). ილიას იმ ხუთშაბათ-საღამოს მე ვესწრებოდი 1890 წლიდან, მას შემდეგ, რაც "ივერია"-ში თანამშრომლობა დავიწყე და ჩემი "სამი ისტორიული ხრონიკი" გამოვიდა. ვახშამზე თამადად ყოველთვის ანტონ ფურცელაძე იყო ხოლმე. თუმცა ძალიან მჭევრმეტყველი არ ეთქმოდა. . . იგი ილიას ძალიან პატივს სცემდა. "ბანკოვიადა" რომ შეიქმნა მაჩაბელსა და ილიას შორის (განსაკუთრებით 1893-1894 წლებში) ანტონმა მაგრად დაუჭირა მხარი ილიას და ამით დაუახლოვდა მას. წინათ ის დამფასებელად იყო საადგილმამულო ბანკში, მაგრამ მერმე დირექტორადაც გადავიდა, ხოლო ილიას შემდეგ - რამდენადაც მახსოვს - ბანკის თავმჯდომარედაც კი. რაც შეეხება მის შემოქმედებას, ანტონი პისარევის მიმდევარი მწერალი იყო, ნიღილისტური მიმართულებისა...

ფოტოზე:
ილიას სამუშაო ოთახი
ილიას "ხუთშაბათობა" დემოკრატიული საღამოები იყო, მაგრამ მას სხვა, უფრო არისტოკრატიული საღამოებიც ჰქონდა ხოლმე. იგი დიდად მიღებული იყო იმ წრეში, რომელშიც შედიოდნენ ქართველი დიდრონი თავადები: თბილისის გუბერნატორი შარვაშიძე, გენერალი ნინიკა (ნიკა) ამილახვარი, გენერალი ზაქარია ჭავჭავაძე (დიდი გენერალი იყო, კორპუსის ყოფილი მეთაური, მის ვაჟიშვილს მაქსი ერქვა სახელად, ქალიშვილი ერთ რუმინელს ჰყავდა ცოლად) და სხვები. ისინი ჩვეულებრივ აწყობდნენ ე. წ. "ჟურ-ფიქსებს" და ილიას იწვევდნენ ხოლმე. მასაც, რასაკვირველია, სამაგიერო უნდა გადაეხადა და იხდიდა კიდევაც. მაგრამ ასეთ წვეულებაში ქართველი დემოკრატების გარევა მათთვისვე იქნებოდა უხერხული და ილია არც ურევდა.

საზოგადოდ, მთავრობის უმაღლესი წრეები გარკვეულ ანგარიშს უწევდნენ ილიას, ყურს უგდებდნენ მის აზრსა და შუამდგომლობას. მაგრამ ილია მაინც წინდახედული იყო და თუ რომელიმე უმაღლესი ხელისუფალი უხეშად იქცეოდა, მასთან არავითარ ურთიერთობას არ იქონიებდა, არც ეჩვენებოდა და არც საქმისათვის მივიდოდა. მაგალითად, მთავარმართებელი გოლიცინი ცნობილი იყო, როგორც ნამდვილი "სოლდაფონი": ვინც არ უნდა ხლებოდა, ყველას უყვიროდა და უკმეხად ელაპარაკებოდა. ისე წავიდა ის გოლიცინი თბილისიდან, რომ ილიას არც გაუცნია იგი და არც რაიმე საქმეზე მისულა, თუმცა თვით გოლიცინს ეწადა მისი გაცნობა და არა ერთხელ უთქვამს თავისი ადიუტანტის, საშიკო ორბელიანისათვის, "გამაცანით ილიაო!" ვორონცოვ-დაშკოვთან და მის წინამორბედ შერემეტიევთან კი ილია დაახლოებული იყო და ხშიარდ ქაღალდსაც კი ეთამაშებოდა ხოლმე.

ერთხელ თეატრში ყოფილიყო გოლიცინი და თანმხლებ საშიკო ორბელიანს დაენახვებინა, შორიდან, მათ პირდაპირ ლოჟაში მჯდარი ილია. გოლიცინს დურბინდით შეეხედა ილიასათვის და ეთქვა: "რა შესანიშნავი თვალები აქვსო!" ერთადერთი ქართველი არისტოკრატი, რომელიც გოლიცინთან დაიარებოდა, კონსტანტინე (კოწია) მუხრანსკი იყო. გოლიცინიც დადიოდა მის ოჯახში და ძალიან უნდოდა, რომ კოწია გამხდარიყო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. ადრე წინამძღოლად იყო დავით მელიქიშვილი, რომელიც მანამდე ადიუტანტად ჰყავდა მეფისნაცვალსა თუ მთავარმართებელს (ძნელი გასახსენებელია, ხან ერთი ერქვა იმ თანამდებობას და ხან მეორე!). გოლიცინი მასაც უხეშად მოექცა, უყვიროდა ხოლმე და მელიქიშვილმა გათავისუფლება ითხოვა, სამსახურს თავი დაანება. ეს მით უფრო აღსანიშნავია რომ მელიქიშვილი ძმისწული იყო ყოფილი მთავარმართებლის მოადგილისა და თან დიდი მომხრე იმისა, რომ ქართველობას რუსეთის მთავრობასთან ლოიალური დამოკიდებულება ჰქონოდა; ხშირად ამბობდა, "ლოიალური ქცევით ბევრ რასმე გამოვიტანთ რუსებისაგან, ხოლო ოპოზიციური ქცევით ყველაფერს დავკარგავთო". იგი დიდი მეგობარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ვიტესი (რომელიც თბილისელი იყო) და იმას ეუბნებოდა ხოლმე, "ეს ვინ გამოგვიგზავნეთ მთავარმართებლად, ნორმალური კაცი არ არის, გადარეულიაო".

ერთადერთი ქართველი, შედარებით დაბალი წრის წარმომადგენელი, რომელიც დადიოდა გოლიცინთან, იყო დავით სარაჯიშვილი - ჩვენებური ბურჟუაზიის მეთაური. გოლიცინის ძმა დიდი მეურნე იყო, ღვინისა და შამპანიურის საქმეს განაგებდა ყირიმში და ძალიან მეგობრობდა სარაჯიშვილს. როდესაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ მას გოლიცინის ძმისათვის 70.000 მანეთი ესესხებინა და ის ფული სრულიად დაიკარგა. მემკვიდრეებმა ვერაფერი მიიღეს...

თუმცა ასეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდა გოლიცინთან და მის ძმასთან სარაჯიშვილს, მაგრამ ერთხელ ისიც ჩავარდა, რომ იტყვიან "ხათაბალაში". საქმე ის იყო, როგორც ცნობილია, სომხის ეკლესიას ძველი დროიდანვე უამრავი უძრავი ქონება - მამულები ჰქონდა და დიდ შემოსავალსაც იღებდა იქიდან. მათ განაგებდა სომეხთა პატრიარქი და შემოსავალს მეტწილად სკოლებს ახმარდა: მთელი მათი მხარე მოფენილი იყო სასულიერო სასწავლებლებით. გოლიცინის წინადადებით, მთავრობამ ჩამოართვა სომხის ეკლესიას ეს უძრავი ქონება და გადარიცხა სახელმწიფო ფონდში (ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი ქონება დიდი ხნის ჩამორთმეული ჰქონდა) სომხები ბევრს ეხვეწნენ და ემუდარნენ, დაგვიბრუნეთო, მაგრამ არაფერმა გასჭრა. მაშინ მათ გადაწყვიტეს გოლიცინის მოკვლა - როგორც ამბობდნენ, ნაქირავები, ოსმალეთიდან ჩამოსული დაშნაკების ხელით. თავს დაესხნენ იქ, სადაც კოჯრის გზა იწყება და თავდება გოლიცინის მიერ გაყვანილი ძალიან კარგი ასასვლელი, რომელიც მანამდე ნამეტანი აღმართიანი იყო (ამის მეტი კარგი საქმე ჩვენში გოლიცინს არ გაუკეთებია). იმ გზით უყვარდა ხოლმე თითონ ეტლით გასეირნება კოჯრისაკენ. გოლიცინი ვერ მოკლეს, მაგრამ სასტიკად კი დაჩეხეს სატევრებით, სულ თავ-პირში ურტყეს. თავდამსხმელები კაზაკებმა დახოცეს. დაჭრილი და თავ-ყბაშეხვეული გოლიცინი კი სასახლეში იწვა. მთელმა ჩინოვნიკობამ და მეგობრებმა, რა თქმა უნდა, თანაგრძნობა გამოუცხადეს. დავით სარაჯიშვილიც, როგორც ოჯახის მეგობარი (მის ცოლთანაც კარგად იყო), ეახლა თანაგრძნობის გამოსაცხადებლად და ნუგეშის საცემად. სხვათა შორის, ასეთი რამეც უთხრა: "Ваше сиятельство (გოლიცინი თავადი იყო) нужно быть очень осторожным, мало ли сумашедших на свете?" ამის გაგონებაზე გოლიცინმა თურმე უყვირა: "Ах, вы сумашедшими называете людей, которых армяне подкупили и направили для моего убийства?!" ცოლიც შეწუხდა, დავითს ენა ჩაუვარდა და აღარ იცოდა, რა ექნა. ცოლს უთხრა, მე ნუგეშისმცემა მინდოდა, სხვა არაფერი, მომეხმარე, რამენაირად დაამშვიდეო! ძალიან დამახასიათებელი ამბავია! ვერაფერი ნუგეში გამოუვიდა! თავდასხმის ამბავი მიაფუჩეჩეს, რაკი თავდამსხმელები დახოცილი იყვნენ. ცოტა ხანს მერე გოლიცინიც გადაიყვანეს კავკასიიდან, უხერხულად მიიჩნიეს მისი აქ დატოვება. საერთოდ მართლაც არ უყვრდა სომხები, წინააღმდეგ ვორონცოვ-დაშკოვისა, რომელიც ძალიან სწყალობდა მათ და თავის ცოლის გავლენით (რუსის ქალი კი იყო, მაგრამ მეტისმეტად დაახლოებულ ჰყავდა სომხის ეპისკოპოსები და ბერები, რომლებიც ყველმხრივ სარგებლობდნენ ამით და ბევრ საქმეს აკეთებინებდნენ მეფისნაცვალს სომხებისათვის).

დავით სარაჯიშვილის ანდერძის მიხედვით, ჩვენს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას უნდა მიეღო, სხვა თანხის გარდა, აგრეთვე მეოთხედი იმ 70.000 მანეთისა (ე.ი. 17.500 მანეთი), თუ კი გოლიცინისაგან მივიღებდით უკან სესხს. მაგრამ, რა თქმა უნდა, გოლიცინს ვალი არ გადაუხდია, მერე რევოლუციამაც მოუსწრო და, როგორც ვთქვი, ის ფული დაიკარგა. ეს მით უფრო საკვირველი იყო, რომ საერთოდ დავით სარაჯიშვილი ფულს არავის ასესხებდა ხოლმე. მაგრამ, ეტყობა რუსის დიდ მოხელეს უარი ვერ უთხრა...

ფოტოზე:
მთავარმართებელი გრიგორი სერგის ძე გოლიცინი (1838-1907)
ახლა დავუბრუნდეთ ილიას.

ჩვეულებრივ, როდესაც ქართველებს და მათ შორის საზოადო მოღვაწეებს რაიმე საქმე ჰქონდათ რუსეთის მთავრობასთან და მოხელეებთან, ილია უნდა წაემძღვარებინათ ხოლმე: უმისოდ მთავრობის წარმომადგენელნი ქართველებს ან არ მიიღებდნენ, ან, თუ მიიღებდენენ, მათ სათხოვარს ყურადღებას არ მიაქცევდნენ. ილიას, ბუნებრივია, დიდად ეზარებოდა ამ როლის შესრულება და ხშირადაც ყოყმანობდა წაყოლაზე, მით უმეტეს, რომ ზოგჯერ აგზავნიდნენ ისეთი საკითხის გამო, რომელსაც იგი ნაკლებ იცნობდა.
მაგრამ, რაკი სხვა შესაფერისი ადამიანი არა გვყავდა, მაინც ყოველთვის მას აკისრებდნენ ყველა საქმეს. მოვიყვან ერთ მაგალითს. როდესაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის, ე.ი. თვითმმართველობის, დამოუკიდებლობის საკითხი დაისვა, ეს საკითხი დიდხანს იყო მსჯელობის საგანი, ბევრი წიგნი და წერილი დაიბეჭდა ქართულსა თუ რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. წარმოიდგინეთ, ამ საქმეში მედგრად გვეხმარებოდნენ რუსის სლავიანოფილებიც! ისინი არ სცნობდნენ სინოდს, რაკი ძველად რუსეთში პატრიაქრის მართველობა იყო, და მოითხოვდნენ პატრიარქობის აღდგენას როგორც რუსეთში, ისე საქართველოში! მათი მეთაური (გვარი არ მახსენდება, დიდად მიღებული და გავლენიანი პირი კი იყო!(ნიკოლოზ დურნოვო, რედ.)) სულ ერთთავად იმის პროპაგანდას ეწეოდა, რომ სინოდი უხეშად იქცევა და რომ რუსეთშიცა და საქართველოშიც კვლავ თავ-თავისი საპატრიარქოები უნდა აღდგესო. "საქართველო უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო იყო. მან ქრისტიანობა მაშინ მიიღო, როდესაც რუსეთის სახელმწიფო ჯერ არ არსებობდა და რუსები არც იყვნენ ქრისტიანებიო; მათი ეპისკოპოსი, ყოვლად სამღვდელო კირიონი, რომელიც საქართველოში პატრიარქად უნდა იყოს, ჩვენ მთავრობას სამშობლოდან გამოდევნილი ჰყავს და ემიგრანტობაში იტანჯებაო". პირდაპირ ასე აცხადებდა ის სლავიანოფილების თავი კაცი (durnovo). (კირიონი ერთხანს შიდა რუსეთში იყო მღვდელმთავრად, მერე იალტაში ვნახე, ხოლო რევოლუციის შემდეგ მართლაც გახდა საქართველოს განახლებული ავტოკეფალური ეკლესიის პირველი კათალიკოსი, თუმცა კი ძალიან მალე გარდაიცვალა...). სლავიანოფილების ასეთმა პროპაგანდამ და ჩვენმა მოთხოვნამ იმდენად იმოქმედა ნიკოლოზ მეორეზე, რომ მან დანიშნა სპეციალური კომისია, ე.წ. "превсоборная комиссия", რომელსაც უნდა განეხილა საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი, ვინაიდან რუსის ჩინოვნიკური სამღვდელოება, სინოდისა, ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკლესიას არასოდეს ავტოკეფალია არა ჰქონია. რომ იგი მუდამ ანტიოქიისა და სხვა საპატრიარქოებს ეკუთვნოდა და ექვემდებარებოდა და სხვა. ამ კომისიის სხდომა, როგორც ცნობილია ("Церковный Вестник"-ში წერია ეს ამბები), შემდეგ რუსეთის ერთ-ერთ ქვემო ქალაქში გაიმართა. საქართველოდან მას დაესწრნენ ეპისკოპოსები ლეონიდე და კირიონი, პროფესორები ალექსანდრე ცაგარელი და ნიკო მარი... ამ საკითხს შეიძლება სხვა დროსაც დავუბრუნდეთ, ახლა კი ისევ ილიას შესახებ ვიტყვი.

ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოსათვის ამ საკითხში მხარი დაეჭირა მეფისნაცვალს ვორონცოვ-დაშკოვსაც. ვაწყობდით კრებებს, ილიას თანდასწრებით, ვაგროვებდით ცნობებს და ილიას ვაკისრებდით, პირადად მოლაპარაკებოდა ამ საკითხზე ვორონცოვ-დაშკოვს. ილია უარზე იდგა და გვეუნბებოდა, მაგ თქვენი "კეფალიისა" (ასე უწოდებდა ირონიულად ავტოკეფალიას) არა გამეგება რა და ვინმე სხვა მიგზავნეთო. მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, არ მოვეშვით და ბოლოს ვაიძულეთ ილია დათანხმებულიყო. თან, რაც შეგვეძლო, ვუხსნიდით და ვუმარტავდით საქმის არსს. ბოლოს ილია წავიდა მეფისნაცვალთან. დიდხანს ესაუბრნა მასთან. ვორონცოვ-დაშკოვს ეთქვა, დამარწმუნეთ, რომ ეგ ავტოკეფალია სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც და მაშინ დაგიჭერთ მხარსო. ილიას ეპასუხნა, მე კი დამარწმუნეს, რომ საჭიროც არის და სასარგებლოცაო.

