მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
გრიგოლ რობაქიძე: უცნობი ესე «გიორგი შარვაშიძე»
სოხუმის ნაპირები. გაზაფხულის ხალასი პირი. მზე ვაჟური სიუხვით აყრის მიწას ნაკვერცხლებს. ალმურის მარმაშით ლაღდება ყოველი. ზღვის ფართო ზედაპირი ფირუზის ატლასით გადაშლილია. მისი ნელი მოსუნთქვა სიგრილით ეჭრის სიცხის სივარვარეს.ბუნება ზანტი თვლემით ნებივრობს. სიკვდილის ლანდი სირცხვილით მიმალულა სადღაც და უძირო საშოს წიაღით ამოხეთქილი ხალისობს წყაროსთვალა სიცოცხლე. ქუჩებზე უდარდელობა დასეირნობს. ყავახანებში ზოგი ნარდს თამაშობს, ზოგი ყალიანს ეწევა ოდნავ გაწოლილი, ზოგი უსაქმო მსმენელებს თქმულებას უყვება გმირულს. შორი-ახლო ტალღების შუილი გაისმის.

მთავარ ქუჩაზე მოდის ვინმე ცხენოსანი. უკან მცველი მოყვება. იგიც ცხენზე შემჯდარი. ცხენოსანი ნამდვილი მხედარი: მოხდენილი ჯდომა, თითქო მბრძანებელია მგრძნობიარე ცხოველის, მაგრამ თითქოს მას ძალას არც კი ატანს, მარჯვე დაკავება სადავის, ხოლო სრულიად თავისუფალი, რიტმით მიშვება ცხენის სიარულის, გარნა არც თუ ძარღვებ დაჭიმულობა მხედარის: - ყოველი რაც რომ სამხედრო ჯიშს გადაუცია ადამიანისთვის. გამახსენდა არჩილ ჯორჯაძის სიტყვები: ქართველი ბელეტრისტისთვის ისიც არის საკმაო, რომ რომელიმე აფხაზის ცხენოსნობა ასწეროსო.

გადმოხტა. გავიცანი: გიორგი შარვაშიძე, შვილი აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისა. რა შესანიშნავად ადგას ჩოხა. ტანი მაღლად არის აყვანილი სილაღით კიდევ, თუმცა ეტყობა ექვს ათეულს გადასცილებია. ასეთი მოხდენილი ჩაცმულობა არავიზე მინახავს საქართველოში: აქ იყო ესთეტიკა ოსკარ უაილდის ყელსახვევისა: ქართული ყაიდა ჩაცმულობის მძაფრი სტილით ჩამოკვეთილი: სადა ძალზე და ამასთანავე რჩეული მეტად. დასხდა რესტორანის ღია ფარდულში. ჩვეული მუსაიფი ნაცნობებში. რაოდენი სიმაღლე და რაოდენი თავაზი. საოცარია მეტად ხმა: ნელი, ტკბილი, მელოდიური. კილოც ლამაზი, უცნაური, ჯადოთი გაჟღენთილი. ხანდახან ოდნავი გაცეცხლება, ხოლო არც ისეთი რომ პათოსში გადავიდეს. სიტყვასა და სიტყვას შორის ოდნავ ასახული ირონია მეგობრულის ტონით გამახვილებული. პაპიროზს აკეთებს: როგორი თლილი თითები: მოქნილობა სინელეში და სინელე მოძრაობაში: ხელებზე რაღაც ნათელი ეფინება ჭირვალი. ამართა სახე: - სილამაზე ივერიული; ხაზების სისწორე და სირბილე, სწორუპოვარი პროფილი-აქაც სისადავე და რჩეულობა თან. მთელი საუკუნეებია საჭირო რომ ბიოლოგიურმა შერჩევამ ასეთი სრული ტიპი წარმოშოს. უბრალო მიმოხვრაც მოწმობს მისი, რომ მის გვარში ასი წლობით ყოფილა შეუცნობელი ფიქრი ბიოლოგიური რჩეულობისა. არაფერში ეტყობა ძალდატანება: მოძრაობა, თავისდაჭერა, სიარული, ბაასი-თავისუფალი მეტად და ამასთანავე ძალზე წარჩინებული. რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ყველაფერი ლამაზი გამოუვა, გიელვებთ ფიქრი.

მეორე დღეს სადილი ნ.თ.-თან. გიორგი შარვაშიძეც იქ არის. ეხლა ევროპიულად ჩაცმული სტილით: მარტო ყელსახვევი რად ღირს? ნამდვილი ქართული სუფრა, ქართული სილამაზის ერთი საუკეთესო ხატება სუფრული ბაასი. მთავრის შვილის სიტყვა მოხდენილია ფრიად. იცის ევროპული ენები: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, განსაკუთრებით ფრანგული. ზედმიწევნით იცის რუსული, რუსის სასახლესთან სიახლოვეც ჰქონდა. იცის ძვირფასად ქართული, აფხაზური, მეგრული. იტყვიან ლექსებს...

მთავრის შვილი ოდნავი სიამაყით გადმოსძახებს: მე, რომელიც ალფრედ დე მიუსესა და ვიქტორ ჰიუგოს ზეპირად წარმოვსთქვამ, მაინც და მაინც არაფერი გამაკვირვებს, მაგრამ... და ღიმილით ათავებს ფრაზას. იგი თვითონ მწიგნობარია: რუსთველი ზედმიწევნით იცის. თვითონაც სწერს: ლექსებს, პოემებს, დრამებს. მაგრამ ამაებში არ ეტყობა ბარბაროსული ძალაყრილობა: ეს მხოლოდ გასართობია მისთვის, თუმცა ისეთივე ლამაზი მოხდენილობით დაღვივებული, როგორც ქორითა და შავარდენით ნადირობა, რომელიც მას უყვარს ძალზე და შნოიანათაც ეხერხება.

ბაასის საგანი ხშირად საქართველოა. გაბედულება მისი საკითხის გადაწყვეტაში, არავითარი კომპრომისი, სრული თავისუფლება - აი მისი ფიქრის ხვეული. ხოლო აქაც ნელი, რბილი, აუღელვებელი. ხანდახან ოსმალეთსაც ჩააყენებს საქართველოს საკითხში, და ეს იმ დროს როცა თუთუნს მოსწევს: საგანგებოდ უგზავნის მას სტამბოლიდან ერთი ოსმალო, არ შეუძლია: მისთვის ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, თუ მას სილამაზე ახლავს, ნამდვილი არისტოკრატია - ამ სიტყვის რჩეული მნიშვნელობით.

მესამე დღეს იმავ რესტორნის ფარდულში ვნახე-ხოლო ეხლა უბრალო მწვანე «ბლუზით». მაგრამ ესეც რომ უხდებოდა! არა: ნამდვილი არისტოკრატობა ყველგან გამოჩნდება.

ამ დღეებში ამბავი მოვიდა მისი სიკვდილის: - მოგვშორდა ქართული რასის ნამდვილი ვაჟი.

მინაწერი: ეს წერილი, გივი გოლენდის ფსევდონიმით 1918 წელს თბილისში გამოქვეყნდა. ჩვენ იგი პარიზში ოდესღაც გამომავალი გაზეთიდან «ქართლოსი» (ნომერი პირველი, 1937 წლის თებერვალი) ამოვიღეთ.
მთავარ არქივში დაბრუნება
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage