მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მაისტერ ეკჰარტი
მაისტერ ეკჰარტი, დიდი გერმანელი მოქადაგე XIV საუკუნისა, ამბობდა: «იქ, სადაც ყოველი პირადული, ყოველი წარმავალი, ყოველი დროებითი ქრება, ღრმა დუმილში გააცხადებს ღმერთი თავის სიტყვას». ეკჰარტის ცხოვრება ამ სიტყვის მსახურებისადმი იყო მიძღვნილი. ამიტომ თავის თავზე, პირადულზე იგი დუმს, და ჩვენ ძალზე მცირე რამ ვიცით მის ამქვეყნიურ ცხოვრებაზე. ვიცით, რომ იგი დაიბადა თიურინგიაში 1260 წელს და წარმოშობით ჰოხგეიმების რაინდთა გვარს ეკუთვნოდა.

ეკჰარტის რაინდული სული გამომჟღავნდა მთელი მისი მოძღვრების სულისკვეთებასა და მეტყველების სახოვანებაში. «ქველი რაინდი არ წუხს თავის ჭრილობაზე, როდესაც ჰხედავს მასთან ერთად დაწრილ ხელმწიფეს თვისას» - ამბობს იგი, გულისხმობს რა, ხელმწიფე ქრისტეს. და კიდევ: მე ერთ აზნაურს ვიცნობდი. როდესაც იგი ვინმეს ირებდა თავის ამალაში, ჰგზავნიდა ღამით, თვითონ კი გზაზე უხვდებოდა და ბრძოლას უმართავდა. იყო შემთხვევები, როდესაც რაინდულ შეტაკებაში თვითონ ძლივს გადარჩენია იმისგან სიკვდილს, ვისაც სცდიდა. ამის შემდეგ კი, განსაკუთრებით აფასებდა ამ ყმას და უყვარდა იგი».ასეთ რაინდად მსახურობდა ღმერთს მაისტერ ეკჰარტი. მისი ქადაგება თუმცაღა თავისუფალი სულით გახლდათ გაჟღენთილი, მაგრამ ეს იყო სითამამე შვილისა და არ ჰგავდა უტიფრობას მონისას. ის იმგვარად განმარტავდა და ქადაგებდა ახალ აღთქმას, რომ არ შორდებოდა ღმერთს.

ფოტოზე: შუასაუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გერმანელი თეოლოგი და ფილოსოფოსი მაისტერ ეკჰარტი (1260 - 1328)
სულის იმ საუფლოს, სად ადამიანი თანაზიარია შემოქმედისა, «სად იგი ჭვრეტს თვის თავს იმად, ვინც ეს ადამიანი შეჰქმნა», ეკჰარტი უწოდებს მიუვალ ციხე-სიმაგრეს სულისას. რაინდად შობილი მაისტერ ეკჰარტი, რომელმაც დაუტევა ყოველივე ქვეყნიური, დარჩა სულით რაინდად. მისი ვაჟკაცური, მებრძოლი სული ჰფლობდა სიტყვას, ვითარცა ხრმალს.

უშიშო უბრალოებით აღწევს იგი ძალზედ ფაქიზად და რთულად შესაცნობ საგანთა არსს. გაბედულად ძერწავს სიტყვას, უზოგადესი ცნების გარდმომცემს. ამასთან არ ერიდება ყოველდღიური ცხოვრებიდან მაგალითის მოყვანას. მსმენელი თითქოსდა მოწმე ხდება მქადაგებლის აზრის ჩასახვისა და გაზრდისა. ეგეთია ეკჰარტის ძალმოსილება. დაისვა კითხვა, აგერაა პასუხიც – ასეთია წყობა დიდი გერმანელი მქადაგებლის ნაუბრისა. დიდის გზნებით ქადაგებს ამასთან. მთელი არსებით ისწრაფვის ზენარ თავისუფლებასა და სიხარულს ზიარყოს მსმენელი. ყოველმხრივ იმას მეცადინობს გასაგები გახადოს თავისი საუბარი ყველასათვის, ოღონდ არამც და არამც არ მდაბლდება ბრბოს დონემდე. პირიქით, თავის სიმაღლემდე მიეზიდება მრევლს.

ერთ-ერთი ქადაგებისას მას უსაყვედურეს, ბრბოს მეტისმეტად მაღალ საიდუმლოებას უზიარებთო. ეკჰარტმა მიუგო: «უკეთუ არას ვასწავლით უმეცართ, არც არავინ გახდება მეცნიერი. იმიტომ ვასწავლით უსწავლელთ, რათა მათი უცოდინარობა ცოდნად იქცეს. ექიმიც იმისათვის არსებობს, რომ ავადმყოფი განკურნოს. იოანე მაღალთუმაღლესი სიტყვით იწყებს ღმერთის შესახებ სახარებას, რომელსაც იგი წერს არათუ მხოლოდ მორწმუნეთათვის, არამედ ურწმუნოთათვისაც. რა ბედენაა თუ ზოგნი არასწორად გაიგებენ სწორად თქმულ სიტყვას. რა ბრალი უდევს ამაში მოძღვარს სწორი სიტყვისა. განა სიტყვა იოანესი და სიტყვა ღმრთისა ხშირად ბრუნდად არ არის გაგებული?»