მერმე შექმნოდათ მსჯელობა. ბოლოს ილიამ მოგვიტანა ამბავი: "ამ ვორონცოვმა ყველა გარემოება ჩვენზე უკეთ იცის და პირში ბურთი ჩაგვჩარაო; მითხრა, ეკლესია ღმერთს ეხვეწება ყველა ქრისტიანული ეკლესიის შეერთებას და თქვენ კი არსებული ერთობის დაშლა გსურთო; განა გაგონილა, ერთ მართმადიდებელ სახელმწიფოში ორი სხვადასხვა საკათალიკოსო არსებობდესო?" ეს რომ მოვისმინე, შევეკითხე: "ბატონო ილია, განა არ უთხარით, რომ ბიზანტია ერთი სამართლმადიდებლო სახელმწიფო იყო, მაგრამ მასში ოთხი ავტოკეფალური საპატრიარქო არსებობდა: კონსტანტინეპოლისა, იერუსალიმისა, ანტიოქიისა და ალექსანდრიისა მეთქი?" ამაზე ილია ცოტა შეჩერდა, შემომხედა თვალებში და მიპასუხა: "აკი გითხარით, მაგ თქვენი კეფალიისა არაფერი მესმის და ნუ გამგზავნით მეთქიო?!". საერთოდ არ ეხალისებოდა აღიარება, თუ რამეში შეცდებოდა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში კი გამოტყდა. რა თქმა უნდა ილიამ იცოდა ეს ყოველივე, მაგრამ მეფისნაცვალთან საუბრისას აღარ მოაგონდა. ყველაფერი ხომ არ გაგახსენდება კაცს?! - მით უმეტეს, ასეთი ოფიციალური მიღების დროს!..

ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა. თან უნდა წაგვეღო ბაირაღები და პლაკატები, წარწერებით "აღგვიდგინეთ ავტოკეფალიაო" და სხვ. წამოიჭრა საკითხი: ვინ უნდა გასძღოლოდა წინ ამ არაჩვეულებრივ დემონსტრაციას? ილიამ გვითხრა, "თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო!". ამ მსჯელობაში მონაწილეობდნენ: ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლები, ქართველი მასწავლებები, მრევლთა წარმომადგენლები, ცალკეული მორწმუნენი. ილიას ბინაზე ვიკრიბებოდით ხოლმე. გვესწრებოდა ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე (დეკანოზ დავით ღამბაშიძის ჟურნალ "მწყემსი"-ს რედაქტორის შვილი), რომელიც კარგად ერკვეოდა საეკლესიო საკითხებში და უხსნიდა ილიას, ჩრდილოეთის საპატრიარქოს ჩვენი, ბევრად უფრო ძველი ეკლესიის გამგებლობის უფლება არა აქვსო. იაკობ გოგებაშვილიც ესწრებოდა ხოლმე სხდომებს და მონაწილეობდა მსჯელობაში და ბევრი სხვაც. ერთი სიტყვით, ფართო საზოგადოება იყო ამ საქმეში ჩაბმული. მაგრამ განზრახული დემონსტრაციის მოწყობა აღარ დაგვჭირდა, ვინაიდან ჯერ იყო და 1905 წლის რევოლუციამ სასტიკი ხასიათი მიიღო და ბოლოს კი, 1917 წელს, საქართველოს ეკლესია ასე ვთქვათ, რევოლუციურად ჩამოშორდა რუსეთისას. ილიას განცხადებამ, "მე წაგიძღვებითო", ყველა გააკვირვა, იმიტომ, რომ ის უფრო თავდაჭერილ კაცად მიაჩნდათ.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებას ილიასთან ერთად ესწრებოდნენ ადმინისტრაციული პირები, რომელნიც ხშირად ერეოდნენ საზოგადოების საქმეში და ხელს გვიშლიდნენ. ასეთები იყვნენ სახალხო ინსპექტორები, მზრუნველი, მისი თანაშემწენი, ექზარქოსი და სხვები. ილია საქმეებით მეტად დატვირთული იყო და ხშირად ვერ ახერხებდა ყველა ამ პირებთან სიარულს. ერთხელ ი. გოგებაშვილმა მიმიწვია კრებაზე, რომელსაც დაესწრო დაახლოებით 30 კაცი. ამ კრებაზე მან განაცხადა: "ჩვენი საქმეები ძალიან ცუდად მიდის, კაცი არა გვყავს, რომ სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებთან განუწყვეტლივ იაროს ან ჩვენ წაგვყვეს, რომ მათ ჩვენი ჭირ-ვარამი ავუხსნათ და უსამართლობაზე ხელი ავაღებინოთო. ილია საქმეებით არის დატვირთული და მას ასე ხშირად ვერ ვაწუხებთ და თუ კაცი ვერ ვიშოვეთ, რომელსაც მთავრობა ასე თუ ისე ანგარიშს გაუწევს, ვერაფერს ვერ გავხდებითო". ვანო მაჩაბელმა თქვა: "ასეთი კაცი ჩვენ გვყავს, ეს არის თბილისის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი შაქრო მაღალაშვილი, თუ მას ამოირჩევთ წერა-კითხვის საზოგადოების თავმჯდომარედ, დიდად გამოგვადგებაო". გადაწყვიტეს ის აერჩიათ თავმჯდომარედ. ვ. მაჩაბელს წინასწარ ამის ნება არ უთხოვია მაღალაშვილისაგან, რომელიც კარგ განწყობილებაში იყო ილიასთან და ამიტომ შეიძლება თავმჯდოამრეობაზე არ დათანხმებულიყო, მაგრამ ვანო დარწმუნებული იყო, რომ მაღალაშვილი უარს არ იტყოდა, თუ კი მას ამოირჩევდნენ.

დადგა არჩევნების დღე. ილია თავმჯდომარეობდა. სხვა საქმეები რომ გათავდა, ჯერი მიდგა თავმჯდომარის არჩევაზე. მაშინ კანდიდატების წინდაწინ დასახელება არ იყო მიღებული, დამსწრეთა ბარათებით უნდა დაესახელებინათ, ვინ უნდოდათ თავმჯდომარედ. ჩატარდა არჩევნები და შეკრიბეს ბარათები. ილიამ დაიწყო ბარათების კითხვა. მდივანი წერდა ხმათა ანგარიშს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ილიამ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მაღალაშვილმა და, ამგვარად, ისევ ილია დარჩა თავმჯდომარედ.
ეს პირველი კრება იყო, რომელზედაც საზოგადოების თავმჯდომარედ სხვა კანდიდატი იყო დასახელებული მის წინააღმდეგ და ამან ილიაზე ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა. მართლაც დიდი უხერხულობა იყო იმაში, რომ ახალი თავმჯდომარე დასახელებული იყო ილიასთან წინასწარ შეუთანხმებლად, რომელსაც ასეთი განსაკუთრებული, განუზომლად დიდი ღვაწლი მიუძღოდა საზოგადოების წინაშე. როდესაც ილია აირჩიეს, უმაღლესი საბჭოს სათათბიროს წევრად, წერა-კითხვის საზოგადოების თავმჯდომარეობიდან გადადგა, მის მაგიერ კი გიორგი ყაზბეგი იქნა არჩეული. ბოლო ხანებში მეფის რუსეთის მთავრობა უკვე დიდი ეჭვით უცქერდა ილიას და თვალყურს ადევნებდა მის მოქმედებას. მაგონებდა ილიას მონაწილეობა გაბრილე ეპისკოპოსის (ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძის) დაკრძალვაში და ცოტა რამე ამის შესახებაც უნდა ვთქვა.

ფოტოზე: მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი 1860 - 1896 წლებში გაბრიელ, ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე (1825-1896)
გაბრიელ ეპისკოპოსზე ილია დიდი აზრისა იყო.

ერთ ხუთშაბათს საღამოს რომ ვიყავით ილიასთან შეკრებილი, წამოიჭრა საკითხი: მთავრობა უწევს რაიმე ანგრიშს ქართველ მოღვაწეთა ნათქვამს თუ არაო? ილიამ სთქვა: "კაცმა იცისო! მაგალითად, რასაც გაბრიელ ეპისკოპოსი იტყვის, იმას დიდ ანგარიშს უწევენო. ეკლესიის საკითხებში ანგარიშს უწევენ ნიკო ამილახარსაცო". ის ნიკო ამილახვარი დიდი მორწმუნე კაცი იყო და პირდაპირ ეგზარქოსსა და ეკლესიის სხვა მეთაურებს მიმართავდა ხოლმე, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა. ერთხანს ხომ აკრძალეს ლოცვანისა და სხვა საეკლესიო წიგნების ქართულად ბეჭდვა! ჰოდა, ნიკო ამილახვარმაც უთხრა ეგზარქოსს: "Я перестал молитьсия, потому, что мой грузинский напечатанный молитвенник истрепался, Ваш русский молитвенник я не понимаю, а Вы приостановили издание молитвенников на грузинском языке!" ეგზარქოსი ამ სიტყვებზე შემკრთალიყო და ეთქვა: "Никогда не запрещал издание грузинского молитвенника, это недоразумение!" მაშინვე გაეცა ლოცვანის დაბეჭდვის ბრძანება.


გაბრიელ ეპისკოპოსი რომ გარდაიცვალა (1896 წ.), ქუთაისის ინტელიგენციამ ერთობ დააყოვნა მისი დამარხვა, რათა საუკეთესოდ მოემზადებინა ქართველი ხალხი მიცვალებულის პატივსაცემად. სასტიკი, გაჭიანურებული ზამთარი იდგა და უგზოობის გამო ხალხი ვერ ჩადიოდა. დამარხვა იმა წლის მაისში მოხდა მხოლოდ, გელათის მონასტერში. ბოლოს, როდესაც, როგორც იქნა, დანიშნეს დაკრძალვის დღე, თბილისის ყველა დაწესებულებიდან წავედით დეპუტატები და ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, ილიაც. მას გამზადებებული ჰქონდა სიტყვა, რომელიც საფლავზე უნდა ეთქვა, მიცვალებულის ცხედარი ძვალ-ტყავად ჩანდა, არც შექანებულიყო, ისე, ცივად იყო შენახული. მართალია, მღვდელმთავარს არ შეშვენოდა ასეთი გაუთავებელი გლოვა, მაგრამ ქართველების, მეტადრე დასავლელების ამბავი ხომ მოგეხსენებათ ამ საკითხში, ამხანაგად?!

მატარებელში ერთად შევიყარენით: მე, ილია ჭავჭავაძე, ლევან ჯანდიერი, ვანო რატიშვილი, ანდრია ღულაძე და სხვები აღარ მახსოვს. ლევან ჯანდიერი თბილისის მაზრის უფროსი იყო, ილიას დიდი მეგობარი და ერთგული მომხრე; უაღრესად კარგი, ჭკვიანი და საზრიანი ქართველი, ნამდვილი საქმის კაცი, უკეთესი არ შეიძლებოდა. მისი თაოსნობა იყო, მთიულები რომ გადმოასახლა მანგლისის მხარეში და კავთისხევში. ივანე რატიშვილი, მასწავლებელი, მე დავნიშნე სათავადაზნაურო სკოლის დეპუტატად გაბრიელის დაკარძალვაზე. ძალიან კარგი, რაღაც ღვთიური კაცი იყო და ასეთ სიტყვებს ხომ შესანიშნავად ამბობდა ხოლმე! სულ სხვანაირი იყო ანდრია ღულაძე - ნაკლებ განათლებული, მაგრამ დიდი ფართი-ფურთის და პრეტენზიის კაცი. ხან რას აკეთებდა, ხან რას: ერთ დროს საბავშვო ჟურნალს სცემდა, მერე ცენზორი იყო, იმხანად კი რომელიღაც უცხო გაზეთების თუ სხვა რაღაცის კორესპონდენტად მუშაობდა და ასე. სრულიად არ ჰგავდა იგი თავის ძმას იაკობს - პედაგოგს, გიმნაზიის ინსპექტორს, დიდად განთლებულ კაცს... სწორედ გელათს ჩვენი გამგზავრების წინ გაეგზავნა ანდრიას დეპეშა საზღვარგარეთულ გაზეთებისთვის, ერთ-ერთი უცხოელი კორესპოდენტის შესახებ: "თბილისიდან ინდოეთში გაემგზავრა და ამას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სამხრეთი აზიისთვისო". ეს შენიშვნა უკვე თავის მხრივ დაურთო, ვითომდა საქმეში ჩახედულობის გამოსამჟღავნებლად. ილიას უყვარდა ასეთი პრეტენზიების მქონე "ინტელიგენტების" გაქირდვა და გზაში სულ ეკითხებოდა: "როგორ იყო, ანდრია, დიდ პოლიტიკურ ფაქტად რომ გამოაცხადე იმ კორესპონდენტის ინდოეთში წასვლაო?" ისიც იცინოდა, აბა რას იტყოდა? აკაკიმაც იცოდა ხოლმე ანდრია ღულაძეზე ოხუნჯობა. ანდრიას დიდ პატრიოტად მოჰქონდა თავი. სხვათა შორის, ძალიან უყვარდა სამგლოვიარო პროცესების მოწყობის გამგეობა და სხვა ასეთი საქმეები და ჩვენც მართლა პატრიოტი გვეგონა. ჩვენს ხანში შესულ ქალებსაც მოსწონდათ, ერთმა ასეთმა ქალმა, რომელიც პოეტობდა შეიყვარა კიდევაც... მატარებელში ვიღაც ჩვენგანს ცხიკება აუვარდა, ცივი დარი იყო. ილიამ სთქვა, მაგისი არაფერი ვიციო, ე.ი. ჩემს დღეში ცხვირს არ მაცემინებოსო. მაგრამ გელათში რომ ავედით, მეორე დღეს, იქ ილიამ დააცემინა ცხვირი - სინოტივე იყო და ალბათ იმის გამო. მაშინ თქვა, "გუშინ ტყუილად დავიკვეხეო!". ჩვენთან ერთდ მოდიოდა კიდევ ნიკო ღოღობერიძე და მან გვიმასპინძლა ქუთაისში. თბილისიდან საღამოს გასულნი ქუთაისში დილას ჩავედით და მაშინვე გავემგზავრეთ ეტლებით გელათისაკენ. ცოტა თოვლი ჯერ კიდევ იდო გზაზე. იმ დროს ქუთაისის პოლიცმეისტერად იყო, თუ არ ვცდები, ვინმე სიმონიშვილი, რომელსაც ქართველებს შორის, ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, დამსახურებისათვის ყველაფერს ჩაიდენსო. ლევან ჯანდიერს შეეტყო და ჩვენც გვაცნობა, რომ იმ სიმონიშვილს თბილისიდან ზედიზედ მისდიოდა დეპეშები: "Следить за Ильей Чавчавадзе и записать каждое слово, что он скажет".

გაბრიელ ეპისკოპოსის ცხედარი, რა თქმა უნდა, გელათის ეკლესიაში იყო დასვენებული, საკურთხეველის წინ. ხალხი მოდიოდა, მჭიდროდ ერტყმოდა კუბოს გარშემო და იყო გაუთავებელი სიტყვები. ზედიზედ გამოდიოდნენ იმერელი ახალგაზრდები თუ სხვები და უზომოდ ენამზეობდნენ, რომ საუკეთესო ორატორებად ეჩვენებინათ თავი. როგორც აღვნიშნე, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად არ შეეფერებოდა ეპისკოპოსს და მეტადრე ასკეტური სულისკვეთებით გამსჭვალულ გაბრიელს, რომელიც სიცოცხლეში სწორედ რომ არ თანაუგრძნობდა ხოლმე ასეთ საქციელს. ამ მდგომარეობაში ვიყავით, რომ საღამო შემოვესწრო და ილიამ გვითხრა: "ჩემი სიტყვის თქმა აღარ ღირს, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ დავიცადოთო და მერე კი წავიდეთო".

ბოლოს მანვე გვითხრა, "მივიდეთ ახლა და გამოვეთხოვოთ მიცვალებულსაო". მე წინდაწინ მივედი კუბოს ირგვლივ შემორტყმულ ხალხთან, რამდენადმე გავთიშე იგი და ხმა-მაღლა დავიძაძახე: "ბატონებო, ცოტა ჩამოდექით და გზა მოგვეცით, ბატონს ილია ჭავჭავაძეს აქვს სიტყვა-მეთქი". ერთი სიტყვით, "პროვოკაცია" მოვუწყე ილიას! ხალხი მაშინ გაიშალა, ილიაც წამოდგა და წარმოსთქვა სიტყვა. მას დიდი პატივისცემითა და აღტაცებით მოუსმინა დიდძალმა ხალხმა, რომელსაც გაეჭედა ეკლესია. ლევან ჯანდიერს ეს ძალიან იამა და მადლობა მითხრა, რომ ვაიძულე ილია და ვათქმევინე სიტყვა. ეს უკანასკნელი მართლაც შესანიშნავი იყო, კარგად ჰქონდა ილიას მომზადებული და წინასწარვე გაგვაცნო; მერე დაიბეჭდა კიდევაც. თითონ ილიაც კმაყოფილი დარჩა, რომ სთქვა.

გელათში მცირეოდენი გვასაუზმეს, მაგრამ არ გვეყო და ქუთაისში მოშივებულნი ჩამოვედით. ნიკო ღოღობერიძემ სადილის საჭმელად შეგვიყვანა დარბაზში, რომელიც იმავე დროს სასადილოც იყო და დავინახეთ, რომ სუფრას მრავლად შემოსხდომოდნენ მოქეიფენი, პოეტ გიორგი შარვაშიძის მეთაურობით. მათ შორის იყო ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იასონ გელოვანიც. უკვე ყველანი შემთვრალიყვნენ და მალიმალ გალობდნენ საეკლესიო ჰანგს: "განუსვენე, უფალო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისასაო". რომ დაგვინახეს, ყველანი წამოდგნენ და შარვაშიძემ წამოიძახა: "ო-ო-ო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახლა სუფრაო!" მივუჯექით მაგიდას. მთვრალმა მასპინძლებმა დაადგინეს, რომ ჯერ დაგველია იმათი სადღეგრძელო, ვინც იქ ჩვენ შესვლამდე ისხდნენ და მერე განეგრძოთ სადღეგრძელოები. მაგრამ ილიას სადღეგრძელო მაინც პირველად შესვეს. კაი გვარიანი ჭიქები იყო; ხუთ-ხუთი დაგვიდგეს თეფშზე და შემოგვთავაზეს დალევა, მაგრამ ნიკო ღოღობერიძემ სთხოვა, მშივრები ვართ, ცოტა გვაცალეთ, საჭმელი ვჭამოთ და მერე ყველას გიახლებითო. დაგვეთანხმდნენ. ილია ჩვეულებრივ მადიანად შეუდგა ჭამას და თან ღვინოსაც უანგარიშოდ სვამდა. იმ ლაპარაკსა და სმაში ჩემ გვერდით მჯდომმა ნიკო ღოღობერიძემ გადაუჩურჩულა ლაქიას, ილიას ააცილეთ ის ხუთი ჭიქაო: ეშინოდათ, არ აწყინოსო. ლაქიამ მართლაც მოახერხა ილიასათვის იმ ხუთი ჭიქის აცილება და სხვებმაც, ჩვენთან მოსულებმა, ვისაც არ შეეძლო სმა, უარი თქვეს - მათ შორის, რა თქმა უნდა, ნიკო ღოღობერიძემაც, რომელსაც გული სუსტი ჰქონდა და ღვინო სწყენდა. უარი სთქვა მისმა ძმამაც, სიმონ ღოღობერიძემ, რომელიც წინათ ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიაში. იმ დროს უკვე გადამდგარიყო სახელმწიფო სამსახურიდან და კერძო სათავადაზნაურო სკოლის გამგედ იყო დანიშნული.

ფოტოზე: პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე (1846-1918)

თამადას, გიორგი შერვაშიძეს ღვინო მოკიდებული ჰქონდა და მკვახედ მიმართა სიმონ ღოღობერიძეს: "ასე, თქვენ არასოდეს არ გვიჭერთ მხარს საზოგადო საქმეებშიო". და ამისთანები... მერე მოყვნენ ჩვენ სადღეგრძელოებს და როდესაც ილიას ერთი ჩვენგანის სადღეგრძელო-ღა დარჩა დაულეველი, უთხრეს, მიირთვიო. ილიამ უპასუხა: "დიდი სიამოვნებით გიახლებით, მაგრამ გულს მაკლია, რომ პირველად დასალევი ხუთი ჭიქა არ შემისვამსო". "ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მოართვით ილიას ის ხუთი ჭიქაო!", დაიძახა თამადამ, ნიკო ღოღობერიძემ ხელი წამკრა და მითხრა: "საკვირველი კაცია ეს ილიაო!" მოართვეს "აცილებული" ხუთი ჭიქა, ილიამაც ნელ-ნელა, გემრიელად შესვა და ბოლოს იმ ჩვენი ამხანაგის სადღეგრძელოც დალია. მართლაც საოცარი კაცი იყო! "გულს მაკლიაო", დინჯად, სერიოზულად უთხრა: არ უნდოდა, რომ ვისმე ჩამორჩენოდა იქა! ილია სიმონ ღოღობერიძის ბინაზე მოათავსეს. მე მეორე დღეს, ადრე გამოვბრუნდი თბილისს, ილია კი იქ დარჩა, არ მახსოვს, რამდენ დღეს. მისთვის ეჩვენებინათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა და სხვა მეგობრები...

გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა ვთქვა: პირველად იგი ახლო ვნახე საღმრთო რჯულის გამოცდის დროს, როდესაც ოთხკლასიან პროგიმნაზიას ვათავებდი ქუთაისში. ის გამოცდაზე დასასწრებად სკოლის ინსპექტორმა იუდინმა და საღმრთო სჯულის მასწავლებელმა მოიწვიეს. მართლმადიდებელი შეგირდები სულ ხუთი ვიყავით: მე, იოსებ დადიანი, შარუხია, გორგასლიძე და ერთი რუსი (გვარი არ მახსოვს). ყველანი ერთად დაგვაყენეს გაბრიელის წინ (ისე მოისურვა მან). გაბრიელთან იჯდა ინსპექტორი, მაჭავარიანი კი თავზე გვედგა. ჯერ გვარები წაიკითხა, ჩემი გვარის შესახებ თქვა: "ეს გურულიაო". დაგვიწყეს გამოცდა: გვათქმევინეს ლოცვები, გვაამბობინეს სამღვთო ისტორიის მოთხრობები; მერე გაბრიელმა გვკითხა, თუ რა სასწაულები მოახდინა იესო ქრისტემ. ჩვენც დაწვრილებით ჩამოუთვალეთ, რაც ვიცოდით. მან გვითხრა: "Такие чудеса и другие святые совершали а какое такое чудо совершил" - და დასძინა: какого никто, кроме него, не совершил"? ამ კითხვაზე ჩვენ მხოლოდ განვიმეორეთ ის, რაც წინათ გვქონდა ნათქვამი: "Слепых прозревал, бесноватых исцелял, Лазаря воскресил" და სხვა. - "Нет, нет! это и другие делали". ჩვენ გაკვირვებით შევხედთ ჩვენს მასწავლებელს მაჭავარიანს, რომლისგანაც ასეთი კითხვა არ გვსმენოდა, და რა თქმა უნდა, არც მისი პასუხი. მასაც გაკვირება ეტყობოდა და ცხადი იყო, არც მან იცოდა, რა პასუხი უნდა მიგვეცა. რაკი ჩვენ ვერას გავხდით, გაბრიელმა თვით მოგვცა პასუხი: "Себя воскресил! Себя воскресил!" მე ვერ წარმომედგინა, რომ მკვდარი კაცი თავის თავს გააცოცხლებდა, ის სხვას უნდა გაეცოცხლებინა, მაგრამ პირდაპირ ამის ხმამაღლა განცხადება ვერ გავბედე და თავჩაღუნულმა ჩავილაპარაკე: "Ведь у Христа был отец, бог отец! Он его воскресил". გაბრიელმა განმარტა: "Бог отец, бог сын и дух святой одно единое божество, бог сын явился на земле в образе человека, чтобы своим страданием искупить род человеческий, после распятия в нем умерла человеческая природа и не божественная, и эта божественная природа снова воскресила себя в образе человека, чтобы показаться своим учениками и убедить их и весь мир, что бог не умирает и не глазах учеников в образе человека вонесся на небо и в образе человека явится в мир во время второго пришествия" და სხვა. შემდეგ გაბრიელი მე აღარ მინახავს, მაგრამ სხვებისაგან გამიგონია, რომ მან ასეთი კითხვების წამოყენება სხვა გამოცდების დროსაც იცოდა.

გაბრიელი სპეტაკი ზნეობის მღვდელმთავარი იყო და ვერ ურიგდებოდა მისი დროის იმ მღვდელმთავრებს, რომელთაც ასეთი ზნეობა აკლდათ. მის დროს სამეგრელოს მღვდელმთავრად იყო გრიგოლ დადიანი, რომელსაც ბევრ უზნეობას სწამებდნენ. გაბრიელს ჩამოეგდო ამის შესახებ მასთან ლაპარაკი, დადიანს ეს შეურაცხყოფად მიეღო და ეთქვა: "მეც ისეთივე მღვდელმთავარი ვარ, როგორც თქვენ, და ასეთი ამბავი ჩვენს შორის არ ეგებისო".
გაბრიელს უპასუხია: "მართალია, მღვდელმთავარი კი ხართ, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, ვამხილოთ ერთმანეთიო".

ახლა ზოგი რამ ილიას ოჯახური ცხოვრების შესახებ.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემ დროს ილია თბილისში ცხოვრობდა, თავის მიერ აშენებულ, მაგრამ დის კუთვნილ სახლში. არ ვიცი, უწინაც მასთან ერთად იდგა მისი და თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ იმ ახალ ბინაში ოჯახს მაინცდამაინც შეხმატკბილებული ცხოვრება არ ჰქონია. მათი შინაური ამბები ვიცი ელენე გიორგის ასული ჯაბადარისაგან. იგი რუსის ქალი იყო, სპირიდონ ჯაბადარის მეუღლე. სათავადაზნაურო სკოლის გამგეს, ჩემს წინამორბედს ალექსი ჭიჭინაძეს მიეწვია, ილიას რეკომენდაციით, სკოლის პანსიონის ეკონომად და ჩემ დროსაც სულ ბოლომდე იყო ის ქალი იმ თანამდებობაზე.

სპირიდონ ჯაბადარი დიდი მეგობარი ყოფილიყო ილიასი და ერთი იმ მასთან დაახლოევებული მოღვაწეთაგანი, რომელნიც ილიასთან ერთად ზრუნავდნენ საქართველოს საქმეებზე. ესენი იყვნენ: გიორგი ყაზბეგი, ივანე პოლტარაცკი, ნიკო ღოღობერიძე, დავით ყიფიანი, აკაკი წერეთელი, პეტრე ნაკაშიძე (ილია ნაკაშიძის მამა, ილია ჭავჭავაძის დიდი მეგობარი), ილია წინამძღვრიშვილი, სერგეი მესხი და სხვები. მაგრამ ჯაბადარი ოჯახურადაც ახლოს იყო დაკავშირებული ილიასთან: მათი ცოლები მეგობრები იყვნენ: ელენე ჯაბადარი ჯეროვნად განათლებული ქალი იყო, კარგად იცოდა ფრანგული ენა, კარგად ესმოდა და მეტად უყვარდა მუსიკა, გასაოცარი ენერგიის პატრონი იყო, დიდი პატიოსანი, შეგნებული და კაცთმოყვარე. პანსიონერ ბავშვებს ნამდვილ დედობას უწევდა. ილიასთან და მის ცოლთან სიახლოვე სიკვდილამდე არ შეუნელებია და ქმრის სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო განამტკიცა. ყოველ კვირა დღეს (როდესაც იგი სამსახურისაგან თავისუფალი იყო) სადილად ეწვეოდა ხოლმე მათ. ილიას მეუღლე ოლღაც ორ დღეში ერთხელ უსათუოდ მივიდოდა ელენესთან, მას შესჩიოდა თავის დარდებს.

რაც რამე ვიცი ილიას ოჯახური ცხოვრების შესახებ, ყველაფერი იმ ელენესაგან მაქვს გაგონილი... როგორ იხმარდა ილიას და ელისაბედი თავის შემოსავალს, ან რა ხარჯს ეწეოდა ილიასთან ერთად ცხოვრებისას, არ ვიცი. ერთი კი ცხადია, რომ ილია მის სახლში იდგა და ბინის ქირას არ იხდიდა. სანოვაგე კი - პური, ღვინო, ხილი, ქათამი, ინდოური, გოჭი და სხვა - ილიას სულ ოლღას მამულიდან, საგურამოდან ჩამოსდიოდა ხოლმე. ილიას გაგიჟებით უყვარდა საგურამოს მამული და დიდი მეურნეობაც ჰქონდა მოწყობილი, იქ მან პირველ ყოვლისა, მშვენიერი სასახლე აიშენა.

მამულიც მართლა შესანიშნავი იყო - ლამაზი მდებარეობით, ჰავითა და მოსავლით. მაგრამ ილია მთელ იმ რთული მეურნებას მოურავების ხელით აწარმოებდა და ისინი, რა თქმა უნდა, ხეირს არ აყრიდნენ საქმეს. ილია გატაცების კაცი იყო მეურნეობაში: როგორც კი ამოიკითხავდა გაზეთში ახალი სასოფლო-სამეურნეო იარაღების შემოღების შესახებ, უსათუოდ გამოიწერდა და გაუგზავნიდა ხოლმე მოურავს. მოურავებს მათი გამოყენების არაფერი გაეგებოდათ და იარაღებიც სულ მალე ფუჭდებოდა - ხან ერთი ხრახნი დაეკარგებოდათ, ხან მეორე და შემკეთებელიც არვინ იყო. რასაკვირველია, ყველა იარაღის მოხმარებას თავისი სპეციალისტი სჭირდება და ეს სპეციალისტები კი ჩვენში არსად იყვნენ. მახსენდება ერთი ამბავი. ილიასა და მის მეგობარს ივანე პოლტარაცკის გაზეთში წაეკითხათ, რომ შეიძლება წიწილების უკრუხოდ გამოჩეკვა და თანაც ერთბაშად 500-სა და მეტისა და არა 20-სა, როგორც კრუხით იჩიკება ხოლმე. გამოიწერეს ორივემ ინკუბატორები და გაგზავნეს თავ-თავიანთ მამულებში, ილიამ საგურამოში, ხოლო ივანემ - ოქროყანას. წიწილები კი მართლა დააჩეკინეს მანქანებს, მაგრამ იმ წიწილებს სხვანაირი მოვლა სჭირდებოდათ და რაკი ამის მცოდნე არავინ მოიპოვებოდა, ნელ-ნელა ყველა გაუწყდა. ამრიგად, ინკუბატორსაც თავი დაანებეს. ასე მიდიოდა მეურნეობის საქმე საგურამოში.

ილიას სახლიც ძვირად დაუჯდა - თავისივე სიტყვით, 40.000 მანეთად. მახსოვს, ერთ ილიობა დღეს ვეწვიე საგურამოში (ეს იყო ჩემი ერთადრთი ასვლა იქ ილიას სიცოცხლეში). თავის დღესასწაულს იგი, როგორც ცნობილია, ყოველთვის დიდი მარაგით იხდიდა: მთელს კარგა დიდ სოფელსა და მეზობლებს პატიჟობდა, დიდძალი მეგობრები და ნაცნობებიც ესწრებოდნენ და ძალიან დიდ ნადიმს მართავდა ხოლმე. საღამოს, ხალხი რომ დაიშალა, აივანზე ვისხედით და ვსაუბრობდით. ილიამ ლაპარაკში გამოურია, სხვათა შორის: "მე ვითომ ჭკვიან კაცს მეძახიან, მაგრამ რომ დავფიქრდები, ჭკუა არა მქონიაო: ეს სახლი 40.000 მანეთი დამიჯდა, ამ ფულით თბილისში ორ დიდ სახლს ავიშენებდი და მათი შემოსავალი მარჩენდა, ახლა კი ვალებში ვარ ჩავარდნილიო". ილიას არ უჯერებდნენ, როდესაც ამბობდა, ვალები მაქვს და გაზეთ "ივერიას" გამოცემა შემოსავალს კი არ მაძლევს, ჩემს ფულს მადებინებს ზედაო. მაგრამ შემდეგ გამოირკვა, რომ ილია მართალს ამბობდა. როგორც ცნობილია, ილიამ ბოლოს გამომცემლობა გადასცა ერთ მცირე წრეს, რომელსაც მეთაურობდა ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ძალიან კარგი კაცი. ეს იყო "ვეფხისტყაოსნის" ყალბი ადგილები რომ გაარჩია ჟურნალ "მოამბე"-ში; მერე ჩემთან მუშობდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში, ხაზინადარადაც, მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგედაც და დიდად ენერგიულ დახმარებას მიწევდა. ჰოდა, ალექსანდრე სარაჯიშვილი და მისი ამხანაგები რამდენიმე თვის შემდეგ უკვე დარწმუნდნენ, რომ გამომცემლობა მართლაც ზარალს იძლეოდა და, რა თქმა უნდა, მიატოვეს ის საქმე. ამას გარდა, როდესაც ილია მოჰკლეს და კომისიამ მისი ქონება აღწერა, აღოჩნდა, რომ ბევრი არაფერი დარჩენოდა. თავისი საგვარეულო მამული და ნივთიერი ქონება რომ მცირე უნდა ჰქონოდა, ამას მოწმობდა მისი სულ უბრალო სახლი და პატარა მამული ყვარელში. ჩემ დროს ილია ცხოვროდა ცოლის მზითევის -საგურამოს მოზრდილი მამულის შემოსავლით, და აგრეთვე, როგორც უკვე აღვნიშნე, დის დახმარებით. სხვა რა ჰქონდა ფულად თუ ნივთიერად ელისაბედ საგინაშვილისას, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ კი აშკარაა: თბილისში ილია მის სახლებში ცხოვრობდა და თვითვე განაგებდა იმ სახლებს, თუმცა იმავე დროს ელისაბედს ჰყავდა მოურავიც, ილიას სტუდენტობის ნაამხანაგარი მიხაკო ჩიკვაძე. ასე გაგრძელდა თითქმის მანამდე, სანამ ილიას აირჩევდნენ სახელმწიფო საბჭოს წევრად, 1906 წელს. ფაქტია, რომ ცოტა უფრო ადრე ილიამ მიატოვა ბინა ელისაბედის სახლში და იქირავა პატარა სახლი ანდრიას ქუჩაზე. შემდეგ ის სახლი იყიდა და ოთახების მიშენებასაც აპირებდა. რა იყო მიზეზი ილიას ამ ჩვენთვის უეცარი, გადასახლებისა თავისი დის სახლიდან, რომელიც მისი აშენებული იყო და სადაც მას თავის გემოზე ჰქონდა მოწყობილი და მოკაზმული კაბინეტი? ეტყობა, დიდი შეტაკება უნდა მოსვლოდათ ილიასა და მის დას.
იზეზი არ ვიცი, ვინაიდან იმ დროისათვის ელენე ჯაბადარმა, მოხუცებულობის გამო დაანება გიმნაზიაში სამსახურს თავი, გადასახლდა თავის პატარა მამულში, საგარეჯოს, და იქ ცხოვრობდა თავის სიძესთან, სავიჩთან ერთად, რომელიც წინათ ჩრდილო კავკასიის რომელიღაც გიმნაზიაში იყო მასწავლებლად და რომელსაც ელენეს ქალთან ქალ-ვაჟი ჰყავდა. მას შემდეგ ელენე ერთხელაც აღარ ჩამოსულა თბილისში და აღარც მე მინახავს და აღარც ილიას ოჯახს.