ეკჰარტის დაცინვას იწვევს მრავალთა ადამიანთა მიდრეკილება ჩამყუდროებისაკენ, ანდა ზერელე, ე.წ. «ბუნდოვან განცდებისაკენ». ერთ დროს მან აგრე იუბნა: «გამოჩნდებიან საწყალობელი ადამიანები, რომლებიც იტყვიან: მე დავბრუნდები შინ, მოვიკალათებ ჩემს ჩვეულ ადგილზე, შევჭამ პურს და ვემსახურები ღმერთს. ასეთნი ვერასოდეს შეიცნობენ ჭეშმარიტ სიგლახაკეს სულისას». აგრე მეტყველებს ეს მქადაგებელი, მრავალთა ახლა აზრთა გამომთქმელი. თავადაც ხარობს ახლის შემეცნებით და მისი სიტყვა კიდევ უმეტეს ძალას იძენს.

ასე განმარტავს ეკჰარტი ღვთისმოსაობის არსს: «ცალკეული კეთილი საქმენი არ აქცევენ ადამიანს წმინდანად. პირიქით, წმინდანობა აიძულებს ადამიანს ქმნას კეთილი საქმენი». უმაღლესი მდგომარეობა, რასაც კი სულმა შეიძლება მიაღწიოს, სანამ ის სხეულში იმყოფება, არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ის იძულებით კი არ არის სათნო, არამედ სათნოებაა მის არსად ქცეული. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უკვე აღარ ფიქრობს სათნოებისათვის დაჯილდოვებაზე. სათნოების მიზანს იგი თვით სათნოებაში ჰხედავს, ივიწყებს რა მიწიერ სიკეთეებს, პატივთ, სიმშვიდეს და თვით ციუს სასუფეველს. «და თუ ვინმე ჰკითხავს მართალ კაცს, ვინც საკუთარი სიღრმიდან ჰმოქმედებს: რისთვის იქმო საქმეს შენსას, მისი გულწრფელი პასუხი იქნება მხოლოდ და მხოლოდ: ვიქმ იმის გამო, რომ ვიქმ».

უზენაესი სიყვარულის გამოვლინებაც ეგ არის «როს ადამიანი უარყოფს მარადიულ ცხოვრებას და მარადიულ საუნჯეთაც, რაც კი შეიძლება ღმრთისგან ირგუნოს. ასეთი კაცი თვით მარადიულ ცხოვრებასაც აღარ ისახავს მიზნად და აღარც შეჰხარის მას. აგრერიგად აღარც წარიტანს იმედი მარადიული ცხოვრების ამქვეყნიური ტვირთმძიმობის შესამსუბუქებელი».

ეკჰარტი ჭეშმარიტი ქრისტიანია, მისი მჭვრეტელობა ნაყოფიერს ხდის ცხოვრებისეულ შემოქმედებას და პირიქით, ცხოვრებისეული შემოქმედება ნაყოფიერს ხდის მჭევრმეტყველებას. «მე გადაჭრით ვამტკიცებ» - ამბობს ეკჰარტი ერთ-ერთი ქადაგებისას, - სანამ შენ ზეციური სასუფევლისათვის ჰქმედებ, ან ღმრთისათვის, ან შენი მარადიული ნეტარებისთვის, ესე იგი რასმე გარეგანისათვის, - სავსებით არა მართალ ხარ შენ ჭეშმარიტად. რასაკვირველია შენ შეგიძლია ჰყო ეგ არჩევანი, მაგრამ ეს როდია უმჯობესი ხვედრი. რამეთუ გეტყვი ჭეშმარიტად: უკეთუ ჰგონებ შენ, რომ მიაღწევ ღმერთს შიგნით ჩაღრმავებით, მოწიწებით, ბუნდოვანი გრძნობების და განსაკუთრებულის შეჩვევის გზით, ვიდრე ვთქვათ და მინდორში ცეცხლის პირას ან გომურში მყოფი, - ეს იგივე იქნება, რომ აიღო ღმერთი, შემოახვიო თავზე ლაბადა და შეჩურთო იგი სკამქვეშ».

ეკჰარტის მიმდევრები ისწრაფვოდნენ ცხოვრებაში განეხორციელებინათ მისი მაღალი მოძღვრება. ეკჰარტის მოწაფეთა – იოჰან ტაულერისა და ჰაინრიხ სუზოსათვის ცხადი იყო, რომ გზა მეორედ შობისაკენ გადიოდა სიკვდილის ხიდზე. სწორედ ამ ძნელსა და მწუხარე სავალს ადგნენ ისინი და ამ გზად მარებნი უბნობდნენ ჩვენდა ეკჰარტისეულ მოძღვრებას. სულის საუფლოში ფრენს სუზო. გულისშემძრავია და ბალღურად წმინდა მის მიერი სიყვარული და ცრემლი მისი. უფრორე ახლოა თავის მოძღვართან იოჰან ტაულერი. შთება რა მაღალი აზრების საუფლოში, იგი არ კმაყოფილდება ოდენ მჭვრეტელობით და მეცადინობს ცხოველმყოფობას სულისას.

აგრე შთამაგონებელი გახლდათ მოძღვრება ეკჰარტისა, რომელიც გვმოძღვრავდა: გული გაუხსენით სულით ცხოვრებას, მოწევნულ არსო ჟამი. მაისტერ ეკჰარტი მთელი არსებით ესწრაფვოდა ღმერთს და მისი წმინდა და ფხიზელი სული იგარსეობდა იმ დუმილით, სადაც ღმერთს უნდა განეცხადებინა თავისი სიტყვა.

ზვიად გამსახურდია
მაისტერ ეკჰარტის ქადაგებათა ქართული თარგმანის წინათქმა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."