ეგებ არც მან იცოდა მიზეზი ილიასი და მისი დის გაყრისა, თუმცა არა მგონია, რომ ოლღას წერილით მაინც არ ეცნობებინოს მისთვის ეს ამბავი. ილიასთან იმ ახალ ბინაზე არა ვყოფილვარ, რადგან მაშინ უკვე აღარ მქონდა ხოლმე მასთან საქმე და ის კი იქ წვეულებას აღარ მართავდა. ვერც ისე ვხვდებოდი ილიას, რადგან იგი ხშირად და დიდი ხნობით იყო ხოლმე პეტერბურგში. აღარც ელისაბედი მინახავს მათი გაყრის შემდეგ. მხოლოდ დიდი ხნის მერე, უკვე რევოლუციის შემდეგ, მომწერა ერთხელ წერილი, რომელშიც მთხოვდა, მივსულიყავი. მეც ვინახულე და შემომჩივლა, შიმშილით ვკვდები და მიშუამდგომლე, მენშევიკებმა რამე თანხა დამინიშნონ სარჩოდაო. მე ვუთხრი, არა მაქვს იმედი, რომ ამ მთავრობამ ილიას დას რამე დაუნიშნოს, ხომ იცი, რა ცუდი ურთიერთობა და გაუთავებელი პოლემიკა ჰქონდა ნოე ჟორდანიას ილიასთან მეთქი? მით უმეტეს, რომ სახლები გაქვთ და რატომ თქვენ ნათესავ კოტე აფხაზს (ილიას მეორე დისშვილს, თავად-აზნაურობის წინამძღოლად ნამყოფს) არ მოელაპარაკებით ამის შესახებ მეთქი? მან მიპასუხა, სწორედ კოტე აფხაზი მირჩევს, სახლები გავყიდო და იმით ვიცხოვრო, მაგრამ აბა, ილიას კაბინეტი როგორ გავყიდოო?.. მას აქეთ ელისაბედი აღარ მინახავს და აღარც მისი ამბავი გამიგია. ეს ეპიზოდი მოწმობს, თუ რამდენად ხელმოჭერილი ქალი იყო: სახლი არ ემეტებოდა გასაყიდად და მენშევიკებს კი სთხოვდა სარჩოს!..

ასე იყო თუ ისე, ცხადია, რომ ილიას არა ჰყოფნიდა არც საგურამოს მამულის შემოსავალი, არც ბანკიდან აღებული ჯამაგირი და არც თავისი დის, ელისაბედისაგან მიღებული დახმარება. და იგი სულაც არ აზვიადებდა, როცა ამბობდა, ვალები მაქვსო. ერთხელ, "ბანკოვიადის" დროს, ილიამ თავის სიტყვაში, სხვათა შორის, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ასეთი ფრაზა გამოურია: "მანამ თქვენი ნდობა მაქვს, ჩემით აქედან არ გავიქცევი და რომ გავიქცე, შიმშილით უნდა მოვკვდეო". როგორც ითქვა, იგი გულისხმობდა ვანო მაჩაბელს, რომელმაც თავისი სურვილით მიატოვა ბანკის დირექტორობა, თუმცა ის კენჭისყრის დროს არც ერთხელ არ გაუშავებიათ: ბანკის წევრები იმ ორ მოქიშპეს ყოველთვის ირჩევდნენ - ილიას გამგეობის თავმჯდომარედ და ვანოს კი დირექტორად. ამ სიტყვებს ბევრი არ უწონებდა ილიას და მეტადრე კი აკაკი წერეთელი.

მართლაც და ილია, უნივერსიტეტის გათავების შემდეგ, სხვა ნასწავლ ქართველ ინტელიგენტთა მსგავსად, სახელმწიფო სამსახურში შევიდა, რომ ჯამაგირით ერჩინა თავი. როგორც ცნობილია, იგი ერთხანს მომრიგებელ მოსამართლედ იყო დუშეთის მაზრაში და ის ადგილი მას ივანე პოლტარაცკიმ და ნიკო ნიკოლაძემ მიატოვებინეს, როდესაც პირველი ქართული ჟურნალის, "საქართველოს მოამბის" გამოცემა გადაწყვიტეს და ილია ჩამოიყვანეს თბილისში. რედაქცია მოაწყვეს "მუხრანსკის ნომრებში" (ბარიატინსკის ქუჩა რომ ამოდის, სწორედ იმ სახლს უყურებდა; მერე ის სახლი დაიწვა და მის ადგილას რაღაც უმსგავსო შენობა დაუდგამთ) და რედაქტორობა დაავალეს ილიას. იმავე დროს სომხებმა თავიანთი გაზეთის გამოცემა დაავალეს თავიანთ ცნობილ მოღვაწეს, არწრუნის. ბანკში წინათ მაინცდამაინც დიდი ჯამაგირები არ ჰქონიათ მოსამსახურეებს, მაგრამ როცა "ბანკოვიადა" მოთავდა და აქციების კონვერსია მოახდინეს, ბანკის შემოსავალმა ერთობ იმატა, ისე რომ ყველა ხარჯის გამოკლებით ნახევარი მილიონი მანეთი რჩებოდა საქველმოქმედო საქმეებისათვის და მომსახურეებსაც ჯამაგირი მოემატათ.

მაგალითად, ილია როგორც თავმჯდომარე, წელიწადში უკვე ხუთი ათასს იღებდა წინანდელი სამი ათასის მაგიერ. ამას გარდა, ბანკის მოგების გარკვეული პროცენტი მომსახურეებს ეძლეოდათ ზედმეტად და ეს პროცენტი მათ თვიურ ჯამაგირს აღემატებოდა.
ილია მეტად გულჩათხრობილი ადამიანი იყო. მე არ მგონია მას ისეთი მეგობარი ჰყოლოდეს, რომლისთვისაც თავისი ინტიმური დარდები და გულისთქმა გაენდოს. როდესაც ის საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა, მე და ნიკო ცხვედაძე მივედით მასთან. ცოტა მოწყენილი დაგხვდა, მაგრამ დიდხანს ვიბაასეთ. სხვათაშორის გვითხრა: "მე დარდიანი ადამიანი ვარ, მაგრამ ჩვეულებად არა მაქვს, რომ ჩემი დარდები სხვას გავუზიარო, მევე ვიკლავ გულშიო". ვიმეორებ: გულითადი მეგობრები არა ჰყოლია მას, მაგრამ დაახლოვებული პირები ბევრი ჰყავდა და ისინი ითვლებოდნენ ილიას მეგობრებადვე. მე რომ თბილიში ჩამოვედი, მისი მეგობრები ნიკოლოზ ჯაბადარი, დიმიტრი ყაზბეგი, ბესარიონ ღოღობერიძე ცოცხლები აღარ იყვნენ, ასე, რომ მათ შესახებ ვერაფერს გეტყვით. აქ რამდენიმე შენიშვნა ილიას ზოგიერთ დაახლოვებულ პირთა შესახებ.


ივანე ეგნატეს -ძე პოლტარაცკი (თბილისის ნოტარიუსი) ილიას ამხანაგი იყო გიმნაზიიდან. ქართული კარგად იცოდა, დაბადებულია ქუთაისში, დედა ქართველი ჰყავდა, ზედგინიძის ასული. პირველი ცოლიდან მას შეეძინა ერთი შვილი, რომელიც ილიას ნათლული იყო და მის სახელს ატარებდა. ილია პოლტარაცკი (ილიას ნათლული) თბილისის რეალური გიმნაზიის გათავების შემდეგ პარიზში გაემგზავრა უმაღლესი სწავლის მისაღებად და იქ დარჩა, ბანკში მსახურობდა და 1944 წელს გარდაიცვალა. ივანე პოლტარაცკის მეორე მეუღლე ნადო გაბაშვილის ქალი იყო. ივანეს იმისაგან ექვსი შვილი ჰყავდა: ხუთი ქალი და ერთი ვაჟი. პოლტარაცკიმ ილიას თხზულებები თარგმნა რუსულ ენაზე. მანვე თარგმნა რუსულად "ვეფხისტყაოსანი". ხშირად დადიოდა ილიასთან, აჩვენებდა მას "ვეფხისტყაოსნის" ძნელი ადგილების თარგმანს. ერთხელ მან მითხრა: "ილია წაიკითხავდა ხოლმე ჩემს თარგმანს და ზოგჯერ მეუბნებოდა, ეს ადგილი არ ვარგაო. რომ ვკითხავდი, აბა როგორ უნდა იყოს? - იმას კი აღარ ამბობდაო". პოლტარაცკი გარდაიცვალა 1892 წლის აგვისტოს დამლევს. მე მაშინ თბილისში არ ვიყავი. ილია დასწრებოდა მის დამარხვას. ეკატერინე გაბაშვილმა და სხვებმა მითხრეს: "ილიას თვალებიდან კურცხალ-კურცხალი ცრემლები სდიოდაო". ისინი გაკვირვებულნი იყვნენ: "ერთხელ ძლივს დავინახეთ მის თვალზე ცრემლიო".
ფოტოზე: აგრონომი, პუბლიცისტი, თბილისის ნოტარიუსი, კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების აქტიური წევრი, წინამძღვრიანთ კარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დამაარსებელი და მეურვე, ქველმოქმედი ილია წინამძღვრიშვილი (1934-1920) და ივანე პოლტარაცკი
ილია წინამძღვრიშვილი დიდად დაახლოებული იყო ილიასთან და ნამეტნავად მის მეუღლე ოლღასთან. ის იყო აგრეთვე ნათესავი ივანე პოლტარაცკისა და მის მეორე ცოლის - ნადო გაბაშვილისა. სპეტაკი ადამიანი იყო. დამაარსებელი და ხელმძღვანელი წინამძღვრიანთ კარის კერძო სამეურნეო სკოლისა, რომელსაც შესწირა მთელი თავისი სიცოცლე და ქონება. მე კარგად ვიცნობდი მას. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო უაღრესი ფიზიოკრატი, დარწმუნებული, რომ საქართველოს მარტო მეურნეობის გაჩაღება და განათლება უშველის. ამიტომ, მისი აზრით, ყველა შეძლებულ ქართველს ან უნდა სამეურნეო სკოლა გაეხსნა, ან არადა სკოლისათვის თავისი ქონება შეეწირა. ილიას მამულზე ამბობდა: "რა ოხრად უნდა ილიას საგურამოს მამული? შვილი არა ყავს და ძირი, სჯობს ჩვენს სკოლას შემოუერთოს და ამით გავაფართოოთ საქმეო". წერილებსა ბეჭდავდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოსცა დიდი წიგნი სათაურით: "ვაზის მოვლა". ი. წინამძღვრიშვილი პირველ ხანებში თბილისის მაზრის მომრიგებელ მსაჯულად მსახურობდა (1868-1901), მერე - თბილისის ქალაქის ნოტარიუსად. უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ენერგია, მოხერხება და საქმისათვის თავდადება - გამოუთქმელი. პირველად ილია წინამძღვრიშვილი სკოლას თავისი ხარჯით ინახავდა, მერე სათავადაზნაურო ბანკმა დაუნიშნა შემწეობა, მაგრამ მაინც მთელ თავის ჯამაგირსა და მამულის შემოსავალს ზედ ადებდა. ყოველ შაბათს ეტლით მიდიოდა თავის სკოლაში და ორშაბათს უკან ბრუნდებოდა. ზოგჯერ სარევიზიოდ თან მიჰყავდა პედაგოგები, ან შენობის სარემონტოდ - ხელოსნები და სხვანი.

თვით საპედაგოგო საქმის არასპეციალისტი იყო, ამიტომ სკოლის გამგეს და მასწავლებლებს ისეთ რამეებს ავალებდა, რის შესრულებაც შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, სკოლას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, კურსდამთავრებულნი სოფლებში კარგად მუშაობდნენ. ნიჭიერ შეგირდებს ის ნოვაცკის სამეურნეო სასწავლებელში აგზავნიდა, შემწეობას აძლევდა, მათთან მიწერ-მოწერა ჰქონდა. ყველა მისი შეგირდი მას თავის მამად სახავდა. ზომიერი ცხოვრების და ჰიგიენის მიმდევარმა ილია წინამძღვრიშვილმა დიდხანს იცოცხლა, მაგრამ უკანასკნელ სამ წელიწადს ლოგინად ჩავარდა. ნიკო ცხვედაძის ყოფილი ცოლი უვლიდა. არც ნათესავებსა და არც მეგობრებს მასთან არ უშვებდა. ეს მანდილოსანი სომხის ქალი იყო. ნიკოდან მას შესძენოდა ერთი ქალი.., რომელიც შემდეგ ფილიპე გოგიჩაიშვილმა შეირთო ცოლად, სამი ქალიშვილი შეეძინათ... ერთხანს ნიკოს ნაცოლარი პარიზში ცხოვრობდა, მერე კი დაუბრუნდა საქართველოში. ილია წინამძღვრიშვილის მძიმე ავადმყოფობა რომ შეიტყო, უყოყმანოდ მიეშველა და თავგამოდებით დაუწყო მოვლა, არაფერს აკლებდა და უმსუბუქებდა მდგომარეობას. ილია წინაძღვრიშვილის დასაფლავებას ბევრი ხალხი დაესწრო, წესი სიონის ტაძარში აუგეს, შემდეგ წინამძღვრიანთკარში წაასვენეს და იქ დამარხეს ეს შესანიშნავი და უებრო ქართველი მოღვაწე.


ლევან ჯანდიერი (1848-1918) ჩემის აზრით ყველაზე უფრო დაახლოებული პირი იყო ილიასთან. თბილისის მაზრის უფროსი, ჭკვიანი, პატიოსანი, ენერგიული და დიდად შეგნებული, კახეთში ერთ-ერთ მოწინავე კაცად ითვლებოდა, ნივთიერადაც შეძლებული იყო. სადაც კი წავიდოდა ილია, ისიც თან დასდევდა და მოგზაურობის მარშუტი მის ხელში იყო. მის დროს მაზრაში სრული სიწყნარე და წესრიგი სუფევდა; ავაზაკობა და თავზე დაცემა არ ყოფილა, მაგრამ ერთხელ მან გოლიცინის წყრომა მაინც დაიმსახურა. ბორჩალოს მაზრაში ავაზაკობა, კაცის კვლა და ხოცვა-ჟლეტა გახშირდა. გოლიცინისათვის მოეხსენებინათ და ის აღშფოთებული იყო. დაებარებინა ლევან ჯანდიერი და უკითხავად დაეწყო მისთვის ყვირილი: "Вы не на месте. Вы не умеете водворить порядок!" და ჩამოეთველა ყველა ის უწესობანი, რაც ბორჩალოს მაზრაში მომხდარიყო. ამის პასუხად ჯანდიერს ეთქვა: "Ваша сиятельство, я Тифлисский уездный начальник, все, что Вы перечислили, это имело место в Борчалинском уезде, у меня ничего подобного не было и не может быть". ამაზე გოლიცინს წარბშეუშლელად უპასუხნია: "Это все равно, вы все одинаковы, Борчалинский или Тифписский".
ასეთ ხეპრე ადმინისტრატორთან ჰქონდა საქმე ჯანდიერს. თუ რამდენად შეგნებული ჰქონდა ლ. ჯანდიერს ჩვენი გლეხობის საჭიროებანი, ამაში მე დავრწმუნდი თბილისის და ბორჩალოს მაზრაში არქეოლოგიური მოგზაურობის დროს.

ქვემო ქართლი (ბორჩალოს მაზრა, და თბილისის მაზრის სამხრეთ-დასავლეთის სანაპირო), ეს შესანიშნავი მხარე და მოწინავე სადროშო საქართველოსი დაცარიელდა აუარებელი მტრების შემოსევებით, მეტადრე ლეკების გაუთავებელი თარეშის დროს. იმის მაგიერ, რომ ეს ადგილები ქართველი ხალხის უმიწო გლეხებით დაესახლებინათ, მთავრობამ XIX საუკუნის ოცდაათიან წლებში ოსმალეთიდან გადმოასახლა სომხები და ბერძნები; შემდეგ აქ დასახლდნენ გერმანელებიც, თბილისის და ბორჩალოს მაზრების დასავლეთ საზღვრებთან ძველიდან დარჩენილი ქართული სოფელი სულ სამი იყო: ერთი დიდი სოფელი გომარეთი, მეორე - ვარდისუბანი, პატარა სოფელი, 15 კომლიანი, და მესამე - რეხა, სადაც სანახევროდ ბერძნებიც ცხოვრობდნენ. რეხას და ვარდისუბანს მცირედი მიწები ჰქონდათ, გომარეთს უფრო ნაკლები. ამიტომ მე მეტად გამიკვირდა და მეამა, როდესაც მანგლისის მოსახლედ, გოხნარად წოდებული ნასოფლარის ქვემოთ, ვნახე მთიულებით დასახლებული სოფელი 50 კომლისაგან შემდგარი და რიგიანად მოწყობილი. ვკითხე: "საიდან გაჩნდით აქ თქვენ?" მათ მიპასუხეს: "ჩვენ მთიულები ვართ, მიწა ნაკლები გვქონდა. უშველოს ღმერთმა ლევან ჯანდიერს, მან მოგვხედა და აქ გადმოგვასახლა, საყოფი მიწა მოგვიხერხა და მისი წყალობით მოვითქვით სულიო. აქ ორი ნასოფლარია თავისი ეკლესიებით, მაგრამ რაკი მათი სახელები არ ვიცით, ჩვენ სოფელს ახალსოფელი დავარქვითო". მე ვუთხარი: "ამ ნასოფლარების სახელები მე ეკლესიათა წარწერების მიხედვით გამოვარკვიე, თქვენ ქვემოთ რომ ნასოფლარია, ამის სახელი აზიკვე ყოფილა, აქ ადამიანთა ქანდაკებებიც არის, ერთს "შოთაი" აწერია, შეიძლება შოთა რუსთაველი იყოს, ხოლო თქვენს სოფელს ბზა ჰრქმევია". ამას გარდა ვთხოვე ეკლესიებისათვის ყური ეგდოთ. დიდად გაუხარდათ, დამპირდნენ მოვლას.

რაკი სიტყვამ მოიტანა, აქვე უნდა დავძინო, რომ მე ჩემი ათეული წლობით წარმოებული არქეოლოგიური მოგზაურობის დიდი ნაწილი მოვანდომე ისტორიული საქართველოს სამხრეთ მხარეებს, რომლებიც მტრებისაგან სხვებზე უფრო იყვნენ განადგურებულნი, ხოლო იქაური ძეგლები უპატრონოდ და უმწეოდ დარჩენილიყვნენ. რაკი ძველი მოსახლეობა თითქმის გამქრალი იყო. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა (და ეს ჩემ ანგარიშებშიც მაქვს ასახული), რომ ის განაპირა, ომიანობისას მეწინავე კუთხეები კულტურულადაც ძალიან დაწინაურებული ყოფილან თავის დროზე. სხვანაირად ძნელი ასახსნელი იქნებოდა საეკლესიო და სხვა (ხშირად მშვენიერი და რთულად ნაგების) შენობების ესოდენი სიმრავლე, რაც ძალაუნებურად იწვევს დიდ პატივისცემას მათი შემქნელებისადმი... ახლა ძალიან მარჯვედ მოუკიდნიათ იმ ძეგლების შესწავლისათვის ხელი ჩვენს ისტორიკოსებს, არქეოლოგებს და ხელოვნებათმცოდნეებს, რაც გასახარელია. იმ რაიონების ჯეროვანი კვლევა (მე ხომ მხოლოდ წინასწარულად მოვსინჯე იქაურობა) ძალიან შეგვივსებს წარმოდგენას ქართული კულტურის ისტორიისა და მრავალფეროვნების შესახებ.


ჩემს დროს დაიწყო ქართველმა საზოგადოებამ ჩვენი მწერლობის, პოეტებისა და მოღვაწეების იუბილეთა გადახდა. პირველი ასეთი იუბილე მოუწყეს რაფიელ ერისთავს, რომლის ლექსებსაც, მეტადრე ბოლოდროინდელთ, როცა მან ხალხური ლექსების სტილით დაიწყო წერა, დიდი სახელი ჰქონდათ მოხვეჭილი ქართველობაში. ის ლექსები მართლაც შედევრებია ქართული პოეზიისა. თან რაფიელ ერისთავი ძველი ლიტერატურისა და ქართველთა ზნე-ჩვეულებების კარგი მცოდნე იყო. მის იუბილეში მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა. ყველა ქართულმა დაწესებულებამ გამოაგზავნა დეპუტატები და საჩუქარიც ბევრი შეუგროვეს. ჩვეულებრივ იუბილე ასე მიმდინარეობდა ხოლმე: ცნობილი პოეტები, ან საზოგადო მოღვაწეები გამოიყვანდნენ იუბილარს სცენაზე, მოუსხდებოდნენ აქეთ-იქით და იწყებოდა მილოცვა-სიტყვები, საზოგადოებათა წარმომადგენლების მხრივ.

ფოტოზე: პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი რაფიელ ერისთავი (1824-1901)
რაფილის იუბილე გადაიხადეს ბანკის ქარვასლის თეატრში, სასახლის ქუჩაზე. იუბილარი გამოიყვანეს ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა. სიტყვებმა და მილოცვებმა შუადღიდან საღამოს ექვს საათამდე გასტანეს. მერე ვახშამი გადაუხადეს და ამით გათავდა იუბილეც.

შემდეგი რიგი მიდგა თვით ილიაზედაც, მაგრამ იგი, თავისი ჩვეულებისამებრ, თავმდაბლობდა; უარზე იყო და თან ამბობდა, "ეს იუბილე ერთგვარი ყეენობა არისო". მაგრამ ეტყობოდა, რომ ბოლოს და ბოლოს დათანხმდებოდა. ასე იცოდა ხოლმე ბანკის არჩევნების დროსაც: ჯერ იტყოდა, აღარ შემიძლია, ვეღარ გავუძღვებიო, მაგრამ როცა აირჩევდნენ, უკვე აღარაფერს ამბობდა. საჩუქრების შეგროვებაც კი დაიწყეს და ზოგ საჩუქარს წინასწარ გზავნიდნენ ილიას გაზეთის რედაქციაში. კომისიაც იყო შემდგარი, მაგრამ მთავრობამ ნება არ დართო მას ამ იუბილის მოწყობისა. არ ვიცი, ოფიციალურად მოსწერეს უარი თუ წინასწარ, მოლაპარაკებისას გააფრთხილეს საიუბილეო კომისია (ვინ ხელმძღვანელობდა, აღარ მახსოვს). მაგრამ უთხრეს კი, სჯობს ნუ ითხოვთ, რადგან უსათუოდ უარს მიიღებთო. იმხანად მე სათავადაზნაურო სკოლას განვაგებდი და იქ წესად მქონდა შემოღებული გამართვა სალიტერატურო საღამოებისა, რომელზედაც სკოლის შეგირდები ჩვენი პოეტების ლექსებსა თუ პროზას კითხულობდნენ და თან სხვადასხვა საკრავებს - ვიოლინის, ვიოლინჩელოს და სხვ. უკრავდნენ (შემდეგ მინდა ზოგი რამ მოვიგონო იქაური მუსიკის მასწავლებლების, ზაქარია ფალიაშვილისა და ჩეხი ვიოლინჩელისტის პოლივკას შესახებაც). ჩვენ საღამოებს ესწრებოდა თბილისის თითქმის მთელი ქართველობა და ისინი ყოველმხრივ დიდ მოწონებაში იყვნენ. ასეთი საღამოების მოწყობა მარტო პედაგოგიური საბჭოს თაოსნობით იყო და ამაში სრულიად არ ერეოდნენ (არც რასმე ვეკითხებოდით) სასკოლო კომიტეტის წევრები: მათ მხოლოდ ბარათებს ვუგზავნიდით და სტუმრებად ვიწვევდით. განვიზრახე, ერთი ასეთი საღამო საგანგებოდ მოგვწყო ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად და პროგრამაში შეგვეტანა უმთავრესად მისი ლექსები და სხვა ნაწარმოებნი. მაგრამ განზრახვა საიდუმლოდ შევინახეთ, არც კომიტეტის წევრებისათვის გვიცნობებია და არც თვით ილიასათვის, რომ საღამო მისდამი იქნებოდა მიძღვნილი. საქმე ის იყო, რომ ვისიმე პატივსაცემი სალიტერატურო საღამოს მოწყობის ოფიციალური ნებართვა არა გვქონდა, იგი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისათვის უნდა გვეთხოვა. ილიასათვის რომ გაგვემხილა ნამდვილი მიზანი, შეიძლება არც დასწრებოდა საღამოს და არც დაერთო ნება ასეთი საღამოს მოწყობისა, სიფრთხილის გამო. კომიტეტისათვის რომ გაგვეზიარებინა ჩვენი განზრახვა, მაშინ იგი საიდუმლოდ ვეღარ შეინახებოდა, ყოველ შემთხვევაში, ნიკო ცხვედაძე მაინც გაუმჟღავნებდა ილიას. ისე კი, რა თქმა უნდა, კომიტეტის ყველა წევრი მოვიწვიეთ სტუმრად. კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი იყო მარიამ ვახტანგის (პოეტის, ჯამბაკურ ორბელიანის) ასული, საშიკო ორბელიანის მეუღლე (ამ ორმა ორბელიანმა შეუღლებით თავ-თავიანთი მამულები შეაერთეს)... რა თქმა უნდა, მარიამსაც გავუგზავნეთ მოსაწვევი წერილი, მაგრამ მან მომწერა, სამწუხაროდ ვერ დავესწრები, რადგან შეუძლოდა ვარო. მერე კი, როცა შეიტყო, რომ ილია დაგვესწრო და საერთოდ ის საღამო ილიას პატივსაცემად იყო მოწყობილი და საუცხოვოდაც ჩატარდა, მომწერა, ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემატყობინე, თუ ილიას პატივსაცემი საღამო იყო, თორემ უსათუოდ მოვიდოდიო.

ამით აშკარა გახდა, რომ მისი "შეუძლებლობა" დიპლომატიური მიზეზი ყოფილიყო. საღამომ მეტად კარგად ჩაიარა. ბავშვები შესანიშნავად იყვნენ მომზადებული; მშვენიერი დეკლამაციით, ნამდვილი არტისტული ხელოვნებით კითხულობდნენ ილიას ლექსებს და ადგილებს მისი პოემებიდან, მაგ. "განდეგილიდან", "კაცია ადამიანიდან", "გლახის ნაამბობიდან", "ოთარაანთ ქვრივიდან", და სხვა თხზულებებიდან. ამასთანავე, რა თქმა უნდა, სხვა მწერალთა ნაწარმობებიც საკმაოდ იყო შეტანილი პროგრამაში. ილია მეტისმეტად მხიარული და კმაყოფილი იყო. არა ერთხელ გამოთქვა აზრი: "მხოლოდ დღეს ვიგრძენი, რომ რაღაც დამიწერიაო; მაგრამ ჩემს დღეში ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ახლაგაზრდებს შეეძლებოდათ ასე საოცრად შეეგნოთ და შეეთვისებინათ ის, რაც მე მითქვამსო". საღამო რომ გათავდა, ილია, მისი მეგობრები და ზოგი სხვა ჩვენი ინტელიგენტი მივიწვიე მცირე სერობაზე, გიმნაზიის შენობაშივე, დიდ საკონცერტო დარბაზში. სერობაც ძალიან მხიარულად ჩატარდა. უნდა ითქვას, რომ ილიას ვერ ჰქონდა მაიცდამაინც კარგი აზრი სათავადაზნაურო სკოლის პერსონალის შესახებ, მეტადრე ჩემი წინამოადგილის ალექსი ჭიჭინაძის გამგეობის დროს. მას ჩააგონეს, რომ ყველა იქაური მასწავლებლები "მაჩაბელისტები" და ილიას მოწინააღმდეგენი არიან (საერთოდ ზოგიერთს ახასიათებდა ნეპოტიზმის და ამასთანავე უკიდურესი უნდობლობა იმერლობისადმი). ნამდვილად კი ყველა მასწავლებელს, ერთის გარდა, ნეიტრალური პოზიცია ეჭირა: არც ილიას წინააღმდეგნი იყვნენ და არც მაჩაბელისა. ის ერთი კი, მოსამზადებელი კლასის პირველი განყოფილების მასწავლებელი ალექსანდრე ნათაძე, მართლაც თვალსაჩინო მომხრე იყო მაჩაბელისა და არც მალავდა ამას, სოფლებში პროპაგანდას ეწეოდა მაჩაბლის სასარგებლოდ. მაჩაბლის წინააღმდეგ მიმართულ ერთ თავის სიტყვაში ილიამ ეს მოვლენა, ერთი კაცის მოქმედება, სკოლის მთელი მასწავლებლობას მოახვია ორატორულად თავს და და განაცხადა, "პროპაგანდაში ჩვენი სკოლის ოსტატებიც ჩაებნენო". ბანკის იმ კრებაზე მასწავლებელთაგან მხოლოდ ჯაჯანაშვილი იყო. წარმოდგა და ჰკითხა ორატორს: "მეც ამ სკოლის მასწავლებელი ვარ და მაშ, თქვენი აზრით, მეც ვეწევი თქვენ წინააღმდეგ პროპაგანდასო?" ილიამ უპასუხა, "არა, თქვენ არაო!" რა თქმა უნდა, სკოლის ადმინისტრაცია ვერ აუკრძალავდა რომელიმე მასწავლებელს, ესა თუ ის აზრი ჰქონოდა საზოგადო საქმეთა მიმართ. ასეთი ეჭვი და უნდობლობა ილიას ეტყობა, დიდხანს შერჩა. თუმცა, 1904 წელს რომ ამირჩიეს სათავადაზნაურო სკოლის გამგედ, ილიას "ივერია"-ში დავით მიქელაძემ ("მეველემ") მეთაური წერილი მიძღვნა, ქება შემასხა და სხავთა შორის, ისიც მოიხსენია, რომ "ბანკოვიადის" დროს ნეიტრალიტეტს ვიცავდი. რაკი ილიამ არ იცოდა, რომ ის სალიტერატურო საღამო ჩვენი პედაგოგიური საბჭოს მიერ მის პატივსაცემად იყო გამართული, იფიქრა, რომ ეს მისი მეგობრის ნიკო ცხვედაძის თაოსნობა იქნებოდა და სერობისას მას შეასხა ქება თავის სიტყვაში. ნიკოს კი არ უთქვამს საღამოს გამართვაში არავითარი მონაწილეობა არ მიმიღიაო... მაგრამ იმ საღამოს ნამდვილი გარემოება ელენე ჯაბადარმა, რა თქმა უნდა, აუწყა ილიას. ასე ეთქვა: "Одна ко Вы впросак попали! Все было устроено по инициативе и за счет учительского совета гимназии и ее директора, а Вы обявили благодарность Цхведадзе!" ილიას, ცხადია, დიდად სწყენოდა ეს ამბავი და საყვედური ეთქვა ელენე ჯაბადარისათვის: "შენ რაღად დამიმალე ნამდვილი გარემოება და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში რად ჩამაგდეო?" შემდეგ, პირადად რომ შევხვდი, ილიამ დიდად მომიბოდიშა და თან დასძინა: "დამიჯერებ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მე რომ იმ საღამოს სიამოვნება განვიცადე, ჩემ დღეში არ განმიცდია და ვერც წარმომედგინა, თუ ისე კარგად შეძლებდა ახალგაზრდობა ჩემ ნაწარმოებთა გაგებასო. მინდოდა წერილობით შემომეთვალა თქვენთვის მადლობა ამ პატივისცემისათვის, რომელიც მე არასოდეს დამავიწყდება, მაგრამ მოვერიდე, რომ არ გამჟღავნებულიყო და რაიმე უსიამოვნება არ შეგმთხვევოდათო!".

ილია ჭავჭავაძე დიდი მოყვარული იყო საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიისა. საუკეთესო შეხედულეგბა ჰქონდა ჩვენს არქეოლოგსა და ისტორიკოსზე, დიმიტრი ბაქრაძეზე; ძალიან პატივსა სცემდა და აფასებდა მას. პირველ ხანებში მე დიმიტრი ბაქრაძესთან დავიწყე მუშაობა და დავიწყე იმით, რომ მან გაცნობისთანავე გადმომცა ახალდაარსებული საეკლესიო მუზეუმის წესდება, თავის მიერ რუსულად შედგენილი და სათნადო მთავრობის მიერ დამტკიცებული, ქართულ ენაზე სათარგმნად. მეც ვთარგმნე, დავბეჭდე და შევადგინე საეკლესიო მუზეუმის კომიტეტი (ამის შესახებ იხ. ქვემოთ). ილიამ აქტიური თაოსნობა გამოიჩინა მცხეთაში, ბაგინეთზე მცირე საცდელი თხრის ჩატარებაში, რაც დ. ბაქრაძეს დაავალა (ამის შესახებაც იხ. ქვემოთ.). ილია სულ ამბობდა, "ერთი კაცი უნდა გავიჩინოთ ისეთი, რომ ჩვენს ისტორიაზე და არქეოლოგიაზე მუშაობდეს და სხვა არაფერი საქმე არ ჰქონდეს, ჩვენი სირცხვილია, ამისთანა რომ არავინ გვყავსო. ერთხელ ნიკო ღოღობერიძემ მიგვიწვია რამდენიმე კაცი, პირველ ყოვლისა, რასაკვირველია, ილია, აგრეთვე ნიკო ცხვედაძე, იაკობ ისარლიშვილი (ისარლოვი), მე და სხვები. (ის იაკობი კათოლიკე იყო, ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში ნამყოფი; სახლებს აგებდა, კომერციას ეწეოდა. ინჟინერი არ ყოფილა, მაგრამ მშენებლობის საქმე კარგად ესმოდა, სათავადაზნაურო სკოლა თავდაპირველად "დუმის" შენობის უკან გვქონდა და მის გადაკეთებაში ძალიან მოგვეხმარა, თან ფულიც დაგვიზოგა. ღოღობერიძის, ილიას და სხვების უნივერსიტეტის ამხანაგი იყო. არეულობის დროს გამორიცხეს იქიდან). დაგვიბარა ნიკომ და გამოგვიცხადა, განზრახული მაქვს ქართული საქველმოქმედო საქმისათვის 50.000 მანეთი დავტოვოო. ნიკოც ილიას უნივერსიტეტის ამხანაგი იყო, ფრიად თვალსაჩინო მოღვაწე და ძალიან ჭკვიანი კაცი. ქუთაისში რომ სათავადაზნაურო ბანკი გაიხსნა, იმის პირველი თავმჯდომარე იყო ბესარიონ ღოღობერიძე (აი ის, ილიამ რომ სხვებთან ერთად გააკრიტიკა თავის გამოცანა-ლექსებში, "ქვეყნის საქმე მასაც ფეხებზე ჰკიდიაო". და მერე კი ბოდიში მოუხადა, უცოდინარობით მომივიდაო), დიდად პატიოსანი კაცი, პედაგოგი, მათემატიკოსი, ერთხანს საქალებო ინსტიტუტს განაგებდა. ნიკო ნიკოლაძე მისი წინააღმდეგი იყო და მის ნაცვლად ბანკის დირექტორობის კანდიდატად წამოაყენა ვინმე ბაქრაძე, მეტსახელად "ბილო". ბესარიონი რომ გარდაიცვალა, ქუთაისში შეიქმნა "ბანკოვიადა" და ბოლოს აირჩიეს ნიკო ღოღობერიძე, რომელიც წინათ ქუთაისის გუბერნიის ნოტარიუსი იყო. მერმე ნიკომ თავისი ნებით მიატოვა ბანკის თავმჯდომარეობა, ჭიათურაში შავი ქვის მადნები ჰქონდა შეძენილი და იქ დაიწყო მრეწველობა. გვარიანი თანხას მოუყარა თავი, მაგრამ ნერვიული კაცი იყო, გული დაუსუსტდა, ამიტომ აღარც იქ გაჩერდა, მიანება თავი და დაგროვილი ფულით პარიზში ცხოვრობდა, ოღონდ ზაფხულობით თბილისში ჩამოდიოდა ხოლმე. დავუბრუნდეთ ახლა მის ანდერძს. ნიკომ დაგვიყენა საკითხი: "რა მიზნისთვის და რომელ საზოგადოებას ის თანხაო?" ილიამ ასეთი წინადადება მისცა: "ეგ თანხა გადაეცეს წერა-კითხვის საზოგადოებას, რომელიც მაგის ყოველწლიური პროცენტით ერთ კაცს აირჩევს, არჩენს და ის კაცი ჩვენი ისოტრიისა და არქეოლოგიის მკვლევარი იქნებაო". ამ თანხის ყოველწლიური პროცენტი შეიძლებოდა 2.500 მანეთი ყოფილიყო და ეს კი საკმაოდ დიდი ფული იქნებოდა: მაგალითად, ვიცე-გუბერნატორს წელიწადში 3.000 მანეთი ჰქონდა ჯამაგირი. ნიკომ უპასუხა: "მე კი უფრო განათლებისთვის მინდა, რომ ღარიბი ახალგაზრდობის სწავლას მოხმარდეს და ამიტომ მირჩევნია სტიპენდიებისათვის დავტოვოო". ილიამ რომ ეს გაიგონა, აღარაფერი უთქვამს.


საოცარი კია, ისეთი შეხედულების კაცი იყო ილია, ისე ღრმად ესმოდა ყველაფერი, იმოდენა გავლენა ჰქონდა, ბანკიც მის ხელში იყო და წერა-კითხვის საზოგადოებაც. მაგრამ ერთხელაც არ მოსვლია აზრად, რომ იმ დაწესებულებათა ხარჯზე მოეწყო ის საქმე, რომელსაც ნიკო ღოღობერიძეს სთავაზობდა და რომლის მოუწყებლობასაც ქართველობისათვის სამარცხვინოდ მიიჩნევდა. ასეთ შეუსაბამობა ყოველთვის მიკვირდა; გულში კი მქონდა, მაგრამ რას გავუბედავდი თქმას? არა ჰქონდა ამის თოსნობა! ბანკის შემოსავალი სულ აგრალური საქმეებისათვის უნდოდა და მუდამ იქითკენ მიილტვოდა; სათავადაზნაურო სკოლის ტიპის შესახებ რომ იყო მსჯელობა, მაშინაც სულ აგრალურ განხრაზე ლაპარაკობდა. ასეთ რამეებს კი ვერ მოიფიქრებდა! აი, მაგალითად, მანგლისის მიდამოებში და სხვაგანაც მთიულების ჩასახლება, როგორც უკვე ვთქვი, თბილისის მაზრის უფროსის ლევან ჯანდიერის დამსახურებაა. დიდხანს ეკავა ის თანამდებობა, ძალიან შეგნებული მამულიშვილი იყო; ისარგებლა თავისი ხელისუფლებით და პრაქტიკულად განახორციელა ეს ნამდვილად პატრიოტული საქმე, 1880-90-იან წლებში. სხვა ჩვენი მოღვაწეები კი არ ფიქრობდნენ ამისთანეებზე, სულ ლიტერატურასა და მსგავს საკითხებს იყვნენ გადაყოლილი, არავინ დამოგზაურობდა და არც იცოდნენ, თუ რა ვითარება იყო საქართველოს სამხრეთ მხარეებში, ნაოხარზე რომ ათასი ჯურის გადამთიელი სახლდებოდა. თორემ განა არ შეიძლებოდა, ჯანდიერის გამოცდილებას მივყოლოდით და მთლად დაგვესახლებინა ის კუთხეები? აი, ხომ რა დიდი კაცი იყო ილია და იმასც კი არ ჰქონდა ამის გაგება. სამეგრელოში იგი მხოლოდ ერთმა შემთხვევამ წაიყვანა, თორემ ალბათ ისიც უნახავი დარჩებოდა: თავ. ნიკო დავითის ძე მენგრელსკიმ ძვირფას ხელნაწერთა ბიბლიოთეკა შემოსწირა წერა-კითხვის საზოგადოებას, გორდის სასახლეში ინახებოდა, იტაცებდნენ; საზოგადოებამ სთხოვა, გადავარჩინოთო და უსასყიდლოდ გადმოსცა. შემონაწირის ჩამოსატანად კომისია გაიგზავნა და მასში ილიაც შედიოდა. შესანიშნავად დახვდნენ, უმასპინძლეს. მაშინ იყო, რომ თქვა, "სამეგრელოში ჩამოვედი და საქართველო დამხვდაო!" გოგებაშვილი ხომ რა პატრიოტი იყო და სამშობლოს ისტორია-გეოგრაფიის საუკეთესო სახელმძღვანელოს შემქმნელი, და ისე გარდაიცვალა, რომ კახეთში ფეხი არ ჩაუდგამს, ზეპირად წერდა მის შესახებ. ისინი რომ ასეთები იყვნენ, დანარჩენი ინტელიგენცია რაღა უნდა ყოფილიყო? რომ გეკითხათ, ყველა გეტყოდათ, დიდი პატრიოტები ვართო, მაგრამ გოლოვინის პროსპექტსა და ქუთაისის ბულვარს იქით ფეხს არ გადადგამდნენ. ხალხს კი მოვლა უნდოდა ამისთანებში სომხები გვჯობდნენ, პატრიოტიზმი მათ ყოველთვის პრაქტიკულ საქმიანობაში ჰქონდათ გამოხატული და ბევრ რამესაც მიაღწიეს.

ილიას ერთი საუკეთესო თვისება ის იყო, რომ მას თავისი მოვალეობის ძალიან დიდი შეგნება ჰქონდა. ამიტომ იგი დიდი სიფრთხილით, დაკვირვებითა და საზრიანობით ეკიდებოდა თავის ყოველგვარ ნაწერსა თუ ნასაქმს. არ არის არც ერთი მისი თხზულება, რომელიც რამდენჯერმე არ გადაეკეთებინოს და არ შეესწორებინოს. იგი ასე ექცეოდა არა მარტო თვალსაჩინო ნაწარმოებს, არამედ სულ უბრალო ბარათებსაც კი. მახსოვს გიორგი ჟურულის ნაამბობი (ახალგაზდა იყო, ილიამ დაიახლოვა და ძალიან მფარველობდა, თან წაიყვანა პეტერბურგში, სახელმწიფო საბჭოს წევრად რომ აირჩიეს, მერე ბანკის დირექტორად უნდოდა, მაგრამ ვერ გაიყვანა; მერე ბათუმში იყო, ქალაქის გამგეობაში მუშაობდა, ხოლო რევოლუციის დროს თბილისში გადმოიყვანეს): "ერთხელ ილიასთან ვიყავი, იაკობ გოგებაშვილის წერილის მოუვიდა და მაშინვე უნდა გაეცა პასუხი, რაღაცას ეკითხებოდაო. დაჯდა ილია, დაწერა ერთი პატარა წერილი და დახია, დაწერა მეორე და ისიც დახია. მე ვუთხარი, რა ამბავია მაგ ერთი ბეწო წერილისათვის ამდენი წვალება მეთქი? მიპასუხა, "კაცო, პატარაა თუ დიდია, მაინც დოკუმენტია და ზერელედ არ შეიძლებაო..." დამახასიათებელია და აშკარაა, რომ ილია გრძნობდა თავის ავტორიტეტს და იცოდა, თუ რა დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოჰკიდებოდა ყოველ საქმეს, თავის სახელს.

საერთოდ დიდი ოსტატი კაცი იყო! ტყუილად კი არ ამბობდნენ ხოლმე მისი თანამშრომლები, ილია მეტწილად ღამ-ღამობით წერს და დილისათვის მისი ნაწერების ნახევით რამდენიმე კალათი არის ყოველთვის გავსებულიო. ამით აიხსნება, რომ ილია საჩქაროდ წერილზე არავის პასუხს არ აძლევდა, მანამ კარგად არ მოიფიქრებდა და კმაყოფილი არ იქნებოდა თავისი წერილით. აგრეთვე მისი საჯარო სიტყვები ყოველთვის წინასწარ მოფიქრებული და ზოგჯერ დაწერილიც იყო. როგორც მახსოვს ერთხელ ვლადიმერ მიქელაძემ გამოაქვეყნა ერთი წერილი, სადაც ამბობდა: დღეს არ შემიძლია მოსვლა, რადგან ევგენი მარკოვის პატივსაცემ საღამოს უნდა დავესწრო და სიტყვა ვთქვა, მე ჩვეულებად არ მაქვს მოუმზადებლად წავეჩხიროო. ერთხელ გ. ჟურულის შეკითხვაზე - "ილია, სიტყვებს წერთ, თუ ზეპირად გაქვთ მოფიქრებულიო? - ილიამ უპასუხა: "ზოგჯერ ვწერ, ზოგჯერ ზეპირად მაქვს მოფიქრებული, მაგრმ როგორ უნდა დავიწყო და მოვათავო სიტყვა, ეს ყოველთვის კარგად ვიციო". თავის რომელიმე თხზულებას რომ მოათავებდა, ილია შეყრიდა ლიტერატორებს, მწიგნობრებსა და მეგობრებს, წაუკითხავდა და აზრს შეეკითხებოდა ხოლმე. ერთ ასეთ სხდომაზე მეც მიმიწვია.


ეს მაშინ იყო, როდესაც დაწერა "ქვათა ღაღადი" - შესანიშნავი, ოსტატური პოლემიკური ნაწარმოები, მწვავე სატირითა და იუმორით აღსავსე. როგორც ცნობილია, ეს თხზულება მიმართულია, უმთავრესად პატკანოვისა სა აგრეთვე ზოგი სხვა ავტორების წინააღმდეგ, რომელნიც უწესური ხერხებით ლამობდნენ ჩვენი ისტორიისა და კულტურის დამცირებას. მოსასმენად, ჩემს გარდა, მიწვეულნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, ნიკო ხიზანიშვილი-ურბნელი, ვლადიმერ (პროკოფი) მიქელაძე, ბანკის დირექტორი გრუზინსკი (სახელად, მგონი, მიშა) და სხვები. ილიამ რომ კითხვა დაასრულა, ყველამ ერთხმად მოუწონა, ერთი უბრალო შენიშვნაც კი არავის განუცხადებია. ამან მე დიდად გამაკვირვა. სხვებს თუ არა, ნიკო ხიზანიშვილსა და ვლადიმერ მიქელაძეს, როგორც უფრო ნიჭიერთა და საქმეში ჩახედულთ, მაინც უნდა შეემჩნიათ, რომ ილია ზოგ რამეში ცდებოდა. მეტი გზა აღარ იყო და შევეკითხე, თავადო ილია, თუ გაქვთ მეთქი, წაკითხული პატკანოვის წერილი? მიპასუხა, არ წამიკითხავს, მაგრამ ხელთ მაქვს დიმიტრი ბაქრაძის პასუხი იმ წერილზე და იქიდან ამოვკრიბე ყველაფერიო. მერე ვუთხარი: "რასაკვირველია, თქვენი თხზულება ნამდვილად შესანიშნავია იმ მრავალი ფაქტის გაშუქებით, რომლებიც მოწმობენ გარკვეულ პიროვნებათა უწესურობას, ჩვენ წინააღმდეგ მომართულს, კულტურის მოგზაურობიდან დღემდე: ასეთი მჭევრმეტყველებით მათი არაკეთილსინდისიერი მოქმედება სხვას არავის გამოუმჟღავნებია; შესანიშნავია თქვენი სტილიცა და იუმორიც, მაგრამ ფაქტების აღნისხვაში უთუოდ უნდა შეიტანოთ ცვლილება, თორემ ადვილად გამოგედავებიან მოწინააღმდეგენი, რადგან ზოგან მათ იმას მიაწერთ, რაც ნამდვილად არ უთქვამთ-მეთქი". ილიამ მომიგო: "Ведь я же ссылаюсь и ползуюсь ответом Бакрадзе, а я его знаю и уверено, что он никогда неправды не скажет!" მე ვუთხარი: " Бакрадзе, конечно, неправды не говорит, но то, что он говорит вообще то несправедливой критики "Картлис Цховреба", Вы приписиваите Патканову . И эти мелочи необходимо исправить. У меня есть оттиски статьи Паткапнова, я Вам предоставлю его и когода Вы с ним ознакомитесь, сам и убедитесь, чтог есть кое-какие недаразумения фактического характера в Вашем, в других отношениях замечательном произведении". ძალიან ეწყინა, მაგრამ რას იზამდა? მივეცი პატკანოვის წერილი! რასაკვირველია, მადლობა გადამიხადა და გამოიყენა, გაასწორა, მაგრამ მაინც მითხრა, "მე ქართველებისათვისა ვწერ და არა მეცნიერთათვისაო". აბა, ილია რომ ამას იტყოდა, სხვებისაგან რაღა იყო მოსალოდნელი? ასე იყო თუ ისე, როდესაც "ქვათა ღაღადი" დაიბეჭდა, აღარავითარი ლაფსუსი აღარ დაჰყოლია თან. პატკანოვი ხომ ნამდვილად ძალიან მჩატედ და არაკეთილსინდისიერად ექცეოდა "ქართლის ცხოვრებას", უცხოელის შედგენილიაო. თუ არა და რატომ სწერია შიგ, ქართველები თავდაპირველად სხვა ენაზე ლაპარაკობდნენო?! გაგონილა ასეთი ამბავი?

უცნაური იყო ილიას დანარჩენი მსმენელების საქციელი, რაც საერთოდ ჩვეულებად ჰქონდათ ჩვენებს: არ ეწყინოსო და არავითარი შენიშვნა არ მისცეს. ვერ მოვითმინე და ურბნელს ვუსაყვედურე, როგორ შეიძლებოდა ეგრე გაჩუმება მეთქი? მიპასუხა, არ ვიცოდი, პატკანოვი არც მე წამეკითხაო და შენ რასაკვირველია კარგი ქენი, რომ უთხარი ილიასო. იმას მაინც ესმოდა ასეთები! ილია ხშირად მთხოვდა წიგნებსა თუ სტატიებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე და მეც ვუგზავნიდი ხოლმე. რაც შეეხება მის წერილებს, "აი ისტორია" რომ უწოდა, იმათ გამზადებაში არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია. უნდა გამოვტყდე, რომ არ მომწონდა მათი გაჭიანურება. ჯერ კიდევ "ქვათა ღაღადამდე" ჰქონდა მგონი დაწყებული და ვერ კი დაამთავრა. საქართველოს მთელი ისტორიის დაკავშირება მოინდომა ჯაბადარის კრიტიკასთან! მაგრამ რა მწვავე სატირა და იუმორი იცოდა პოლემიკაში, საერთოდ?! თუნდაც ის რად ღირს, მარზედ რომ დასწერა, პატკანოვის გამოქომაგების გამო: "კარგია, როცა შეგირდი ოსტატს ესარჩლება, მაგრამ ცემა გმართებს გამზრდელისა, რომ ყმა ნახო ავად ზრდილიო!".

"ქვათა ღაღადი" ძალიან პოპულარული გახდა ჩვენში. ერთი კაცი იყო, გვარი აღარ მახსოვს (რევოლუციის შემდეგ დიპლომატად მუშაობდა), იმან სულ ზეპირად იცოდა ის წიგნი, სახარებასავით. პირდაპირ შეყვარებული იყო მასზე. "ქვათა ღაღადი" რუსულად თარგმნა ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილმა და თვით ილიამ შეასწორა. შესანიშნავი თარგმანია, რუსულად დაწერილსა გავს! ილიას იმიტომაც უხდებოდა ისტორიის საკითხებზე წერა, რომ იმ ხანად ნამდვილი ისტორიკოსი აღარ გვყავდა, ბაქრაძის შემდეგ, სანამ ივანე ჯავახიშვილი გამოვიდოდა ასპარეზზე. ბაქრაძემდე კი ბროსეს შემდეგ პლატონ იოსელიანი სჯობდა ყველას, ხოლო თუ სცდებოდა, პატიოსნად სცდებოდა. ოღონდ წარწერების კითხვა ნამდვილად არ ეხერხებოდა!..

ილიას გარეგნობა
შეიძლება ითქვას, რომ ილია საშუალოზე უფრო დაბალი ტანის კაცი იყო, ჩასკვნილი და ჩასუქებული, მაგრამ უშნოდ კი არა, ზომაზე. პირველად რომ დავინახე, მაშინვე გამახსენდა გრიგოლ ორბელიანის სიტყვები მის შესახებ: "ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალიაო!" ზედგამოჭრილი ნათქვამი იყო! თვალები ილიას ძალიან ეშხიანი ჰქონდა და სახე - სანდომიანი. მე რომ გავიცანი, მაშინ თმაში ჭაღარა არ უჩანდა, გვიან გამოერია. თმა-წვერის ფერი კარგად არ მახსოვს, მაგრამ, მგონი, უფრო შავი ეთქმოდა. საზოგადოდ ილია მძლავრი აგებულების, ბუნებით ერთობ ჯანმრთელი ადამიანი იყო. ზემოთაც გავიხსენე ერთი მისი ნათქვამი, ცხვირის ცემინება და გაცივება არ ვიცი, რა არისო. ავადმყოფობა მხოლოდ მაშინ დაიწყო, ხანში რომ შევიდა. გული აწუხებდა და, როგორც ცნობილია, გერმანიაში წავიდა სამკურნალოდ, პროფესორ ლეიდენის საავადმყოფოში. ლეიდენმა, პირველ ყოვლისა, თურმე საზრდოობის რეჟიმი დაუწესა და ყოველდღე ლობიო გაუჩინა საჭმელად. ამაზე ილია ამბობდა, ჩვენ არა გვცოდნია და თურმე რამ სასარგებლო საჭმელი ყოფილა ლობიოო!.. მერე ლეიდენისათვის უთქვამს, მე ლობიოთი ვარ გაზრდილი, ყოველთვის ვჭამდი, მაგრამ, როგორც ხედავთ, ვერ მიშველაო. მართლაც, კოლა ერისთავისგან ("ცუნცულაძისაგან") გამიგონია, ლობიო ისე უყვარს ილიას, რომ ჩვენთან როცა სადილობს, ჩემი ცოლი ახალ-ახალის დასხმას ვეღარ აუდიოსო.

ილიამ შესანიშნავი, სასიამოვნო საუბარი იცოდა და მის მოსმენას არაფერი სჯობდა, მეტადრე, თუ კარგ გუნებაზე იყო. ხმაც ძალიან საამური ტემბრისა ჰქონდა, არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი, ბოხი. არც ყვირილი იცოდა და არც აჩქარებული ლაპარაკი. ოღონდ ისიც უნდა შევნიშნო, რომ გულმოსული თითქმის არასოდეს მინახავს და ეგებ მაშინ კი უწევდა ხმას. და უფრო ჩქარაც ლაპარაკობდა?თუმცა ერთხელ კი შევესწარი მის განრისხებას, როდესაც დავით სარაჯიშვილთან ვიყავით სტუმრად. დავითი, მართალია, კარგი ქართველი იყო და დიდი პატრიოტიც, მაგრამ ჩვეულებად ჰქონდა ქართველების საზოგადოდ დაწუნება, მათი ნაკლის გაზვიადება და, პირიქით, სამაგალითოდ ჩვენს მეზობლებს ასხამდა ხოლმე ქებას. ქართველების მიმართ ძალიან გულგატეხილად მოჰქონდა თავი და თვითონ იტყოდა ხოლმე, ბატონო, პესიმისტი ვარო! ნიკო ღოღობერიძე მას დაცინვით "великий пессимист"-ს ეძახდა. რა საგანზედაც არ უნდა ყოფილიყო საუბარი, დავითი მაშინვე მეზობლებს დააყენებდა მაღლა, იტყოდა, რომ ჭკვიანი ცხოვრება იციან, ბედოვლათები და მათხოვრები არ არიან, მუშა და გამრჯელი ხალხია, ყველა საქმეში გვჯობიან და მომავალიც მათია. ერთხელ, ნამეტანი რომ გადააჭრაბა ასეთ ლაპარაკში, ილიას გული მოუვიდა და წამოიძახა: "ამისთანა გაგონილა?! ამ ოჯახში ქართველების ძაგების მეტს ვერაფერს გაიგონებ! თუ ერთი-ორი ვიღაც აწუხებს და ფულს სთხოვს, ეს მთელ ხალხზე გადააქვსო!" აი, მაშინ კი აუწია ხმას ილიამ, მაგრამ - მაინც ცოტა!

დავით სარაჯიშვილს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა სომხის ბურჟუაზიასთან, მაგრამ ეს არ უშლიდა მას, რომ დიდი მეგობარი ყოფილიყო იმაჟამად გაზეთ "Кавказ"-ის რედაქტორის, ველიჩკოსი, რომელიც სულ სომხების ძაგებაში იყო და პამფლეტებსა და რომანებს ბეჭდავდა მათ საწინააღმდეგოდ. დათიკო მელიქიშვილის გამოცემით, ველიჩკოს ასეთი ამხედრება სომხების წინააღმდეგ იმით აიხსნებოდა, რომ სომხის სოვდაგრებმა მას თამასუქებით ფულის მიღების საშუალება მოუსპეს: "სანამ აძლევდნენ, მოსწონდა და როცა შეუწყვიტეს, აღარ მოსწონს!" მართლაც ასე უნდა ყოფილიყო საქმე! პროგრესულად განწყობილი ქართველები არ იწონებდნენ ველიჩკოს ასეთ ანტი-სომხურ მიმართულებას. ველიჩკო ზოგჯერ მიგვიპატიჟებდა ხოლმე შინ. ერთხელ, მახსოვს, მასთან ვიყავით სადილად. ილია და ნიკო ცხვედაძეც იქ იყვნენ. ილიამ სუფრაზე დასხდომამდე ცალკე გამიხმო და მითხრა: "ჩვენი უბედურება ისაა, რომ არ ვიცით ხოლმე შეკრება და მოლაპარაკება, თუ როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ საკითხის გამო, ერთი პირი არა გვაქვს. აი, თუნდა ისიც არა გვაქვს გამორკვეული, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ამ კაცს, ველიჩკოს, სომხებს რომ არა სწყალობს და აძაგებსო? ზოგიერთი ჩვენგანი ლანძღავს ამისათვის ველიჩკოს, მაგრამ როდესაც სომხებს ჩვენზე იერიში მოაქვთ და მიწასთან გასწორებას გვიპირებენ, მათ წინააღმდეგ კი ერთ სიტყვასაც არ დასძრავენო!"


ფოტოს წყარო ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი: მრეწველი და ქველმოქმედი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი დავით სარაჯიშვილი (1848-1911), 1905 წელი

ფოტოზე:მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია (1868 – 1956)
ერთხელ ილიამ მკითხა, "რამდენად მართალია, რომ ამბობენ, გურულები ურიებიაო?" თან ღიმილით დაატანა, "რა ვიცი, ეს პეტრე ნაკაშიძე მართლაც კი არის პირწავარდნილი ურიაო!" ასეთი ახირებული აზრები ("გურია-ურია", ისევე როგორც "ხევსური-ხევის ურია") მართლაც გაისმოდა ხოლმე აქა-იქ, მაგრამ სერიოზულ მეცნიერულ ლიტერატურაში, რა თქმა უნდა - არასოდეს. მეც ვუთხარი ილიას, ეგ ტყუილია, გურულები ჭან-ლაზ-მეგრელებისა და მესხების ნარევია და გურული კილოკავი უფრო მესხურს ჩამოჰგავსო; ამას გარდა, გურიაში არც ერთი ებრაელი არ მოიპოვება მეთქი. მართლაც, თუ ჩამოვიდოდნენ ხოლმე ნაგომარზე, იარმუკობას, ივაჭრებდნენ და ისევ წავიდოდნენ უკან.

თავის დროზე ერთი გაზეთის კორესპონდენტმა დაბეჭდა ცნობა, თითქოს იონა მეუნარგიას ქუთაისში შეურაცხყოფით მოეხსენებინოს ილია ჭავჭავაძე და ამით გარკვეული ჩრდილი მიაყენა იონას. ამ ამბის სრული განმარტება მოცემულია თვით ი. მეუნარგიას ამას წინათ გამოსულ წიგნაკში ილია ჭავჭავაძის შესახებ.

ილია ჭავჭავაძეს ერთხელ უჩივლა თედო სახოკიამ, მაშინ სულ ახალგაზრდა კაცმა და სასამართლომ გაარჩია მათი საქმე. ყველანი ძალზე გაკვირვებული და დაინტერესებული ვიყავით ამ საჩივრით. საქმე ასეთი იყო. თედომ გამოსცა პატარა წიგნაკი - "აკაკის ნაკვესები". როგორც ცნობილია, აკაკის ბევრი ჰქონდა უწმაწური ოხუნჯობაც და თედოს ისინი ყველა შეეტანა წიგნაკში. ილიას გაზეთმა "ივერიამ" დაბეჭდა რეცენზია "აკაკის ნაკვესებზე" და განაცხადა, რომ ეს წიგნაკი სახელს უტეხს აკაკისაც და ქართულ მწერლობასაც და მისი გამოცემა სამარცხვინოა. თედომ ეს შეურაცხმყოფელად მიიჩნიადა უჩივლა გაზეთის რედაქტორს. უმაღლეს სასამართლოში იყო საქმე. თედომ დამცველად აიყვანა ადვოკატი გიორგი გვაზავა, რომელიც თან პოეტობდა კიდევაც, მისი პოემა თავის დროზე ჟურნალმა "მოამბემ" გააკრიტკა სასტიკად. სასამართლოს ბევრი ხალხი ესწრებოდა. ილიას ჰკითხეს, ვექილი გეყოლებათო? მან მიუგო, Я сам буду защищатся"-ო. მისცეს სიტყვა, ისის წამოდგა და თავისებურად დინჯად დაიწყო ლაპარაკი. უჭირავს ხელში ის "ნაკვესები" და სათითოდ უთარგმნის რუსულად სასამართლოს წევრებს - ისე, რომ იცოდა ხოლმე საფუძვლიანად, არც ერთი სიტყვა არ გამოუტოვებია. მოსამართლეები დაიხოცნენ სიცილით, ეუბნებიან: "Князь, достаточно, все ясно!" ის კი მაინც თავისას არ იშლის, ეუბნება - "Нет, еще, еще, вот еще несколько очень характерных примеров!" ასე, საყოველთაო სიცილ-ხარხარში თითქმის სულ ჩაიკითხა და თარგმნა ის წიგნაკი. ბოლოს განაცხადა, ეს იმდენად სამარცხვინო ანეკდოტებია, რომ აკაკიმ თვითონ უარყო მათი ავტორობა და სწორედ ამიტომ დაიწუნა ჩვენმა გაზეთმა ამ წიგნაკის გამოცემაო. მოიგო რა თქმა უნდა საქმე! თედოსაც საქმის წაგება გულში არ ჩაუხვევია; კარგი პატრიოტი და ინტელიგენტი ქართველი იყო, არ დამდურებია ილიას. პირიქით, მერე შესანიშნავი წერილი მიუძღვნა მას.

ჩემი მუშაობის დაწყებისას ერთი მასწავლებლისაგან შევიძინე ორი ხელნაწერი. ერთ მათგანზე, ტყავის სვინაქსარზე, ბოლო-ბასილისა და მისი შვილების მინაწრები იყო. მერე წარვუდგინე ის ხელნაწერები წერა-კითხვის საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარეც მაშინ ილია ჭავჭავაძე იყო, ავუხსენი, თუ რატომ მიმაჩნდა სასურველად იმ ხელნაწერთა ყიდვა საზოგადოებისათვის. როგორც კი გავათავე ახსნა-განმარტება, ილიამ მაშინვე გაუსვა კალამი, "მიეცესო", და ამინაზღაურეს გაწეული ხარჯი. მერე გოგებაშვილმა შენიშნა: "კაცო, ჩვენ აღარ გვკითხე, იქნებ არა ვყიდულობდითო?" ილიამ უთხრა: "მაგას რაღა კითხვა უნდოდა, კაცი გვეუნება, ათაბაგის რამდენიმე ხელმოწერაა შიგაო. ერთისაც რომ ყოფილიყო, ისიც კმაროდაო!"


თბილისში რომ არქეოლოგიური კრება მოეწყო, იმას არ დავსწრებივარ, მაშინ ქუთაისის გიმნაზიაში ვსწავლობდი, მაგრამ ანეტა ღოღობერიძე-მუსხელიშვილისამ მიამბო იქ მომხდარი ერთი ინციდენტი. ხელოსანს, ცნობილ ებრაისტს, წამოეძახა თავის სიტყვაში, "Я счастлив, что нахожусь в Тифлисе, столице Армении"-ო. სხდომის შემდეგ ილია მისულიყო ხელოსანთან და ეთქვა, რომ მასზე ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ორატორის ნათქვამმა. საქციელწამხდარ ხელოსანს ბოდიშების ხდა დაეწყო, მაგრამ რაღა დროს იყო?!

პროფესორმა ცაგარელმა რომ თავისი "Мингерельские этюды" გამოაქვეყნა, ჩვენი საზოგადოება, ილია ჭავჭავაძიდან მოკიდებული, ერთხმად აუმხედრდა და კინაღამ შეჭამეს: მოღალატეა, უნდა მეგრელები ჩამოაშოროს საქართველოსაო. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ლინგვისტიკაში უკეთესი არ შეიძლებოდა. ის ნაშრომიც ძალიან კარგი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ააღებინეს ხელი ენათმეცნიერულ მუშაობაზე და მის მერე შეუდგა სიგელების გამოცემას, რასაც ბევრი სხვაც გააკეთებდა უიმისოდ. ერთხელ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ღოღობერიძე და მე ვბრუნდებოდით საიდანღაც ერთად და ვუთხარი: "ეგ რა გამოდის. გინდათ, რომ მეცნიერმა მეცნიერულად არ იმუშაოს? მეცნიერებაში პოლიტიკა როგორ უნდა გაურიოთ მეთქი?" "მეო - მიპასუხა ილიამ - მაგაში არ ვერევიო, ცაგარელის ნაშრომი მეცნიერულად როგორია, არ ვკითხულობ, მაგრამ ძალიან კი გვავნო, იანოვსკიმ და სხვებმა დაიხვიეს ხელზე და მოთხრა დაგვიპირესო!"


1949 წ. 23/XI ჩანაწერი: "მახსოვს ერთი საუბარი ილია ჭავჭავაძესთან, პეტერბურგიდან ჩამოსვლის კარგა ხნის შემდეგ. სადილად ვიყავით ილია, ნიკო ღოღობერიძე და მე დავით სარაჯიშვილთან. ჩამოვარდა ლაპარაკი ცაგარელზე. ღოღობერიძემ დასვა საკითხი: "რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში მეცნიერებამ, რასაც მეცნიერული თვალით ხედავს, იგი აღიაროს, თუ დამალოსო?" მე ვთქვი, "თუ კი მეცნიერება რასმე უჩვენებს, როგორ უნდა მოიტყუოს და პოლიტიკა გამოურიოს მეთქი? ახლა მარსაც ასე აუხირდენ, ცილს სწამებენ და ეს კი არაა სწორი მეთქი". ილიამ თქვა, "მე არ ვიცი, მეცნიერულად როგორაა ცაგარელის მოსაზრება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მაგან ძალიან გვავნო, თითქმის ერთიანად ჩამოგვაშორა სამეგრელოო. კარგია, რომ თითონ იქაურმა ხალხმა არ მიიღო, საღვთო წერილი რომ გადაუთარგმნეს, ადგნენ და გამოვიდნენ ეკლესიიდან, როცა მეგრულად დაიწყო წირვაო".

საერთოდ კი ილია იმითაც სჯობდა თავის ირგვლივ მყოფთ, რომ ფხიზლად ადევნებდა თვალს მეცნიერულ ლიტერატურას, მუდამ საქმის კურსში იყო, კითხულობდა, უკვირდებოდა და მარჯვედ იყენებდა თავის პუბლიცისტიკაში. ილიას დასახასიათებლად აქ მოკლედ უნჯდა გავიხსენოთ მისი დამოკიდებულება იმ ხანგრძლივი და მწვავე კონფლიქტისადმი, რომელიც თედო ჟორდანიასა და ჩემს შორის ატყდა, როგოც კი გამოვედი სამეცნიერო ასპარეზზე, ე.ი. ჩემი "სამი ისტორიული ხრონიკა" რომ დავბეჭდე. თ. ჟორდანიამ "ივერიაში" განაცხადა, რომ "მოქცევაი ქართლისაი" მან გადმოწერა პირველად, რომ ათხოვა გადმონაწერი ილია ჭავჭავაძეს, როდესაც იგი "ქვათა ღაღადსა" წერდა, და რომ მერე ის რვეული მე წავიღე. ამ წერილმა სასტიკი შეურაცხყოფა მომაყენა, ჯერ სამედიატორო სამართალში გამოვიწვიეთ თ. ჟორდანია და რომ არ გამომყვა, მერე - დუელში, მაგრამ მან ამასაც თავი აარიდა.

ილიამ რომ ეს ამბავი გაიგო, ძალინ შეწუხდა, "ასეთი რამ არ უნდა დაბეჭდილიყო ჩვენ გაზეთშიო". გაზეთის რედაქციის გამგის გ. ყიფშიძის პირით დამიბარა, მნახეო. მეც მივედი მასთან, ბინაზე. 4 საათი იყო, დააგვიანდა ბანკიდან დაბრუნება. ბოლოს ისა და ივანე პოლტრაცკი მოვიდნენ ერთად და დასხდნენ სადილად. მე უკვე ნასადილევი ვიყავი და ისე, ტყუილად მივუჯექი სუფრას. სადილი რომ გაათავეს, ილიამ შემიხმო კაბინეტში და ძალიან გულისხმიერად მომიბოდიშა, დიდად ვწუხვარ, რომ ჩემ გაზეთში ასეთი წერილი გამოქვეყნდა, მაგრამ ხომ იცი, დრო არა მაქვს, მე თვითონ ვერ ვკითხულობ გაზეთს, თორემ როგორ გავუშვებდი, ეს სულ რედაქციის ბრალიაო! ახლა ძალიან გთხოვთ, როგორმე მშვიდობით გაათავეთ საქმე, სულ ორიოდე კაცი მუშაობთ ჩვენს ისტორიაზე და ახლა თქვენი დუელი როგორ შეიძლებაო? (სხვათა შორის, თავი დროზე თითონ ილიასაც ჰქონდა სადუელო საქმე ნ. ნიკოლაძესთან). მე ვუთხარი, მუშაობა ახლა დავიწყე და უკვე ასეთი ლაფი გადამასხეს თავს, როგორ შემიძლია ეს შეურაცხყოფა გადავიტანო, მშვიდობით კი საქმე არ ეწყობა მეთქი?! ილიამ ამაზე მითხრა, სამედიატორო სასამართლოში გამოიწვიეთო. მე ვუთხარი, არც მაგ სასმართლოში გამოდის და არც დულეში მეთქი. ეგ ყოვლად შეუძლებელიაო! - მიპასუხა ილიამ - როგორ არ გამოგყვებათ, ეგ ხომ იმის ნიშანი იქნება, რომ ცილისმწამებელიაო?! მე ვუთხარი, კარგი, სასამართლოს დავჯერდები მეთქი. შევთანხმდით. ილიასავე რჩევით დავასახელე მედიატორები და კიდევაც გაირჩა ჩვენი დავა. თ. ჟორდანიას ილიას მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ჩემს ერთ-ერთ მედიატორს ივ. პოლიტარცკის გავუზიარე ჩემი ეჭვი: "ივერიის" რედაქციის წევრები ყველანი ჩემი წინააღმდეგი არიან და ხომ არაა მოსალოდნელი, ილიაც მათ მხარეზე დადგეს მეთქი? ივანემ მითხრა, ეგ არასგზით არ მოხდებაო; ილიას აქვს ცოტაოდენი ნაკლი, ერთხელ კიდევაც წავეჩხუბე და მთელ წელიწადს ხმას არა ვცემდი, მაგრამ ის კი ყოვლად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ მან საზოგადო საქმეში ჭეშმარიტებას უღალატოს, ან ოდნავ მაინც გადაიხაროს იმისაკენ, ვინც მართალი არ არისო; ამაში დარწმუნებული იყავითო! და მართლაც, ილიამ მედიატორეებს ვერაფერი უთხრა ჟორდანიას სასარგებლოდ. თქვა, თაყაიშვილი "სამი ისტორიული ხრონიკის" გამოცემამდე ჩემთან არ დადიოდა და, მაშასადამე, ვერც ამ რვეულს წაიღებდა ჩემგანო (თან ის რვეული ეჭირა ხელში და ათვალიერებდა); როგორც ვრწმუნდები, მე ეს რვეული არა მქონია, ის სხვა იყო, უფრო მცირე ტანისა და დაშლილიო; თუნდაც ეს ყოფილიყო, შეუძლებელია, თაყაიშვილს წაეღოს, რაკი არ უვლია ჩემთანო! ილიას ჩვენების შემდეგ კიდევ ერთი სხდომა ჰქონდა მედიატორებს, მაგრამ იმ სასამართლოს ამბავს შემდეგ გავიხსენებ უფრო დაწვრილებით, რადგან ძალიან არსებით და, სამწუხაროდ, დამახასიათებელ მოვლენად მიმაჩნია როგორც ჩემი მეცნიერული მუშაობის ისტორიის, ისე ჩვენი საზოგადოების ისტორიისათვის.

ახლა კი მინდა გავიხსენო ილიასა და ნიკო ხიზანიშვილი-ურბნელის ურთიერთობა და, ამასთან დაკავშირებით, ილიას ხასიათის კიდევ ერთი თვისება. ილიას ჭამა ძალიან უყვარდა და ყოველთვის ისე გულმოდგინედ და გემრიელად შეექცეოდა ხოლმე, რომ რაც არ უნდა დაკარგული გქონოდათ მადა, ისევ მოგგვრიდათ. მისი დროდადრო მცირე ავადობის ერთადერთი მიზეზი ეს ზედმეტი ნაყროვანება იყო ხოლმე. მაგალითად, ორშაბათობით იგი ხშირად ხდებოდა შეუძლოდ, რადგან კვირაობით სადილად დადიოდა დავით სარაჯიშვილთან, რომელიც დიდი მომასპინძლე კაცი იყო და რომელსაც შესანიშნავი მზარეულები ჰყავდა: თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს თბილისის ვერც ერთ ქართულ ოჯახში ვერ სჭამდით ისეთ გემრიელს სადილს, როგორსაც დავით სარაჯიშვილთან. ერთხელ მე და ილია ვიყავით იმასთან სადილად. მასპინძელმა რაღაც შესთავაზა, კიდევ მიირთვიო და ილიამ უარი უთხრა, შენი სადილის შემდეგ ხშირად ავად ვხდებიო. მაშ, ნუ სჭამ ბევრსაო, უთხრა სარაჯიშვილმა. როგორ არ ვჭამო, ისეთი გერმიელი საჭმელები მოგაქვს, რომ თავი შეკავება არ შემიძლიაო! - მიუგო ილიამ.

დიახ, ილიას მადა-ჭამა განთქმული იყო, მაგრამ მისი ახლო მეგობრის, ნიკო ხიზანიშვილის მადა-ჭამასთან ილიასი მოსაგონიც არ იყო. ნიკომ გაძღომა არ იცოდა, თუ ვერ გრძნობდა გაძღომას, არ ვიცი. იგი ილიას ძალიან უყვარდა და ერთიმეორესთან შეხუმრებული იყვნენ ყოველთვის. ნიკო "ფეოდალს" ეძახდა ილიას, ილია კი - "გაუმაძღარ პლებსს" (ნიკო ფსევდონიმად "Plebs"-ს აწერდა თავის სტატიებს ჟურნალ-გაზეთებში). ერთხელ სიტყვამ მოიტანა და ილიამ გვითხრა, "მართალია, მეც კარგი ჭამა ვიცი, მაგრამ ნიკო ხიზანიშვილს ხომ ვერ შევედრებიო! მერე გვიამბო: "ერთხელ საგურამოში უნდა წავსულიყავით ერთად და, რაკი მისი ამბავი ვიცოდი, წინდაწინ მეუღლეს მივწერე, ხვალ მოვდივარ საგურამოში და ნიკო ხიზანიშვილი მომყავს; ხომ იცი, რანაირი სვავია და შესაფერისი სადილი მოგვიმზადე, საუზმეულს კი მე ამოვიტან აქედან მეთქი.

მეორე დღეს კარგი დარი იყო და ჩვენც ნამგზავრნი მადაზე კარგად ვიყავით: სადილის ჭამას პირველ საათზე შევუდექით. ჯერ, რასაკვირველია, საუზმეულს შევექეცით და ლაზათიანად გიახელით ხიზილალას, დოშს, "სარდინკებს", გადაზელილსა და სხვა ამგვარებს. მერე არტალა და თევზის მწვადები დავაყოლეთ. მერე შემოვიდა მზარეული და მკითხა, შემწვარი ინდოური და გოჭი მაქვს, რომელს ინებებთო? მე ვუთხარი, ინდოური მოგვიტანე და გოჭი ვახშმად შეგვინახე მეთქი. ინდურიც კარგად გიახელით და მერე ორგვარ-სამგვარი ტკბილეულიც დავაყოლეთ; თან, რასაკვირველია, ყოველივე ამ საჭმელის შესაფერის ღვინოსაც შევექცეოდით. ამან თითქმის ხუთ საათამდე გასტანა. მერე კი ადგა ნიკო და გარეთ გავიდა, "ახლა ჰაერზე უნდა გავიარო, რომ ცოტა მოვინელო და სული მოვითქვაო". ჩვენ აივანზე დავრჩით და ნიკო კარგა ხანს აღარ ამობრუნებულა. ბოლოს, რომ მოსაღამოვდა, მზარეული ამოვიდა და მკითხა, ვახშმად რა გაგიკეთოთ, რას ინებებთო? მე ვუთხარი, გოჭი აკი გაქვს და სხვა რაღა გვინდა მეთქი?! მან გაიცინა, გოჭი სადღა გახლავთ, თქვენი სტუმარი ჩამობრძანდა სამზარეულოში, გადმოიღო თაროდან ის გოჭი და სულ ერთიანად მიირთვა, თავის ძვლის მეტი არა დაუტოვებია რა, თითქოს მანამდე არაფერი ეჭამოსო!" ილია ამ ამბავს თვით ნიკოს თანდასწრებით მოგვიყვა. მერე ნიკო მომიბრუნდა და მითხრა: "ისე შიშხინებდა ახლაშემწვარი გოჭი, რომ აბა, როგორ შემეძლო არ შემეჭამა?! ნეტავი ახლაც მომცა იმისთანაო!".

ხიზანიშვილის ასეთი უზომო ჭამის ამბავი თბილიში ყველამ იცოდა და ერთხელ აკაკიმაც დაუწერა კუპლეტებში:
"...ბექა და აღბუღა
არტალას არ ჩააყოლოო!"
ეს იმიტომ, რომ სწორედ იმ ხანებში გამოაქვეყნა ნიკომ, ნ. ურბნელის ფსევდონიმით, ბექა და აღბუღა ათაბაგების კანონები.


ნიკოს ხშირად უთქვამს, რაცა ვარ, სულ ილიას წყალობითა ვარ, სამსახურშიც მაგან გადმომიყვანა აქა, ილიასნაირად ქვეყანაზე არავინ მიყვარსო. ის, მისი ცოლი - მსხიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი - და მათი ბავშვები ძალიან ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე სადილად ილიას. ელისაბედს თან გარმონიკა მოჰქონდა. ნასადილევს უკრავდა და ბავშვებს აცეკვებდა. მის მიერ გარმონიკის დაკვრაზე ელენე ჯაბადარს მუსიკის კარგ მცოდნეს, გულს შემოეყრებოდა ხოლმე. ნიკო ხიზანიშვილი გამომძიებლად იყო და მოსამართლის თანაშემწედ მსახურობდა თბილისის ერთ-ერთ უბანში. უეჭველად ნიჭიერი კაცი იყო, კარგი მკვლევარი და პუბლიცისტი, ენამახვილი; კარგი ქართულით წერდა, მაგრამ ცოტა უხეშობა კი მოსდგამდა. ბოლოს, როგორც ცნობილია, ის მოკლეს, მაგრამ არ ვიცი და არცაა მგონი დღემდე გამორკვეული, თუ ვინ მოკლა და რატომ? ორი შვილი დარჩა, ქალ-ვაჟი.

ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიქმნა ჩვენი საზოგადოებისათვის ცნობილი, როდესაც დაბეჭდა პოემა, რომელშიც ერეკლე მეფეს არწივს ადარებს. ილიამ ძალიან გაუთქვა და გაუკეთა სახელი. ამბობდა, რუსთაველის შემდეგ მაგისთანა პოეტი არ გვყოლიაო. პირდაპირ გაგიჟებული იყო ვაჟაზე, მაგრამ სხვები არ ეთანხმებოდნენ. ილიასთან გამართულ ხუთშაბათ-საღამოებზე ძალიან ხშირად კითხულობდა ვაჟას ლექსებს "ივერიის" რედაქციის გამგე გიგა ყიფშიძე, რომელმაც კარგი კითხვა იცოდა საერთოდ.

ფოტოზე: ისტორიკოსი, არქეოლოგი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს სახელმწიფო განძის სარანგი
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი - ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953)
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."